თამარ ტალიაშვილი _ ტექსტის გაგების სტრატეგიები


მხატვრული ტექსტის გაგების პრობლემა ფილოლოგიის საფუძველს წარმოადგენს. ს.ს. ავერინცევის ცნობილი განმარტებით – „ფილოლოგია გაგების სამსახურია“. მხატვრული ტექსტი მოიცავს აზრთა უსასრულო სიღრმესა და ინტერპრეტაციის ამოუწურავ შესაძლებლობებს, რაც მისი წაკითხვისა და კვლევის უამრავ ხერხს ბადებს. დღეს-დღეობით ტექსტის წაკითხვა განსხვავებული პრინციპებითაა შესაძლებელი. მაგალითად, სტრუქტურალისტური პოზიციებიდან: ბინარული ოპოზიციების გამოყოფითა და სტრუქტურის აღმოჩენით, „ფორმალური“ მხარის გაანალიზებით და ა.შ. ტექსტი შესაძლოა დაექვემდებაროს დეკონსტრუქციას და წაკითხულ იქნას, მხოლოდ როგორც წინააღმდეგობრივი, „ღია“, დაუსრულებელი, აღქმულ იქნას, როგორც მკვდარი კულტურების „სასაფლაო“, რომლებიც „კვალად“ ტოვებენ საკუთარ „არყოფნას“. კვლავ აქტუალური გახდა სხვადასხვა ჰერმენევტიკული პრაქტიკა: შუასაუკუნეების პრაქტიკიდან, ნაწარმოების რომანტიკული სუბიექტური განცდიდან, მკითხველის ტექსტისადმი კონგენიალურობის მოთხოვნიდან, ავტორის პიროვნების, მისი ფსიქოლოგიისა და შინაგანი სამყაროს ემოციური და ინტუიციური წვდომიდან დაწყებული, დამთავრებული გ.გ. გადამერის, პ. რიკერისა და სხვათა ჰერმენევტიკის საფუძველზე აღმოცენებულ თანამედროვე კონცეფციებამდე. ლიტერატურული ნაწარმოებები შესაძლოა განვიხილოთ მხოლოდ მითოლოგიზაციის თვალსაზრისით, ტექსტი შესაძლოა სრულიად გაქრეს წაკითხვისას, დაიკარგოს ტექსტთაშორისი კავშირების უსასრულობაში. ტრადიციული ლიტერატურათმცოდნეობა ნაწარმოების გაგებისათვის ისტორიულ პოეტიკას მიმართავს; ნაწარმოებს იკვლევს ჟანრობრივი ტრადიციების ასპექტში, ამა თუ იმ ლიტერატურული მიმართულების, ეპოქის სულიერი ცხოვრების კონტექსტში, და ა.შ. ეს ძირითად მიდგომათა მხოლოდ ნაწილია. ამავდროულად, თანამედროვე ფილოლოგიური აზროვნებისთვის რეფლექსია ლიტერატურაზე არ შეიძლება იყოს დაყვანილი ერთ რომელიმე თეორიამდე – პირიქით, ის წარმოადგენს განსხვავებულ სკოლათა და მიმართულებათა უწყვეტ კამათს ლიტერატურათმცოდნეობის ამოსავალ ცნებებსა და საფუძვლებზე. ცნობილი ფრანგი მეცნიერის ა.კომპანიონის აზრით, ლიტერატურათმცოდნეობის ყველაზე საკამათო საკითხია ავტორისა და ტექსტის ურთიერთმიმართება, საკამათოა ავტორის ინტენციის გათვალისწინება აზრის განსაზღვრისას. „ლიტერატურის თეორია გვაძლევს რელატივიზმის გაკვეთილს, და არა პლურალიზმისა; სხვაგვარად რომ ვთქვათ, განსხვავებული პასუხები შესაძლებელია, მისაღებია, მაგრამ შეუთავსებელი, ისინი ვერ თავსდებიან ერთიან და სრულყოფილ წარმოდგენაში ლიტერატურაზე, ურთიერთგამორიცხავენ ერთმანეთს, ასახელებენ და ახასიათებენ რა ლიტერატურად ერთსა და იმავეს; მათში განიხილება არა ერთი და იმავე ობიექტის განსხვავებული მხარეები, არამედ განსხვავებული ობიექტები.“ ძველი ან ახალი, სინქრონია ან დიაქრონია, შინაგანი ან გარეგანი – ყველაფერი ეს ერთდროულად შეუძლებელია. ლიტერატურის კვლევაში „მეტი ნიშნავს ნაკლებს, ამიტომ გვიხდება არჩევანის გაკეთება“, – წერს ა. კომპანიონი. ამგვარად, ჩვენ არ შეგვიძლია განსხვავებულ მიდგომათა არც შეფასება, არც ერთმნიშვნელოვანი არჩევანის გაკეთება რომელიმე მათგანის სასარგებლოდ…ამ ჩიხიდან გამოსავალს გვთავაზობს ვ.ს. ბიბლერის კულტურის ფილოსოფიური ლოგიკა. მისი აზრით, ეს მრავალსახეობა, საფუძველთა მუდმივი განსჯა – თანამედროვე გონების კრიზისის მაჩვენებელი კი არ არის, არამედ მისი არსობრივი თვისებაა. თანამედროვე გონებისათვის დამახასიათებელი გაგება დიალოგურია, ე.ი. ხორციელდება როგორც გაგებათა განსხვავებული ტიპების დიალოგი. ბიბლერის მიხედვით, ლიტერატურის ჭეშმარიტი გაგება შეიძლება აიგოს, როგორც დიალოგი განსხვავებულ თეორიათა და დისკურსთა შორის: თეორეტიკოსის, კრიტიკოსის, კომენტატორის. სწორედ დიალოგი, და არა მექანიკური შეჯამება, ვინაიდან გაგების ეს ხერხები უპირისპირდებიან ერთმანეთს საგნის არსზე განსხვავებული წარმოდგენების გამო. ამ დიალოგში გაგების განსხვავებული ტიპები და მეთოდები პრობლემატურად აქცევენ ერთმანეთს, გამოკვეთენ საკუთარ საფუძვლებს. ეს საკითხი განსკუთრებით აქტუალურია თანამედროვე სასკოლო ლიტერატურულ განათლებაში, რომლის მიზანია, საშუალო სკოლის მოსწავლეებში ესთეტიკური გემოვნების და მასთან დაკავშირებული განსაკუთრებული უნარის – ტექსტის გაგების უნარის განვითარება და არამხოლოდ მხატვრული ტექსტების, არამედ ფილოსოფიური ლიტერატურის, სამეცნიერო სტატიებისა და სხვა ტექსტების გააზრებული კითხვისა და შეფასების უნარი. გარდა ამისა, თუკი იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ჩვენი მოზარდების უმეტესობას არა აქვს ლიტერატურის კითხვის მოთხოვნილება და არ ესმის, თუ რისთვის არის ეს საჭი რო, სკოლის ამოცანაა ამ მოტივის ფორმირება. საჭიროა იმის გააზრება, რომ საგანს შეიძლება შევხედოთ განსხვავებული კუთხით, რომ არსებობს საგნის გაგების განსხვავებული ლოგიკა, რაც თავისთავად მნიშვნელოვანია იმ იდეის ჩამოსაყალიბებლად, რომელსაც კ. ს. ბიბლერი უწოდებდა „დიალოგურს“ და XXI საუკუნის ადამიანისათვის საკვანძოდ მიიჩნევდა.

