მალხაზ ხარბედია _ ცინიკური სიბრძნე (მელანქოლიის გზამკვლევი)


Field Guide to Melancholy
by Jacky Bowring

ჯეკი ბაურინგი

მელანქოლიამ შეიძლება სისტემის სრულ ეფემერიზაციამდე და ნებისმიერი სოციალური ინსტიტუტის უარყოფამდე მიგვიყვანოს, და ეს იქნება საუკეთესო გამოსავალი თანამედროვე საქართველოში.

ბესიკ ხარანაულს აქვს ასეთი სტრიქონები: „რაც მოიწყინე, მას თავიდან ვეღარ მოიწყენ და ახალი მოსაწყენი უნდა ე ძიო, ერთ მოწყენაში ორჯერ ვერ შეხვალ…“. 200-ზე მეტი წლის წინ კიდევ ერთმა ბესიკმა დაწერა: „სევდის ბაღს შეველ შენაღონები: მოკრეფად მსურდა ვარდის კონები“. ასეთი მაგალითების მოყვანა ქართული სიტყვიერებიდან უსასრულოდ შეიძლება, რაც ჯეკი ბაურინგის იდეას ადასტურებს იმის თაობაზე, რომ სევდა ყველა ენაზე სრულყოფილად გამოიხატება და მისთვისაღმოსავლეთ-დასავლეთისა თუ სხვა კულტურული ცნებები სულერთია.

სევდა, მელანქოლია უნივერსალური მოვლენაა. ყველა ერთია, ფრანგული ennui და გერმანული Weltschmerz, ჩინელების bei qiu და იაპონელთა kanashii, პორტუგალიური saudade და რუსული тоска, ესპანური duende და თურქული hьzьn.

ქართულ ენაშიც მრავალნაირად გამოიხატება მელანქოლია: მოწყენილობა, ჭმუნვა, ნაღველი, სევდა… ცოტა სხვა რამეს ნიშნავს დარდი და მწუხარება, ასევე ჯავრი, უგუნებობა, დაღრეჯილობა, ურვა და დაღონება, თუმცა ეს სიტყვები მაინც მელანქოლიის იმ დიდ სიტყვიერ წრეში თავსდება, რომელიც ადამიანის ფსიქიკურ მდგომარეობასაც გამოხატავს და კულტურულსაც.

თანამედროვე ფსიქიატრები ამ მოვლენას პათოლოგიურ დანაკლისს (abnormal bereavement) უწოდებენ, ან ფსიქოტურ დეპრესიას (psychotic depression), და ეს ცნებები, ჯეკი ბაურინგის აზრით, ძალიან მოუქნელია იმისთვის, რათა „ადამიანური არსებობის უმდიდრესი განზომილება“ გამოხატოს და მართლაც, შეუძლებელია ამ ორმა მუშა ტერმინმა თუნდაც ერთი წახნაგი მოიცვას იმ ნაყოფიერი მდგომარეობისა, რომელსაც სევდა ჰქვია. ჯეკი ბაურინგი მელანქოლიის ნამდვილი ადვოკატია, იგი უარს ამბობს ამ სიმდიდრის მედიკალიზაციაზე და მკვეთრად აცალკევებს მას დეპრესიისგან. იგი არ ითვალისწინებს მელანქოლიისა და გლოვის ფროიდისეულ ოპოზიციას, სადაც მელანქოლია გაიგებოდა, როგორც რაღაც სტატიკური მდგომარეობა, რომელიც ნებისმიერი განვითარების ბლოკირებას ახდენდა. პირიქით, მელანქოლია ამ წიგნში კრეატივს უტოლდება, იგი შთაგონების წყაროა, წინსვლის საწინდარი. ავტორი, რომელიც, უკვე რამდენიმე წელიწადია ბაღებზე, პეიზაჟის არქიტექტურაზე და მოგონებათა სურნელებზე წერს, „მელანქოლიას“ ჩაუღრმავდა და მთელი წიგნი დაწერა ამ სულიერ მდგომარეობაზე. აქამდე, როცა საუბარი მელანქოლიაზე ჩამოვარდებოდა, ყველა, როგორც წესი, XVII საუკუნის ერთი ბეჯითი ინგლისელის, რობერტ ბარტონის გიგანტურ ნაშრომს, 1500 გვერდიან The Anatomy of Melancholy-ს იხსენებდა ხოლმე. ახლა კი უკვე 240-გვერდიანი, ლაკონური, მოქნილი და თანამედროვე კვლევა გვაქვს, სადაც პლინიუსის გაქანების მქონე სწავლულის ნაცვლად, ახალგაზრდა მეცნიერი გვესაუბრება თანამედროვეობაზე.

