მანანა კვაჭანტირაძე _ ჩარლზ პირსი და თანამედროვე სემიოტიკის პრობლემები


ფილოსოფიური აზრის ისტორიას თითქმის ორი საუკუნე დასჭირდა იმისათვის, რომ ხორცი შესხმოდა ჯონ ლოკის მოსაზრებას ნიშანთა საგანგებო თეორიის შექმნის აუცილებლობაზე ,,Опыт о человеческом разуме” წიგნი III). ეს ამოცანა წარმატებით განახორციელა ამერიკელმა მეცნიერმა ჩარლზ სანდერს პირსმა (1839-1914) ზოგადი სემიოტიკის შექმნით და საფუძველი ჩაუყარა ნიშანთა სისტემების, კომუნიკაციური აქტების, მექანიზმებისა და პროცესების შესწავლას თანამედროვე მოვლენების არაერთ სფეროში – ხელოვნებიდან დაწყებული ბიოლოგიით დამთავრებული. ჩარლზ პირსი არ ყოფილა სათანადოდ შეფასებული თავისი თანამედროვეების მიერ, სამაგიეროდ, დღეს იგი ამერიკული ფილოსოფიის უმნიშვნელოვანეს ფიგურადაა აღიარებული. მის მიერ დაწერილი ასობით გამოკვლევის სისტემატიზაციასა და პუბლიკაციას სამეცნიერო გამომცემლობებმა გარდაცვალებიდან ოცი წლის შემდეგ მოჰკიდეს ხელი. თხზულებათა პირველი კრებული 1935-1966 წლებში გამოიცა. არსებობს რჩეული ნაშრომების ორი კომენტირებული გამოცემა (1955, 1956); უფრო ფართოდაა ცნობილი მოკლე ფრაგმენტი პირსის ნაშრომისა ,,ლოგიკა, როგორც სემიოტიკა: ნიშანთა თეორია”, რომელიც სემიოტიკის 1985 წელს გამოცემულ ანთოლოგიაში გამოქვეყნდა. დასავლეთში პირსის მიმართ დაინტერესება უკანასკნელ ათწლეულებში იმდენად დიდია, რომ საუბრობენ ,,პირსისკენ შემობრუნებაზე”, ,,პირსის ხაზზე” და ა. შ. ამ ინტერესს მოწმობს მასზე გამოქვეყნებული ვეებერთელა ლიტერატურა, რომელიც სპეციალურ საცნობარო ბიბლიოგრაფიაშია თავმოყრილი. პირსის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ინდიანას უნივერსიტეტის სემიოტიკური კვლევების ინსტიტუტში, რომელსაც თომას ა. საბეოკი ხელმძღვანელობს. პირსს მიეძღვნა ჟურნალ ,,The Monist”-ის სპეციალური ნომერი 1982 წელს და ა.შ.

საბჭოთა სამეცნიერო სივრცეში პირსი 1968 წელს გამოჩნდა ი. კ. მელვილის ავტორობით გამოსულ წიგნში ,,ჩარლზ პირსი და პრაგმატიზმი”. 1983 წელს კრებულში ,,სემიოტიკა” პირველად გამოქვეყნდა მისი ,,ლოგიკის ელემენტები”, 1996 წელს კი ,,Вопросы философий”-ს № 12-ში დაიბეჭდა პირსის ორი ცნობილი სტატია: ,,რწმენის განმტკიცება” და ,,როგორ გამოვხატოთ ჩვენი იდეები ნათლად”. 2000 წელს რუსულად გამოიცა პირსის რჩეული ნაშრომების ორი ტომი.

პირსის სემიოტიკა, უპირველეს ყოვლისა, ლოგიკოსებისათვის შეიქმნა. იგი სოსიურის ლინგვისტური სემიოტიკისაგან დამოუკიდებლად ვითარდებოდა და ფილოსოფიას, ლოგიკასა და შემეცნების თეორიებს ეყრდნობოდა. სემიოტიკის ლინგვისტური მიმართულებისაგან განსხვავებით, რომელიც მის პრაქტიკულ გამოყენებაზე იყო ორიენტირებული და ენის მოდელს იყენებდა, პირსის სემიოტიკა გნოსეოლოგიურ და მეტაფიზიკურ უნივერსალურობაზეა ორიენტირებული (ნოთი 2001: 6). ამის გამო პირსის შრომები სემიოტიკაში უპირველესად ფილოსოფიისა და ნიშანთა ზოგადი თეორიის ფარგლებში იქნა აღიარებული. ამ გარემოების გამო პირსისა და სოსიურის თეორიების შედარება არაერთი სამეცნიერო ნაშრომის თემაა. მათი ავტორები ძირითადად სოსიურის დიადური და პირსის ტრიადული მოდელების შეპირისპირებით ინტერესდებიან.

სემიოტიკას პირსი განსაზღვრავდა, როგორც მოძღვრებას ბუნებაზე და ნიშნობრივი პროცესების ძირითად სახესხვაობებზე. მან პირველმა დაახასიათა ისეთი სემიოტიკური ცნებები, როგორიცაა ნიშანი და მნიშვნელობა, ნიშნური დამოკიდებულება და ა. შ. პირსის უმთავრესი თავისებურება, სოსიურისაგან განსხვავებით, ისაა, რომ იგი ყურადღებას ამახვილებს სემიოზისზე, როგორც ობიექტისა და მასზე აზრობრივი წარმოდგენის შეუღლების დაუსრულებელ დინამიურ პროცესზე მაშინ, როცა სოსიური ნიშნის სტრუქტურას სტატიკურ მდგომარეობაში განიხილავდა.

პირსის იდეები ფართოდ დაინერგა ჰერმენევტიკაში, ნაკლებად – პოსტმოდერნიზმში, რომელმაც გამოყენებით სემიოტიკას მიანიჭა უპირატესობა და სოსიურის ხაზს მიჰყვა (თუმცა მიზეზი, ვფიქრობთ, მარტო ეს არ ყოფილა და ამაზე სხვა დროს). პირსის სემიოტიკა ერთგვარი ლოგიკური საფუძვლის როლს ასრულებს ხელოვნებისა და ლიტერატურის იმ თეორიებში, რომლებიც აღქმაზე, ინტეპრეტაციაზე, რეცეფციაზეა ორიენტირებული. პირსის გავლენას აღიარებდნენ გრეიმასი, მორისი, დერიდა, ლაკანი, ეკო და სხვ. მიუხედავად იმისა, რომ გრეიმასი, სტრუქტურალიზმის არსებითი პოსტულატიდან გამომდინარე, თანდათან უარს ამბობს ობიექტზე, როგორც სემიოზისის პროცესის ერთ-ერთ კორელატზე, მეცნიერები მაინც პოულობენ თანხვედრის წერტილებს მათ პოზიციებს შორის. პირსის უსასრულო სემიოზისის იდეა გავლენას ახდენს დერიდას დეკონსტრუქციაზეც. პარალელის გავლება შეიძლება ლაკანის ტრიადის (წარმოსახვითი, რეალური და სიმბოლური) და პირსის პირველადის, მეორეულისა და მესამეულის კატეგორიებს შორის. ლაკანისათვის ნიშნის ინტერპრეტაცია და მნიშვნელობის წარმოქმნა სოციალურ პროცესს წარმოადგენს, ანუ სიმბოლური რიგის იდეაა, თუმცა, თუ ტერეზა დე ლაურეტისის დაკვირვებას გავიზიარებთ, ამისაგან მაინცდამაინც შორს არც პირსის ინტერპრეტანტა დგას, მიუხედავად იმისა, რომ პირსის წარმოდგენით, იგი მენტალური ხატია და არა სოციალური. იმის გამო, რომ ნიშნის საფუძველი ყველასათვის საერთოა, მისი ინტერპრეტირება, როგორც სოციალური ხატისა, განსაკუთრებულ სიძნელეს არ წარმოადგენს (ბელი… 1996: 554)

გერმანიაში, 1960 წლებიდან დაწყებული, ,,შტუტგარტის სკოლა” (მაქს ბენზე, ელიზაბეთ ვალტერი) სისტემატურად ამუშავებს სემიოტიკის ,,საბაზისო თეორიას”, რომლის მიზანსაც პირსის თეორიის სისტემატური რეკონსტრუქცია და განვითარება წარმოადგენს. აბდუქციასა და უსასრულო სემიოზთან დაკავშირებით პირსის იდეების მნიშვნელოვანი გავლენის შესახებ საუბრობს უმბერტო ეკოც. როგორც უკვე ვთქვით, არაერთი სამეცნიერო კვლევის თემაა პირსის ტრიადული და სოსიურის დიადური მოდელების შედარება-შეპირისპირება. მეცნიერები პარალელებს ეძებენ ბახტინის დიალოგურობისა და პირსის უსასრულო სემიოზისის პრინცი პების შორისაც. ეს ოდენ ნაწილობრივი ჩამონათვალია იმ დიდი გავლენისა, რაც პირსის თეორიამ იქონია როგორც ლინგვისტური ნიშნის, ისე, ზოგადად, ნიშნური პროცესების კვლევის მდგომარეობაზე თანამედროვე ჰუმანიტარულ, სახელოვნებო, საბუნებისმეტყველო და მათემატიკურ მეცნიერებებზე (ნოთი 2001).

