გია ჯოხაძე _ XX საუკუნის ისტორიული ნარატივი და მითოლოგია


საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მიღწევებისა და ტექნიკური პროგრესის მიუხედავად, XX საუკუნის ადამიანის ყოფაზე აღიბეჭდა არქაული მითი. თანაც, ისე მკაფიოდ, რომ ის (ყოფა, ცნობიერება) სემიოტიკის საკბილო გახდა; სემიოტიკა ყრუ და ბრმა უნდა ყოფილიყო, რომ არ შეემჩნია XX საუკუნის ენას ისეთი თავისუფლება მისცა, რომ სასწრაფოდ გადაისინჯა ისტორიული ნარატივის ადგილი და მნიშვნელობა: მან დაკარგა ჭეშმარიტების უკანასკნელი ინსტანციის პრივილეგია – პირიქით, კრიტიკული რეფლექსიის ვექტორი სწორედ მისკენ მიიმართა. თუ ტრადიციული ფორმის ისტორია ძეგლის დოკუმენტად გადაქცევაა, XX საუკუნის ისტორიამ დოკუმენტის ძეგლად გარდასახვის ფუნქცია იკისრა. ეს სემიოტიკის ბრალია. ისტორიულმა ნარატივმა დაკარგა ჭეშმარიტად ფაქტობრივი წყაროს მნიშვნელობა. სამაგიეროდ, რადგან ისტორია თხრობის ხელოვნებას დაუკავშირა, პოეტიკისა და რიტორიკის ობიექტადვე აქცია. გამონაგონი და ისტორია ერთი კლასის ფენომენებად გამოცხადდა. ამ დებულების პოპულარიზებამ ისტორია და ლიტერატურა დაუკავშირა ერთმანეთს. ისტორია ლიტერატურის არტეფაქტად იქცა, რადგან ისტორიაც ისევე ითხზვება, ისევე იწერება (ისტორიო-გრაფია!), როგორც – ლიტერატურა. თუმც, არისტოტელესეული შეფასება დღემდე ძალაშია: ,,ისტორიკოსი და პოეტი იმით განსხვავდებიან ერთმანეთისგან, რომ პირველი ნამდვილად მომხდარს აღწერს, მეორე კი იმას, რაც შეიძლება მომხდარიყო”. ამგვარად, ისტორიული ნარატივი თავს იკატუნებს – ის ფაქტების სისტემის იმ მანტიას ირგებს, რომლის მიღმაც მითი იმალება. ფაქტების სისტემად მიჩნეული მითი, სინამდვილეში, სემიოლოგიური სისტემაა.

თანამედროვე მითი, ცხადია, არქაული მითის ტოლფასი როდია: თანამედროვე მითი სხვაგვარად წარმოიშობა დ ამავენაირად გამოიყენება. არქაული მითი სტიქიურად იბადებოდა. XX საუკუნემ კი მითოლოგიური აზროვნების ნამდვილი ტექნიკა გამოიმუშავა. ტერმინ ,,ტექნიკის” გამოყენებამ თანამედროვე მითის წარმოქმნა საომარ ტექნიკას დაუკავშირა. სხვათა შორის, თანამედროვე მითიც აჩაღებს საშინაო თუ საგარეო ომებს; სხვათა შორის, ამ მითს განსაზღვრული ჯგუფები და პარტიები მეორეთა წინააღმდეგ იყენებენ; თანამედროვე მითოლოგია იდეოლოგიად იქცევა, ისტორიული ნარატივი კი – მის მსახურად, მის საშუალებად. ის იქცევა ამბად, ისტორიად, დასრულებულ მითოლოგიურ სიუჟეტად.

