ილია გასვიანი _ კომპოზიციისა და ვერსიფიკაციის პრობლემა გიიომ აპოლინერის ალკოჰოლებში


საკმაოდ გავრცელებული აზრის მიხედვით, აპოლინერი ლექსებს ერთი ამოსუნთქვით წერდა. უნდა ითქვას, რომ თვითონაც ამ აზრის დამკვიდრებასშეუწყო ხელი. მაგალითად, იგი აცხადებდა, რომ ლექსი წაკითხული ანდრე სალმონის ქორწილში (Poème lu au mariage d’ André Salmon) ომნიბუსში დაწერა, როდესაც მერიაში მიდიოდა საქორწინო ცერემონიალზე დასასწრებად, თანაც ამ დროს მისი მეგობარი რენე დალიზი განუწყვეტლივ ესაუბრებოდა. მაგრამ ამ ლექსის ხელნაწერი ისეა გადახაზული და სავსე შესწორებებით, რომ ამგვარ მტკიცებას აბათილებს.

ამის მიუხედავად, აპოლინერი უბადლო იმპროვიზატორია, რაც აშკარად ჩანს მეგობრებისთვის მიწერილ, ხშირად გალექსილ წერილებში.

ის ლექსები, რომელიც თავიდანვე პუბლიკაციისთვისაა განკუთვნილი, აპოლინერის პოეტურ ლაბორატორიაში ხანგრძლივი მომწიფების პროცესს გადის. არა მარტო ლექსის ჩასახვადაბადების პროცესია ხშირად ხანგრძლივი, არამედ იშვიათად ქვეყნდება მაშინვე. პოემა უიღბლო შეყვარებულის სიმღერა (La Chanson du Mal-Aimé) იშვა ლონდონში აპოლინერის ორჯერ – 1903 წლის ნოემბერსა და 1904 წლის მაისში – ჩასვლის შედეგად. თუმცა პოემამ საბოლოო სახე 1906 წელს მიიღო და მხოლოდ 1909 წელს გამოქვეყნდა. უფრო მეტიც, აპოლინერმა მასში მთელი რიგი ცვლილებები შეიტანა, სანამ პოემას ალკოჰოლებში ჩართავდა. ასევე, vandemieris (Vendémiaire) პირველი მონახაზი 1909 წლით თარიღდება, მაგრამ ლექსმა საბოლოო სახე მიიღო და გამოქვეყნდა მხოლოდ 1912 წელს. ზუსტად არაა ცნობილი, თუ რომელი წლით თარიღდება ლექსის მიცვალებულთა სახლი (La maison des morts) პირველი ვარიანტი. იგი პოეტს 1902 წლის გაზაფხულზე მიუნხენში ყოფნამ შთააგონა. მიცვალებულთა სახლი პირველად 1907 წელს გამოქვეყნდა პროზაული „ფანტაზიის“ სახით, შემდეგ უკვე ლექსის სახით დაიბეჭდა 1909 წელს.

გარკვეული რაოდენობა მოკლე ლექსებისა, ისევე, როგორც ლექსები თაღლითი (Le larron), განდეგილი (L’ ermite), მერლინი და დედაბერი (Merlin et la vieille femme), ერთი ამოსუნთქვით უნდა იყოს დაწერილი.

საერთოდ კი, უნდა ითქვას, რომ აპოლინერის პოეტურ ლაბორატორიაში ყველაზე ხშირად ლექსი იბადება ხანგრძლივი ალქიმიის შედეგად.ამ ალქიმიის ძირითადი ოპერაციებია: შემოკლება, დაჭრა, კოლაჟის შექმნა.

ხშირია შემთხვევა, როდესაც დასაბეჭდად განკუთვნილი ლექსის პირველ ვერსიას (და, მით უმეტეს, პირველ მონახაზს) აპოლინერი მთელირიგი პასაჟების ამოღებით ამოკლებს. ზონის (ძონე) დასასრული („შენ დაინახე ემიგრანტები უნუგეშოთა მთელი არმია“-დან (აპოლინერი 1984: 141) ხელნაწერში არსებული ოთხმოცდათოთხმეტი ტაეპიდან ალკოჰოლებში ოცდათხუთმეტ ტაეპამდეა დაყვანილი.

