იზაბელა პეტრიაშვილი _ მეტაფორა და პოლიტიკური დისკურსის პრაგმატიკა


სტატია ეძღვნება პოლიტიკური დისკურსის ანალიზს და მეტაფორის პრაგმატიკულ როლს ამერიკელი და ქართველი პოლიტიკოსების საჯარო გამოსვლების მაგალითზე. ადამიანების უმრავლესობისთვის მეტაფორა არის მხატვრული წარმოსახვის ხერხი და რიტორიკული მაღალფარდოვნება და, აქედან გამომდინარე, თითქოს სცილდება ჩვეულებრივი/ნორმალური ენის ფარგლებს. უფრო მეტიც, მეტაფორა ტიპურად განიხილება როგორც მხოლოდ ენის მახასიათებელი, როგორც სიტყვები, და არა აზროვნება ან ქმედება. ამ მიზეზით უმეტესობა ადამიანებისა ფიქრობს, რომ მათ შეუძლიათ მშვენივრად იარსებონ მეტაფორის გარეშეც. ვიზიარებ ჯ. ლაკოფის და მ. ჯონსონის აზრს იმის შესახებ, რომ რეალურად სრულიად საპირისპირო შემთხვევასთან გვაქვს საქმე, რომ მეტაფორა ვრცელდება ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში და არა მხოლოდ ენაში, არამედ ჩვენს აზროვნებასა და მოქმედებაში, და, რომ მთლიანად ჩვენი ცნებათა სისტემა თავისი ბუნებით ფუნდამენტურად მეტაფორულია (ლაკოფი … 1980).

მიჩნეულია, რომ მეტაფორა ეფექტურია მაშინ, როდესაც ის არის კოგნიტური თვალსაზრისით დამაჯერებელი და, ამასთანავე, ემოციური რეაქციის გამომწვევი. მეტაფორას აქვს დამარწმუნებელი ძალა, რადგან ის თავის თავში აერთიანებს პრაგმატიკულ, კოგნიტურ და ლინგვისტურ ცოდნას კულტურის, იდეოლოგიისა და ისტორიის გათვალისწინებით (ჩარტერის-ბლეკი 2004).

ტრადიციული გაგებით აღიარებულია, რომ მეტაფორა სემანტიკის სფეროს მიეკუთვნება და სრულიადაც არ არის პრაგმატიკის საკითხი. ს. ლევინსონის აზრით, „ნებისმიერი მეტაფორის მნიშვნელოვანი ნაწილი, როგორც ჩანს, მოიცავს ე.წ. „კონოტაციურ ბუნდოვანებას“, სიტყვების რამდენადმე შემთხვევით, და არა განმსაზღვრელ მახასიათებლებს, რეფერენტების ფაქტობრივ თვისებებს და, აქედან გამომდინარე, ზოგად ცოდნას სამყაროს შესახებ. ყოველივე ეს კი ცდება სემანტიკის სფეროს“ (ლევინსონი 1983: 150).

მეტაფორისადმი პრაგმატიკული მიდგომა ემყარება იმ მოსაზრებას, რომ გამონათქვამის მეტაფორული შინაარსი გამომდინარეობს არა სემანტიკური ინტერპრეტაციიდან, არამედ, სემანტიკა უზრუნველყოფს გამონათქვამის პირდაპირი/სიტყვასიტყვითი მნიშვნელობისა თუ ტრადიციული შინაარსის დახასიათებას, ხოლო ამის შემდეგ, კონტექსტთან ერთად, პრაგმატიკამ უნდა უზრუნველყოს მეტაფორული ინტერპრეტაცია (ლევინსონი 1983: 156).

