ლევან ცაგარელი _ მეტაფიქცია – როგორც სემიოტიკური ფენომენი


შესავალი

მეტაფიქციონალობას განმარტავენ როგორც გარკვეული ტიპის მხატვრული ტექსტების თვისებას, იმსჯელონ ლიტერატურაზე1. მეტაფიქციონალური ლიტერატურის ძირითად მახასიათებლებად მიიჩნევა “საკუთარი ხელოვნურობის გაშიშვლება, ლიტერატურული კონვენციებით თამაში და ონტოლოგიური საზღვრების დარღვევა”2, ავტორეფლექსიური მთხრობლის (იგივე self-conscious narrator, რომელსაც გააზრებული აქვს თხრობის აქტი) არსებობა, ექსპლიციტური მკითხველის როგორც მოქმედი პირის გამოჩენა ტექსტში და ე.წ. ჩინური კოლოფის (chinese box) სტრუქტურა ერთმანეთში მოქცეული ამბებისა, რომლებიც ერთმანეთს ირეკლავენ3.

მოცემული ნარკვევის მიზანია, როლან ბარტის შეხედულებებზე დაყრდნობით შევიმუშავოთ მეტაფიქციის სემიოტიკური მოდელი. იგი მოგვცემს საშუალებას, ერთიან სისტემაში მოვაქციოთ ტექსტობრივი თავისებურებები, რომლებსაც ლიტერატურათმცოდნეები ტრადიციულად უკავშირებენ მეტაფიქციის ფენომენს, და განვმარტოთ, რომელი სტრუქტურული მექანიზმის საფუძველზე წარმოიქმნება თითოეული მათგანი. ამ მიზნის მისაღწევად მიზანშეწონილია, დავყოთ ნაშრომი სამ ნაწილად. პირველ თავში ზოგადად განვიხილავთ მეტაფიქციონალობის ფენომენისა და პოსტმოდერნიზმის ურთიერთმიმართების საკითხს. მეორე თავი დაეთმობა მეტაფიქციონალობის ტიპოლოგიურ აღწერას. მესამე თავში კი – კონკრეტულ სემიოლოგიურ კონცეფციაზე დაყრდნობით შევეცდებით მეტაფიქციონალობის სემიოტიკური მოდელის შემუშავებას.

სანამ მეტაფიქციონალობაზე მსჯელობას შევუდგებით, საჭიროა დავაზუსტოთ, რა არის ფიქციონალობა. ესაა თავისებურება ტექსტების გარკვეული ჯგუფისა, რომლებიც უმეტესად თხრობის ფიქტიურ აქტს გადმოსცემენ და სწორედ ამით განსხვავდებიან სხვა (არაფიქციონალური) ტექსტებისგან. ფიქციონალური, იგივე მხატვრული ტექსტების კონვენციური თავისებურებები ამ უკანასკნელის სემიოტიკურ ბუნებას ეფუძნება. ლიტერატურული ტექსტი, როგორც რთული (სუპერ-)ნიშანი, განირჩევა როგორც სინტაქტიკის, ისე პრაგმატიკისა და სემანტიკის დონეებზე. პრაგმატიკული თვალსაზრისით, მას ახასიათებს გაორმაგებული სათხრობი სიტუაცია

გარე საკომუნიკაციო სიტუაცია
ავტორი -ტექსტი- მკითხველი

შიდა საკომუნიკაციო სიტუაცია
მთხრობელი-ამბავი- ქტიური ადრესატი

გამოსახულება 1. გაორმაგებული საკომუნიკაციო სიტუაცია

და ამა თუ იმ კულტურულ გარემოცვაში დამკვიდრებული სამომხმარებლო პრაქტიკა. ლიტერატურული ტექსტის სემანტიკა აღსანიშნავია დენოტაციის ნაკლებობითა და კონოტაციის დომინანტურობით, რის შედეგადაც მისი თითოეული ელემენტი ზედეტერმინირებულია, ტექსტის საერთო შეტყობინებას ექვემდებარება და სწორედ მასთან მიმართებაში იძენს გარკვეულ ფუნქციას.

ლიტერატურა:
გამოხატულება
შინაარსი

ენა:
გამოხატულება
შინაარსი

გამოსახულება 2. ლიტერატურული ფიქციის კონოტაციური სტრუქტურა

გამოსახულება 3. ენობრივი ნიშნების ზედეტერმინირებულობა მეორად სისტემაში ,,ლიტერატურა”

აღნიშნული თავისებურებების ერთობლიობა სინტაქტიკური დევიაციის, ერთგვარი ნორმატიული ანომალიის სახეს იძენს და განასხვავებს მხატვრულ ნაწარმოებს არა-მხატვრულისგან4.

1. მეტაფიქცია და პოსტმოდერნიზმი

მეტაფიქციონალობამ, როგორც ლიტერატურულმა ტენდენციამ, განსაკუთრებული მნიშვნელობა მოიპოვა პოსტმოდერნიზმის კონტექსტში. თუმცა მეტაფიქცონალური ელემენტები (როგორიცაა, მაგალითად, ავტორეფლექსიურობა) გვხვდება უფრო ადრეც – ლორენს სტერნის რომანში ,,ტრისტრამ შენდი”, მიგელ დე სერვანტესის რომანში ,,დონ კიხოტი”, და თვით არიოსტოს პოემაში „შმაგი ორლანდო”5. თანამედროვე ლიტერატურათმცოდნეობაში მეტაფიქციას უკავშირებენ პოსტ-ისტორიისა (პოსტჰისტოირე) და პოსტსტრუქტურალიზმის კონცეფციებს; სამივე მათგანი წარმოიქმნა მასობრივი საზოგადოების საბოლოოდ ჩამოყალიბებისა და გლობალიზაციის პირობებში6.

