გია ჯოხაძე _ კონცეპტი “ზღვა” ქართულ შუასაუკუნეობრივ ნარატივში


გია ჯოხაძე

კონცეპტი ზღვა ქართულ შუასაუკუნეობრივ ნარატივში
(,,ქართლის ცხოვრება” IV-XV სს.)

დამოუკიდებელი საქართველოს ერთ-ერთი მესაჭე გრიგოლ ლორთქიფანიძე 1925 წელს თავის ,,პოლიტიკურ ანდერძში” წერდა:

შავ ზღვას უნდა შევეჩვიოთ და დავუძმობილდეთ; დროა, ვისწავლოთ ცურვა, თორემ საკაცობრიო კულტურამ გაიარა სამდინარო, საზღვაო, საოკეანო კულტურის პერიოდები და კინაღამ საჰაერო ოკეანის სტადიაში გადადის, და ჩვენ კი, ასე ვთქვათ, პალიასტომის ეპოქაშიც კი არ შევსულვართ, მგონი…
მით უმეტეს უნდა დავუმეგობრდეთ ზღვას, რომ ჩვენთვის დიდი ხანია, გადაწყვეტილია ერთი ძირითადი საკითხი _ კულტურული ორიენტაცია ევროპაზე.

ამ ქვეთავს ერქვა ,,ქართველი და ზღვა”, რომელშიც ავტორი შენიშნავდა, რომ ქართველს ერთგვარად მისტიკურად ეშინია ზღვისა; რომ ეს ისტორიულ-პოლიტიკური მიზეზებით შეპირობებული ე.წ. ,,ანტიზღვური ინერციაა”, და ა.შ. (ლორთქიფანიძე, 1995:272-273).
გრიგოლ ლორთქიფანიძე 1937 წელს მოაშთეს. მოაშთეს ამ ფიქრიანად.
მაგრამ მოფიქრალი ადამიანები ყოველთვის ბრუნდებიან. უმეტესად _ ფურცლის მეშვეობით.
ხანდახან დრო, თავის უსასრულო მდინარებაში, თითქმის უცვლელად იმეორებს საგანთა ერთნაირ მდგომარეობას. ,,მარადი დაბრუნების” კონცეპტით დატვიფრული აზრი ხელახლა იწყებს სუნთქვას ახალი განმცდელის გულსა და გონებაში.
მაგალითად, მერაბ მამარდაშვილი, ჯერ კიდევ 1990 წლის ნოემბერში, აფხაზებთან დაძაბული ურთიერთობის გაანალიზებისას ამბობდა: კონფლიქტის მიზეზი, მოსკოვის ინტრიგებთან ერთად, ისიც არის, რომ ,,შავი ზღვის სანაპირო წართმეულია. საქართველოს მოსახლეობას არ ეკუთვნისო”… და სწორედაც, პოლიტიკურ-ეკონომიკური (ამ შემთხვევაში (ან იქნებ, საერთოდაც!) პოლიტიკა ეკონომიკაცაა და _ პირიქით!, გ.ჯ.) სისტემის გამო!
ეს გულისხმობდა კორპორაციულ სტრუქტურას, რომელიც საქართველოს მოქალაქეს აფხაზეთის შავიზღვისპირეთში ჩასასვლელად მოსკოვის გავლას სთხოვდა. ყველა რუსულ უწყებას თუ სამინისტროს აქ თავისი დასასვენებელი სახლები, თავისი ე.წ. შინაგანი ბაღები ჰქონდა, რომლებშიც თავიანთსავე თანამშრომლებს ასაქმებდნენ. ასე იქმნებოდა საქართველოს შიგნით _ სახელმწიფო სახელმწიფოში, რომელიც დაკავშირებული იყო იქაურ ,,აფხაზ აზნაურობასთან”.

,,ვერ წარმოიდგენთ, რამხელა მნიშვნელობა აქვს ნებისმიერი დიდი თუ პატარა რუსი ,,ნაჩალნიკის” თვალში ზღვას _ სძინავს და ზღვა ესიზმრება”, _ განაგრძობს ფილოსოფოსი და იხსენებს მისივე ყურით გაგონილ კლასიკურ გამოთქმას: ,,ეს რა კარგი მიწა ჩაიგდეს ხელში ქართველებმა!” ზემონახსენები ,,ნაჩალნიკი”, რაკი ზღვაზე წავიდა, ბუნებრივია, ამ ზღვას თავისად მიიჩნევს, ჩვენ კი, თურმე, რაღაც ეშმაკობით გვიგდია ხელთ, რომელზეც უკვე ამდენი ათასი წელია, ვცხოვრობთ… ცხადია, ამას ქართულმა სახელმწიფომ უნდა მოუაროს! _ დაასკვნის მამარდაშვილი (მამარდაშვილი, 1992:12-13).

ამ ბოლო ხანს ინტერნეტსივრცემ ორი თვალსაზრისი წარმოაჩინა:
პირველი.
ქართველებს არასოდეს გვყოლია ფლოტი. შავი ზღვა არ გვიჩენდა მასში შეცურვის სურვილს. ამიტომაც დავარქვით მას ზღვა _ ზღვარი. ზღვის გადასაცურად საჭირო მიზეზი არ გვქონდა და სხვ.
(ლექსო მაჭავარიანი, ვინ გადაცურავს ზღვას?)
მეორე.
ზემოთქმული პოლიტიკურმა მოტივმა შეაპირობა: ქართველებს არ უნდა გასჩენოდათ სურვილი ზღვის გავლით მოხვედრილიყვნენ ევროპაში, ეს რუსეთსა და სამხედრო გზაზე გავლით უნდა მომხდარიყო და სხვ.
(გიგი თევზაძე, ქართველი და ზღვა).

თავს დავიზღვევთ და, ვიტყვით, რომ ,,ზღვის” კონცეპტი არასოდეს გამხდარა ქართული ისტორიული მეცნიერების მსჯელობის საგანი (თუ არ ჩავთვლით თ. ბერაძის ნაშრომს ზღვაოსნობაზე, რომელსაც ქვემოთ შევეხებით).
ეს გასაკვირი არ არის. მხოლოდ სამწუხაროა. ქართული მენტალობის ძირეულ კატეგორიათა გამაანალიზებელი თითო-ოროლა ნაშრომიც ხომ სულ რამდენიმე წელია, კრთის სამეცნიერო მიმოქცევაში!
ზღვის კონცეპტის უგულებელყოფა მით უფრო აღარ გაგვაკვირვებს, როცა ხმელთაშუა ზღვასა და მის სამყაროზე ბრწყინვალე წიგნის ავტორს, ფერნან ბროდელს მოვუსმენთ:

ზღვა, როგორსაც ვხედავთ და როგორიც გვიყვარს, თვითონ გვიამბობს თავის წარსულზე _ ეს ერთადერთი დასკვნაა, რომელიც სორბონას გეოგრაფიის პროფესორთაგან ავითვისე. მით უფრო, რომ ეს გმირი (ამ შემთხვევაში ბროდელი ისტორიულ გმირად ზღვას გულისხმობს, გ.ჯ.) რთული, ვეება და არაორდინარულია. ის ვერ თავსდება ჩვეულ ჩარჩოებში. ისტორიის წერის ჩვეული სტილი _ ,,მავანი დაიბადა ამა და ამ წელს” _ არ გვარგია… მისი სამყარო მოუზღუდავია, მისი მოხაზულობა _ გადარეცხილი…

მაგრამ ბროდელი ამასაც ამბობს:

ვაი იმ ისტორიკოსს, რომელსაც ჰგონია, რომ ეს მტკივნეული საკითხი მას არ ეხება, რომ ზღვას, როგორც ისტორიულ პერსონაჟს, განსაზღვრა არ ესაჭიროება… (ბროდელი, 2002:16).