ჯ. ლაკოფი თავის ნაშრომში „მეტაფორის თანამედროვე თეორია“ (ლაკოფი 1992) აღნიშნავს, რომ სიტყვა მეტაფორა განისაზღვრებოდა როგორც ახალი (ნოველ), ან პოეტური/მხატვრული ლინგვისტური გამონათქვამი, რომელშიც რაიმე ცნების გამომხატველი ერთი ან მეტი სიტყვა გამოიყენება მისი ნორმალური, ტრადიციული მნიშვნელობის გარეთ მსგავსი ცნების გამოსახატავად. მთავარ განსხვავებად თანამედროვე და კლასიკურ თეორიებს შორის მას მიაჩნია განსხვავება პირდაპირ/ სიტყვასიტყვით და ფიგურალურ მნიშვნელობებს შორის. მე- 20 საუკუნის 70-იან წლებში მეტაფორაში იგულისხმებოდა ახალი, ადრე არ არსებული მეტაფორა (novel metaphor), ანუ შემოქმედებითი (creative) მეტაფორა, რადგან ტრადიციული (conventional) მეტაფორის უზარმაზარი სისტემა თითქმის შეუმჩნეველი რჩებოდა. მისი აზრით, „არსებობს ლინგვისტური გამოთქმების ახალ მეტაფორად ინტერპრეტირების სამი ძირითადი მექანიზმი: ტრადიციული მეტაფორის განვრცობა; ზოგადი მეტაფორები; და იმიჯ-მეტაფორები, ანუ ხატოვანი მეტაფორები. ყველაზე საინტერესო პოეტური მეტაფორა სამივე ამ მექანიზმს იყენებს“ (ლაკოფი…… 1989).

ცნობილია ჯ. ორუელის უარყოფითი დამოკიდებულება ზოგადად პოლიტიკის ენის მიმართ, თუმცა საინტერესოა მისი აზრი მეტაფორასთან მიმართებაში: „ახლად შექმნილი მეტაფორა აზროვნებას ეხმარება ვიზუალური ხატის აღძვრის გზით, მაშინ, როდესაც მეტაფორა პრაქტიკულად „მკვდარია“ (მაგ. ირონ რესოლუტიონ), ფაქტობრივად, ის გადაიქცევა ჩვეულებრივ სიტყვად და შეიძლება, გამოიყენებოდეს ისე, რომ არ დაკარგოს სიცხადე. მაგრამ, მეტაფორის ამ ორ კლასს შუა არსებობს გაცვეთილი მეტაფორების უზარმაზარი ნაგავსაყრელი, რომლებმაც დაკარგეს ემოციების აღმძვრელი ძალა და მხოლოდ იმიტომ გამოიყენება, რომ ადამიანებს ათავისუფლებს ახალი ფრაზების თავად შეთხზვის საჭიროებისაგან“ (ორველი 1968: 130)

ს. ლევინსონის აზრით, მეტაფორის ინტერპრეტაცია უნდა ეყრდნობოდეს ჩვენს ზოგად უნარ-თვისებებს, ვიაზროვნოთ ანალოგიებით. (ლევინსონი 1983: 161). პ. ფრიდრიხი კი თვლის, რომ “მეტაფორა არის ანალოგიის მხოლოდ ერთი სახეობა და გაცილებით უფრო დიდი კონტექსტის ანალოგიური ხერხებისა და ასოციაციური აზროვნების ნაწილი” (ფრიდრიხი 1986: 4).

ჩვენი გონება ერგება რეალობას ფრეიმების, მეტაფორების, სტერეოტიპების, პროტოტიპების მეშვეობით, რადგან ადამიანები აზროვნებენ სწორედ მათი მეშვეობით, რაც ხშირად არ ჯდება რაციონალურ აქტიურ მოდელში. მეტაფორა აერთებს ერთი სფეროს „ფრეიმებს“ მეორე სფეროს „ფრეიმებთან“.

ენის გამოყენება პოლიტიკურ დისკურსში შეიძლება აღვიქვათ, როგორც კონკურენცია პოლიტიკურ აქტორთა შორის, რომელთაც სურთ საკუთარი სამყაროს „პრომოცირება“. „პოლიტიკა მოიცავს განსხვავებათა შეჯერებას დისკუსიისა და დარწმუნების გზით. აქედან გამომდინარე, კომუნიკაცია მთავარია პოლიტიკისთვის“ (ჰეიგი… 1998: 3-4). ცხადია, რომ პოლიტიკური აქტივობა არ არსებობს ენის გამოყენების გარეშე, ხოლო ენის გამოყენებას პოლიტიკურ დისკურსში აქვს თავისი განსაზღვრული პრაგმატიკული დანიშნულება, ანუ ის, თუ რას ისახავს მიზნად ენის ესა თუ ის გამოყენება. პოლიტიკოსთა მეტყველებაში ენის (სხვადასხვა ვერბალური ფორმულირებების) მნიშვნელოვნება აღიარებულია თავად პოლიტიკოსების მიერ. ამიტომაცაა, რომ მიკრო დონეზე ისინი სულ უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ ენის ფორმულირების და ფრაზეოლოგიის (ე.წ. wording and phrasing) დიზაინს მათ წინაშე მდგარ გამოწვევებზე სათანადოდ რეაგირებისათვის და ამის- თვის, ხშირად, პროფესიონალ speech-maker-ებს და ორატორებსაც კი (დღევანდელი ტერმინოლოგიით, PR-ს) მიმართავენ დახმარებისთვის. მიკრო დონეზე (პოლიტიკოსთა ინტერაქციისას) პოლიტიკოსები იყენებენ სხვადასხვა მეთოდებს თავიანთი მიზნის მისაღწევად: დარწმუნებას, რაციონალურ არგუმენტაციას, ირაციონალურ სტრატეგიას, მუქარას, ქრთამს, მანიპულაციას – ნებისმიერ რამეს რაც, მათი აზრით, სასურველ შედეგს მოიტანს. ყველა ამ მეთოდის წარმატებით გამოყენება კი გულისხმობს ენაში არსებული სტრუქტურების, მათ შორის, მეტაფორის, წარმატებით გამოყენებას.

