ხათუნა მაისაშვილი _ ზღვის ნიშანი და მითები ქართულ მედიაში, ანუ ზღვა შინა და ზღვა გარეთა…


სტატია შეეხება ზღვის ნიშნის მნიშვნელობების ფარგლებს ქართულ მედიურ ტექსტებში. თორმეტ ჩაღრმავებულ ინტერვიუზე დაფუძნებული კვლევა პასუხობს შეკითხვებს: რამდენად თავსდება “ზღვა” მედიური ღირებულებრივი კრიტერიუმების სისტემაში; რამდენად “საყვარელი” სახე და ხატია იგი ქართული კულტურისთვის ზოგადად და ქართული მედიისთვის კერძოდ; რამდენად ეთავსება იგი არქეტიპულ ხატებსა და წარსულ გამოცდილებას? რას კითხულობს მიმღები “ზღვის” ნიშანში და ამ ნიშნის მიღმა? და მთავარი: ზღვა “შინ” არის თუ “გარეთ”? როგორ და რატომ ცოცხლობენ ნიშნები მედიაში? არსებობს ისეთი ნიშნები, ცნებები, საკითხები, თემები, რომლებიც მედიური ტექსტების, შეტყობინებების შინაარსში «ადვილად» აღწევენ, – შეტყობინების ავტორის მიერ სოციალური, პოლიტიკური, იდეოლოგიური კონტექსტის ზედაპირზე ოდენ «ნადირობის» შედეგად, და არსებობს ისეთებიც, რომლებსაც მედიური ღირებულების მოსაპოვებლად ამ კონტექსტის სიღრმეებიდან სჭირდება კულტივაცია (მანჰაიმი, ჯ.ბ., 1998). მაგრამ თუნდაც «ღირებულებაშეძენილ», წარმატებით კულტივირებულ ნიშანს, საკითხს ან თემას არ აქვს გარანტია იმისა, რომ იგი დიდი ხნით დამკვიდრდება მედიურ სივრცეში და დიდხანს შეინარჩუნებს მიმღები აუდიტორიის ინტერესს თავისი თავის მიმართ. ამ «შეღწევადობას», მედიურ ველში აქტუალურობის შენარჩუნებას, გაშუქების ინტენსივობის უზრუნველყოფას, კონკრეტული ცნების «საყვარელ», ახლობელ სახედ და ხატად გადაქცევას განაპირობებს სოციუმის ღირებულებრივი და კულტურული გავლენები, თავად მედიუმის იდეოლოგიური და ორგანიზაციული ფაქტორები. ღირებულებრივი და კულტურული გავლენების მხრივ, რათა რომელიმე ნიშანმა, ცნებამ, საკითხმა მედიური ღირებულება შეიძინოს, იგი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს (ეს კრიტერიუმები გამომუშავებულია დასავლური მედიური სტანდარტების მიხედვით – გალტუნგი და რუგე (1965), ციტირებული მაკქუეილის მიერ (2005)): • მას უნდა უკავშირდებოდეს ფართომასშტაბიანი მოვლენები; • იგი ახლოს უნდა იყოს “შინ”-თან ან “შინაური სივრცის”-ის ნაწილს უნდა წარმოადგენდეს; • უნდა გააჩნდეს მკაფიო და არაოზროვანი მნიშვნელობა; • უნდა იყოს მოცემული სოციალურ-პოლიტიკური კონტექსტის რელევანტური; • თანხმობაში უნდა მოდიოდეს კულტურულ არქეტიპულ ხატებთან ან წარსულ გამოცდილებასთან; • მისი სიგნიფიკაციის თანრიგები უნდა შლიდეს ფართო მნიშვნელობით ველს, რომელიც მოცემული კულტურული წიაღიდან იზრდება; • მას უნდა უკავშირდებოდეს საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი ქმედება. ორგანიზაციული ფაქტორების მხრივ, თემების, ცნებების, საკითხების აქტუალიზაცია მედიაში უკავშირდება სარედაქციო პოლიტიკის მაფორმირებელ ისეთ მნიშვნელოვან ფენომენებს, როგორებიც არის: “კარიბჭის დაცვა” და “გარემო, რომელშიც მედიური დღის წესრიგი იქმნება”. მიდგომა ჩვენ პასუხი უნდა გავცეთ შეკითხვას: არის თუ არა და თუ არის, რამდენად არის ქართული ზღვა “შინ”-ის, შინაური სივრცის ნაწილი? ზღვის ცნების ანალიზი მედიურ შინაარსში მოითხოვს ანალიზის ორ პლასტს: პირველი – ეს არის კონკრეტული ცნების თემატური კონტექსტუალიზაცია და მეორე – ამ ცნების, როგორც ნიშნის, მნიშვნელობა კონკრეტულ კულტურულ გარემოში, რომელიც წარმოჩენილია მედიურ ტექსტში. ანალიზის ორივე დონე უკავშირდება მედიური ტექსტის მიმართ სტრუქტურალისტურ/სემიოლოგიურ მიდგომას. სტრუქტურალისტური მიდგომა შეეხება არა მხოლოდ კონვენციურ ვერბალურ ენებს, არამედ ნიშნების ნებისმიერ სისტემას, რომელსაც კვაზიენობრივი, ენისმაგვარი, მახასიათებლები აქვს. მეორეც, იგი ნაკლებ ყურადღებას უთმობს თავისთავად ნიშანს ან ნიშანთა სისტემას და მეტ ყურადღებას მიაპყრობს არჩეულ მედიურ ტექსტებსა და ტექსტში არსებულ მნიშვნელობებს კულტურის ფარგლებში. სტრუქტურალისტური მიდგომა თითქმის თანაბრად ეხება როგორც კულტურულ, ისე ენობრივ მნიშვნელობებს, რომელთა შიგნით ოპერირებისთვის ნიშანთა სისტემის ცოდნა მხოლოდ ინსტრუმენტია, მაგრამ არა თვითკმარი ინსტრუმენტი. ამ ინსტრუმენტარიუმში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს კონოტაციურ და დენოტაციურ მნიშვნელობებს – ანუ იმ ასოციაციებს, სახეებსა და ხატებს, რომლებიც იქმნება და გამოხატება ნიშნების კომბინაციებითა და ამ კომბინაციების განსაზღვრული გამოყენებით. დენოტაცია როლან ბარტის მიერ აღწერილია როგორც “აღნიშვნის, სიგნიფიკაციის პირველი თანრიგი” (ბარტი, 1967), ვინაიდან იგი აღწერს კავშირს თავად ნიშნის შიგნით აღმნიშვნელსა (ფიზიკური ასპექტი) და აღნიშნულს (მენტალური ასპექტი) შორის. ნიშნის ცხადი და პირდაპირი მნიშვნელობა მისი დენოტაციაა. კონოტაცია უკავშირდება სიგნიფიკაციის მეორე თანრიგს და გამოხატავს ნიშანთან ასოციაციურად დაკავშირებულ მნიშვნელობას. ეს “ასოციაციურად დაკავშირებული” მნიშვნელობის ფარგლები ძალიან ფართოა. სწორედ კონოტაციაში იშლება კონკრეტული კულტურისთვის დამახასიათებელი მნიშვნელობითი ველის, ამ ველის კულტურული კოდების მთელი სპექტრი: ერთის მხრივ, თავად ასოციაციები, მეტაფორები, ერთი სიბრტყის თვისების მეორე სიბრტყეში გადატანა, სიმბოლოები და, მეორეს მხრივ, მათი გამოყენების რელევანტურობა. სიგნიფიკაციის, სახელდების ამ მეორე პლასტის, მეორე დონის ამოქმედება მიმღების, მკითხველის მხრიდან კულტურის უფრო ღრმა ცოდნას მოითხოვს. როლან ბარტი ამ ძირითად იდეას მითის ცნების შემოტანითა და დამკვიდრებით აფართოებს. ძალიან ხშირად რაიმე ნიშნით აღნიშნული საგანი თავის ადგილს პოულობს მნიშვნელობების უფრო ფართო, დისკრეტულ სისტემაში, რომელიც გასაგები ხდება კონკრეტულ კულტურასთან იდენტიფიცირებული ადამიანებისთვის. მითები წარმოადგენს ღირებულებრივად გაჯერებული იდეების ნაკრებს, რომლებიც ამ კონკრეტული კულტურიდან წარმოსდგება. მედიური ტექსტები – ეს არის სტილიზებული კონვენციებისა და კოდების საფუძველზე შექმნილი “ტექსტები”, რომლებიც ძალიან ხშირად შეიცავენ –ღიად ან ფარულად – მითებსა და კულტურულად “საყვარელ”, “ძვირაფს” სახეებსა და ხატებს. მედიური ასახვის ანალიზის შედეგად ჩვენ მივიღებთ პასუხს, რომელიც არა მხოლოდ ერთი დარგისთვის, მედიისთვის, იქნება მნიშვნელობის მქონე, არამედ, ზოგადად, მთელი კულტურისთვის. მეთოდი კვლევის მეთოდად გამოყენებულია ნარატიული, ჩაღრმავებული პირისპირი ინტერვიუ, რომელიც 12 რესპონდენტთან შედგა. რესპონდენტების შერჩევის პრინციპი ემყარება მიზნობრივი შერჩევის პრინციპს. ინტერვიუსთვის შერჩეული თორმეტივე პიროვნებისთვის ზღვა კონკრეტული ინტერესის მატარებელი ცნებაა: ცხრა რესპონდენტისთვის იგი პროფესიული ინტერესის (ან – პოტენციური ინტერესის) სფეროა (საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ეკონომისტი, ისტორიკოსი, ჟურნალისტი, კონფლიქტოლოგი, გარემოს დამცველი), სამისთვის კი – ზღვა ცხოვრების წესის ნაწილს წარმოადგენს, ადგილს, რომელიც გაჯერებულია ცოცხალი, ცხოვრებისეული გამოცდილებით, მათ შორის – მათი პირადი გამოცდილებით (აფხაზეთიდან დევნილები). ინტერვიუს კითხვები მოიცავს როგორც შეკითხვებს რესპონდენტების მიერ მედიური პროდუქციის მოხმარების შესახებ, მათი დამოკიდებულებების შესახებ, ასევე მოიცავს კითხვებს, გამომდინარეთ ზემოთ აღნიშნული მედიური ღირებულებების სისტემის კრიტერიუმებიდან, ასევე კონკრეტული მედიური ნიმუშებიდან. ჩემი დაშვებაა, რომ რესპონდენტებს ჩამოყალიბებული და განვითარებული აქვთ “თავიანთი ყოველდღიური მედიური თეორია” – ეს ტერმინი ეკუთვნის დენის მაკქუეილს და აღნიშნავს მედიის გაცნობიერებულ მომხმარებელში ჩამოყალიბებულ პრინციპებს