პოსტ-ისტორიის კონცეფციას საფუძვლად უდევს ისტორიულობის ცნების გაქრობა. იგი გამსჭვალულია სკეფსისით ტოტალური აზროვნების მიმართ და ისტორიული ამოწურულობის გრძნობით. ამ კონცეფციის თანახმად, აღარ არსებობს აბსოლუტური ჭეშმარიტება; ,,არსებობს მხოლოდ ჩვენი წარმოდგენების, სურათ-ხატების, მოთხრობებისა და წარსულთან დაკავშირებული სტერეოტიპების ისტორია, რომლებიც სრულიად თანასწორია და რომელთა ურთიერთგამიჯვნაც მხოლოდ ქრონოლოგიურადაა შესაძლებელი.”7 ამრიგად, ისტორია იქცევა ფიქციად. სინამდვილე კი სხვა არაფერია, თუ არა კონსტრუქციებისა და ფიქციებისგან შემდგარი წარმონაქმნი. შესაბამისად, ფაქტები და ფიქციები ერთნაირ მიდგომას მოითხოვს, მიდგომას, რომელიც ,,ღირებულებების, წიაღსვლების, ქმედებების, გამონათქვამების ურთიერთჩანაცვლებადობასა და განუსხვავებულობას”8 ემყარება.

პოსტსტრუქტურალიზმის ფარგლებში სინამდვილესა და ფიქციას შორის საზღვარი კიდევ უფრო ბუნდოვანი გახდა. პოსტსტრუქტურალისტების აზრით, ყველაფერი – როგორც ხელოვნება, ისე ისტორია და სინდამვილე – მხოლოდ ტექსტია9. ყოველივე ამან გამოიწვია ერთი მხრივ, შემოქმედი სუბიექტის სრული უგულებელყოფა (ე.წ. ,,ავტორის სიკვდილი”), ხოლო მეორე მხრივ, მკითხველის წინა პლანზე წამოწევა. მკითხველი მიიჩნიეს გადამწყვეტ ინსტანციად ნაწარმოებისთვის აზრის მინიჭების პროცესში, კითხვა კი სრულიად გაუტოლეს წერას, რადგან კითხვის დროს მკითხველი ტექსტს ახალ-ახალ მნიშვნელობებს ანიჭებს და შესაბამისად, ტექსტის ყოველი განმეორებითი წაკითხვისას წარმოიქმნება ახალი ტექსტი. ხოლო მნიშვნელობა, როგორც სტაბილური, მყარი კავშირი აღსანიშნსა და აღმნიშვნელს შორის, პოსტსტრუქტურალიზმის კონცეფციის მიხედვით, საერთოდ არ მოიპოვება. აღნიშნული მიმართება ხასიათდება ნებისმიერობით და, შესაბამისად, ნებისმიერი სიგნიფიკანტი შეიძლება დავუკავშიროთ ნებისმიერ სიგნიფიკატს. ამრიგად, კომუნიკაცია გვევლინება ერთგვარ თავისუფალ თამაშად, თამაშად სიგნიფიკანტებით.

ზემოხსენებულმა თეორიებმა დიდი გავლენა მოახდინა პოსტმოდერნიზმის ლიტერატურასა და ხელოვნებაზე. შემოქმედი სუბიექტის უგულებელყოფით წარსულს ჩაბარდა ინდივიდუალობის, ორიგინალურობისა და აუთენტურობის მოთხოვნაც. პოსტმოდერნიზმის ეპოქის ხელოვნებასა და ლიტერატურაზე ვკითხულობთ ერთ-ერთ გერმანელ მკვლევართან:

მას შემდეგ, რაც დავრწმუნდით, რომ მუდმივ ექსპერიმენტებში გატარებული საუკუნის შემდეგ იმ დიდი შესაძლებლობების მიუხედავად, რომლებსაც მედიები გვთავაზობს, ფაქტობრივად აღარ დაგვრჩა შანსი, შევქმნათ რაღაც ახალი, როგორც ძველისგან რადიკალურად განსხვავებული, ჩვენ გავთავისუფლდით ,,გავლენის შიშისგან” [anxiety of influence], შიშისგან უკვე არსებული ხელოვნების გავლენის ქვეშ მოქცევისა, რომელიც ჯერ კიდევ XVIII საუკუნის გენიის ესთეტიკიდან მოყოლებული არსებითად განსაზღვრავდა დასავლურ ხელოვნებასა და ლიტერატურას. ახლა კი სრულიად დაუფარავად დავიწყეთ ხელოვნების შექმნა ხელოვნებისგან, ლიტერატურისა კი – ლიტერატურისგან, ექნება ამას პასტიშის სახე თუ რომელიმე ძველი მიმდინარეობების განახლებული სახესხვაობისა, რომელიც აღინიშნება თავსართით ,,ნეო”. ასე წარმოიქმნა ვარიაციის ლიტერატურა და ხელოვნება, რომელშიც სიახლე უკვე ნაცნობის ცვლილებას გულისხმობს და განსხვავებულობა რაფინირებულ ხასიათს იძენს.10

პოსტმოდერნისტული ხელოვნება და ლიტერატურა ეფუძნება უკვე ნაცნობის გარდაქმნას. ამგვარი გარდაქმნა ხორციელდება სხვადასხვა, ტრადიციულად შეუთავსებელი სტილისა თუ ჟანრის აღრევა-კომბინაციის სახით, ან ყოველდღიურის, ბანალურისა და ტრივიალურის ხელოვნებაში შემოტანის მეშვეობით. ამ მიზნით პოსტმოდერნისტი მწერლები ხშირად მიმართავენ ე.წ. ტრივიალური ლიტერატურის სქემებს და ახალი შინაარსით ავსებენ მათ. რადგან ნიშანი დაიშალა და ხელში მხოლოდ სიგნიფიკანტი შეგვრჩა, ყურადღებას იმსახურებს არა შინაარსი, მნიშვნელობა, არამედ სტილი და ტექსტის ზედაპირი. ავანგარდისტული მიმდინარეობების თანმიმდევრული მონაცვლეობა პოსტმოდერნიზმის ეპოქაში შეიცვალა განსხვავებული მიმდინარეობების თანაარსებობით: ,,დღევანდელი ვითარება ხასიათდება პლურალიზმით, რომელიც ზოგჯერ ნებისმიერობის საზღვარს აღწევს.”11 ნებისმიერობა გამოიხატებოდა არა მხოლოდ შინაარსობრივად და თემატურად – როგორც კულტურულ ღირებულებათა და ესთეტიკურ კონვენციათა ნებისმიერობა, არამედ ფორმალურადაც – ნაწარმოებიდან მისი შექმნის პროცესზე ყურადღების გადატანით. ლიტერატურული ტექსტის პროცესუალური ხასიათის გამოკვეთის მიზნით პოსტმოდერნისტი მწერლები არღვევენ თხრობის სტანდარტულ თანმიმდევრობას და მკითხველს მიანდობენ ცალკეული მონაკვეთების ურთიერთშეკავშირებას. ნებისმიერობის უკიდურესი გამოხატულება გახლავთ, მაგალითად, ე.წ. ,,ჰიპერტექსტი”, აგრეთვე ნაწარმოებები, რომლებშიც შემთხვევითობასა და გეგმას შორის სხვაობის დადგენა შეუძლებელია.

