ზაზა შათირიშვილი _ ქართული ლექსი ნაციონალიზმის ხანაში: 1859 – 1916 წწ.1


(რამდენიმე შენიშვნა)

რომანტიზმის ეპოქიდან ქართულ ლიტერატურაში იწყება ახალი პოეტიკისა და ახალი ჟანრული სისტემების ჩამოყალიბება, რომელიც XX საუკუნის 10-იან წლებში ახალი მკვეთრი ცვლილებების წინაშე აღმოჩნდა.

XIX საუკუნემ მოგვცა ქართული მედიტაციური ელეგია („14-მარცვლიანი“ საზომით) და 10-მარცვლიანი „უნივერსალური ლექსი“. „შაირი“ დავიწროვდა და ორ ლექსს დაუდო საფუძველი – ესაა „ბარის“ 4-ტერფიანი ქორე და ე.წ. 8-მარცვლიანი (5/3) „მთის“ ლექსი (რომელიც, სინამდვილეში, 2-ტერფიან ანაპესტს წარმოდგენს დაქტილური კლაუზულით). პირველის დიდოსტატი აკაკი წერეთელია, მეორისა – ვაჟაფშაველა.

ბარათაშვილმა ქართულ პოეზიას ახალი ჟანრი – „ლირიკული პოემა“ (ბედი ქართლისა) აჩუქა, რომელიც XIX საუკუნის ერთ-ერთი ცენტრალური ჟანრი აღმოჩნდა (იხ: ილიას, აკაკის, ვაჟას და სხვათა ნიმუშები). XX საუკუნეში ეს ჟანრი ნელ-ნელა კვდებოდა, სანამ ბესიკ ხარანაულმა გასული საუკუნის 70-იან წლებში მას ახალი სული არ შთაბერა; გალაკტიონის ავანგარდისტული ჯონ რიდი, სამწუხაროდ, ქართულმა პოეტურმა ტრადიციამ ვერ აითვისა.

XX საუკუნის 10-იანი წლებისათვის პოეტური სისტემა ამგვარად გამოიყურებოდა: მედიტაციური ელეგია („14-მარცვლიანი“), „უნივერსალური“ 10-მარცვლიანი, რომელიც ლირიკულ ლექსშიც გამოიყენებოდა და ლირიკულ პოემაშიც და „შაირის“ ორივე „შთამომავალი“ ლექსი. სწორედ ამ ბოლო ორი საზომითაა (ე.წ. „მაღალი“ და „დაბალი“ შაირი) დაწერილი XIX საუკუნისა და XX საუკუნის დასაწყისის ქართულ ლექსთა უმრავლესობა. ჟანრული სისტემის პერიფერიაზე ქალაქური პოეზია იმყოფება, რომელიც ალექსანდრე ჭავჭავაძისა და გრიგოლ ორბელიანის შემდეგ დიდი ხნით „მაღალი პოეზიის“ მიერ მიტოვებული აღმოჩნდა.

თემატური თვალსაზრისით, XIX საუკუნემ ორი ახალი პოეტური მეტა-ტოპოსი შემოგვთავაზა – პოეტი-წინასწარმეტყველისა და პოეტიქადაგის (მისანის) ხატები. მეფე-პოეტის ხატი XVIII საუკუნის ნაანდერძევია („რუსთაველი როგორც პოეტების მეფე“), ხოლო პოეტი-წინასწარმეტყველის ხატი, რა თქმა უნდა, პუშკინისა და ლერმონტოვის (იხ.: ორივე მათგანის Пророк) გზით შემოვიდა. ილია ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელი საკუთარ თავს უყურებენ როგორც წინასწარმეტყველ პოეტებს – ერის წინამძღოლებსა და ღმერთთან თუ ზეცასთან შუამავლებს („ღმერთთან მისთვის ვლპარაკობ,/რომ წარვუძღვე წინა ერსა…“, „ხან მიწისა ვარ, ხან – ცისა…“).

რაც შეეხება ვაჟას, ის, ერთი მხრივ, თავს „უბრალო მუშაკად“ („ნუ შეგაშინებსთ, არ გავნებსთ/მთიდან ყვირილი ხარისა…“) წარმოგვიდგენს (ისევე როგორც, ნაწილობრივ, – აკაკი), მეორე მხრივ, კი – პოეტი-მისნის ხატს მიმართავს. თუკი პოეტი-წინასწარმეტყველი ბიბლიური წარმოშობის ხატია, პოეტი-მისანი (ქადაგი) ანტიკურ ორაკულს უახლოვდება, რომელიც „შთაგონებას“ („მანიას“ – მუზას – აპოლონს – არწივს) ელოდება. ვაჟამ ეს ხატი, ცხადია, პუშკინისაგან ისესხა („Пока не требует поэта к священной жертве Аполлон…“). ამავე დროს, მან ევროპული „ამაღლებულის იდეა“ (ფსევდო-ლონგინე – ბუალო – ედმუნდ ბერკი – კანტი – ჰეგელი…) იმგვარ „ადგილობრივ“ და მოულოდნელ კონტექსტში მოათავსა, რომ სრულიად წარმოუდგენელი შედეგი მიიღო – ქართული მთა ბერძნული ეპოსისა და ტრაგედიის ხელმეორე დაბადების ქრონოტოპოსად იქცა.