ამა თუ იმ საკითხის მიმართ, თემატიკას, სტრიქონებს შორის წასაკითხ, დაფარულ ტექსტს და ასე შემდეგ. ეს მეთოდი საშუალებას გვაძლევს: შევადაროთ მედიური შინაარსისა და “სოციალური რეალობის” პერცეფცია; ასახვას თუ არა მედიური შინაარსი, ან უნდა ასახავდეს თუ არა სოციალურ რეალობას და თუ ეს ასეა, როგორს და ვის რეალობას ასახავს იგი; აღვიქვათ მედიური შინაარსი როგორც სოციალური და კულტურული ღირებულებებისა და რწმენების ასახვა. განხილვა როგორც გვიჩვენებს მონაცემების ანალიზი, მასში უპირატეს მნიშვნელობას იძენს “ზღვის” პოზიციონირება, მისი მოთავსება დროსა და სივრცეში, მისი რეალურობა თუ წარმოსახვითობა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ანალიზი პასუხს გაგვცემს შეკითხვებზე: რამდენად შორს ან ახლოს არის ზღვა ჩვენგან? (ეს “სიახლოვე” და “სიშორე” ვრცელდება დროის ისტორიულ ვერტიკალზე, დღევანდელობის ჰორიზონტულ კონტინუუმზე, აუდიტორიის ინტერესზე ზღვის მიმართ ზოგადად და კონკრეტული საზღვაო თემებისადმი კერძოდ . . ); რამდენად არის ზღვა სოციალური რეალობის ნაწილი? და თუ ზღვის ხატი მედიაში წარმოსახვის ფსიქოლოგიით არის გამყარებული, მაშინ რა კრავს და ასულდგმულებს ამ წარმოსახვითობას? რესპონდენტი, რომელიც პროფესიით ჟურნალისტია, ამ საკითხთან დაკავშირებით იხსენებს მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მედიათეორეტიკოსის უოლტერ ლიპმანის ადრეულ შეხედულებას ეროვნულ მედიაში “საზოგადოებრივი აზრის” ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით: “ჯერ კიდევ 30-იან წლებში ლიპმანი გამოდიოდა იმ ტენდენციის წინააღმდეგ, რომ გაზეთები განხილული ყოფილიყო მხოლოდ როგორც საზოგადოებრივი საინფორმაციო მომსახურების ფორმა. იგი ამტკიცებდა, რომ ნებისმიერი მედიური თემა ზუსტად უნდა მორგებოდა აუდიტორიის ინტერესს, მორგებოდა იმ გეოგრაფიულ სივრცეს, რომელშიც იგი ვრცელდებოდა, და თანაც – არა მხოლოდ იმ სტერეოტიპებით, რომლებიც ისედაც მყარად არსებობდა საზოგადოებრივ ცნობიერებაში, არამედ ამ სტერეოტიპების მანიპულაციით. მხოლოდ ასეთი მანიპულაციის მეშვეობით შეიძენდა თემა ან ნიშანი მკაფიო მნიშვნელობას. მიმაჩნია, რომ დღეს ქართულ მედიაში ჩვენი მკითხველისთვის ზღვის მნიშვნელობის შეხსენება მხოლოდ “არგონავტების” ან სტალინური ეპოქის მითებით იგივეა, რაც შოტლანდიელი მკითხველისთვის “კილტის გადაცმა” მისთვის ინფორმაციის მიწოდებისას.” შესაძლოა, ამგვარი განმეორებადი და არც თუ ახალი სტერეოტიპები მკითხველი აუდიტორიის ინტერესს არ იწვევდეს და ამ უკანასკნელს, მართლაც, განსხვავებული მადა ჰქონდეს მედიაში გაშუქებული თემების მიმართ, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ზღვის თემას, ბევრი სხვა თემისა და საკითხისგან განსხვავებით, დიდხანს გაჰყვება ამოსავალ წერტილად – მიმდინარე მოვლენების განვლილებთან შედარების, ჰარმონიზების მიზნით – ქართული ზღვის ეს წარსული და მისი ყველაზე გავრცელებული სტერეოტიპები. “დიდი გაცვლა” – წარსულსა და მომავალში. “ჩვენი ყველაზე დიდი ისტორიული და კულტურული გაცვლა მაღალგანვითარებულ ცივილიზებულ ანტიკურ სამყაროსთან ზღვით მოხდა. ზღვით შემოვიდა საქართველოში ძველბერძნული სულიერი და მატერიალური კულტურა და ზღვით გავიდა მედიცინა, ლითონის დნობის ტექნოლოგია და ღვინო. მას შემდეგ ზღვით არც მტერი მოსულა და არც მოყვარე. განვითარება მოდიოდა სამხრეთიდან ან აღმოსავლეთიდან. საუკუნეების განმავლობაში ზღვა – ისევე, როგორც კავკასიონის ქედი, ბუნებრივ ზღვარს, ზღუდეს, კედელს ქმნიდა გარე სამყაროსთან.” ერთ-ერთი რესპონდენტის ამ ციტატაში გადმოცემული ზღვის ეს სახე ყველაზე გავრცელებული და ცნობიერებაში ყველზე ღრმად ჩაბეჭდილი საზღვაო ხატია. აქ ზღვის ნიშანში ერთმანეთს მკვეთრად ენაცვლება გახსნილობა და დახშულობა; ზღვა გარე სამყაროსთან