საკვლევი კორპუსი (როგორც ქართული, ისე ინგლისური) გვაძლევს შესაძლებლობას, გავაანალიზოთ კოლოკაციები, რათა ჩავწვდეთ მეტაფორის კოგნიტურ მოტივაციასა და ექსპრესიულ კონოტაციას. „ტრადიციული და კოგნიტური სემანტიკის პრაგმატიკულ მიდგომებთან გაერთიანებით კიდევ უფრო ნათელი ხდება მეტაფორის მნიშვნელობა დარწმუნების ენაში“ (ჩარტერის-ბლეკი 2004).

პოლიტიკურ დისკურსში დარწმუნების ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი,შეიძლება ითქვას, არის მეტაფორა, ხოლო ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი თემა პოლიტიკური რიტორიკის მკვლევართათვის არის სწორედ იმის გაანალიზება, თუ რატომ ვერ მოიპოვა გამარჯვებაამ თუ იმ კანდიდატმა. პასუხიც მზადაა – იმიტომ, რომ სწორად ვერ გამოიყენა რიტორიკული ხერხები ამომრჩეველთა მისამხრობად.პოლიტიკური კუთხით, მნიშვნელობა აქვს მოსაუბრის/მთქმელის სანდოობას. დაეჯერება თუ არა მთქმელს, სავარაუდოდ, ეს მთელი რიგი სოციალურ-ფსიქოლოგიურ გარემოებათა კომპლექსური ჯაჭვია. იმის გამო, რომ ხშირად ფიზიკური რესურსები, რომლებიც მხარს უმაგრებს ამა თუ იმ პრაგმატიკულ მიზანდასახულებას, ყოველთვის არ არისვიზუალურად წარმოდგენილი, ვერბალურ კომუნიკაციას საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება პოლიტიკურ დისკურსში.

შესადარებლად ავიღოთ ბარაკ ობამასა და ჯონ მაკკეინის გამოსვლები. თუ დავიწყებთ მოსაზრებით, რომ წარმატებული რიტორიკა მეტწილად დამოკიდებულია მეტაფორის ეფექტურ გამოყენებაზე, მაშინ შედარებისას კითხვა ასე უნდა დაისვას: ვისი მეტაფორაა უფრო ეფექტური და რატომ? საინტერესოა, რომ ორივე ამერიკული პოლიტიკური დისკურსის ერთსა და იმავე მეტაფორების (მაგ., „hard work“, „faith“, „dream“, „family“) განსხვავებულ ინტერპრეტაციას ახდენენ. ობამას წარმატება განაპირობა იმან, რომ იგი ლაპარაკობს ფასეულობებზე და არა პოლიტიკაზე. ის არის ავთენტური, ადამიანები ენდობიან მას. მისი სტრატეგია ემყარება ფასეულობებს, ავთენტურობას, კომუნიკაციას, ნდობას და იდენტობას. პოლიტიკა თუ პიროვნულობა? მთავარი აქცენტი გაკეთებულია ადამიანებზე, და არა პოლიტიკაზე. მისი გამოსვლები სავსეა ადამიანების შესახებმოთხრობილი ამბებით, რომლის მიღმაც იკითხება პოლიტიკა.1 საგარეო პოლიტიკა ობამასთვის არის ადამიანები, შიმშილი, გარემოს დაცვა, ლტოლვილები, ქალთა განათლება, ბავშვთა შრომა, რაც მის მიერ მოთხრობილ ამბებში ნათქვამია ღიად. ობამა ძალას არ იშურებს, რომ გაუძღვეს მარშს „a march for a more just, more equal, more free, more caring, and more prosperous America“. პოლიტიკურ მეტყველებაში ხშირია მეტაფორა, რომელიც ეყრდნობა ქვეყნის, როგორც „მზრუნველი მამის“, კონკრეტულ „ფრეიმს“ – nurturing parent – empathy – caring about others. მის ამ გამოსვლაშიც უხვადაა ოჯახის მეტაფორები: ქვეყანა არის ოჯახი, ქვეყნის მომავალი არის მისი/ ჩვენი შვილები და ჩვენ უნდა მოვუაროთ ჩვენს შვილებს, მისი (ქვეყნის) წარსული არის ასაკოვანი მოქალაქეები, რომელთაც წარსული ნაკლოვანებების დაღი ასვიათ: „The children of America are not those kids, they are our kids …??

