კობა ჭუმბურიძე _ იდუმალი იეროგლიფი „ანხ”


წინამდებარე ნაშრომი მიზნად ისახავს სვანური აგრარული დღესასწაულების – „აღბალაღრალისა“ და „ლიმურყვამალის“ ერთ-ერთი ძირითადი ელემენტის – ანგის შესახებ კვლევის გაგრძელებას, რამაც შესაძლოა მეტი სიცხადე შესძინოს ამ უძველესი კულტურული ფენომენის მნიშვნელობასა და წარმომავლობას.

აღნიშნული საკითხის შესახებ თავმოყრილი ეთნოგრაფიული მასალის ანალიზისა და პარალელურ მასალასთან შედარების საფუძველზე ჯ. რუხაძემ გამოთქვა ვარაუდი ანგის შესაძლო მნიშვნელობისა და წარმომავლობის შესახებ. სანამ უშუალოდ საკითხის ანალიზზე გადავალთ, გავიხსენოთ „აღბა-ლაღრალისა“ და „ლიმურყვამალის“ დღესასწაულთა აღწერილობა ჯ. რუხაძის ნაშრომიდან – „ბუნების ძალთა აღორძინების ხალხური დღესასწაული საქართველოში“:

„ორივე დღესასწაულის მთავარი საწესო მოქმედება კოშკის აგებაა. კოშკის შუაში, მაღალ ხეზე, რომელსაც სვანურად ანგი ჰქვია, ხელმანდილიანი დროშა არის მოთავსებული (ზემო სვანეთი). ზოგჯერ მის წვერზე დამაგრებულია ადამიანის გამოსახულება — „ლამარია“, რომელსაც ხელში დაშნა უჭირავს, წინ ხის ფალოსი აქვს ჩამოკიდებული, ხოლო სახის ადგილზე საცერი უკეთია. ამ უკანასკნელს „ფარას“ ეძახიან. ხეზე ზოგჯერ მხოლოდ საცერი, ხის „ლეკური“ და ხის ასოა გაკეთებული…..საყურადღებოა, რომ ქართლში ყეენს გულზე და წელზე საცრის რკალს ჰკიდებდნენ.

…ზემო სვანეთში „ლამარიას“ გამოსახულებასთან იმართება „სამთო-ჭიშხაშის” სახელით ცნობილი ფერხული, რომელშიც ექვსი მოხუცი კაცი მონაწილეობს. ისინი სიმღერით ადიან კოშკზე და „ლამარიას“ ფერხულით გარს უვლიან, ხოლო შემდეგ ხეს შეანძრევენ და „ფარს“ ჩამოაგდებენ. საითაც „ფარსაცერი“ გადავარდება, მათი აზრით, იმ წელს იმ მხარეს კარგი მოსავალი იქნება. მოხუცების შემდეგ კოშკზე ადიან ბავშვები, რომელთაგან თითოეული ცდილობს, პირველმა მოკიდოს ხელი „ლამარიას“ და ძირს ჩამოაგდოს. ამ რიტუალთან არის დაკავშირებული ყაენსა და დედოფალს შორის სქესობრივი აქტის სიმულაციის სცენა…

„აღბა-ლაღრალის“ დღესასწაულზე სოფელ ჟაბეშში (ზემო სვანეთი) „ლამარიას“ ცვლის ხის წვერზე დამაგრებული ძველი საცერი, ხის ლეკური და ხისგან გამოთლილი კაცის ასო. იმართება გუნდაობა, გამარჯვებულები იმ წელს კარგ მოსავალს ელიან. შემდეგ იწყება ფერხული, რომლის დამთავრების ჟამს ხალხი ხის წაქცევას ცდილობს. წაქცეული ხისა და თოვლის კოშკის მიმარ- თულებით სოფელი ნაყოფიერ წელიწადს იბედებდა“.1

ჯ. რუხაძემ, აღნიშნულ დღესასწაულთა აღწერილობაზე მუშაობისას,2 პირველმა მიაპყრო ყურადღება იმ ფაქტს, რომ აღნიშნული რიტუალის ცენტრალური ელემენტი ანგი (ნახ. 1), როგორც სიცოცხლის ხე, მისტერიული დანიშნულებით, ფორმით და თვით დასახელებითაც კი, ძალზე ჩამოჰგავს მესამე დინასტიის ეგვიპტის სარიტუალო ნივთს – ანხს (ANKH) (ნახ. 2), რომელიც დღემდე მრავალი ქვეყნის მკვლევართა ცხოველი დაინტერესების საგანია. პარალელური წყაროების შესწავლამ კიდევ უფრო განამტკიცა ამ ვარაუდის საფუძვლიანობა.