რომ არა რესპექტაბელური დისკუსიის მოლოდინი, ვიტყოდით, რომ სწორედ ბროდელის შერისხვის თავიდან ასაცილებლად გადავწყვიტეთ, ასე ვთქვათ, ,,დაგვეზვერა” ზღვა შუასაუკუნეობრივ ქართულ ისტორიულ ნარატივში _ კერძოდ, ,,ქართლის ცხოვრებაში”. ქრონოლოგიურ მიჯნადაც შუა საუკუნეების დასაზღვრისადმი ყველაზე სკეპტიკურად განწყობილ ისტორიკოსთა ვერსია გამოვიყენეთ: IV-XV საუკუნეები და იმ დასკვნამდე მივედით, რომ ინტერნეტზღვაში ,,მცურავი” ორივე თვალსაზრისი ახლოსაა სიმართლესთან, თუმც მათ სხვადასხვა ნარატიული საფუძველი აქვთ (ან _ პირიქით, მიშელ ფუკოსამებრ, ამ ნარატივებს გარკვეული მენტალობა ესაფუძვლება).
ვეცდებით ამ დებულების დადასტურებას, ოღონდ მანამდე, გადავხედოთ, რას გვიამბობენ IV საუკუნემდელი და XV საუკუნისშემდგომი წყაროები.

პროფესორი თამაზ ბერაძე, ბერძენ ავტორთა ცნობებზე დაყრდნობით, მოგვითხრობს:
ბერძნებს შავი ზღვისთვის ,,ავქსინუს პონტო” _ არასტუმართმოყვარე ზღვა შეურქმევიათ იმის გამო, რომ ცუდად იცნობდნენ. ისიც დავუმატოთ, რომ ,,მღელვარებისა და ირგვლივ მცხოვრები ველური ტომების გამო” მასზე ნაოსნობაც დიდ სიძნელეებთან იყო დაკავშირებული, მაგრამ ჯერ კიდევ აპოლონიოს როდოსელი ახსენებდა ეგრისის მრავალრიცხოვან ფლოტს (ბერაძე, 1981:3-5;64).
პროფესორები მანანა სანაძე და თამაზ ბერაძე მიიჩნევენ, რომ
ეგრისისა და საბერძნეთის ნავსადგურებს შორის მუდმივი მიმოსვლა დამყარდა. კოლხეთის საზღვაო ვაჭრობა მსოფლიო საზღვაო აღებ-მიცემობის შემადგენელ ნაწილად იქცა და… შავი ზღვის ასეთმა მნიშვნელობამ აქ ქალაქებიც წარმოშვა (ბერაძე, სანაძე, 2003:49;72).

დაახლოებით ამგვარსავე სურათს ვხედავთ XV საუკუნის მომდევნო ხანაშიც.
ბატონიშვილი ვახუშტი წერს, რომ ჭანები ,,არიან ხელოვანნი … შენებითა ნავთათა, დიდთა და მცირეთა”; ეგრნი ,,რიონზე ვლენან ნავებითა ზღვიდამ ბაჟამდე”; ანაკოფიაში ,,არიან ნავსადგურნი. მოდგებიან ნავნი და ვაჭრობენ”; აფხაზნი არიან ,,ზღუათა შინა მავალნი ოლეჭკანდარებითა, რომელთა შინა შთასხდებიან, და უხდებიან ოსმალთა ნავთა და ლაზ-ჭანთა და უფროსად ოდიშ-გურიასა. თუ ბრძოლასა შინა მდედრნი, მალ-მომდრეკნი არიან, ზღუასა შინა მაგარნი და ძლიერნი” (ბატონიშვილი ვახუშტი, 1973:690; 747; 783; 785-786).
ფრანგი მოგზაური და ინდოეთთან ვაჭრობის პიონერი ჟან ბაპტისტ ტავერნიე (1605-1689) შენიშნავს:
შავი ზღვა, ისევე, როგორც მთელი მისი ისტორიის განმავლობაში, მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზონაა. არის პროდუქტები, რომლებიც თითქმის ადგილზევე იწარმოება: ხმელი თევზი, ახალი დაწურული ხიზილალა რუსეთის მდინარეებიდან, ხე-ტყე, აუცილებელი თურქეთის ფლოტისათვის, რკინა სამეგრელოდან… სამეგრელო ყოველთვის კარგ დამოკიდებულებაშია თურქეთთან, რადგან ფოლადისა და რკინის დიდი ნაწილი, რომელსაც თურქეთი დიდი ოდენობით მოიხმარს, სამეგრელოდან შავი ზღვის გავლით შემოდის…
პროდუქტთა ჩამონათვალი გრძელდება:
მატყლი, რომელიც ვარნაში მიაქვთ და იქ ტვირთავენ; ასევე, ტყავი, რომლითაც დიდი გემები იტვირთება; ხორბალი, რომელსაც კონსტანტინოპოლში შეისყიდიან… არის სატრანზიტო საქონელი, რომელიც განკუთვნილია შუა აზიისა და სპარსეთისათვის;
პიერ ბელონი, იგივე ბელონ დიუ მანი, ფრანგი ნატურალისტი და მოგზაური (1517-1564) აღნიშნავს,
კარაქი კონსტანტინოპოლში ,,ახალი, ძროხისა და ხარის ჯერაც გამოუყვანელი ტყავით გადააქვთო…” (ბროდელი 2002;152-154).
იმ ტექსტში, ჩვენ რომ საკვლევად ავირჩიეთ, სურათი რამდენადმე განსხვავებულია. მართალია, აქ, თითქმის ყოველ მეორე ფურცელზე ხმაურობს ზღვა და ბროდსკის გამოთქმის პარაფრაზი რომ მოვახდინოთ, პირდაპირ რეცხავს ტექსტის არქიპელაგს, მაგრამ ის უფრო ფონია, ანტურაჟი, ვიდრე _ პერსონაჟი.
დავაკვირდეთ:
ზღვა საზღვარია და გეოგრაფიული ორიენტირი და, აქ ქართული ტექსტი, ცხადია, გამონაკლისი არ არის. ყველგან, ყოველთვის და ყველასთვის ასე იყო. ზღვის ბუნებრივი მდგომარეობა და მდებარეობა თავადაც უწყობდა ხელს, საზღვრად ყოფილიყო გამოყენებული. ამ დებულებას პირდაპირ ეხმიანება პროკოპი კესარიელის თხზულების ერთი პასაჟი:
,,ლაზიკაში მიწა ყველგან ზღვიდანაა წამოჩრილი. შემოქმედს აქ ზღვისთვის საზღვარი დაუდგენია, რადგან აქ ზღვა თავის ნაპირებს ეხეთქება, ვერც წინ მიიწევს, ვერც უფრო მაღლა აჭრას ახერხებს. უკან იხევს და თავის ადგილს უბრუნდება. ის იცავს მიჩენილ საზღვარს, თითქოს რაღაც კანონის ეშინოდეს, მით იზღუდავდეს თავს და ცდილობდეს, დადგენილ პირობებს არ გადავუხვიოო (გეორგიკა 1965:142-143).