„America is a family and its future is our children – to be nurtured and attuned to nature; fed and housed well; educated to their capacities; kept healthy and helped to prosper; made whole through music and the arts; and provided with institutions that bring them together in these ongoing responsibilities“.

გავრცელებულია ისეთი მეტაფორები, რომლებშიც დაწესებულება დანახულია, როგორც ადამიანი, ხოლო ერი/ქვეყანა გაიგივებულია მის ლიდერთან. ობამა არის „ამერიკული ოცნების“ განსახიერება. ამერიკელი ხალხი ახდენს იდენტიფიცირებას მასთან და ქვეყანასთან ერთდროულად. როდესაც ის ამბობს: „I have brothers, sisters, nieces, nephews, uncles and cousins, of every race and every hue, scattered across three continents…“

ის აკეთებს განცხადებას საგარეო პოლიტიკის შესახებ, რომ საგარეო პოლიტიკა არის არა მხოლოდ ქვეყნებისა და ინტერესების შესახებ, არამედ ადამიანებისა და მსოფლიო ოჯახის შესახებ.

თითქმის ყველა გამოსვლაში ობამა უარს ამბობს ჩვეული სპორტის და ომის მეტაფორებზე და ირჩევს კულინარიის ენას, როგორც, მაგალითად ამ შემთხვევაში, როდესაც იგი ხუმრობით პასუხობს ანონიმურ ფიგურებს ისტებლიშმენტიდან, რომლებიც აკრიტიკებენ მის გამოუცდელობას და გულუბრყვილობას: „They say Obama has not been in Washington long enough. He needs to be seasoned and stewed to boil all that hope out of him“.

რასაკვირველია, ობამა იყენებს როგორც ახალ/კრეატიულ მეტაფორებს, ისე ტრადიციულ მეტაფორებს, როგორიცაა მაგალითად, The business you built your dreams upon that’s now hanging by a thread; The cost of health care eats up more and more of our savings each year; A charter expanded by the blood of generations. Those ideals still light the world; Starting today, we must pick ourselves up, dust ourselves off, and begin again the work of remaking America და სხვ.

ახლა გადავხედოთ მაკკეინის მეტაფორებს: აქ უფრო ტრადიციული მეტაფორები ჭარბობს (გმირები – ბოროტმოქმედები – ტიპისა (Heroes – Villains), თუმცა ახალ, კრეატიულ მეტაფორებსაც შეხვდებით. მაგალითად, ტრადიციული მეტაფორებია – to reach out our hand to; get this country back on the road to prosperity and peace; someone who marches to the beat of his own drum; I learned an important lesson; rewarding hardwork; keep the fruits of their labour; to shake up failed school bureaucracies; remove barriers; the engine of our future prosperity; the Cold War; can’t turn a blind eye to aggression and international lawlessness; exhausted from the burdens he had borne; to build the foundations for a stable and enduring peace; We have to catch up to history; with hard work, strong faith; We have come to the end of a long journey.

კრეატიული მეტაფორის მაგალითებია: a government that unleashes the creativity and initiative of Americans; the old, big-spending, do-nothing, me-first, country-second Washington crowd, და სხვ.