ამ ნაშრომში ჩვენ გვინდოდა განსასჯელად გამოგვეტანა ზოგიერთი მოსაზრება ლიტერატურული განათლების შესახებ სკოლაში. საუბარი იქნება, უპირველეს ყოვლისა, ლიტერატურული ნაწარმოების გააზრებული სწავლების სტრატეგიებზე. გამომდინარე თეორიული მოცემულობიდან, ჩვენი აზრით, შეიძლება გამოიყოს მხატვრული ტექსტის გააზრების ორი პრინციპულად განსხვავებული ტიპი, რომელიც შეესაბამება ორ პოზიციას: დავარქვათ მათ პირობითად „მკითხველისა“ და „თეორეტიკოსის“ პოზიციები.

მკითხველისათვის ყოველი ნაწარმოები უნიკალურია და განუმეორებელი, ის ვერ ეტევა ვერავითარ (ჟანრით, ეპოქით) წინასწარ მოცემულსქემაში. ის აღიქვამს ტექსტს როგორც ნაწარმოებს, როგორც პირადად მისთვის განკუთვნილ სათქმელს და ცდილობს გაიგოს, განმარტოს ეს სათქმელი. ის „ტკბება ჰარმონიით“ და ითავისებს აზრობრივ კოლიზიებს და იმავდროულად ქმნის ახალ ტექსტს. სწორედ „მკითხველს“ (და არა „თეორეტიკოსს“) შეუძლია „ღვაროს ცრემლი მოგონილზე“, განიცადოს „შიში და ტანჯვა“, ე.ი. შეუძლია შეიმეცნოს და განიცადოს სამყარო, რომელიც მწერლის ფანტაზიის ნაყოფია, ცოცხალივით აღიქვას მწერლისმიერ მოგონილი პერსონაჟი. კარგი „მკითხველის“ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თვისებაა განვითარებული წარმოსახვა და ემპათიის უნარი. კარგ მკითხველს შეუძლია დაინახოს“ დაბინდული ქლიავისფერი მთები,“ ყურძენი, რომელიც „უძველეს ბრძოლას წააგავს“, ან გზა, რომელსაც მიუყვება ნახევრადმძინარე შარლ ბოვარი განთიადისას ემასთან პირველიშეხვედრის წინ, შეუძლია ემა ბოვარის თვითმკვლელობის სცენის კითხვისას შეიგრძნოს დარიშხანის გემო ტუჩებზე.

