ალფრედ ბარკოვი _ „წინააღმდეგობების“ როლი ლიტერატურულ შედევრებში


დებატების გამომწვევი ცნობილი ნაწარმოებები შეიცავენ იმდენ წინააღმდეგობას და ლოგიკურ შეუსაბამობას, რომ უნებურად იბადება კითხვა იმის თაობაზე, თუ რამდენად შესწევთ მათ ავტორებს უნარი სწორად ააგონ ნაწარმოების გეგმა. ამისდა მიუხედავად, ასეთი ლიტერატურის დიდი მოწონება მკითხველთა მხრიდან, მოწმობს, რომ ,,გაუგებრობის” და მხატვრულობის მეტად დაბალი დონის მიუხედავად, ასეთი ნაწარმოებები ინტუიტიურ დონეზე აღიქმება როგორც პოტენციურად სრულყოფილი და სწორედ მკითხველის ინტუიტიური აღქმა, რომელიც არ ექვემდებარება ლოგიკას და რაიმე სამეცნიერო კლასიფიკაციას, წარმოადგენს მხატვრულობის განსაზღვრის ერთადერთ კრიტერიუმს. ვინაიდან ასეთი ნაწარმოებები კვლავაც იწვევენ ინტერესს, ეს ნიშნავს, რომ მათში არის რაღაც ისეთი, რაც ჯერჯერობით მკითხველმა ვერ გამოავლინა და არ მოახდინა კლასიფიცირება ფილოსოფიური ესთეტიკის მიხედვით. შეიძლება თუ არა, ჩაითვალოს შექსპირის ,,ჰამლეტი” მაღალმხატვრულ ნაწარმოებად? ამ ტექსტის წინააღმდეგობებმა შეაკრთო შექსპირის მკვლევართა არა ერთი თაობა. მე მარტო ერთი მაგალითი ვიცი, როდესაც ადამიანმა პატიოსნად და ღიად ყველა თუ არა, მისთვის ცნობილი ყველა წინააღმდეგობების მოხაზვით ჰამლეტის გამოსახვაში, ყველანაირი ორაზროვნების გარეშე განაცხადა, რომ მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ნაწარმოები ხასიათდება მდარე მხატვრულობით. ასეთ გაბედულ დასკვნას არავინ მიაქცევდა ყურადღებას და ჩათვლიდა კურიოზულ განცხადებად, რომ არა ერთი რამ: ეს გააკეთა არა შემთხვევითმა ადამიანმა, არამედ ნიჭიერმა პოეტმა და ბრწყინვალე ესეისტმა, მომავალში ნობელის პრემიის ლაურეატმა ლიტერატურის სფეროში – თ. ს. ელიოტმა (The Sacred Wood, 1920). საწყენია, რომ ასეთი მოსაზრება არ გახდა ამოსავალი წერტილი არც ელიოტისთვის მის შემდგომ განაზრებებში, და არც სხვა მკვლევარებისთვის. მ. ა. ბულგაკოვის ,,Кабала святош” (,,ცრუწმინდანების მძიმე ხვედრი”), MXAT-ის ინტერპრეტაციით, აღფრთოვანებას იწვევს ყველაში, ვინც კი ნახა ეს დადგმა; როგორც მაყურებელი, მეც აღფრთოვანებული ვარ. მაგრამ მარტოოდენ როგორც მაყურებელი. როგორც ანალიტიკოსი, მე კარგად ვაცნობიერებ, რომ ამ ნაწარმოების ზოგადმიღებული წარმოდგენა წარმოადგენს მიხეილ ბულგაკოვის ნათელი ხსოვნის შეურაცხყოფას, მისი მოქალაქეობრივი სინდისიერებისადმი უნდობლობის გამოხატულებას. ,,Кабала святош”ინტერპრეტირებულია როგორც მწვავე სატირა, მიმართული საეკლესიო პირების მიმართ, მაშინ, როდესაც ეს მწერალი უშუალოდ ამ ანტირელიგიური სააგიტაციო პიესის შექმნამდე (და სწორედ ასეთ ინტერპრეტაციას აძლევენ ,,Кабала святош”-ს) ძალიან მკვეთრად გამოვიდა იმ ,,უღმერთოების” წინააღმდეგ, რომლებიც პარტიის და მთავრობის დავალებით ლანძღავენ რელიგიას. ძნელია დავეთანხმოთ მტკიცებას, როდესაც ბულგაკოვს ფაქტობრივად აკერებენ მატყუარის იარლიყს, რომელიც თავისივე შეხედულებებს უარყოფს, ,,ფეხით თელავს თავის სიმღერას” ოფიციალური იდეოლოგიის სასარგებლოდ.