,,ქართლის ცხოვრებით” კი ეს დგინდება:

ჯერ კიდევ ფარნავაზმა ქუჯის მისცა ქვეყანა ,,ზღვითგან მთამდე”, ოძრხის ერისთავს განუსაზღვრა მიწა-წყალი ,,ნოსტის თავითგან ზღუამდის”, კლარჯეთის ერისთავს _ ,,არსიანითგან ზღუამდე”; ვარაზ-ბაქარის მეფობაში ბერძნებმა დაიპყრეს მთელი კლარჯეთი ,,ზღვითგან არსიანთამდე”; როცა მირიანი სპარსთა მეფეს შეჰყვა საბერძნეთში და დაამარცხეს ბერძნები, ,,მიერითგან მიიღეს საზღვარი ესე ბერძენთა ჩუენ ქართველთაგან, აღმოსავალით ზღვისა ამის”; ვახტანგ გორგასლის ზეობაში ,,გამოიკითხა კეისარმან საზღვარი საბერძნეთისა, ქუეყანა ზღვის პირისა, რომელ არს აფხაზეთი და დაუწესა საზღვარი”;
სპარსეთის შაჰი ეუბნება ვახტანგს: ,,შენ უწყი, რამეთუ ზღვასა მოღმართ ჩუენი არს საზღვარი, განყოფილი ნოესითგან” (თუ განსაკუთრებულ პედანტობად არ ჩამოგვერთმევა, ვიტყვით, რომ ეს აზრი ,,გვაგზავნის” ბიბლიასთან (დაბადება, 8-10) და კერძოდ, მიემართება ქამის ძე ქუშს, მის ძეს _ ნებროთს და მისადმი ბოძებულ ქვეყნებს, გ.ჯ.); მირდატმა დაიპყრო მიწა-წყალი ,,ფარავნიდგან და ტასისკარითგან ვიდრე ზღუამდე სპერისა და ერისთავობდა მუნ”; თამარმა ხელთ იპყრა მიწა-წყალი ,,ზღვით პონტოსით ზღუადმდე გურგანისად”; თვით ფორმულაც კი ,,ნიკოფსიიდან დარუბანდამდე”, ცხადია, ორ _ შავსა და კასპიის _ ზღვას გულისხმობს! (ქართლის ცხოვრება 1955:24; 137; 160;205; ქართლის ცხოვრება 1959:34).

ქართველის მენტალობისათვის ბუნებრივია ზღვასთან დაკავშირებული, ძირითადად _ ტოპოსისა და ხელობის აღმნიშვნელი ტერმინები:

,,ზღუის კიდე” _ ვახტანგ გორგასლის პონტოში ლაშქრობისას დასახელებულია დიდი ქალაქი, რომელიც ზღვის კიდეში მდგარა; ბერძენ-სპარსთა ომისას ქართველები ,,ეწყვნეს … ზღვის კიდესა მას, რომელ არს ჭალაკი, რიყე ხერთვისისა”;
,,ზღუის პირი” _ აფხაზეთი ზღვისპირა ქვეყნად სახელიდება; ბერძნებმა ჰერაკლე კეისრის (575-641) მოთავეობით ,,წარიღეს საზღვარი ქართლისა სპერი და ბოლო კლარჯეთისა, ზღვის პირი…”; მურვან ყრუმ ზღვის პირი ჩავლო; ბიზანტიიდან მომავალ ბაგრატ IV-ს ლაშქარი ხვდება ,,აფხაზეთის ზღვის პირსა, ხუფათს” (ტრაპიზონსა და რიზეს შორის, გ.ჯ.);
,,ზღუის ყურე” _ ეგროსს მისცეს ქუეყანა ზღვის ყურისა; ბათუმსა და დღევანდელ ახალ ათონს შორის მოქცეულ შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაწილს ზღვის ყურეს უწოდებდნენ (ქართლის ცხოვრება 1955:160;173; 177; 226; 239;304; 5; ბერაძე 1981:8)
ასევე ცნობილია ,,ზღვის კარი”, ,,კლდე ზღვისა”, ,,კბოდე”, სრუტე, კუნძული ანუ ხერთვისი, ნავი და მისი სახე-ცვლილებანი (ბარკა, ოლეჭკანდარი), მენავე, მენავეთმოძღვარი, ნავსადგური…
გიორგი რუსი ,,შთასვეს ნავსა შინა” ან მეორეგან: ,,…ჩასმული ნავითა ზღუად მიიწია კონსტანტინეპოლედ” (ქართლის ცხოვრება 1959:75).
XI ს. უცნობი სპარსი ავტორი ,,შავ ზღვას” ქართველთა ზღვას უწოდებს; სხვათა შორის, ,,კოლხიკე თალასას” ანუ კოლხთა ზღვას უწოდებდა შავ ზღვას სტრაბონი;
XI ს. ერთი სპარსი გეოგრაფოსი შავ ზღვას ,,დარიე ლაზიკ”- ის ანუ ლაზიკის ზღვის სახელით მოიხსენიებდა (ბერაძე 1981:6-8).
ივანე ჯავახიშვილი საგანგებოდაც კი მსჯელობდა ზემომოხმობილ ტერმინებზე (ჯავახიშვილი 1983:21-22).
როგორც მოსალოდნელი იყო, ზღვა და მასთან დაკავშირებული სიტყვები ტექსტში მეტაფორული მნიშვნელობითაც გამოიყენება და ძირითადად, აღნიშნავს:

_ სტიქიას, საღვთო რისხვის ინსტრუმენტს _ წმ. ნინოს ლოცვის შედეგად დალეწილ კერპთა შემყურე ხალხი ამბობდა, ქალდეველთა ღმერთი ითრუჯანი (ატროშანი) და არმაზი მტრები არიან. არმაზმა ერთხელ მასზე ზღვა მოაქცია. აწ ითრუჯანმა შური იძია, სეტყვა მოავლინა და კერპები დაამსხვრიაო.
_ ხელმწიფობას ანუ ყოვლისმპყრობლობას _ დავით აღმაშენებლის ღვთისცხებულობის დასადასტურებლად გამოყენებულია ბიბლიური დავითის ანალოგია, რაც ილუსტრირდება ფრაგმენტით 88-ე ფსალმუნიდან: ,,დავსდვა ზღუასა ზედა ხელი მისი და მდინარეთა ზედა მარჯუენე მისი”, რაც თანამედროვე ქართულზე ასე ჟღერს: ,,ზღვას გადავაწვდენ მის ხელს და მდინარეებს _ მის მარჯვენას”.
_ წუთისოფელს, როგორც სააქაოს, საცთურთა და ამაოებათა ნავსაყუდელს _ დავით აღმაშენებელი ყოვლადშემკულია: ,,ესრეთ რა აღსავსე იყო ნავი უფასოთგან ტვირთთა სათნოებისათა, და არღარა შემძლებელ წარსვლად ღადირთა”. ამ ფრაგმენტიდან ერთი რამ ცხადია: დავითი ჰგავს სათნოების შეუფასებელი ტვირთით დატვირთულ (გვეპატიოს ტავტოლოგია! გ.ჯ.) ნავს. მეორე წინადადებაში ნახმარია სიტყვა ,,ღადირი”, რომელსაც სულხან-საბა განმარტავს, როგორც ,,ქედს გორაკათა წარზიდულს”. ნავი, რაგინდ სათნოებით არ იყოს დატვირთული, გორაკის ქედისკენ ვერაფრით წავა და მემატიანეც, ალბათ, არ იტყოდა, ,,არღარა შემძლებელ წარსვლად ღადირთაო”. ეს ისედაც ცხადია. იქნებ ,,ღადირში” იგულისხმება ,,ღადო”, რომელსაც ლექსიკოგრაფი ,,ზღვის ღელვის ნჩქრევად” ხსნის. თუ ეს ვარაუდი სიმართლესთან ახლოსაა, გასაგები ხდება, რომ დავითი სათნოებათაგან ისე სავსე იყო, რომ ზღვის ღელვა _ საცთური, ბოროტება… _ თავისკენ ვერაფრით მიიზიდავდა. ჩავინიშნოთ, რომ ზღვის ღელვა აქ უარყოფითი კონოტაციისაა და აღარ გაგვაკვირვებს მემატიანის შედარება: ბრძენი მეფე გონიერ მენავესა ჰგავს, რომელიც ისწრაფის დატვირთული ნავის ნავსადგურში შესაყვანად, ,,რათა არარა ევნოს სოფლისა ამის მღელვარისა ზღვისაგან”;
ვახუშტის აზრითაც, ადამიანს ცოდნა ,,მოაცურვებს ზღუასა ზედა და ახილვებს მას შინა სრულიადსა”.
_ სამეფოს _ დავითის ქველმა საქმეებმა აღავსეს ზღუა და ხმელი; თამარი პატრონია ხმელთა და ზღვისათა (,,პატრონმან ხმელთა და ზღვისამან…”)