„თეორეტიკოსს“, უპირველეს ყოვლისა, აინტერესებს ჟანრის, ისტორიული ეპოქისა, ან მთლიანობაში, ლიტერატურის, პოეტიკის ზოგადი კანონები. ინდივიდუალური მას აინტერესებს როგორც ზოგადის ვარიაცია. ტექსტის გაგება „თეორეტიკოსისათვის“ ნიშნავს, აღმოაჩინოს, როგორ ვლინდება კონკრეტულ ტექსტში ავტორისათვის, ჟანრისათვის, ან ეპოქისათვის დამახასიათებელი ტექსტის ორგანიზაციის წესები, აზრის მექანიზმი, მსოფლმხედველოობრივი მოტივები და ა. შ. ტექსტის ანალიზს ის უდგება საკუთარი ხერხებით, გაგების გარკვეული სქემების გამოყენებით. „თეორეტიკოსს“ შეუძლია გაემიჯნოს „მკითხველისათვის“ დამახასიათებელ საკუთარ ემოციებს. არსობრივად „მკითხველისა“ და „თეორეტიკოსის“ პოზიციები ურთიერთგამომრიცხავია. რომანში ჩვენ ვხედავთ ან უნიკალურ ისტორიას, ან ცნობილი ლიტერატურული მოტივების ჯაჭვს. იმავდროულად, ეს პოზიციები შინაგანად მიისწრაფიან ერთმანეთისაკენ. მკითხველის სუბიექტურობა ხორციელდება მეტაფორების, გამჭოლი მოტივების, სიუჟეტების კონფლიქტებისა და ტექსტის სხვა ელემენტების სუბიექტური განმარტებით, მაგრამ იმისათვის, რომ მოსწავლემ შეიმეცნოს, გამოყოს ეს ელემენტები, უნდა ფლობდეს თეორიულ ცნებებს. იმისათვის, რომ გაიაზროს ტექსტი, როგორც პირადად მისკენ მიმართული ავტორის გამონათქვამი, მკითხველმა უნდა შეისწავლოს ნაწარმოების ენა, ე.ი. დაიკავოს თეორეტიკოსის პოზიცია. ასევე პირიქით, თეორეტიკოსი ხდება ის, ვინც ცდილობს თეორიულად გაიაზროს მკითხველის ინტუიცია. „მკითხველი“ და „თეორეტიკოსი“ ეკამათებიან ერთმანეთს და საჭიროებენ ერთმანეთს. ჩვენი აზრით, უფრო ზუსტი იქნებოდა ვისაუბროთ არა „შერწყმაზე“, არამედ განვითარებული მკითხველის ცნობიერებაში ამ პოზიციათა ურთიერთშევსებაზე. ამგვარად, თუ ვაღიარებთ მოსწავლეების მიერ თეორიულ-ლიტერატურული ცოდნის ათვისების მნიშვნელობას,* პრობლემური ხდება, თუ როგორ აითვისებენ მას. თანამედროვე თეორიული აზროვნება აგებულია როგორც აღმასვლა აბსტრაქტულიდან კონკრეტულისაკენ, ზოგადიდან კერძოსაკენ. შინაარსობრივი განზოგადების გზით გამოიყოფა „საწყისი მიმართება“, რომელიც განსაზღვრავს საგანს, აყალიბებს „ზოგად ცნებებს“, შემდეგ ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ის ივსება კონკრეტული შინაარსით. ამგვარ „ზოგად ცნებად“ მკვიდრდება „თვალსაზრისი“, რომელიც საშუალებას იძლევა, დამყარდეს ურთიერთობა ავტორსა და ნაწარმოებში აღწერილ მოვლენებს შორის.

