ცირა ბარბაქაძე _ ზღვის სემიოტიკა


ზღვის სემიოტიკა ქართული ენის მასალების მიხედვით

შესავლისთვის

2010 წლის 15-16 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სამეცნიერო ჟურნალ `სემიოტიკის~ ორგანიზებით ბათუმში ჩატარდა სემიოტიკის პირველი სამეცნიერო კონფერენცია, რომლის თემა იყო: ზღვა ენასა და კულტურაში, ზღვის სემიოტიკა.
რატომ ზღვა? ბოლო დროს, ზღვის თემა გააქტიურდა ჩვენს კულტურასა და სოციალურ გარემოში, რაც შემთხვევითად სულაც არ მეჩვენება. რევოლუციის შემდეგ მატარებლის მეტაფორა ზღვის გადაცურვის მეტაფორამ ჩაანაცვლა. გზა ევროპისკენ ზღვაზე გადის… თუმცა მეტაფორულად ზღვის გააქტიურება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია.
სწორედ ბათუმში ამა წლის სექტემბრის თვეში ჩატარდა არტ-ფესტივალი. ფესტივალის იდეის ავტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი, ცნობილი ევროპელი პროდიუსერი კრის ტორში, ფესტივალთან დაკავშირებით ამბობს: “მთელი ეს ვოიაჟი 2002 წელს ერთი იმპულსისაგან დაიწყო. ევროპულ პროექტს ხელახალი შთაგონება სჭირდებოდა. ზღვარი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის წაიშალა. ევროპა ახალ მეტაფორას საჭიროებდა. ჩვენ ზღვა ავირჩიეთ. ურბანული გამოწვევები განსაკუთრებით საზღვაო ქალაქებსა და პორტებში ჩანს… 2006 წლიდან მოყოლებული, ფესტივალი “ზღვები” შავი და ჩრდილოეთის ზღვების სანაპიროებზე მოგზაურობს, სთავაზობს რა ჩვენს ხელოვნებას და იზიდავს მაყურებელს, ამით საპორტო ქალაქების ცხოვრებას ცვლის.
ამჯერად ჩვენ ექსპედიცია “ზღვები” სტამბულიდან დავიწყეთ… ჩამოვალთ რა ბათუმში, ჩამოვიტანთ ჩვენს ენერგიას და ჩვენს ხელოვნებას, მზადყოფნას ახალი ცვლილებებისადმი.”
როგორც ჩანს, ზღვის იდეით ჩვენ უფრო დიდ პროექტს ვეხმიანებით, რაც საბოლოოდ დაკავშირებულია ცვლილებებთან, ახალ ხელოვნებასთან, ახალ წესრიგთან.
ქართულ ინტერნეტ-სივრცეში, azrebi.ge-ზე, გამოქვეყნდა გიგი თევზაძის ესსე `ქართველი და ზღვა~, რომელმაც ფეისბუკში საინტერესო დისკუსია გამოიწვია. სწორედ ამ წერილში დასმული პრობლემა გახდა სტიმული სემიოტიკის კონფერენციის თემად ზღვის სემიოტიკა გამოცხადებულიყო. გიგი თევზაძის აზრით, `ქართველებისა და ზღვის შესახებ არსებული წარმოდგენათა კომპლექსი (ანტი-ზღვაური) ძირითადად საბჭოთა დროს შეიქმნა და საბჭოთა ხელისუფლებაც, ნებსით თუ უნებლიეთ [მაინც ვფიქრობ, რომ ნებსით], ცდილობდა ამ წარმოდგენის კულტივირებას და წარმატებით მოახერხა კიდეც. ამ წარმოდგენის გავრცელების პოლიტიკური მოტივი ცხადია – ქართველებს არ უნდა გასჩენოდათ სურვილი ზღვის გადალახვით და ზღვის გავლით მოხვედრილიყვნენ სასურველ ადგილას – ერთადერთი გზა, რომელიც საქართველოს მისთვის სასურველ სამყაროს – ევროპას -დააკავშირებდა, რუსეთზე და სამხედრო გზაზე გავლით უნდა მომხდარიყო. ეს პროექტი ალბათ ქართველებისათვის რუსეთის გარდაუვლობის და აუცილებლობის წარმოდგენის გამომუშავების სტრატეგიის ნაწილი იყო.~
ვფიქრობთ, კონფერენციამ საინტერესო კვლევებს მოუყარა თავი, რომლებსაც `სემიოტიკის~ მე-8 ნომერში გთავაზობთ.
ქართულ ენასა და კულტურაში `ზღვის მიმოქცევა~ ადასტურებს, რომ ზღვა ქართველის ბუნების ნაწილია და თუ იგი (ქართველი) დროებით დაშორდა ზღვას, ახლა დროა, მიუბრუნდეს და გაააქტიუროს ცნობიერებასა და ცხოვრებაში და თავსმოხვეული `ზღვა, რომელიც შორია~ აქციოს ახლობლად და ხელახლა მოიშინაუროს და ვუერთდებით გიგი თევზაძის წერილის ფინალს: `…ზღვა კი იმავე ადგილს, თუ უფრო მეტს არა, დაიკავებს ქართველების თვითპრეზენტაციაში, იდენტობაში და თვითწარმოდგენაში, მას 100, 200 ან თუნდაც 800 წლის წინ ჰქონდა.~