იმ ტაეპებსა თუ სტროფებს, რომლებიც გამოუქვეყნებელ ან დაუმ- თავრებელ ლექსებში შედის, აპოლინერი ახალი ლექსისთვის იყენებს. მაგალითად, ციკლის სანტეს ციხეში (À la Santé) მესამე ლექსის შავი ვარიანტიდან გაჩნდა მირაბოს ხიდის (Le Pont Mirabeau) ყველასათვის ცნობილი რეფრენი.

ზოგიერთი გამოუქვეყნებელი ლექსი აპოლინერმა ნაწილებად დაჩეხა ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ლექსიდან გაზაფხული (Le Printemps) (რომელიც აპოლინერის სხვა პოეტურ კრებულშია შეტანილი) დაიბადა ნიშნობის (Les fiançailles) პირველი სამი სტროფი.

დაჭრის ტექნიკას აშკარად იგივე შედეგი მოაქვს, რაც კოლაჟის მატისისეულ თუ კუბისტურ ტექნიკას. აპოლინერი სწორედ ამ მეთოდით სარგებლობს, როდესაც მთელ სტროფებს ხელახლა იყენებს სხვა ლექსებისთვის.ალკოჰოლებში ამის მრავალი მაგალითი გვაქვს. ფრინველების ეპიზოდი ზონაში („ჟამის გუგაში ბროლია ქრისტე“-დან (აპოლინერი 1984: 134) „ორბიც ფენიქსიც ჩინური პიიც ცაში ასულან მათი ფრთებია / აქ რომ იშლება დღეს თავშეყრილნი ფოლადის ფრინველს / უწყვილდებიან“- ამდე (აპოლინერი 1984: 136)) პირველ ხელნაწერ ტექსტში არ ფიგურირებს და აშკარად შემდეგაა დამატებული.

იგივე მეთოდია გამოყენებული ვერლიბრით დაწერილ ლექსში მგზავრი (Le voyageur): აქ ჩამატებულია ალექსანდრიული ლექსით დაწერილი ოთხი სტროფი და სამი შემდეგი ტაეპი:

„Deux matelots qui ne s’ étaient jamais quittés
Deux matelots qui ne s’ étaient jamais parlé
Le plus jeune en mourant tomba sur le côté“
(აპოლინერი 1981: 53).

„[ო თანამგზავრნო გახსოვთ თუ არა]

ანდა იმ ორი მეზღვაურის მუდამ მდუმართა
ამხანაგობა ერთმანეთს რომ ვერ შორდებოდნენ
მერე უმცროსმა სიკვდილს ბრძოლა რომ გაუმართა“

(აპოლინერი 1984: 151).

უიღბლო შეყვარებულის სიმღერა კოლაჟის გამოყენების ზღვრული შემთხვევის მაგალითია, რადგანაც პოემის მთელი კომპოზიცია კოლაჟთა თამაშზეა აგებული. პოემაში შემავალი სამი კოლაჟი პირდაპირ ქვესათაურებითაა გამოტანილი: დილის სიმღერა…, ზაპოროჟიელი კაზაკების პასუხი… და შვიდი ხმალი. მასში სხვა კოლაჟთა მიკვლევაც შეიძლება. ასეთია, მაგალითად, ფინალური ოთხი სტროფი, რომელიც ივნისის პარიზს გვიხატავს.

შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ლექსის პირველი ვარიანტი, მისი შემდგომი გადამუშავების პროცესში, ორ ცალკეულ ლექსად დაიყოს. ლექსებიმოხეტიალე აკრობატები (Saltimbanques) და ბინდი (Crépuscule) თავიდან ერთი ლექსი იყო, რომელიც აპოლინერმა შემდგომ ორად გაყო.

