ზაზა შათირიშვილი _ როგორ უნდა დაიწეროს ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია?


დღემდე ქართული ლიტერატურის ისტორია შემდეგი სქემის მიხედვით იწერებოდა: ძველი ლიტერატურა (V – XVIII საუკუნეები), ახალი ლიტერატურა (XIX საუკუნე) და – უახლესი (XX საუკუნე). ამგვარადვე ისწავლებოდა ქართული ლიტერატურა უკანასკნელ დრომდე სკოლასა (მე-8/9 კლასი – ძველი ლიტერატურა, მე-9/10 – ახალი და მე-10/11 – უახლესი) და უნივერსიტეტში.

მოცემულ სქემას აქვს როგორც თავისი პოზიტიური, ისე – ნეგატიური მხარეები. პოზიტიური ისაა, რომ ასეთი კლასიფიკაცია კარგად გამოხატავს იმ კარდინალურ გარდატეხას, რაც ქართულ ლიტერატურაში XIX საუკუნის დასაწყისში მოხდა, ხოლო ნეგატიური ისაა, რომ V- XVIII საუკუნეები ერთ მთლიანობაშია მოქცეული. მიუხედავად იმისა, რომ ამ მთლიანობას ქვეპერიოდიზაცია ახასიათებს, ეს მაინც ვერ ასახავს ერთ მნიშვნელოვან ასპექტს. არადა, ეს ასპექტი კორნელი კეკელიძეს, გარკვეულწილად, მონიშნული აქვს: მისი ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის ორტომეული გაყოფილია მნიშვნელოვანი ოპოზიციის მიხედვით – პირველი ტომი სასულიერო ლიტერატურას ეძღვნება, ხოლო მეორე – საეროს.

ამით, თითქოს, აღიარებულია ის ფაქტი, რომ ძველი ქართული ლიტერატურის შესწავლისას ისტორიულ დაყოფასთან ერთად მნიშვნელოვანია – ტიპოლოგიურიც. მაგალითად, დავით გურამიშვილი და ანტონ I თითქმის თანამედროვენი არიან, მაგრამ ერთის ადგილი I ტომშია, ხოლო მეორისა – II-ში. არადა, წმინდა პოეტიკური თვალსაზრისით, გურამიშვილი ბევრად მეტ სიახლოვეს ამჟღავნებს „ძველ ლიტერატურასთან“, ვიდრე – ანტონი, რომელიც მე-18 საუკუნის რუსულევროპული საგანმანათლებლო სქემებით სარგებლობდა (სამი სტილის თეორიის ჩათვლით, თუმცა, ეს თეორია, თავის მხრივ, “მეორე სოფისტიკიდან“ მაინც იწყება) და რომელიც უფრო არქაისტი-მოდერნიზატორი იყო, ვიდრე გურამიშვილისნაირი “სპონტანური” ჰიმნოგრაფი.

კეკელიძის სქემაში კიდევ ბევრი პრობლემური მომენტია. კერძოდ, საქმე ეხება საერო ლიტერატურის ამგვარ ჟანრობრივ სქემატიზაციას: ეპოსი – ლირიკა – დრამა. ამ დროს, როგორც სხვა ადგილას ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, თვითონ XV – XVIII საუკუნეების ლიტერატურამ ამგვარი დაყოფის შესახებ არაფერი იცის და თავისი საკუთარი კლასიფიკაცია აქვს, რომელსაც კეკელიძე თითქმის არ ითვალისწინებს.

არსებობს კიდევ ერთი რთული მომენტი: ალექსანდრე ჭავჭავაძე, რომლის რამდენიმე მნიშვნელოვანი ტექსტი, ჟანრობრივი თვალსაზრისით, სწორედ ძველი ლიტერატურის სფეროში თავსდება, მთლიანად გატანილია კეკელიძის ორტომეულის ფარგლებს გარეთ, როგორ ტიპური რომანტიკოსი. არადა, XVIII საუკუნის ბოლო და XIX საუკუნის 20/30-იანი წლები სწორედ იმით გამოირჩევა, რომ აქ საოცარი აღრევა და დიფუზიაა როგორც „ძველი“ სასულიერო, ისე „ძველი“ საერო და ახალი კლასიკურ-რომანტიკული ჟანრებისა. მაგალითად, იგივე გურამიშვილი, რომელიც ერთი მხრივ, თავისი თემატური ტოპოსებით დიდ სიახლოვეს ამჟღავნებს „ძველ სასულიერო“ ლიტერატურასთან, გარკვეული აზრით, ამ პოეტის უნიკალური ჟანრული ინტუიციიდან გამომდინარე, ბევრად უფრო „მოდერნული“ ავტორია, ვიდრე – რომანტიკოსი ბარათაშვილი.

