სალომე ომიაძე _ ქართული ხასიათი


სალომე ომიაძე

ქართული ხასიათი
(20-იანი წლების ესეთა დისკურსის მასალაზე)

პიროვნულ ცნობიერებაში აქსიოლოგიური თვალსაზრისით უმთავრესია ადამიანის დამოკიდებულება ეროვნული იდენტობისა და ნაციონალური ხასიათისადმი. ეროვნული ხასიათის თვითშემეცნება ყოველი ხალხის კულტურული აღმავლობის აუცილებელი პირობაა. საინტერესო და ინფორმაციულია ამ პროცესზე დაკვირვება ქართული მწერლობის საშუალებით, რომლის უდიდესი ნაწილი ეროვნული და პირადი ინტერესების თანხვედრის გამოხატულებას წარმოადგენს. ქართული მწერლობა ყოველთვის სულიერებაზე იყო ორიენტირებული, ქართველი მწერლები ყოველთვის ეროვნული მენტალიტეტის მატარებელ ენობრივ პიროვნებებს წარმოადგენდნენ. სწორედ ამგვარ პიროვნებებზეა დამოკიდებული ცალკეულ სემანტიკურ ერთეულთა ეთნოკულტურული ავტორიზაცია, მათი ლინგვოკულტურულ კონცეპტებად ქცევა.
კონცეპტოლოგთა აზრით, ლინგვოკულტურული კონცეპტი, როგორც კოლექტიური ცოდნისა და ცნობიერების ერთეული, უმაღლეს სულიერ ღირებულებებთან უნდა გვგზავნიდეს. მას უნდა ჰქონდეს ენობრივი გამოხატულება და ეთნოკულტურული სპეციფიკით უნდა იყოს ნიშანდებული. ყოველივეს გათვალისწინებით, `ქართულ ხასიათს~ ლინგვოკულტურული კონცეპტის სტატუსი ეკუთვნის, რასაც მისი ტოპოლოგიაც ადასტურებს: იგი არაერთი დისკურსის მნიშვნელოვან შემადგენლად გვევლინება, იქნება ეს ისტორიული, პოლიტიკური, ფსიქოლოგიური, მხატვრული თუ სხვა.
გასული საუკუნის 20-იანი წლების ქართველ მწერალთა ცნობილი პოლემიკა ქართული ხასიათის გამო მათს ესეებში აისახა, რომლებშიც ნათლად ჩანს, ერთი მხრივ, შესაბამისი ეპოქის სულისკვეთება, მეორე მხრივ, ქართველ მწერალთა სულიერი სამყაროს არსი, ხასიათი, თვისებები. საკუთარი თავის, პიროვნების შემეცნება (რაც ესეისტური ჟანრის მთავარი მახასიათებელია), ქართული ხასიათის, ეროვნული თვითშემეცნების პრობლემის ნაწილია.
კვლევის ამ ეტაპზე კონცეპტ `ქართული ხასიათის~ ტოპოლოგიას მეტად შემოვსაზღვრავთ და მას ესეისტური დისკურსის მასალაზე განვიხილავთ. ეს ნაბიჯი გვიკარნახა მანანა ხელაიას მიერ შედგენილმა წიგნმა `ქართული ლიტერატურული ესსე~, რომელშიც XX საუკუნის 20-იანი წლების ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნებული 96 ესეია თავმოყრილი.
ვიდრე კონცეპტ `ქართული ხასიათის~ სემანტიკის ბაზისურ კომპონენტებსა და მათ შორის არსებულ კავშირებს განვიხილავთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ მას რთული სემანტიკური სტრუქტურა აქვს და ამბივალენტური ნიშნებით ხასიათდება. შემფასებლური ფაქტორი, რაც კონცეპტის განმსაზღვრელი მახასიათებელია, გულისხმობს მის მიმართ სიმპათიის ან ანტიპათიის ემოციური მიმართების გამოვლენას. სწორედ აქსიოლოგიური შეფერილობის ქონა აყალიბებს ჩვენს განსახილველ კონცეპტს ამბივალენტურ _ დადებითი და უარყოფითი კონოტაციების მქონე _ ერთეულად.