მოვიხმოთ კიდევ ერთი ამონარიდი ჯ. რუხაძის ზემოთ აღნიშნული ნაშრომიდან: „..ჯვარი გვხვდება აგრეთვე ყეენის თავსაბურავზე (იმერეთი). პირგამურულ ყეენს თავზე გუდა ეხურა, რომელსაც შუაში გოგრის ქერქისგან გამოჭრილი ჯვარი ეკიდა. ჯვარია აღბეჭდილი რიტუალურ კვერზე, რომელსაც აცხობდნენ ღვთაება ბასილის სახელზე, იგი, როგორც უკვე ითქვა, ყეენთან დაკავშირებული იდეით ადექვატურ რწმენა-წარმოდგენებს აერთიანებს. ასეთ კვერზე ახალ წელს სამ ადგილზე ჯვარს ამოჭრიდნენ, ერთს დაამტვრევდნენ და სათესლე მარცვალს შეურევდნენ, მეორეს საქონელს შეაჭმევდნენ, ხოლო მესამეს ხვნის დაწყებისას პირველ კვალში ჩააგდებდნენ კარგი მოსავლის ვედრებით. ახალ წელსვე აცხობდნენ ადამიანის მსგავს ფალიკურნიშნიან კვერებს, რომლებიც მხოლოდ მამაკაცებისთვის იყო განკუთვნილი. ცხადია, რომ ყეენის ქუდსა და ბასილას კვერზე გამოსახული ჯვრები იდენტური მნიშვნელობისაა და სიცოცხლის ხის იდეასთან უნდა იყვნენ გენეტიკურ კავშირში. ასევეა თოვლის კოშკზე გაკეთებული ცაცხვისა თუ ნაძვის ხე, რომელზეც სხვადასხვა საგნებია ჩამოკიდებული და როგორც აღნიშნული იყო, „ანგს“ ეძახდნენ. ქართლის მასალითაც (სოფ. ბაზალეთი) ცნობილია, რომ აღნიშნულ დღესასწაულზე წითელნაჭრებშებმული ხის აღმართვა იცოდნენ. რწმენათა ამავე სამყაროს განეკუთვნება თოვლის კოშკზე გამოსახული ჯვარი, დროშა, „ლამარია“ და ა.შ., რომლებიც სიცოცხლის ხეს უკავშირდებიან და მასთან ერთად, საერთო სემანტიკურ სივრცეში უნდა იქნან განხილულნი.

აღსანიშნავია, რომ სვანური „ანგის“ მსგავსად ANKH ჰქვია ეგვიპტელ- თა თავმომრგვალებულ ჯვარს, რომელიც სიცოცხლის სიმბოლოდ არის მიჩნეული.“3 „ჩვენთვის უკვე ცნობილია, რომ სიცოცხლის ხის იდეა უნივერსალური მოვლენაა, მთელს მსოფლიოშია გავრცელებული და მრავალი ვარიანტით გვხვდება. ეს კი უფლებას გვაძლევს გავიმეოროთ მოსაზრება იმის შეასახებ, რომ სვანური ანგი და სიცოცხლის – ცხოვრების ცნებად მიჩნეული ეგვიპტური ANKH-ი სიცოცხლის მიმნიჭებელ ღვთაებათა ატრიბუტებია. ეგვიპტურ ჯვართან დაკავშირებით ასეთივე მოსაზრება აქვს გამოთქმული ლ. ბოჭორიშვილს.“ 4

აქ უპრიანი იქნება თვალი გადავავლოთ ამ მიზნით საგანგებოდ თავმოყრილი მასალის ერთ ნაწილს, რომელიც ცხადყოფს, რომ მიუხედავად ამ საკითხის ირგვლივ გამოთქმული არაერთი ვარაუდისა, ეგვიპტური ანხის, ამ უხსოვარი სიმბოლოს ჭეშმარიტი არსი დღემდე არ არის მკაფიოდ განსაზღვრული და შესაბამისად, თუ კი შესაძლებელი გახდება სვანურ ანგსა და ეგვიპტურ ანხს შორის კავშირის დადგენა, ასეთ შემთხვევაში ჯ. რუხაძის მოსაზრებას, ყველა სხვა ვერსიისაგან განსხვავებით, საფუძვლად ექნება არა ოდენ ლოგიკური ვარაუდი, არამედ ჩვენამდე უძველესი სახით მოტანებული „აღბა-ლაღრალისა“ და „ლიმურყვამალის“ უნიკალური მისტერიები.

რა არის ანხი

ანხი, რომელიც ასევე იწოდება „კრუქს ანსატედ“, ანუ ტარიან ჯვრად, ძველ ეგვიპტეში ყველაზე გავრცელებული სიმბოლო გახლდათ. მესამე დინასტიიდან მოყოლებული, იგი ხშირად გვხვდება არქეოლოგიურ მასალაში (ნახ. 3, 4). ლითონის, თიხისა და ხის უამრავი ანხია ნაპოვნი. მათი დიდი ნაწილი ამულეტია, რომელსაც უნდა უზრუნველეყო მფლობელის სიცოცხლის გახანგრძლივება, ხოლო მიცვალების შემდგომ – იმქვეყნიური სიცოცხლე.