,,თეთრი გვარდია” ყველას აღაფრთოვანებს – ასეა მიღებული. ,,წმინდა” კრიტიკოსების შეხედულებას არავინ არ ითვალისწინებს: როგორც შემოქმედებითი პროფესიის წარმომადგენლებს, მათ შეუძლიათ თავიანთი სუბიექტური აზრის გამოხატვა. მაგრამ, თუ დავეყრდნობით შინაარსის საყოველთაოდ მიღებულ ინტერპრეტაციას, უნდა ვაღიაროთ, რომ კომპოზიციის თვალსაზრისით, ,,თეთრი გვარდია” მეტად არათანაბრადაა დაწერილი. ამაღლებული და მედიდური განწყობა, რომელიც დეკლარირებულია პირველ გვერდზე, მკვეთრ და უსიამოვნო კონსტრასტშია ფრივოლურ ტონთან და აშკარა ქილიკთან ტექსტის სხვა ადგილებში.

ანალოგიური ვითარებაა ,,ოსტატსა და მარგარიტაში”, სადაც ავტორისეულ გაზვიადებულ პათეტიკას ,,სამუდამო, ერთგული” სიყვარულის შესახებ ენაცვლება მძაფრი ,,ავტორისეული” ირონია იმავე ,,სიყვარულის” თაობაზე. რატომღაც არ არის მიღებული, რომ ყურადღება მიექცეს ,,მართალი მთხრობელის” აშკარად დამცინავ დამოკიდებულებას მისივე ამაღლებული განდიდების მიმართ. კარგადაა ცნობილი ამ ,,სამუდამო ერთგულების” ანალიზი ვ. გ. ბელინსკის ცნობილ ნაშრომში, რომელიც წერდა, რომ ასეთი ,,ერთგულება” სიყვარულის გარეშე ამორალურია, და რომ ტატიანა – ზნეობრივი ემბრიონია. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კომენტატორი ხედავს ,,ოსტატსა და მარგარიტაში” გამოძახილს პუშკინის შემოქმედებისა, ქრესტომათიული მომენტი რატომღაც მათი ყურადღების მიღმა რჩება.

ერთადერთი ადგილი რომანში, როდესაც ,,მართალი მთხრობელი”, სტოვებს ოსტატსა და მარგარიტას მარტო ხანგრძლივი განშორების შემდეგ და აძლევს მკითხველს საშუალებას დარწმუნდეს, თუ როგორ გამოიხატება ეს ,,სამუდამო-ერთგული” სიყვარული, სინამდვილეში რატომღაც იგნორირებულია კომენტატორების მიერ, მაშინ, როცა ამ შემთხვევაში შეყვარებულთა ქცევა სრულიად არ პასუხობს რა სიყვარულის ელემენტარულ ცნებას, მთლიანად ანგრევს თეზისს ,,მუდმივ ერთგულებაზე” მის საყოველთაოდ მიღებულ ინტერპრეტაციაში. გავიხსენოთ – ოსტატის ,,გამოყვანის” შემდეგ ფსიქიატრიული საავადმყოფოდან, მარგარიტასთან დარჩენილი ის მაშინვე წვება დასაძინებლად და სტოვებს შეყვარებულ ქალს მარტო; დილით, ისე რომ პირიც არ დაუბანია, ქვედა საცვლებში ჯდება შეყვარებულთან და სვამს კონიაკს. ამასთან, მარგარიტა არა მარტო არ გრძნობს თავს შეურაცხყოფილად, არამედ ცდილობს მოეფეროს კიდეც შეყვარებულს, თუმცა ეს უკანასკნელი რატომღაც ამ ალერსს თავს არიდებს.