თვისება, რომელიც მკაფიოდ განასხვავებს პოსტმოდერნისტულ მწერლობას მოდერნისტულისაგან, გახლავთ არა ლტოლვა რადიკალური განახლებისა და ტრადიციების მსხვრევისაკენ, არამედ სწრაფვა, ძველისა და გარდასულის აღდგენა-განახლებისაკენ. მნიშვნელოვანი ცვლილებები შეინიშნება ინტერტექსტუალობის მხრივაც. ხორვატი ლიტერატურათმცოდნე დუბრავკა ორაიჩ ტოლიჩი12 გამოყოფს ციტატის ორ ძირითად სახეობას: ილუსტრაციულსა და ილუმინაციურს. პირველი მათგანისათვის დამახასიათებელია იმიტაცია, საკუთარი ტექსტის დაქვემდებარება უცხოსათვის, მკითხველის გამოცდილების გათვალისწინება და უცხო ტექსტისა თუ კულტურის რეპრეზენტაციის პრინციპი. ილუმინაციურ ციტატს კი – პირიქით, პოლემიკის ან დიალოგის ხასიათი აქვს, მასში მოქმედებს კოორდინაციის პრინციპი, რომლის მიხედვითაც ტექსტებს თანასწორი უფლებები ენიჭებათ. ილუმინაციური ციტატი სრულიად არ უწევს ანგარიშს რეცეფციის არსებულ ნორმებს და უპირისპირებს ტექსტს, რომელშიც გვხვდება, ყველა წინარე ნაწარმოებს. ილუსტრაციული ციტატის შემთხვევაში კულტურული ტრადიცია გაიაზრება საგანძურად, ილუმინაციური ციტატის შემთხვევაში კი – tabula rasa-დ. მკვლევრის აზრით, მოდერნისტული ხელოვნება და ლიტერატურა ილუმინაციური იყო, ,,ხოლო საკუთარი ტრადიციებისაკენ დაბრუნებისა და თვითშენარჩუნების სურვილთან ერთად პოსტმოდერნიზმის ეპოქაში ციტატი ილუმინაციურ ხასიათს იძენს”13. ამრიგად, ციტატი პოსტმოდერნისტულ ლიტერატურასა და ხელოვნებაში ერთგვარი კატალოგის, მუზეუმისა თუ არქივის ფუნქციას ასრულებს და მიზნად ისახავს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას.

წარსულისადმი ინტერესის ზრდასთან ერთად იგრძნობა რეალისტური ტენდენციების დაბრუნებაც, თუმცა ეს ახალი რეალიზმი განსხვავდება ძველისაგან და ძალზე მრავალფეროვანია:

,,ახალი” რეალიზმი, რომელიც ნაწილობრივ ,,ექსპერიმენტული რეალიზმის” სახელით ცდილობს თვითდამკვიდრებას, წარმოადგენს ვარიაციის ხელოვნებას, რადგან მასში მართალია რეალისტური თხრობის ნორმები თითქმის შენარჩუნებულია, სამაგიეროდ – სინამდვილის ადეკვატურად გადმოცემის უნარი ეჭვს იწვევს.14

პოსტმოდერნისტული რეალიზმი უარყოფს რეალისტურ ტრადიციას, რადგან იგი აღარ (ან ვეღარ) მოგვითხრობს სიმართლეს სამყაროს შესახებ, არამედ მოგვითხრობს სიმართლეს თვით ლიტერატურის შესახებ, მის იმანენტურ კანონზომიერებებსა და ფიქციონალობაზე. სწორედ ამით არის განპირობებული პოსტმოდერნისტული ტექსტების კიდევ ერთი თვისება, რომელიც სრულიად უცხო იყო კლასიკური მოდერნიზმისთვის, ესაა – კითხვით მოგვრილი სიამოვნება, ანუ plaisir du texte – როგორც მას როლან ბარტი უწოდებს.

რადგანაც პოსტმოდერნისტულმა მწერლობამ განსჯის საგნად აქცია უკვე არსებული ტექსტების ნორმები, მოტივები და სტრუქტურა, სავსებით გასაგებია, რომ მეტაფიქციონალობა, როგორც ლიტერატურული ტენდენცია, სწორედ ამ ეპოქის მხატვრულ ხერხებს შორის იკავებს დომინანტურ ადგილს. თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მეტაფიქცია არაერთგვაროვანი ფენომენია. მაგალითად, მოი პოვება მეტაფიქციონალური რომანები, რომლებშიც ფიქციონალობა მხოლოდ თემატურ დონეზე განიხილება; გვხვდება აგრეთვე ნაწარმოებები, რომლებშიც მეტაფიქციონალობა ფორმალური და ონტოლოგიური გაურკვევლობის სახით ვლინდება, თუმცა მათი სტრუქტურის დადგენა მაინც შესაძლებელია; და ბოლოს, გვაქვს ტექსტები, რომლებშიც რეალიზმი სრულიად უარყოფილია, მხატვრული სამყარო კი წარმოგვიდგება როგორც დაპირისპირებული სემიოტიკური სისტემების ბრძოლის ველი, სადაც ,,რეალური” მნიშვნელობის დადგენა შეუძლებელია.