მაშასადამე, როდესაც ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის წერას ვიწყებთ, კარგად უნდა გავისიგრძეგანოთ, რომ XIX საუკუნის პირველი 30-წლეულის გააზრების გარეშე შეიძლება ბევრი სერიოზული შეცდომა მოგვივიდეს.

მეორეც, არ შეიძლება არც წმინდა ისტორიული და არც წმინდა ტიპოლოგიური სქემების გამოყენება. ამ შემთხვევაში, ჩვენ კეკელიძისეული მიდგომა უნდა გავიზიაროთ, ოღონდ საჭიროა მისი მეთოდოლოგიური რევიზია და შემდგომი კონცეპტუალური რეფლექსია, მაგალითად, ჟანრის საკითხზე.

მესამე – აუცილებლად უნდა დავიწყოთ რეფლექსია იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს „ლიტერატურის“ კონცეპტი. უფრო ზუსტად, უნდა განვსაზღვროთ, თუ რას ნიშნავდა „ლიტერატურა“ ჩვენი „ძველებისთვის“ – „სამღვდელოთათვის“ და „საეროთათვის“. ამიტომაც, სრულიად აუცილებლად მიმაჩნია სულხან-საბა ორბელიანის ჟანრობრივი კლასიფიკაციის გათვალისწინება და მისი ნაწილობრივი გაზიარებაც კი, რაც, ცხადია, არ

გამორიცხავს (პირიქით), მთელ რიგს დაზუსტებებსას.

„ლიტერატურის“ კონცეპტთან დაკავშირებით მინდა შეგახსენოთ ერთი პოლემიკის შესახებ, რომლიც XX საუკუნის 80-იან წლებში გაიმართა, მაგრამ, რომელიც, სამწუხაროდ, მალევე შეწყდა. მაშინ თემურ დოიაშვილმა და ლევან ბრეგაძემ საკმაოდ თამამად დასვეს ამგვარი შეკითხვა: შეიძლება თუ არა, რომ აგიოგრაფიას ვუწოდოთ „ლიტერატურა“ საკუთრივი გაგებით?

თუკი არავინ ჩათვლის, რომ ამ საკითხის განახლებით მე ალექსნდრეკახა ლომაიას წისქვილზე ვასხამ წყალს, მინდა შევნიშნო შემდეგი: დოიაშვილი და ბრეგაძე ერთდროულად მართლებიც იყვნენ და არც იყვნენ მართლები. მე მესმის, რომ ჩემი პასუხი ცნობილ ებრაულ იგავს წააგავს, მაგრამ მინდა დავაზუსტო.

საქმე ისაა, რომ ევროპულ ტრადიციაში „ლიტერატურას“ გარკვეულ პერიოდამდე განსაზღვრავს „მიმეზისის“ ცნება. მიმეზისი არისტოტელეს პოეტიკის ცენტრალური კატეგორიაა. ის ქართულად ითარგმნება როგორც „მიბაძვა“, მაგრამ, სინამდვილეში, ის „ფიქციურობის“ გაგებას შეიცავს. თუ ასეა, მაშინ აგიოგრაფია, საკუთრივი გაგებით, არაა ლიტერატურა, რადგან, ერთი მხრივ, ის ისტორიულ ხდომილებაზე მოგვითხრობს, ხოლო მეორე მხრივ, თუ აქ მიბაძვა მაინც ხდება, ეს ქრისტეს მიბაძვაა, რასაც ზერეალობის ასპექტი შემოაქვს.