როგორც ვხედავთ, ორივე ამ პოლიტიკოსის გამოსვლებში ტრადიციული მეტაფორის გამოყენების სიხშირის ინდექსი გაცილებით მაღალია (შეიძლება ითქვას, დაახლოებით ათჯერ მეტია) ვიდრე კრეატიული მეტაფორის. ამასთანავე, ჭარბობს ე.წ. იმიჯ-მეტაფორები. აუცილებელია, პოლიტიკურ მეტყველებაში აისახოს შემოქმედებითი მიდგომა ახალი გამოწვევების მიმართ. სწორედ მეტაფორა არისახალ სოციალურ გამოწვევებზე კრეატიულად რეაგირების ერთ-ერთი გზა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მეტაფორა მარკირებულია სოციალურად და კულტურულად, რაც განსაკუთრებით კარგად ჩანს ქართულ პოლიტიკურ მეტყველებაში. ტრადიციული, თუ შეიძლება ითქვას, გლობალური მეტაფორების გვერდით, როგორიცაა, მაგ. ხელის გაწოდება, გაკვეთილის სწავლა, მზრუნველი სახელმწიფო, ხანგრძლივი მოგზაურობა, მძიმე/დიდი სამუშაო, შრომის ნაყოფი და სხვ., ხშირია დღევანდელი რთული პოლიტიკური სიტუაციისათვის დამახასიათებელი ახალი, კრეატიული მეტაფორები, რომლებიც შემდეგ ქვეტიპებად შეიძლება დავყოთ: იმიჯ-მეტაფორები, სასაუბრო მეტაფორები, მეტაფორული ალუზიები და ანდაზა-მეტაფორები.

იმიჯ-მეტაფორები, ძირითადად, ტრადიციული ხასიათისაა და მათ გლობალური მნიშვნელობა აქვთ, თუმცა ხშირად ამ ტიპის ერთსა და იმავე მეტაფორას სხვადასხვა იმპლიკაცია აქვს, თუნდაც ლოკალურ კონტექსტში, მაგალითად, დემოკრატიის შუქურა/ Beacon of Democracy ჯ. ბუშის მიერ გამოყენებული იყო საქართველოსთან მიმართებაში, შემდეგაც არა ერთხელ იქნა ეს მეტაფორა სხვადასხვა ქართველი პოლიტიკოსის მიერ სხვადასხვა კონტექსტში (უმეტესად, ირონიულად) ნათქვამი, მაგალითად, კახა თარგამაძის მიმართ. ამ რიგის მეტაფორებს მიეკუთვნება, ასევე ამ ბოლო ხანს ძალიან ხშირად გამო ყენებული შემდეგი იმიჯ-მეტაფორები:

კედელი/ბერლინის კედელი: მაგ., დღეს უკვე მივედით კედელთან და ამ კედელს ან დავანგრევთ, ან ერთად დავიღუპებით. (ამავე კონტექსტში ხშირად იხმარება „უფსკრულის პირას ვდგავართ და გადავიჩეხებით“); მსოფლიო არავის მისცემს ახალი ბერლინის კედლის აშენების უფლებას (სეპარატისტულ რეგიონებთან მიმართებაში);

ღია კარი: ეს კარები მუდმივად ღია არ არის და ახტომა უფრო ძნელია, ვიდრე კიბეზე ასვლა; კარი ღიაა ოპოზიციისთვის; კარი ღია დატოვეთ აფხაზებისა და ოსებისთვის (ჯ. ბაიდენი).

მატარებელი: ეს ჩავლილი მატარებელია; ჩვენი მატარებელი უკვე გავიდა და მოასწარით ჩაჯდომა ამ მატარებელში; (ოპოზიციის მისამართით) სანამ მატარებელი ნელა მოძრაობს, ჯობია ეხლა შემოახტნენ.

გზა, მოგზაურობა/journey: საქართველოს გზა; ამ გზაზე დგება მთელი საქართველო; ჩვენ, ამერიკის შეერთებული შტატები, ვდგავართ საქართველოს გვერდით მთელი ამ გრძელ გზის მანძილზე (ჯ. ბაიდენი).

სისხლი: ხელები აქვს სისხლში გასვრილი; სისხლი უნდათ? სისხლსაც მიიღებენ. თუ პატრიოტებისა და ტირანების სისხლით უნდა მოირწყას თავისუფლების ხე დრო და დრო, და ეს მისი ბუნებრივი სასუქია…

სკამი: ეს სკამი და სკამები არ არის სააკაშვილის და ბურჯანაძის.

