როსტომ ჩხეიძე _ ზღვა და ქართველები (1982 წელი)


ზღვა და ქართველები

რეცენზია თამაზ ბერაძის ნაშრომზე: ”ზღვაოსნობა ძველ საქართველოში”


ძველი ბერძენი ავტორები, _ ეპიკოსები, ტრაგიკოსები, ლექსიკოგრაფები, კომენტატორები _ ზოგი ვრცლად, ზოგიც უაღრესად მოკლედ, სულ რამდენიმე სიტყვით, მაგრამ, ისე ხატოვნად, ისეთი სრული უეჭველობით აღწერენ თუ მხოლოდ მიგვანიშნებენ ოქროს საწმისის თქმულებაზე, ისე გვიყვებიან არგონავტების ლაშქრობის ამბავს, ისე ცოცხლად, მძაფრად და ამაღელვებლად, ლამისაა თვითონვე დაიჯერონ და ჩვენც დაგვაჯერონ არგონავტების ვაჟკაცობა, სიჩაუქე და სიმამაცე, ლამისაა სიმართლედ მოგვაჩვენონ და დაგვარწმუნონ იაზონის კეთილშობილურ სწრაფვაში ოქროს საწმისის მოსაპოვებლად, მცირე ზადი რა არის, ისიც კი ა ურევიაო და ბოლოსდაბოლოს ძლევამოსილებით დასრულებული ლაშქრობა აუცილებლობად დაგვისაზღვრონ; თუმცა მე მოპოვების ნაცვლად ხელში ჩაგდებას უფრო ვიტყოდი, ხოლო ხელში ჩაგდება ნიუანსობრივად წაგლეჯვას უფრო შეითავსებს და იგულისხმებს თუ მოპარვას, ეს მათმა მიმდევრებმა არკვიონ.
ბერძენ ავტორთაგან უფრო სარწმუნო ევრიპიდე უნდა იყოს, ვინც პირველმა გამოააშკარავა თანამემამულეთა საუკუნეობით ნაკოწიწები და ნალოლიავები თქმულების ჭეშმარიტი არსი, გამოააშკარავა მიკერძოებულად მოთხრობილი ამბის ნამდვილი ბუნება, ცხადყო ბერძენთა საგულდაგულოდ მიჩქმალული დამპყრობლური ზრახვანი, გააშიშვლა იაზონის მზაკვრული მისწრაფებანი, რითაც ოქროს საწმისის თუ არგონავტების თქმულება შედარებით ნათელი და გასაგები გახადა.
ამ გზით თუ ავხსნით თუნდაც იმ ეპიზოდს, არგონავტებს კოლხები რომ დაედევნებიან. ბერძენი ავტორები იმგვარად წარმოგვისახავენ, იმგვარად გვიხატავენ ამ დევნას, რომ შთაბეჭდილება გვრჩება, თუ რა მამაცურად გარბიან ბერძნები, რა ვერაგულად მისდევენ კოლხები, თუმცა სულ სხვაგვარი შთაბეჭდილება უნდა გვრჩებოდეს და, ალბათ, ვერაგობასა დასიმამაცეს ადგილი უნდა ჰქონდეს შენაცვლებული, ბერძენთა ექსპედიციის დამაგვირგვინებელ აფსირტეს მკვლელობის ფაქტს სწორი ახსნა რომ მოეძებნოს… მანამდეც საინტერესოა: როგორც არ უნდა აღწერონ ბერძნებმა თავიანთი ხომალდი, როგორი უებრო ამგებიც არ უნდა გამოუძებნონ, როგორი მიზეზებიც და ახსნაც არ უნდა ჩხრიკონ და ეძიონ, თუ როგორ მოხდა, რომ მათ ლეგენდარულ ხომალდს კოლხი ზღვაოსნები დაეწივნენ, აშკარად ჩანს, რომ `ფრთამალ ფრთოსანთა გუნდი~ (აპოლონიოს როდოსელის სიტყვებია) ლეგენდარულ არგოზე უფრო სწრაფი ყოფილა. `არგონავტიკის~ ავტორი ამ ხატოვან ფრაზას კოლხთა სანაოსნოდ აღჭურვისა და დადევნების მეტად სახიერ სურათში ჩაურთავს.