მაგრამ, მეორე მხრივ, როგორც თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი ლიტერატურათმცოდნე ჟერარ ჟენეტი შენიშნავს, ლიტერატურა მხოლოდ ფიქციურობას არ ნიშნავს, ის სტილის გაგებასაც მოიცავს. თუ ასეა, მაშინ „ნინოს ცხოვრება“, „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“ ან „შუშანიკის წამება“ ლიტერატურის კუთვნილებაა ბრწყინვალე ენის (ანუ სტილის) გამო, ხოლო „რაჟდენის წამება“ – არა.

მაგრამ სწორედ ეს კოლიზია კარგად გვიჩვენებს რამდენიმე მნიშვნელოვან განსხვავებას, რაც არსებობს ქართულ ლიტერატურასა და ევროპულ ლიტერატურას (ლიტერატურებს) შორის.

პირველი განსხვავება ზედაპირზე დევს: ევროპულ კულტურაში, მაგალითისათვის, აგიოგრაფიული ტექსტები ლათინურ ენაზე იქმნებოდა. აქედან გამომდინარე, როცა ადგილობრივ ენებზე ლიტერატურა წარმოიშვა და შემდეგ ამ ლიტერატურის (ლიტერატურათა) სკოლაში შესწავლა გახდა საჭირო (ეს კი გაცილებით გვიან, XIX საუკუნეში მოხდა), აქ საკითხიც კი არ დასმულა „ფრანგული“, „გერმანული“, თუ „იტალიური“ აგიოგრაფიის შესახებ, რადგანაც შესაბამისი ტექსტები ლათინურად იყო დაწერილი.

მაგრამ აქ თავს შეგვახსენებს მეორე, უფრო ფუნდამენტური, ასპექტიც. როგორც ცნობილია, არსებობს ლათინური საშუალო საუკუნეების ლიტერატურა, რომელსაც XX საუკუნის უდიდესმა ფილოლოგმა ერნსტ რობერტ კურციუსმა თავისი ცნობილი ოპუს მაგნუმ მიუძღვნა სახელწოდებით – „ლათინური საშუალო საუკუნეები და ევროპული ლიტერატურა“ (1948 წ.). ამ განსაცვიფრებელ გამოკვლევაში კურციუსი ძალიან ნათლად გვიჩვენებს, რომ ევროპული ადგილობრივი ლიტერატურების წარმოშობაში ლათინურ ლიტერატურას უდიდესი წვლილი მიუძღვის. უფრო მეტიც, ნაჩვენებია, რომ ევროპული ლიტერატურის უწყვეტობას ანტიკურობიდან ახალ დრომდე სწორედ ლათინური საშუალო საუკუნეები განაპირობებს. ეს ნიშნავს შემდეგს: მიუხედავად იმისა, რომ აგიოგრაფიული თუ ჰიმნოგრაფული ტექსტები, ერთი მხრივ, და ლექსები თუ პოემები, მეორე მხრივ, ერთსა და იმავე ენაზე – კერძოდ, ლათინურად იქმნება, – მკითხველ აუდიტორიას ძალიან კარგად აქვს გააზრებული, რა განსხვავებაა ლიტერატურასა და, მაგალითად, აგიოგრაფიას შორის. საქმე ისაა, რომ ლათინური საშუალო საუკუნეებისათვის ლიტერატურის კლასიკური – ბერძნულ-რომაული – გააზრება გადამწყვეტია – საშუალო საუკუნეების ლათინი ავტორები მთლიანად ეყრდნობიან არისტოტელურ-ჰორაციუსისეულ პოეტიკასა და ჟანრულ კლასიფიკაციას.

სწორედ ეს ტრადიცია არ დგას საშუალო საუკუნეების ქართულენოვანი სიტყვიერების უკან. ამიტომაც, როცა რუსთველის პოემას XVI – XVIII საუკუნეების ქართველი ავტორები ტრადიციის დასაწყისად მიიჩნვენ („მელექსეთ-დასაბამი შოთა“), ისინი სრულიად მართლები არიან. საქმე ისაა, რომ „ლიტერატურის“ კონცეპტი ქართულ ენობრივ სივცრეში ირანული ლიტერატურიდან შემოდის, რადგანაც ირანული ლიტერატურიდან შემოდის სალიტერატურო ჟანრებისა და პოეტიკის გაგება.