პირსის სემიოტიკის ონტოლოგიური და ფენომენოლოგური საფუძვლების არსებით ნაწილს წარმოადგენს მისი თეორია ხარისხის, მიმართებისა და რეპრეზენტაციის სამი უნივერსალური კატეგორიის შესახებ. ამ დეფინიციის მიხედვით, ნიშანი და ნიშნური პროცესები მესამე – რეპრეზენტაციის კატეგორიას განეკუთვნებიან, თუმცა სემიოტიკური ასპექტები დანარჩენ ორსაც გააჩნიათ. ასე რომ, სამყაროს, როგორც მთლიანი ნიშნური უნივერსუმის გააზრება, მყარ საფუძველს ქმნის სამყაროს, როგორც ტექსტის, თეორის შემდგომი დამუშავებისათვის: ,,მთელი უნივერსუმი გამსჭვალულია ნიშნებით, თუკი მთლიანად ამ ნიშნებისაგან არაა შემდგარი”. ამ მოსაზრების ფონზე სემიოტიკა უნივერსალურ მეცნიერებად იქცევა. ამის შესახებ წერდა კიდეც პირსი ლედი უელბისადმი მიწერილ წერილში 1908 წელს: ,,მე ჯერ არასოდეს გამომიკვლევია რამე ისე, რომ არ განმეხილა ეს საგანი, როგორც სემიოტიკური შტუდიების ობიექტი – მათემატიკა, ეთიკა, მეტაფიზიკა, გრავიტაცია, თერმოდინამიკა, ოპტიკა, ქიმია, შედარებითი ანატომია, ასტრონომია, ფსიქოლოგია, ფონეტიკა, ეკონომიკა, მეცნიერების ისტორია, ქალები და კაცები, ღვინო და მეტროლოგია” (ნოთი 2001).

ადამიანის ცნობიერების ფენომენები (პირსი მათ ფანერონებს უწოდებს), როგორებიცაა აღქმა, ილუზია, წინათგრძნობა, სამყაროს აზრობრივი ინტეპრეტაცია – პირსს სამ უნივერსალურ კატეგორიამდე დაჰყავს (ცნობილია, რომ არისტოტელე გამოყოფდა ათ, კანტი კი – თორმეტ ონტოლოგიურ კატეგორიას) და მათ პირველადს, მეორეულს და მესამეულს უწოდებს (ვინაიდან ამ ტერმინოლოგიის შესაბამისი ცნებები, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ქართულად არ დამუშავებულა და ისინი, თარგმანის სახით, პირველად შემოგვაქვს. სიამოვნებით გავითვალისწინებთ შემოთავაზებულ შენიშვნებსა და რჩევებს ამ მიმართულებით).

,,პირველადობა” ესაა ,,იმის ყოფიერების მეთოდი, რომელიც ყოფნობს ისე, როგორც ყოფნობს, დადებითი სახით და დამოუკიდებლად რაიმე სხვისგან”. ესაა დამოუკიდებელი შეგრძნების, სუფთა შესაძლებლობის, უშუალობის, სპონტანურობის, თავისუფლების, ჯერ კიდევ არადიფერენცირებული ხარისხისა და დამოკიდებულების კატეგორია (,,საინფორმაციო ერიდან” ,,ნანოტექნოლოგიურში” გადასვლის თანამედროვე ეტაპზე, ვფიქრობ, სამყაროს წონასწორობის, ჰარმონიულობის შენარჩუნების მიზნით კაცობრიობის ყველაზე აქტუალურ ამოცანად სწორედ ამ ტიპის ნიშანთა დაცვა რჩება).

,,მეორეული” ვლინდება პირველის მეორესთან მიმართებაში რაიმე კანონზომიერების გარეშე. ესაა დროსა და სივრცეში მიმართების, რეაქციის, ქმედების, უხეში ძალის, რეალობისა და შემეცნების კატეგორიები. მეორეულს განეკუთვნებიან ისეთი ფაქტები, რომლებიც, პირველადებისაგან განსხვავებით. თავს იჩენენ არა წმინდა შესაძლებლობების სახით, არამედ მხოლოდ რაღაც სხვასთან ოპოზიციაში, ამიტომ მეორეულს ვხვდებით ისეთ მოვლენებში, როგორიცაა ,,სხვა, მიმართება, იძულება, ქმედება, დამოკიდებულება, დამოუკიდებლობა, უარყოფა, რეალობა, შედეგი”.

,,მესამეული” აკავშირებს მეორეს პირველთან. ესაა კატეგორია გაშუალების, გახსენების, ჩვეულების, აუცილებლობის, კანონზომიერების, უწყვეტობის, სინთეზის, კომუნიკაციის, რეპრეზენტაციის, სემიოზისისა და ნიშნების. მიუხედავად იმისა, რომ თვით ნიშნები პირსისთვის მესამე კატეგორიას განეკუთვნებიან, იგი სემიოტიკურ ასპექტებს პირველად და მეორეულ კატეგორიებშიც ხედავს, თუმცა მათ განიხილავს, როგორც ე. წ. ,,ნაკლოვანი”, არასაკუთარი (გადაგვარებული) სემიოზისის შემთხვევებს. ნიშნობრიობის საყოველთაობის აღიარებას, როგორც ზემოთაც ვახსენეთ, პირსი სამყაროს პანსემიოტიკურ გააზრებასთან მიჰყავს, რომლის მიხედვითაც შემეცნებას, აზროვნებას და თვით ადამიანსაც ნიშნური (სემიოტური) ბუნება აქვთ. როგორც ნებისმიერი ნიშანი, ისე ნებისმიერი აზრიც დაკავშირებულია სამყაროს ობიექტებთან და სხვა აზრებთან, რადგან ,,ყველაფერი, რაზედაც ვფიქრობთ, წარსულს შეიცავს”. მეტიც, პირსისთვის ,,ყოველგვარი ფიქრი ნიშანს წარმოადგენს”. აზრის ეს ნიშნური ხასიათი და ის ფაქტი, რომ ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა აზრთა დინება, პირსს საშუალებას აძლევს ამტკიცოს, რომ ,,ადამიანი ნიშანია”. პირსის შეხედულებების ფონზე შეიძლება შემდეგნაირად წავიკითხოთ ვაჟას ერთი ცნობილი პოეტური გამონათქვამი: ნისლი მთების ფიქრია, ანუ მთების აზროვნების ნიშანი. სამყარო, ბუნება ისევე აზროვნებს ნისლით, როგორც ადამიანი – ფიქრით. ადამიანის, როგორც ნიშნის ამოკითხვა აქ სამყაროს, როგორც ტექსტის უნივერსალურ კონტექსტში ხდება, შინაგანი პოეტური ხედვა სწორედ ამ უნივერსალურ კონტექსტზეა მიპყრობილი, ერთობასა და ერთიანობაზეა ორიენტირებული, პოეტური ენა კი ამ დარღვეული კონტექსტის აღდგენასა და გამთლიანებას ემსახურება.

პირსის ეს სემიოტიკური შეხედულება ადამიანზე და ადამიანურ შემეცნებაზე ეხება აწმყოს, წარსულსაც და მომავალსაც. ამდენად ყველაფერი, რაც ადამიანმა იცის სამყაროს ობიექტების შესახებ, რასაც გრძნობს მათთან ურთიერთობისას, ის, რასაც ობიექტის ფორმა ჩააგონებს და ისიც, რა საშუალებითაც მას შეიმეცნებს – ადამიანობის ნიშანი და ადამიანის ინტერპრეტანატაა. ადამიანის ყველაზე უჩვეულო ინტერპრეტანტები, ამ აზრით, პოეზიაში დაიძებნება. მე-16 ს-ის სპარსი პოეტი მუჰამედ ფიზული წერს: ,,მე – მე არა ვარ. ის, რასაც მე ,,მე”-ს ვეძახი, ეს შენ ხარ”.

მიუხედავად იმისა, რომ პირსის თეორიას არ ჰქონია საკუთრივ ლინგვისტური მიმართულება, მისი სემიოტიკური პოსტულატებიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ხსოვნა თვით ენაშია აკუმულირებული და როგორც აზროვნების, ისე ადამიანობის ნიშანს წარმოადგენს. ენა შეიცავს და უნივერსალური განმასახიერებელია პირსის სამივე კატეგორიისა ერთიანობაში: ენა პირველადია, როგორც უშუალო, სპონტანური და თავისუფალი; მეორეულია, რამდენადაც შემმეცნებელი, მოქმედი და ძალის მქონეა; და მესამეულია, რამდენადაც გახსენების, ჩვეულების, სინთეზის, კომუნიკაციის, რეპრეზენტაციის, სემიოზისის პროცესებს აწესრიგებს და მეორეს პირველთან არა მხოლოდ გარეგნულად, არამედ შინაგანადაც აკავშირებს დროსა და სივრცეში. სამიოზისი სწორედ ენისა და აზროვნების, როგორც სიცოცხლის ფორმათა დამაკავშირებლის, უწყვეტი ფუნქციაა.