სწორედ ამ სურათის ანალიზით იწყებს ქართული ზღვაოსნობის ისტორიულ მიმოხილვას თამაზ ბერაძე მეტად საჭირო, და წინასწარ ვიტყვი, მშვენიერ წიგნში `ზღვაოსნობა ძველ საქართველოში~ (`ნაკადული~, 1981). მკვლევარი ამ პასაჟს იყენებს, როგორც უძველეს ისტორიულ ცნობას, რისი მოშველიებითაც კოლხთა სამეფოში მრავალრიცხოვანი ფლოტის არსებობას ადასტურებს _ `გამართეს ყველა საბრძოლო გემი, სწრაფად აღჭურვეს იმავე დღესა. ზღვაში ჩაუშვეს სანაპიროზე ჩამწკრივებული ურიცხვი გემი~. თუმცა, უნდა შევნიშნო, რომ თარგმანში, რომელსაც მკვლევარი ერთ-ერთ თავის ეპიგრაფადაც იყენებს, გემი ანაქრონიზმია, უნდა იყოს ნავი (ავტორის უფრო ვრცელი განმარტებით, შორეული ნაოსნობისათვის გამოსაყენებელი აფრიანი დიდი საზღვაო ნავი, მოგვიანო ტერმინოლოგიით _ ხომალდი). და სწორედ მისი აგებულების დახასიათების შემდეგ დასძენს ავტორი, `ისინი უფრო ჩქარა ცურავდნენ, ვიდრე არგონავტების ლეგენდარული `არგოო~. ქრისტეს დაბადებამდე მეორე ათასწლეულში ასერიგად განვითარებული ქართული ნაოსნობის არსებობას ჩვენი ნაოსნობის სათავეები კიდევ უფრო, და ვინ იცის, რამდენი საუკუნით შორს გადააქვს.
ერის კულტურა მხოლოდ ლიტერატურა არასდროს ყოფილა, არც თუგინდ ხელოვნება, კულტურა ერის ერთიანი ცხოვრებაა, მთლიანი და განუყოფელი. ერთიან ცხოვრებას ვამბობ, ცალ-ცალკე და ნაწილ-ნაწილ რომ არ ჩამოვყვე; ასე ყოფილა ყველა ერისთვის და ჩვენთვისაც ასე ყოფილა. ასე ერთიანი, მთლიანი გააზრება ქართველი ერის კულტურისა, წვდომა მისი ბუნებისა, კლასიკური სახით დიდი ილიასაგან გადმოგვეცა, დიდი ილიას მონიშნულ გზას დაადგნენ ივანე ჯავახიშვილი და პავლე ინგოროყვა, რომელთაც ქართული ცივილიზაციის ერთიანი, განუწყვეტელი პროცესის, მთლიანი სურათის აღდგენა სცადეს და ისეთ შორეულ ეპოქებს გადასწვდნენ, ისეთი სიღრმეები მოიხილეს, ისე სწორად გაარკვიეს ჩვენს თვალწინ არსებული მოვლენები, იმდენი დაფარული შესაძლებლობები გაამჟღავნეს და სააშკარაოზე გამოიტანეს, რომ ლამისაა აღარც ვუჯერებთ, ეს ვეება, გრანდიოზული სამყარო ისე გვაბნევს; ეტყობა, ივანე ჯავახიშვილის მზერაა საჭირო, პავლე ინგოროყვას მზერაა საჭირო, და თუ თვალი არ გვიჭრის, უნდა ვერწმუნოთ მაინც, ამხელა და ამდენი ხნის კულტურა ხელიდან რომ არ გამოგვეცალოს; პატარა, ჩია, ალბათ, უფრო იოლი მოსავლელია, უფრო იოლი შესანარჩუნებელი, მაგრამ საუკუნეებით მოპოვებულს როგორ უნდა შეველიოთ, ქარს როგორ უნდა გავატანოთ, თორემ სხვანი, ნებით თუ უნებლიედ სხვაგვარად სჯიან, თავიანთი ეროვნული ხასიათიდან, ეროვნული ბუნებიდან გამომდინარე, სხვაგვარად ხსნიან ყველაფერს, სხვა სახით წარმოგვიდგენენ, ოქროს საწმისის თქმულებისა არ იყოს. შორს რომ არ გავყვეთ, თამაზ ბერაძის წიგნშივე შეიძლება მიგვედევნებინა თვალი შავი ზღვის სახელწოდებათა ანალიზისათვის.