საბოლოოდ, XIX საუკუნე პოეტების ნუსხას ამგვარად ანაწილებს: რუსთაველი – მეფე-პოეტია, ხოლო ილია და აკაკი (მოგვიანებით – გურამიშვილი და ბარათაშვილი) – წინასწარმეტყველი პოეტები.

1916 წლისათვის ამ ახალი ნაციონალური სალიტერატურო კანონის ცენტრი აკაკია (მხოლოდ შემდეგ – ილია). ვაჟა და ბარათაშვილი კანონის პერიფერიაზე იმყოფებიან, ხოლო გურამიშვილის რეცეპცია და კანონიზება ჯერ კიდევ წინაა.

რომანტიკული პოეტიკის მიერ „დიდებული წარსულის“ თემატიზებამ, რა თქმა უნდა, ნაციონალიზმის იდეის ათვისებისა და ადგილობრივ ნიადაგზე ნაციონალურ ნარატივთა წარმოქმნის საფუძველი მოამზადა, მაგრამ, საბოლოოდ, ნაციონალიზმის იდეა და ნაციონალური ნარატივები საქართველოში მხოლოდ „თერგდალეულების“ მეშვეობით მკვიდრდება. 1832 წლის შეთქმულების მარცხი სწორედ იმან გამოიწია, რომ შეთქმულებს არ ჰქონდათ კონცეპტუალიზებული, თუ რისთვის იბრძოდნენ – მონარქისტულ-დინასტიური წარმოდგენები და ევროპული პარლამენტარიზმის იდეა (ფაქტობრივად, ნაციონალიზმის იდეა) მათ ჩანაფიქრში ყოველგვარი შინაგანი ლოგიკის გარეშე იყო გადაზელილი.

XIX საუკუნის 60-70-იან წლებში „ახალი ინტელექტუალების“ („თერგდალეულების“) თაოსნობით ნელ-ნელა ყალიბდება ქართული ნაციონალური ნარატივი, რომლის ძირითადი სუბიექტი ქართველი ერია. სწორედ ამ კუთხით უნდა წავიკითხოთ ილია ჭავჭავაძის ცნობილი გამონათქვმი, რომლის თანახმადაც, ქართლის ცხოვრება – მეფეთა ისტორიაა და რომ ხალხი აქ არსად ჩანს. ილიასთან მეფეს ქართველი ერი (ხალხი) ანაცვლებს.2

საზოგადოდ, XIX საუკუნის ევროპულ კულტურაში ნაციონალიზმის, ნაციონალური იდეოლოგიებისა და ნარატივების, ნაციონალური სალიტერატურო კანონების წარმოშობა-გაფორმებას ნაციონალურ ლიტერატურათა ფილოლოგიები აქტიურად უწყობდა ხელს. სწორედ ამ პერიოდში საშუალო საუკუნეების ქრისტიანული (ზოგჯერ ქრისტიანობამდელი) ტექსტები ნაციონალური სალიტერატურო კანონის ცენტრს აყალიბებს – ფრანგული ფილოლოგია და ფრანგული ნაციონალური კანონი სიმღერა როლანდზე-ს გამოცემის გარშემო ირაზმება, ფინელები კალევალას გამოსცემენ, გერმანელები – ნიბელუნგების ეპოსს, რუსები – სიტყვას იგორის ლაშქრობაზე, ხოლო ჩვენ – ვეფხისტყაოსანს.3 1888 წლის ვეფხისტყაოსნის ქართველიშვილისეული გამოცემა, რომლშიც ილია ჭავჭავაძე და სხვა ქართველი მწერლები თუ ჰუმანიტარები მონაწილეობდნენ, ერთდროულადაა ქართული ფილოლოგიისა და ქართული ნაციონალური ნარატივის საბოლოო გაფორმების აქტი.

XX საუკუნის დამდეგისათვის ქართულ პოეზიას სამი „დიდი ჟანრი“ განსაზღვრავს: კანონიკური ნაციონალური ეპოსი, როგორც იდეალი (ვეფხისტყაოსანი), ნაციონალური ლირიკა/ლირიკული პოემა (ე.წ. „პატრიოტული პოეზია“) და „წმინდა ლირიკა“. როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, პერიფერიაზე მყოფ „მუხამბაზს“ („დაბალი“ ქალაქური პოეზია) სისტემა „ვერ კითხულობს“.