ზღვის სემატიკური ველი

ქართული ენის ლექსიკონების მიხედვით ლექსემა ზღვის საინტერესო სემანტიკური ველი დასტურდება. პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, რომ უძველესი ფუძეა და აღდგენილია მისი საერთოქარველური არქეტიპიც. ასეთი ფუძეები ქართულში ბევრი არ არის.
გვხვდება ძველ ქართულშიც: `ხოლო ზღუაი იგი ქარისაგან აღხირღუეოდა~; `წარვიდოდა ზღუასა მას გალილეისასა~…და სხვა. ქართულ ზღუ-ა ფუძეს შეესატყვისება მეგრული ზღვ-ა, ლაზური ზოღ-ა და სვანური ზუღუ-ა. გიორგი კლიმოვმა საერთოქართველური ფუძე-ენის დონისთვის აღადგინა ზღუა- არქეტიპი. ჰაინც ფენრიხისა და ზურაბ სარჯველაძის ქართველურ ენათა ეტიმოლოგიურ ლექსიკონში დასტურდება ზღვასთან დაკავშირებული კიდევ ერთი უძველესი ფუძე: ზღუელ- . ქართული: ზღველ- ზღველ-ა (რაც ნიშნავდა კოკისპირულ წვიმას, მისი მეგრული შესატყვისი იყო: ზღვარ- ზღვარ-ზღვალ-ი (რაც აგრეთვე კოკისპირული წვიმაა), ზღვარ-ზღვალა-ან-ს _ კოკისპირულად წვიმს. ქართული ენის იმერულ დიალექტში დასტურდება ზღველ- ძირი, რომლის კანონზომიერი მეგრული შესატყვისია მეგრული ზღვარ-, ზღვარ-ზღვალ- (რედუპლიცირებული ფუძე) _ ეს მასალა შეაპირისპირა ჰაინც ფენრიხმა.
ზღვიდანაა ნაწარმოები: ზღვაური (ზღვიდან მონაბერი ქარი), ზღვავდება (ზღვასავით ბევრი, დიდი ხდება), მოზღვავება, უზღვავი…
სემანტიკურად ზღვას უკავშირდება კიდევ ერთი ლექსემა: ზღვარი _ საზღვარი, მიჯნა. მიუხედავად იმისა, რომ ზღვარში აშკარაა ზღვის თვისება, რომ ის არის ზღვარი, გამყოფი… ეს ეტიმოლოგია მაინც საჭიროებს უფრო დაზუსტებულ კვლევას. ქართულში არის კიდევ ერთი ლექსემა ზღვევა (აზღვევინა, მიუზღო), რომელშიც შორეულად შეიძლება `ზღუა~ ფუძე ივარაუდებოდეს, თუმცა ესეც მხოლოდ ვარაუდია.
ბიძინა ფოჩხუა ქართული ენის ლექსიკურ ფონდში საერთოქართველურის ნამემკვიდრევად მიიჩნევს შემდეგ სიტყვებს: წყალი, ზღვა, ტბა, ღელე, ღვარი, თოვლი, წვიმა, (ფოჩხუა 1974:317).
ზღვა გადატანითი მნიშვნელობით ბევრის აღმნიშვნელია იდიომებში: ზღვა სიხარული, ზღვა ხალხი, სიყვარულის ზღვა…
ზღვის მთავარი თვისება ღელვა მეტაფორიზებულია ქართული ენის ლექსიკაში და დაკავშირებულია ადამიანის შინაგან ემოციებთან: ავღელდი, გული მიღელავს… ღელვამ შემიპყრო…
ძალიან საინტერესოდ გვეჩვენება ძველი ქართული ენის ლექსიკონში დადასტურებული მენავეობის ლექსიკა:
მენავე _ ნავის მმართველი, პატრონი.
მენავეთ-მოღუაწე _ `არა ხოლო მენავედ, არამედ მენავეთ-მოღუაწეი ყოვლად… განწესებულ ვარ~.
მენავეთ-მოძღუარი _ მენავეთა თავი;
აგრეთვე: ნავის-უფალი, ნავის მავლინებლი (მენავე), ნავის-მართებელი, ნავის-მოქმედი და სხვა (აბულაძე 1973:231, სარჯველაძე 1995).
სულხან-საბა კი ნავის მრავალფეროვან სემანტიკურ ველს გვთავაზობს (ზომების მიხედვით): ნავი _ ესე ზოგადი სახელი არს ყოველთა ნავთა. მცირესა ნავსა _ ნუშა, მისსა უდიდესსა _ ვარცლი, კოპანო, კარაპა, კარპაჭა, ხუმალდი, კარაფითა, ოჩხომელი, ოლეჭკანდერი, კატარღა _ ერთი მეორეს უდიდეს-უდიდესნი არიან, ხოლო ხომალდი და დრომონი უდიდეს ყოველთა. სტოლი _ საომარნი ნავნი.
მენავე _ ესენი არიან ყოველნი ნავთა მუშაკნი: ხოლო ნავსე ეწოდების ნავის მაშენებელსა და ნავკოსალარი _ მენავეთ მოძღვარსა, ხოლო მეპრორე _ მენავეთ უხუცესსა, მპირველობნი _ მენავეთ გამგებელსა, ნავტური _ კატარღის მნესა და ნავტე _ მომცრო ნავის მენავესა, ხოლო მხერვალი _ ნავის მავლინებელსა, რომელსა უპყრიეს ტიმონი და მეაფქიოე _ აფრის გამგებელსა.
ნავსადგური _ სადაცა ნავი დადგომად შესაძლებელ არს ზღვათა შინა, ნავსაყუდელი _ სადა ზღვა უკუმდგარია, ვითარცა ტბა, მყუდრო და უღელავი (ელლენებრ: ლიმენა, ლიმონი).
მენავეობასთან დაკავშირებული მრავალფეროვანი ლექსიკის არსებობა ადასტურებს, შესაბამისად, მრავალფეროვანი ფუნქციები არსებობდა და რომ ქართველები `გაშინაურებული~ იყვნენ ზღვასთან.
ძალიან მნიშვნელოვანია აგრეთვე, რომ ქართველებმა სიმშვიდის, დაცულობის, თავშესაფრის მეტაფორად სწორედ ზღვასთან დაკავშირებული ლექსემა _ ნავსაყუდელი აირჩიეს.
ქართული ენის ლექსიკაში ზღვის სემანტიკური ველის შესწავლა (როგორც პირდაპირი, ასევე გადატანითი მნიშვნელობით) ადასტურებს, რომ ზღვა ქართველის ბუნების ნაწილია და რომ სიტყვა ზღვა უძველეს, არქეტიპულ დონეზე აღდგენილი ლექსემაა. აგრეთვე ზღვის სემანტიკური ველი _ ზღვაოსნობასთან და ნაოსნობასთან დაკავშირებული ლექსიკა, მენავის იერარქიები და თავად ნავის მრვალსახეობა (შესაბამისი ქართული შესატყვისებით) გამოდგება არგუმენტებად, რომ აღნიშნული კონცეპტით გამოხატული ფართე სემიოტიკური ველი ჩვენი, ქართველის, ბუნების ერთგვარი მატრიცაა.