შავ ზღვას ასირიელები `ზემო ზღვად~ იცნობდნენ (მკვლევარის განმარტებით ესაა შავი ზღვის უძველესი სახელი, რომელსაც ასირიელ მეფეთა ქრ. დაბ-მდე XIII-XII სს-ით დათარიღებული წარწერებით მოუღწევია), ხოლო თვით სახელი `შავი~, დღეს როგორც ვუწოდებთ და აგერ ფრანგი მორის რეინალიც კი გაგვიოცებია (`…საქართველო იქ მდებარეობდა, სადაც უეჭველად დღესაც მდებარეობს, _ ორ ზღვას შუა, რომელთაგან ერთს, ღმერთმა იცის, რატომ, შავს უწოდებენ~), ზღვის სანაპიროზე მცხოვრებ ირანული მოდგმის ტომებს შეურქმევიათ, მათი გამოთქმით `ახშიანა~, რაც ღრმას, შავს ნიშნავს. `ძველმა ბერძნებმა ამ ზღვის სახელი მათგან გადაიღეს, _ წერს მკვლევარი, _ მხოლოდ მათთვის გაუგებარი `ახშიანი~ ბერძნულ სიტყვა `ავქსინუსად~ `გაიაზრეს, რაც `არასტუმართმოყვარეს~ ნიშნავს~.
`ძველი ბერძნებისათვის შავი ზღვის ამგვარი სახელწოდება გასაგები იყო, რადგან თავდაპირველად ისინი ცუდად იცნობდნენ ამ ზღვას და მასზე ნაოსნობა დიდ სიძნელეებთან იყო დაკავშირებული~, _ განმარტავს ავტორი, რომელიც ეპიგრაფად მოტანილ სტრაბონის სიტყვებს ეყრდნობა; სტრაბონი `ავქსინუსს~ თავის ახსნას უძებნის, რადგან მისი `ახშიანადან~ წარმომავლობა, ეტყობა, დაკარგულია და სახელწოდებას კი ეტიმოლოგიის გარკვევა ესაჭიროება.
ავქსინუსის _ არასტუმართმოყვარეს სტრაბონისეული ეტიმოლოგია ამგვარია:
`მაშინ არ შეიძლებოდა ამ ზღვაზე ცურვა და იწოდებოდა ის არასტუმართმოყვარედ მისი მღელვარებისა და ირგვლივ მცხოვრები ტომების ველურობის გამო~.
`ხოლო შემდეგ, _ განაგრძობს სტრაბონი, _ მას სტუმართმოყვარე ეწოდა, რადგან იონიელებმა სანაპიროზე ქალაქები ააგეს~.
მკვლევარი ამ ფრაზას შედარებით ვრცლად განმარტავს:
`ძვ. წ. VII-VI სს, ბერძნები კარგად გაეცნენ შავი ზღვის ნაპირებს, აითვისეს მასზე ნაოსნობა. ასეთ პირობებში ზღვის ძველი სახელწოდება გაუგებრად და დამამცირებლად ჟღერდა მათთვის, ამიტომ მათ შავ ზღვას სახელი შეუცვალეს და `ევქსინუს პონტოს~ _ სტუმართმოყვარე ზღვა უწოდეს~.