ანხი მეტწილად ღმერთებსა და ფარაონებს უპყრიათ ხელთ. გარდაამისა, იგი ეგვიპტური აკლდამების (მათ შორის, ტუტ-ანხ-ამონის) წარწერებშიც გვხვდება.

ხშირად სარიტუალო ჭურჭელსაც ანხის ფორმა ჰქონდა (ნახ. 4.1). ამ ფორმას იმეორებდა აგრეთვე სისტრა, მალამოს კოვზი თუ სარკე. საინტერესოა, რომ შუა სამეფოდან მოყოლებული, სარკესაც ანხს ეძახდნენ, რადგან მიაჩნდათ, რომ სიცოცხლე და სიკვდილი ერთმანეთს ირეკლავენ. მკვლევარ ტ. რ. ელისონის თვალსაზრისით, „იმის გამო, რომ ეგვიპტის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი წერა-კითხვის უცოდინარი იყო, ეს ნიშანი მათთვის გასაგები ვერსიით (სანდლის ღვედები) გამოისახებოდა. მართლაც, მდაბიოთა მიერ გაკეთებულ ჭურჭელზეც ხშირად ვხვდებით ანხის გამოსახულებას“.

„მისი გავლენა ყველა დინასტიას გაჰყვა და კოპტურ ქრისტიანულ ეკლესიაშიც კი, როგორც ჯვარმა, მისტიკური ძალის მქონე სიმბოლოს მნიშვნელობა შეინარჩუნა“.5

ანხის განმარტებანი მოძიებულ წყაროებში

თანამედროვე მკვლევართა მიერ ანხის დანიშნულების შესახებ გამოთქმულ ვარაუდებს საკმაოდ ვრცელი დიაპაზონი უკავია. მისი სავარაუდო ფუნქცია რთული სექსუალური სიმბოლიზმიდან უბრალო სანდლამდე მერყეობს.

რაკიღა ანხი სიცოცხლის სიმბოლოა, შესაბამისად მისი მრავალგვარი გამოვლინებაც სავსებით ბუნებრივად უნდა მივიჩნიოთ. ეგვიპტურ მითოლოგიაში, როდესაც ანხი ღვთაება ანუბისს უპყრია, მაშინ მიცვალებულთა იმქვეყნიურ სიცოცხლეს იცავს, სექმეთის, უარისა და ჰაპის ხელში – მაცოცხლებელ წყალთანაა კავშირში, ღვთაება ამენის ხელში კი სიცოცხლის შთაბერვას ემსახურება.6

სიმბოლო ნილოსის არხის კედლებზეც კი იყო გამოსახული, რათა მისი ნაკადი ადამიანთა სასიკეთოდ წარემართა. „ანხი ძველ კემეტურ ენაზე სიცოცხლეს აღნიშნავს და როგორც სიმბოლო, ასოცირებულია არა მხოლოდ იმ ღმერთებთან, რომელთაც იგი

ხელთ უპყრიათ, არამედ ჰაერთან, მზესა და წყალთან (რადგან, ეგვიპტელთა აზრით, მისი მეშვეობით სიცოცხლის რეგენერაცია ხდებოდა)“.7 ამდენად, ბუნებრივია, რომ ანხი გამოსახულია გაბანვის რიტუალებშიც, სადაც ორ ღმერთს შუა (რომელთაგან ერთი თოთია) მდგომ მეფეს ანხების ჯაჭვით გამოსახული წყალი ესხმება.

ამ თემასთან დაკავშირებით საინტერესო პარალელი იკვეთება ქართულ მასალასთან. კერძოდ, მხედველობაში მაქვს ი. სურგულაძის მოსაზრება, რომლის თანახმადაც, ქართველთა წარმოდგენით საცერი ზეციდან მომდინარე მაცოცხლებელი წყლის, ანუ წვიმის გამომხატველი სიმბოლო უნდა იყოს.8

მკვლევარ მ. ლურკერის განმარტებით, ანქი, „როგორც უშრეტი სასიცოცხლო ენერგიის სიმბოლო, ხშირად გვხვდება ტაძრის კედლებზე, ძეგლებზე, ფრიზებსა თუ კვარცხლბეკებზე, თვით საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნივთებზეც კი“.9

„რაკიღა ანხი ხშირად ღმერთებს უპყრიათ მიცვალებული ფარაონების ცხვირთან (რაც მათ მიერ ფარაონებისთვის სიკვდილის შემდეგ შთაბერილ სიცოცხლეს უნდა გამოხატავდეს), აგრეთვე მისი ფორმის გამო, მკვლევართა ერთი ნაწილი ვარაუდობს, რომ ანხი გასაღებია კარისა სიკვდილის შემდეგ მარადი სიცოცხლისაკენ“.10

თავად ძველ ეგვიპტელთა აზრით ანხის პყრობა მისი მფლობელისთვის ბოძებულ მარად სიცოცხლესა და უკვდავებას გამოსახავდა. მათი რწმენით, ანხის სიახლოვეს მყოფნი ისრუტავდნენ მისგან გამოსხივებულ სიცოცხლის ენერგიას.