ყველაფერი ისე ხდება, თითქოს აპოლინერის ნაწერები ერთ მთლიან მარაგს ქმნიდეს, რომელიც პოეტს შეუძლია თავისი ნებისამებრ გამოიყენოს. თუკი ალკოჰოლები ერთიანი ნაწარმოებია და არა ლექსების უბრალო გაერთიანება, ეს მეტწილად იმ კულტურული ნიადაგის არსებობის გამოა, რომელზეც უბადლო წარმოსახვის პოეტი ახალ გამოცდილებას იძენს და შემდგომი პოეტური ექსპერიმენტისთვის ეძებს მასალას.

აპოლინერის ლექსი გამოქვეყნების შემდეგაც განიცდის ცვლილებებს. ალკოჰოლებამდე აპოლინერის „პოეტურ ფაბრიკაში“ ამგვარად არაერთი ლექსი გადამუშავდა. ლექსი სასახლე (Palais) პირველად 1905 წლის ნოემბერში დაიბეჭდა, სათაურით როზმონდის სასახლეში (Dans le palais de Rosemonde). ალკოჰოლებამდე მან მთლიანი რეორგანიზაცია განიცადა და რვიდან თერთმეტ სტროფამდე გაიზარდა, თანაც აპოლინერმა ლექსშისტროფები გადააადგილა და მას მთლიანად უცვალა სახე. უფრო მეტიც, მეხუთე სტროფში ტრადიციული ალექსანდრიული ლექსით დაწერილი ოთხი ტაეპის რიტმი მოულოდნელად წყდება მესამე სტრიქონის გახლეჩით.

სხვადასხვა ცვლილების შედეგად შემოსული ამ სახის უჩვეულო ელემენტები ალკოჰოლებში მრავლად მოიძიება. ზარების (Les cloches) ბოლო ტაეპი პირვანდელ ვერსიაში რვამარცვლიანი იყო, ისევე, როგორც ლექსის დანარჩენი თხუთმეტი ტაეპი, მაგრამ „Et même, j’ en mourrai peut-être“ (რვამარცვლიანი ტაეპი) ალკოჰოლებში იქცა „J’ en mourrai peut-être“-ად. ხუთ მარცვლამდე დაყვანილი აღნიშნული ტაეპი ლექსის პროსოდიულ წყობას მთლიანად წყვეტს და თავისი სიმოკლით მის პათეტიკურ სიძლიერეს უწყობს ხელს.

„[…]
Souriront quand je passerai
Je ne saurai plus où me mettre
Tu seras loin Je pleurerai
J’ en mourrai peut-être“
(apolineri 1981: 98).

მირაბოს ხიდი პირველად ჟურნალ „ლე სუარე დე პარის“ 1912 წლის თებერვლის ნომერში დაიბეჭდა. პირველი სტროფი მაშინ ათმარცვლიანი ლექსით დაწერილი სამი ტაეპისგან შედგებოდა და ასეთი ფორმა ჰქონდა:

„Sous le Pont Mirabeau coule la Seine
Et nos amours, faut-il qu’ il m’ en souvienne?
La joie venait toujours après la peine.“
(დეკოდენი 1997: 52).

სულ მალე აღნიშნულმა სტროფმა სახე იცვალა და ალკოჰოლებში ასეთი ფორმა მიიღო:

„Sous le pont Mirabeau coule la Seine
Et nos amours
Faut-il qu’ il m’ en souvienne

La joie venait toujours après la peine“
(აპოლინერი 1981: 15).

„მირაბოს ხიდქვეშ დის ზვირთი სენის
და სიყვარული ჩვენი
მე მაინც მახსოვს რომ მწუხარების
შემდეგ ყოველთვის სიხარულის დგებოდნენ დღენი
(აპოლინერი 1984: 143).

მაკრატლისა და წებოს პოეტიკა: ლექსის დაჭრა, დანაწევრება, რასაც მოსდევს ნაწილების შეკოწიწება, კვლავ შეერთება სტრუქტურის მისაღებადანუ ლექსის „ფაბრიკაციისთვის“ – აი, აპოლინერის მაგიური მეთოდი და ტექნიკა.