წყალი, ნაკადი, მდინარე _ დროის მეტაფორა
ანუ
”წყალწაღებულები”

“ჩვენს ცხოვრებისეაულ გამოცდილებაში დრო ყოველთვის
ჰერაკლიტეს დროის მსგავსია. ჩვენ ნიადაგ ვიხსენებთ ამ ძველ შედარებას, თითქოს ამდენი საუკუნის მანძილზე არაფერი შეცვლილა და
კვლავინდებურად ვრჩებით ჰერაკლიტედ, მდინარეში თავის ანარეკლს რომ უყურებს და ფიქრობს იმაზე, რომ მდინარე მდინარე არაა, იმიტომ,
რომ წყალი შეიცვალა, და თავადაც არაა ჰერაკლიტე, რადგანაც ისიც შეიცვალა მას შემდეგ, რაც უკანასკნელად უმზერდა მდინარეს…”
ბორხესი, ”დრო”

`ვერ მოვირჩინე ჩემი ყრმობის წვიმების წყევლა. მაშინღა მივხვდი: რომ სიცოცხლის წყალმა წამიღო~.
გიორგი კეკელიძე

წყლის (მდინარის) დროსთან კავშირი უნივერსალური მეტაფორაა. ამ ანალოგიით ენასა და კულტურაში მრავალი ახალი მეტაფორა იბადება – განსხავავებულ ენაზე, განსხვავებული სინტაქსით, მაგრამ საერთო იდეით, რაც ადასტურებს კაცობრიობის ფსიქიკურ და მენტალურ ერთიანობას და ამავე დროს, გამოხატვის ინდივიდუალობას. ყველაფერი, რაც არსებობს, დროს მიაქვს… თუმცა ზოგს ინახავს დრო, ზოგს კი _ სწრაფად აქრობს და ივიწყებს.
მას შემდეგ მრავალმა წყალმა ჩაიარა _ იტყვის ქართულ ენაზე მოლაპარაკე და `მრავალ წყალში~ ბუნებრივია, დროს იგულისხმებს; ანუ _ დიდი დრო გავიდა… შესაბამისად, ფრაზეოლოგიაში არსებობს სინტაგმა: ცხოვრების დინება. რაკი დრო – მდინარეა, ხოლო ცხოვრება დროით განსაზღვრული, მაშასადამე, ცხოვრებაც მდინარეა, ანუ დინება, რომელსაც ზოგი მიჰყვება, ზოგს მიათრევს ეს დინება, ხოლო ზოგისთვის მორევად იქცევა. აქედან კიდევ ერთი ფარზეოლოგიური სინტაგმა: ცხოვრების მორევი. ცხოვრება ზღვასთანაც იდენტიფიცრდება ქართულ ცნობიერებაში – ცხოვრების ზღვა. ამ მეტაფორულ კავშირის არსს კარგად გამოხატავს ოთარ ჭილაძე ლექსში: `მოხეტიალე კუნძული~:
`დახეტიალობს ჩემი კუნძული,
მთელი ქვეყანა ზღვა არის მისთვის.
ის ერთ ადგილზე ვერ გაჩერდება,
გამოცლილი აქვს ფეხქვეშ საყრდენი.~
`მოხეტიალე კუნძული~ ასოციაციას აჩენს არტურ რემბოს `მთვრალ ხომალდთან~.
მეც ჩამითრია ზღვის სიმღერამ, იქ ცის კამარა
და ვარსკვლავებით მოჭედილი მარადისობა
იმზირებოდა და ქცეული უძღებ სამარედ
ხანდახან ცხედარს, ჩაფიქრებულს, ზევით ესროდა.
უცებ დაირღვა ლილისფერი ზღვის მაქმანები,
დღის ნელი რიტმი და კაშკაში, და ვით უღვინოდ
დათრობა ანდა უსაზღვრობა ჩვენი ქნარების,
გამწარებული სიყვარულის ვიგრძენ დუღილი! (ფრანგულიდან თარგმნა გივი გეგეჭკორმა)
ცხოვრების ყველა დინება მეტაფორულად თავს იყრის ცხოვრების ზღვაში. ეს ზღვაც დროით და დროში განსაზღვრულია, თითქოს დაგროვილი დროა. ადამიანი მოგზაურია (ან მხედარი), ზღვაოსანი ან ნაოსანი (ან სულაც, კუნძული), რომელიც მოწოდებულია გამუდმებულად მოძრაობდეს. ზღვა კი (ცხოვრება) მღელვარე და ხიფათით აღსავსეა, ამიტომ უნდა იმოძრაო ისე, რომ არ დაიღუპო. მაძიებელი ადამიანის თანდაყოლილი სწრაფვაა `ბედის სამძღვრის~ გადალახვა… ბარათაშვილი `მერნით~, გალაკტიონი `ლურჯა ცხენებით~ მიისწრაფვის ამ გადალახვისკენ. ვაჟა-ფშაველა კი იტყვის:
“დეზი ვკრა ჩემსა ლურჯასა,
გადავერიო ზღვაშია.
თქვენთან ძაღლურად სიცოცხლეს
სიკვდილი მიჯობს ცდაშია;
ვერ მააწონებთ კარგ ყმასა,
რაც არ მაუდის ჭკვაშია!” (“ქეიფი”)
ბარათაშვილისეულ და გალაკტიონისეულ სულის სწრაფვას ვაჟა-ფშაველა `ლურჯას ზღვაში გადარევით~ გამოხატავს, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს სულის სწრაფვას.
მდინარის, ზღვის გადალახვით გმირი გადის გაღმა, ახალ სამყაროში. ზღვის (მდნარის) გადალახვას და მეორე ნაპირზე (გაღმა) გასვლას უამრავი სიმბოლური, მეტაფორული თუ ეზოთერული მნიშვნელობა უკავშირდება. ქართული ენის ფრაზეოლოგიაში კი გაღმა გასვლა გარდაცვალებაა.
ზღვის საინტერესო სემიოტიკაა აკაკი წერეთლის ლექსში:
ზღვაო, აღელდი, აღელდი, ქარტეხილს დაემორჩილე!
აამთაგორე ტალღები, კიდეებს გადააცილე!
მარგალიტების სალარო შენი უფსკრული გულია,
მყუდროების დროს ის განძი ქვეყნისთვის დაფარულია.
მხოლოდ როდესაც მრისხანებ, გულს უხსნი მზეს და მთვარესა,
იმ მარგალიტებს შესტყორცნი შენ შემკვრელს არემარესა.
პოეტო! ნურც შენ ეკრძალვი მრისხანე გულის ღელვასა!..
ძილის დროს ქუხილს ნუ მოშლი და სიბნელის დროს ელვასა!
აკაკი წერეთელი პოეტისა და ზღვის იდენტიფიკაციას მიმართავს და მღელვარებას მიიჩნევს მათ მთავარ თვისებად, რადგან სიმშვიდის დროს განძი პოეტისა და ზღვის გულში, ორივეგან დაფარულია და მხოლოდ აღელვებულ ტალღებს და აღელვებულ პოეტის გულს შეუძლია მარგალიტების ამოტანა ფსკერიდან.
ზღვის საინტერესო მეტაფორულ სემანტიკას წარმოადგენს თანამედროვე ავტორი გიორგი კეკელიძე თავის პოეზიაში. საინტერესოდ გადათამაშებული ქართული ენის იდიომატური თქმებით პოეტი ქმნის ხან ახალ სემანტიკას, ხან კიდევ ფრაზეოლოგიზმების (ენობრივი ცნობიერების) საზღვრებში რჩება. `ზღვა კოვზით დაილია~ და `კოვზი ნაცარში ჩამივარდა~ ზღვასთან მიმართებით ასე გამოიყენა პოეტმა:
კოვზის ძლისპირი
ზღვას ვსვამდი კოვზით –
ძარღვებად გავიდგი მარჯნები,
ხოლო თევზები
დარდივით მერეოდა –
ბადეებს ხანდახან თვითონვე ვჩუქნიდი ,
რადგან დარდს რა დალევდა –
მე ერთი ვიყავი,
ერთი ვიყავი და
ზღვას ვსვამდი.
ზღვა დიდი იყო – მე უკვე უფრო.
ერთხელაც, ჩათვლემილს, სიზმრები ამეწვა –
მზე ჩემში ჩავიდა.
…..
კაცი აღარ დარჩა, რომ ებჭო –
ის კი მაინც იცინოდა:
სხვა მზეებმა სხვა ზღვები გადაწვეს,
ღრუბელი – ამ ზღვების ნაცარი აფანტეს ქარებმა
და მერე დაიქცა გაცრილი ნაცარი.
გაწვიმდა.
……
გაწვიმდა.
ზღვას ვსვამდი კოვზით
და ნაცარში ჩამივარდა.

ფრაზეოლოგიზმების პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობების შერევით აქტიურდება სრულიად სხვა მნიშვნელობა და მყარი გამონათქვამებიც ახალ ნიუანსებს იძენს. ასეა ამ ლექსშიც. `ზღვა კოვზით დაილია~ _ ეს გამონათქვამი მოთმინების მნიშვნელობას უკავშირდება ისევე, როგორც `წვეთმა ქვა გახვრიტა~. წარმოდგენილ ტექსტში კი პირდაპირი მნიშვნელობითაა (ლექსის კონტექსტში კი – სიმბოლური)გამოყენებული `ზღვის კოვზით დალევა~, რომლის ფინალია `კოვზი ნაცარში ჩამივარდა~ ანუ: არაფერი გამომივიდა.

ამ ლექსის გაგებაც მრავალგვარად შეიძლება, ისევე, როგოც ზღვის მნიშვნელობა მოცემულ კონტექსტში. მითოლოგიური, არქეტიპული თუ მეტაფორული-სიმბოლური შინაარსი აქვს ამ ტექსტს… ზღვა არის _ დრო, სტიქია, ცხოვრება, არაცნობიერი… ყველა შემთხვევაში, განსხვავებული მნიშვნელობების მიუხედავად, აზრი ფინალშია გაცხადებული. სხვა ლექსში კი გიორგი კეკელიძე საკუთარ ანდაზას შექმნის: `ვერ მოვირჩინე ჩემი ყრმობის წვიმების წყევლა. მაშინღა მივხვდი: რომ სიცოცხლის წყალმა წამიღო~. `წყალწაღებული~ პოეტი ფრთხილიცაა:
ნუ გაშლი აფრებს, ვერ წაგვიყვანს შორს ჩვენი ნავი…
წამიხდა ხასიათი და მოსავალი –
ქარი დავთესე
და
მზეა… (“სხვა ანდაზის ძლისპირი”)
ლექსში `ემბიენტი~ კი ავტორმა მშვიდი მგზავრობის სურვილი ასე გამოხატა: `მე იქით წავალ, სადაც წყალი იქნება მდორე~.
პოეტი ხან თავად იქცევა ზღვად, განუდგება ძმებს, რომლებმაც `აფრები გაშალეს~ და შორეულ მოგზაურობაში წავიდნენ. სამაგიეროდ, გრძნობს მათი გემების ფსკერს…
ჩემმა
ძმებმა
მიაშურეს
უდიდეს
გემებს,
ჩემმა ძმებმა გაშალეს ამაყი აფრები.
მიცურავენ ახლა,
მიცურავენ მშვიდად,
საოცარი თავდაჯერებით
საოცრადვე ბედნიერნი.
და
ჩემი ძმების ხომალდების ფსკერს
მსუბუქად გრძნობს
ჩემი
მთვლემარე
მკერდი.