2. მეტაფიქციონალობის ზოგადი მახასიათებლები

გერმანელი მკვლევარი ვერნერ ვოლფი15 გამოყოფს მეტაფიქციონალობის შემდეგ სახესხვაობებს:

1. გადმოცემის ფორმის მიხედვით: ექსპლიციტური და იმპლიციტური მეტაფიქცია. ექსპლიციტურად მეტაფიქციონალური ტექსტი თუ ტექსტის მონაკვეთი თავისი შინაარსით არის მეტატექსტობრივი, ხოლო იმპლიციტური მეტაფიქცია მოიცავს ტი პოგრაფიულ ექსპერიმენტებსა და ურთიერთგამომრიცხავ, წინააღმდეგობრივ ელემენტებს, რომლებიც ტექსტის ფიქციონალობაზე ამახვილებენ რეციპიენტის ყურადღებას.

2. მოცულობის მიხედვით: ნაწილობრივი და ექსტენსიური მეტაფიქცია. ამ უკანასკნელის შემთხვევაში მეტაფიქციონალურია მთელი ტექსტი, მასში წაშლილია ზღვარი კრიტიკასა და ფიქციას შორის (ინგლ. critifiction).

3. შინაარსის მიხედვით:

ა) ე. წ. fictum-მეტაფიქცია და fictio-მეტაფიცია. პირველი მათგანი ეჭვის ქვეშ აყენებს ტექსტის შესაბამისობას სიმართლესთან, მის რეფერენციალურ ფუნქციას; უკანასკნელი კი – გამოკვეთს ხელოვნურობას, ტექსტობრიობას, მედიალობას, მაგრამ არ ეხება მონათხრობის ვერიფიკაციის პრობლემას (მაგ. ცალკეული თავების სათაურების აუქტორული თემატიზება).

ბ) პირდაპირი, ანუ ავტო-მეტაფიქცია, ირიბი და ზოგადი მეტაფიქცია. ავტო-მეტაფიქციაში ყურადღების ცენტრში ექცევა თვით ის ტექსტი, რომელშიც მეტაფიქციონალური გამონათქვამი გვხვდება; ირიბი მეტაფიქცია გულისხმობს ინტერტექსტობრივ კავშირს სხვა ტექსტებთან (ჩვეულებრივი ინტერტექსტისგან განსხვავებით მეტაფიქციონალური ინტერტექსტი გვაცნობიერებინებს წინარე ტექსტის ფიქციონალურ სტატუსს); ზოგად მეტაფიქციაში კი მოიაზრება მეტა-ესთეტიკური მსჯელობა ზოგადად ლიტერატურაზე და არა – ერთ რომელიმე მხატვრულ ტექსტზე, თუმცა ამგვარი მსჯელობის დროს გამოთქმული შეხედულებები, ცხადია, მოცემულ ტექსტსაც ეხება, რადგან ეს უკანაკსნელიც ფიქციონალური ლიტერატურის ნაწილია. ზოგადი და ირიბი მეტაფიქციის ფარგლებში შეიძლება მოვაქციოთ აგრეთვე ინტერმედიალობის შემთხვევები, როდესაც განსჯის საგნად ქცეულია სხვა ჟანრები თუ მედიები (სახვითი ხელოვნება, კინო-ხელოვნება და ა.შ.), ან ხელოვნება ზოგადად.

გ) კრიტიკული და აფირმაციული მეტაფიქცია. კრიტიკულ მეტაფიქციაში ფიქციონალობის გამოაშკარავებისას იგრძნობა ერთგვარი დისტანცია, კრიტიკული დამოკიდებულება (მაგ. პაროდია). აფირმაციული მეტაფიქცია კი ამგვარ კრიტიკულ დამოკიდებულებას მოკლებულია.

ვერნერ ვოლფი აღნიშნავს, რომ მეტაფიქციის მხატვრული დანიშნულება არ შემოიფარგლება მონათხრობის სანდოობის ეჭვის ქვეშ დაყენებითა და ესთეტიკური ილუზიის რღვევით. მეტაფიქცია, ამავე დროს, ქმნის პოეტოლოგიური განსჯისთვის საჭირო სივრცეს, არის კომენტირების არაჩვეულებრივი საშუალება და ხშირად გვეხმარება ტექსტის გაგებისას (განსაკუთრებით, თუ ტექსტი ინოვაციურია).

ამრიგად, მეტაფიქციონალობა ძალზე ფართო სპექტრის მოვლენაა. იგი მოიცავს ტიპოგრაფიულ ექსპერიმენტებს, პოეტოლოგიურ ესეისტიკას, ინტერტექსტობრივ მიმართებათა მრავალფეროვნებასა და ისეთ ნარატიულ ხერხებს, როგორიცაა არასანდო და ავტორეფლექსიური თხრობა.

3. მეტაფიქციის სემიოტიკური სტრუქტურა

ზემოხსენებულ ტექსტობრივ მახასიათებლებს ერთი შეხედვით არაფერი აქვს ერთმანეთთან საერთო. იბადება კითხვა: რატომ მოიყარა თავი ყველა ამ ლიტერატურულმა ხერხმა ერთი ფენომენის – მეტაფიქციის ფარგლებში? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად გამოგვადგება ფრანგი ლიტერატურათმცოდნის, როლან ბარტის მიერ თავის ერთ-ერთ ადრეულ ნაშრომში შემუშავებული მოდელი. აქ მკვლევარი ცდილობს სემიოლოგიურ პრინცი პებზე დაყრდნობით დაადგინოს, რა არის კონოტაცია და მეტა-ენა.

კონოტაციურ სისტემას იგი განსაზღვრავს როგორც ,,სისტემას, რომლის გამოხატულების დონესაც მნიშვნელობის მატარებელი სისტემა ქმნის”16. ამგვარი სისტემა მეორად, ზედნაშენ ხასიათს ატარებს, მას საფუძვლად უდევს სხვა სისტემა, რომელიც მხოლოდ გამოხატულების დონეზე, აღმნიშვნელის ფუნქციით გამოიყენება. ამგვარი კონოტაციური სისტემაა, მაგალითად, მხატვრული ლიტერატურა, მითოსი, ხელოვნების სხვადასხვა დარგები და სხვ. ამრიგად, მხატვრული ლიტერატურა არის მეორადი სისტემა, რომელიც ენობრივ სისტემას თავისი შინაარსის გადმოსაცემად იყენებს.

აღმნიშვნელი

აღსანიშნი

აღმნიშვნელი
აღსანიშნი

გამოსახულება 4. კონოტაციური სისტემის სემიოლოგიური სქემა.