,,ბელკინის მოთხრობების” მხატვრულ სიმწირეზე ჯერ კიდევ ბელინსკი წერდა და პუშკინისტიკას დღემდე არ გაუქარწლებია ეს მოსაზრება. ბევრმა, და მათ შორისი. მ. ლოტმანმა, გამოავლინა წინააღმდეგობა ,,ევგენი ონეგინის” ფაბულაშიც და მთავარი პერსონაჟების გამოხატვაშიც. შეიძლება კი ვისაუბროთ ამ ნაწარმოების შინაარსის წვდომაზე, თუ არ ამოიხსნა ის წინააღმდეგობა, რომელიც აქ არსებობს? ლოტმანი ერთ-ერთ უკანასკნელ ნაშრომში პირდაპირ წერდა ,,ონეგინის” შინაარსის უსასრულოდ ბევრი ინტერპრეტაციის შესაძლებლობაზე, მეტიც, მან გამოთქვა მოსაზრება, რომ რომანის დაწერის შემდეგ იმდენი ხანი გავიდა, რომ მისი არსი ალბათ არც იქნება ამოხსნილი. მაგრამ მტკიცება იმის თაობაზე, რომ შესაძლებელია არსებობდეს მრავალი ინტერპრეტაცია, ნიშნავს სხვა არაფერს, თუ არა იმის აღიარებას, რომ არ არსებობს მკაფიო საავტორო ჩანაფიქრი. ასეთი ავტორი კი – სიტყვის ხელოვანი თუ არა, ყოველ შემთხვევაში, რეალისტი მაინც არ არის. და ყველაზე უარესი ისაა, რომ თეზისი ,,არარსებობის” შესახებ შემოტანილია საყოველდღეო ხმარებაში. არა ერთ წამყვან პუშკინისტს მიუქცევია ყურადღება იმის აღწერისთვის, თუ როგორ ეცვლებოდა პუშკინს ესთეტიკური შეხედულებები (,,გადადიოდა რომანტიზმიდან რეალიზმზე”) ,,ევგენი ონეგინის” შექმნის პროცესში, და ვითომდა ამან გამოიწვია წინააღმდეგობები. ასეთ მტკიცებებში აშკარაა მეთოდოლოგიური ნაკლი: დასაწყისში ,,ონეგინის” ,,გაუგებრობიდან” დგება ვარაუდი ავტორის ესთეტიური შეხედულებების ცვლილებების თაობაზე, შემდეგ ეს ვარაუდი შემოაქვთ ლიტერატურის ისტორიაში როგორც დადგენილი ფაქტი, ბოლოს კი უფრო განზოგადებული სახით იყენებენ იმავე ,,ონეგინის” სტრუქტურის ანალიზისთვის – ისე, თითქოს ეს თეზისი დამტკიცებული ყოფილიყო რაღაც სხვა მასალაზე დაყრდნობით. (თუმცა, დამტკიცების საკითხი საზოგადოდ ლიტერატურათმცოდნეობის სუსტი ადგილია, ვინაიდან არ არსებობს მკაფიო ფორმულირებაც კი, რომელიც განსაზღვრავდა ამ ცნებას).

მაგრამ მთელი საქმე იმაშია, რომ სიცოცხლის ბოლო დღემდე პუშკინი ებრძოდა ,,ანტირომანტიკოსებს”. თუ გავიზიარებთ ზოგადმიღებულ თვალსაზრისს, მაშინაც იძულებულნი ვიქნებით ვაღიაროთ, რომ ,,გადასვლა რეალიზმზე” მოხდა არა რომანზე მუშაობის პროცესში, არამედ დასაწყისშივე – სატირა ლენსკის მისამართით შეიმჩნევა უკვე მეორე თავში. ამასთანავე, თავად პუშკინის გამონათქვამიდან გამომდინარეობს, რომ ,,რომანტიზმად” მწერალი მიიჩნევდა იმას, რასაც ჩვენ დღეს ვეძახით ,,რეალიზმს” – უბრალოდ, იმ დროს არ არსებობდა ასეთი ტერმინი (მის ლექსიკონში საერთოდ არ არსებობდა სიტყვა ,,რეალ”-ის ფუძით). დიახ, სატირული პოზიცია, რომლითაც გამოსახულია ლენსკი, წინააღმდეგობაშია პუშკინის მიმართებასთან რომანტიზმისადმი. მაგრამ აქედან სრულებითაც არ გამომდინარეობს, რომ პოეტის ბიოგრაფია აუცილებლობით უნდა მივუსადაგოთ წმინდა ფაბულურ ელემენტს – ამასთან რომანს, რომელშიც მრავალი წინააღმდეგობაა და გაუგებარი არსი; უბრალოდ, უნდა გავერკვიოთ ,,ევგენი ონეგინის” სტრუქტურაში და გამოვარკვიოთ ასეთი გაუგებრობის მიზეზი, რომელიც არსებობს პუშკინის ესთეტიკური კრედოს მიმართ.