ამ კონცეპტის უმთავრეს ნიშნად უნდა მივიჩნიოთ ეროვნული თვითშემეცნების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე ფიქრი. დასახელებული კონცეპტური ნიშნის პრეზენტაცია ქართულ დისკურსში საუკუნეებს ითვლის. XX საუკუნის დასაწყისში ამ კუთხით აღსანიშნავია აკაკი წერეთლისა და იპოლიტე ვართაგავას პოზიციები ყველაფერი ქართულის ზედმიწევნით ცოდნასა და მოვლასთან მიმართებით. ერთგვარ გაფრთხილებად, მოწოდებადაც კი გაისმოდა მათი სიტყვები თვითცნობიერების გაძლიერებასა და გაღრმავებასთან დაკავშირებით, რათა უცხოური კულტურის გავლენას არ დაერღვია და არ შთაენთქა ქართული კულტურის თავისთავადობა. ერთი შეხედვით პარადოქსულია, თუმცა განსახილველი კონცეპტური ნიშნის აქტუალურობას მოწმობს ქართული სიმბოლიზმის ერთ-ერთი ფუძემდებლის, ტიციან ტაბიძის, სიტყვები: `ევროპა შემოაღებს კარებს და ამ დროს ჩვენ უნდა დავხვდეთ შეჭურვილი ეროვნული შემეცნებით, ეროვნული კულტურის ყველა ფოლაქებშეკრული, რომ იყოს მთავარი მორგვი, რომელზედაც მოეხვევა ახალი იდეები~ (ხელაია 1986, გვ. 180). პარადოქსულობა ვახსენეთ, რადგან ეს სიტყვები ამონარიდია ტიციანის ესეიდან `ცისფერი ყანწებით~, რომელიც ქართული სიმბოლოზმის მანიფესტად არის ცნობილი, სიმბოლიზმისა, რომელიც ხელოვნებას ეროვნულობისა და მოქალაქეობრივი გრძნობებისაგან თავისუფალს განიხილავს.
ოდნავ მოგვიანებით, 1922-23 წლებში, საზოგადოება აღშფოთებას ვერ მალავდა ეროვნული ტრადიციებისა და ავტორიტეტების მიმართ ცისფერყანწელთა თამამი დამოკიდებულების გამო. სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა რამდენიმე ესეის შექმნა. მათ შორის აღსანიშნავია დემნა შენგელაიას `მშობელ მიწაზე~, რომელშიც იგი ხელოვანის სიძლიერეს მშობლიურ ნიადაგზე მყარად დგომაში ხედავს: ` … ყველაზე დიდი გენიოსები ყველაზე უფრო დამოკიდებულნი არიან თავის ერისგან. ენა, რომელზედაც ისინი ლაპარაკობენ, სახეები, რომლითაც ფიქრობენ, იდეები, რომელნიც მხატვარს აწუხებენ, ყველაფერი ეს მშობლიური ნიადაგიდან ეძლევათ … რა იქნებოდა `ვეფხისტყაოსანი~, იგი რომ ესპერანტოს ენაზე დაწერილიყო! … ეს უნდა ახსოვდეს ყოველ ქართველ ხელოვანს!..~ (ხელაია 1986, გვ. 254-255). `მას არ აკმაყოფილებს ქართველ სიმბოლისტთა თეზისი, რომლის მიხედვითაც ქართველი პოეტი `მარტო თავის შობის ფაქტით არის პატრიოტი~…(გაზ. `ბარრიკადი~, 1922, # 4). მშობლიური ლიტერატურის მიმართ ასეთ დამოკიდებულებას ესსეისტი ზერელედ, არასერიოზულად მიიჩნევს~ (ხელაია 1986, გვ. 356). დასახელებული ესეისაგან განსხვავებით, რომლის ავტორიც ძალზედ გაწონასწორებულია, უკიდურესი სიმძაფრით გამოირჩევა კონსტანტინე გამსახურდიას წერილი `ჟ’ აცუსე (მე ბრალსა ვდებ!)~, რომელიც ამავე პოლემიკის ნაწილია და რომელშიც ავტორი ქართველ სიმბოლისტებს `უცხო კულტურათა აგენტებს~ უწოდებს. აშკარად კონსტანტინე გამსახურდიას უკანასკნელი წერილითაა შთაგონებული შალვა აფხაიძის ესეი `პატრიოტიზმის სახელით~, რომელშიც ავტორი ცისფერყანწელთა დამცველად გვევლინება და მათს `უწინარეს ყოვლისა ქართველობას~ ამტკიცებს. მართალია, ყველა პოლემისტის მოსაზრებებს აქ ვერ ვიმოწმებთ შეზღუდული ფორმატის გამო, მაგრამ ერთი რამ ცხადია, ნებისმიერი მათგანის პოლემიკაში ჩაბმის მოტივი პატრიოტიზმია, პატრიოტიზმია ისიც, რომ თავად ცისფერყანწელები, რომლებიც საკუთარი მისამართით ყოველგვარ უარყოფით დამოკიდებულებას მშვიდად ხვდებოდნენ, `ეროვნული უნიადაგობის~ ბრალდებას მძაფრად განიცდიდნენ და ყველანაირად ცდილობდნენ მის უარყოფას. ამ მსჯელობამ `ქართული ხასიათის~ კონცეპტის კიდევ ერთ ბაზისურ-სემანტიკურ, სხვა ნიშანთა (მათ შორის ჩვენ მიერ უკვე განხილულის) მომცველ და განმაზოგადებელ კომპონენტთან _ პატრიოტიზმთან _ მიგვიყვანა. პატრიოტიზმი, თავის მხრივ, რთული ნიშანია საკუთარი ეროვნულ-მენტალური სქემებით, თუმცა ის ყველაზე მეტად შესწავლილი ნიშანიცაა, რაც უთუოდ გასათვალისწინებელია მომავალში აღნიშნული კონცეპტის სრული აღწერისას.