XX საუკუნის I ათწლეული – გიიომ აპოლინერის ლიტერატურული კარიერის დასაწყისი – ახალი ეპოქის დასაბამი გახდა ფრანგულ და, საერთოდ, ევროპულ კულტურაში. ფერწერაში იმპრესიონიზმის შემდეგ ფოვიზმი და კუბიზმი ვითარდება. პოეზია, რომელმაც სიმბოლიზმის შთამბეჭდავ პოეტურ მწვერვალებს მიაღწია, კვლავ მიუბრუნდება „დაწყევლილ“ პოეტებს და ცდილობს მათი ირონიისა და რთული სემანტიკის შეხამებას ფერწერის ბოლო აღმოჩენებთან. სალონებს, რომლებიც XIX საუკუნის დასასრულის პარიზის ლიტერატურულ-კულტურული ცენტრების ფუნქციას ასრულებდა, ცვლის რედაქციები. საფრანგეთში იქმნება სრულიად ახალი კულტურული კლიმატი. ესაა ესთეტიკური პოზიციების ნგრევისა და დიდი ცვლილებების ეპოქა. იწყება ხანა ახალი მითებისა: სიჩქარე, მექანიკა, სიმულტანიზმი. კოლონიური ავანტიურებისა და სამეცნიერო ექსპედიციების კვალდაკვალ, საფრანგეთი კვლავ აღმოაჩენს ეგზოტიკის ხიბლს (პოლ კლოდელი იაპონიითაა მოხიბლული, ვიქტორ სეგალენი -ჩინეთით, ბლეზ სანდრარი – რუსეთით), რაც ძალიან მნიშვნელოვანი პოეტური და პროზაული პროდუქციის შექმნას უწყობს ხელს. ცხოვრების რიტმი რადიკალურად იცვლება. ტექნიკის ისეთი სიახლეები, როგორებიცაა ავიაცია და ავტომობილი, და მათთან ერთად, სიჩქარის აღმოჩენა, გარკვეულწილად განაახლებს სამყაროს აღქმას. ეს სიახლეები, ისევე, როგორც ურბანიზაცია და ინდუსტრიალიზაცია, შთაგონების წყაროდ იქცევა პოეტებისა და მხატვრებისთვის. ადამიანის ცხოვრება ფრაგმენტების, კოლაჟების სახით გადადის ლექსში, რამეთუ თავად შეგრძნებაა ფრაგმენტული. ლექსი იმსხვრევა და იმ სიტყვების ჯაჭვად იქცევა, რომელთა შორისაც, ერთი შეხედვით, შეიძლება ვერ დავინახოთ უშუალო კავშირი. წყვეტილობის ეს ესთეტიკა კარგად მიესადაგება ურბანულ ცხოვრებას, ინდუსტრიული ქალაქის სინათლეების, ქუჩების, სანახაობების ხიბლს.

ალკოჰოლების ჩასახვის პერიოდი (1898-1913 წლები) – ეს არის გარკვეულწილად ლექსის კრიზისის პერიოდიც, როდესაც გამოდის არაერთი თეორიული თუ პოლემიკური ხასიათის ნაშრომი. პოეტები გამალებულ ძიებაში არიან. ისმის კითხვები პარნასული პროსოდიის წესთა მართებულობასა და ახალი ეპოქის შესატყვისი პოეზიის ესთეტიკაზე, ვერლიბრის ბუნებასა და ნაყოფიერებაზე და, საერთოდ, პოეზიის შესაძლო რეფორმებზე.

ახალგაზრდა კრიტიკოსი ადოლფ ბოშო 1897 წელს წერს, რომ ჭეშმარიტი პოეტი სისტემას არ უნდა დაემორჩილოს. ბოშო ამბობს, რომ „პოეტი, ყოველი ნაწარმოებისშექმნისას, თითქმის ყოველდღიურად იგონებს სპეციალურ ტექნიკას და ეს ხდება მხატვრული გამოსახვის უცნობსაშუალებათა საკუთარ მოთხოვნილებებთან მორგებით“ (დეკოდენი 1997:69). პოეტი არის „რიტმებისა და ბგერების შემქმნელი და უზენაესი მბრძანებელი“ (დეკოდენი 1997: 69). იგი ქმნის ახალ-ახალ რითმებს და შორს უნდა იყოს ე. წ. პოეტური ენის ჩარჩოებში ჩაკეტვისგან. მან ლექსიკისყველა რესურსი უნდა გამოიყენოს.

ადოლფ ბოშო უაღრესად საინტერესო, ლამის წინასწარმეტყველურ მოსაზრებებს გამოთქვამს. სწორედ ამ მიმართულებით წარიმართება ახალი თაობის პოეტების, პირველ რიგში კი -აპოლინერის შემოქმედებითი ექსპერიმენტები. 1915 წლის 30 ოქტომბერს აპოლინერი სწერს ჟან-ივ ბლანს, რითაც ერთგვარად ეხმიანება ბოშოს მოსაზრებებს:

„რაც შეეხება ალკოჰოლების თავისუფალ პოეზიას, ვიტყვი, რომ ჭეშმარიტი ლირიზმი დღესდღეობით არ შეიძლება არსებობდეს პოეტისსრული თავისუფლების გარეშე. მაშინაც კი, როდესაც ტრადიციული ლექსით წერს, ამ თამაშისკენ პოეტს საკუთარი თავისუფლება უბიძგებს. ამ თავისუფლების გარეშე პოეზია ვერ იარსებებს. თუკი არ ვაღიარებთ ამ არსებით ჭეშმარიტებას, ჩვენი ცნობიერება ჩაიხშობა იმ პირობითობის ჩარჩოებში, რომელსაც არსებობის მიზეზი არ გააჩნია; ის ვერ შეძლებს შემდგომ განვითარებას“ (აპოლინერი 1951: 39).

არ უნდა გაგვიკვირდეს, როდესაც აპოლინერი ამტკიცებს, რომ მას არ გააჩნია ერთი განსაზღვრული „პოეტური სისტემა“, რომ, პირიქით,მას „ბევრი“ პოეტური სისტემა აქვს. სალექსო სტრიქონების, რითმათა სისტემებისა და სტროფების მრავალგვარობა ალკოჰოლებში მართლაც გასაოცარია.

ალკოჰოლებში ყველაზე ხშირად ალექსანდრიული ლექსი გვხვდება, რომელიც ოცდაოთხ ლექსშია გამოყენებული (ლექსში მთლიანად ან ლექსის მნიშვნელოვან ნაწყვეტებში, ეპიზოდურად კი სხვა ლექსებშიც). რვამარცვლიანი ლექსი, რომელიც აპოლინერის საყვარელ ლექსადაა მიჩნეული, იგივე განაწილებით ოც ლექსშია გამოყენებული. ბევრად უფრო იშვიათია შვიდმარცვლიანი, ექვსმარცვლიანი და ოთხმარცვლიანი ლექსები. რაც შეეხება ვერლიბრს, ის სხვადასხვა ფორმით მხოლოდ თერთმეტ ლექსში გვხვდება.

ამას დავამატოთ ის, რომ ალკოჰოლებში სამიდან ორი ლექსი, მთლიანად ან ნაწილობრივ, შედგება მკაცრად ორგანიზებული სტროფებისგან, რომელთა შორისაც ჭარბობს ალექსანდრიული ლექსით დაწერილი კატრენი, რვამარცვლიანი ლექსით დაწერილი კატრენი და რვამარცვლიანი ხუთტაეპედი. აქედან გამომდინარე, გვრჩება ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს აპოლინერი მაინც ერთგული რჩება ფრანგული პროსოდიის ტრადიციებისა. მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ წესიდან გადახვევა, რასაც აპოლინერი უამრავჯერ მიმართავს ალკოჰოლებში, თითქოს იმისათვის, რათა კონტრასტის მეშვეობით ხაზი გაუსვას წინა ტაეპების შესაბამისობას ტრადიციულ პროსოდიასთან. ამგვარ გადახვევებს ჩვენ არაერთ ლექსში ვხედავთ. ამის მაგალითებია ბოლო ტაეპი ლექსისა ზარები, რომელიც მოულოდნელად წყვეტს თხუთმეტი რვამარცვლიანი ტაეპის ნაკადს; უცუნების (Les colchiques) და სასახლის ალექსანდრიული ლექსით დაწერილი ტაეპები, რომელიც ორ, ექვს-ექვს მარცვლიან ნახევარტაეპადაა გაყოფილი…