აქ, რა თქმა უნდა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ირანულ ლიტერატურაში ლიტერატურული რეფლექსია და პრაქტიკა არაბული ლიტერატურის გავლენით იწყება, ხოლო თავად არაბულში ლიტერატურის კონცეპტუალიზაცია ბერძნული კულტურის, კერძოდ, არისტოტელეს პოეტიკის ზეგავლენით მოხდა.

სწორედ ესაა ქართული ლიტერატურის მთავარი „პარადოქსი“: ძველი ქართული რელიგიური კანონი და ძველი ქართული სალიტერატურო კანონი ჰეტეროგენული წარმოშობისაა. სწორედ ეს უმთავრესი გარემოება უნდა გავითვალისწინოთ, როდესაც ქართული ლიტერატურის ისტორიისა და, კერძოდ, ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის წერას ვიწყებთ. ამიტომაცაა დღემდე დაწერილი ქართული ლიტერატურის ნებისმიერი ისტორია, რომელიც საშუალო საუკუნეების ქართული სიტყვიერებასაც მიმოიხილავს, საზოგადო მეთოდოლოგიური თვალსაზრისით, ან არაადეკვატური (მაგალითად, დონალდ რეიფილდის ნაშრომი), ან – ნაწილობრივ ადეკვატური (მაგალითად, ალექსანდრე ხახანაშვილის ფუძემდებლური გამოკვლევა). სხვაგვარად რომ ვთქვათ, XVI-XVIII საუკუნეების ქართულ ენობრივ სინამდვილეში რელიგიური კანონი – ქრისტიანულია, ხოლო სალიტერატურო – ისლამური (არაბულირანული).

ენობრივი თვლსაზრისითაც, ასევე საყურადღებო სიტუაციაა: რელიგიური სიტყვიერების ენა ბერძნულსა და შემდეგ სლავურ/რუსულზეა ორიენტირებული, ხოლო სალიტერატურო – ირანულსა და, ნაწილობრივ, თურქულზე.

ამ გარემოებას ერთ საყურადღებო ლიტერატურულ ფაქტთან მივყავართ: როცა თეიმურაზ I – თავისი მნიშვნელობით, რა თქმა უნდა, რუსთაველის შემდეგ ამ პერიოდის მეორე ავტორი – ირანული პოეზიის ადაპტაციას ასრულებს ქართულ ენაზე, ის ნიზამიდან მომდინარე ალეგორიულ პოემებს – „ლეილმეჯნუნიანს“, „შამიფარვანიანს“ და სხვ. – კვეცავს, აგდებს ალეგორიულ ექსეგეზასა და მისტიკურ კონტექსტს ამ სიუჟეტებს მთლიანად აცლის. ასევე იქცევაა ნოდარ ციციშვილიც „ბარამგურიანის“ შემთხვევაში. არადა, ნიზამი თავისი პოემის პროლოგში პირდაპირ აცხადებს, რომ მისი ნაწარმოები ესაა „ზარდახშა, რომელსაც ორი ძირი აქვს“ – ეს მეორე ძირი სუფისტური ალეგორიაა – ანუ ქალ-ვაჟის სიყვარულის მიღმა სუფისტისა და ალაჰის მისტიკური ურთიერთმიმართება იმალება.

საინტერესო ისაა, რომ XVI-XVIII საუკუნის ქართველი ავტორები დაახლოებით ისევე იქცევიან, როგორც XX საუკუნეში – საბჭოთა ცენზურა, რომელიც ჯალ-ედინ რუმის იგავებს მისი „მესნევიდან“ და ლათინური საშუალო საუკუნეების ტექსტს – „გესტა რომანორუმს“ – შესაბამისი ალეგორიული ექსეგეზის (განმარტებების) გარეშე აქვეყნებდა. რა თქმა უნდა, ეს იყო, ჩვენი ძველი ავტორების შემთხვევაში, ქრისტიანული „თვითცენზურა“ – ითარგმნებოდა პოემის სიუჟეტი ამ სიუჟეტის მისტიკური რეცეპციის გარეშე, მისი ქრისტიანული გადააზრება ვერ ხდებოდა, რადგანაც თეიმურაზის თანამედროვე ბერძნულენოვან ქრისტიანულ ლიტერატურაში არ მოიპოვებოდა ალეგორიული ექსეგეზის მისაბაძი მაგალითი – მოდელი, ხოლო გრიგოლ ნოსელისა თუ სხვა ადრეული ავტორების ტექსტებზე, სადაც ქრისტიანული ალეგორიული ექსეგეზის ჩინებული მაგალითებია, სამწუხაროდ, სხვადასხვა გარემოებათა გამო ჩვენს ავტორებს ხელი უკვე აღარ მიუწვდებოდათ.