ვფიქრობ, პირსის თეორიის ფონზე სავსებით ლოგიკურია დავსვათ კითხვა – რისი ნიშანია ლიტერატურა; როგორ გამოიყურება იგი პირსის შეხედულებათა შუქზე, რა განსაკუთრებულ ნიშნებს ატარებს, როგორც სემოტიკური უნივერსუმის ნაწილი? საკითხი უნდა დამუშავდეს არა მხოლოდ იმის გათვალისწინებით, რომ ლიტერატურის შემოქმედი, როგორც ადამიანი, თვითონვე წარმოადგენს ნიშანს, არამედ იმ კუთხითაც, რომ ამ სამყაროში ლიტერატურის ერთადერთი აღმქმელიც მხოლოდ ადამიანია. ამასთან, საკითხის განხილვა უნდა დაიწყოს სწორედ პირველად, მეორეულ და მესამეულ კატეგორიებთან ლიტერატურის შესაბამისობის საკითხის დასმით. როგორც პირველადი კატეგორია, ლიტერატურის ენა ,,მუშაობს” თავისუფალ სპონტანულ რეჟიმში. როგორც მეორეული, ესაა მიმართებაც, რეაქციაც, ქმედებაც რაღაც აღსანიშნის, რეფერენტის მიმართ, შემეცნების პროცესიც და რეალობაც. იგი არა მარტო სუფთა შესაძლებლობაა (პირველადობა), არამედ ისეთი მოვლენაც, რომელიც რეალობასთან ოპოზიციაში დგინდება, როგორც წარმოსახვის, შესაძლებლობის ენა. ლიტერატურის ენა, მისი ემოციური ხასიათიდან გამომდინარე, მეორეული კატეგორიაა ,,სხვასთან” მიმართების კონტექსტშიც, როგორც ენის დიქტანტის, ძალისა და ზემოქმედების გამოვლინება.

მესამეული მეორეულს პირველადთან აკავშირებს. ამ აზრითაც ლიტერატურის ენა ხასიათდება ყველა იმ ნიშნით, რომელსაც პირსი მესამეულს აკუთვნებს. აქ იგი არსებულსა და შესაძლებელს შორის გამაშუალებელი, გახსენების, აუცილებლობის, ჩვევების, კომუნიკაციის, სინთეზის და რეპრეზენტაციის კატეგორიაა, აქ იძენს სრულ სახეს და ავლენს თავის შესაძლებლობას, როგორც ნიშანი, ნიშანთა სისტემა და სემიოზისის სახეობა. ლიტერატურული სემიოზისის უწყვეტობა შენარჩუნებულია როგორც ჰორიზონტალურ-სინტაგმატურ ჭრილში (კითხვის პროცესში), ისე ვერტიკალურ-პარადიგმატულ განასერში (როგორც აზრთა განვითარებისა და ინტერპრეტაციების ისტორია) და მათ სინთეზს ახორციელებს. ეს იმას ნიშნავს, რომ იგი ვლინდება, ჯერ ერთი, როგორც მნიშვნელობათა გაფართოების უწყვეტი პროცესი ინდივიდუალურ აღქმათა განსხვავების საფუძველზე, და მეორე, როგორც კულტურულ მნიშვნელობათა – ისტორიის ცვალებადობაში გამოტარებულ (გადარჩენილ, დამახსოვრებულ) მნიშვნელობათა შეხვედრის ადგილი.

ლიტერატურის სემიოტიკის ფონზე საინტერესოა ხსოვნისა და მხატვრული ენის ურთიერთმიმართების შესწავლა, რამდენადაც მხატვრული ენა, როგორც ერთდროულად სამივე კატეგორიის მატარებელი და განმასახიერებელი, კვლევათა ფართო შესაძლებლობებს გვთავაზობს. ამას გარდა, ენა იმთავითვე ატარებს ხსოვნას, რომელიც აკუმულირებულია მნიშვნელობაში და ახლავს მას. ენის ცოდნა სწორედ დაკარგულ მნიშვნელობათა ფარული ხსოვნაა. მხატვრული ენა კი იმ დაკარგული ცოდნის შეხსენებაა, რომელსაც მხატვრული ფორმა ინახავს და რომელიც მნიშვნელობათა კონოტაციურ დონეზე აქტალიზდება. სემიოზისის პროცესი ლიტერატურაში სხვა არაფერია, თუ არა ხსოვნის გაცოცხლება და გაფართოება – ურთულესი პროცესი, რომლის დროსაც არაცნობიერი მუდმივად არეგულირებს დასავიწყებელ, დასამახსოვრებელ და შესაცვლელ ზონებს.

სოსიურისთვის ნიშანი სისტემის ნაწილია, რომელიც დგინდება მხოლოდ სისტემის სხვა ელემენტებთან ოპოზიციურობაში ან მათგან განსხვავებულობით. პირსთან კი ნიშანს ტრიადული კავშირი წარმოშობს, რომელიც ინტერპრეტაციის დინამიურ პროცესში გადადის. ეს ტრიადულობა პირსის სემიოტიკის ფუნდამენტური ცნებაა. იგი ნიშანს ახასიათებს როგორც სამნაწილიან მთლიანობას: ნიშანი, აღსანიშნი საგანი და შემეცნება, რომელიც გონებაში მიმდინარეობს. სემიოზისის ეს სამი პოზიცია ასე გამოიყურება: 1. ნიშანი ანუ რეპრეზენტანტი – აღქმისთვის მისაწვდომი ელემენტი, რომელიც ენაცვლება ობიექტს; 2. ინტერპრეტანტი – ამ ობექტის მენტალური ხატი; დაბოლოს, 3. რეფერენტი ანუ თვით ობიექტი. არსებითად, შეიძლება ითქვას, რომ პირსის სემიოტიკის კვლევის ობიექტს წარმოადგენს არა ნიშანი, არამედ სემიოზისის თვით პროცესი. სემიოზისი ესაა ,,ტრიადული ქმედება ნიშნისა”, პროცესი, რომლის დროსაც ნიშანი კოგნოტიურ ზემოქმედებას ახდენს თვით ინტეპრეტატორზე. ტერმინი ,,სემიოზისი” პირსმა ფილოსოფოს-ეპიკურელის ფილოდემის ტრაქტატიდან ისესხა. ნიშანი ერთდროულად წარმოადგენს: ა. აზრის ნიშანს; ბ. ობიექტის ნიშანს; გ. დამოკიდებულების ნიშანს. ეს იმას ნიშნავს, რომ იგი წარმოადგენს: ა) მისივე მაინტერპრეტირებელი აზრის ნიშანს; ბ) იმ ობიექტის ნიშანს, რომლის ექვივალენტადაც არის მიჩნეული ამ აზრის მიხედვით და გ) იმ მიმართებისა და ხარისხის ნიშანს, რომლის წყალობითაც დგინდება კავშირი მასსა და ობიექტს შორის. პირსის თანახმად, ობიექტი ანუ რეფერენტი, რომელიც ნიშნის მიღმა ამოიკითხება, პრინციპულად სუბიექტურია და დამოკიდებულია აღმქმელზე.

შენიშნულია, რომ ნიშანზე პირსი თავისი შრომების არაერთ ადგილას ლაპარაკობს, ხშირად ურთიერთგანსხვავებული და ბუნდოვანი აღწერილობითაც. მას ეკუთვნის ნიშნის ცნობილი განსაზღვრება, რომელიც დღემდე ფუნდამენტურ დეფინიციად არის მიჩნეული ყველა ტიპის კომუნიკაციური თეორიისათვის: ,,ნიშანი ანუ რეპრეზენტამენი ესაა ის, რაც გარკვეული აზრით ან მოცულობით აღნიშნავს რაიმეს ვიღაცისთვის. იგი მიმართულია, ანუ ამ ვიღაცის გონებაში აღძრავს შესაბამის ნიშანს ან, შესაძლოა, უფრო განვითარებულ ნიშანს. იმ ნიშანს, რომელსაც იგი ქმნის, მე ვუწოდებ ამ ნიშნის ინტერპრეტანტას. ნიშანი ენაცვლება რაღაცას, სახელდობრ, თავის ობიექტს, მაგრამ წარმოადგენს მას არა ყველა მიმართებაში, (მთლიანად, ყველა ასპექტით, მთელი მოცულობით – მ. კ.), არამედ იმ იდეასთან შესაბამისობაში, რომელსაც მე ვუწოდებდი ბაზისურს, ანუ ნიშნის საფუძველს” (პირსი 2000: 177). ამრიგად, ნიშანი ობიექტების რაიმე განსაზღვრული კლასი კი არ არის, არამედ ნებისმიერი რამ, რაც უზრუნველყოფს გაშუალების შესაძლებლობას (მედიაციას) პირველადი და მეორეული კატეგორიის ობიექტებს შორის. ნიშნის მაგალითებად პირსი ასახელებს: ნახატებს, სიმპტომებს, წიგნებს, სიტყვებს, წინადადებებს, ბიბლიოთეკებს, სიგნალებს, ბრძანებებს, მიკროსკოპებს, პარლამენტის დეპუტატებს, კონცერტებსა და მათ შესრულებას. მაგრამ, თუკი, ერთი მხრივ, ნებისმიერ ფენომენს შეუძლია შეასრულოს ნიშნის ფუნქცია, მეორე მხრივ, ,,ის ყველაფერი, რაც არ ინტერპრეტირდება როგორც ნიშანი, არ წარმოადგენს ნიშანს”. გამოდის, რომ თვით ისეთი საყოველთაოდ აღიარებული ნიშანიც კი, როგორიცაა სიტყვა ან წინადადება, ნიშნად ვერ ჩაითვლება, თუკი არ მოხდება მისი ინტერპრეტირება, ანუ კომუნიკაციის აქტში არ შეიქმნება მისი მენტალური ხატი – ინტერპრეტანტა.