XX საუკუნის 10-იანი წლების ბოლოს პოეტური სისტემა რყევას იწყებს – ცისფერყანწელები და მათი თანამდევი „დაწყევლილი პოეტები“ (გიონ საგანელი, შალვა კარმელი, გობრომ აგარელი და სხვ.), შემდეგ – ფუტურისტები და დადაისტები, ცალკე მდგომი გრიშაშვილი, რომელმაც აკაკი და ქალაქური პოეზია შეადუღაბა, რათა თავისი საკუთარი პოეტიკა მიეღო და გალაკტიონი არსებითად ცვლიან ქართული ლიტერატურის პოეტიკასა და ჟანრულ სისტემას.

1916 წელს ცისფერყანწელებმა შეუტიეს აკაკის, როგორც XIX საუკუნის კანონის ცენტრს და მას ვაჟა დაუპირისპირეს (XX საუკუნის 30-იან წლებში მათ ვაჟას სრულ კანონიზებასაც მიაღწიეს). მაგრამ ვაჟას დროშა ყანწელთათვის მხოლოდ ტაქტიკური ილეთი იყო. ისინი, ოსიპ მანდელშტამის ზუსტი შენიშვნით, უფრო ბლოკის, ბრიუსოვისა და ანდრეი ბელის მოწაფეები იყვნენ, ვიდრე – ვაჟას შთამომავლები.

აქვე სრულიად ნათლად ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ყანწელებს ბევრად უფრო დიდი წვლილი ქართული ინტელექტუალური აზრის განვითარების საქმეში მიუძღვით, ვიდრე – საკუთრივ, პოტური ენის წინაშე.

სწორედ ყანწელებმა და მათმა მეტრმა გრიგოლ რობაქიძემ ქართულ ინტელექტუალურ სივრცეში პირველებმა განახორციელეს ნიცშესა და XIX საუკუნის დასასრულის – XX საუკუნის დასაწყისის ევროპული (და რუსული) ინტელექტუალური მეინსტრიმის რეცეფცია; ქართული ინტელექტუალური ენა გაამდიდრეს ახალი სახელებით (ჟერარ დე ნერვალი, ბოდლერი, ლაფორგი, ვერლენი, მალარმე, მეტერლინკი, ჰამსუნი, ანდერსენი, ბლოკი, ბელი, სოლოგუბი, მარინეტი და ა.შ.); დანერგეს ევროპული კულტურისათვის მნიშვნელოვანი კონცეპტები („აპოლონური და დიონისური“, „ზეკაცი“, „ბოგემა“, „დენდიზმი“, „სპლინი“ და ა.შ.); ქართული კულტურა დააყენეს არჩევანის წინაშე – აზია თუ ევროპა? ქართული კულტურიდან და ლიტერატურიდან „წამოწიეს“ დავიწყებული „მცირე პოეტები“ – ბესიკი, მამია გურიელი… ავანტიურისტი აშორდია ქართველ კალიოსტროდ აქციეს; დაამკვიდრეს გიორგი სააკაძის „მითოსი“; ბესიკის კულტთან ერთად შექმნეს ფიროსმანის კულტი; ევროპული იდეების გამოყენებით შექმნეს ახალი კონცეპტები და კონცეპტუალური მეტაფორები ქართული კულტურის გასააზრებლად („ქართული რენესანსი“, „ქართული ნადიმი”, „ტფილისის ხერხემალი“, „ორპირის მალდარორი“…); დაბოლოს, ქართულ პოეზიაში დაამკვიდრეს სონეტის ფორმა, შემოიტანეს ვერლიბრი და ტონური საზომები (გავიხსენოთ, მაგალითისათვის, ტიციან ტაბიძის „ორპირის ციკლი“).

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სწორედ რობაქიძემ და ცისფერყანწელებმა ქართულ კულტურას ახალი ევროპული კულტურისათვის

დამახასიათბელი ორი ურთიერთდაკავშირებული რეფლექსიური განზომილება შესძინეს: არქაული განზომილება – წარსულისკენ მიბრუნება („ტრადიციის აღდგენა“) და რესენტიმენტი-ამბოხი და მომავლისკენ სვლა. ცხადია, ეს ორი განზომილება იმპლიციტურად უკვე იყო – აბა, სხვა რა არის ილია ჭავჭავაძისა და „თერგდალეულების“ ლიბერალურ-ნაციონალური ამბოხი მონარქისტულ-არისტოკრატიული მამების წინააღმდეგ და „ახალი ვარსკვლავის“ გამოდევნება?