სამწუხაროდ, ამ რომანის ყველა ,,წინააღმდეგობა” როდია გამოვლენილი. ყველაზე ცუდია ის, რომ ბევრი მათგანი, რომელიც შექმნილია თავად რომანის კომენტატორების მიერ, ტექსტის რეალიების მიუხედავად, უკვე დამკვიდრდა სამეცნიერო ლიტერატურაში როგორც ვითომდა დადგენილი ფაქტი, რაც შინაარსში ნებისმიერი სიცხადის შემოტანის ბლოკირებას ახდენს.

მართლაც, შეიძლება თუ არა ვენდოთ ცნობილ მტკიცებებს, რომ ფაბულის მოქმედება თარიღდება 1819-1825 წლებით, მაშინ, როდესაც სიუჟეტში არ არსებობს არავითარი მცირე მითითებაც კი დეკემბრის მოვლენებზე? რა ვუყოთ იმის მტკიცებას, რომ რომანი – ,,რუსული ცხოვრების ენციკლოპედიაა”? რამდენად შესაძლებელია, რომ ონეგინის ტატიანა – პირველი ბავშვი რუსულ ოჯახში – დაბადებულიყო, როგორც ამტკიცებდა ვ. ნაბოკოვი, 1803 წელს, მშობელთა ჯვრისწერიდან მეშვიდე წელს, რასაც ადგილი ჰქონდა არაუგვიანეს 1796 წლისა (ამას მოწმობს საბრიგადო ჩინი დიმიტრი ლარინის საფლავის ქვაზე, ეს ჩინი გაუქმებულ იქნა 1796 წ; ანუ ტატიანას მშობლები დაქორწინდნენ ამ თარიღამდე)?… შეიძლება თუ არა, 1820 წელს აჟღერებულიყო ნევის ნაპირებზე სასაყვირო მუსიკა, მაშინ, როდესაც რუსეთში ერთადერთმა სასაყვირო შერემეტიევის ორკესტრმა არსებობა შეწყვიტა 1812 წ…. გარდა ამისა, ყველა ნაწარმოები, რომელსაც ტატიანა კითხულობდა, რუსეთის წიგნის დახლებზე გაჩნდა 1812 წლის ომამდე… აღწერილ ეპოქას უფრო ზუსტად ათარიღებს ზარეცკის ბიოგრაფია, რომელიც პარიზში მოხვდა არა როგორც 1812 წლის გამარჯვებული, არამედ როგორც ,,პატიმარი” – ანუ, 1805 წელს აუსტერლიცთან დამარცხების შემდეგ. მაშასადამე, ის შეიძლება ყოფილიყო სეკუნდანტი ლენსკის დუელზე არაუგვიანეს 1812 წლისა.

მორიგ სიურპრიზს გვთავაზობს ონეგინის დათარიღება (,,ამრიგად, იმ დროს ოდესაში ვცხოვრობდი…”; რომანის კორპუსში ეს უკანასკნელი სტრიქონია). სრულად სანდოდ ითვლება, რომ გმირმა იმოგზაურა ოდესაში ლენკისთან დუელის შემდეგ, მაგრამ რომანის პირველი თავი შეიცავს მკაფიო მითითებას, რომ ოდესა ონეგინმა მოინახულა ბევრად ადრე (LI-LII – სტროფები) – ჯერ კიდევ მოხუცი ბიძის გარდაცვალებასა და სოფელში წასვლამდე (მეორე თავის მესამე სტროფით ეს მოვლენა ზუსტად თარიღდება 1808 წლით). ანუ, ჯერ იყო მოგზაურობა, რომლის დროსაც მოხდა მამის გარდაცვალება, შემდეგ გარდაიცვალა ბიძა და მარტო ამის შემდეგ იწყება ფაბულის ,,ძირითადი” მოქმედება (,,Мой дядя самых честних правил…”).