სხვა მსგავსი მაგალითების მოძებნა ალკოჰოლებში არ გაგვიჭირდება. ლექსის კლოტილდა (Clotilde) კატრენების ბოლოში მალულად ჩართულია ერთი რვამარცვლიანი ტაეპი, მაშინ როდესაც ამ ბოლო კატრენის პირველი სამი ტაეპი შვიდმარცვლიანი ლექსითაა დაწერილი:

„Les déités des eaux vives
Laissent couler leurs cheveux
Passe il faut que tu poursuives
Cette belle ombre que tu veux“
(apolineri 1981: 47).

მარის (Marie) რვამარცვლიანი ლექსით დაწერილ ხუთტაეპედებში ჩართულია ერთი ატიპიური, ალექსანდრიული ლექსით დაწერილი ტაეპი:

„Les masques sont silencieux
Et la musique est si lointaine
Qu’ elle semble venir des cieux
Oui je veux vous aimer mais vous aimer à peine
Et mon mal est délicieux“
(აპოლინერი 1981: 55).

ტრადიციულ სალექსო ფორმაში უჩვეულობის, სიახლის შემოტანით, აპოლინერი ამსხვრევს მას. ნელ-ნელა იგი უარს იტყვის ტრადიციულ, რითმიან ლექსზე. ეს ექსპერიმენტები ნიადაგს უმზადებს კალიგრამების დიდ ლექსებს.

ნიშნობის ციკლის ერთსა და იმავე ფრაგმენტში გვხვდება გადასვლა პროზაული თხრობიდან („À la fin les mensonges ne me font plus peur“ (აპოლინერი 1981: 120) – ტაეპი, რომელიც ალექსანდრიული ლექსის სტატუსს მხოლოდ თორმეტ მარცვალს უნდა უმადლოდეს) დიდი მოქნილობით გამორჩეულ ალექსანდრიულ ლექსზე („Les rues sont mouillées dela pluie de naguère“), სადაც ბოლო ბგერები სიტყვებისა „რუეს“, „მოუილლéეს“, „პლუიე“ თითქოს უბრალოდ აგრძელებს წინამავალ მარცვალს, რაც ერთგვარად მერყევს ხდის თორმეტმარცვლიანი ლექსის რიტმს.

რომ მოვისმინოთ, როგორ კითხულობს აპოლინერი მირაბოს ხიდს, მარის ან მგზავრს, მივხვდებით, თუ რამდენად ავტონომიურია მისთვის თითოეული ტაეპი, იქნება ეს სინტაქსური, სემანტიკური თუ უბრალოდ ბგერითი ავტონომიურობა. აპოლინერი, რასაკვირველია, ანჟამბემანსაც იყენებს. ზოგჯერ ანჟამბემანი მხოლოდ სალექსო სტრიქონების სიმოკლითაა გამოწვეული და სიტყვათა გრამატიკულ ერთიანობას უწევს ანგარიშს. მაგალითად, ასეა ლექსში ბინდი:

„Un charlatan crépusculaire
Vante les tours que l’ on va faire
[…]
Sur les tréteaux l’ arlequin blame
Salue d’ abord les spectateurs

[…]“
(აპოლინერი 1981: 37).

სხვაგან ანჟამბემანი რითმის რღვევა-გაქრობის დასაწყისია, როგორც ამას უიღბლო შეყვარებულის სიმღერის დასაწყისში ვხედავთ:

„Un voyou qui ressemblait à
Mon amour vint à ma rencontre
Et le regard qu’ il me jeta
Me fit baisser les yeux de honte“
(აპოლინერი 1981: 17).