* * *

ქვემოთ მოყვანილი განმარტებანი კი პირდაპირ კავშირს ავლენენ სტატიის თავში მითითებულ სვანურ მასალასთან და შესაბამისად, ამყარებს ჯ. რუხაძის ვარაუდს.

ანხი, როგორც სიმბოლო, იმ იეროგლიფების ჯგუფში შედის, რომელთა მნიშვნელობაც ჯანმრთელობა და ბედნიერებაა. საინტერესოა, რომ სულ ახლო წარსულში ანხი გამოიყენებოდა ნაყოფიერებასთან დაკავშირებულ რიტუალებში.11

ამავე დროს, ანხი ოსირისისა და ისიდას, ცისა და მიწის კავშირს ასახავს (ქართულ მასალაში ეს ფუნქცია მეტწილად სწორედ ხეს აკისრია). მისი მარყუჟი მდედრის, ხოლო დაბოლოება მამრის გამომხატველი სიმბოლოებია და ძირითადი მნიშვნელობა ნაყოფიერება და კვლავწარმოქმნაა (ახალი სამეფოს პერიოდის ზოგიერთ ანხში მარყუჟი თითქმის სამკუთხედად იქცა და ბოქვენს დაემსგავსა, ზოგ მარყუჟში კი სულაც სამკუთხედია ჩახატული). აქვე გავიხსენოთ რამდენიმე პარალელური მასალა:

– შუმერული მითოსის თანახმად ანქი (ANKI) სამყაროა, ადამიანისსახიან ღვთაებათა – ცის ღვთაება ანის (AN) და მიწის ღვთაება ქის (KI) კავშირი;12

– ვანში ნაპოვნი მდედრი და მამრი ღვთაებების ბრინჯაოს გამოსახულებანი ერთ სარიტუალო სივრცეში, შესაძლოა, ასევე ცისა და მიწის კავშირს განასახიერებდა;13

– ასევე უნდა გავიხსენოთ მიწის ღვთაების ქურუმი – კრეტის მეფე მინოსი, აგრეთვე მთვარის ღვთაების მიმართ რაღაც მსგავსი ფუნქციის მქონე

– დედოფალი პასიფაე (ხართან შეუღლებული) და მათი კავშირი, როგორც ცისა და მიწის შერწყმის სიმბოლო.

– Anouki – ეგვიპტური სიცოცხლის ღვთაება. აქედან – Ank – სიცოცხლე (ებრაულად)

– ბერძნული სიტყვა „ანგელოს“ მაცნეს, შიკრიკს აღნიშნავს. ეს უსხეულო არსება ღმერთსა და ადამიანს შორის კავშირს ამყარებს. მისი მეშვეობით იტყობს ადამიანი ღვთის ნებას და მისივე მეშვეობით იღებს ძალას. სავსებით შესაძლებელია, რომ ამ სიტყვის ძირი ნათესაურ კავშირში იყოს საკვლევ ტერმინთან.

და ბოლოს, მკვლევართა ერთი ნაწილის აზრით, ანხი სიცოცხლის ხეა.14 როგორც მასალიდან ჩანს, ეს მოსაზრება ყველაზე ახლოს უნდა იყოს ჭეშმარიტებასთან, ოღონდ გარკვეულ დაზუსტებას მოითხოვს.

შესაძლოა ანხი, მისი ერთ-ერთი ძირითადი გამოვლინებით, სტილიზებული ხის შტოა, ფოთლით დაბოლოებული. გავიხსენოთ ამარნას პერიოდის რელიეფები (ნახ. 5), სადაც რამდენიმე ანხი მზის სხივთა დაბოლოებებზე გამოხატულ ხელის მტევნებს უპყრია და ეხნათონისკენ არის გაწვდილი. თავის მხრივ, ეხნათონიც ანხს იწვდის მზისკენ.

შესაძლოა ამით გამოხატულია მიხვედრა, რომ ფოთოლი, უფრო ზუსტად კი – ქლოროფილი – არის მზის ენერგიის მატერიალიზაციის, უფრო მეტიც, სიცოცხლედ გარდაქმნის მექანიზმი.

თუ დავუშვებთ, რომ იმ ეპოქის ადამიანმა, ხანგრძლივი ემპირიული გზით, თუნდაც ძალზე პრიმიტიულ დონეზე, შეძლო სიცოცხლის საიდუმლოსთან მიახლოება, სრულიად გასაგები გახდება ანხის სიმბოლოს ესოდენი დრომედეგობა.