დასაშვებია კი, რომ რომანის შინაარსის ჩვენი მცდარი შეფასებები ავიყვანოთ დადგენილი ფაქტების რანგში, რომელიც ახასიათებს პუშკინის შემოქმედებით კრედოს, თუ, როგორც აღმოჩნდა, დღემდე ჩვენ არ შეგვიძლია დავადგინოთ რომანის არქიტექტონიკა და მასში აღწერილი მოვლენების თანმიმდევრობაც კი?

შემდგომ, ლიტერატურის ისტორიაში დამკვიდრდა ანეკდოტი იმის თაობაზე, რომ დაასრულა რა რომანის მერვე, დამამთავრებელი თავი, პუშკინმა გამოხატა თავისი ერთგვარი გაკვირვება იმის თაობაზე, რომ ტატიანამ უარი უთხრა ონეგინს. ეს ლეგენდა მოჰყავთ იმას საილუსტრაციოდაც კი, რომ მხატვრული სახე ვითომდა ცხოვრობს ,,საკუთარი მხატვრული ლოგიკის” შესაბამისად და არ ემორჩილება ავტორის ,,თვითნებობას”. მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ტატიანას ეს ,,მოულოდნელი” საქციელი პუშკინს ჩაფიქრებული ჰქონდა რომანზე მუშაობის დაწყებისთანავე. მითითება ამ ვითარებაზე ჩართულია რომანის ეპილოგში, სადაც აღწერილია, თუ როგორ მოაქვს ,,ევგენი ონეგინის” მოხუცებულ ,,ავტორს” თავისი ოპუსი პუშკინის – ,,გამომცემელთან”. და ყველაზე საინტერესო იმაში კი არ მდგომარეობს, რომ რომანის პროლოგი (,,ონეგინის მოგზაურობა”) პუშკინმა გამოაქვეყნა მარტოოდენ 1833 წელს, ბოლო თავის გამოსვლის შემდეგ, სიტყვა ,,დასასრულის” შემდეგ, არამედ იმაში, რომ ეპილოგი გამოქვეყნდა 1825 წლის დასაწყისში, პირველი თავის წინ და მასთან ერთიანი გარეკანით!

პოეტის ასეთი ნაბიჯი თხზულებათა კრებულის რედაქტორებმა ვერ გაიგეს, მათ შორის აკადემიურმა, და გამოაქვეყნეს ის რომანისგან ცალკე, 1824 წლის ლექსებს შორის. ამ ეპილოგის შინაარსიდან, რომელიც წინ უსწრებს რომანის პირველ თავს, აშკარად გამოსჭვივის დაბერებული, მარტოხელა და დაკარგულ სიყვარულზე დადარდიანებული ონეგინის ბედი.

რომან ,,ევგენი ონეგინის” ეპილოგი – ეს არის ყველა ჩვენგანისთვის კარგად ცნობილი (ასეა კი?!) ,,საუბარი წიგნის გამყიდველსა და პოეტს შორის” და მისი დამამთავრებელი ავტორის ,,საძულველი პროზა”: ,,თქვენ სავსებით მართალი ხართ. აი ჩემი ხელნაწერი. შევთანხმდეთ” წარმოადგენს კიდეც ა. ს. პუშკინის რომანის ,,ევგენი ონეგინის” ნამდვილ დასასრულს. ადვილია დავინახოთ, რომ ასეთი რეალიების გამოსავლენად არ არის საჭირო არავითარი თეორია, საჭიროა, უბრალოდ, ყურადღებით წავიკითხოთ ტექსტი, და მაშინ სრულიად აშკარა გახდება, რომ საყოველთაოდ მიღებულ ინტერპრეტაციაში დარღვეულია არა მარტო ფაბულის მოვლენების დატირება, არამედ მოვლენების თანმიმდევრობაც კი. თეორია საჭიროა სხვა რამისთვის -კომპოზიციის იმ ელემენტების გამოსავლენად, რომლებიც ქმნიან მსგავს ეფექტს, და რომელთა არსებობის გაცნობიერება ყველაფერს თავის ადგილზე აყენებს. ანუ თეორია აუცილებელია იმისთვის, რომ მოხდეს სტრუქტურული ელემენტების ერთიან ,,კოორდინატთა სისტემაში” აღწერა იმ სახით, როგორც ისინი გამოვიდნენ ავტორის მხატვრული ჩანაფიქრის მიხედვით.