ბევრს შეიძლება, გაუკვირდეს, რამ განაპირობა ჩემი ეს არჩევანი. ჩემი აზრით, დღეს სწორედ მელანქოლიის დეფიციტი იგრძნობა ჩვენს მედიატერორისტულ ქვეყანაში. დღეს, როცა, ერთი მხრივ, სწორხაზოვნება და რკინის მიზანმიმართულება მეფობს, მეორე მხარეს კი, დეპრესიითა და შიშით დაუძლურებული ადამიანები დგანან, მელანქოლია ერთ-ერთ ყველაზე ნათელ მდგომარეობად რჩება, რომელიც შეანელებდა დროის მსვლელობას და მოგვცემდა საგნებში შეღწევის საშუალებას. სევდა ახალისებს წარმოსახვას და სხვა კუთხით გვანახებს ყველაფერს, რაც ირგვლივ ხდება, იგი ისტორიასაც ახლებურად გვაკითხებს.

ფლობერს უთქვამს თავის „სალამბოზე“: „ცოტა ვინმე თუ ხვდება, რამხელა სევდა დამჭირდა, რათა კართაგენი აღმედგინა“-ო. მის გარ და, კიდევ ძალიან ბევრი ხელოვანი შეიძლება ჩამოვთვალოთ, ვინც ჭმუნვას იყო და არის აყოლილი. კინოში ანტონიონი, ბერგმანი და ტარკოვსკი, მხატვრობაში ედუარდ ჰოპერი და გერჰარდ რიხტერი. თანამედროვე მუსიკაში, რა თქმა უნდა, ტომ უეიტსი და ნიკ ქეივი არიან ჩამომსხდარი „წყლისა პირსა“, კლასიკურ მუსიკაში ჰილდეგარდ ფონ ბინგენი, ერიკ სატი, ოლივიე მესიანი და მესიანისვე გავლენით დასევდიანებული ჰენრიკ გურეცკი (მოდით, ბარემ გია ყანჩელიც მივაკუთვნოთ ამ მელანქოლიკებს, მერე რა, რომ სტრავინსკიდან მოედინება) და მრავალი სხვ. მელანქოლია ძალზე მრავალსახოვანია, არსებობს რელიგიური, ეროტიული, ნოსტალგიის მელანქოლია, ანდა სულაც „ჰეროიკული მელანქოლია“, რის საუკეთესო თანამედროვე ნიმუშადაც ჯეკი ბაურინგი ბეტმენს მიიჩნევს.

მე რომ მკითხოს კაცმა, მელანქოლია მთლიანად მომავალზეა მიმართული,მიუხედავად იმისა, რომ ფსიქოლოგები წარსულის ვერდაძლევას უკავშირებენ ამ პათოსს. ჩემთვის იგი წინააღმდეგობაა, უარყოფა, გნებავთ, პოლიტიკური ბრძოლის ერთ-ერთი საშუალება (გაიხსენეთ ვალტერ ბენიამინის „მემარცხენე მელანქოლია“). მელანქოლია ხშირად ცინიკური სიბრძნეა, უძალო ადამიანთა მთავარი იარაღი, რომელმაც შეიძლება სისტემის სრულ ეფემერიზაციამდე და ნებისმიერი სოციალური ინსტიტუტის უარყოფამდე მიგვიყვანოს, და ეს იქნება საუკეთესო გამოსავალი თანამედროვე საქართველოში, საუკეთესო პასუხი ხელისუფლების იმ ეფემერულ დათმობებზე, კომისიებსა და გამოძიებებზე, რომლითაც სავსეა ქართული სატელევიზიო მედია. ყველაფერ ამას ისევ ყოვლისწამლეკავი ცინიკური მელანქოლია მირჩევნია.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s