სავარაუდოა, რომ სწორედ ამ დიდი მიხვედრის მომნუსხველმა ხიბლმა განაპირობა ანხის სიმბოლოს აღმატებულობა ყველა დანარჩენზე, რაც შეუძლებელი იქნებოდა, ამ სიმბოლოსათვის ოდენ ზოგადი შინაარსი რომ ყოფილიყო მიწერილი.

საინტერესოა, რომ ეს თემა არც ქართული ეთნოგრაფიული მასალისთვის არის უცხო. ნაშრომში „ქართველთა უძველესი სარწმუნოების ისტორიიდან“ ვ. ბარდაველიძე მზის სიმბოლურ გამოსახულებებზე საუბრისას, ასე აღწერს ლახამულას „გირგედს“: – „გირგედი“ მრგვალი ფორმის ლითონის საგანია, ირგვლივ გარე ნაპირზე შემოყოლებული იმავე ლითონის ცხრა ცალი მომცრო რგოლით და ამ რგოლებშუა სამყურა მცენარის სახის სამკაულებით“ (!) (ნახ. 5.1)

იქვე აღწერილია რაჭულ-ლეჩხუმური საახალწლო „გვერგვები“, რომელთა თავისებურებაც ისაა, რომ ვაზის გადაგრეხილი ლერწებისგან შეკრული წრე აუცილებლად ფოთლებითაა შემკული. ვ. ბარდაველიძის თქმით, მის მიერ აღწერილი „გვერგვი“ იმით არის საინტერესო, რომ „ასახავს ქართველების უძველეს რწმენაწარმოდგენებს, რომელთა მიხედვითაც მზის თაყვანისცემა მცენარეულ კულტთან განუყრელად იყო დაკავშირებული“.

მკვლევარი ასევე აღნიშნავს გურული საახალწლო ჩიჩილაკის დამაგვირგვინებელი კალპის (ნახ. 5.3) მსგავსებას რაჭულლეჩხუმურ „გვერგვთან“: – „თუ ჩვენ დავაკვირდებით გურულების საახალწლო კალპს იმ „სამკაულებითურთ“, რომლებიც მასთან ერთად ჩიჩილაკის თავზეა მოთავსებული, ცხადი გახდება, რომ ეს კალპი მზის ისეთივე ემბლემაა, როგორც რაჭულ-ლეჩხუმური „გვერგვი“. ამ უკანასკნელის მსგავსად, კალპი ლერწისგან მოწნული და მცენარეულით შემკული რგოლია“.15

ცხადია, ეს საკითხი შემდგომ გულდასმით კვლევას მოითხოვს, მაგრამ ამთავითვე აშკარაა, რომ საქმე გვაქვს განსაკუთრებულ მასალასთან.

დავუბრუნდეთ ანხს. შესაძლოა, ეხნათონამდე იგი მართლაც ნილოსის გასაღები იყო (ნახ. 6), ანუ მაცოცხლებელი წყლის სიმბოლო. ამის სასარგებლოდ მეტყველებს მრავალი გამოსახულება, სადაც ანხების მიჯრილი წყებით წყლის ნაკადია გამოსახული. ამ ვარაუდს ამყარებს მისი მსგავსება ღუზასთან და აგრეთვე ისიც, რომ ღუზას დღეს მრავალ ენაზე ანქორ (ანკერ) ჰქვია. საინტერესოა, რომ ბასკურად ღუზა აინგურაა, ანუ არაინდოევროპულ ენაში ქ გ-თი არის ჩანაცვლებული (ისევე, როგორც სვანურში). ამ შემთხვევაშიც ანხის დანიშნულება სიცოცხლის შთაბერვა და უზრუნველყოფაა.

ეხნათონისდროინდელ ვარიანტში იგი ისევ სიცოცხლის გამტარია, ოღონდ წყალი მზითაა შეცვლილი. სავარაუდოა, რომ ქურუმთა კასტაში ფოტოსინთეზის შესახებ დაგროვილმა ცოდნამ მისი სიმბოლური მნიშვნელობის წანაცვლება განაპირობა. ეხნათონის შემდგომ პერიოდში, ცხადია, სცადეს რეფორმატორი ფარაონის ნაღვაწის ამოძირკვა და ეს, გარკვეული თვალსაზრისით, ანხის მნიშვნელობასაც შეეხო,ანუ მზის როლმა კვლავ უკანა პლანზე გადაიწია.

შედარებით უფრო ძველ ნიმუშებში ანხის ბოლო ორად გაიყო და სიმბოლო ადამიანის სტილიზებულ გამოსახულებას დაემსგავსა.

მთვარის სიმბოლოს ჰუმანიზაციამ ინდურში მოგვცა სწორედ ამ ანხის მსგავსი ნიშანი, რომელიც, თავის მხრივ, ძალზე ჩამოჰგავს ნარამ-სუენას სტელაზე გამოსახულ მეფეს (სუენა- სინა-მთვარე), რადგან მას ხარისრქებიანი მუზარადი ჰხურავს (ნახ. 7).