თანამედროვე ლიტერატურათმცოდნეობაში კვლევების მთელი მრავალფეროვნების, უნივერსალობის, და უდავო აუცილებლობის მიუხედავად, მხატვრულ ტექსტში აზრის წარმოქმნისა და მისი ინტერპრეტაციის შესწავლასთან დაკავშირებული პრობლემები კვლავ გადაუჭრელი რჩება. თანაც, ტექსტების უმრავლესობა „მოუხელთებელია“ კვლევის მეთოდიკებისა და კონცეფციებისათვის, არ ესადაგება წაკითხვის არც ტრადიციულ და არც ნოვატორულ ხერხებს. არსობრივად, ეს გასაგებიცაა, ვინაიდან მხატვრული ნაწარმოების ბუნება ამოუწურავია და მისი დაყვანა რაციონალურ ფორმულირებებამდე შეუძლებელია. ამგვარად, თანამედროვე ფილოლოგიასა და მეთოდიკაში აქტუალური გახდა კითხვის ახალი სტრატეგიების კვლევა. ამას საფუძვლად უდევს პოეტიკის შესწავლა აზრის თვითწარმოქმნის თვალსაზრისით, რომელიც ყალიბდება მხატვრული ნაწარმოების კონტექსტში და გამოიყენება მკითხველის მიერ ტექსტის ანალიზისა და გაგებისათვის. მნიშვნელოვან ფაქტორად, რომელიც განაპირობებს წაკითხვის სტრატეგიების ძიებას თავად ტექსტში და გვიჩვენებს მისი გამოყენების ეფექტურობას, განსაკუთრებით, პედაგოგიურ პრაქტიკაში, გვევლინება თხრობის ენიგმატიზმი, ე.ი. სხვადასხვა „უცნაურობები“, „შეფერხებები“ სემანტიკურ სტრუქტურაში, ტექსტის აზრობრივი ქსოვილის „’წყვეტები“ და ა.შ. ფსიქოლოგიაში ცნობილია, რომ „გაუგებარი“ განაპირობებს ესთეტიკური კომუნიკაციის შეჩერებას და თავად მკითხველის აზრის წარმოქმნის რეფლექსიის დაწყებას, ჰერმენევტიკული ინტერესის გაჩენას. იმავე ფუნქციას ასრულებენ აზრის განსხვავებული სტილისტური ფიგურები, რომლებიც მოწოდებულია, რათა ჩართონ პარასემანტიკაზე (შემთხვევით ასოციაციებსა და მათ რეფლექსურ შერჩევაზე) გადასვლის პროცესი. ამგვარი ფიგურები (ეტიმოლოგიური, წრიული განსაზღვრებები და ა.შ.) ფილოსოფიური ტექსტების მაგალითზე აღწერილია ო.ბ. ვაინ- შტეინის მიერ (ვაინშტეინი, 1994) გამოკვლევაში „რომანტიკული აზრი ენაში“. მაგრამ ფიგურები, რომლებიც ასრულებენ იმავე ფუნქციას, გვხვდება მხატვრულ ნაწარმოებებშიც და მათი კვლევა ასევე მეტად აქტუალურია. ასეთივე კატეგორიას განეკუთვნება კონტექსტისათვის გაურკვეველი შედარებები, მკითხველისათვის უცნობი სახელები და ა. შ.

სასწავლო პროგრამების ლიტერატურის თეორიითა და ისტორიით გადატვირთვა კიდევ ერთი პრობლემაა, რომლის წინააღმდეგაც გამოდის ,,საპასუხო კრიტიციზმის“სკოლა(ლ. როზენბლატი,დ. პრობსტი). მიიჩნევენ, რომ ავტორის განზრახვა, ბიოგრაფიული ფაქტები, ფორმა და სხვა ლიტერატურული შეხედულებები შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს, მაგრამ ყველაფერი ეს არის მხოლოდ ნაწილი მკითხველის მიერ შექმნილი მნიშვნელობების ერთი დიდი მოზაიკისა. მათი აზრით, მასწავლებელი ხდება მრჩეველი, დამხმარე, რომ მოსწავლეებმა წარმართონ საკუთარი აზრები და შექმნან საკუთარი მნიშვნელობები.

აზრის წარმოქმნა ყოველთვის მჭიდროდ არის დაკავშირებული ტექსტის წარმოქმნასთან. ჰერმენევტიკული რეფლექსია, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მიმართულია მთლიანი ტექსტის შემეცნებისაკენ, არასოდეს არის ყოვლისმომცველი. ის ყოველთვის ახდენს ოპერირებას ფრაგმენტებით, ან დეტალებით, რის შედეგადაც, ქმნის ტექსტს ტექსტიდან, ტექსტს ტექსტში და ახდენს მის ინტერპრეტირებას. მკითხველი მისდევს შინაარსს და უღრმავდება „არაავტორისეულ“ ტექსტებს ტექსტში, რომლებსაც არა აქვთ „ჩართული“ ტექსტისა და „მონათხრობის“ საერთო ნიშნები. ამგვარი „ტექსტების“ გამოყოფის პრინციპი სემიოტიკურია (გაორმაგებული სემიოტიკა სამყაროს შიგნით, გამოხატული სიტყვით სიტყვაში), „ეს შესაძლოა იყოს ტექსტი სიცოცხლისშემოქმედი ან სივრცობრივი, პიროვნებისა ან სახელის, თეატრალიზებული ან ზმანებისეული და ა.შ.“ ეს ტექსტი (ტექსტში) იქმნება „აღმქმელის ცნობიერების მიერ წაკითხვისა და ინტერპრეტაციის სტრატეგიების შესაბამისად ტექსტის სივრცეში განფენილი ფრაგმენტებისაგან დომინირებადი აზრობრივი ცენტრის (აზრთა თავისებური „შეკავშირების წერტილის“) ირგვლივ და იძენს სრულიად კონკრეტულ მახასიათებლებს. ახალი მასალის მოზიდვისას ამ ტექსტს (ტექსტში) შეუძლია, „შეცვალოს პარამეტრები“ – გაფართოვდეს, გაღრმავდეს, ნაწილობრივ გარდაისახოს აზრის წარმოქმნის ინვარიანტის საფუძველზე), გაამრავლოს ინტერპრეტაციები.“ ტექსტის გააზრების ეს მე- თოდოლოგია პედაგოგისგან მოითხოვს ინტერპრეტირებად მხატვრულ ნაწარმოებში მიმდინარე აზრისა და ტექსტის წარმოქმნის პროცესების განუყოფელ მთლიანობად განხილვას, რისთვისაც იგი მიმართავს მხატვრული ტექსტის წაკითხვისა და ინტერპრეტაციის სტრატეგიას აზრის წარ მოქმნის დომინანტის საფუძველზე. თავად ეს დომინანტები მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან, თითქმის ერთი მეორეში გადადის: სახელი – მოდელი – მოტივი (პერსონა – სივრცე – მოვლენა). ვფიქრობთ, სახელი – მხატვრული პრაქტიკის ყველაზე არქაული, სტატიური და სინთეტური (მითოლოგიური) ფორმა – შესაძლოა, საფუძვლად დაედოს არაერთ მომდევნო სტრუქტურას. გაცილებით ლოგიკურია სახელთა პოეტიკიდან (სახელების წაკითხვიდან) გადასვლა მოდელზე (მის კავშირზე სივრცობრივ წარმოდგენებთან), და მხოლოდ შემდეგ მოტივზე (მის კავშირზე მოვლენასთან). სამივე ცნება მჭიდროდ არის დაკავშირებული ერთმანეთთან და შესაძლოა განვიხილოთ, როგორც „შეკვეცილი“ მოტივი. ი. მ. ლოტმანის აზრით, მოტივი შესაძლოა უკავშირდებოდეს ხატების სივრცობრივ ტიპს (ლოტმანი, 1975). გავიხსენოთ ტერმინები „ნაწარმოების ანთროპონიმური სივრცე“, „თხრობითი სივრცე“ თანამედროვე ლიტერატურათმცოდნეობაში.