ტექსტში გვხვდება ბიბლიური მეტაფორიკით ნასაზრდოები გამოთქმა ,,ქვიშა ზღვისა”. გავიხსენოთ, რას ეუბნება უფალი აბრაამს:
კურთხევით გაკურთხებ და გიმრავლებ შთამომავლობას ცის ვარსკვლავებივით და ზღვის ქვიშასავით! (დაბადება, XXII, 17).
ჩვენს ტექსტშიც ,,ქვიშა ზღვისა” სიმრავლეს აღნიშნავს: ოღონდ, მრავალნი თურქები არიან! ,,შეიმტკიცნეს სიმრავლითა ვითარცა ქვიშა ზღვისა, რომლითა აღივსო ქუეყანა…” (ქართლის ცხოვრება 1955:91-92; 324; 361; ბატონიშვილი ვახუშტი 1973:2; ქართლის ცხოვრება 1959:41)

ჩვენი ყურადღება მიიპყრო ქმედებამ, რომელიც ზღვას, უფრო ზუსტად, ,,ზღუაში შთაგდებას” ან ,,შთაგდებას სიღრმესა ზღუისასა” უკავშირდება. ამაზე, როგორც სასჯელზე, არაფერს ამბობს თვით ივანე ჯავახიშვილი თავის ქართული სამართლის ისტორიაში (ჯავახიშვილი 1982; ჯავახიშვილი 1984).
გვეჩვენება, რომ ,,ზღუაში შთაგდება” სწორედაც სასჯელი იყო და თანაც, არა მხოლოდ საერო, არამედ _ საეკლესიო მართლმსაჯულების თვალსაზრისით:
,,ქართლის ცხოვრება” გვიამბობს, რომ ბაგრატ ლეონის ძე, აფხაზთა მეფე, მოკლა ძმის, გიორგის ცოლმა: ,,ეცრუა იგი ივანე მთავარსა შავლიანსა, და შთააგდეს ბაგრატ ზღვასა” (ქართლის ცხოვრება 1955:258). გასათვალისწინებელია, რომ შემდეგი წინადადების _
,,ხოლო ღმერთმან განარინა იგი, და მიიწია ქალაქად კონსტანტინეპოლედ…” _ კომენტირებისას პროფესორი თ. ბერაძე ვარაუდობს, ბაგრატს ხომალდი წამოეწია, იმით წავიდა, და საეჭვოა, ეს უცხო ქვეყნის საზღვაო ნავი ყოფილიყოსო (ბერაძე 1981:69).
,,ზღუაში შთაგდება” რომ სასჯელი იყო, ამტკიცებს ჟამთააღმწერელი, რომელიც გვიამბობს დავით ლაშა-გიორგის ძისთვის ცილისდაწამებაზე: მამიდამისმა, რუსუდან მეფემ სიძეს მისწერა, შენი ცოლი და მისი ბიძაშვილი (დავითი) ,,თანაეყოფიანო”. რუმის სულტანმა დავითი ასე დასაჯა:
,,მოუწოდა მენავეთ-მოძღუარსა… და ამცნო, რათა წარიყვანონ ზღუად და შთააგდონ სიღრმესა ზღვისასა” (ქართლის ცხოვრება 1959:200).
საფიქრებელია, რომ ,,ზღუათა შთაგდება” ერთ ყველაზე სასტიკ შურისგებათაგანი გახლდათ _ ჩვენს შემთხვევაში, ეს ცოლ-ქმრული ღალატის სწორფერი სასჯელია.
რატომ ვფიქრობთ, რომ ,,ზღუაში შთაგდება” სასჯელია და არა მხოლოდ _ გულგასასტიკებული ,,კონკურენტის” შურისძიება?
,,დასჯილი” _ უფლისწული დავითი _ ლოცულობს. თავის ხვედრს ,,უმსჯავრო სიკვდილს” უწოდებს. მას ვერ განსჯის ვერც საერო ინსტანცია, ვერც _ საეკლესიო. მიწაში ვერ დაიმარხება, მისი საფლავი არავის ეცოდინება, თევზნი და ,,ჰაერის მცველნი” (ეშმაური ძალები) (იხ. რ. ლაბაძე, ,, ცოდვა და შიში შუა საუკუნეებში” (ქართული მენტალური მოდელის ორი ასპექტი), თბ., 2006) ადვილად დაეუფლებიან (ქართლის ცხოვრება 1959:201). ვაჭარმაც კი, რომელმაც სიკვდილისგან იხსნა, ,,იწყო კითხვად… მიზეზი შთაგდებისა მისისა ზღუად”. ბუნებრივია, ვაჭარს აინტერესებდეს ამ უკიდურესი სისასტიკით გამოტანილი განაჩენის მიზეზი.
საინტერესოა, რომ თვით დავითს აღელვებს არა იმდენად გარდაუვალი აღსასრული, რამდენადაც ის, რომ იგი სწორედ ზღვაში შეეყრება არყოფნას. საერო თვალსაზრისით, თავის გამართლების საშუალება არ მიეცემა, საეკლესიოთი კი _ მოხსენიებისა: აქ თევზნიცა და ჰაერის მცველნიც იმ ნეგატიურ ძალთა სიმბოლოებია, რომელნიც მას სულზე ზრუნვის საშუალებას წარტაცებენ.
ქართულ შუასაუკუნეობრივ ნარატივში (,,ქართლის ცხოვრება”) ჩანს, რომ ქართველებისათვის ზღვა, მისი პრაგმატიკა, უცხოა. ცხადია, უნდა გავითვალისწინოთ, რომ პოლიტიკურ ჰეგემონიას (ბიზანტია, თურქეთი, ისევ ბიზანტია, ისევ თურქეთი…, გ.ჯ.) თავისი მოაქვს, მაგრამ უფრო ღრმა, უფრო უცვლელი და უფრო იდუმალი მენტალური სტრუქტურებია, რომლებიც ხანდახან თუ ავლენენ თავს. ვფიქრობთ, ჩვენ ,,შევესწარით” ამ იშვიათ პროცესს. ამ ,,გათქმად”, ,,შემთხვევით წამოცდენად” მიგვაჩნია უნებლიე დასტური, რომ ზღვა ბერძნების ასპარეზია. ისინი აქ ლაღად და დაცულად გრძნობენ თავს. ბერძნებისთვის ნიშანდობლივია ,,სიმარჯუე ზღუათა შინა ნავებითა” (ქართლის ცხოვრება 1955:170).
ბერძნებს ჰქვიათ ,,სპანი იგი ზღვისანი”, აქვთ ხუთასი დრომონი (ბიზანტიური ნავი, პოპულარული VI-დან XII ს-მდე), ,,რომელსა შინა ისხდეს ხუთას-ხუთასი კაცი” (იქვე 171).
ვახტანგ გორგასალი ბერძნებთან მებრძოლ მოკავშირეებს _ სპარსებს ეუბნება:
,,აწ მეშინის, ნუ უკვე სპანი ნავებითა მოვიდენ, შეიპყრან გზა ჩუენი და მოგუწყვიდნენ ჩუენ, ვითარცა ბაკსა შინა, არამედ აღვდგეთ აქათ და დავიბანაკოთ ზღუასა სამხრით კერძო, რათა გუაქუნდეს ჩუენ გზა ჭირისა და ლხინისა” (ქართლის ცხოვრება 1955:170).
ამ ფრაგმენტში ჩანს, რომ ქართველ მეფეს აშინებს ბერძენთა საბრძოლო ნავებითა და გაწაფული ზღვაოსნებით შეპირობებული ძლიერება საზღვაო არენაზე. ზღვის სამხრეთით დაბანაკება ქართველ-სპარსელთა ლაშქარს ალტერნატივას (,,გზა ჭირისა და ლხინისა”) უტოვებს: ან ბრძოლაში მოკვდეს, ან გამარჯვებული გაეცალოს ბრძოლის ველს. ხოლო ზღვაზე შებმამ შეიძლება არა მხოლოდ მოკავშირეთა ლაშქრის უუნარობა გამოავლინოს, არამედ ამ ალტერნატივასაც კი დაემუქროს: ზღვაში სიკვდილი სულს უპატრონობას უქადის.
შემდეგ ეპიზოდში ვახტანგის მიერ ოტებული ბერძნები ზღვის პირს მიამწყვდიეს და ამოხოცეს. მხოლოდ ისინი გადარჩნენ, ,,რომელი შეესწრა ზღუად და ივლტოდა ნავითა”.
(ქართლის ცხოვრება 1955:176). არა მგონია, ძნელი შესამჩნევი იყოს, რომ ტექსტი პირდაპირ გვეუბნება: გარდაუვალი სიკვდილისაგან ბერძნები მხოლოდ ზღვაში ,,შესწრებამ” და ნავებზე ,,ამხედრებამ” იხსნაო.