ასეთივე მუზარადი ეხურა ალექსანდრე მაკედონელს. ახლა კვლავ დავუბრუნდეთ სვანურ მასალას. აქ, პირველყოვლის, ხაზგასასმელია შემდეგი დეტალი: ფალოსი არ შეიძლება იყოს „ლამარიას“ ნაწილი ამ უკანასკნელის სქესიდან გამომდინარე. ამდენად სავარაუდოა, რომ საცერი (ანუ წრე) და ფალოსი ასახავს მდედრისა და მამრის ერთობას, როგორც სიცოცხლის გაგრძელების აუცილებელ პირობას.

დაშნა აშკარად გვიანდელი ელემენტია, თუნდაც იმის გამო, რომ რიტუალი რკინის ხანაზე უხნესია. სავარაუდოა, რომ თავდაპირველად ანგის ელემენტი იყო არა დაშნა, არამედ უძველესი მცირე მახვილი (აკინაკი), რომელიც განზრახ ფალოსის ფორმისა იყო და სახელადაც ყელე ერქვა (ნახ. 8). როგორც იარაღი და როგორც ფალოსი, იგი ნაყოფიერებაზე აქცენტირებულ მამაკაცურ სიმბოლოს წარმოადგენდა.

მოგვიანებით, ბრინჯაოს რკინით ჩანაცვლებამ სრულიად შეცვალა სამკვეთლო იარაღის ფორმა, რის გამოც მასში ფალოსი, როგორც ანგის ელემენტი, აღარ იკითხებოდა. შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ სწორედ ამან განაპირობა ანგში ფალოსის ცალკე ელემენტად დაბრუნება.

იმის საილუსტრაციოდ, ანგის მსგავსად ჰგუობს თუ არა ანხი სხვა, დამატებით ელემენტებს, გამოდგება გამოსახულებანი, სადაც იგი ორ სხვა გავრცელებულ სიმბოლოსთან – ჯედთან და უასთან ერთად არის გამოსახული (ნახ. 9, 10).

რაც შეეხება წრეს, როგორც მდედრისსიმბოლოს, ქართულ ეთნოგრაფიაში ამ მხრივაც საინტერესო მასალაა დაფიქსირებული. მოვიხმოთ ნაწყვეტი ვ. ბარდაველიძის ზემოთ აღნიშნული ნაშრომიდან – „საყურადღებო წარმოდგენა არსებობდა ფარელებში ბარბოლ ის შესაწირავი კვირისტავებისა და მსგავსი საგნების შესახებ. ეს საგნები მდედრთა სასქესო ორგანოს გამოხატულებად იყო მიჩნეული“.16

უძველეს ცივილიზაციათა სხვა ნაკვალევი სვანეთში

უნდა აღინიშნოს, რომ სვანურ მასალაში ასეთი უცნაური ნაკვალევი უძველესი ცივილიზაციისა სულაც არ გახლავთ უპრეცედენტო. გავიხსენოთგასული საუკუნის დასაწყისში ი. ჯავახიშვილის მიერ გამოთქმული ვარაუდი, რომ სვანური რიტუალი „მელია-ტელეფია“ შესაძლოა ყოფილიყო ნაშთი ღვთაება თელეფინუსთან დაკავშირებული ბუნების გაღვიძების ამსახველი უძველესი ხეთური რიტუალისა.17

„მელია-ტელეფიას“ რიტუალი ერთი ნაწილია ზემოთ აღწერილი „ლიმურყვამალის“ დღესასწაულისა და იგი უძველესი სახით არის ჩვენამდე მოღწეული. სამოცდაათიან წლებში ნ. ბენდუქიძემ გამოთქვა ვარაუდი, რომ „მელია-ტელეფიაში“ მელია უნდა დაუკავშირდეს ხეთური მითის პერსონაჟს ფუტკარს. ეს სიტყვა, ნ. ბენდუქიძის აზრით, სვანურში ნაყოფიერების რიტუალთან ერთად უნდა იყოს შესული ხეთური ენობრივი სამყაროდან.18

აქ უნდა გავიხსენოთ, რომ წინააზიურ და წინარებერძნულ ღვთაება კიბელეს ერთ-ერთ კურეტთაგანს მელისეუ ერქვა. მელისევსი ერქვა კრეტის მითიურ მეფეს, მის ქალიშვილს კი მელისა, ანუ ეს სახელი ამ ტერიტორიებზე ბერძნების გამოჩენამდე ფიგურირებს, რაც მის წინააზიურ წარმოშობაზე მეტყველებს.

ამდენად, ანატოლიასა და კრეტაზე ამ სახელის არსებობა ერთდროულად დროსა და სივრცეში აღმოცენებული ერთგვარი შუალედური რგოლია,ნავარაუდები ხეთური სახელიდან წყაროში დაფიქსირებულ ბერძნულ სახელამდე, რაც კიდევ უფრო ამყარებს ნ. ბენდუქიძის მიერ გამოთქმულ ვარაუდს.