მაგრამ ყანწელებმა და რობაქიძემ ამ ორ განზომილებას მოდერნისტული მითოსი დაურთეს. ერთი მხრივ – „თაურწყარო“ – ქალდეა, ბაბილონი, „სუმერი“, „კარდუ“ – პრესიტორიული აღმოსავლეთი, სადაც იკარგება ქართული ნაციონალური სულის დასაბამი – ესაა სწორედ არქაული განზომილება და მისი „აღდგენის სურვილი“ რობაქიძის გველისპერანგსა თუ ყანწელთა „ქალდეურ ციკლში“.

რაც შეეხება მომავალს, ყველაზე რადიკალურად მომავლის ვექტორი ნიკოლო მიწიშვილმა მოხაზა:

ბეთლემის ლურჯი ვარსკვლავი ქრება და კარგავს სიმხურვალეს. ამოდის სხვა ცეხლოვანი ვარსკვლავი მსოფლიოზე, რომელიც ანათებს ჩვენთვის დიდ შესაძლებლობათა გზებს. „ჩვენ უნდა ჩვენი ვშვათ მყოობადი… – ჩვენ უნდა ვსდიოთ ეხლა სხვა ვარსკვლავს“. გავყვეთ მას.4

ნიკოლო მიწიშვილი ეპოქის ადეკვატური ადამიანი იყო, რომელიც ილიასა და ბოლშევიზმის, ნაციონალიზმისა და კომუნისტური გლობალიზაციის შეხამებას შეეცადა. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს იდეოლოგიები გენეალოგიურად ერთმანეთს საკმაოდ ორგანულად უკავშირდება. მიწიშვილმა თავისი დროისათვის თამამად აღნიშნა, რომ დგება პოსტქრისტიანული ერა, რომ ბეთლემის „ლურჯ ვარსკვლავს“ კომუნიზმის წითელი ვარსკვლავი ანაცვლებს.

დღეს მიწიშვილის პროგნოზი „ძველი ეპოქის“ ბანალური კლიშეა (ასეთივე ბანალობა იყო ის მაშინაც), ხოლო მისი „იმდროინდელი ადეკვატურობა“ ახალმა ადეკვატურობამ შეცვალა. ტრაგიკული და სიმბოლური ისაა, რომ თვითონ ნიკოლო მიწიშვილი 1937 წელს სწორედ ამ წითელი ვარსვლავის მსხვერპლი გახდა საკუთარი ადეკვატურობის მიუხედავად.

ქართული პოეზიის ახალი ხანის – „გალაკტიონის ეპოქის“ – ხილული ნიშანი არტისტული ყვავილები (1919 წ.) აღმოჩნდა, ხოლო თავისი 1927 წლის კრებულით ქართველ მკითხველს გალაკტიონმავე აუწყა, რომ „ახალი რუსთაველი“ უკვე მოვიდა.

Zaza Shatirishvili

Georgian Verse in an Age of Nationalism: 1859 -1916

Beginning in the 1860s, different national narratives emerged in Georgian culture. The differences between these versions of the narrative of Nation can be discerned through the way they serve as narratives of reception of the national epic poem Vepkhist’qaosani of the medieval Georgian poet Shota Rustaveli. Georgian romantic verse throughout an Age of Nationalism and national narratives was transformed into modernist (symbolist and futurist) verse at the beginning of the Modernist period of Georgian literature.

______________

1. 1859 წელს პეტერბურგში აკაკიმ საიდუმლო ბარათი დაიწერა, ხოლო 1916 წელს ქუთაისში „ცისფერი ყანწების“ პირველი ნომერი გამოვიდა.

2. ამიტომაც, ძალიან მრავლისმეტყველია ივანე ჯავახიშვილის მთავრი შრომის სათაური – ქართველი ერის ისტორია, რომელიც სიმეტრიულად უპირისპირდება ბატონიშვილ ვახუშტის მთავარი ნაშრომის სახელწოდებას – აღწერა სამეფოსა საქართველოსა.

3. იხ.: მიშელ ესპანის ძალიან საყურადღებო სტატია: „ფილოლოგიის კულტურათაშორისი ისტორია“ (http://magazines.russ.ru/nlo/2006/82/est2.html); აგრეთვე: Hans Ulrich Gumbrecht. The Powers of Philology. Dynamics of Textual Scholarship. Urbana and Chicago: University of Illinois Press, 2003.

4. ევროპა თუ აზია? თბ.: ლიტერატურული მატიანე, 1997, გვ. 227 (ნიკოლო მიწიშვილის ეს წერილი – „ქართული კულტურის ახალი გზები“ – პირველად „ქართული მწერლობის“ 1926 წლის პირველ ნომერში დაიბეჭდა).

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s