მაგალითად გამოვიყენოთ საბჭოთა ისტორიული ნარატივი, რომელსაც ახასიათებდა:

ა) პერმანენტული ომი ბურჟუაზიულ ისტორიოგრაფიასთან (კლასიკურ ისტორიულ ნარატივთან);

ბ) გადაჭარბებული აქსიოლოგიზმი, როცა შეფასება ფარავს მოვლენის მიმდინარეობას;

გ) რედუქციონიზმი: ფაქტების საგანგებო შერჩევა მათი ხვედრითი წილის გასაზრდელად, როცა ფაქტი ერთგვარ ნიმუშად, ერთგვარ მაგალითად იქცევა; მეორე მხრივ, ფაქტი ასუსტებს არგუმენტაციას, ტექსტს მითოლოგიად გარდაქმნის;

თუ უტრირებულ სკრუპულოზურობად არავინ ჩაგვითვლის, ეს სამი ნიშანი საბჭოთა ისტორიოგრაფიულ ნარატივს ლიტერატურის არტეფაქტიდან მითოლოგიურ სტრუქტურად აყალიბებს.

სახელი

სახელი მითოლოგიური სისტემის არსებითი კომპონენტია. სახელის გარეშე მითი არ არსებობს. საბჭოთა ისტორიული ნარატივი მითოლოგიზებულია. ამ კონტექსტში სახელს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა: ხორციელდება არარსებული პირის სახელდება; უკუაგდებენ სახელს, როცა დენოტატს კონოტატი შთანთქავს; ტაბუ ცხადდება ამა თუ იმ სახელზე…

ერთი ილუსტრაცია: XX საუკუნის შუახანებამდე მთელს საბჭოეთში მკვიდრდებოდა აზრი ვინმე კრიაკუტნოიზე, რომელმაც თითქოს, მსოფლიოში პირველად (უფრო უკეთ – პირველმა!) იმოგზაურა საჰაერო ბურთით. ამ მითით უნდა განმტკიცებულიყო რუსეთისა და რუსების პრიმატი.

აუცილებელი განმარტება: აკადემიკოს დ. ლიხაჩოვის განმარტებით, 1731 წლის ტექსტში მსგავსი არაფერი წერია. მეტიც: კრიაკუტნოი საერთოდ არ არის სახელი. სინამდვილეში აქ ეწერა რუსული სიტყვა ,,მონათლული” – ,,Крещеной”. თანაც, ეს მონათლული, რომელსაც რიაზანში საჰაერო ბურთი დაუმზადებია, ეროვნებით გერმანელი, გვარად კი ფურცელი ყოფილა. მიუხედავად ამ მტკიცებისა, რუსების პრიორიტეტის გასახაზად გამოგონილი სახელი XX საუკუნის ბოლო ათეულამდე მოგზაურობდა საჰაერო ბურთით… სამეცნიერო-პოპულარულ ლიტერატურაში.

XX საუკუნის ისტორიულ ნარატივში სახელი განსაკუთრებით კონოტატიური ხდება. გასათვალისწინებელია, რომ კონოტაციას ნებისმიერი ის სახელი ექვემდებარება, რომელიც კი ისტორიოგრაფის ნარატივში ხვდება. ეს ნაამბობ ამბავს მკვეთრი მითოლოგიზების საფრთხის წინ აყენებს. მაგრამ რაც უფრო მცირდება დროითი დისტანცია, კონოტაციურობაც იზრდება. რაც უფრო ახლოსაა ისტორიკოსი აღსაწერ მოვლენასთან, მით უფრო ბუნდოვანი ხდება დენოტატი.

ერთი ილუსტრაცია: საბჭოთა ისტორიულ ნარატივში თუ თავიდან მხოლოდ ანტი პარტიული დაჯგუფებები, მიმდინარეობები და ა.შ. ექვემდებარებოდა კონოტაციას, შემდეგ, საფინალო ნაწილში, მთელი სახელები კონოტირდებოდა. ჩნდებოდა ასეთი ფიგურები: ,,თეთრგვარდიელი პიგმეები”, ,,უსახური არარაობები”, ,,ფაშისტი ლაქიები”, ,,საბჭოთა ხალხი” და ა.შ. ოპოზიციონერთა სახელები, ჩვეულებრივ, მხოლობით რიცხვში აღარ იხმარებოდა: ,,რიკოვები, ზინოვიევები, კამენევები…”