ინტერპრეტანტა (პირსი ხშირად მას ინტერპრეტაციასაც უწოდებს), ანუ აზრი ინტერპრეტაციის მომენტში წარმოადგენს ნიშნურობის პირობას და ინტერპრეტატორის რანგში, შესაძლოა, ადამიანის გარდა ცხოველსაც გულისხმობდეს. არაა აუცილებელი აზროვნება უკავშირდებოდეს ადამიანის ტვინს: ,,იგი თავს იჩენს ფუტკრების საქმიანობაში, კრისტალებში და ყველგან ფიზიკურ სამყაროში”. ამ არამენტალური მოვლენის დასახასიათებლად პირსი იყენებს ,,ქვაზიცნობიერების” ცნებას და ნიშანთა გამოვლინებებს ხედავს არა მხოლოდ აზრობრივ, არამედ ბიოლოგიურ, ქიმიურ და ფიზიკურ პროცესებშიც. ამიტომაა, რომ პირსისთვის მთელი უნივერსუმი ნიშნებითაა გამსჭვალული.

ობიექტის პრობლემა ერთერთი უმნიშვნელოვანესია არამხოლოდ პირსის, არამედ მთელ სემიოტიკაში და პერიოდულად იგი სერიოზული დისკუსიის საგნად იქცევა ხოლმე, განსაკუთრებით მაშინ, როცა ძლიერდება წინააღმდეგობა ,,ობიექტურისა” და ,,რეალურის” ცნებით შინაარსებს შორის. სოსიურისთვის ობიექტი (აღსანიშნი) არ გულისხმობს რეალურ საგანს ან მოვლენას, როგორც სუბსტანციას (სუბსტიტუტს). იგი მხოლოდ ფორმაა: ,,ენობრივი ნიშანი აერთიანებს არა საგანსა და მის სახელს, არამედ აზრსა და აკუსტიკურ ხატს” (კონცეპტსა და ფონემათა აკუსტიკურ რიგს – მ.კ.) სოსიური 1977: 99). რომან იაკობსონი და ,,პრაღის სკოლა” სემიოზისისათვის აუცილებლად მიიჩნევს მესამე პირობასაც – ობიექტის, როგორც რეალობის არსებობას (იაკობსონი 1983: 107).

ობიექტი პირსისთვის სულაც არაა უბრალოდ საგანი, რომელიც ნიშანს უპირისპირდება როგორც მატერიალური არამატერიალურს, არამედ ის ყველაფერი, რის რეპრეზენტაციასაც ნიშანი ახდენს. მასში იგულისხმება მატერიალური საგანი ან საგანთა კლასი, რომელიც ჩვენთვის გამოცდილებიდანაა ცნობილი. თუმცა, ამავე დროს, ობიექტი შეიძლება იყოს ოდენ აზრობრივი ან წარმოსახვითი, არამატერიალური კონსტრუქტი. ამრიგად, ნიშანს შეუძლია მხოლოდ ობიექტის რეპრეზენტირება ან მასზე ლაპარაკი, მაგრამ არ შეუძლია უზრუნველყოს ამ ობიექტის ცნობა კომუნიკაციის აქტში, თუმცა ეს ცნობა აუცილებელია, რათა ნიშანმა შეძლოს მომდევნო ინფორმაციის მოწოდება, ანუ აქტუალურ ნიშნად ჩართვა სემიოზისის პროცესში. ამრიგად, ობიექტი თავისი ნიშნური ფუნქციით განსხვავდება ნიშნისაგან მხოლოდ იმით, რომ წარმოადგენს ნაკლებად განვითარებულ ნიშანს. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ნიშანი და მისი ობიექტი ჰიპოთეტურად ერთმანეთს ემთხვევა, ობიექტი მაინც რაღაც სხვის რეპრეზენტაციას ახდენს, ვიდრე მისივე ნიშანი. ასეთი დამთხვევა ნაკლებად ბუნებრივია ნიშან-ინდექსისათვის, რომელიც ემყარება ნაწილი-მთელის ან მიზეზ-შედეგობრივ ურთიერთობას. სამაგიეროდ, იგი ჩვეულებრივი მოვლენაა იკონურ ნიშანში, რომელიც აქ წმინდა შესაძლებლობის აღმნიშვნელად გვევლინება; ასევე, ესთეტიკურ ნიშანში, რომელიც საკუთარ თავს აღნიშნავს, ანუ თვითრეფერენციალურია.

პირსი ობიექტების ორ სახეს განასხვავებს. ერთია ,,ობიექტი ნიშანში”, ანუ ობიექტი, როგორადაც მას ნიშანი წარმოადგენს და რომლის არსებობაც მხოლოდ ნიშანში მის რეპრეზენტაციაზეა დამოკიდებული. მეორეა ობიექტი ანუ რეფერენტი, ე. წ. დინამიური ობიექტი, რომელიც ნიშნის მიღმა ამოიკითხება, სუბიექტურია და მხოლოდ აღმქმელზეა დამოკიდებული. პირსი მას ,,ნიშნის გარეშე” (გარეთ, მიღმა) ობიექტსაც უწოდებს. თუ მათი დახასიათებით ვიმსჯელებთ, ამ ტიპის რეფერენტები განსაკუთრებით მრავლადაა მხატვრულ ენაში და ლიტერატურას სწორედ ამ ტიპის ობიექტებთან აქვს საქმე. ,,ნიშანმა შეიძლება არ ასახოს ეს ობიექტი, არამედ მხოლოდ მიუთითოს მასზე, ხოლო ინტერპრეტატორმა ეს ობიექტი დამატებით ცდაში უნდა შეიმეცნოს. ესაა მიუღწეველი რეფერენცია ანუ ობიექტი, რომელსაც არ გააჩნია საბოლოო სახე. შესაძლოა, ეს ობიექტი ფიქციაც იყოს”.

ინტერპრეტანტის ცნება პირსთან მნიშვნელობის კლასიკურ გაგებას შეესაბამება. მის ნაცვლად პირსი ხანდახან სიგნიფიკაციისა და ინტერპრეტაციის ტერმინებსაც იყენებს. ინტერპრეტანტა არის ის, ,,რაც წარმოიქმნება ინტერპრეტატორის ცნობიერებაში”. გამომდინარე იქიდან, რომ პირსისთვის აზრიც ნიშანია, ხოლო ინტერპრეტაცია კი – სემიოზისის პროცესი, პირსი ინტერპრეტანტასაც ნიშნად მიიჩნევს: ,,ნიშანი მიმართულია ვიღაცისკენ, ანუ იგი ადამიანის ცნობიერებაში წარმოქმნის ექვივალენტურ ნიშანს, ან შესაძლოა, უფრო გაფართოებულ ნიშანს. ნიშანს, რომელსაც ის წარმოქმნის, მე ვუწოდებდი პირველი ნიშნის ინტერპრეტაციას”. გამოდის, რომ თითოეული ნიშანი წარმოქმნის ინტერპრეტაციას, რომელიც, თავის მხრივ, მომდევნო ნიშნის რეპრეზენტატად გვევლინება. სემიოზისის პროცესი, ამრიგად, ,,ინტერპრეტანტების თანმიმდევრული სერიაა”. ამ უსასრულო პროცესში არ არსებობს ,,პირველი” და ,,უკანასკნელი” ნიშანი. პირსისთვის აზროვნება ყოველთვის ხორციელდება აზრთა ურთიერთმიმართების, ანუ დიალოგის ფორმით ,,მე”-ს სხვადასხვა ფაზებს შორის. ასე რომ, აზროვნება, რამდენადაც იგი დიალოგურია, ნიშნებისაგან შედგება (შდრ.: ჰოლდერლინი: ,,ადამიანის არსებობა დიალოგიდან იწყება”). სხვათა შორის, ეს ნიშნები არ წარმოადგენენ აუცილებლად სიტყვებს, განსაკუთრებით კი – შემოქმედებით-მხატვრული და მეცნიერული აზროვნების დროს. ა. აინშტაინი მათემატიკოს ჟ. ადამარს წერდა: ,,სიტყვები იმ სახით, როგორც ისინი იწერება ან გამოითქმის, როგორც ჩანს, არავითარ როლს არ თამაშობენ ჩემი აზროვნების მექანიზმში. აზროვნების ელემენტებად გვევლინებიან მეტნაკლებად მკაფიო სახეები და ნიშნები ფიზიკური რეალობისა. ეს სახეები და ნიშნები თითქოს თავისთავად წარმოიქმნებიან და კომბინირდებიან ცნობიერების მიერ. ბუნებრივია, აზროვნების ამ ელემენტებსა და შესაბამის ლოგიკურ ცნებებს შორის არსებობს გარკვეული კავშირი. მისწრაფება, ბოლოს და ბოლოს, მივიდეს ცნებათა ლოგიკურად ურთიერთდაკავშირებულ რიგთან, გვევლინება იმ საკმაოდ გაურკვეველი თამაშის ემოციურ საფუძვლად, რომელსაც ცნობიერება წარმართავს ზემოთნახსენებ აზროვნების ელემენტებთან. ფსიქოლოგიურად ეს კომბინაციური თამაში პროტექტული აზროვნების არსებით მხარეს წარმოადგენს”.