ასევე საინტერესოა სვანეთში რამდენიმე ათასწლეულის წინანდელი შუმერული ღვთაებებისა და ტოპონიმების არსებობა (ენგური, ლახამი, ლახამულა, ლამარი და სხვანი). შედარებისთვის იხ. -„ENKI AND THE WORLD ORDER“, by Samuel Noah Kramer.

დროსა და სივრცეში შუალედური რგოლის ძიების თვალსაზრისით შესაძლოა ყურადსაღები იყოს ის ფაქტიც, რომ ანქიზე ერქვა ტროას სამეფო გვარისწარმომადგენელს, ლეგენდარული ენევსის მამას, ხოლო ანქიალე ერქვა ა.წ. II სკ-ის მაკრონ-ჰენიოხთა გაერთიანებული სამეფოს მეფეს. 19

დასკვნა

ახლა დავუბრუნდეთ ძირითად თემას და შევეხოთ ერთ საკითხს, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ამ კვლევაში.

როგორც ვხედავთ, ანხის უდიდესი პოპულარობის გამო წყაროებში მოცემულია უამრავი ვერსია მისი შესაძლო დანიშნულებისა.

ამ მიმართულებით დაგროვილი საკმაოდ ვრცელი მასალის გაცნობა ცხადყოფს, რომ წინა პლანზე წამოწეულ ნებისმიერ ვერსიას ასევე მოეძებნება მასალა, რომელიც ამ ვერსიასთან სერიოზულ კონფლიქტშია. სწორედ ეს განაპირობებს ანხისერთადერთი მნიშვნელობის დადგენისაკენ მიმართული შრომის უნაყოფობას.

საჭაშნიკოდ განვიხილოთ ერთი მაგალითი:

ჩვენამდე ნივთის სახით მოღწეული არაერთი ანხის მარყუჟი ამოვსებულია. ზოგიერთ ფრესკაში კი ანხის მარყუჟში ფერია ჩასხმული, ანუ ის გამჭოლი არ გახლავთ და,შესაბამისად, ვერ იქნება გასაღები, ან კოჭზე შემორტყმული სანდლის თასმა (ნახ. 4, 11).

ალბათ, უფრო მართებული იქნებოდა გამოგვეკვეთა მისი ძირითადი დანიშნულება, ხოლო დანარჩენი ვარიანტებისთვის შეგვენარჩუნებინა თანაარსებობის უფლება, რადგან აქ საქმე უნდა გვქონდეს უბრალო და საკმაოდ გასაგებ ფენომენთან – რაც მეტ დადებით მნიშვნელობას დაიტევსსიმბოლო, მით უფრო ძლიერი და მომხიბლავია იგი. ისიც ბუნებრივია, რომ მკვლევრისთვის, რომელიც ეპიზოდურად ეხება საკითხს, ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ვერსია სათითაოდ საკმაოდ დამაჯერებელად ჟღერს, მაგრამ ესოდენ უწყვეტი პოპულარობისთვის, რამდენიმე ათასწლეულის გამჭოლ, ისინი აშკარად არასაკმარისია.

ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ჩემი აზრით, ჯ. რუხაძის მოსაზრებას, რომ სვანური რიტუალი უნდა დაითქვას ეგვიპტური ანხის უმთავრესი მნიშვნელობის გასაღებად, ძალუძს, საბოლოოდ მოჰფინოს ნათელი ჩვენი ცივილიზაციის ერთ-ერთ უდიდეს საიდუმლოს. ასევე შესაძლოა, რომ ანხსა და ანგს შორის კავშირის დადგენამ სვანური მურყვამის ასაკის განსაზღვრასაც შეუწყოს ხელი.

ამავე დროს, უცილობლად საჭიროდ მიგვაჩნია დაინტერესებულ მკვლევართათვის იმის შეტყობინება, რომ საქართველოში ლამის ჩვენს დრომდე მოატანა მრავალმხრივ საინტერესო და ფერადოვანმა რიტუალმა, ადამიანის მიერ გათამაშებულმა ერთ-ერთმა უძველესმა მისტერიამ, რომლის ეპიცენტრშიც დგას იდუმალებით მოცული სიცოცხლის ხე – ანგი.

___________________

1 ჯ. რუხაძე, „ბუნების ძალთა აღორძინების ხალხური დღესასწაული საქართველოში“, გვ. 131, 168

2.„აღბა-ლაღრალისა“ და „ლიმურყვამალის“ დღესასწაულთა აღწერილობა, დაფიქსირებული სვანეთში, 1940 წელს, ეთნოგრაფ არსენ ონიანის მიერ. მასალა დაცულია ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ეთნოგრაფიის განყოფილების არქივში.

