სალომე ომიაძე _ ერთი გენდერული სტერეოტიპის შესახებ პოეზიის ენაში (ანა კალანდაძე, მუხრან მაჭავარიანი)


მამაკაცურობა (მასკულინობა) და ქალურობა (ფემინურობა), ერთი მხრივ, ფსიქიკის ფილოგენეტიკურად განპირობებული თავისებურებებია, ხოლო მეორე მხრივ – ონტოგენეზში ჩამოყალიბებული სოციოკულტურული წარმონაქმნები. სწორედ ამ პირობებმა დაუდო დასაბამი გენდერის, როგორც სქესის სოციოკულტურული კატეგორიის, შექმნას. წარმოებულმა გენდერულმა კვლევებმა ცხადყო, რომ სქესის შესწავლა როგორც მხოლოდ ბიოლოგიური მოვლენისა, აღარიბებდა ამ ცნებითს კატეგორიას. თანამედროვე სოციოლოგები, ფილოსოფოსები, ფსიქოლოგები, ეთნოლოგები შეისწავლიან განსხვავებული სქესის ადამიანების ქცევათა თავისებურებებს მოცემული კულტურის ფარგლებში. გენდერი რთული კომპლექსია, რომელშიც გადაჯაჭვულია კულტურული, ფსიქოლოგიური და სოციალური ასპექტები. ეს ასპექტები კი, თავის მხრივ, განაპირობებს ეროვნული ენობრივი პიროვნების ქცევას, რაც გენდერთან დაკავშირებულ საკითხებს ლინგვისტებისათვისაც საინტერესოს ხდის. გენდერს, როგორც ენისა და კულტურის მოვლენას, შეისწავლის ახლად შექმნილი დისციპლინები: ლინგვოკულტუროლოგია, გენდერლინგვისტიკა და გენდერპოეტიკა.

გენდერთა (ქალთა და მამაკაცთა, როგორც სოციალურ სქესთა) სამეტყველო ქცევა ენაში აღბეჭდილ ისტორიულად ჩამოყალიბებულ სტერეოტიპთა ბაზაზე იგება. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ გენდერული სტერეოტიპები შეხედულებათა სისტემაა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იქცეოდეს ქალი და მამაკაცი. დადგენილია, რომ მამაკაცები და ქალები განსხვავდებიან როგორც სამოქმედო სტრატეგიით, ასევე სამეტყველო კომუნიკაციის სტრატეგიითაც. ჯერ კიდევ ნიცშე აღნიშნავდა, რომ მამაკაცის ბედნიერების ფორმულაა „მე მსურს!“, ხოლო ქალისა – „მას (მამაკაცს) სურს!“ (მასლოვა 2004:125). აღნიშნული მოსაზრება, სამეტყველო ქცევათა გენდერულ თავისებურებებთან ერთად, ამ თავისებურებების კოგნიტიურ ასპექტსაც გულისხმობს, რასაც ქალისა და მამაკაცის მიერ სამყაროს სურათის სხვადასხვაგვარ აღქმამდე მივყავართ. ენაში იმგვარი შესიტყვებების არსებობა, როგორიცაა „ქალური პოეზია“, „მამაკაცური ლექსები“, ბუნებრივად აჩენს ამ „ქალურობისა“ და „მამაკაცურობის“ შემქმნელი ენობრივი მექანიზმების გამოვლენის სურვილს. ცხადია, ამ გამონათქვამებში მხოლოდ ქალური და მამაკაცური თემები არ იგულისხმება, რომელთა შესახებ მსჯელობა ტრადიციულია ლიტერატურათმცოდნეობაში.

გენდერპოეტიკური კვლევისათვის ავირჩიეთ ერთმანეთის თანამედროვე პოეტების – ანა კალანდაძისა და მუხრან მაჭავარიანის შემოქმედება.

„ამ მშვენიერ მინდორ-ველზე რა ნაირი ფერებია?!“

ანა კალანდაძის ამ სტრიქონებით გაცხადებულია არაერთი სოციოლოგისა და ფსიქოლოგის მეცნიერული დასკვნა – ქალები ფერთა უფრო ფართო სპექტრს აღიქვამენ, ვიდრე – მამაკაცები. ჩვენ აღნიშნული დებულების შემოწმება და ზოგადად სამყაროს ფერითი შემეცნების აღწერა გვსურს ქალი-პოეტისა და მამაკაცი-პოეტის მეტყველებაზე დაკვირვებით. ანა კალანდაძეცა და მუხრან მაჭავარიანიც ხშირად მიმართავენ აქრომატულ ფერებს.