რა მიმართებაა ზღვის ფსკერსა და ზედაპირზე მოცურავე გემებს შორის? იქნებ მარადიულისა წარმავალთან?
ავტორი (ისევე, როგორც ყველა) ბოლოს `გაღმა გადის~, აქ გადაათამაშდება კიდევ ერთ იდიომა: დროის გაყვანა. ფინალი კი ლექსში `კაცის ძლისპირი~ ასეთია:
დრო გამყავს,
რადგან მხოლოდ ეს საქმე ვიცი,
თუნდაც ხელს ხელად გამოწვდილი ტალღა მიშლიდეს,
ათასი და ბინძური ტალღა.
დრო გამყავს.
აჰა, გამოჩნდა ის ნაპირიც,
მე გავედი და დაღლისგან მალე მოვკვდები,
ასეთია ჩემი წესი –
მე მოვკვდები,
დრო კი სამშვიდობოს
გავიყვანე.

ზღვის მეტაფორას საინტერესოდ ხსნის ზურაბ ქარუმიძე რომანში `ღვინომუქი ზღვა~. ავტორი წერს: “ყველაზე საინტერესო სტიმული ამ წიგნის დაწყებისთვის იყო თბილისის ისტორიის ხუთტომეულის პირველი ტომი. გადაშლი და კითხულობ, რომ თბილისის ტერიტორია გეოლოგიური თვალსაზრისით კაინოზოური ზღვის ფსკერია, რომელიც ჩამოყალიბდა კაინოზოურ ერაში და ა. შ. წარსულის ხედვის ჩვენებური ვარიანტია. მე მომეწონა ეს მეტაფორა. შემდეგ ზღვისა და ქალაქის მეტაფორაა. ეს ახალი არ არის, ჯოისისეულია; აქ იმდენად ქალაქისა და ზღვის მეტაფორა კი არ არის მთავარი, თვითონ ეს წიგნია ზღვა – ღვინომუქი ზღვა. ხატების ასოციაციები, რაღაც უცხოსადმი სწრაფვის, ღიაობის, დამოკიდებულების, ამიტომაც ეს არის გარემოს გარღვევის მცდელობა.” (ხაზგასმა ჩემია _ც.ბ.)
ზაზა შათირიშვილი ამ რომანის შესახებ მიუთითებს: “ავტორი არ არის ორიენტირებული ამბის მოყოლაზე – მას აინტერესებს არა ისტორია, არამედ ის, თუ რა მოსდის ენას, როცა წერ. წერა – აი რომანის რეალური თემა და შინაარსი.
ქარუმიძე იღებს იდიომას, ენის ამ გაქვავებულ შრეს, ჯერ აქცევს მას მეტაფორად, ანუ იმად, რაც იდიომა ოდესღაც იყო (ლინგვისტური “მითოლოგიის” თანახმად) და ამის შემდეგ ის ამ მეტაფორას “ანარატივებს”, “აამბებს”. მაგალითად, “ხელწერა”, “ბედის წერა” – გამოთქმები, რომლებიც სხვა არაფერია, თუ არა გაქვავებული მეტაფორები, რომლებსაც ჩვენ ყოველდღიურ მეტყველებაში ავტომატურად, ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე ვიყენებთ – ქარუმიძის რომანში “იბრუნებენ” ორაზროვნებას, იძენენ მეტაფორულ (საზოგადოდ, ტროპულ) განზომილებას, რომლის შემდეგაც ავტორი კიდევ ერთ ხერხს მიმართავს – ტროპს “აბუკვალურებს”, მატერიალურს ხდის _ ხელი პერსონაჟი ხდება, “ხელწერა” – ამბავი, ანუ ის, რასაც ავტორი გვიყვება.”