ხოლო მეტა-ენას როლან ბარტი ასე განსაზღვრავს: ,,მეტა-ენა, ესაა სისტემა, რომლის შინაარსის დონესაც მნიშვნელობის მატარებელი სისტემა ქმნის.”17 მეტა-ენის შემთხვევაში პირველადი სისტემა იქცევა მეორადი სისტემის არა აღმნიშვნელად, არამედ აღსანიშნად.

აღმნიშვნელი
აღსანიშნი

აღმნიშვნელი
აღსანიშნი

გამოსახულება 5. მეტა-ენის სემიოლოგიური სქემა.

მოყვანილი სქემების შედეგად იქმნება შემდეგი მოდელი:

გამოსახულება 6. მეტაფიქციის სემიოტიკური მოდელი

ჩვენი აზრით, სემიოტიკურ სისტემას – ,,ლიტერატურული მეტაფიქცია” – სწორედ ამგვარი, სამი შრისაგან შემდგარი სტრუქტურა გააჩნია. სისტემის საფუძველს წარმოადგენს ენა. მეორადი სისტემის – ,,ლიტერატურული ფიქცია” – ფარგლებში იგი ასრულებს აღმნიშვნელის დანიშნულებას და ესთეტიკური შეტყობინების გადმოსაცემად გამოიყენება. აქ ენობრივი ნიშნის კონვენციური მნიშვნელობა (ე.ი. მიმართება აღმნიშვნელსა და აღსანიშნს შორის) სრულიად სხვა მნიშვნელობის გამოხატვას ისახავს მიზნად. ამრიგად, ფიქციონალური ლიტერატურის სემიოტიკურ მექანიზმს საფუძვლად უდევს სწორედ კონოტაციის პრინცი პი. მეტაფიქციის დონეზე კი მნიშვნელობის წარმოების პროცესი საპირისპირო მიმართულებით ვითარდება. აქ თვით ფიქციის კონოტაციური სისტემა იქცევა მეტაფიქციონალური გამონათქვამის შინაარსობრივ მხარედ.

ტექსტის სემანტიკური მოცულობის ამგვარი გაფართოება, ცხადია, მნიშვნელოვან ცვლილებებს იწვევს ნაწარმოების სემიოტიკურ მახასიათებლებში არა მხოლოდ სემანტიკის, არამედ პრაგმატიკისა და სინტაქტიკის დონეებზეც.

პრაგმატიკის მხრივ მეტაფიქციონალური ტექსტი ხასიათდება გარე და შიდა საკომუნიკაციო სიტუაციის თემატიზებით. ამგვარი თემატიზება ხორციელდება, როდესაც მხატვრულ სამყაროში ტექსტის ადრესატი (მკითხველი) და ადრესანტი (ავტორი) მოქმედი პირების სახით გვხვდება, ან როდესაც ყურადღება მახვილდება თვით წერის აქტზე. პრაგმატიკული მიმართების უკიდურეს გაუცხოებას ემსახურება ავტორეფლექსიური თხრობის ფორმებიც, რომელთა დროსაც მთხრობელი დაუფარავად წარმოაჩენს თავს მთელი ამბის შემოქმედად, მოქმედი პირები საუბრობენ ავტორის შესახებ და ა.შ. ფიქციონალური კომუნიკაციის გაორმაგებული ხასიათი აგრეთვე შეიძლება იქცეს განსჯის საგნად, თუ ამბავი არასანდო მოყვანილი სქემების შერწყმის შედეგად იქმნება შემდეგი მოდელი: მთხრობლის მიერ არის მოთხრობილი. ასეთ შემთხვევაში (ისევე, როგორც ირონიის ყველა სხვა სახესხვაობის შემთხვევაში) განსაკუთრებით მკაფიოდ ჩანს განსხვავება ავტორს, როგორც შეტყობინების ნამდვილ ადრესანტსა, და მთხრობელს, როგორც ფიქტიურ კონსტრუქციას შორის18. ამდენად, არასანდო თხრობა შეგვიძლია მივიჩნიოთ ფიქციონალური კომუნიკაციის პრაგმატიკული ასპექტის თემატიზებად.

არასანდო თხრობის ხერხი აღსანიშნავია მეტაფიქციონალური სისტემის სემანტიკის მხრივაც. ვინაიდან არასანდო მთხრობლის ნაამბობი არ შეესაბამება მხატვრულ სამყაროში „ნამდვილად” მომხდარ ამბავს და გარკვეულწილად აყალბებს კიდეც მას, ყურადღება მახვილდება დენოტაციის ნაკლებობაზე, რაც საერთოდ ლიტერატურული ფიქციისთვისაა დამახასიათებელი. არასანდო მთხრობლის ნაამბობი ხომ მხოლოდ შეზღუდულად ასახავს ფიქტიურ მოვლენებს, რითაც მხატვრულ ლიტერატურაში რეფერენციალური ფუნქციის ნაკლებობასა თუ არარსებობას ააშკარავებს. გამოკვეთილი მეტაფიქციონალური პოტენციალი გააჩნია ე.წ. მიმეტურად განურჩეველ თხრობასაც; ამ უკანასკნელის შემთხვევაში თავს იჩენს გარემოება, რომელიც ჩვეულებრივ დაფარული და ავტომატიზირებულია, სახელდობრ, ის, რომ მხატვრული სამყაროები სხვა არაფერია, თუ არა სიტყვებით აგებული კონსტრუქციები. შესაბამისად, მიმეტურად განურჩეველი თხრობა ლიტერატურულ ფიქციას წარმოგვიდგენს როგორც ხელოვნურად შექმნილ კონსტრუქციას.

კონოტაციის დომინანტურობა, როგორც ფიქციონალური დისკურსის კიდევ ერთი სემანტიკური ნიშანთვისება, წარმოჩინდება ავტორეფლექსიური თხრობის გარკვეული სახესხვაობის, კერძოდ – მიზანაბიმის (mise en abyme) მეშვეობით. მიზანაბიმი გულისხმობს მოთხრობა-ჩარჩოს გამეორებას ჩართულ მოთხრობაში ან ისეთი წიგნის ხსენებას, რომელიც მთელს ექსტრადიეგეტურ მოქმედებას ასახავს. მიზანაბიმის ხერხის გამოყენებით აშკარა ხდება, რომ მთელი მოქმედება სხვა არაფერია, თუ არა ერთადერთი სუბტექსტის გავრცობილი ვერსია, რომლის ფარგლებშიც თითოეული ელემენტი მთლიან ტექსტს უკავშირდება19.