თეთრი

ორივე პოეტი „თეთრით“ მოსალოდნელ, ჩვეულ შესიტყვებებს ქმნის, მათ პოეზიაში თეთრია თოვლი, ფანტელი, ზამთარი, წყარო, ნისლი ღრუბელი, ყვავილები, ხომალდი, თმა, წვერი და სხვ. საილუსტრაციოდ წყვილ-წყვილად მოვიყვანთ სტრიქონებს ორივეს შემოქმედებიდან:

თეთრი თოვლის ქვეშ ლამაზ ენძელას
სძინავს უთვალავს… (ანა 176).1

დღეს,
როცა ირგვლივ
მთებზე უკვე თეთრი თოვლია! (მუხრანი 348)2.

თეთრი ღრუბლები ტაატით დიან (ანა 152).

თეთრ ღრუბლებიდან
აღმოცენდა მთვარე ყვითელი (მუხრანი 344).

ორივესათვის თეთრია აკაციის ყვავილიც, ის შეგრძნებაცა და ის ვიზუალური ეფექტიც, რომელიც ამ ყვავილთა ცვენით იქმნება:

შორს, ცათა შინა თოვს აკაციის
ყვავილი შორი,
თეთრი ყვავილი… (ანა 53);
აკაცია თეთრად მოთოვს… (ანა 135).
მხრებზე მეცემა აკაციის თეთრი ფანტელი… (მუხრანი 309).

სითეთრე სხვადასხვა ლექსემითაა გადმოცემული ანასთან, ფერის ინტენსივობის აღმნიშვნელ ერთეულთაგან გვხვდება სპეტაკი (ძალიან თეთრი):

როს იმ ლოდზე ჩამომჯდარმა ყრმამან ვინმე
თქვა მოსილმან სპეტაკითა სამოსლითა:
– ქრისტე აღდგა! (ანა 137).

ინტენსივობის გამოსახატავად ორივე პოეტი მიმართავს „ქათქათას“/„ქათქათს“:

სად თოვლი წმინდა
ქათქათებს თეთრად (ანა 101).

კვლავინდებურად ელვარებს მაღლა
დედაქალაქის ქათქათა მთვარე (მუხრანი 216).

გადავლახავდი დრო-ჟამის მიჯნას,
ვიქათქათებდი,
ვით ალავერდი (მუხრანი 125) (შდრ.: მას, ალავერდის დიდებულ
ტაძარს,
ალაზნის პირას თეთრად ანთებულს – ანა 234).

თუ ანა მონოლექსემად იყენებს პოეტურ ფერად აღიარებულ რძისფერს, მუხრანს აქვს სტრიქონები, სადაც ამ ლექსემის მიღების გზა ჩანს:

გრძნეულ ურარტუს ეფინება
რძისფერი კვამლი… (ანა 62).

შორს საყდარია…
თეთრი…
თეთრი, როგორც რძის წვეთი (მუხრანი 343);

ორთავეს გვხედავს მთვარე კეთილი –
რძის დიდი წვეთი,
თეთრი წერტილი (მუხრანი 217).

იგივე შეიძლება ითქვას თოვლისფერზე, რომელიც ანასთვის მონოლექსემურია:

ჩემო ჯრუჭულავ,
ღვთაებრივს მთაზედ,
თოვლისფერ, ფაფუკ ღრუბლებს რომ ერთვის,
ვარსკვლავი ბრწყინავს ასე საამოდ? (ანა 258).

გზადაგზა ხვდება
. . . . . . . . . . . . .
ფერები თოვლის…(მუხრანი 206).

მუხრანი სითეთრეს აღწერითად და არაერთგვაროვნად გამოხატავს შემდეგ სტრიქონებში:

გარეთ ფერები დაღვრილან კირის.
სივრცეში თეთრად მოძრაობს მთვარე (მუხრანი 217).

მთვარის სითეთრე მუხრან მაჭავარიანის პოეტურ დისკურსში სხვადასხვაგვარადაა ექსპონირებული. ამ კონტექსტთა შორის ყურადღებას იპყრობს მთვარის ეპითეტად თეთრონის გამოყენება, რომელიც თეთრი ცხენის პოეტური ნომინაციაა და დასახელებულ კონტექსტს მეტ სახეობრიობას ანიჭებს:

მარტოდენ მთვარე,
თეთრონი მთვარე –
მისდევს ტრამვაის უცვლელი სახით (მუხრანი 216).