სხვათა შორის, აქვე შევნიშნავთ, რომ იმას, რასაც ზურაბ ქარუმიძე მიმართავს (ე. წ. იდიომათა ეტიმოლოგია) `ღვინომუქ ზღვაში~, გიორგი კეკელიძე ამას პოეზიაში `აკეთებს~. ენა, რომელიც სცენაზე გამოდის ავტორის (როგორც მედიუმის) მეშვეობით, გვაბრუნებს საგანთა არსისკენ და სიღრმისკენ. მეტაფორულად ტექსტი იქცევა ზღვად, რომელიც პერიოდულად ზედაპირზე ამოატივტივებს იმგვარ `ნიშნებს~, რომლებიც გვიხსნიან ეტიმოლოგიას, ანუ არსს.
რაც შეეხება, წყალთან დაკავშირებულ ქართული ენის ფრაზეოლოგიზმებს და იდიომებს, უნდა აღინიშნოს, რომ უმეტესწილად, უარყოფით სემანტიკასთანაა დაკავშირებული. მაგალითად: წყლის ნაყვა, წყალში გადაყრა, წყალწყალა, წყალწაღებული, არც ძმარი, არც წყალი, წყალი შეუდგა, წინ – წყალი, უკან – მეწყერი, წყალი არ გაუვა და სხვა. დადებითი სემანტიკისაა წყლისგან ნაწარმოები _ წყალობა, მწყალობელი… აგრეთვე: შენი წყალი გადამესხას!
ზღვა, როგორც კონცეპტი, ამბივალენტურ ხასიათს ატარებს და აერთიანებს დადებით და უარყოფით მნიშვნელობებს ერთდროულად, რითაც ქმნის ერთიან და განუყოფელ ბუნებას.

დამოწმებული ლიტერატურა

ბაშლიარი 1998: Башляр Г. Вода и грезы. Опыт о воображении материи / Пер. с франц. Б.М. Скуратова. — М.: Издательство гуманитарной литературы.
ბერაძე 1981: თამაზ ბერაძე, ზღვაოსნობა ძველ საქართველოში, თბილისი.
ბერაძე 2009: თამაზ ბერაძე, სამხედრო-საზღვაო საქმის ისტორიიდან, თბილისი.
მამარდაშვილი… 1974: M. K. МАМАРДАШВИЛИ, А. М. ПЯТИГОРСКИЙ, СИМВОЛ И СОЗНАНИЕ, Москва.
ფოჩხუა 1994: ბიძინა ფოჩხუა, ქართული ენის ლექსიკოლოგია, თბილისი.
შმიტი 2010: კარლ შმიტი, ხმელეთი და ზღვა, მსოფლიო-ისტორიული განაზრება (გერმანულიდან თარგმნა გიორგი თავაძემ), თბილისი.

ლექსიკონები
ჰაინც ფენრიხი, ზურაბ სარჯველაძე, ქართველურ ენათა ეტიმოლოგიური ლექსიკონი, თბილისი, 2000.
ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი (შვიდტომეული), არნ. ჩიქობავას საერთო რედაქციით.
ზურაბ სრჯველაძე, ძველი ქართული ენის ლექსიკონი, თბილისი, 1995.
სულხან-საბა ორბელიანი, ლექსიკონი ქართული (ორტომეული), თბილისი, 1993.
ილია აბულაძე, ძველი ქართული ენის ლექსიკონი, თბილისი, 1973.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s