ქართველები თითქოს პროვანსულ ანდაზას ამართლებენ: ,,განადიდე ზღვა და იცხოვრე ხმელეთზე!”. თითქოს ზღვასაც მას უთმობენ, ვისაც ხმელეთი დაუმონებია. ბერძენ, ასევე, სხვა ავტორთა ცნობების თანახმად, შავი ზღვა არასტუმართმოყვარედ სახელიდებოდა, მასზე ნაოსნობა დიდ სიძნელეებს უკავშირდებოდა, ირგვლივ ველური ტომები სახლობდნენ, თურქები ,,ყარადენგისს” _ გიჟ ზღვას ეძახდნენ _ აქ პირდაპირი მნიშვნელობით ნახმარი ,,ყარა” (,,შავი”) საფიხათოს, ულმობლის, საშინელის კონოტაციებსაც ითავსებდა (ბერაძე 1981:3-10); ნავიგაციის თვალსაზრისით, უნდო და სახიფათო წყალს, ასევე _ ბარბაროს ტომებს, ზედ ერთვოდა მძლავრი მთები, ზღვას სამხრეთით და აღმოსავლეთით რომ შემოსჯაროდა; მარბიელი ლაშქრობების საფრთხე; შავ ზღვაზე ხომალდების აყირავების არა ერთი შემთხვევა; ხშირი შტორმი და ნისლი… 1575 წლის ოქტომბერში ქარიშხლის გამო ჩაძირული ხორბლით დატვირთული ასობით პატარა გემი; XVI ს. ბოლოს შავი ზღვის ჩაკეტვა დასავლეთისათვის, ყოველ შემთხვევაში _ საწყლოსნო გზის თვალსაზრისით მაინც. როგორც ჩანს, სახმელეთო გზები უფრო უსაფრთხოდ მიიჩნეოდა (ბროდელი 2002:152-154; ბერაძე 1981:10). შავ ზღვაზე ,,ზამთარი” უკვე 1 ოქტომბერს იწყებოდა და 1 აპრილამდე გრძელდებოდა. XIII-XV სს-ში წელიწადის ამ მონაკვეთში იტალიელები თავიანთ ხომალდებს აქ ცურვას უკრძალავდნენ (ბერაძე 19811: 162)…
ყოველივე ამან, შესაძლოა, შვას დასკვნა, რომ ქართველთა ზღვისადმი გაუცხოება კლიმატურ-პოლიტიკური მიზეზებით იყო შეპირობებული, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სიმბოლურ განაზრებებს, კოლექტიურ წარმოდგენებსა და შეხედულებებს გავითვალისწინებთ. ხშირად სწორედ ეს მიდგომები განაპირობებს მენტალიტეტის რაგვარობას.
ზღვა ქვენა ინსტინქტების საუფლოა _ არაცნობიერი ნეგატიური სიღრმეები, დაცემული ყოფა, ჟამიერება, წარმავლობა, სინოტივის ქალური პრინციპი… სულის სიკვდილი წყალს შობს; სინოტივე სულებს აქრობს; სულის სიკვდილი სინოტივეა… (მიხაილოვა, ჩანიშევი 1966), წყალი სულის სიკვდილია და ა.შ. (გლაგოლევი 1909:220).
ბიბლიაში ზღვა ისაა, რაც სამყაროს შექმნის შემდეგ პრამატერიისაგან გადარჩა. მას არა აქვს ფორმა და სახე, უსაზღვროა, მშფოთარი და მღელვარე. თვით იაჰვე ამბობს:
,,ვინ ჩაუკეტა ზღვას კარიბჭენი, როცა საშოდან ამოხეთქა, როცა ნისლი მივეცი სამოსელად და წყვდიადი _ სახვევებად, როცა დავუდგინე ჩემი წესი და დავუტანე ურდული და კარიბჭენი _ და ვთქვი, აქამდე მოდი, იქით აღარ, აქ შეწყდეს შენი ტალღების აზვირთება-მეთქი?” (იობი, 38, 8-11).
ზღვა ღვთის რისხვის ინსტრუმენტიცაა:
,,აჰა, მოდიდდება წყალი ჩრდილოეთიდან და გადაიქცევა წამლეკავ ნიაღვრად. წალეკავს ქვეყანას…(იერემია, 47, 2).
ბიბლიაში წყლის წიაღში ყოფნა წამებას ნიშნავს. წყალში ჩაშვება იყო თავდაპირველ მდგომარეობასთან დაბრუნება, სიკვდილი და განადგურება. დევიდ სნოუქიც ადასტურებს, რომ ძველი ებრაელები ზღვას ბოროტების სიმბოლოდ მიიჩნევდნენ (სნოუქი 2006:203):
,,ბოროტეულნი აღელვებულ ზღვას ჰგვანან, რომელიც ვერ წყნარდება და მისი ტალღები ისვრიან ლაფსა და ტალახს” (ესაია, 57, 20;).
ზღვა ,,ვეფხისტყაოსანშიც” სულის დასალიერია. დავარი ასე მიმართავს ნესტანის გამტაცებელ მონებს:
,,წადით, დაჰკარგეთ მუნ, სადა ზღვისა ჭიპია, წმიდისა წყლისა ვერ ნახოს მყინვარე, ვერცა ლიპია” _ მაშ, ზღვა არ არის წმინდა წყალი, შესაქმისეული წყალი _ სულიწმიდასთან დაკავშირებული, წყალი, რომელზეც ,,იქცეოდა სული ღვთისა” (დაბადება 1,2). ზღვა ამის საპირისპირო წყალია (გამსახურდია 1991:277-278).
მაგრამ როგორ ავხსნათ ის რამდენიმე რეციდივი, რომლებიც თითქოს შუა საუკუნეთა საქართველოში საზღვაოსნო კულტურის არსებობას ადასტურებს?
ვგულისხმობთ ამგვარ კომენტარებს:
ვარანგები შავი ზღვითა და შემდეგ მდ. რიონით გამოვიდნენ ბაშამდე _ მნიშვნელოვან პუნქტამდე რიონის სანაოსნო მაგისტრალზე (მეტრეველი 1986:52).
გაძევებულ გიორგი რუსს აქაური, ადგილობრივი ნავით უნდა ეშველა თავისთვის (ბერაძე 1981:70).
XII ს-დან ქართველები ვაჭრობენ ბიზანტიაში (ბერაძე 1981:170).
XII ს-ში საქართველოს საზღვაო ურთიერთობა ჰქონდა კიევის რუსეთთან: საქართველოს მეფის ასული კიევის რუსეთში თითქოს ხომალდით გამგზავრებულიყოს (ბერაძე 1981:171-172).
საქართველოდან ნივთები შავი ზღვით, შემდეგ კი _ სამდინარო მაგისტრალით ბალტიისპირეთშიც უნდა მოხვედრილიყო (ბერაძე 1981:172-173).
ზღვით გააძევეს ,,მაკედონიას საბერძნეთისასა” ხუთი ძმა კახაბერიძე.
XI ს. II ნახევრიდან წინა აზიაში თურქ-სელჯუკები გაბატონდნენ და ჩვენი ქვეყნიდან ბიზანტიაში მიმავალი სახმელეთო გზები გადაკეტეს. ამის შემდეგ აღმოსავლეთ საქართველოს მცხოვრებნიც კონსტანტინოპოლში ზღვით მიდიოდნენ. ზღვით ბიზანტიაში გასახლება ჩვეულებრივი ამბავი იყო (ბერაძე 1981:167-168).