კომუნიკაციის არხიც არის და მისგან დამფარავი ზღუდეც. ზღვით შემდგარი “დიდი გაცვლა” გვხვდება მედიურ ტექსტებში, რომლებიც შეეხება “შავი ზღვის ეკონომიკური საბჭოს” პოტენციალს და საქართველოს შესაძლებლობებს ამ ალიანსში. ეს თემა განსაკუთრებულ აქტუალობას ქართულ მედიაში იმ პერიოდში იძენს, როცა საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში (“მოდერნიზებულ საბჭოთა კავშირში”- ასეთი ეპითეტით ხშირად მოიხსენიება დსთ) შედის. ექსპერტები, ანალიტიკოსები და ჟურნალისტები იწყებენ დსთ-ს ალტერნატივის ძებნას და შავი ზღვის ირგვლივ გაშლილი სახელმწიფოების ეკონომიკური თანამშრომლობა მათ ერთ-ერთ ასეთ ალტერნატივად ესახებათ. მხოლოდ თეორიული, ჰიპოტეზური მოსაზრებებით, ზღვა საქართველოსთვის რეგიონში თანამშრომლობის ღერძი უნდა გახდეს და შეასუსტოს რუსეთსა და სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე მისი ეკონომიკური მიბმულობა. მოდალური თუ იმპერატიული დისკურსი უკვე წესად ინერგება ამ მიმართებით: წარსული გამოცდილება ამ მხრივ არ არსებობს, და ამიტომ ზღვა ჩნდება დეკლარაციული ტიპის მომავალზე ორიენტირებულ მედიურ ტექსტებში: ეკონომიკური თუ საგარეო პოლიტიკური განვითარების კონცეფციებში, ცალკეული ექსპერტებისა თუ ექსპერტთა ჯგუფების სამხედრო დოქტრინების პროექტებში. რესპონდენტების ნაერთი შეფასებით, ზღვა მედიაში ჩნდება როგორც წარსულის გამოუყენებელი შესაძლებლობა და მომავალი განვითარების შანსი. აქ, ამ შემთხვევაში აწმყო არ არსებობს და ზღვა არ არის მიმდინარე დროის ნიშანი. სტალინური შავი ზღვის სანაპირო და მიმდინარე მნიშვნელობები. ჟურნალისტიკა თუ პიარი ქართული ზღვის მეორე, ყველაზე გავრცელებული ხატი მეოცე საუკუნის 30-იანი წლებიდან მშენებარე მითს ეხება – საკუროროტო და დასასვენებელი ინფრასტრუქტურის იქამდე უპრეცედენტო მშენებლობას შავი ზღვის სანაპიროზე. «Жить стало веселее» – სტალინის ამ სლოგანმა, რომელიც მიმართული იყო საზოგადოების ყურადღების გადატანაზე რეპრესიებიდან პოზიტიურ, საზოგადოების შემკვრელ და გამაერთიანებელ მითებზე, ხორცშესხმა ერთ-ერთ დიდი “სახალხო” პროექტში ჰპოვა – შავი ზღვის სანაპირო საბჭოთა ხალხის, რუსი ხალხის დასვენების, გართობის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ ადგილად იქცა. “საბჭოთა საქართველოს საზღვაო სანაპირო არ ყოფილა საქართველოს ზღვა. ფიზიკურად, გეოგრაფიულად იგი ისევ ეკუთვნოდა საქართველოს, მაგრამ სოციალურად და პოლიტიკურად ეს იყო საბჭოთა რუსული პროექტი, რომლის განხორციელების ადგილადაც საქართველო შეირჩა და მისი სარგებელიც მხოლოდ ლოკაციის კვალობაზე განისაზღვრებოდა. შავი ზღვის ფლოტი საბჭოთა სამოქალაქო თუ სამხედრო ნავიგაციის ნაწილი იყო, საზღვაო მიმოსვლაც მკაცრად კონტროლდებოდა”. რესპონდენტების უმრავლესობა თანხმდება იმაში, რომ ზღვის თემა აქტუალური ქართულ მედიაში საკურორტო სეზონის მოახლოებისას ხდება, მედია აშუქებს ყველაფერს, რაც პოტენციურ დამსვენებელს დააინტერესებს: ზღვის წყლის სინჯებს, სანიტარული მდგომარეობას სანაპირო ზოლზე, გესთჰაუსების, სასტუმროების ფასებს, საშუალო სადღეღამისო ხარჯებს, გასართობ ინფრასტრუქტურას, ანონსირდება დისკოთეკებზე მოწვეული დიჯეების ვინაობა, სამთავრობო საზოგადოებრივი ურთიერთობების სამსახურის თანამშრომლები აქტიურად მუშაობენ მედიასთან ბათუმში მიმდინარე “გრანდიოზული” მშენებლობებისა და პროექტების გასაშუქებლად და ბათუმისთვის რეგიონული მნიშვნელობის კურორტისა და გასართობი თუ სასტუმროების ბიზნესის ცენტრის რეპუტაციის შესაქმნელად. მედიურ ასახვაში ძალიან ხშირად ჩნდება ქუჩაში ჩაწერილი ინტერვიუეები უცხოელ ტურისტებთან (ტექსტებში) და ბათუმის ახალმშენებლობების ფოტოები, რომელბზედაც გამოსახულია კიჩური არქიტექტურის ნაყოფი – კვაზიგოთიკურ სტილში აგებული ახალი შენობები. “ამ მედიაში ასახულ სამთავრობო პაირში ცხადად ჩანს ხედვა არა ბათუმიდან, არა საქართველოდან ზღვისკენ, არამედ ზღვის მხიდან – ბათუმისკენ. ქართველი მკითხველისთვის თუ მაყურებლისთვის ხედვის ამგვარი კუთხე გაურკვევლობის შემცველია: მას აიძულებენ, მოვლენებს შეხედოს სხვისი – ინვესტორის, უცხოელი დამსვენებლის, ყოველ შემთხვევაში, არათავისი – თვალით და საგნებისა და მოვლენების ამგვარ რეფლექსიას ენდოს. ნიშანდობლივი იყო ერთ-ერთი, სავარაუდოდ, სამათავრობო პიარის შედეგად შექმნილი, გრძელი ქრონომეტრაჟის მქონე სიუჟეტი, რომელშიც აჭარის ლამის მთელი მოსახლეობა პოტენციური დამსაქმებლის ინტერესის კუთხით იყო განხილული და შეფასებული.” Aან: “თვით მშენებლობისა და განახლებული არქიტექტურული იერსახის შესახებ შექმნილ პუბლიკაციებში ჟურნალისტები ივიწყებენ ერთ-ერთ მთავარ თემას: რამდენად ჩანს ზღვის ფაქტორის გავლენა ბათუმის ახალ მშენებლობებზე, უფრო სწორად – რატომ არ ჩანს საერთოდ”. რესპონდენტების აზრით, ამგვარი რეპრეზენტაციით მიმღების თვალსაწიერში ზღვა და ზღვაზე გაშენებული ყველაზე დიდი ქალაქი იკარგება როგორც “შინ”-ის ნაწილი, როგორც ფამილარული სივრცე. იგი იკითხება და განიხილება, როგორც დომინატური დისკურსით “დაკვეთილი რეალობა” და არა ის სოციალური რეალობა, რომლის მიღების ინტერესიც აუდიტორიას აქვს. რესპონდენტების უმრავლესობას მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში საქმე აქვს არა მედიურ კომუნიკაციასთან, არამედ კონკრეტულ მიზანზე ორიენტირებულ კომუნიკაციასთან, რომელიც სამთავრობო საზოგადოებრივი ურთიერთობების ინსტრუმენტი ხდება; რომ აუდიტორიას ინფორმაციას არა ობიექტური ჟურნალისტები, არამედ დაინტერესებული პრესის აგენტები აწვდიან. რესპონდენტების უმრავლესობას ასევე მიაჩნია, რომ ამ სამთავრობო პიარში შემოდის კიდევ ერთი ზღვასთან დაკავშირებული სოციალური ფენომენი: ქართული ელიტის მიბმულობა ზღვასთან, როგორც მისი დასვენებისა და გართობის, საკუთრების ქონის ადგილთან. ბათუმში მოწყობილი ნაციონალური არხების საინფორმაციო პროგრამების საზაფხულო სტუდიებიც, რესპონდენტების აზრით, სამთავრობო საზოგადოებრივი ურთიერთობების ამ ასპექტის გამოვლინებაა. “ადგილობრივი (აჭარის) ელიტა “მარგინალიზებულია”, აფხაზეთის დიდ, საპორტო ქალაქებში მცხოვრები ელიტა, საერთოდ, დევნილობაში იმყოფება, მისი ადგილი, როგორც ელიტისა, დედაქალაქის პოლიტიკურმა ელიტამ დაიკავა. ეს ძალიან სახიფათო ტენდენციაა”. როგორც ვხედავთ, აქ ვიღებთ საკმაოდ ფართო მნიშვნელობით ველს: ზღვა და ადგილი ზღვასთან – რეკრეაცია, მშენებლობა, ინვესტიცია, განვითარება,…ელიტურობა, კონფლიქტი. . . იმავდროულად იკარგება, მედიური ღირებულების თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანი რამ: ზღვა კარგავს “შინაურობის” ღირებულებას, და იგი “უცხოს” მიჯნაზე იადგილებს. ისევე, როგორც სტალინური ეპოქის შავი ზღვა. სრული ჰარმონია თანამედროვე მედიური ხატებისა წარსულის ხატებთან. “დაკარგული ზღვა” ესეც გავრცელებული სტერეოტიპია და, როგორც წესი, “დაკარგული ზღვა” დაკარგული აფხაზეთის სტრუქტურულ კონოტაციად გამოიყენება, თუმცა რესპონდენტების უმრავლესობას მიაჩნია, რომ “ზღვის” დაკარგვა კიდევ ბევრჯერ “ამოიკითხეს” მათ მედიურ ტექსტებში და ეს ტექსტები არ ეხებოდა კონფლიქტს აფხაზეთში. თვალსაჩინოებისთვის ორ ამონარიდს მოვიყვან ინტერვიუებიდან: “. . . შევარდნაძის მმართველობის დროს საქართველოს ფლოტის გემების ჯართად გაყიდვა არ ნიშნავდა მხოლოდ კონკრეტული სამხედრო, ინფრასტრუქტურული თუ ტექნიკური მნიშვნელობის საკითხის გადაწყვეტას. ეს ნიშნავდა ფლოტზე, ფლოტის ყოლაზე უარის თქმას. აი, ამ უარიდან მომდინარეობს უარყოფის მთელი ჯაჭვი: არა ფლოტი – არა საზღვაო უსაფრთხოება – არა ზღვა. სამწუხაროდ, მაშინდელ მედიაში უფრო მეტად განიხილებოდა ამ “გარიგების” ფინანსურ-ტექნიკური მხარეები, ვიდრე მისი კონცეპტუალური მნიშვნელობა”; და: “შავი ზღვის ეკოლოგია, მისი ეკოსისტემების მდგომარეობა, ბრაკონიერული თუ უნებართვო თევზჭერა ან ძალიან ფრაგმენტულად, ან საერთოდ არ გვხვდება მედიურ ტექსტებში. ეს გარემოება ორ ძალიან საგანგაშო სიმპტომზე მიანიშნებს: მარგინალიზებულია გარემოსდაცვითი იდეა და მარგინალიზებულია ზღვა საქართველოს საერთო ეკოლოგიური სისტემიდან”. როდესაც ვხვდებით მარგინალიზებულ ცნებებს, ყოველთვის გვიჩნდება შეკითხვა, რა არის ან სად არის ის ცენტრი, რომლის მიმართაც ესა თუ ის იდეა ან ცნება გარიყული აღმოჩნდება. ორივე ზემოთ მოხმობილი მაგალითი გვიჩვენებს, რომ ცენტრი არის გაბატონებული, სახელმწიფო-პოლიტიკური თუ იდეოლოგიური დისკურსი, რომლის მიმართაც ზღვა მეორეხარისხოვან მდგომარეობაშია, როგორც უსაფრთხოებითი სისტემის ნაწილი: ერთია სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების უსაფრთხოება და მეორეა – ეკოლოგიური უსაფრთხოება. მედია ახდენს ამ დისკურსის ტრანსმისიას და არ უღრმავდება მარგინალიზებული ცნებისა თუ ნიშნის რეპრეზენტაციის სხვა კუთხით კულტივაციის მიზნით. ზღვის მისტიკა ზღვის ცნება სრულიად უნიკალურ მნიშვნელობებს იძენს იმ მედიურ ტექსტებში, რომლებიც აფხაზეთის ომის, ქართულ-აფხაზური კონფლიქტისა და აფხაზეთიდან დევნილების ისტორიებს წარმოგვიჩენს. თავიდანვე შეგვიძლია, დასკვნის სახით ვთქვათ, რომ აქ ზღვა არის ის ცენტრი, ღერძი, რომლის მიმართაც განლაგებულია: იდენტობის საფუძველი, ომი და მშვიდობა, აწმყო და წარსული, სიცოცხლე და სიკვდილი, ამქვეყნიური და იმქვეყნიური. აფხაზეთში დატოვებული სახლის ადგილმდებარეობაც ზღვიდან გადათვლილი მეტრებით იზომება. რეპორტაჟში “ისინიც ოქროს ნაპირიდან არიან” ჟურნალისტები მაია გოგოლაძე და ლია ტოკლიკიშვილი აღწერენ დროებით თავშესაფარს თბილისთან ახლოს, რომელშიც დევნილები ცხოვრობენ, აღწერენ ამ ადამიანების ახლანდელ გარემოს, ყოფასა და განწყობას. გაცნობიერებული მკითხველისთვის სათაურიდანვე ცხადი ხდება, რომ ფრანც კაფკას ნოველის ალუზია “ოქროს ნაპირზე” დაბრუნების შეუძლებლობაზე მიუთითებს. ამ თავშესაფრის თითოეული ბინადარი თითქოს კაფკასეული წითელი პეტერის ისტორიას ჰყვება – ბუნებრივი სამყაროდან უცხო სამყაროში ადაპტაციის ისტორიას: “მე წარმოშობით ოქროს ნაპირიდან ვარ. დაცხრა ქარიშხალი, რომელიც ჩემი შორეული წარსულიდან ქროდა. და შორეული ხვრელი, საიდანაც ერთ დროს მე აქ გამოვედი, იმდენად დავიწროვდა, რომ ტყავგაუძრობლადაც ვეღარ გავეტევი შიგ უკან დასაბრუნებლად” (“სიტყვა”, 2, 2008). Mეს განწყობა კიდევ უფრო მძაფრი ხდება, როცა ჟურნალისტები აღწერენ ერთ ფოტოს ერთ-ერთ ოთახში, რომელზეც გადაღებულია, როგორ კოცნის კაცი ზღვას, ოჩამჩირეში შეპარული. არა მიწას, არამედ ზღვას, რომელიც აფხაზეთის ყველაზე გამოკვეთილი ნიშან-ინდექსია. “ჩემი სახლი სოხუმში თითქმის ზღვის პირას იდგა. დილით, როცა სამსახურში მივდიოდი, მარცხნივ ყოველთვის ზღვა იყო, მარჯვნივ – ქალაქი. დღეს მარჯვენა ნაწილი თბილისმა ამოავსო, მარცხნივ სიცარიელე მაქვს, საშინელი სიცარიელე. რომ არა ეს სითეთრე, ალბათ, უკეთ ვიქნებოდი.” როგორც მიუთითებს რესპონდენტის ეს სიტყვები, მტკივნეული ხდება არა განსაზღვრული კომპონენტის, ამ შემთხვევაში – ზღვის, ამოღება სასიცოცხლო გარემოდან, ანუ ბინადრობის ფიზიკური უბნიდან, არამედ ცნობიერებაში არსებული ვიზუალურ-სივრცობრივი ხატიდან. აქ აღწერილი მენტალური შეგრძნება ძალიან ჰგავს ტვინის მარჯვენა სფეროს დაზიანებით დაავადებული ადამიანის მიერ აღქმულ სურათს ფიზიკური და სოციალური რეალობისა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ უნარშეზღუდული ადამიანი ვერ აცნობიერებს თავისი აღქმის პათოლოგიურობას, აქ კი ფსიქიკურად ჯანმრთელი ადამიანი მარგინალიზებული ხდება სამყაროს აღქმაში, მის წარმოსახვით სახში გაჩენილი “თეთრი ლაქების გამო”. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ “ქართულ მედიას, ისევე, როგორც მთლიანად ქართულ საზოგადოებას ახასიათებს დევნილების ცხოვრების მადეზინტეგრირებელი დისკურსით წარმოჩენა. ამ ადამიანისთვის ზღვა მხოლოდ მეხსიერების ის უბანი არ არის, რომელიც მისი აღქმის მარცხენა ნაწილს ავსებდა. ზღვისპირა, საპორტო ქალაქებში ცხოვრება ქმნიდა სრულიად განსაკუთრებულ სოციალურ განწყობას იქ მაცხოვრებელ ადამიანებს შორის. ჯერ კიდევ საბჭოთა დროში, მოსახლეობის თვითშეგნების ჩამოყალიბების მხრივ, მიმდინარეობდა მოძრაობა, რომელიც ნაკლებად ექვემდებარებოდა ადმინისტრაციულ კონტროლს: ზღვისპირა, საპორტო ქალაქებში თვით დედაქალაქისგან განსხვავებული მენტალიტეტის მქონე ადამიანების ჯგუფები იქმნებოდა – თითქოს უფრო ახლოს მყოფები დასავლეთის აკრძალულ ზონასთან, უფრო თავისუფლები, მეტი ხელმისაწვდომობით ასევე აკრძალულ დასავლურ საქონელზე, დაწყებული საღეჭი რეზინებით, დამთავრებული იაპონური მაგნიტოფონებით, რომლებიც გარკვეულ სოციალურ პრესტიჟს სძენდა მათ მფლობელებს.” ზღვის დაკარგვა სოციალური პრესტიჟის, მშვიდი ცხოვრების დაკარგვასთანაც იგივდება ამ თაობის ადამიანებისთვის. ცხოვრება ზღვის პირას გარკვეული გაგებით “წინა ცხოვრების” კონოტაციას იძენს. აფხაზი და ქართველი მწერლების ომის შემდგომი ან მიმდინარე დროის ინტერვიუეებში, მათ ესსეებში ზღვა ძალიან ხშირად წარმოჩინდება, როგორც საერთო იდენტობის საფუძველი, როგორც ადგილი, სადაც არ ყოფილა ომი, სისხლისღვრა, შუღლი – მიწისგან განსხვავებით. თუმცა აქ ზღვა ჩნდება მათი ბავშვობის ადგილად, სადაც ისინი მხოლოდ სიკვდილის შემდეგ დაბრუნდებიან. “აღავინ დამრჩა, ზღვაზე საბანაოდ მივიპატიჟო. . . საღამო ხანს, როცა სიცხე ცხრება, მაგიდიდან ვდგები, თავს ვანებებ ჩემს ნაწერებს, სწორედ ისე, როგორც ის ბიძაკაცები სტოვებდნენ ნარდს, და აუჩქარებელად მივდივარ ზღვისკენ, ფრუტუნით მივაბიჯებ ტალღებში, ფეხებით წყალს ვაშხეფებ. . . მაგრამ ზღვა უკვე ის არ არის, რაც იყო, სხვა ზღვაა – მომწვანო თუ ინდიგო შალისფერია, მოსაწყენი, ზედმეტად მარილიანი”. აფხაზი მწერლის დაურ ზანთარიას მოთხრობის “ნემსის ყუნწი” ამ მონაკვეთში, რომელის ქართული თარგმანის ინტერნეტგაზეთმა “ახალმა 7 დღემ” გამოაქვეყნა (თარგმანი გურამ ოდიშარიასი), მკაფიოდ მოჩანს ზღვის ნიშნის დინამიკა, ნიშნის ცხოვრება: წარსულის ცოცხალი ზღვიდან აწმყოსა თუ მომავლის მკვდარი ზღვისკენ. იქ, სადაც ხმელეთზე ნაომართა შერიგება უნდა შედგეს. მეოცე საუკუნის დასაწყისში სიმბოლისტურ მიმართულებაში დამკვიდრებული ნიშნების მიხედვით, სწორედ ეს მომწვანო თუ ინდიგო შალისფერია სიკვდილის ფერი. საკუთრივ ნარატივის განვითარებაც აქეთ მიჰყავს მწერალს: “სანამ, განკითხვის დღეს ხიდზე აღმოჩნდება, ჯერ “ნემსის ყუნწში უნდა გააღწიოს ჩემმა სულმა (“ნემსის ყუნწი” – ვიწრო ადგილი ზღვის შესართავთან, სადაც აფხაზი, ქართველი თუ სხვა ეროვნების ბავშვები ბანაობდნენ, მშობლების დაუკითხავად – ხ. მ.). იმედი მაქვს, გაფართოვდება და გამატარებს ნემსის ყუნწი, თუნდაც იმიტომ, რომ უმრავლესობა თქვენთაგანი, რომლებიც აქ მფარველობდით და მპატრონობდით, რომლებიც ასე მეძვირფასებოდით და მიყვარდით, დიდი ხანია, რაც გაღმა ნაპირზე იმყოფებით. როდესაც ხიდს მიღმა თვალს მოგკრავთ, მზერას დარცხვენილად აღარ აგარიდებთ, თუმცა კვლავ ცოდვაში ვიმყოფები. . . ო, როგორ გამოვიქცევი თქვენკენ, როგორც კი ნემსის ყუნწს გამოვაღწევ. . . გამოვიქცევი და გზადაგზა ცოდვებს ჩამოვიცილებ, როგორც ბავშვობაში ტანსაცმელს ვიშორებდი ზღვასთან მიახლოებისას”. აქ ზღვის ნიშნის კონოტაციური ველი იმდენად იშლება, რომ თითქმის ყველა მასთან ასოციაციურად დაკავშირებული ცნებაც იცვლის თავისი დენოტაციური მნიშვნელობის პლასტს, თანრიგს