შეიძლება დავუშვათ, რომ ადამიანური აზროვნების ეს შინაგანი დიალოგური ბუნება სამყაროს ნიშნობრიობის ჰომოლოგიური მოვლენაა და, თავის მხრივ, არსებობისა და ყოფიერების დიალოგურობის რეპრეზენტანტია. არ შეიძლება სემიოზისი ოდესმე დასრულდეს ისევე, როგორც მნიშვნელობის მატარებელ სიცოცხლის ფორმათა წარმოქმნის პროცესის შეწყვეტაა შეუძლებელი. იგი შეიძლება მხოლოდ დროების შენელდეს (შდრ.: ბარტი: ,,მნიშვნელობის წარმოქმნა ძალზე იოლი საქმეა და მთელი მასკულტურა დილიდან საღამომდე ამითაა დაკავებული; მისი შეყოვნება – უკვე უსაზღვროდ ძნელი და ეს მართლაც რომ ,,ხელოვნებაა”. (ჭეშმარიტი ლიტერატურა სწორედ ამას აკეთებს – მ.კ.); აზრის ,,განადგურება” კი სრულიად უიმედო საქმეა, რადგან ამის მიღწევა შეუძლებელია (ბარტი 1989: 288).

ინტერპრეტაციის ტიპების კლასიფიკაციისას პირსი სამ ჯგუფს გამოყოფს: უშუალო – ნიშნის წარმოქმნის სავარაუდო შესაძლებლობა, ზოგადი შთაბეჭდილება ნიშანზე ყოველგვარი რეფლექსიის გარეშე; დინამიური – ნიშნის ფაქტობრივი, პირდაპირი ქმედება ინტერპრეტატორზე და ფინალური ანუ საბოლოო, რომელიც წარმოადგენს ინტერპრეტაციის არა რეალურ, არამედ მხოლოდ თეორიულად შესაძლებელ შედეგს – ინტერპრეტაციის იდეალთან, ფინალურ ინტერპრეტანტასთან მიახლოებას. ფინალური ინტერპრეტაციის მაგალითია მნიშვნელობის დადგენა ლექსიკონებში. შესაბამისად, მასთან დაშორების მაგალითად შეიძლება დავასახელოთ დეკონსტრუქციული ინტეპრეტაციები, სადაც ვარაუდების უსასრულო გაფართოება შეუძლებელს ხდის რაიმე, თუნდაც მიახლოებითი მნიშვნელობის დადგენას. ამ ტიპის ნიშნები დინამიურ ნიშნთა რიგს შეიძლება მივაკუთვნოთ, თუმცა პირსისგან განსხვავებით, დეკონსტრუქციაში საერთოდ უარყოფილია აღსანიშნი, როგორც რაიმე მნიშვნელობის მატარებელი, ინტერპრეტაცია კი მთლიანად თვითნებურ სუბიექტურ ქმედებად და სათამაშო პრაქტიკადაა მიჩნეული.

ნიშნების კლასიფიკაციისას პირსი ნიშანთა სამ ტრიქოტომიას გვთავაზობს, რომლებშიც ნიშნის მახასიათებლები კლასიფიცირდებიან პირველადობის, მეორეულობისა და მესამეულობის თვალსაზრისით. ნიშანი სრული ტრიადულობით მიჩნეულია ნამდვილ ნიშნად, ხოლო არასრულით – ნაკლოვანად ანუ გადაგვარებულად.

პირველი ტრიქოტომია ნიშანს განიხილავს, როგორც მონადას, როგორც ნიშანს თავისთავად, რაიმე გარეშესთან მიმართების გარეშე, მეორე – როგორც დიადურს, ობიექტთან დამოკიდებულების თვალსაზრისით. ასეთი ნიშანი წარმოადგენს ობიექტის აღმნიშვნელს, ანუ მასთან დიალოგურ დამოკიდებულებაში მყოფს; მესამე ტი პის ნიშნები ასახავენ ტრიადულ დამოკიდებულებას ობიექტის რეპრეზენტაციისა ინტერპრეტანტაში. ამავე ტრიქოტომიაში ერთიანდებიან ხარისხობრივი, ერთეული და ზოგადი ნიშნები.

პირსის სემიოტიკის ყველაზე არსებით კლასიფიკაციას მეორე ტრიქოტომია წარმოადგენს, რომელიც განსაზღვრავს ნიშანს ობიექტთან მიმართებაში. ამ ტრიქოტომიაში ნიშანთა სამი კლასი ერთიანდება: იკონური ნიშანი (პირველადი), ინდექსი (მეორეული) და სიმბოლო (მესამეული). იკონური ნიშანი ,,მიგვითითებს აღნიშნულ ობიექტზე მხოლოდ და მხოლოდ მისთვის (ნიშნისთვის) დამახასიათებელი თვისებების საფუძველზე”. ინდექსი ისეთი ნიშანია, რომელიც დამოკიდებულია თავის ობიექტზე დრო-სივრცულ მიმართებაში ან მიზეზობ-რიობით; სიმბოლო კი აკავშირებს ნიშანს ობიექტთან ,,კანონის ან რეგულარულობის” საფუძველზე (იგულისხმება ჩვევა, შეთანხმება, ნორმა – მ.კ.). მიუხედავად იმისა, რომ დროთა განმავლობაში სემიოტიკის განვითარებამ ნიშანთა ახალი კლასიფიკაციები წარმოშვა, პირსის აღნიშნულ ტრიქოტომიას დღემდე არ დაუკარგავს კლასიკურისა და ფუნდამენტურის სტატუსი და მისი გავლენის ამოკითხვა, ერთი შეხედვით, სრულიად განსხვავებულ თანამედროვე თეორიებშიც შეიძლება. მაგალითად, ბარტის სემიოლოგია აღსანიშნსა და აღმნიშვნელს შორის სამი ტიპის დამოკიდებულებას გულისხმობს. პირველი შინაგანი და ვირტუალურია, დანარჩენი ორი კი – გარეგანი და აქტუალური. პირველს ბარტი სიმბოლურს უწოდებს, თუმცა მას მარტო სიმბოლოებით არ შემოფარგლავს. მეორე ტი პის დამოკიდებულება სისტემაში ნიშნის საკუთარ, თუნდაც მინიმალურად განსხვავებულ ადგილს განაპირობებს და ბარტი ამ ტიპის ნიშნებს პარადიგმატულს უწოდებს. მესამე ტიპის ნიშნები სინტაგმატურია, რადგან აქ ნიშანი თავს ავლენს არა სხვა ნიშნებთან ვირტუალურ ურთიერთობაში, არამედ – აქტუალურ მეზობლობაში. სინტაგმატურის მაგალითად შეიძლება დავასახელოთ დამოკიდებულება წინადადების წევრთა შორის (ბარტი 1989: 246-247). ვფიქრობ, განსაკუთრებულ სირთულეს არ წარმოადგენს ბარტის სინტაგმატურ ტიპში ნიშან-ინდექსების, სიმბოლურში კი – იკონური და სიმბოლური ნიშნების აღმოჩენა. რაც შეეხება პარადიგმატულს, აქ უფრო ბარტის თეორიის ლინგვისტური, კერძოდ, სოსურისებური აქცენტები იგრძნობა.

მივუბრუნდეთ პირსს: ,,ნიშანი იკონურია, თუკი მას გააჩნია მნიშვნელობა იმის მიუხედავად, არსებობს თუ არა მისი აღსანიშნი ობიექტი” (პირსი 2000: 196). ნიშნის იკონურობის პირობა აღსანიშნთან მსგავსებაა, რომლის საფუძველზეც ამ აღსანიშნზე გრძნობად-კონკრეტული წარმოდგენა ჩნდება. ასეთია, მაგალითად, პალმის, ლოტოსის მსგავსი კოლონები არქიტექტურულ ნაგებობებში; ატლანტები, რომლებიც იკავებენ შენობის თაღებსა და აივნებს და ა. შ. იკონურია პორტრეტული ფერწერა, ქანდაკება და ა. შ. პირსის მიხედვით, იკონურობისათვის საკმარისია გაჩნდეს მსგავსების აღქმა, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა, ან ვიცნობთ თუ არა შესადარებელ ობიექტს, მაგალითად, ატლანტს. ნატურმორტი იკონური ნიშანია, თუმცა მსგავსება აქ შეიძლება განსხვავებულ წარმოდგენებს დაეყრდნოს: ზოგისთვის იგი კონკრეტული ხილის აღქმას აჩენს, ზოგისთვის კი – მისი შესრულების სტილის გამო – მე-19 საუკუნის სუფრის ან სალონური კულტურის ასოციაციას აღძრავს და ა. შ.