ჩვენ მიერ მოყვანილ კომენტართაგან ბევრი ისეთია, რომლებიც სწორედ ,,ქართლის ცხოვრების” სათანადო ეპიზოდებს მიემართება: ამიტომაც მათ შევეხებით და პირდაპირ ვიტყვით, რომ საქმე გვაქვს მხოლოდ თამამ ვარაუდებთან.
ტექსტის არც ერთ ეპიზოდში, რომელთაც ზემომოხმობილი კომენტარები ერთვის, არსად წერია, რომ ქართველები ზღვით _ ნავით, კატარღით თუ სხვა რაიმე საშუალებით _ გადაადგილდებოდნენ. ვარაუდები გამოთქმულია იმ ალბათობით, რომ ისტორიული პერსონაჟები უბრალოდ სხვაგვარად ვერ მოიქცეოდნენ!
ისტორია ვერსიათა დამუშავების მეცნიერებაა და ცხადია, მეტ-ნაკლებად ყველა არგუმენტირებულ ვერსიას აქვს არსებობის უფლება, მაგრამ მაინც ცალკე აღსანიშნად გვეჩვენება ის გარემოება, რომ პირდაპირ _ უთუოდ და უთუმცაოდ _ ზღვაოსნობით ქართველთა გატაცების ამბავს ჩვენი საკვლევი ნარატივის არც ერთი ფურცელი არ მოგვითხრობს.
ბუნებრივია, დაისმის კითხვები:
არსებობს თუ არა წყარო, რომელიც საპირისპიროს ამტკიცებს?
გვაქვს თუ არა ნარატივი, რომლის შესწავლის შედეგად შესაძლებელი გამხდარიყო იმ შეხედულების დამკვიდრება თუ არა, გავრცელება მაინც, რომ ქართველობა და საზღვაოსნო კულტურა განუყოფელნი იყვნენ და მხოლოდ მტრულად განწყობილ სახელმწიფოთა პოლიტიკურმა ჰეგემონიამ ჩაკეტა ქართული საზღვაო გზა?
დიახ, არსებობს. ძირითადად, ეს გახლავთ ბერძნულენოვან ავტორთა ცნობები საქართველოზე, რომელნიც გვიამბობენ დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მკვიდრთა საზღვაო აქტივობაზე. ასევე ჩვენს ხელთაა არქეოლოგიურ მინაკვლევთა საფუძველზე გამოთქმული ვარაუდები.
კერძოდ:
არქეოლოგიური მონაცემებით ივარაუდება, რომ ბიჭვინთაში, სოხუმში, წებელდაში, ქობულეთში, გონიოში აღმოჩენილი ნივთების ნაწილი იმპორტულია და ზღვით უნდა მოხვედრილიყო ჩვენს ქალაქებში.
ეგრისის სამეფოსა და რომის აღმოსავლეთი პროვინციების სავაჭრო ურთიერთობებზე მეტყველებს რომის საგზაო რუკა (თაბულა Pეუტინგერიანა), შედგენილი IV ს. II ნახევარში გეოგრაფოს კასტორიოსის მიერ, რომელზეც აღნიშნულია დას. საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი სავაჭრო გზები. ერთი მათგანი მიემართებოდა ზღვის სამხრეთ და აღმოსავლეთ სანაპიროთა გასწვრივ და სოხუმამდე აღწევდა. სავაჭრო მაგისტრალი სამხრეთით უხვევდა, ლაზიკის შიდა ოლქებს გადალახავდა, სომხეთამდე მიდიოდა და ქალაქ არტაშატით (ერევნის სამხრეთ-აღმოსავლეთით 20-30 კმ-თი დაცილებული ქალაქი, გ.ჯ.) სრულდებოდა. სიმონ ჯანაშიას შენიშვნისამებრ, იმთავითვე ცხადი იყო, რომ გზას სებასტოპოლისიდან ჩრდილო კავკასიამდე უნდა მიეღწია. VII ს. ანონიმი გეოგრაფოსი ამ გზას მართლაც არ წყვეტდა სებასტოპოლისში და ტამანის ნახევარკუნძულამდე მიჰყავდა. ასე იყო თუ ისე, კასტორიუსის რუკაზე ბოლო ქართული პუნქტი სებასტოპოლისი გახლდათ, რაც უნდა აიხსნას ჩრდილო შავიზღვისპირეთთან ურთიერთობის განელებით.
ბევრი თქმულა დას. საქართველოში ბიზანტიის კულტურულ ექსპანსიაზეც (ნარკვევები 1988:121-137).
ბიზანტიის იმპერატორ ტიბერიუსის 575 წლის ,,ნოველის” თანახმად, ლაზეთს საზღვაო ბეგარა ედო: ბიზანტიისთვის ნავების მიწოდება ევალებოდა. საფიქრებელია, რომ ლაზები თავიანთი ხომალდებითა და კატარღებით იბრძოლებდნენ ბიზანტიელთა მხარდამხარ.
ზოსიმეს (VIს.) თანახმად, ბიჭვინთას ჰქონდა კარგად მოწყობილი ნავსადგური. სკვითებმა ბიჭვინთის აღებისას იშოვეს დიდი ოდენობით ხომალდები და გამოიყენეს ნიჩბოსანი ტყვეები. აქედან ზღვით წავიდნენ ტრაპეზუნტში (გეორგიკა 1961:268-269).
Vს. ანონიმის თანახმად, დასავლეთ საქართველოში არსებობს გზა ნავებისათვის.
შავი ზღვის წყალი მტკნარია. ზღვის სანაპიროს მცხოვრებლები ნახირს იქ ჩარეკავენ და არწყულებენ. აფსაროსამდე ზღვით მოდიან. ბიზანტიონიდან დიოსკურიისაკენ მიმავალ საზღვაო გზაზე პირველი ნავსაყუდელი პიტიუნტშია. სებასტოპოლისში ხომალდების საყუდელია. დასახელებულია რიზეს ნავსადგურიც. ანონიმის თქმით, სოფ. ათინაში არის მისადგომი ხომალდებისათვის, რომელსაც წლის შესაფერის დროს (ზაფხულში) რამდენიმე ხომალდის მიღება და ქარისაგან დაფარვა შეუძლია.
იუსტინიანე კეისრის (527-565) ,,ნოველების” თანახმად, პეტრა (ციხისძირი) მნიშვნელოვანი საზღვაო პუნქტია. ეს გახლავთ ზღვის კარი, რომლის დაუფლებასაც ცდილობდნენ სპარსები.