აქ, რა თქმა უნდა, არც დროა და არც ადგილი, რათა ალეგორიული ექსეგეზის წარმოშობისა და ფუნქციის შესახებ ვისაუბროთ, მაგრამ სრულიად აუცილებელია, აღვნიშნოთ შემდეგი: ლიტერატურის ფუნქციისა და დანიშნულების შესახებ კამათი უკვე ანტიკურობაში წამოიშვა. მიაჩნდათ, რომ ჰესიოდე გვასწავლის, ხოლო ჰომეროსი, ამ გადასახედიდან, პრობლემური ავტორი იყო. პლატონმა რადიკალურად დააყენა საკითხი, როცა აღნიშნა, რომ ჰომეროსი „უმართებულო ამბებს“ გვიყვება ღმერთების შესახებ. გვიანდელმა პლატონიკოსებმა (რომელთაც ნეოპლატონიკოსებსაც უწოდებენ) პრობლემა შემდეგნაირად გადაწყიტეს – მათ თქვეს, რომ ჰომეროსის პოემები ალეგორიულია, ჰომეროსის ნარატივის უკან ფილოსოფიური ალეგორია ამოიკითხეს და ამით პლატონი და ჰომეროსი შეათანხმეს.

სწორედ ასე გადაწყვიტეს მუალაკების პოეზიის საკითხი არაბებმა და ალეგორიული ექსეგეზის მეშვეობით ადრეული არაბული პოეზია ისლამურ კონტექსტში მოათავსეს. ეს გზა ფუნდამენტური აღმოჩნდა – პოეზია ისლამურ რელიგიურ კანონში მოთავსდა სწორედ იმის გამო, რომ მას აღმოაჩნდა ალეგორიულ-მორალისტური დატვირთვა.

კამათი ვეფხისტყაოსნის შესახებ, რომელიც კარგად იკითხება ვახტანგ VI-ის თარგმანებაში, სწორედ ამ თემას ეძღვნებოდა: ამიტომაც, როგორც სხვა ადგილას უკვე აღვნიშნეთ, ვახტანგმა ვეფხისტყაოსანი წაიკითხა არა როგორც ალეგორიული ნარატივი (ამბავი), არამედ როგორც მორალისტური – საცოლქმრო ნარატივი, სადაც დროდადრო ისმის ავტორის – განდგომილი ბერის – შოთა რუსთველის ალეგორიული დისკურსი – ალეგორიული ხმა.

ვახტანგის ამ წაკითხვის უკან რეალური ჰერმენევტიკული პრობლემა იდგა, რომელიც პოემის პროლოგშივე ჩანს: შაირობა „საღვთოცაა” და „საეროც“. ნამდვილი „შაირობა“ პირველ („ზენა“) მიჯნურობას უნდა ეძღვნებოდეს. არადა, რუსთველი ამბობს, რომ მისი პოემა“ „დაბალ“) მიჯნურობას ეძღვნება („ვთქვი ხელობანი ქვენანი..“). მაშინ გამოდის, რომ რუსთველი არ არის „პირველი“ – ჭეშმარიტი – მოშაირე. სწორედ ამ პრობლემის გადაჭრას შეეცადა ვახტანგი. ამდენად, ვახტანგისეული ექსეგეზა სავსებით ადეკვატურია. ის ბევრად უფრო ადეკვატურია, ვიდრე XIX-XX საუკუნეების რუსთველოლოგიის დიდი ნაწილი.