აუცილებელი განმარტება: როცა სახელის დენოტატს მისი კონოტატი შთანთქავს ხოლმე, იზრდება წინააღმდეგობა ნარატივებსა და მის საპირისპირო დისკურსებს შორის. ტექსტის დასაწყისიდან დასასრულისკენ მიდრეკილი ისტორიული ნარატივის ენერგეტიკა ცხრება, სუსტდება, დისკურსული ენერგია კი იზრდება. წარმოიშობა ახალი პრობლემა, რომელსაც ორიგინალურად წყვეტს XX საუკუნის ისტორიოგრაფია. ცნობილია, რომ ყოველგვარი დისკურსული საწყისის ესკალაცია ძლიერს ხდის ტექსტში ავტორის სუნთქვას და პირიქით, დისკურსული საწყისის შესუსტება ტექსტს წმინდა ნარატივად აქცევს – იქ პირები არ არსებობენ. ამის გათვალისწინებით, საბჭოთა ნარატივს, რომლის ავტორის ვინაობა უბრალო მკითხველისთვისაც კი ცნობილი იყო, ექსპლიცირებული ავტორი არ ჰყავდა. პარტიულ ტექსტებს, ძირითადად, ცენტრალური კომიტეტის კომისია ქმნიდა, ტექსტების ავტორების ვინაობა კი ტაბუირებული გახლდათ. იქმნებოდა ანომალიური სიტუაცია: ოპოზიციები ,,სტალინია საბჭოთა ნარატივის ავტორი” ან ,,სტალინი არ არის საბჭოთა ნარატივის ავტორი”, ერთდროულად, სიმართლეც იყო და სიცრუეც.

ამგვარად, საბჭოთა ისტორიულ ნარატივში ტაბუირების ორი სახე განიჭვრიტება: ტაბუირდება ჩამოგდებულთა და სამუდამო დავიწყებისთვის განწირულთა სახელები – 1980 წლამდე ოპოზიციის წარმომადგენელთა გვარები არ იხსენიებოდა. ჩამოყალიბდა პარადოქსული ვითარება, რომელშიც, ვთქვათ, ტროცკიზმი არსებობდა, მაგრამ არ არსებობდა ლევ ტროცკი. მაშ, ტაბუ ედებოდა დემონთა სახელებს, თუმც, ტაბუს ვერც ტექსტის დემიურგი აცდა. მისი სახელის წარმოუთქმელობა დემიურგს ორაკულის, მისნის რეპუტაციას უქმნიდა, თვითონ ტექსტი კი აბსოლუტურ ჭეშმარიტებად იქცეოდა. ეს ემთხვეოდა კოლექტიურ სურვილს. ყალიბდებოდა ერთგვარი მაგიური სივრცე, როცა ადამიანს საკუთარი თავისადმი, საკუთარი შესაძლებლობებისადმი ურწმუნობა უჩნდებოდა. იმავე დროს, ის თითქმის აღმერთებდა კოლექტიური სურვილებისა და მოქმედების ძალმოსილებას. ჯადოსანი, მისანი იმით ძლიერდებოდა, რომ ცალკეულ პიროვნებასავით არ იქცეოდა – მასში მთელი ტომის ენერგია იყო აკუმულირებული. პიროვნების კულტი მაგიის კულტად იქცეოდა.