ლიტერატურული სისტემის სემანტიკური თავისებურებები ვლინდება ინტერტექსტობრივი მინიშნებების სახითაც20. ასეთ შემთხვევაში საგრძნობლად იცვლება ავტორეფლექსიის მოცულობა, იგი ამჯერად მოიცავს მთლიან ფიქციონალურ ლიტერატურას, როგორც მედიუმს. თუ მხატვრულ ნაწარმოებში გვხვდება მოქმედი პირი რაიმე სხვა ტექსტიდან, ან ფსევდოინტერტექსტობრივი მინიშნება მოგვეპოვება არარსებულ ტექსტზე, მაშინ (პრინციპით – pars pro toto) აქტუალიზდება შესაბამისი წინარე ტექსტის მთლიანი ფიქციონალური კონტექსტი და, შესაბამისად, შიშვლდება პრეტექსტის ფიქციონალური ხასიათიც.21 ორივე შემთხვევაში ფიქციონალობის ფენომენი წინა პლანზე იწევს, აშკარა ხდება, რომ ტექსტორბივი ელემენტების უკან არა რეალობა, არამედ სხვა ტექსტების ფიქტიური სინამდვილე დგას და, ამრიგად, ტექსტის სემანტიკა ფიქტიურ რეფერენტს ემყარება.

ინტერტექსტობრივი მიმართებების მეშვეობით ხორციელდება ტექსტის სინტაქტიკური თვითთემატიზებაც. მაგალითად, ე.წ. სისტემური რეფერენტულობის (გერმ. Systemreferenz)22 ინტერტექსტობრივი ფენომენი საფუძვლად უდევს ფანტასტიკურ ლიტერატურას. ფანტასტიკა, როგორც დიეგეტურად მანიფესტირებული დარღვევა ტრადიციული ლიტერატურული კონვენციებისა შეიძლება განვიხილოთ როგორც წმინდა მეტაფიქციონალური მოვლენა. ფანტასტიკური ელემენტები ააშკარავებენ ავტომატიზირებული ლიტერატურული ხერხების დევიაციურ ხასიათს და ყურადღებას ამახვილებენ მხატვრული სამყაროს კონვენციურ აგებულებაზე. ფანტასტიკური ელემენტის სახით დიეგეზისის დონეზე ვლინდება ლიტერატურული ტექსტის სპეციფიკური, დევიაციაზე (ენობრივი ნორმების დარღვევაზე) დამყარებული სინტაქტიკა. ფანტასტიკური ლიტერატურის მეტაფიქციონალური პოტენციალი ისაა, რომ მისი თემა იმპლიციტურად თავად ლიტერატურაა23.

მხატვრული ტექსტის შიდა სინტაქტიკა გამოიხატება მარკირებული მოტივაციური სტრუქტურის სახით. ორმაგი მოტივაცია შესანიშნავად გამოდგება შინაგანი ურთიერთკავშირის გამოსახატავად, რომელიც ყოველ ლიტერატურულ ტექსტშია მოცემული24. როდესაც მოთხრობილი ხდომილება კოჰერენტულ ახსნას არ ექვემდებარება, მკითხველი იწყებს მხატვრული ტექსტის შიდა სტრუქტურის აღქმას. ამ დროს ტექსტი იქცევა მეტატექსტად, ე.ი. ტექსტად ლიტერატურის იმანენტური კანონზომიერებების შესახებ.

მეტაფიქციონალობა შეიძლება იმაშიც გამომჟღავნდეს, რომ ლიტერატურული მედიუმის მასალა (ანუ – ენა) თავად იქცევა მედიუმად (ანუ შეტყობინების მატარებლად). ნაბეჭდ გვერდზე სიტყვების განლაგება და შრიფტის ფორმა შეიძლება ტექსტის მნიშვნელობის მატარებელი იყოს25. გარკვეული ტიპოგრაფიულ-ვიზუალური ხერხების გამოყენებით სიტყვას ძალუძს თავის თავზე მიუთითოს, გახდეს ავტორეფლექსიური და ტექსტს დამატებითი კოდი შეჰმატოს. ამგვარად, თავად დაწერილი სიტყვა იქცევა კონოტატორად. მაგრამ, ამასთან, იგი აბრკოლებს ტექსტის რეცეფციას, რის გამოც მკითხველი (მეტაკომუნიკაციურ დონეზე) შრიფტის კონოტაციურ მუხტს აცნობიერებს.

ზემოთქმულიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ მეტაფიქციონალური ტექსტები ერთგვარი სახეობაა ფიქციონალური ტექსტებისა, რომლებიც მკითხველს ლიტერატურული ფიქციის პრაგმატიკულ, სემანტიკურ ან სინტაქტიკურ გამორჩეულობასა და განსაკუთრებულობას აცნობიერებინებენ და სწორედ ამით ააშკარავებენ თავიანთ ხელოვნურობას.