ინდექსი ,,გამოხატავს ცდის ორი ნაწილის კავშირს”. იგი კარგავს მნიშვნელობას ობიექტის არარსებობის დროს, სამაგიეროდ, მისთვის აუცილებელი არ არის ინტეპრეტანტის არსებობა (პირსი 2000: 206). მაგალითად, რომ არ მომხდარიყო გასროლა, არ იქნებოდა არც ნატყვიარი. გასროლასა და ნატყვიარს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არსებობს. ნატყვიარი რჩება იმის მიუხედავად, მოვახდენთ თუ არა მის ინტერპრეტაციას, ანუ მივანიჭებთ თუ არა მას მნიშვნელობას, როგორც სროლის ნიშანს.

სიმბოლო ნიშანია, რომელიც კარგავს თავის სტატუსს ინტერპრეტანტის არარსებობისას (პირსი 2000: 212-213). ასეთია ენობრივი გამონათქვამები. ამ ტიპის ნიშანი ფუნქციონირებს მხოლოდ მაშინ, თუკი მას გაიგებენ, როგორც მნიშვნელობის გადამცემს. ამ შემთხვევაში, ცხადია, რომ ნიშნის არებობის პირობა მხოლოდ ინტერპრეტანტის (მნიშვნელობის) არსებობაა.

პირსის მიხედვით, ინდექსი აზრობრივად იკონური ნიშნის საპირისპიროა, რამდენადაც ნიშანი-ხატი (ხატებრივი ნიშანი) არ საჭიროებს ობიექტის არსებობას, ინდექსისათვის კი ობიექტის არსებობა აუცილებელი პირობაა.

ინდექსალური ნიშანი, როგორც ვთქვით, ნიშანსა და ობიექტს შორის მიზეზ-შედეგობრივ პრინციპს ეფუძნება, ანუ ობიექტთან ან აზრთან ინდექსის უშუალო კავშირიდან აღმოცენდება, თუმცა სულაც არაა აუცილებელი, ეს კავშირი რეალობის სივრცეში არსებობდეს. იგი შეიძლება გაჩნდეს თუნდაც ტილოზე ან ცარიელ ფურცელზე. პირსის თეორიიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ფერწერა არ დაიყვანება მხოლოდ იკონურ ნიშნებზე. პორტრეტის მაგალითმა შეიძლება გვაფიქრებინოს, რომ ნიშანი, რაც უფრო რეალისტურია, მით უფრო იკონურია. მაგრამ ასე არაა. იკონურ ნიშანს შეუძლია გამოიწვიოს წარმოდგენა არარსებულ ობიექტზე, რომელიც თვით იკონური ნიშნის მსგავსია. მაშასადამე, იკონურობა, უპირველესად, ესაა აღქმის მეთოდი, ხერხი, რომელიც ნიშანსა და ობიექტს შორის რამეტიპის მსგავსებას ემყარება. ნებისმიერი, ვთქვათ, გეომეტრიული ფიგურა შეიძლება მიჩნეული იქნას იკონურ ნიშნად, თუკი ჩავთვლით, რომ იგი რაღაც იდეას (და არა მაინცდამაინც კონკრეტულ საგან)ს შეესაბამება. მაგალითად, ხელის თითების გარკვეული კონფიგურაცია მოგვაგონებს სახლს და ეს იდეა, როგორც სახლის იკონური ნიშანი. წარმატებით იქნა გამოყენებული ,,იბერია ჰილსის” რეკლამაში. ასე რომ, იკონური ნიშანი შეიძლება ემყარებოდეს არა მარტო ვიზუალურ, არამედ ნებისმიერ გრძნობადსენსორულ მსგავსებას, რომელსაც ინტუიცია აღმოაჩენს. ზუსტად ამ გრძნობადი აღქმის ვიზუალიზაცია, განსივრცება და განხატება ხდება იკონურ ნიშანში იმისდა მიუხედავად, ფერწერასთან გვაქვს საქმე თუ პოეზიასთან.

მე-17 საუკუნის გერმანული ბაროკოს წარმომადგენლის იოჰან ჰელვიგის კალამს ეკუთვნის ლექსი ,,ქვიშის საათი”, რომლის გრაფიკული გამოსახულება – სტრიქონებისა და სიტყვების განლაგება – ქვიშის საათის გრაფიკულ გამოსახულებას იძლევა. აქ ეს გამოსახულება ლექსის იკონურ ნიშანს წარმოადგენს, რომლის ფუნქციაც ლექსის შინაარსისათვის დამატებითი მნიშვნელობის მინიჭებაა. ერთი მხრივ, იგი იკონური ნიშანია, მეორე მხრივ, აზრობრივ დონეზე კი – ნიშან-ინდექსი, ლექსის შინაარსთან მიზეზობრივად დაკავშირებული წარმოსახვის შედეგი. ასე რომ, თვით ლექსი შეიძლება განვიხილოთ, როგორც ერთდროულად რთული, ერთეული და ხარისხობრივი ნიშანი. ამ შემთხვევაში, და ეს უპირატესად ხელოვნების ,,ენებს” ეხებათ, მიზანშეწონილია საუბარი კომპლექსურ, სინთეტურ ნიშნებზე. ამდენად, ესთეტიკური ნიშანი აღსანიშნთან ნიშნის და ინტერპრეტანტის დამოკიდებულების არა ცალსახა, არამედ რთული, მრავალდონანი გამოხატულებაა, სადაც განსაკუთრებულ როლს თამაშობენ არა მხოლოდ მნიშვნელობათა ფორმები, არამედ ფორმის მნიშვნელობებიც. მაგალითად, ვიოლინოს აჟღერება ფილმის სასიყვარულო ეპიზოდში იმდენადვე იკონურია, რამდენადაც გალაკტიონის ლექსის რიტმიკა, ინტონაცია და ლექსიკა უბრწყინვალეს ბოლოდროინდელ ლექსში ,,ქარი დაცხრა სიბობოქრის”… ასეთ შემთხვევაში ლინგვისტური ანუ კონვენციური ნიშნები (პირსის მიხედვით, სიმბოლოები) და ,,მიმეტური”, ანალოგური ნიშნები დაპირისპირებულ მხარეებად კი არ უნდა წარმოვიდგინოთ, არამედ ურთიერთშემავსებლებად, სემიოზის უწყვეტ პროცესში კომბინაციური ბმების განმახორციელებლებად. გ. ლეონიძის სტრიქონებში ,,მცხეთას ვუმტვრიე საკეტურები, ვლეწე ტაძრები კელაპტრიანი” – ,,ტ”-ს ალიტერაციით ძლიერდება მტვრევის, ლეწვის შეგრძნება. ამ შემთხვევაში დამატებითი მნიშვნელობები იქმნება არამხოლოდ ლექსიკურ, არამედ ფონეტიკურ დონეზეც, თუმცა მათი ფუნქცია არც ამით ამოიწურება. მომდევნო სტრიქონში მოცემულია ფრაზა – ,,თვითონაც დაილეწება” და ნათელი ხდება, რომ ემოცია და აღქმა მზადაა აღიაროს არამარტო მიზეზ-შედეგობრიობა (ინდექსალური ნიშანი), არამედ ანალოგიურობა-მსგავსებაც (იკონური ნიშანი) ორ სიტუაციას შორის: ,,ვლეწე ტაძრები”~… და ,,თვითონაც დაილეწება” [ის, ვინც ლეწავს].., ასე რომ, სემიოზისი უფრო ღრმა დონეზე გრძელდება. რომან იაკობსონის აზრით, ,,პოეზიის საფუძველში დევს მსგავსების პრინცი პი. მეტრიკული პარალელიზმი ან გარითმული სიტყვების ხმოვანი ეკვივალენტურობა ბადებს შეკითხვას სემანტიკურ მსგავსებასა და კონტრასტზე” (იაკობსონი 1990: 130). თუ უფრო შორს წავალთ, იგი ბადებს შეკითხვას საერთოდ პოეტური ენის ბუნების, ენის მოქმედების ამ განსაკუთრებული რეჟიმის მიმართ, რომლისთვისაც მისაღებია მსგავსებაგანსხვავებათა გაცილებით ფართო და მრავლისმომცველი სპექტრი, ვიდრე კონვენციური (სასაუბრო) ენისათვის. ამ სპექტრის კიდევ უფრო გასაფართოებლად ახალი, უჩვეულო სემანტიკური მსგავსება-განსხვავებების გათვალსაჩინოების მიზნით, პოეტური ენა მაქსიმალურად იყენებს ყველა დონის შესაძლებლობებს – გენეტიკურიდან დაწყებული (შინაარსის სუბსტანცია) – ფონეტიკურით დამთავრებული (გამოსახვის ფორმა), როგორც მნიშვნელობათა ფორმების, ისე ფორმათა მნიშვნელობების აქტუალიზებული ნიშნების სახით.