დაბადება

საბჭოთა ნარატივის კლასიკურ (ბურჟუაზიულ) ნარატივთან ბრძოლის ერთი მთავარი თემათაგანია ,,ნორმანთა თეორია”. კლასიკური ისტორია არა მხოლოდ მშვიდად უყურებდა ვარიაგების მოწვევის ფაქტს, არამედ მას პოზიტიურადაც კი მიიჩნევდა. ხაზი ესმებოდა ნორმანთა ხელსაყრელი და მშვიდი მმართველობის სტილს. ეს რუსებს კეთილდღეობის პერსპექტივას უშლიდა და იოლად ავიწყებდა ეროვნული სიამაყის განცდას. ამიტომ სლავებმა, რომლებმაც ნოვგოროდის უხუცესისა ირწმუნეს, ვარიაგებს მთავრობის დაწესება თხოვეს. გაჩნდა დაქუცმაცებული სლავური ტომების გამაერთიანებელი ხელისუფლების შექმნის იმედი. კლასიკური ისტორია ამ ნაბიჯისთვის ნოვგოროდის უხუცესს დიდებას და უკვდავებას უქადდა. სუნთქვას იწყებდა რუსული ისტორია.

შესაძლოა ვამტკიცოთ, რომ საბჭოთა ისტორიოგრაფია მხოლოდ იმიტომ ებრძოდა კლასიკურ ისტორიულ ნარატივს, რომ ირღვეოდა მისი მითოლოგიური სისტემა: დაუშვებელი იყო საბჭოთა ხალხის (იგულისხმე: დიდი რუსი ხალხის) სახელმწიფოებრიობის მესაძირკვლედ ნორმანების დაკანონება. ამან ნარატიული სიმეტრია დაარღვია. საქმე ის არის, რომ იმაში, გვჯერა თუ არა ნორმანთა თეორიის, განსხვავება არა მხოლოდ მსოფლმხედველობრივია, არამედ – ნარატოლოგიურიც. ამ გადმოცემის დაჯერებით ჩვენ გვეძლეოდა საშუალება, ისტორიული დისკურსი ლიტერატურულ არტეფაქტად გარდაგვექმნა, რადგანაც ორივეში წარსული დრო ფეთქავს და ცდილობს, ფაქტების სამეფოში იერარქია შეინარჩუნოს.

გადმოცემის უკუგდებით ჩვენ უარვყოფთ წარსულ დროს, მასთან ერთად კი – ისტორიული დისკურსის ნარატოლოგიურ პოტენციას. შესაძლოა, გვწამდეს ან არ გვწამდეს იმის, თუ ვინ დაუდო საფუძველი რუსულ სახელმწიფოებრიობას, მაგრამ შეუძლებელია იმის დაჯერება ან დაუჯერებლობა, ვინ არ არის სახელმწიფოებრიობის ფუძემყრელი. ანტინორმანულობის მანკიერება ის კი არ არის, რომ არსებული გადმოცემისადმი სკეფსისს ავლენს, არამედ ის, რომ კლასიკური ნარატივის განადგურებით, ალტერნატივის სახით, სიცარიელეს გვთავაზობს.

ნარატივი და პრედიკატი

რა განაპირობებდა საბჭოთა ნარატივის ცხოველმყოფლობასა და ხანიერებას?

კლასიკურ ისტორიულ ნარატივში ინტრიგა ერთმანეთს უკავშირებს და ხსნის ურთიერთსაწინააღმდეგო ფაქტებს. ამ დროს ისტორია ფილოლოგიასავით ირჯება. როცა ცნობილი ტექსტი არ შეესაბამება სხვა საყოველთაოდ დადგენილ ფაქტებს, ფილოლოგი ხელახლა აწესრიგებს დეტალებს, გადაწერს (წერს) ტექსტს. საბჭოთა ისტორიულ ნარატივში ინტრიგას ჰბადებს არა ფაქტების კონფიგურაცია, არამედ – რეფერენციის ველი, რომელსაც საფუძვლად უდევს მეტაბოლა – განსხვავებული მეტყველება, რომლის წყალობითაც ერთი და იგივე მოვლენა შესაძლოა სხვადასხვა ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციებიდან აღიწეროს იმის გათვალისწინებით, ეს მოვლენა გლობალური განზოგადების მაგალითად განიხილება თუ კერძო, კონკრეტულ შემთხვევად! ისტორიოგრაფი ამ შემთხვევაში იმ ადამიანის როლს თამაშობს, როცა იგი საკუთარ თავს სთავაზობს გამოცანებს\ და თვითვე გამოიცნობს ხოლმე მათ.