რ. ბარტის მოსაზრება, რომ ტექსტი არის ინტერტექსტი და ძველი ციტატებისგან შექმნილი ახალი მხატვრული ქსოვილია, შეიძლება მივიჩნიოთ ერთგვარ ბაზისურ პოსტულატად, რომლის საფუძველზე შევეცდებით ქართულ ლიტერატურაში მოძიებული, გარკვეულწილად, მყარი ქსოვილის სახით ჩამოყალიბებული მხატვრული სახეების ინტერპრეტირებას. მიმართებების ჩამოყალიბებისას, ვეფუძნებით ტექსტს, როგორც ეპოქისაგან მოწყვეტილი თვითნებით სტრუქტურას და პროეცირებას ვახდენთ სწორედ ამ კუთხით. ამ მხრივ, განსაკუთრებით მდიდარ მხატვრულ-სახეობრივ ფონს წარმოშობს ვაჟას პოემების პროეცირება მითოლოგიზებულ სიუჟეტებზე.

სამყარო, როგორც ქაოსი, მოცავს ორმაგ განზომილებას- დრო-სივრცულ კონტინუუმს, ერთგვარ განფენილობას, სადაც კონდენსირდება ურთიერთობა გმირებს შორის და ამ ურთიერთობათა განვითარება დროში. ალუდა ქეთელაურისა და მუცალის, ჯოყოლასა და ზვიადაურის შეხვედრა გარკვეულწილად ეხმიანება ამ საკითხს. საკრალური ველი, რომელიც ამ გმირებს შორის სულიერი კავშირის ჩამოყალიბების არეალია, წარმოდგენილია მაგიურ წრედ, რომლის წიაღშიც ადამიანის სული შიშვლდება და აღქმა პროეცირებულია არა გარეგნულ ნიშნებზე, არამედ სულიერ საწყისზე. შესაბამისად, სივრცე წარმოდგენილია, როგორც მიწიერ განზომილებაზე ზეამაღლებული სამყოფელი.

„სტუმარ-მასპინძელში“ ქისტების სოფელი – „სალის კლდეების ტახტითა“, ,,ალუდა ქეთელაურში“ ნახსენები ,,ახლები“ („ახლებო, სისხლი გიფუით“) და „ბახტრიონში“, XI თავში ჩამოყალიბებული უგრძნობი სამყაროს შინაგანი ბუნება, რომელიც განმარტოებულია, როგორც აღსაყდრებული „სალის ყინულის ტახტზედა“ – ერთიანი შრის მომცველი ფსევდოსამყაროს ერთგვარი ხატია.

ვაჟა თავისი პოემების მითოსურ წიაღში ქმნის გარკვეული, სულიერი სიწმინდისაგან გაძარცვული პოტენციალის საუფლოს. თუ პირველი და მესამე მაგალითი ლექსიკურ ფონზე (სახელებით) აყალიბებს გარკვეულ პარალელს, ანალიზს საჭიროებს მინდიას მიმართვა შატილელებისადმი. როგორ უნდა გავიაზროთ „ახლების“ არსი, თუკი მათ შორის ვხედავთ უშიშსაც. ასეც რომ არ იყოს, ახალგაზრდები ვერ გაბედავდნენ ალუდას შეურაცხყოფას. ახლებში უნდა მოვიაზროთ ახალი ცნობიერების მატარებელი საზოგადოება. საზოგადოება, რომელიც დაფუძნებულია გარკვეულ არეალზე, რომლის ცნობიერებაც მოწყვეტილია ღვთაებრივ სიბრძნეს, ანუ, როგორც ავტორი აღნიშნავს – „ახალია“.