როგორც ნიშანი, კომპოზიტური ბუნებისაა მუნკის ცნობილი ექსპრესიონისტული ფერწერული ტილო ,,ყვირილი”. აქ ადამიანის გაღებული პირი არა მხოლოდ იკონური ნიშანია, ანუ ვიზუალურად გამოხატავს ყვირილის აქტს, არამედ ინდექსალურიც, რამდენადაც ყვირილს მიღმა სულიერ ტკივილს და სამყაროს მშფოთვარებასაც გადმოგვცემს (ნაწილი-მთელისა და მიზეზ-შედეგობრივი დამოკიდებულება). მხტვრის ხელმოწერა ნახატზე ინდექსალურია ისევე, როგორც მისი გამოსახულება ნახატის რომელიღაც კუთხეში – წინა ან უკანა პლანზე, მხოლოდ ამ უკანასკნელ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, საუბარი იკონურობით უნდა დავიწყოთ. შეგახსენებთ, რომ ჟაკ დერიდასათვის, მაგალითად, წერილობა სწორედ კვლების დატოვებაა და ამ აზრით, ხატვა, ფერწერა – წერილობის სახეებია. ყოველგვარი კვალი ინდექსალური ნიშანია. იგი მიმზიდველია იმით, რომ აღსანიშნის (ობიექტის) შესაძლო უცნობობის შემთხვევაშიც კი ჩვენ შეგვიძლია მოვახდინოთ ინტერპრეტაცია, მეტიც, იგი თითქოს მოგვიწოდებს ამ ,,კვალის” გაშიფვრისაკენ, მისი საიდუმლოს ამოხსნისაკენ. პირსის კლასიკური განმარტებისაგან განსხვავებით, ნიშანთა თანამედროვე თეორიებში ინდექსი თხოულობს ინტერპრეტაციას, რომელიც დაკავშირებულია ინტუიციასთან, აღმქმელის კულტურულ თვალსაწიერთან და ა.შ. ბარტის კონოტაციური აღმნიშვნელები, ამ აზრით, ძალიან უახლოვდებიან ინდექსალურ ნიშნებს, რომელთაც არ გააჩნიათ პირდაპირი და გაცნობიერებული საკომუნიკაციო დანიშნულება, სამაგიეროდ, ისინი გაუცნობიერებელად და ფარულად მონაწილეობენ იდეოლოგიურ-ღირებულებით ურთიერთობებში სოციოკულტურულ ჯგუფებსა თუ ინდივიდებს შორის (ბარტი 1989: 19).

პირსის მიხედვით, სიმბოლო მთლიანად დამოკიდებულია ინტეპრეტატორზე. ინტეპრეტაციის გარეშე სიმბოლო, როგორც ნიშანი – დანიშნულებას კარგავს. ნიშნის ინტერპრეტანტს აყალიბებს ,,ენის მატარებელი” მოლაპარაკე სუბიექტი, რომელმაც იცის, რა იგულისხმება მოცემულ სისტემაში ნიშნის მიღმა. სიმბოლური ინტერპრეტაცია ყველა სხვა ინტეპრეტაციის საფუძველში დევს და პოეტური თუ სამხატვრო ტრადიციისა და სტილის, ასევე სხვა ტიპის კულტურული განპირობებულობის საუკეთესო არგუმენტს წარმოადგენს. მაგალითად, იდეოგრაფული დამწერლობა შეიძლება განვიხილოთ, როგორც კულტურის მეხსიერების ნიშანთა მატრიცა, ამ ნიშნებით მოქსოვილი კულტურის ტექსტი. იგი უძველეს ხანაში შეიქმნა ნიშან-სიმბოლოთა მეშვეობით. მას შემდეგ, რაც კაცობრიობა განვითარების ახალ საფეხურზე, სახელდობრ, ფონეტიკურ დამწერლობაზე გადავიდა, იდეოგრაფია, როგორც სიმბოლიზების პრინციპი, არ გადაუგდიათ, იგი გამოიყენეს ქრისტიანული სიმბოლიზაციის ადრეულ ეტაპზე (I-IV სს.). შუა საუკუნეებში ამავე პრინცი პს იყენებდნენ ალქიმიკოსები, ნატურფილოსოფოსები. ისინი ცდილობდნენ ამ სიმბოლოების მეშვეობით შეექმნათ ეპოქის მთლიანი მეცნიერული შენობის ერთგვარი იდეოგრაფული კოდი (ფლორენსკი 1971: 521-527).

გამოსახულების შემთხვევაში სიმბოლურობა წარმოადგენს პირობითობის საკმაოდ ძნელად მოსახელთებელ ტი პს, რამდენადაც იგი, ჯერ ერთი, იმალება იკონურობის უკან, მეორეც – ინდექსალურობის უკან. პირველი შეხედულება უყრდნობა ვარაუდს, რომ, თუკი არსებობს გამოსახულება, ე.ი. რეალურ სამყაროში უნდა არსებობდეს შესატყვისი ობიექტიც, მეორე კი იმ მოსაზრებას, რომ გამოსახულების ელემენტებსა და ჩვენს შორის არსებობს რეალური კავშირი მიზეზ-შედეგობრივი ან ნაწილი-მთელის ტიპისა. ცხადია, ყოველდღიური აზროვნება არ სვამს კითხვებს ამ პირობითობებზე, რადგან უბრალოდ ვერ ამჩნევს მათ, სამაგიეროდ, ამ პრობლემებით ინტერესდება ფილოსოფია, კულტუ-როლოგია, სოციოლოგია, ხელოვნებამცოდნეობა, ლიტერატურათმცოდნეობა, ფსიქოლოგია და ა. შ. ისინი სწორედ სემიოტიკურ პროცესებზე დაკვირვებით ადგენენ, თუ როგორ იცვლება კონვენციონალურობა ერთი ეპოქიდან მეორეში. მაგალითად, კულტურული ეპოქები განსხვავდებიან არა მხოლოდ მოდასთან დამოკიდებულების თვალსაზრისით, არამედ თვით ადამიანის ფიზიკური, ფსიქოლოგიური, მორალური მონაცემებისადმი დამოკიდებულების თვალსაზრი-სითაც. მაგალითად, ერთ ეპოქაში მოსწონთ ტანსრული ქალები, სხვაში – პირიქით. მოდერნიზმმა საერთოდ თქვა უარი ჰარმონიულობის კლასიკურ გაგებაზე, პოსტმოდერნიზმმა კი თვით ამ გაგების პაროდირება სცადა. მე-18 ს-ის ბოლოს რაციონალიზმს საკმაოდ უბოდიშოდ ჩაენაცვლა ემოციონალურობა, როგორც ადამიანის დადებითი მახასიათებელი, მთელი მე-20 საუკუნე კი ქრისტიანულ კოდექსის პრაგმატული ათეიზმით აგრესიული ჩანაცვლების ნიშნით ჭარიმართა და ა.შ. არსებითად, სოციოკულტურული ეპოქების ანალიზს სწორედ სიმბოლური კოდის ანალიზი უდევს საფუძვლად.