პოლიტიკოსი – ქვეყანა ტიპისა: თუ ექიმმა დაუშვა შეცდომა, ამას მოსდევს პაციენტის სიკვდილი; შენობა რომ იწვოდეს და ჩვენ არქიტექტურულ პროექტს ვიხილავდეთ; ეს (შეთავაზება დიალოგზე) იმას ჰგავს, მომაკვდავს რომ გრიმი (თუ მაკიაჟი) გაუკეთოთ. აქვე შეგვიძლია გავაერთიანოთ მეტაფორები, რომლებშიც სახელმწიფო/დაწესებულება გაიგივებულია ადამიანთან: მზრუნველი სახელმწიფო; სუფთა სახელმწიფო; ხანგრძლივი, მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს პარლამენტი.

ამ ტიპის ტრადიციული იმიჯ-მეტაფორებია, აგრეთვე: ლახვარი ჩასცა ქართულ ეკონომიკას; ხალხი, ვინც ტალახს გვესვრის, სააკაშვილი ტალახს აიტანს; ბურჯანაძე თამაშობს ყველაზე ბინძურ თამაშს დღეს; ჩვენ ვართ ყოველდღიურ ბრძოლაში; გასაღები ქართული სახელმწიფოს ფეხზე დაყენების; გვექნება დიდი ბერკეტი და სხვ.

იმიჯ-მეტაფორების ხმარებისას ხშირია ცხოველების სახელების გამოყენება, როგორიცაა, მაგ., ლომის წილი მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის მიხეილ სააკაშვილისგან მოდის; პოლიტიკური გიენა; დაძლევა ამ ურჩხულის და გაყვანა თამაშიდან; ძალიან უნდოდათ რომ ეთქვათ, აქლემი ხარო, მაგრამ არ გამოუვიდათ (ლ. გაჩეჩილაძის კომენტარი ნარკოლოგიურ შემოწმებაზე).

შედარებით ახალი, კრეატიული იმიჯ-მეტაფორების მაგალითებია: 26 მაისს იქ (სტადიონზე) ესვენა საქართველოს ცხელი გული; მამისონი სიმაღლე კი არა, სამყაროს ჭერი იყო ევერესტის შემდეგ; ეს (სვანეთი) არის სამოთხე, რომელიც ჰაერშია გამოკიდებული… ეს გზა დააკავშირებს მას მიწიერ სამოთხესთან (სვანეთთან); ქვემო ქართლი არის ბეღელი, რომლითაც იკვებება ხელისუფლების ხმები და სხვ. ამ ტიპის მეტაფორებს უფრო ის პოლიტიკოსები მიმართავენ, რომლებიც თვი- თონ არიან შემოქმედებითი ბუნების და რომლებიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ მათ მიერ ნათქვამ სიტყვებს, და მეტადრე, მეტაფორების გამოყენებას თავიანთი პოლიტიკური მესიჯის უკეთ მისაწოდებლად.

სასაუბრო მეტაფორებში გავაერთიანე ის მეტაფორები, რომლებიც ჩვეულებრივი, სასაუბრო მეტყველებისას გამოიყენება, თუმცა ყველა ეს მეტაფორა მაღალი ტრიბუნიდან არის ნათქვამი: ჯიბეში რომ გვიზის (ოქრუაშვილზე); მირცხულავამ ყოფა უტირა მთელ ენერგეტიკას; ეს რყევა (რუსეთიდან) შეიძლება ეხლა იყოს მოფერებით და თავზე ხელის გადასმით; გაეროში ისეთი ბრძოლა იყო, რომ დედა შვილს არ აიყვანდა; ნადავლის გაყოფის მომენტში ტორტის ტკბილი ნაჭერი დააკლდათ; 3D (ტრი-დე – ლუდის ბრენდი): დავკეტავ, დავბლოკავ, დავამთავრებ. ეს სამი უკანასკნელი მეტაფორა, იმავდროულად, იმიჯ-მეტაფორებიცაა.