სამივე მონაკვეთი სივრცული მახასიათებელია იმ გარემოსი, სადაც მოქმედება ხდება. მითოსური შრე ძალიან მკაფიოა ვაჟას პოემებში. „ალუდა ქეთელაურსა“ და „სტუმარ-მასპინძელში“ ხორციელი გმირების გვერდით სახლდებიან დევები; „გველისმჭამელსა“ და „ბახტრიონში“ – გველი, როგორც სიბრძნის განსხეულება, უდიდეს ზემოქმედებას ახდენს ადამიანის ცხოვრების წესზე.

ლუხუმისა და მინდიას ზიარებას ბუნებისმიერ სიბრძნესთან წინ უძღვის მიწიერი სამყაროს ორ განზომილებად დახლეჩა. სიბრძნის სამკვიდრო მხოლოდ იდეალური სულიერი წიაღის მქონე პიროვნებებს უხსნის კარს თავის საუფლოში, სადაც ყველას როდი შეუძლია შეღწევა. გმირი აღმოჩნდება ისეთ სამყაროში, რომელიც ნებისმიერი ხორციელისათვის მიუწვდომელია. სივრცის ამგვარი რეალიზაცია გარკვეულ კავშირშია დროსთან:

„ეღირსებაო ლუხუმსა
ლაშარის გორზე შადგომა“.

ავტორი მომავალში წარმოგვიდგენს გმირის დაბრუნებას. მომავალი სრულიად შეუზღუდავი და ამოუცნობი, განუსაზღვრელი და შეუცნობია. თუკი წარსული გარკვეულ კვალს ტოვებს ცნობიერებაში წარმოსახვითი კადრებისა და შეგრძნებების სახით, უკვე წარსულის კუთვნილებაა, მომავალი სრული აბსტრაქციაა, ანუ დრო, როდესაც შეიძლება განხორციელდესპატიება ჩადენილი დანაშაულის გამო (ბახტინი). მეხსიერება წარსულსუკავშირებს გარკვეულ სივრცეს, მომავალი კი ამ თვალსაზრისით სრულიად განყენებულია, ამიტომ სიმულაცია ამ მიმართულებით უფრო თვალსაჩინოა.

დრო-სივრცულ კონტინუუმში უნდა განვიხილოთ სიზმართა სამყარო. ალუდას სიზმარი, ისევე, როგორც ლელასა და კვირიას სიზმარი, ერთგვარი ღვთითავსილობაა, იმ თვალსაზრისით, რომ გმირები წინასწარ განჭვრეტისა და სიღრმისეული შეცნობის უნარით ხასიათდებიან. მნიშვნელოვანია, რა დატვირთვას აძლევს ამას შემოქმედი. მისი აზრი კი ცალსახად იკვეთება პოემებში -ვაჟას გმირებისათვის სიზმარში ხორციელდება კათარზისის ფუნდამენტირება, შესაბამისად, ეს არის აბსოლუტური სიბრძნით, ანუ ღვთაებრივი სიბრძნით აღვსების იდეალური ფორმა, რომელსაც შეიძლება ეზიაროს უბრალო მოკვდავი.

ზღაპარი, მითი თავისთავად ასახავს სიმულაციურ ელემენტებს, უფრო მძაფრადაც კი, ვიდრე უშუალოდ ტექსტი, როგორც გამონაგონი. ავტორი სრულიად მოწყვეტილია რეალობას, მაგრამ რაკი ათვლის წერტილსმაინც ის წარმოადგენს, ანუ არეკვლა მისი ზედაპირიდან ხდება, შეუძლებელია უგულებელვყოთ მასთან ინტერტექსტუალური კავშირის საფუძველზე ჩამოყალიბებული ჰიპერრეალობა, რომელიც ავტორისეულ ღირებულებებზეა პროეცირებული.

ძნელი სათქმელია, რამდენად შეიძლება მივიჩნიოთ პრეტექსტად ვაჟას ქმნილებებში პროეცირებული გარკვეული მიმართებები, მაგრამ ინტერტექსტუალურ ჭრილში განხილვის შესაძლებლობა აშკარად გვეძლევა.

„სტუმარ-მასპინძლის“ ის მონაკვეთი, როდესაც აღაზას სინანულის ჟამს მიცვალებულთა სულები მოსდევენ, ძალიან ჰგავს ძველ ბერძნულ მითს, როდესაც მიცვალებულთა მოვლინებას ჰადესიდან წინ უძღვის ცოცხალთა სინანული. ეს ერთგვარი პრეტექსტია.

განსაკუთრებით საინტერესოა ჩრდილო-ევროპული ეპოსის ერთგვარი ინვარიანტები – „გველისმჭამელი“ და „ალუდა ქეთელაური“.უნდა აღინიშნოს, რომ მკლავის მოკვეთის მთავარი არსი მდგომარეობდა საიქიოში მტრის უხმლოდ, ანუ შერცხვენილი პირით გასტუმრებაში. თუ არ ჰქონდა მარჯვენა, ხმალსაც ვერ დაიჭერდა. სკანდინავიური ვალჰალა იყო საიქიო, სადაც გმირები ხმალამოწვდილნი მიემართებოდნენ.