კიდევ უფრო ძნელად მოსახელთებელია სიმბოლურობა სასაუბრო ენის შემთხვევაში. ლიტერატურაში ნიშან-სიმბოლო უფრო აბსტრაქციისკენ მიგვიძღვება, ვიდრე გრძნობად-კონკრეტულისაკენ და სწორედ ამ ბუნების გამო კულტურის საკმაოდ დაშორებული სივრცეების ხსოვნასაც ინახავს. ამავე მიზეზით, რიგი სიმბოლოები კულტურული კოდის მარადიულ ბინადრებად გვევლინებიან და მარადიულ ღირებულებათა მიკრო-მოდელებსაც წარმოადგენენ. სიმბოლო ლიტერატურაში არც იკონურობის მიღმა იმალება და არც ინდექსალურობისა, იგი მათ აღიარებს და თავის შემადგენლობაში შემოჰყავს. ამის საუკეთესო მაგალითია არქაული სიმბოლოები ანუ მითოიდები. მათთან შეხვედრისას ჩვენ არასოდეს გვეპარება ეჭვი, რომ აღმნიშვნელ-აღსანიშნის კავშირს რეალური კულტურულ-ისტორიული ან სხვა ტიპის საფუძველი აქვს, რაც აისახება კიდეც სიმბოლოში, როგორც მის იკონურ ნიშანში. მაგ. ჯვარი ქრისტიანობის სიმბოლოა იმიტომ, რომ ქრისტე ჯვარს აცვეს. ჯვარი ჯვარცმის იკონური ხსოვნაა. წყალი განმწმენდი, სიცოცხლის მომნიჭებელი ძალის სიმბოლოა, წრე – ერთიანობის, უსასრულობის. ყველა მაგალითში იკონურობის საფუძველი საკმაოდ თვალსაჩინოა და დამაჯერებელი. რაც შეეხება ინდექსალურობას, სიმბოლოში ეს თვისებაც აშკარაა. სიმბოლოსა და აღსანიშნს შორის არსებობს არა მხოლოდ იკონური, არამედ ინდექსალური ანუ რეალური კავშირიც – მიზეზ-შედეგობრივი, ნაწილი-მთელის ან სხვა ტი პისა, ყოველ შემთხვევაში, ამ კავშირის რწმენა მაინც, გნებავთ, ენისა (სიტყვისა) და ყოფიერების ონთოლოგიური ერთიანობიდან გამომდინარე. რა საფუძველი აქვს წყალს, როგორც მაცოცხლებელი და განმწმენდი ძალის სიმბოლოს, რა ცოდნას ემყარება კავშირი წყალსა და მის სიმბოლურ ნიშნებს შორის, მაგალითად, ფოლკლორში ან მხატვრულ ლიტერატურაში? აღმოჩნდა, რომ წყლის ქიმიური ფორმულა მის ამ ,,ინდექსალურ” პარამეტრსაც აკმაყოფილებს და სიმბოლოს ამ შემთხვევაშიც აქვს რეალობასთან ობიექტური კავშირი. სიმბოლოთა გამძლეობა კულტურული მეხსიერების გამძლეობაზეც მიგვითითებს და კულტურის ტექსტის ელემენტებს (ნიშნებს) შორის კომბინირებული კავშირების არსებობასაც ადასტურებს. ეს კომბინირებულობა (ერთდროულად იკონურობაც, ინდექსა-ლურობაც და სიმბოლურობაც) ამ ტექსტის გამძლეობის გარანტია და თვითდაცვისა და თვითგანახლების პირობაა. იგი ისტორიულ პროცესში ორგანიზდება ისე, რომ უზრუნველყოს მრავალგანზომილებიანი შეჭიდულობა კულტურის ტექსტის ფრაგმენტებს შორის უმცირესიდან უდიდესამდე.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ნიშანთა შორის ყველაზე დიდია ნიშანინდექსების გაყალბების შესაძლებლობა, რამდენადაც, როგორც მიზეზ- შედეგობრივი დამოკიდებულების რეფერენტი, ინდექსალური ნიშანი ყველაზე რეალური და მატერიალურია ნიშანთა შორის. მაგალითად, ფერწერულ ტილოზე ესაა მხატვრის ხელმოწერა, მწერლის ბიოგრაფიასა და მისი ნაწარმოებების პერსონაჟებს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის ნიშნები, კულტურის ტიპსა და ისტორიულ პროცესებს შორის კავშირის ნიშნები და ა. შ., ამდენად, ინტერპრეტაციის პროცესში ამ დამოკიდებულებების, კავშირების ჩანაცვლება თუ გაყალბება მოწადინებული ინტერპრეტატორისათვის განსაკუთრებულ სიძნელეს არ წარმოადგენს. თუკი ლიტერატურის ენა უპირატესად ნიშან-ინდექსებით აიგება, მაშინ, ცხადია, დეკონსტრუქციული კრიტიკისათვის არც მეთოდოლგიურად, და მით უფრო, არც პრაქტიკულად იქნება მიუღებელი ჰიპერინტერპრეტაცია, ანუ ავტორის ჩანაფიქრზე, ტექსტის ძირითად აღსანიშნზე ან აღსანიშნებზე პრინციპიალურად უარის თქმა, წაკითხვის სრული თავისუფლება და აქედან, ,,ავტორის სიკვდილის” თეზა. საბედნიეროდ, ლიტერატურული აზროვნებაზე რადიკალური ექსპერიმენტების ეტაპი ჩავლილია და მისმა თეორეტიკოსებმა თავადვე აღიარეს გადაჭარბებების შესახებ (ჟენეტი 2001: 52).

უმბერტო ეკომ, ხუმრობით (ან პრინცი პიალურობას ნიღბავდა ხუმრობით), ნიშანი განსაზღვრა, როგორც ის ყველაფერი, რაც ემსახურება ჭეშმარიტების დაფარვას, რამდენადაც ნიშანი, ჯდება რაღაც სხვის ადგილას, ანუ, პირდაპირი მნიშვნელობით, ამ სხვას მალავს (ეკო 1998: 14-15). მაგრამ ნიშნის პირსისეულ განსაზღვრებებში ყურადღება უნდა მივაქციოთ ერთ პრინციპულ მომენტს: ,,ნიშანი წარმოაჩენს ობიექტს არა ყველა დამოკიდებულებაში, არამედ რაღაც განსაზღვრულ იდესთან მიმართებაში”. ეს მიმართება, ვფიქრობ, უნდა წარმოადგენდეს ერთგვარ გარანტიას, რომელიც იცავს ნიშანს ინტერპრეტაციათა ზედმეტი თავისუფლებისაგან. ,,ნიშანი უნდა წარმოაჩენდეს რაღაცას, თავის ობიექტს”, ანუ ნიშანი არა მხოლოდ მალავს, არამედ აჩენს კიდევაც. ეს ,,გამოჩენა”, ანუ წარმოჩენა, ხდება არა ყველა, არამედ მხოლოდ განსაზღვრულ იდეასთან მიმართებაში და განსაზღვრავს როგორც ნიშნის კომუნიკაციაში ჩართვის პრინციპს, ისე მისი ინტერპრეტაციის მიმართულებასაც. ამდენად, სავსებით მართებულად უნდა მივიჩნიოთ ეკოს მოსაზრებები თეორიული პოლისემიისა და რეალური ინტერპრეტაციის გამიჯვნის აუცილებლობაზე (ეკო 1998). პირსის ნიშნის განსაზღვრება იმთავითვე გულისხმობს ამ გამიჯვნას.

სემიოზისის უწყვეტობიდან, საწყისი და ფინალური ინტერპრეტანტის შეუძლებლობიდან გამომდინარე, ხსოვნას ინახავს, ანუ მეხსიერების ფენომენი იგულისხმება სამივე ტიპის ნიშანში, ოღონდ იკონური ამას ახდენს აღმნიშვნელისა და აღსანიშნის გრძნობადი მსგავსების საფუძველზე, ინდექსი – მათ შორის რეალური კავშირის კოდირებით, სიმბოლური კი – კულტურული შეთანხმებით და ამ შეთანხმების ხსოვნის შენახვით.

ლიტერატურა:

ბარტი 1989: Барт Р. Избранные работы. Семиотика. Поэтика. М.: ,,Прогресс“, 1989.

ბელი…1996: М. Бел, Н. Брайсен. Семиотика и искуствознание. ,,Вопросы и искуствознания“, т. IX №2, 1996.

ეკო 1998: Эко У. Отсутствующая структура. Введение в семиологию. ТОО ТК ,,Петрополис“, 1998. თავი A. 3,4,5; Д. XIV.

იაკობსონი 1990: Два аспекта языка и два типа афатических нарушений. Теориа метафоры. М.: ,,Прогресс“,, 1990.

იაკობსონი 1983: Якобсон Р. В поисках сущности языка. Семиокика. М.: ,,Радуга“,1983.

ნოთი 2001Нлт. В. Чарльз Сандерс Пирс. Ж. Критика и семиотика. Выпуск 3-4. Новосибирск,, 2001. http://www.nsu.ru/education/virtual/cs34net.htm

პირსი 2000: Пирс. Ч.С. Избранные философские произведения. Пер. С англ. Голубович и др., М: ,,Логос“. 2000.

ჟენეტი 2001: ჟ. ჟენეტი. ,,აღარავინ უწყის, რა არის სტრუქტურალიზმი”. ჟ. ,,კრიტერიუმი”. თბ.: ლიტერატურის ინსტიტუტის გამომცემლობა, №3, 2001.

სოსიური 1977: Фердинанд де Соссюр. Труды по языкознанию. М.: ,,Прогресс“, 1977.

ფლორენსკი 1971: Флоренский П. А. Словарь символов. Труды по знаковым системам. Т.5. Тарту 1971.

Manana Kvachantiradze

Charles Peirce and problems of modern semiotics

In this work the modern communication problems are considered using Charles Sanders Peirce’s general theory of signs. The applicability of Piers’s theory to explain different peculiarities of artist and poetic languages is evaluated. His pan-semiotic vision of the universe of signs, of human beings and human consciousness is discussed, together with primary, secondary and tertiary categories.

Using the Peirce’s theory the author makes attempt to find answer to the following questions: what represents literature as a sign and as a part of semiotic universe; how can be solved the problem of memory and art language interrelationship in the process of continuous semiosis.

In this work the state-of -the-art in Peirece’s theory is assessed. The theories of signs developed by Peirce and Saussure are compared. Also several semiotic problems are discussed based on relevant examples: the tips of interpretation and the process of significance development, the internal dialogical character of thinking, problems of object and so on. The most important second tricotomy of signs which determines the relation between the sign and the object is analyzed.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s