საინტერესო სურათი გამოიკვეთა მეტაფორული ალუზიების გამოყენებისას, როდესაც პოლიტიკოსები მიმართავენ ალუზიებს, როგორც ქართული, ისე უცხოური ლიტერატურიდან, ისტორიიდან, მითოლოგიიდან და ა.შ. ქვემოთ მინდა ამ ტიპის რამდენიმე მეტაფორა მოვიყვანო მაგალითად: ჩვენ ვართ მინდიას ერი; ჯაყო (კოლექტიური ჯაყო); თუ ებრძვით პუტინს, უნდა გახდეთ ანტიპუტინი; ლიბერალური პოლიტიკის ფლაგმანები ქართულ პოლიტიკაში, ჩვენ (რესპუბლიკელები) არ ვართ რაიმეს შემქმნელი ან დამფუძნებელი მამები; ჯ. ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ წარმოვიდგინე როგორები უნდა ყოფილიყვნენ ამერიკის დამფუძნებელი მამები; ქაჯები მიდიან, ქაჯები არ მოდიან (ამ მეტაფორის ავტორის, ს. ზურაბიშვილის განმარტებით, ალუზიაა „ვეფხისტყაოსანზე“, ამიტომაც გავაერთიანე ამ ჯგუფში); მზად ვართ საქართველოს სიყვარულში გავუშვათ ხელი პატარა მიშიკოს2 ; ნერონია სააკაშვილი, რომ თავისი ცხენი დანიშნოს სენატორად? საქართველო განხეთქილების ვაშლია ამერიკასა და რუსეთს შორის; რესპუბლიკური საავადმყოფო არის ტიპიური პოტიომკინის სოფელი; აჰა, ძმაო, საღებავი, ა, ფუნჯი, შენ თვითონ შეარჩიე კოლორი და შენ თვითონ გადაღებე და გააკეთე3 .

და ბოლოს, ანდაზა-მეტაფორები, როგორიცაა: ციხის შიგნიდან გატეხვის მცდელობა; ქარს თუ დათესავ, ქარიშხალს მოიმკი; რაც არ უნდა საკენკი გადმოყარონ, ქართველი ხალხი მას არ შეჭამს; ყვავმა ყვავს უთხრა – ჩემზე შავი ხარო და სხვ.

რატომ არის მეტაფორა წარმატებული ხერხი პოლიტიკურ დისკურსში? ლინგვისტთა ინტერესს ყოველთვის იწვევდა ისეთი ლინგვისტური სტრუქტურების გამოყენება, რომლებიც ადრესატს პოლიტიკურად რელევანტურ მესიჯს მიაწვდის კონკრეტული ფუნქციის შესრულების მიზნით. ამ მხრივ მეტაფორას ძალიან დიდი პრაგმატიკული მნიშვნელობა ენიჭება. ის არა მხოლოდ „ალამაზებს“ უმეტეს შემთხვევებში უშინაარსო და არაფრისმთქმელ პოლიტიკურ ტექსტებს, არამედ,სხვადასხვა პრაგმატიკულ მიზნებს ემსახურება. ჩატარებულმა კვლევამ გვიჩვენა, რომ გარდა დარწმუნების ფუნქციისა, მეტაფორას შეუძლია:

გადმოგვცეს ის, რისი პირდაპირ, სიტყვასიტყვითი მნიშვნელობით გამოხატვა რთულია;

დაგვეხმაროს იმ სიტუაციებში, როდესაც არსებობს სახისთვის საფრთხის შექმნის საშიშროება, როდესაც უფრო მართებულია სათქმელის არაპირდაპირი გზით გამოხატვა;

უფრო მეტი სიცხადე და ხატოვანება შეჰმატოს მეტყველებას;

დაგვეხმაროს არგუმენტის სტრუქტურირებაში;

ახალი თვალთახედვა წარმოგვიდგინოს საგანსა თუ მოვლენაზე.

ამ სტატიაში შევეცადე წარმომეჩინა ტრადიციული და კრეატიული მეტაფორის პოლიტიკურ დისკურსში გამოყენების ის ძირითადი ტენდენციები, რაც საერთოა როგორც ამერიკელი, ისე ქართველი პოლიტიკოსებისათვის. კრეატიული, ანუ ახალი მეტაფორა, იმავდროულად, მოითხოვს შემოქმედებით რეაქციას და მისი მიღების მზაობას აუდიტორიის მხრიდან წარმატებული კომუნიკაციის დასამყარებლად. თუკი მეტაფორა არ არის სათანადოდ აღქმული, ან არ/ვერ ხდება მისი ინტერპრეტირებააუდიტორიის მიერ, შესაბამისად, ვერ ხორციელდება მისი პოლიტიკურ-კომუნიკაციური ფუნქცია.