ანასთან თეთრი მხოლოდ ფერი არ არის, ის უფრო ხშირად სიწმინდის, უბიწობის, სიკეთის სიმბოლოა:

სად კაცადქმნილი მარადისობა
თეთრს უსვენია მუხლზე ღვთისმშობელს (ანა 509).

(წყალუკა თეთრი) თუ ესალბუნის ცრემლდაშრეტილთა
თეთრ ანგელოსებს? (ანა 46).

შენს თეთრ ტაძარში სიწმინდეს ვპოვებ… (ანა 232).

გვხვდება ისეთი პოეტური კონტექსტები, სადაც თეთრი ერთდროულად რეალური ფერიცაა და სიმბოლური მნიშვნელობის მატარებელიც:

მას, ალავერდის დიდებულ ტაძარს,
ალაზნის პირას თეთრად ანთებულს (ანა 234).

კვლავ მოიხილავს
ქეთევანისა წმინდა ხატება…
მრავალმოწამე გურჯთა დედოფალს
კალთა სავსე აქვს თეთრი ვარდებით (ანა 234).
გულში იმკვიდრებს ბედნიერება
და სიხარულის თეთრ სანთლებს ანთებს… (ანა 296).

ასევეა მუხრანთან:
ცაცხვებიდან გამოჩანს თეთრი საყდარი (მუხრანი 223).

შორს საყდარია…
თეთრი… (მუხრანი 343).

შავი

შავი ორივე პოეტთან ფერის აღმნიშვნელი ლექსიკური ერთეულიცაა და კოლორემაც. შავით, როგორც პრეზენტემა-კოლორემით, შექმნილ შესიტყვებებში საინფორმაციო და ზემოქმედების მქონე ვექტორი ფერითი ინდიკაციისკენაა მიმართული. ამგვარი კონტექსტებით გადმოცემული ინფორმაცია მეტად ემოციურ-შემფასებლურია:

მე მათ მოვყევი,
შავი ცრემლით მტირალ შავოსნებს (ანა 98).

და კაბის ჩაცმა არა ერთხელ მოგიწევს შავის (მუხრანი 132).

ვერც ფიქრი შავი
ქარს გაატანე! (ანა 528).

ირგვლივ ვინც არი, –
ფიქრთა შავთა არის ამწეწი (მუხრანი 157).

ნასახელარი ზმნა „გაშავებაც“ ორივე პოეტს არაპირდაპირი მნიშვნელობით, ყველაფრის დასასრულის, გლოვის აღსანიშნავად გამოუყენებია:

რომელი მტერი გაკადრებს,
რასაც დრო-ჟამი მოგიზღავს?
ფოთოლი მანდრაგორასი
შავდება მეფის ლოგინზე (ანა 502).

ახია ჩემზე გაშავდეს
ჩემი
სახლი და ჯალაბი (მუხრანი 398).

უარყოფითი კონოტაციის მქონეა შავი ანასეულ კომპოზიტში შავსისხლიანი:

დროშა რაინდის სისხლია,
მკლავზე რომ გადაიმსხვრია,
ხმალზე რომ გადაიმსხვრია
შავსისხლიანთა ძვლები … (ანა 80)

პირდაპირი მნიშვნელობითაა ნახმარი „შავი“ შემდეგ სტრიქონებში, ისინი სხვათაგან იმით გამოვარჩიეთ, რომ მიკროკონტექსტში შავ-თეთრის სიახლოვე გრაფიკულ სურათს ქმნის:

სწორედ იქითკენ ის გაეშურა
შავთმიანი და
თეთრად მოსილი (ანა 505).

რძის თეთრი ჩხირები
წამდაუწუმ გამოსხივდებიან ხოლმე
და შავი ქოთნიდან
ხამუშ-ხამუშ ისმის ჩხრიალი მათი (მუხრანი 251).

ეფექტურია აგრეთვე კონტრასტულ ფერთა წარმოდგენა აბსტრაქტული სახელის მსაზღვრელებად:

მდუმარებაა თეთრი და შავი (მუხრანი 363).

ორივე პოეტთან შავის აღმნიშვნელად შეგვხვდა სათის (გიშრის) ფერი:

გზადაგზა ხვდება
ფერები სათის… (მუხრანი 206).

ეხმაურება საღამო სათის
ზარნაშოს კვნესას… (ანა 127).

თუ დავიხრჩვები, ღვინომ დამახრჩოს,
ვგავდე ყაყაჩოს სათისხალიანს… (ანა 128).