ამგვარი ნარატიული სტრატეგიის რეალიზაციისთვის საჭიროა ორმაგი პრედიკატი.

კლასიკური ისტორიული ნარატივი იცნობს ამ პარადოქსს: ,,ხალხი ყოველთვის მართალია იმ შემთხვევების გარდა, როცა ის ცდება”.

გამოვყოფთ სამ თეზისს, რომლებიც თან სდევს 1930-1980 წლების საბჭოურ ნარატივს:

ა) ყველა მეფე რეაქციულია მათ გარდა, რომლებიც პროგრესულები არიან;

ბ) აზნაურული კულტურის ყველა წარმომადგენელი პროლეტარიატის მტერია მათ გარდა, ვინც ამ კულტურის გმირობა იკისრა;

გ) ყველა ტერორისტი მოსაწონია თანამედროვეთა გარდა;

ეს დებულებები 1920-30-იან წლებში გაჩნდა, მაშინ, როცა ძველი ფორმების მსხვრევა დასრულდა და ახალი სახელმწიფოს მშენებლობა დაიწყო. საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ეს მისაღები აღმოჩნდა. საინტერესო მხოლოდ ისაა, როგორ გააერთიანა ასეთმა პოლიტიკურმა მითოლოგიამ სოციალურად განსხვავებული კლასები! ასე იყო თუ ისე, ,,კარგმა მეფეებმა”, ,,კარგმა მემამულეებმა” თავიანთი ადგილი დაიმკვიდრეს კინოსა და ლიტერატურაში. ალბათ, აქ იმ მიღწევებს ითვალისწინებდნენ რომლებიც მათ ქვეყნის წინაშე მიუძღოდათ. ყველა ამ ტექსტში განიხილებოდა ურთიერთობა გმირსა და ხალხს შორის, რომელიც საფუძვლად ედებოდა ახალ მითს. გმირისა და ხალხის ურთიერთობის ნარატიული მოდელი მხატვრული დისკურსიდან ისტორიულად გარდაისახა, მაგრამ თან იახლა მხატვრული დისკურსის მთხრობელობითი ფორმა, გაითავისა მთხრობელობითი ინტენციები. ამასთან, აღსანიშნავია, რომ თუ მხატვრული თხრობისას ორმაგი პრედიკატები გადაილახა, ეს მოვლენა ისტორიულ ნარატივში, თითქმის, ჩვენს დრომდე შემორჩა.

მეორე ნიშნად უნდა მივიჩნიოთ კულტურული მითის იდეოლოგიურად გადაქცევა. მაგ; ილია ჭავჭავაძის კულტურული მითი იდეოლოგიურად იქცა. ასე მოხდა რუსეთშიც – პუშკინი ხან მემამულებთან ბრძოლისთვის გამოიყენეს, ხან – თავისივე თავის წინააღმდეგ. პოეტი გახდა მითოლოგიური გმირი, რომელიც ხალხის გათავისუფლებას ესწრაფვოდა.

საბჭოთა ნარატივის მთავარ პერსონაჟად ხშირად ჩანს ტერორისტი. ეს, ცხადია, ბოლშევიკების მიერ ხელისუფლების ხელში ჩაგდებამდე მოხდა, რასაც, სხვათა შორის, ტაში დაუკრა ინტელიგენციამ. ტერორისტი ჰეროიკულ ნარატივში ,,ჩაიწერა”. ინტელიგენციის ნაქადაგები ჰუმანიზმი და ტერორისტის ქმედება გაერთიანდა.

წარსულის ტერორისტებს საბჭოთა ნარატივი ხოტბას ასხამს, მაგრამ თანამედროვე მითოლოგია, რომელიც იდეოლოგიურ სისტემას ქმნის, თანამედროვე ტერორისტების მიმართ დაუნდობელია. ოპოზიცია: ,,ჰუმანიზმი – ტერორიზმის” ნაცვლად გაჩნდა ახალი ბინარული წყვილი: “წარსულის ტერორიზმი” – ,,თანამედროვე ტერორიზმი”. საბჭოთა ნარატივმა ამით მთლიანად გამოავლინა თავისი მითოლოგიური ბუნება.