`ქართული ხასიათის~ კონცეპტ-სინონიმია `ქართული სული~, რომლის ენობრივ რეალიზაციათა მრავალ მაგალითს ვხვდებით ქართულ ყოფითსა თუ ლიტერატურულ დისკურსში. ვ. კოტეტიშვილს თავის ესეიში `ალექსანდრე ყაზბეგი~ `ქართული სულის გამძლეობის~ საინტერესო გაგება შემოაქვს. მისი სიტყვით, `აზროვნების სიმხდალესთან~ ერთად, რაც `ქართულ მოკრძალებას~ კვებავს, ჩვენს მწერლობას, საბედნიეროდ, ვაჟასა და ყაზბეგისებური სიშლეგის ზღვარსმიტანებული სიმამაცე ახასიათებს. გიორგი ლეონიძე კი ქართული სულის გამძლეობას თავისებური ასპექტით განიხილავს. მისი თქმით, მრავალმა განსაცდელმა ელასტიკური, დინჯი, დარბაისლური გახადა ქართული ხასიათი. იგი პლატონ იოსელიანის სიტყვებს იგონებს: `ქართველთა, მრავალ საუკუნებითა გამოცდილთა და ვითარცა პური გამომცხვართა, ვერა ერეოდა ვერც შინაგანი და ვერც გარეგანი მწუხარება (ხელაია 1986, გვ. 78). გიორგი ლეონიძე სიქველედ მიიჩნევს ქარ-ცეცხლით გამოწრთობილ სიდინჯესა და სიბრძნეს. კონსტანტინე გამსახურდიასათვის კი ამგვარი გამძლეობა, ე. ი. თვისება ქართველი ერისა, ხასიათის სიძლიერეს კი არა, ერის უძლურებასა და უნიათობას უფრო მოასწავებდა. პაოლო იაშვილი წერდა: `ჩვენში არ არის არც ღრმა სიძულვილი, არც ღრმა სიყვარული~ (ხელაია 1986, გვ. 203). ტიციან ტაბიძე საგანგებოდ აღნიშნავდა თავისი ერის ხასიათში აქტიორული სულის არსებობას. იგი წერს: `ქართველს უნდა სხვა იყოს, იმას უყვარს თეატრალიზაცია ცხოვრების~ (ხელაია 1986, გვ. 178). პაოლო იაშვილი მკაცრად ილაშქრებს ამ თვისების წინააღმდეგ. მისი რწმენით, ის, რომ ქართველი მუდამ ესწრაფვის თავისი ნამდვილი სახის შელამაზებას, გაკეთილშობილებას, უდიდესი ფუქსავატობის მიმანიშნებელია. ქართველ კაცს ვერ დაენდობი ვერც ღრმა სიყვარულსა და ვერც ღრმა სიძულვილში. `პირველიცა და მეორეც მასში თეატრალურია~ (ხელაია 1986, გვ. 203), _ აცხადებს პაოლო იაშვილი.