ლიტერატურა:

ბარნერი 1994: Barner, Wilfried (Hg.): Geschichte der deutschen Literatur von 1945 bis zur Gegenwart. München: Beck, 1994

ბარტი 1981: Barthes, Roland: Elemente der Semiologie. Aus dem Franz. v. Eva Moldenhauer. – 2. Aufl. – Frankfurt a.M.: Syndikat, 1981

ბლუმი 1973: Bloom, Harald: The Anxiety of Influence: A Theory of Poetry. New York: Oxford U.P. , 1973. (dt. Einflußangst, Basel: Stroemfeld/ Nexus, 1995)

ბროიხი 1985: Broich, Ulrich/Pfister, Manfred (Hg.): Intertextualität: Formen, Funktionen, anglistische Fallstudien. Unter Mitarbeit von Bernd Schulte-Middelich. Tübingen: Niemeyer, 1985

ბროიხი 1985: Broich, Ulrich: Bezugsfelder der Intertextualität. In: Intertextualität: Formen, Funktionen, anglistische Fallstudien. S. 52-58

კალინესკუ 2000: Calinescu, Matei: Modernitetens fem ansikten. Modernism. Avantgarde. Dekadens. Kitsch. Postmodernism. Övers. av Dan Shafran och Åke Nylinder. Dualis 2000 (Orig. Matei Calinescu: Five faces of modernity. Modernism, avant-garde, decadence, kitsch, postmodernism. Durham: Duke Univ. Press, 1987)

დურსტი 2001: Durst, Uwe: Theorie der phantastischen Literatur. Tübingen [u.a.]: Francke, 2001

გრაბესი 2004: Grabes, Herbert: Einführung in die Literatur und Kunst der Moderne und Postmoderne. Die Ästhetik des Fremden. Tübingen; Basel: Francke, 2004

ჰონეფი 1992: Honnef, Klaus: Die Kunst der Gegenwart. Köln: Taschen, 1992

კარერი 1985: Karrer, Wolfgang: Intertextualität als Elementen- und Struktur-Reproduktion. In: Ulrich Broich, Pfister, Manfred (Hg.): Intertextualität: Formen, Funktionen, anglistische Fallstudien. S. 98-116

კოპ-მარქსი 2005: Kopp-Marx, Michaela: Zwischen Petrarca und Madonna. Der Roman der Postmoderne. München: Beck, 2005

მარტინეზი 1996: Martinez, Matias: Doppelte Welten: Struktur und Sinn zweideutigen Erzählens. Göttingen 1996

მარტინეზი 1996: Martinez, Matias: Formaler Mythos. Skizze einer ästhetischen Theorie. In: Ders. (Hg.): Formaler Mythos. Beiträge zu einer Theorie ästhetischer Formen. Paderborn: Schöningh, 1996, S. 7-24

მარტინეზი 2000: Martinez, Matias/Scheffel, Michael: Einführung in die Erzähltheorie. 2. Aufl. – München: Beck 2000

ორთეილი 1990: Ortheil, Hanns-Josef: Perioden des Abschieds: Zum Profil der neueren und jüngsten deutschen Literatur. In: German Quaterly, Bd. 63, 1990, S. 367-376

ორაიქ-ტოლიქი 1995: Oraiæ Toliæ, Dubravka: Das Zitat in Literatur und Kunst.Versuch einer Theorie. Aus dem Kroat. übers. v. Ulrich Dronske. Wien, u.a.: Böhlau 1995

პლეტი 1985: Plett, Heinrich F. : Sprachliche Konstituenten einer intertextuellen Poetik. In: Ulrich Broich, Manfred Pfister (Hg.): Intertextualität: Formen, Funktionen, anglistische Fallstudien. S. 78-98

რიფატერი 1990: Riffaterre, Michael: Fictional truth. The Johns Hopkins University Press, Baltimore and London, 1990

სქეფელი 1997: Scheffel, Michael: Formen selbstreflexiven Erzählens. Eine Typologie und sechs exemplarische Analysen.Tübingen: Niemeyer, 1997

შპრენგერი 1997: Sprenger, Mirjam: Modernes Erzählen. Metafiktion im deutschsprachigen Roman der Gegenwart. Stuttgart; Weimar: Metzler, 1999

ცაგარელი 2006: ცაგარელი, ლევან: რა არის ფანტასტიკური ლიტერატურა? ჟ. სჯანი. შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი. თბილისი, 2006

ვოლფი 1993: Wolf, Werner: Ästhetische Illusion und Illusionsdurchbrechung in der Erzählkunst. Theorie und Geschichte mit Schwerpunkt auf englischem illusionsstörenden Erzählen. Tübingen: Niemeyer, 1993, Kap. 3.2.

ვოლფი 2004: Wolf, Werner: Metafiktion. In: Ansgar Nünning: Grundbegriffe der Literaturtheorie. Stuttgart: Metzler, 2004, S. 172-174

ზიმა 2001: Zima, Peter V.: Moderne/Postmoderne. Gesellschaft, Philosphie, Literatur. – 2. überarb. Aufl. – Tübingen; Basel: Francke, 2001

Levan Tsagareli

Metafiction as a Semiotical Phenomenon

The metafiction is a concept that became particularly popular in connection with the postmodern discussion. In the numerous studies we may see the classifications of the general properties of the phenomenon. However, its structural features have never been described. In this essay we work out the model of metafiction in accordance with the concepts of connotation and metalanguage, introduced into the literary theory by Roland Barthes. We define the metafiction as a special type of the literary fiction, whose content is the fiction itself. This structure causes certain changes for the semantics, pragmatics and syntactic of the text: The metafictional text exposes the specific fictional features of all the semiotic relations in one way or another.

_______________________

1. შდრ. ვერნერ ვოლფის განმარტება: ,,მეტაფიქციონალურია ავტორეფლექსიური გამონათქვამები და მოთხრობის ელემენტები, რომლებიც მიზნად ისახავს არა წარმოსახული სინამდვილის გადმოცემას, არამედ უბიძგებს რეცი პიენტს, გააცნობიეროს ტექსტუალობა და ,,ფიქციონალობა“ – ,,ხელოვნურობის, გაკეთებულობის“ ან ,,გამონაგონის“ მნიშვნელობით – და მათთან დაკავშირებული ფენომენები.” [აქ და შემდეგ თარგმანი ჩემია – ლ.ც.] Werner Wolf: Metafiktion. In: Ansgar Nünning: Grundbegriffe der Literaturtheorie. Stuttgart: Metzler, 2004, S. 172-174

2. Mirjam Sprenger: Modernes Erzählen. Metafiktion im deutschsprachigen Roman der Gegenwart. Stuttgart; Weimar: Metzler, 1999, S. 125

3. იხ. იქვე, გვ. 151, 162, 154-155

4. ფიქციონალობის მოცემული მოდელი დეტალურად არის განხილული ჩემს სადისერტაციო ნაშრომში, „არნო შმიტის გვიანდელი პროზა – როგორც მეტაფიქცია” [სავარაუდოდ 2007]