ეს განმარტება სტრაბონის ეტიმოლოგიური ძიების ქვეტექსტია, ყოველ შემთხვევაში ამგვარად გავიგე სტრაბონის სიტყვები და მეჩვენება, რომ ქვეტექსტი ბოლომდე მაინც არაა მკაფიოდ გახსნილი, თუმცა, რა თქმა უნდა, ავტორი არ იყო ვალდებული, ყოველმხრივ გაეანალიზებინა ბერძენი ისტორიკოსის სიტყვები. იმას, რომ ბერძნები `კარგად გაეცნენ შავი ზღვის სანაპიროებს~ და `აითვისეს მასზე ნაოსნობა~, რამდენიმე სიტყვით მაინც დავუმატებდი, რომ ეს გაცნობაცა და ათვისებაც, იონიელთა მიერ სანაპიროზე აგებული ქალაქებიც, საბოლოოდ მაინც ბერძენთა დამპყრობლურ სწრაფვაზე მიგვანიშნებს, ლტოლვაზე _ რაც შეიძლება მეტი მხარე შემოიმტკიცონ, გააბერძნონ ანუ `ცივილიზაცია შეიტანონ~, იმის მიუხედავად, სჭირდება თუ არა ვინმეს თავსმოხვეული ცივილიზაცია, არა ზიარება უცხო კულტურასთან, არა გათვალისწინება მისი ღირსებებისა, არა გამშობლიურების ცდა კარგისა და მოსაწონისა, ისევ და ისევ ეროვნული ბუნების, ეროვნული ხასიათის შესაბამისად, არამედ დაკარგვა თვითმყოფადობისა, დამცირება და გადაგვარება საკუთარი კულტურისა, როგორც არ უნდა უყურებდნენ სხვები ამ კულტურას, როგორც არ უნდა არაფრად აგდებდნენ. სტრაბონიც ხომ ამასვე ამბობს: ირგვლივ მცხოვრები ტომების ველურობის გამოო.
ტომები ველურია, სანამ ბერძნები შემოაღწევდნენ, ზღვა _ არასტუმართმოყვარე და ტომებიც _ ალბათ არასტუმართმოყვარენი; ბერძნული ახალშენების დაარსების მერე კი ზღვა და მთელი ის გარემო უკვე სტუმართმოყვარე ხდება. სიტყვები კარგავენ თავიანთ ადრინდელ, ძირითად მნიშვნელობას და უცხო და გაურკვეველ შინაარსს იძენენ. და მიზეზი ამგვარი ეტიმოლოგიებისა დ ზღვის ნაპირის მაცხოვრებელთა ველურ ტომებად მონათვლისა, თურმე იმის ბრალი ყოფილა, რომ ბერძნებს მათთვის შინაარსგამოცლილი და, ამდენად, ბუნდოვანი `ახშიანა~ როგორმე რომელიმე ბერძნული სიტყვისათვის მიემსგავსებინათ და ახსნა მერე ეძიათ.
ერთ-ერთი უძველესი სახელწოდების `შავი ზღვის~ ხელახლა გავრცელებას XIII საუკუნიდან მკვლევარი კვლავ ენობრივი შეცდომით ხსნის. კონსტანტინეპოლსადა შავი ზღვის სანაპირო ქალაქებში მოზღვავებული იტალიელებისათვის ზღვა `მარი მაიუსი~ (`დიდი ზღვა~) იყო. `სიტყვა `მაიუს~ კი ფონეტიკურად ძალზე ახლოა ბერძნულ `მაუროსთან~, რაც ამ ენაზე შავს ნიშნავს. ამიტომ ბერძნებმა `მაიუს~ (დიდი) `მაუროსად~ გაიაზრეს და პონტოს ზღვასაც `მაუროს თალასსა~, ანუ შავი ზღვა უწოდეს~. ეს სახელი თურქებში `კარა დენიზის~ ფორმითაა ცნობილი. ქართული ენაში ტერმინი `შავი ზღვა~, მკვლევარის ვარაუდით, ჯერ ხალხურ მეტყველებაში დამკვიდრებულა და შემდეგ გავრცელებულა მწერლობაში.
ამ და სხვა უამრავ, საკუთარი შეხედულებებისამებრ გამოძებნილ, სახელებში ჩაიკარგა შავი ზღვის უძველესი ქართული სახელი.