ლიტერატურა

ლაკოფი 2008: G. Lakoff, How to Make Friends and Manipulate Irrational Voters, a paper presented at New America Foundation, June 03, 2008 http://election2008ucdenver.wordpress.com/2008/09/16/lakoff-metaphors-and-08-campaign-oh-my/

ლაკოფი 2008: G. Lakoff, Much More Than Race: what makes a great speech great, 24.03.2008

ლაკოფი 1992: G. Lakoff, The Contemporary Theory of Metaphor, in Ortony, Andrew (ed.), Metaphor and Thought (2nd edition), Cambridge University Press.

ლაკოფი …1989: G. Lakoff, M. Turner, More Than Cool Reason: A Field Guide to Poetic Metaphor, University of Chicago Press.

ლევინსონი 1983: S. Levinson, Pragmatics, Cambridge University Press miuleri 2005: Ralph Müller, Creative Metaphors in Political Discourse. Theoretical considerations on the basis of Swiss Speeches, Amsterdam http://www.metaphorik.de/09/mueller.pdf

ორუელი 1968: George Orwell, Politics and the English Language, in: George Orwell: TheCollected Essays, Journalism and Letters of George Orwell. In Front of Your Nose. 1945-1950, Sonia Orwell/Ian Angus (ed.), vol. 4, London, 127-140.

ფრიდრიხი 1986: P. Friedrich, The Language Parallax, Linguistic Relativism and Poetic Intermediacy, Austin, TX, University of Texas Press.

ჩარტერის-ბლეკი 2004: J. Charteris-Black, Corpus Approach to Critical Metaphor Analysis, Palgrave MacMillan

ჩილტონი 2004: Paul Chilton, Analysing Political Discourse, Theory and Practice. Routledge heigi… 1998: Rod Hague et al., Comparative Government and Politics: An Introduction (5th ed.)

საილუსტრაციო მასალა

ობამა 2008: Barack Obama’s March 18, 2008 Speech

ობამა 2008: Barack Obama’s first address to a joint session of Congress on Tuesday, Feb. 24. http://www.nytimes.com/2009/02/25/us/politics/25obama.html?-r=1

მაკკეინი 2008: McCain’s September 04, 2008 speech http:// portal.gopconvention2008.com/speech/details.aspx?id=84

ჯ. ბაიდენის გამოსვლა საქართველოს პარლამენტში 23.07.09

ქართველი პოლიტიკოსების: მ. სააკაშვილის, შ. ნათელაშვილის, ლ. გაჩეჩილაძის, გ. თარგამაძის, ნ. ბურჯანაძის, დ. უსუფაშვილის, ს. ზურაბიშვილის, კ. დავითაშვილის, გ. ცაგარეიშვილის, გ. მაისაშვილის, ლ. ვეფხვაძის, ვ. კუბლაშვილის, მ. მაჭავარიანის, ვ. რჩეულიშვილის, ასევე, გ. გაჩეჩილაძის გამოსვლები: www. myvideo.ge

___________________

1. თუ შევადარებთ მ. სააკაშვილის წინასაარჩევნო გამოსვლებს, დავინახავთ, რომ იგივე აქცენტებია გაკეთებული, რაც კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს იმაზე, რომ ამ „საქმეს“ პროფესიონალი (ალბათ, ამერიკული) PR კომპანიები ემსახურებიან.

2. ალუზია „კავკასიური ცარცის წრის’ პერსონაჟზე, თუმცა, პოლიტიკური თვალსაზრისით, ძალიან სახიფათო მეტაფორაა მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, მ. მაჭავარიანის მხრიდან, როდესაც იგი ამ მეტაფორას ხმარობს მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით გამართული ოპოზიციის მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე.

3. მ. სააკაშვილი პოლიციის მანქანებზე წარწერების შესახებ უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას; ალუზია ერთ-ერთ ეპიზოდზე ქართული მხატვრული ფილმიდან „მიმინო“

2 thoughts on “იზაბელა პეტრიაშვილი _ მეტაფორა და პოლიტიკური დისკურსის პრაგმატიკა

  1. უღრმესი მადლობა..მეტაფორის შესახებ მქონდა სამაგისტრო ნაშრომი დასაცავი..თქვენი სტატია დიდად დამეხმარა,კიდევ ერთხელ მადლობა ამისათვის…სამწუხაროდ ქართულ ენაზე ძალიან მწირი ინფორმაცია მოგვეპოვება ამ თემის ირგვლივ,ყოველ შემთხვევაში მე ძალიან გამიჭირდა მასალების შეგროვება…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s