პროკოპი კესარიელის თანახმად (VI ს.), ლაზები მუდამ ეწეოდნენ საზღვაო ვაჭრობას პონტოში მცხოვრებ რომაელებთან. მარილი, ხორბალი, ღვინო ლაზეთში ნავებით შემოაქვთ რომაელთა სანაპიროებიდან ტყავისა და მონების სანაცვლოდ.
სპარსეთის შაჰმა ლაზეთში გაგზავნა უამრავი ხე-ტყე ხომალდთა ასაგებად.
ლაზები Yთავიანთი მსუბუქი ხომალდებით მიაცილებენ ერთი მეფის მეორე მეფესთან მიმავალ გზირებს (გეორგიკა 1965:3-125).
VI ს. I ნახევარში, როცა ეგრისის ელჩებმა ირანელებს ბიზანტიის წინააღმდეგ ერთობლივი გამოსვლა შესთავაზეს, პირველ რიგში, დასავლეთ საქართველოდან კონსტანტინოპოლამდე საზღვაო ლაშქრობის მოწყობის შესაძლებლობით მოიწონეს თავი და სპარსებს ხომალდების აგება შესთავაზეს (ბერაძე 1981:165).
აგათია სქოლასტიკოსის აზრით (VIს.), აწინდელი ლაზები დაცურავენ, რამდენადაც შესაძლებელია და ვაჭრობაშიც ნახულობენ სარგებელს.
იოანე ლიბიელს კოლხეთში რაღაც მანქანებით შეუძენია სატვირთო ხომალდები.
მენანდრე პროტიქტორის (VIს.) თანახმად, 568 წ. ირანელები ცდილობდნენ სოგდიანას აბრეშუმის კონსტანტინოპოლში გატანას. მისულან შავ ზღვამდე, მერე ნავებით გადასულან ფოთამდე და შემდეგ _ ტრაპეზუნტში (გეორგიკა 1936: 51-207)
თეოფანე ჟამთააღმწერლის (VIII-IX სს.) ცნობის თანახმად, 717 წ. ბიზანტიის მომავალი იმპერატორი ლეონ ისავრიელი ადგილობრივი საზღვაო ნავით დასავლეთ საქართველოს ნაპირებიდან წავიდა კონსტანტინოპოლისაკენ.
XI ს-დან ევროპული ქვეყნები _ ვენეცია და გენუა _ ცდილობდნენ ბიზანტიის ხელისუფლებისაგან შავ ზღვაში გასვლის უფლების მოპოვებას, მაგრამ უცნობია, ჰქონდათ თუ არა მათ პირდაპირი საზღვაო ურთიერთობა საქართველოს ნავსადგურებთან (ბერაძე 1981:172-173).
ნიკიტა ხონიატეს (XIIს.) ცნობით, ფოთი სავაჭრო ქალაქი იყო (გეორგიკა 1966:132-133).
გიორგი ფრანძესი (XVს.) ასახელებს იბერიულ ნავს, რომლითაც ეფრემ ბერს იბერიამდე მიუღწევია. მასვე უნახავს ინდოეთიდან მომავალი სანელებლებით დატვირთული ნავები, რომელთაგან ზოგიერთი, ალბათ, იბერიაში მიდიოდა. (გეორგიკა 1970:53).
1474 წ. ივლისში სპარსეთში ვენეციის ელჩი ამბროსიო კონტარინი იხსენებს ქართულ ნავ ბარკას, რომელმაც ის ფოთამდე მიიყვანა. ეს უნდა ყოფილიყო მცირე ერთაფრიანი კატარღა, რომელსაც ბარგიანად 35 მგზავრი გადაჰყავდა. ასეთი ნავების ეკიპაჟი კაპიტნისა და 6 მეზღვაურისაგან შედგებოდა.
ხომალდები კონსტანტინოპოლსა და საქართველოს ნავსადგურებს შორის პირდაპირ, სხვა ნავსადგურებში შეუსვლელად ცურავდნენ (ბერაძე 1981:68-166).
ამ ფრაგმენტებზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ IV_XV სს. დასავლეთ და სამხრეთ- დასავლეთ საქართველოს მკვიდრთათვის უცხო არც საკუთარი ფლოტის ყოლაა, არც საზღვაო-სანაოსნო გზების ქონა და არც ვაჭრობაში გაწაფვა.
თუმც, ამ იდილიას მაინც ამღვრევს რამდენიმე დეტალი ამავე ნარატიული კორპუსიდან:
VI საუკუნის ისტორიკოს პრისკე პანიონელის ცნობის თანახმად,
ლაზები ფიქრობდნენ, რომ ზღვით შეუძლებელი იყო ცურვა ძნელადსავალი ადგილების გასწვრივ, რადგან კოლხიდა უნავსადგურო იყო (გეორგიკა 1961:254).
აღსანიშნავია, რომ ზემოთ მითითებული ზოგი ქართველი მეცნიერიცა და, ასევე, საქართველოს ისტორიის ნარკვევების ავტორთა კოლექტივიც, როგორც წესი, არასრულად ციტირებენ VI საუკუნის ისტორიკოს აგათია სქოლასტიკოსის გამონათქვამს. სრული ვარიანტი ასე ჟღერს:
,,წინანდელ მცხოვრებლებს ლაზიკისას სრულიად არ სცოდნიათ ზღვის დადებითი თვისებები, ხომალდის სახელი არგოს მოსვლამდე არ გაეგონათ… აწინდელნი კი დაცურავენ, რამდენადაც ეს შესაძლებელია და ვაჭრობაში ნახულობენ დიდ სარგებლობას” (გეორგიკა 1936: 51).
XII საუკუნის ისტორიკოსი ნიკეტა ხონიატე მოგვითხრობს, რომ ალექსი III ანგელოსის (1195-1203) დროს შავ ზღვაზე მეკობრეები თარეშობდნენ და სავაჭრო ხომალდებს ძარცვავდნენ (გეორგიკა 1966:132-133)
XV საუკუნის ისტორიკოსი ლაონიკე ხალკოკონდილე ამბობს, რომ იოანე ალექსის ძე ტრაპიზონელი კაფაში წასულა, ,,ეძებდა იქ ვინმეს, ნავის მქონეს”. ისე ჩანს, ნავის მქონენი ბევრნი არ ყოფილან და ბოლოს, ვიღაც გენუელს აღმოსჩენია დიდი ნავი (გეორგიკა 1970:95).
ამ მცირე, თანაც გამონაკლის ფრაგმენტთა საფუძველზე, ცხადია, ძნელია არგუმენტირებული ვარაუდების გამოთქმა, მაგრამ მაინც გვეჩვენება, რომ ის, რაც ციტირებისას გამოტოვებულია, თავისთავად საგულისხმებელი სულაც არ არის.