საბჭოთა ისტორიული ნარატივი ორმაგ პრედიკატთან შეჯახებით უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, მაგრამ მალევე იპოვნა გამოსავალი: ორი, რადიკალურად განსხვავებული დადებითი გმირის ფუნქციები განასხვავა: გრიგოლ ორბელიანი და ნიკოლოზ ბარათაშვილი რუსეთის იმპერიას თანაუგრძნობდნენ, მაგრამ მათ მხოლოდ დიდი პოეტობა დაუკანონა; არსენა ოძელაშვილი ტერორისტი იყო, მაგრამ მემამულეებთან ბრძოლისთვის გაფეტიშდა და ა.შ;

პრინცი პში, ამით განსხვავდება საბჭოთა ისტორიული ნარატივი არქაული მითისგან. ამ უკანასკნელში სემიოზისის პრაგმატული განზომილება გვევლინება, როგორც – სინტაქსურ და სემანტიკურ განზომილებათა ურთიერთქმედების შედეგი; თანამედროვე მითოლოგიაში პრაგმატიკა სრულად იმორჩილებს სინტაქსს და სემანტიკას. ის უნივერსალურ მექანიზმად იქცევა, რომელიც ნარატოლოგიურ სქემას ადგენს. ეს განსხვავება აისახა ენასა და სამეტყველო კომუნიკაციებზე, რომელიც ცალკე შესწავლის საგანია.

ლიტერატურა:

ბარტი 1989: Батр Р. Избранные работы. Семиотика. Поетика. М., 1989

ფუკო 1996: Фуко М. Археология знания. Киев, 1996

რიკიორი 2000: Рикер П. Время и рассказ. Т. 1., СПБ, 2000

არისტოტელე 1957: Аристотель. Поэтика. М., 1957

ტოპოროვი 1994: Топоров Д. Н. Имена//Мифы народов мира. Т4.1994

ლიხაჩოვი 1983 Лихачев Д.С. Текстология, Л.1983 История Всесоюзной Комунистической партии (большевиков). Краткий курс. М., 1997

კარამზინი 1998: Крамзин Н.М. История государства Росийского, кн. 1, М.1998

სოლოვიოვი 1988: Солоев С.М. Сочинения, кн. 1., 1988

Gia Jokhadze

Historical narrative and XX c. mythology

The Metamorphosis done by semiotics with historical narrative, has lowered its value as authentic source of the facts, but has simultaneously strongly connected with art of a narration in a broad sense, having made object of poetics and rhetoric.The history inherently is historiography, or being expressed in frankly provoking style, – a literary artifact.

Thus, nothing prevents historical narrative to pretend to system of the facts, being as a matter of fact system of meanings and to function in ordinary consciousness as a myth. However, modern myths differ from archaic as on the genesis, and various pragmatics.

Myths of the newest time are myths with the newest pragmatics, distinctly focused on the certain group, a party of people in a counterbalance to other group. Mythology of XX century in the organic image develops into ideology, in that time as historical narrative – means of service of the ideology, transforming a story in the completed mythological plot. Soviet historical narrative had a number of the features distinguishing it from other historical narratives:

Permanent discursive war with classical historical narrative (,,a bourgeois historiography”); the estimation of events prevails of their coherent statement; selection of the facts is carried out exclusively in process of their importance for semiotic systems owing to what relative density of each fact increases, and the fact becomes some kind of an example, the sample; on the other hand, the fact weakens the argument, transforming the text in mythological plot.

It is possible to approve, that owing to three named features narrative, peculiar to the Soviet historiography, it developes from an artefact of the literature to mythological structure. Display of such movement can be found out precisely enough in several significant parameters: Historical narrative and a problem of a name; Historical narrative and a problem of genesis; Narrative and a predicate.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s