5. იხ. Matias Martinez/Michael Scheffel: Einführung in die Erzähltheorie. 2. Aufl. – München: Beck 2000 S. 16f.; Michael Scheffel: Formen selbstreflexiven Erzählens. Eine Typologie und sechs exemplarische Analysen.Tübingen: Niemeyer, 1997, S. 62f.; agreTve Sprenger, იქვე, გვ. 126, 294

6. იხ. Hanns-Josef Ortheil: Perioden des Abschieds: Zum Profil der neueren und jüngsten deutschen Literatur. In: German Quaterly, Bd. 63, 1990, S. 367-376, S. 372; agreTve, Matei Calinescu: Modernitetens fem ansikten. Modernism. Avantgarde. Dekadens. Kitsch. Postmodernism. Övers. av Dan Shafran och Åke Nylinder. Dualis 2000, s. 127 (Orig. Matei Calinescu: Five faces of modernity. Modernism, avant-garde, decadence, kitsch, postmodernism. Durham: Duke Univ. Press, 1987)

7. Wilfried Barner (Hg.): Geschichte der deutschen Literatur von 1945 bis zur Gegenwart. München: Beck, 1994, S. 817

8. Peter V. Zima: Moderne/Postmoderne. Gesellschaft, Philosphie, Literatur. – 2. überarb. Aufl. – Tübingen; Basel: Francke, 2001, S. 267; Vgl auch Calinescu, S. 272f.

9. იხ. Michaela Kopp-Marx: Zwischen Petrarca und Madonna. Der Roman der Postmoderne. München: Beck, 2005, S. 113

10. Herbert Grabes: Einführung in die Literatur und Kunst der Moderne und Postmoderne. Die Ästhetik des Fremden. Tübingen; Basel: Francke, 2004, S. 104. ტერმინი „გავლენის შიში” ლიტერატურის თეორიაში დაამკვიდრა ამერიკელმა ლიტერატურათმცოდნემ, ჰარალდ ბლუმმა. იხ. Harald Bloom: The Anxiety of Influence: A Theory of Poetry. New York: Oxford U.P., 1973. (dt. Einflußangst, Basel: Stroemfeld/Nexus, 1995)

11. Klaus Honnef: Die Kunst der Gegenwart. Köln: Taschen, 1992, S.7; zit. nach Grabes, S.

12. იხ. Dubravka Oraiæ Toliæ: Das Zitat in Literatur und Kunst.Versuch einer Theorie. Aus dem Kroat. übers. v. Ulrich Dronske. Wien, u.a.: Böhlau 1995

13. იქვე, გვ. 86

14. Grabes, S. 110

15. იხ. Werner Wolf: Ästhetische Illusion und Illusionsdurchbrechung in der Erzählkunst. Theorie und Geschichte mit Schwerpunkt auf englischem illusionsstörenden Erzählen. Tübingen: Niemeyer, 1993, Kap. 3.2.

16. Roland Barthes: Elemente der Semiologie. Aus dem Franz. v. Eva Moldenhauer. – 2. Aufl. – Frankfurt a.M.: Syndikat, 1981, S. 76

17. იქვე

18. შდრ. Martinez/Scheffel, S. 101: „ასეთ შემთხვევაში ექსპლიციტური მთხრობელი გადმოგვცემს ექსპლიციტურ შეტყობინებას, ხოლო მთხრობლის მიღმა ავტორი მკითხველს სრულიად სხვა, მთხრობლის გამონათქვამების საპირისპირო შეტყობინებას სთავაზობს. მთხრობლის ექსპლიციტური შეტყობინება არ შეესაბამება ნაგულისხმევ აზრს, ხოლო ავტორის იმპლიციტური შეტყობინება სწორედ ნაგულისხმევ აზრს ასავახს.”

19. სუბტექსტის შესახებ იხ. Michael Riffaterre: Fictional truth. The Johns Hopkins University Press, Baltimore and London, 1990, s. 28: ,,მოთხრობა სუბტექსტისთვის იგივეა, რაც საგანი ნიშნისათვის.”

20. შდრ. Scheffel, გვ. 48: ,,ავტორეფლექსია გახლავთ ფენომენი, რომელიც მარკირებულ მინიშნებებსაც შეიძლება მოიცავდეს, რომელთა ადგილიც ცალკეული მოთხრობის ინტერტექსტობრივი კონტექსტია.”

21. შდრ. Wolfgang Karrer: Intertextualität als Elementen- und Struktur-Reproduktion. In: Ulrich Broich, Manfred Pfister (Hg.): Intertextualität: Formen, Funktionen, anglistische Fallstudien. Unter Mitarbeit von Bernd Schulte-Middelich. Tübingen: Niemeyer, 1985, S. 98-116; ფსევდო-ინტერტექსტობრიობის შესახებ იხ. Heinrich F. Plett: Sprachliche Konstituenten einer intertextuellen Poetik. In: Ulrich Broich, Manfred Pfister (Hg.): Intertextualität: Formen, Funktionen, anglistische Fallstudien. S. 78-98

22. სისტემური რეფერენტულობის შესახებ იხ. Ulrich Broich: Bezugsfelder der Intertextualität. In: Intertextualität: Formen, Funktionen, anglistische Fallstudien. S. 52-58

23. იხ. Uwe Durst: Theorie der phantastischen Literatur. Tübingen [u.a.]: Francke, 2001, S. 333-336; უვე დურსტის თეორიის მოკლე მიმოხილვა იხ. ჩემს ნარკვევში – ლევან ცაგარელი: რა არის ფანტასტიკური ლიტერატურა? ჟ. სჯანი. შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი. თბილისი 2006.

24. ნარატიული ტექსტების ორმაგი მოტივაციური სტრუქტურის შესახებ იხ. Matias Martinez: Doppelte Welten: Struktur und Sinn zweideutigen Erzählens. Göttingen 1996, S. 29-32; ix. agreTve Matias Martinez: Formaler Mythos. Skizze einer ästhetischen Theorie. In: Ders. (Hg.): Formaler Mythos. Beiträge zu einer Theorie ästhetischer Formen. Paderborn: Schöningh, 1996, S. 7-24

25. იხ. რეიმონდ ფედერმანის მოსაზრება Sprenger, S. 136

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s