დასკვნები

• ჩვენი საკვლევი ტექსტისთვის (,,ქართლის ცხოვრება” IV-XV სს.) საკუთრივ ზღვა, როგორც ასეთი, უცხო არ არის, მაგრამ ტექსტი სრულიად არაფერს ამბობს ზღვის ან ზღვისპირა სამყაროს რაიმენაირ პრაგმატიკაზე. ამის მიზეზი, უწინარესად, მენტალური გაუცხოებაა: ნარატივი იწერება აღმოსავლეთ საქართველოში აღმოსავლელი ქართველის (ქართველების) მიერ, რომლისთვისაც შორია და ამდენად, უცხოცაა ზღვა და მისი სპეციფიკა. აღმოსავლეთ საქართველოს მკვიდრის მენტალობაში ზღვა, ძირითადად, უკავშირდება ,,ბერძნებს”, ,,საზღვარს”, რომელსაც ბერძნები გვიწესებენ და ა.შ.; უნდა ვიფიქროთ, რომ ჯერჯერობით მაინც ზღვა ქვენა ინსტინქტების საუფლოდ, ეშმაურ ძალთა სამყოფლად აღიქმება, ამიტომაც განსაკუთრებულ დამთრგუნველობას იძენს სასჯელი _ ,,ზღვაში შთაგდება”. მართალია, ქართველებმა იციან ზღვასა და ზღვაოსნობასთან დაკავშირებული ტერმინები, მაგრამ მათ მხოლოდ მეტაფორულად თუ იყენებენ. გავხაზავთ, ასეთია აღმოსავლელი ქართველის _ ,,ქართლის ცხოვრების” ,,ავტორის” _ მენტალობა.
• ცხადია, ზემოთქმულს ერთვის პოლიტიკური, გეოგრაფიული, კლიმატური მიზეზები, რომელთა გამოც ქართველს ხმელი ურჩევნია ზღვას.
• სხვა სურათს ვხედავთ დასავლეთ საქართველოში. შეგვეძლო ამ ცნობებისთვის ,,დასავლურქართული ისტორიული ნარატივიც გვეწოდებინა”, მაგრამ მათი შემქმნელები არიან არა ქართველები, არამედ _ ბერძნები. მათ ცნობებში არ ჩანს და არც უნდა ჩანდეს ქართველთა მიერ აღქმული სამყაროს სურათი.
• შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ინტერნეტსივრცეში წარმოჩენილი ორი თვალსაზრისი არა ურთიერთსაწინააღმდეგო, არამედ ურთიერთსრულმყოფია. მათ საფუძვლად უდევთ ორი განსხვავებული ნარატივი, მაგრამ ერთი მენტალიტეტი: აქ ბერძნულ წყაროთა კორპუსი, ასე რომ ვთქვათ, ქართველისთვის უნაყოფო ტექსტად რჩება.

დაბოლოს:
თუ ქართველის მენტალობაში ზღვა ისევ ზღვრად დარჩა, მისი გადალახვა შეუძლებელი იქნება რეალობაშიც.

ლიტერატურა:

ლორთქიფანიძე 1995: გ. ლორთქიფანიძე, ფიქრები საქართველოზე, თბილისი, 1995
მამარდაშვილი 1992: მ. მამარდაშვილი, საუბრები ფილოსოფიაზე, თბილისი, 1992
ბროდელი 2002: Бродель Ф. Средиземное море и средиземноморский мир в эпоху Филиппа II, ч. I, Роль среды, Москва, 2002
ბერაძე 1981: თ. ბერაძე, ზღვაოსნობა ძველ საქართველოში, თბილისი, 1981
ბერაძე, სანაძე 2003: თ. ბერაძე, მ. სანაძე, საქართველოს ისტორია, წ.1, ანტიკური ხანა და შუა საუკუნეები, თბილისი, 2003
ბატონიშვილი ვახუშტი 1973: ბატონიშვილი ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, ქართლის ცხოვრება, ტ. IV, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, თბილისი, 1973
გეორგიკა 1965: გეორგიკა, ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტ.II, ტექსტები ქართული თარგმანითურთ გამოსცეს და განმარტებები დაურთეს ალ. გამყრელიძემ და ს. ყაუხჩიშვილმა, თბილისი, 1965
ქართლის ცხოვრება 1955: ქართლის ცხოვრება, ტ. I, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, თბილისი, 1955
ქართლის ცხოვრება 1959: ქართლის ცხოვრება, ტ. II, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, თბილისი, 1959
ჯავახიშვილი 1983: ი. ჯავახიშვილი, თხზულებანი 12 ტომად, ტ.II, თბილისი, 1983
ჯავახიშვილი 1982: ი. ჯავახიშვილი, თხზულებანი 12 ტომად, ტ.VI, თბილისი, 1982
ჯავახიშვილი 1984: ი. ჯავახიშვილი, თხზულებანი 12 ტომად, ტ. VII, თბილისი, 1984
მიხაილოვა, ჩანიშევი 1966: Э. Н. Михайлова, А. Н. Чанышев, Ионийская философия, Москва, 1966
გლაგოლევი 1909: С. Глаголев. Греческая религия. Сергиев Посад, 1909, т. I
სნოუქი 2006: Dავიდ შნოკე, Bიბლიცალ ჩასე ფორ ან Oლდ Eარტჰ, Bაკერბოოკს, Gრანდ ღაპიდს, Mიცჰიგან, 2006
გამსახურდია 1991: ზ. გამსახურდია, ვეფხისტყაოსნის სახისმეტყველება, თბილისი, 1991
მეტრეველი 1986: რ. მეტრეველი, დავით IV აღმაშენებელი, ეპოქის სოციალურ-პოლიტიკურ-კულტურული ისტორიის მიმოხილვა, თბილისი, 1986
ნარკვევები 1988: Очерки истории Грузии, т. II, Грузия в IV-X вв, Тбилиси, 1988

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s