თავდაპირველად შავ ზღვას უბრალოდ `ზღუას~ უწოდებდნენო, ავტორი რომ მიუთითებს, მოღწეული მასალების მიხედვით უნდა გამოჰქონდეს ასეთი დასკვნა. რაიმე ხელჩასაჭიდი რომ მოიძევებოდეს, რისი მეშვეობითაც უპირველესი სახელის თუნდაც სავარაუდო ფორმის აღდგენა იქნებოდა შესაძლებელი, არგონავტების დადევნების ეპიზოდის საგულისხმოდ და მშვენივრად გამოყენებისა არ იყოს, მკვლევარი უთუოდ მიაგნებდა, გამოარჩევდა და მოგვაწოდებდა, მაგრამ როცა სხვა გზა არაა, ამ უბრალო `ზღუით~ უნდა დავკმაყოფილდეთ.
ამირანის თქმულებაში, _ არგონავტების გადმოცემაზე ბევრად ადრინდელ, უძველეს ქართულ მითოლოგიურ თქმულებაში, _ გველეშაპი რომ ჰყლაპავს ამირანს და ამ ეპიზოდს გვიანდელი, ბევრნაირად დამახინჯებული ვარიანტები ასე აბოლოვებენ _ `შავმა აიღო, ჩაყლაპა, შავი ზღვისაკენ გასწიაო~ _ აქ შავი ზღვა ხომ არც პირვანდელია და არც ქართული; და ძველ ეპოქებში რომელი სახელი ცვლიდა, ვინ იცის.
ოღონდ `ზღუაზე~ მაინც ნუ ვიტყვით თავდაპირველიაო, `ჯერჯერობით სხვებზე უფრო ადრეული~ რომ გვეთქვა, ალბათ უფრო ზუსტი იქნებოდა.
შავი ზღვის სახელწოდებათა ავტორისეული ანალიზი მხოლოდ იმიტომ არ მოვიშველიე, რომ მთლიანობაში გვენახა, თუ რა სხვადასხვაგვარია შეხედულებანი თუნდაც შავ ზღვაზე, როგორ იცვლება გარემოს, ვითარების, უბრალო გაუგებრობის მიხედვითაც კი, ოღონდ მუდამ საკუთარი ბუნების შესაბამისად, ახლებურ გააზრებებს როგორ ახალ ეტიმოლოგიებს უსადაგებენ; იმის ჩვენებაც მინდოდა, ამ ერთ პატარა ნაწილში როგორი მრავალმხრივია ავტორი, რომელიც მრავალი ქართული და უცხო, ისტორიული, გეოგრაფიული თუ მხატვრული თხზულებების, ეთნოგრაფიული მასალების, დიალექტური მონაცემების, ლექსიკონების მეშვეობით, სხვადასხვა მკვლევართა ნაშრომების გათვალისწინებით, საინტერესო ლინგვისტური ძიებებით მახვილგონივრულ მიგნებებს გვთავაზობს და საყურადღებო სურათს წარმოგვიდგენს; ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ავტორი `შავ ზღვას~ კომპოზიციურ ღერძად იყენებს, რათა უამრავ მასალას მოუყაროს თავი მის გარშემო, გამოარჩიოს, დაალაგოს და ისე წარმოგვიდგინოს.
მთელი წიგნი ამგვარადაა დაწერილი და თვალწინ გვეშლება ქართული ზღვაოსნობის (ძველი ტერმინოლოგიით: ნავთმავლობა, ზღვათმავლობა) ისტორია, სხვადასხვა სახის ნავთა ტიპები და მათი აგებულება, ნავსადგურების დახასიათება, სავაჭრო თუ პოლიტიკური ურთიერთობა უცხო ქვეყნებთან, საზღვაო ბრძოლები.