კიდევ ერთი ინვარიანტი – „გველისმჭამელის“ გმირი – მინდია შეჭამს გველის ხორცს და და სიბრძნით აღივსება. „სიმღერა ნიბელუნგებზე“ მოგვითხრობს, რომ ზიგმუნდმა (ზიგფრიდმა) საოცარი უნარი შეიძინა, როცა ფაფნირის (გველეშაპის) სისხლით განიბანა. სხვა ვერსიით, მან ფაფნირის გული შეჭამა.

აშკარა ინტერტექსტუალურ მიმართებას ვხედავთ „ალუდა ქეთელაურში“. მინდია საყვედურობს თანამედროვეთ:

გულს ათრევინებთ გონებას,
თავს აჭრევინებთ ცულითა…
გული-დ გონება ძმანია“.

გავიხსენოთ ,,ვეფხისტყაოსნის“ 857-ე სტროფი:

,,გული, ცნობა და გონება ერთმანეთზედა ჰკიდიან;
რა გული წავა, იგიცა წავლენ და მისკენ მიდიან;
უგულო კაცი ვერ კაცობს, კაცთაგან განაკიდიან.“

„ავტორის ნიღაბი“ – პოსტმოდერნიზმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატი – განსაკუთრებით ფაქიზი დაკვირვების საგანია, რადგან მისი გარჩევა ავტორის კომენტარისაგან, ხშირ შემთხვევაში, გარკვეულ სიძნელეს უკავშირდება.

„სტუმარ-მასპინძელში“ აღაზას სიკვდილის სცენაში ვხვდებით საინტერესო სტრიქონებს:

„თავს ნუ იკლავო“! აბა, თუ
ერთმა ურჩიოს მაინცა.“

ამ ჩართვით ვაჟა მკითხველის ყურადღების მიქცევას, მის გამოფხიზლებას ცდილობს და თანაგრძნობისკენ მოუწოდებს. თითქოს ეშინია, არ აღმოჩნდეს მოუმზადებელი მკითხველის პირისპირ და მასთან კომუნიკაციური კავშირის აღდგენა სურს. ამასთან, გმირების აღდგენა სიკვდილის შემდეგ არის ბაზისური რეალობის – ,,აღდგომის“ -ერთგვარი დამახინჯება-სიმულაკრი.

„ავტორის ნიღაბი“ უფრო აშკარად იჩენს თავს ,,ბახტრიონის“ XVI თავში:

„- ვის მოგილოცოთ სახელი,
ვინა ხართ სახელიანი?“

ავტორი კომენტარს აღარ აკეთებს. მიმართავს უშუალოდ გმირებს, როგორც ერთ-ერთი პერსონაჟი.

განსაკუთრებით, საინტერესოდ მიგვაჩნია ალ. ყაზბეგის „ხევისბერ გოჩაში“ ძიძიას მხატვრული სახის ინტერპრეტაცია, როგორც ბოდრიარისეული სატყუარას ერთგვარი გამოვლინება.გავიხსენოთ, ცეკვის სცენა, რომელიც უსწრებს ძიძიას გამოჩენას ნაწარმოებში. აქ ქალი და მამაკაცი ერთგვარი რიტუალური თამაშის გმირებად გვევლინებიან. ეს წრე დროისა და სივრცის ვიწრო არეალში განასხეულებს საპირისპირო სქესთა მარადიულ ურთიერთლტოლვას, მაგრამ, იმავდროულად, ავლენს კონკრეტული სქესისათვის ნიშანდობლივ ქვეცნობიერ ინდივიდუალურ ნიშნებს. ალ ყაზბეგი შესანიშნავად აღწერს ამ სცენას: „აგერ მირბის მკრთალს არჩვსავით მოხევის რომელიმე შავთვალა ქალი. იმისი სახე სრულს შიშს გამოსთქვამს, რადგანაც არწივსავით მკლავებგაშლილი კაცი მისდევს თავის მსხვერპლს. ნაზი ქმნილება თანდათან დუნდება, კაცი ეწევა, აი წუთიც და გულში ჩაიკრავს შეშინებულს, ქედანსავით აკანკალებულ ქალს, მაგრამ მოლოდინი არ უმართლდება. ერთბაშად მარდად გატრიალებული ქალი ხელიდან ეცლება და მეორე მხარეს გამხტარი ფეხს ათამაშებს. გულდაწყვეტილი კაცი გასცქერის, ხედავს თავის მსხვერპლს მომხიბლავის ღიმილით და მოჟუჟუნე თვალებით, რომელნიც იმას იწვევენ, იპატიჟებენ და თითქოს ეუბნებიან: ,,დამიჭირე და მე გაგრძნობინებ სიცოცხლის სიტკბოებას!“

ქალი გვევლინება დაუცველ, მაგრამ დაუძლეველ ძალად, რომელიც მამაკაცს იმორჩილებს თავისი უსუსურობითა და მომხიბლავობით. „არც ერთ ქალს, არასოდეს დაუკარგავს ნებელობის ფუნდამენტური ფორმა, რომელიც ამავე დროს ცდუნებას ეჯაჭვება. სხეული, სიამოვნება, სურვილი, უფლებები – სხვა საქმეა. მაგრამ ქალი ყოველთვის იყო წყვდიადის, გაქრობისა და გაელვების მომხიბვლელი თამაშის წარმმართველი და აქედან გამომდინარე, ყოველთვის შეეძლო საკუთარი „გამგებლების“ უფლებების დაჩრდილვა.