ბევრი თქმულა ქართული უდარდელობის (დამხობის ჟამსაც) შესახებ, ეპიკურეიზმზე, თათქარიძეობაზე, ყვარყვარეობაზე, სიკვდილთან გაშინაურებაზე, თუნდაც ავთანდილის სიტყვები რად ღირს ამ მიმართებით: `მე იგი ვარ, ვინ სოფელსა არ ამოვჰკრეფ კიტრად ბერად, / ვის სიკვდილი მოყვრისათვის თამაშად და მიჩანს მღერად~. ქართულ ხასიათში ოპტიმიზმის სიძლიერეზეც, აგრეთვე, არაერთხელ დაწერილა. ალი არსენიშვილი კოტე მარჯანიშვილის წარმატების გასაღებს იმაში ხედავს, რომ რუსულ თეატრში მოღვაწეობისას იგი არ კარგავდა ქართული ხასიათისათვის ბუნებრივ თვისებებს: `გოგოლში იგი კოშმარმა კი არა _ უკრაინის ალუბლის ფერადებმა და ფიროსმანის წმინდა პრიმიტივმა მოხიბლა… სევდა მან არ იცის _ ის ვერ შეეთვისება ჩეხოვის თეატრს. ის ქალდეას ცეცხლის სვეტია. მასში კახეთის სისხლია ამბოხებული~ (ხელაია 1986, გვ. 217).
როგორც ვხედავთ, ქართული ეროვნული ხასიათის ნიშნები მრავალი და ხშირად სრულიად საპირისპიროც კია. იმისთვის, რომ ერთი რომელიმე ერის ხასიათზე ვილაპარაკოთ, უფრო სწორად, ამ ხასიათის თავისებურება აღვნიშნოთ და კონცეპტურ მახასიათებლად გამოვყოთ, ალბათ, სხვა ერების ხასიათიც უნდა ვიცოდეთ. აუცილებელია აგრეთვე კონცეპტურ ნიშანთა კლასიფიკაცია ფაკულტატიურ, ძირითად და დომინანტურ მახასიათებლებად. გადაჭარბებული ქეიფი და ლხინისმოყვარეობა ქართველების თვისებად რომ მივიჩნიოთ, მაშინ როგორღა შევაფასოთ ფლორენციელები, რომლებმაც წარმართების ლხინი უკან მოიტოვეს (`მეფე ალფონსო ნეაპოლიტანელის ოჯახში ერთ-ერთ ქორწილზე გაიშალა სუფრა ზღვის პირად 30 000 კაცზე. როგორც საერთოდ მიღებული იყო ნეაპოლსა, რომსა და ფლორენციაში _ ასეთი საზეიმო შემთხვევებისათვის საზოგადოებრივი მოედნები სალხინო დარბაზებად ექციათ~ _ გოგუაძე 1980, გვ. 164). თუ ეპიკურეიზმს მივიჩნევთ ქართული ხასიათისათვის განმსაზღვრელად, მაშინ საქართველოსათვის არაბუნებრივად უნდა ვცნოთ გრიგოლ ხანძთელი, მთელი მისი საძმო და სხვა მრავალნი, ვინც ასკეტური ცხოვრებით ცხოვრობდნენ; თუ გავყვებით აზრს `უკვდავი აქტიორული სულის~ არსებობის შესახებ ქართულ ხასიათში, რითღა დავასაბუთებთ ეროვნული ხუროთმოძღვრების სისადავესა და გენიალურ უბრალოებას და ა. შ.
დასასრულ, ქართველთა ბუნების დასახასიათებლად გვსურს დავიმოწმოთ გიორგი მეფის აღსარება `დიდოსტატის მარჯვენიდან~: `მე მრავალი ცოდვა მიმიძღვის ამქვეყნად, როგორც მეფეს, ისე როგორც კაცს, თითქმის ყველა ღირსება და ყველა ნაკლი ჩემი ხალხისა მიტარებია. ვაჟკაციც ვიყავი და მშიშარაც, კეისარსაც ვებრძოდი, მეშინოდა ხვიარის ფესვებისა, გულზვიადიც ვიყავი და ლოთიც, მაგრამ ჩემი ხალხისთვის არასოდეს მიღალატნია~. ამ სიტყვებიდან ხასიათის გაბზარვას, გაორებას ვგრძნობთ, მაგრამ ამავე დროს _ გამთლიანებასაც _ ჩემი ხალხისათვის ე. ი. სამშობლოსათვის არასოდეს მიღალატიაო. სწორედ სამშობლოს სიყვარულია ის დომინანტური თვისება, რომელიც ქართული ხასიათის ამბივალენტურ ნიშნებს აერთიანებს და კონცეპტად კრავს.

ლიტერატურა

გოგუაძე 1980 _ გოგუაძე ვ. (1980): ადამიანი როგორც ესტეტიკური ფენომენი.
თსუ-ს გამომცემლობა. თბილისი.

ხელაია 1986 _ ხელაია მ. (1986): ქართული ლიტერატურული ესსე
(XX საუკუნის 20-იანი წლები). გამომცემლობა `მერანი~.
თბილისი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s