თეთრისა და შავის გამოყენების მხრივ, როგორც ვხედავთ, ჩვენს საანალიზო პოეტურ ტექსტებში ხელშესახები განსხვავება არ აღმოჩნდა. რაც შეეხება რუხის, როგორც მესამე აქრომატული ფერის, ელფერებს, ანა კალანდაძესა და მუხრან მაჭავარიანთან თეთრი-შავი დიაპაზონი ლექსემათა ნაირგვარობითაა წარმოდგენილი:

მგლისფერ ღრუბლებში გმინვა მოისმის… (ანა 52).

სარდაფიდან ამოდიან დაირები…
ვერცხლისფერად,
… იალებენ… (ანა 125).

როცა ცხენები მოგვგვარეს:
ნისლისფერაი – ანასო! (ანა 217).

ვაი რომ უფრორე ხშირად
ფერი ხშირდება რუხი (მუხრანი 174).

ჰაერი თითქოს ნაცრისფერია (მუხრანი 351).

ასფალტი წყლისფერია, –

ეტყობა წუხანდელი ცვარი (მუხრანი 351) (წყლისფერი – ოდნავ მონაცრისფრო – ქეგლი 1986:568).

ხან ფერად შვინდი,
ხან ფერად ლეგა, –
რეკავს სამრეკლო –
ხმადაკარგული (მუხრანი 106).

ჟრუნა ქათმები
აბუზულან ქლიავის ძირას (მუხრანი 242).

წინათ,
როდესაც შენი ზეცა იყო ყომრალი (მუხრანი 115).

„ერთიმეორეს ამკვეთრებენ უკიდურესად“

სხვადასხვა ფერის (აქრომატული/ქრომატული, ქრომატული/ქრომატული) ერთ კონტექსტში ხმარებით ფერი პოეზიაში უფრო შესაგრძნობი ხდება, უფრო მკვეთრდება ისევე, როგორც სამყაროში:

გათენდა, –
სძლია განთიადმა წყვდიადი ურჩი;
განთვითეულდა ყველაფერი შუქით უეცრად;
ირგვლივ ფერები;

თეთრი,
მწვანე,
წითელი,
ლურჯი –
ერთიმეორეს ამკვეთრებენ უკიდურესად (მუხრანი 329).

თეთრი ყვავილი
ლურჯ მინდორზე დაჯდება როკვით… (ანა 106).

თეთრ ღრუბლებიდან
აღმოცენდა მთვარე ყვითელი (მუხრანი 344).

მუქ ლურჯ ცაზე მტრედისფერი ნისლი ცურავს… (ანა 111).

მოლურჯო ქედის მთელ სიგრძეზე
სიწითლე გაწვა, –
დღე ახლოვდება… (მუხრანი 265).

მუხრან მაჭავარიანის პოეზიაში ორზე მეტი ფერით შექმნილი სურათებიც გვხვდება:

როგორ გაბურღა შავი ბელტი
მწვანე ღერომა, –
ვით განეფინა ხოდაბუნზე
ჯეჯილი ლურჯი (მუხრანი 347).

გზადაგზა ხვდება
ფერები სათის…
ფერები თოვლის…
ფერები შინდის… (მუხრანი 206).

ვისაც გაზაფხულს
ვეძახდით მაშინ,
ძლიერ უყვარდა
მხატვრობა ვისაც,
ვინც წამდაუწუმ
თხუპნიდა მიწას –
ცეცხლისფრად,
თეთრად,
წითლად
და ყვითლად… (მუხრანი 385).

ფერთა გამოსაკვეთად რამდენიმე მათგანის ერთ კონტექსტში გამოყენებაც არ აღმოჩნდა ის მახასიათებელი, რომელიც ქალი პოეტისა და მამაკაცი პოეტის მიერ სამყაროს სურათის ხედვის, აღქმისა და ამ სურათის რეპროდუქციის განსხვავებულობას დაგვანახვებდა.

„მიწა ფერჭრელობს -შემოსილი ცისარტყელათი…“

ქრომატული ფერებით მართლაც რომ „ფერჭრელობს“ ორივე პოეტის შემოქმედება, მაგრამ – არამხოლოდ ცისარტყელას ფერებით. პირველ ცხრილში წარმოვადგენთ იმ ფერთა აღმნიშვნელ ლექსემებს, რომლებიც ორივესთან შეგვხვდა, მეორე ცხრილში კი ასახულია თითოეულის განსხვავებული ფერთა გამა