ძველ ქართულ სანაოსნო ტერმინოლოგიას რომ გადავხედოთ, მკვლევარის მიერ საგულდაგულოდ დაძებნილს, შეკრებილსა და გაანალიზებულს, შესამჩნევი გახდება, რომ როგორც მთელს ჩვენს ენაში, ზღვაოსნობის ტერმინოლოგიაშიც მრავალია უცხო წარმომავლობის სიტყვა, შემოსული იმ ენებიდან, რომელთანაც რაიმე ურთიერთობა გვქონია საუკუნეების მანძილზე; ამიტომაც ეძიებს მკვლევარი თვითეული სახელის ეტიმოლოგიას, იქნება ეს ნავთა (ხომალდთა) ტიპები (ვთქვათ საბასეული სახელწოდებანიც რომ ჩამოვთვალოთ: ვარცლი, კოპანო, კარაპა, კარჭაპა, ხუმალდი, კარაფითა, ორჩხომელი, ოლეჭკანდერი, კატარღა…), რომელიმე ცალკეული ნაწილის სახელწოდება თუ ეკიპაჟის შემადგენლობა.
მკვლევარი ძირისძირობამდე ჩასდევს თვითეულ ტერმინს, ოღონდ ძალზე ფრთხილად და ფაქიზად ეპყრობა მათ ანალიზს, ითვალისწინებს არა მარტო სიტყვათა გარეგნულ, ფონეტიკურ მსგავსებას, არამედ სხვა პირობებსაც.
ვთქვათ, ასეთს:
`ხუამალდი~ _ `Јუამალდის~ ეტიმოლოგიის გარკვევა დღეისათვის ვერ ხერხდება. გარეგნულად ეს ტერმინი ბერძნულ `ხელანდოს~ _ ხელანდონს~ მოგვაგონებს. ასე ეწოდებოდა ბიზანტიაში ერთი ტიპის საზღვაო სამხედრო ნავებს; მაგრამ ქართული ენის კანონების გათვალისწინება უფლებას არ გვაძლევს ბერძნული `ხელანდონიდან~ ქართული `ხომალდის~ წარმოშობა ვივარაუდოთ. მით უფრო, რომ `ხელანდონი~ მრავალნიჩბიანი სამხედრო ნავია, მაშინ როცა `ხუამალდი~ აფრიანი ნავი ჩანს~.
ავტორი სანაოსნო ტერმინოლოგიის კვლევისას არაერთ წყაროს მიმართავს, მაგრამ ძირითადად სულხან-საბას `სიტყვის კონასა~ და ევროპაში მოგზაურობის წიგნს ეყრდნობა (მკვლევარის დაკვირვებით, ევროპაში მოგზაურობის წიგნში უფრო სრული მასალა ამოიკრიფება ზღვაოსნობის შესახებ, ვიდრე სიტყვის კონაში აქვს საბას თავმოყრილი) და სულხან-საბას ქართული სანაოსნო ტერმინოლოგიის პირველ შემკრებ-მკვლევარად სახავს.
როცა მასალა ნაკლებია, დაკარგულა ან ისეთი სრული სახით ვერ მოუღწევია, მკვლევარი საგულისხმო დაკვირვებებით აღადგენს სავარაუდო ვითარებას. სწორედ ამგვარი დაკვირვებებია საჭირო, რაიმე მანამ უმნიშვნელოდ მიჩნეულმა და გაუთვალისწინებელმა ფაქტმა მართებული დასკვნებისაკენ რომ გვიბიძგოს. ისევე, როგორც არგონავტების დადევნების ეპიზოდმა, მკვლევარს უძველეს და უხსოვარ ხანაში ქართული ნაოსნობის განვითარების მაღალი დონე ავარაუდებინა, რუსთაველის პოემაზე დაკვირვება (`შოთა რუსთაველი… ზღვაოსნობის მხოლოდ ადგილობრივ ქართულ ტერმინოლოგიას იყენებს. აქ ვერ შეხვდებით ვერც ევროპული და ვერც აღმოსავლური ზღვაოსნობისათვის დამახასიათებელ სახელწოდებებს. ამიტომ შოთა რუსთაველს თავისი ცოდნა ზღვაოსნობის შესახებ საქართველოს სინამდვილიდან უნდა აეღო~) საშუალებას აძლევს, ამ დროსაც ჩვენს ქვეყანაში ნაოსნობის მაღალი დონე ივარაუდოს. ქართული ზღვაოსნობის მაღალ დონეს VII-XIV საუკუნის საქართველოში, ავტორის დაკვირვებით, ცხადყოფს მდიდარი ქართული საზღვაოსნო ტერმინოლოგია, ამ პერიოდის ქართული მწერლობის ძეგლებში რომ მოიპოვება, რადგან `ასეთი ტერმინოლოგიის შემუშავება წარმოუდგენელია იმ ვქეყანაში, სადაც ზღვაოსნობა არ არის განვითარებული~. ამასთან, `უცხო ენიდან ამა თუ იმ თხზულებათა თარგმნის დროს ქართველი მთარგმნელი ან უცვლელად გადმოიტანდა საზღვაო ტერმინს, ან შეცდომით თარგმნიდა~.