და მეორად მნიშვნელობას იძენს და ვიღებთ: ზღვა – სიცოცხლე, უმანკოება, ცოდვილობა, განწმენდა, დაბრუნება, შეხვედრის ადგილი, სიკვდილი. ზღვის სანაპიროს კონოტაციას, როგორც სიკვდილისა და სიცოცხლის შორის გამავალი გამყოფი ხაზისა, ვხვდებით ჟურნალისტ ლია ტოკლიკიშვილის ნარკვევში “მკვდარი ქალაქის ჩანაწერები” (“ახალი 7 დღე”, “მეოცე საუკუნე”). ნარკვევი აგებულია მთლიანად დოკუმენტურ მასალაზე, იგი მოგვითხრობს სოხუმელი პენსიონერი ქალის, ვერა ნაჭყებიას, ისტორიას, რომლის ერთადერთი ინვალიდი ვაჟი მაშინ წაიყვანეს შინიდან აფხაზებმა, როცა დედა პურის რიგში იდგა. ნარკვევში დაზუსტებით არ ჩანს, დახვრიტეს თუ არა ვერა ნაჭყებიას შვილი, არ ჩანს არავინ, ვისაც ბიჭის ამბავი ეცოდინებოდა. ჩანს მხოლოდ პურის რიგიდან გამოგდებული, აფხაზი გოგონების მიერ შეურაცხყოფილი მხცოვანი ქალის ტანჯვა, შვილის საფლავის ამაო ძებნა და სულ ერთი და იგივე სიზმარი: “ყოველ ღამე ისევ სოხუმში ვარ, სანაპიროდან მეძახის შვილი. . . რას უნდა ნიშნავდეს ნეტავ. . . სანაპიროზე თუ დახვრიტეს, ზღვიდან რომ მეძახის ბიჭი”. სანაპიროც ასეთივე გაურკვევლობაა, მიწაა თუ ზღვა, სიცოცხლე თუ სიკვდილი. ერთ-ერთი რესპონდენტის პასუხი მიგვითითებს, რომ სივრცე, რომელიც არა ხედვით, არამედ კოგნიტიურად, აუდიტორულად შემოდის ადამიანების ცნობიერებაში, თავისთავად, ამ ადამიანების ცოცხალი ცხოვრებისეული გამოცდილებით იტვირთება. “მე თვითონ ვიყავი ტყვეთა გაცვლის პროცესის მონაწილე. ტყვეები ზღვით გადაგვყავდა. ასე უფრო უსაფრთხოდ მიიჩნეოდა. ერთხელ, როცა ზღვაში გავედით, ერთმა მოხუცმა აფხაზმა წამოიწყო სიმღერა, რომელიც იქამდე არასდროს მსმენოდა და, როგორც ჩანს, არც სხვებს გაეგონათ. . . ძალიან სევდიანი, სულისშემძვრელი ბგერები იყო. როცა ვიკითხე, რა სიმღერას მღეროდა, მიპასუხა, რომ ამ სიმღერას აფხაზი მუჰაჯირები მღეროდნენ, როცა ისინი თურქეთში გადაჰყავდათ ზღვით. თვითონაც არ იცოდა, რატომ და საიდან გაახსენდა ეს სიმღერა. Eეს ადგილის მეხსიერებაა, ალბათ, რომელიც შეახსენებს, რომ ზღვით გასავლელი გზა – ეს ტყვეს გზაა, სამშობლოდან იძულებით წასვლის გზაა”. აქ ვხვდებით ზღვის ერთ-ერთ განზოგადებულ სიმბოლურ სახეს: ადგილი, რომელიც ოდესღაც “შინ” იყო, ადგილი, რომელსაც აქვს მეხსიერება, გაზიარებული ისტორია, ერთად ყოფნის გამოცდილება, მაგრამ ახლა მასში მოსახვედრად ან “ნემსის ყუნწი” უნდა გაიარო ან ის ხვრელი, საიდანაც ახლა ცივი სიო უბერავს. ეს უკვე “შინ” აღარ არის. “რუსი სამხედროების პატრულირებამ აფხაზეთის სანაპიროსთან მშვიდობიანი ზღვის ხატსაც გამოაცალა საფუძველი. დღეს ხმელეთმა და ზღვამ თითქოს ადგილები გაცვალეს. ზღვა მომეტებულ საფრთხედ იქცა”. დასკვნა გლობალიზაციის ეპოქაში პოსტმოდერნისტული ეპისტემოლოგიები (მედიაც ცოდნის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ და გავლენიან გამავრცელებლად გვევლინება) სულ უფრო და უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ ადგილის გამოცდილებას და ადგილის, გარემოს აღქმას. მას ხშირად გარემოს ნიჭსაც კი უწოდებენ. ადამიანები გარემოს შესახებ ინფორმაციას არ იღებენ მხოლოდ უშუალო გამოცდილებით, არამედ გაშუალებულითაც, მედიის მეშვეობით. ამიტომ მკვლევრები ხაზგასმით აღნიშნავენ მედიის როლს “წარმოსახვითი ერთობის” ფენომენის ადგილის განცდაზე გავრცელებაშიც, რათა იგი არ იქცეს “აბსოლუტური სივრცის” ნაწილად, არამედ შეიძინოს ისეთი ნიშან-თვისებები, რომლებიც იდენტობის საფუძვლად იქცევა ადამიანების მრავალრიცხოვანი ჯგუფებისთვის, ანუ იქცევა “შინ”-ად. ზღვის ნიშანი ქართულ მედიაში მოკლებულია სწორედ “შინაური” ადგილის მახასიათებლებს. როგორი კუთხითაც, რომელი თემატური რაკურსითაც უნდა იყოს ის წარმოჩენილი, ზღვა ყოველთვის “შორს” რჩება. …

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s