ანა კალანდაძე
მუხრან მაჭავარიანი
ანა კალანდაძე
მუხრან მაჭავარიანი

ვარდისფერი
თეთრი
ლურჯი
მწვანე
ყვითელი
შავი
ცისფერი
წითელი
თოვლისფერი

რძისფერი

„საღამო სათის“;
„ყაყაჩოს სათისხალიანს“
ფერები თოვლის

თეთრი, როგორც
რძის წვეთი

ფერები სათის

ანა კალანდაძე
მუხრან მაჭავარიანი

ალისფერი
ვერცხლისფერი
ზურმუხტისფერი
იისფერი
ლალისფერი
ლაჟვარდისფერი
ლილისფერი
მგლისფერი
მტრედისფერი
ნისლისფერი
ოქროსფერი
ყვავისფერი
ყორნისფერი
ძოწისფერი
წაბლისფერი
აგურისფერი
ზღვისფერი
თიხისფერი
მეწამული
ნაცრისფერი
ჟრუნი
რუხი
ფერად ლეგა
ფერად შვინდი
ფერები კირის
ყომრალი
ცეცხლისფერი
წყლისფერი

ორივე ცხრილში ლექსემები ანბანთრიგზეა დალაგებული. მათი გამოყენების სიხშირეს რაც შეეხება, ჩვენი საანალიზო ტექსტების მიხედვით, ანასთან ჭარბობს – ლურჯი, თეთრი, წითელი; მუხრანთან – მწვანე, თეთრი, ლურჯი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ირღვევა ყოფაში გავრცელებული აზრი, რომელიც, ამავე დროს,სოციალურ მეცნიერებებში დამკვიდრებული დებულებაა იმის შესახებ, რომ ქალები ვარდისფერს ანიჭებენ უპირატესობას.

ჩვენ მიერ განხილული პოეტური დისკურსებიდან პროპორციულად, თანაც მხოლოდ თითო-თითო მაგალითის მოხმობა შეგვიძლია ვარდისფრის გამოყენებისა:

მეფერება მზე ალერსის მთხოვარს,
ვარდისფერად ცამან ჩამომთოვა… (ანა 83).

ძროხის ვარდისფერ ცურიდან
რძის თეთრი ჩხირები
წამდაუწუმ გამოსხივდებიან ხოლმე (მუხრანი 251).

არც ის დადასტურდა, თითქოს მამაკაცები სპექტრის ძირითად ფერებს უფრო „სწყალობენ“, ქალები კი ფერთა სპეციფიკურ დასახელებებს „ეტანებიან“. ცხრილთა მონაცემების საფუძველზე კი საბოლოოდ უნდა უარვყოთ გენდერულ ფსიქოლოგიასა და გენდერულ სოციოლოგიაში გავრცელებული ერთი სტერეოტიპური მოსაზრება – ქალები ფერთა უფრო ფართო სპექტრს აღიქვამენ, ვიდრე – მამაკაცები. ცხადია, ეს შემოსაზ- ღვრულ ემპირიულ მასალაზე დაყრდნობით მიღებული დასკვნაა. ჩვენი მცირე კვლევა, რა თქმა უნდა, არ კმარა ანალიზის შედეგების განსაზოგადებლად. მაგრამ თუნდაც ერთი ქალი პოეტისა და ერთი მამაკაცი პოეტის მიერ ფერის ამდენად მსგავს აღქმასა და სამეტყველო ქმედებაში მის ერთნაირ გამოხატვას მხოლოდ შემთხვევითობას ვერ მივაწერთ. ეს ფაქტი საანალიზო პოეტურ დისკურსთა (პოეტების გენდერულ წყვილთა) გაზრდის ინტერესსა და აუცილებლობას ჰბადებს. თვით პოეტური მეტყველება იმდენად სპეციფიკური დისკურსია, იმდენად განსხვავებული მოვლენაა, რომ შესაძლოა, არამხოლოდ აღნიშნული, არამედ გენდერულ ფსიქოლოგიასა და გენდერულ სოციოლოგიაში გავრცელებულ სხვა დებულებათა სტერეოტიპურობაც ეჭქვეშ დადგეს. ამ ვარაუდის შესამოწმებლად კი არაერთი გენდერპოეტიკური კვლევაა ჩასატარებელი.

____________________

1.ანა კალანდაძის ყველა ციტატა მოყვანილია წიგნიდან „ანა“, ანა კალანდაძე, ლექსები, თბ., 2004.

2 მუხრან მაჭავარიანის ყველა ციტატა მოყვანილია წიგნიდან მუხრან მაჭავარიანი, ლექსები, თარგმანები, თბ., 1985.

ლიტერატურა

მასლოვა 2004: В.А. Маслова. Лингвокултурология. Москва.

ქეგლი 1986: ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, ერთტომეული. თბილისი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s