არასოდეს ვხიბლავთ ძალით ან ძალისმიერი ნიშნებით. უფრო სისუსტით. ცდუნებისას მთავარი ამოსავალი სისუსტეა, რაც სწორედ ამგვარი თამაშისას იძენს ძლევამოსილებას“ (ბოდრიარი).

ცდუნება უკვდავია, ის იყო, არის და იქნება, როგორც სიკვდილი, ბედისწერა და სიცოცხლე. თამაში არასოდეს უნდა წყდებოდეს. ძიძია, როგორც „გაქრობის ესთეტიკა“, იკარგება დრო-სივრცეში, ერწყმის უსასრულობას,რათა მეორედ მოევლინოს ქვეყანას. ავტორი არაფერს ამბობს მისი აღსასრულის შესახებ. ის უდანაშაულოა, როგორც ბედისწერა, მოვლენები მისგან დამოუკიდებლად ვითარდება, ის სატყუარაა. ბოდრიარის აზრით, აცდუნო ნიშნავს, მოკვდე, როგორც რეალობა და დაიბადო სატყუარის სახით. ამ შემთხვევაში სუბიექტი მოჯადოებულ სამყაროში აღმოჩნდება.

ძიძია აღმოჩნდა მოჯადოებულ სამყაროში, მისი არსებობა ერთგვარი თვითნებობაა, რომელიც გამორიცხავს დანარჩენ სამყაროს. ამიტომაც ძიძია კონტაქტში არ შედის მის გარშემომყოფ ადამიანებთან. ის მთლიანად ჩაძირულია საკუთარ არსში და იხსნება მხოლოდ ონისესთან – კაცთან, რომელიც მის მიერ ცდუნდება.

საინტერესოა, რომ ძიძია არასოდეს ცრუობს. არ ცრუობს მაშინ, როდესაც საკურთხევლის წინაშე დგას. არც მაშინ, როდესაც გუგუა ცდილობს მის მხილებას.

ონისე ძიძიას მაცდურს უწოდებს, ის ხედავს საფრთხეს, მაგრამ შეპყრობილია სულით-ხორცამდე და ამიტომ სიკვდილი გარდაუვალია. ონისე სულიერად, როგორც კაცი -მოვალეობის და წესის აღმსრულებელი -კვდება. ის ღალატობს თავის ჭეშმარიტებას. ცდუნება კარგავს და ამახინჯებს რეალობას.

„იყო მოხიბლული, ნიშნავს იყო ცდუნებული საკუთარი ჭეშმარიტებისაგან. მოხიბლო – ნიშნავს აცდუნო მავანი მისივე ჭეშმარიტებით. ეს ჭეშმარიტება ამიერიდან მისგან ასხლეტილი საიდუმლოა“ (ბოდრიარი). პირველი შეხვედრის დროს ონისე ძიძიას სახეს ვერ ხედავს, მაგრამ როდესაც ქალის მხურვალე ხელს შეეხება, უსიამოვნო გრძნობა შეიპყრობს, რომელსაც თავად ვერ ხსნის. მეორედ, როდესაც ძიძია გუგუასთანმოჰყავს, მას ჯვარულის ხმა დასაფლავების გალობად ეჩვენება. ეს შეიძლება ორ პლანში განვიხილოთ. პირველი, ის რომ ონისე კარგავს საყვარელ ქალს, მეორე – ის წინასწარ ჭვრეტს საკუთარ დაღუპვას. ონისე ცდილობს, თავი დაიცვას ცდუნებისგან. ის ტოვებს ხევს, თითქოს მახეს უგებს ბედისწერას. ცდილობს, მყარად ირწმუნოს საკუთარ ჭეშმარიტება, მაგრამ ყველა შემთხვევაში, ყველანაირ მცდელობას ის მიჰყავს დაღუპვისაკენ.

ბოდრიარის აზრით, ნებისმიერი ცდუნება ნარცისისტულია. მისი იდუმალება მომაკვდინებელ ყოვლის შთანთქმულობაშია. ამიტომაც, ქალებისათვის, რომელთათვისაც უფრო ახლობელია სარკე, სადაც ,,ეფლობიან“ სხეულითა და სახით, აშკარად ბუნებრივია ცდუნების ეფექტი. მამაკაცებს მეტი სიღრმე აქვთ, მაგრამ არ გააჩნიათ საიდუმლო. ამაშია ძალაც და უძლურებაც. ცდუნება სუბიექტის იდეალური მირაჟით არ წარმოიშობა, მაგრამ არც სიკვდილის იდეალური მირაჟია მისი დვრიტა.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s