ზოგჯერ მთელი სტროფი ანჟამბემანთა თამაშზეა აგებული. უფრო მეტიც, როზმონდის (Rosemonde) თითოეული ხუთტაეპედი (ლექსში სულ სამი ხუთტაეპედია) შედგება ერთი ანჟამბემანებიანი წინადადებისაგან. ამ ანჟამბემანებს ტაეპები სალექსო ტიპოგრაფიულ განლაგებამდე დაჰყავთ:

„Longtemps au pied du perron de
La maison où entra la dame
Que j’ avais suivie pendant deux
Bonnes heures à Amsterdam
Mes doigts jetèrent des baisers“

(აპოლინერი 1981: 88).

აპოლინერთან ოპოზიცია იგრძნობა ასევე ვერლიბრის ხმარებისას. მაგალითად, ლექსში ანი (Annie), იგი იყენებს მოკლე ტაეპს:

„Sur la côte du Texas
Entre Mobile et Galveston il y a
Un grand jardin tout plein de roses
Il contient aussi une villa
Qui est une grande rose
Une femme se promène souvent
Dans le jardin toute seule
Et quand je passe sur la route bordée de tilleuls

Nous nous regardons“

(აპოლინერი 1981: 38).

„ტეხასის სანაპიროზე
მობილსა და გალვესტონს შორის
არის ვარდებით სავსე ბაღი
იქ ერთი ვილაა
დიდი ვარდის მსგავსი
ბაღში ხშირად
ერთი ქალი სეირნობს მარტო
და როცა მე ჩავივლი გზაზე ცაცხვებს შორის
ჩვენ ერთმანეთს ვუყურებთ“

(აპოლინერი 2001: 126).

აპოლინერი ამ ტიპის ტაეპს ხშირად ნარატიულ ფუნქციას აკისრებს, როგორც ესაა ლექსებში ანი და რაინული შემოდგომა (Rhénane d’ automne)

უკვე სრულიად განსხვავებულია სალექსო სტრიქონის ის ტიპი, რომელსაცვხვდებით 1901-1902 წლების ლექსში სინაგოგა (La synagogue). შემდეგ ამ ტიპის ტაეპი ჩნდება აპოლინერის 1908 წლის (კოცონი, ნიშნობა) და 1909 წლის ლექსებში (კორტეჟი, ლექსი წაკითხული ანდრე სალმონის ქორწილში), ბოლოს კი ზონაში. საქმე გვაქვს გრძელ ტაეპთან, რომელიც მარცვალთა რაოდენობით ხშირად ალექსანდრიული ლექსის ზომასაც კი აღემატება. ლექსიკა და სინტაქსური სტრუქტურა უმეტეს შემთხვევაში პროზაული ხასიათისაა, ხოლო თვით სალექსო სტრიქონის სიგრძე გრამატიკული ან სემანტიკური გამონათქვამის სიგრძეს უტოლდება:

„Te voici à Amsterdam avec une jeune fille que tu
trouves belle et qui est laide“
(აპოლინერი 1981: 12).

„შენ ამსტერდამში ახალგაზრდა ქალთან დადიხარ ის არის
უშნო და ეძახი ტურფა ელენეს“
(აპოლინერი 1984: 140).

„Tu n’ oses plus regarder tes mains et à tous moments
je voudrais sangloter“
(აპოლინერი 1981: 12).

„ო შენ ვერ ბედავ შენს ხელებზე რომ დაიხედო და გაქვს
თვალები ცრემლებით სავსე“
(აპოლინერი 1984: 140).

„Le vieux Rhin soulève sa face ruisselante et se détourne
pour sourire“
(აპოლინერი 1981: 96).

აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ლექსში სინაგოგა ფრაზისა და მისი მნიშვნელობის ურთიერთგადაჯაჭვა ტაეპიდან ტაეპში ხდება ისეთი ანჟამბემანით, როგორიცაა, მაგალითად, „Ottomar et Abraham aiment tous deux/Lia“. უნდა აღინიშნოს, რომ ეს აპოლინერისთვის ერთ-ერთი პირველი გამოცდაა იმ პოეტური იარაღისა თუ ფორმისა, რომლის მოდელიც მან შესაძლოა ჟიულ ლაფორგის (1860-1887) გვიანდელი პოეზიიდან აიღო. ეს ის ფორმაა, რომელიც შემდგომში, აპოლინერთან და ბლეზ სანდრართან (1887-1961) ერთად, მოდერნული პოეზიის უპირველესი გამომსახველობითი ფორმა გახდება 1913-1925 წლებში.

უნდა ითქვას, რომ აპოლინერის რითმაშიც გარკვეულწილად იმავე შეუზღუდაობასა და თავისუფლებას ვხედავთ.

აპოლინერი მეტწილად იყენებს ჯვარედინ რითმას (ABAB), რომელიც ალკოჰოლების ორმოცდაათიდან ცხრამეტ ლექსში გვხვდება. წყვილ წყვილად მონაცვლე რითმები (AABB) მხოლოდ რვა ლექსშია გამოყენებული, ხოლო რითმათა მოდელი ABBA კიდევ უფრო იშვიათად გვხვდება. ზოგჯერ ერთსა და იმავე ლექსში რითმათა ერთი მოდელი მეორესთანააშერეული. მაგალითად, სასახლის მეორე სტროფი დაწერილია ABBA მოდელით, მაშინ როდესაც დანარჩენი კატრენები ABAB მოდელს მიჰყვება. თვით სინაგოგის ვერლიბრით დაწერილ სტროფებშიც კი რითმათა ორი სისტემაა გამოყენებული. რითმათა ერთ მოცემულ სისტემაში შეიძლება შევხვდეთ ვაჟური და ქალური რითმების მონაცვლეობას, მხოლობითი რიცხვის სახელის გარითმვას მრავლობითი რიცხვის სახელთან, ტრადიციული ფრანგული პროსოდიის მიერ აკრძალული რითმის (მაგალითად, სიტყვა, რომელიც შემდგომ ტაეპში იმავე, კვლავ გამოყენებულ სიტყვას ერითმება, ან ერთმარცვლიანი წინდებულის რითმად გამოყენება) ხმარებას, ასონანსებს, ალიტერაციებსა თუ უბრალო სონორულ მსგავსებათ, რაც აპოლინერისეული კომპოზიციისა და ვერსიფიკაციის, მისი პოეტური ხელოვნების განუყოფელ ნაწილად იქცევა.

შეიძლება ითქვას, რომ აპოლინერი არანაირ საზღვრებს არ ცნობს; ის ყველა შესაძლო პოეტურ ტექნიკას ერთდროულად იყენებს, ყველა ტექნიკას ჰარმონიულად აერთიანებს. აპოლინერი მიმართავს დაუსრულებელ ვარიაციებს ორ უკიდურეს ზღვარს შორის. ეს ორი უკიდურესი ზღვარი გახლავთ მკაცრი წესი და ტოტალური თავისუფლება.

ლიტერატურა

აპოლინერი 1951: Guillaume Apollinaire, Lettres à sa marraine, Paris, Gallimard, 1951.

აპოლინერი 1981: Guillaume Apollinaire, Alcools, suivi de Le Bestiaire illustré par Raoul Dufy et de Vitam impendere amori, Paris, Gallimard, collection Poésie, 1981.

აპოლინერი 1984: ფრანგი პოეტები, ფრანგულიდან თარგმნა გივი გეგეჭკორმა, თბილისი, გამომცემლობა „მერანი“, 1984.

აპოლინერი 2001: გიიომ აპოლინერი, ლექსები, ფრანგულიდან თარგმნა ილია გასვიანმა, თბილისი, ჟურნალი „საუნჯე“, 3-4, 2001.

დეკოდენი 1997: Michel Décaudin commente Alcools de Guillaume Apollinaire, Paris, Éditions Gallimard, Foliothèque (23), 1997.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s