მკვლევარს ბევრი საკითხი აქვს წამოჭრილი და გაანალიზებული. მისთვის ზღვაოსნობა ცალკე მდგომი არაა, ერთიან, ქართულ კულტურასაა ჩაწნული და ამიტომ მთელ კულტურას ითვალისწინებს, ბევრ, ერთი შეხედვით, სრულიად განსხვავებულ, მონაპოვარს იყენებს და ერთ წიგნად ჰკრავს. თუმცა წიგნში თავმოყრილი უამრავი მასალა ისეა დალაგებული და მოწოდებული, ისე ოსტატურად გამთლიანებული, ავტორის ენა ისეთი სადა და მკაფიოა, ისეთი ცოცხალი, რომმხატვრული ნაწარმოებივით იკითხება და, ამდენად, `ზღვაოსნობა ძველ საქართველოში~ მხატვრულ მონოგრაფიად გვევლინება ქართული ზღვაოსნობის შესახებ. `ავტორი ძალიან საინტერესოდ ჰყვება~, _ აღნიშნულია ანოტაციაში და წიგნის დახურვის შემდეგ მკითხველი ირწმუნებს, რომ ეს მხოლოდ ლიტონი სიტყვები არ ყოფილა. ესეც წიგნის ერთ-ერთი მთავარი ღირსებაა.
…თავის დროზე გალაკტიონს ჩაუნიშნავს დღიურებში:
`1921-22 წ. ქართულ პრესაში გამოჰქვეყნდა ილია ჭავჭავაძის დიდი მეგობრის არტურ ლაისტის წერილი: `ზღვა და ქართველები~. დაახლოებით ამ წერილის შინაარსი ასეთი იყო: საქართველოს აქვს მშვენიერი ზღვის სანაპიროები, მიუხედავად ამისა, ქართულ ლიტერატურაში არა სჩანს ზღვის თემატიკა, მოტივებიო. რუსთაველის უკვდავ `ვეფხისტყაოსანში~ ზღვა მხოლოდ გაკვრითაა ნახსენებიო და სხვა. დასკვნა ისეთი იყო, რომ ქართველებს თითქოს საზოგადოთ არ უყვართ ზღვა. მართალი არის თუ არა არტურ ლაისტის ეს შეხედულება, ეს მკვლევარების საქმეა, ერთი რამ კი უდავოა, ზღვის თემატიკა ქართულ ლიტერატურაში რუსთაველის შემდეგ არა სჩანდა, ეს მოძრაობა დაიწყო მხოლოდ მეოცე საუკუნის ქართულმა ლიტერატურამ~.
ამგვარი მსჯელობა ბუნებრივი იყო, როცა ამ სახის ერთი განზოგადებული სახის ნაშრომიც კი არ გვქონდა, სადაც აღწერილი იქნებოდა არა მარტო `ნაოსნობის საშუალებანი, მათი აგებულება, ტიპები, ეკიპაჟის შემადგენლობა, სანაოსნო ტერმინოლოგია~, არამედ მთელი ისტორიული ფონიც; ბევრი რამ მიუკვლეველი და ამოუხსნელი რჩებოდა, ბევრი რამ გაუთვალისწინებელი. თამაზ ბერაძის წიგნი კი გერმანელი სწავლულის მიერ წამოჭრილ საკითხებს სულ სხვაგვარად გაგვააზრებინებს.

1982

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s