3.ჯ. რუხაძე, „ბუნების ძალთა აღორძინების ხალხური დღესასწაული საქართველოში“, გვ. 132, 133

4. ჯ. რუხაძე, „ბუნების ძალთა აღორძინების ხალხური დღესასწაული საქართველოში“, გვ. 168, 169

5. ენციკლოპედია ბრიტანიკა (1994 – 1998)

6. http://www.touregypt.net/ANUBIS.htm

7. „ანხი: პირველსაწყისი ჯვარი“, http://www.swaga.com/ankh

8. ი. სურგულაძე – „ამინდის რიტუალები საქართველოში, საცერი, როგორც ღვთაების ატრიბუტი, ხელნაწერი.

9. Манфред Луркер, «Египетский символизм» Книга IX

10.www.swagga.com/ank-the original cros

11. http://www.nisbett.com/simbols/ankh

12. შუმერული ლექსიკონი (ინტერნეტმასალა)

13. მ. ხიდაშელი – „კოლხეთის სამეფოში დადასტურებული ერთი რიტუალის შესახებ“, „ოჩხარი“, თბილისი, 2002 წ.

14. http://www.holoweb.net/liam/pictures/ankh

15.ვ. ბარდაველიძე – „ქართველთა უძველესი სარწმუნოების ისტორიიდან“, საქ. სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, თბილისი, 1941 წ. გვ. 74

16. ივ. ჯავახიშვილი – ქართველი ერის ისტორია, წიგნი I, თბ.., 1951, გვ.155

17 Н. А. Бендукидзе – Хеттский миф о Телепину и его сванские параллели, ВДИ, Тб., 1973, გვ. 100

18. არიანე ფლავიუსი -„მოგზაურობა შავი ზღვის გარშემო“

ლიტერატურა

1. ვ. ბარდაველიძე – „ქართველთა უძველესი სარწმუნოების ისტორიიდან“, საქ. სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, თბილისი, 1941 წ.;

2. ჯ. რუხაძე – „ბუნების ძალთა აღორძინების ხალხური დღესასწაული საქართველოში“, მეცნიერება, 1999წ.;

3. ი. სურგულაძე – „ამინდის რიტუალები საქართველოში, საცერი, როგორც ღვთაების ატრიბუტი, ხელნაწერი.;

4. ჯ. შარაშენიძე – „შუმერები და მათი კულტურა“, „ნაკადული“, თბილისი, 1983წ.;

5. მ. ხიდაშელი – „კოლხეთის სამეფოში დადასტურებული ერთი რიტუალის შესახებ“, „ოჩხარი“, თბილისი, 2002 წ.;

6. ივ. ჯავახიშვილი – ქართველი ერის ისტორია, წიგნი I, თბ.., 1951;

7. Н. А. Бендукидзе – Хеттский миф о Телепину и его сванские параллели, ВДИ, Тб., 1973;

8. “A DICTIONARY OF SYMBOLS” – Jean Chevalier and Alain Gheerbrant

9. „ENKI AND THE WORLD ORDER“, by Samuel Noah Kramer.

10. http://www.mindspring.com/~mysticgryphon/religndx.htm

11. http://www.lexiline.com/lexiline/lexi102.htm

12. http://www.thebritishmuseum.ac.uk/world/world.html

13. http://www.bible-history.com/biblehistoryonline- ancientart.cfm

14. http://www.piney.com/BabIndex.html

15. http://whc.unesco.org/nwhc/pages/home/pages/homepage.htm

16. http://www.etana.org/abzu/

17. http://fp.nsk.fio.ru/works/032/civilizations/

18. http://lib16.library.vanderbilt.edu/diglib/abzu-whatitmeans.pl

19. http://www.faculty.fairfield.edu/jmac/meso/meso.htm

20. http://www.ancient.holm.ru/

21. http://ancientneareast.tripod.com/index.html

22. http://www.asor.org/HITTITE/HittiteHP.html

23. http://www-oi.uchicago.edu/OI/DEPT/RA/Research- Arch.html

24. http://www.pantheon.org/

25. http://www.touregypt.net/ANUBIS.htm

26. http://www.wsu.edu/dee/WORLD.HTM

27. http://www.geocities.com/Athens/Aegean/7551/index.html

28. http://www.geocities.com/Athens/Aegean/7551/egypt.html

29. http://witcombe.sbc.edu/ARTHprehistoric.html

30. http://www.kemet.ru/

31. http://www.louvre.fr/louvrea.htm

32. http://www.kemet.ru/texts/index.htm

33. http://www.kemet.ru/dictionary/index.htm

34. http://www.swagga.com/ank-the original cross

35. http://www.holoweb.net/liam/pictures/ankh.html

36. http://www.nisbett.com/simbols/ankh

37. http://www.ankhonline.com/

38. http://www.swagga.com/ankh.htm

39. http://www.philae.nu/PerAnkh/templepage1.html

40. http://showcase.netins.net/web/ankh/

41. http://www.edic.ru/myth/art- myth/art- 1007.html

42. http://showcase.netins.net/web/ankh/

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s