თუ ერთად შევაგროვებთ ყველა წინააღმდეგობას თითოეული ცნობილი ნაწარმოების მიხედვით, თავისთავად გამომდინარეობს დასკვნა, რომ: ან შექსპირი, პუშკინი და ბულგაკოვი სრულებითაც არ არიან გენიოსები, ან ეს ნაწარმოებები არ მიეკუთვნება მათ კალამს. საკითხის ასეთი დაყენება ამ სახით უკვე შეიცავს აშკარა პასუხს: ნაწარმოების კორპუსში არსებობს მთხრობელი როგორც სრულუფლებიანი პერსონაჟი, რომელიც რაღაც მიზეზით ამახინჯებს აღწერილი მოვლენების არსს. ეს (და მხოლოდ ეს) ქმნის მენიპეის – რთული შინაგანი სტრუქტურის მქონე ნაწარმოების ფენომენს. ფაბულაში სერიოზული წინააღმდეგობების, შეუსაბამობების და თხრობის სტილის შეუთანხმებლობების არსებობის ფაქტი სწორედ მოწმობს ,,შინაგანი ავტორის” არსებობას, რომელიც, თავისი ფსიქოლოგიიდან, წერის ოსტატობისა და პირადი მიკერძოების პოზიციიდან გამომდინარე, (ყოველივე ეს წარმოადგენს მხატვრული გამოსახულების ობიექტს), უღმერთოდ აყალბებს აღწერილ მოვლენებსა და პერსონაჟების დახასიათებებს. ამიტომ ყველა შეუსაბამობა და წინააღმდეგობა სინამდვილეში წარმოადგენს სატიტულო ავტორის მხატვრულ ხერხს და მოწმობს იმაზე, რომ ის ფლობს კომპოზიციის უფრო მაღალ დონეს.

ნებისმიერი მენიპეის სტრუქტურის (შინაარსის) ანალიზი უნდა დავიწყოთ მთხრობელის პიროვნების დადგენით. იმ მიზეზების დადგენა, რომელთა გამოც ის ამახინჯებს მოთხრობილის შინაარსს (ანუ, მისი ინტენცია და ფსიქოლოგიური დომინანტა) არსებითად წარმოადგენს მენიპეის ანალიზის სტრუქტურულ საფუძველს. იმიტომ, რომ ეს ფაქტორები სხვა არაფერია, თუ არა მთხრობელის ხატის შიგთავსი; ვინაიდან ეს პერსონაჟი ყოველთვის არის მენი პეის მთავარი გმირი, მისი ხატი უსასრულოა ობიექტის მიხედვით. ხშირად ისეც ხდება, რომ ნაწარმოები, რომელიც ასეთი ,,შინაგანი ავტორის” მიერ იქმნება, თავისთავად წარმოადგენს ,,შინაგან მენი პეას” (,,ჰამლეტი“, ,,ჭირვეულის მორჯულება”, ,,ბელკინის მოთხრობები”, ,,ოსტატი და მარგარიტა”, ,,თეთრი გვარდია”), ეს კი, კიდევ უფრო ართულებს ნაწარმოების სტრუქტურას, ანიჭებს მას ვეებერთელა რომანულ სიღრმეს. (პირველად კონსტრუქცია ,,მენიპეა მენიპეაში” გამოიყენა შექსპირმა თავისი რომანის ,,ჭირვეულის მორჯულების” (1594 წ.) და ,,ჰამლეტის” – 1602-1603 წ. შექმნისას. უფრო დაწვრილებით ამ საკითხებზე შეიძლება წაიკითხოთ ჩემს ნაშრომში: ,,ჰამლეტი”: შეცდომების ტრაგედია თუ ავტორის ტრაგიკული ბედი?”)

თარგმნა თამარ ბერეკაშვილმა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s