თუკი ნიზამის პოემები, ნიზამისავე განმარტებით, ესაა – „ზარდახშა, რომელსაც ორი ძირი აქვს“, ვეფხისტყაოსანი ესაა ზარდახშა, რომლის გასაღები დაკარგულია. როგორც კორნელი კეკელიძემ არაჩვეულებრივად აღნიშნა, ჩვენ სამი რამ არ ვიცით ამ პოემის შესახებ – არ ვიცით, ვინ დაწერა, როდის დაიწერა და სად დაიწერა ვეფხისტყაოსანი. ანუ ჩვენ არ იცით ამ პოემის უახლოესი კონტექსტი. აქედან ერთადერთი დასკვნა გამომდინარეობს: პოემის „უახლოესი“ კონტექსტი ესაა XVI – XVIII საუკუნეების პოეზია (და ლიტერატურა).

შევაჯამოთ: XVI – XVIII საუკუნეების ქართული ლიტერატურა, რომლის ცენტრი ვეფხისტყაოსანია, რეგიონული ლიტერატურაა, რომელიც ირანული ზონური ლიტერატურის გავლენის ქვეშ იმყოფება. ხოლო თავად ირანული ლიტერატურა არაბული – „თაური“ – ლიტერატურის ზონური გადამტანია. მე ამ შემთხვევაში ვიყენებ მალაური ლიტერატურის აღიარებული სპეციალისტის ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორის ვ. ბრაგინსკის ისტორიულ-პოეტიკურ მოდელს. ქართული ლიტერატურის სპეციფიკა ისაა, რომ მას XIX საუკუნემდე ქრისტიანული რელიგიური კანონისა და ისლამური (არაბულ-ირანული) ლიტერატურული კანონის შეხამება განსაზღვრავს. ვახტანგი სწორედ იმიტომ აღნიშნავს, რომ „ეს ამბავი სპარსეთში არ არისო“, რომ სურს პოემის ქრისტიანული ინტერპრეტაცია, რისთვისაც ექსეგეზის საკმაოდ დახვეწილ და, გარკვეული აზრით, მოულოდნელ ხერხს მიმართავს.

ის, რაც XVIII საუკუნეში ქრისტიანულ-ისალმური კოლიზია იყო (ამგვარადვე უნდა წავიკითხოთ ტიმოთე გაბაშვილის რისხვიანი ინვექტივა ვეფხისტყაოსნის წინააღმდეგ – როგორც ყოფითი „ისლამიზაციის“ წინააღმდეგ გალაშქრება), XIX საუკუნის მეორე ნეხევარში გადააზრებულ იქნა ქართული ნაციონალიზმისა და ქართულ-სპარსული ლიტერატურული მიმართების კონტექსტში, რაც სხვა საუბრის თემაა.

მაგრამ სანამდე ეს მოხდება, კიდევ ერთი ავტორი უნდა განვიხილოთ, რომლსაც სრულიად განსაკუთრებული ადგილი უნდა მივაკუთვნოთ ქართული ლიტერატურის ისტორიაში. მას ისედაც აქვს ეს განსაკუთრებული ადგილი, მაგრამ, ისტორიულ-ლიტერატურული პოზიციიდან, ეს ფიგურა სრულიად უნიკალურად გამოიყურება. ცხადია, მე დავით გურამიშვილს ვგულისხმობ.

დავით გურამიშვილი XVI – XVIII საუკუნეების ერთადერთი პოეტია, რომელიც საკუთარი წიგნისა და საკუთარი თავის გენეალოგიის უზუსტეს კოორდინატებს იძლევა – ის თანმიმდევრულად იაზრებს ქართლის ამბებს ბიბლიურ კონტექსტში, ბაგრატიონების გენეალოგიას – ასევე, ბიბლიურ დავით მეფესთან დაკავშირებული გადმოცემის ფონზე; ამავე დროს, ის იძლევა საკუთარი არისტოკრატიული წარმოშობის კოორდინატებს და საკუთარი თავის, როგორ პოეტის, გენეალოგიას.

მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ გურამიშვილი მთელი ქართული ლიტერატურის სისტემურ ექსეგეზასა და კლასიფიკაციას იძლევა. მან მოგვცა სალიტერატურო კანონის ხატი, რომელიც სამეფო დარბაზის ანალოგიურია და სადაც მეფის ტახტზე რუსთველი ზის (აქვე შევნიშნავთ, რომ სწორედ აქედან იწყება „მეფე-პოეტის“ ის ხატი, რომელსაც ასე ფართოდ გამოიყენებს განსხვავებულ კონტექსტში გალაკტიონი); მანვე თანმიმდევრული ალეგორიული ექსეგეზის მეშვეობით წაიკითხა რუსთაველი – ვინც „დარგო იგვათ-ხე“ და საკუთარი თავი გაიაზრა როგორც შთამომავალი – ანუ საკუთარი შემოქმედება, ასევე, ალეგორიულად წაიკითხა.

და, რაც მთავარია, გურამიშვილმა მთლიანად „გადაზილა“ ერთმანეთში საერო და სასულიერო ჟანრული სისტემები – საერო პროსოდიაში თეოლოგიური შინაარსი ჩაღვარა, ხოლო „შაირის“ მეტრით დაწერილ ლექსებს „იამბიკო“ უწოდა. ამ თანმიმდევრული და ტოტალური სისტემატიზაციით გურამიშვილი აბსოლუტური ნოვატორი და „მოდერნისტი“ აღმოჩნდა. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ მას სრულიად ჰერმეტულ კონტექსტში – მკითხველი აუდიტორიის გარეშე – უწევდა მუშაობა, რამაც განაპირობა ის, რომ გურამიშვილმა თავის პოეტურ სტრატეგიად თანმიმდევრული ალეგორიული ექსეგეზა აირჩია და „კიევური“ ბაროკოს „ჰაერში“ მოხელთება მოახერხა (მან ხომ, გარკვეული აზრით, საბედნიეროდაც კი, ბოლომდე ვერ ისწავლა ვერც რუსული ენა და ვერც – „ადგილობრივი დიალექტი“). გენიალური „ზუბოვკის“ უკან, რა თქმა უნდა, ბიბლიური „ქება ქებათა“ იმალება, როგორც მოდელი, ოღონდ ადგილობრივი – “კიევური” – კათოლიკური ბაროკოს კონტექსტში გამოვლილი.

ყოველივე ამის გამო გურამიშვილი, მიუხედავად სრულიად შუასაუკუნეობრივი ტოპოსებისა, ცდება ძველი ქართული ლიტერატურის ჟანრულ სისტემასა და პოეტიკას და ახალი პოეტიკის ზღვარზე იმყოფება როგორც ნოვატორი-არქაისტი (თუკი გენიალური ტინიანოვის ცნობილ კლასიფიკაციას გავიხსენებთ). მისი ორეული ნიკოლოზ ბარათაშვილია, რომელიც ფსალმუნების ენაში უკვე სრულიად რომანტიკულ მელანქოლიას ათავსებდა, როგორც – არქაისტი-ნოვატორი.

და ბოლოს, გურამიშვილთან, გარკვეული აზრით, ხდება „ისლამური“ კონტექსტის ნეიტრალიზება, რის გამოც პირველად და უკანასკნელად ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიაში სალიტერატურო კანონი რელიგიურ კანონს ალეგორიული ექსეგეზის წყალობით „ბუნებრივად“ ეხამება. ამით გურამიშვილმა, ფაქტობრივად, იგივე რამ მოიმოქმედა, რაც გვიანდელმა პლატონიკოსებმა ჰომეროსის მიმართ ჩაიდინეს, ხოლო საშუალო საუკუნეების ქრისტიანმა სქოლასტებმა – ვერგილიუსის მიმართ, რომელიც ქრისტეს წინასწარმეტყველად აქციეს. ამ ყველაფერში, ცხადია, იყო ლოგიკა და ლიტერატურული ტრადიციის ფლობის უნარი. საგულისხმოა, რომ გურამიშვილმა ეს შეხამება სწორედ მაშინ შეძლო, როცა ქართული ლიტერატურის საშუალო საუკუნეობრივი პერიოდი („ძველი ქართული ლიტერატურა“) უკვე თითქმის დასრულებული იყო.

ამიტომაც, ვინც მომავალში დაწერს ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიას, მან აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს გურამიშვილის გამოცდილება, მისი უნიკალური ჟანრული ინტუიცია და ჯეროვნად დააფასოს ამ გენიალური პოეტის ჰერმენევტიკული ალღო.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s