გია ჯოხაძე _ სხეულის თავგადასავალი: ქართული ვერსია ცრემლი და ტირილი


ცრემლთაღვრის ნიჭს მთავარი ადგილი უჭირავს მართლმადიდებელი აღმოსავლეთის სასულიერო ტრადიციაში. „ცრემლის მადლი” განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ღირსი იოანე სინელის, ღირსი ისააკ ასურისა და წმ. სვიმეონახალი ღვთისმეტყველისა და სხვა წმინდა მამათათვის.

იოანე სინელის თქმით, ცრემლთა წყარონი, რომლებიც ნათლისღების შემდეგ მოგვემადლება, ნათლისღებაზე უპირატესია. თუმც, ისიც გასათვალისწინებელია, რომ თუ ნათლისღება ძველ ბოროტებათაგან განგვწმენდს, ცრემლი იმ ცოდვასაც ბანს, რომელსაც ნათლობის შემდეგ ვიქმთ. იოანე სინელი ასეთ სლოგანს გვთავაზობს: არ დაუჯერო საკუთარ ცრემლებს, ვიდრე საბოლოოდ არ დაიწმინდებოდნენ ვნებათაგან, რამეთუ იმ ღვინის ნდობა არ შეიძლება, რომელიც ჭურჭლის თავზე მოქცეულა [იოანე სინელი]. ღირსი ისააკ ასური ცრემლს განიხილავს, როგორც არსებულ საზღვრებს ,,ხორციელ” და,,სულიერ” მდგომარეობას შორის, როგორც -გადასვლას ახლანდელი დროიდან მომავალში, რომელში შებიჯება წინასწარგანცდით აწმყოშიც შეიძლება. ჩვილი ტირის, როგორც კი ქვეყანას მოევლინება. ამგვარადვე ტირის ქრისტიანი, როცა ,,მომავალში აღორძინებას” მოისურვებს. საყურადღებოა, რომ ისააკ ასურის თხზულების,,საღმრთო საიდუმლოებათა და სულიერი ცხოვრებისათვის“ ერთ თავს ასე ეწოდება: ,,როგორ იშვის უწყვეტი ტირილი, რომელიც უკავშირდება ზოგიერთ წმინდა მამას, ცრემლთაღვრას რომ არ წყვეტდნენ”. ისააკ ასური ასახელებს სამ მიზეზს, რომლებიც საფუძვლად უდევს ცრემლთაღვრას: პირველ რიგში, ადამიანს თავისდა უნებურად სცვივა ცრემლი, როცა საღმრთო საიდუმლოს განჭვრეტს, გონება გაუნათდება, სულიერი თვალი აეხილება; როცა იმ საგნებს შეავლებს მზერას, რომელთაც სული გონებას დაანახებს; იდუმალ და სულიერ ჭვრეტას წმინდა მამები ადარებდნენ ზეციურ მანანას და კლდიდან ამოხეთქილ წყაროს. ცრემლის გამომწვევი მეორე მიზეზი ღვთის სიყვარულია, რომელიც აანთებს სულს, ხოლო ადამიანს ამ სიტკბოსა და ნეტარების ატანა უცრემლოდ არ ძალუძს.

დაბოლოს: ცრემლს შობს მორჩილება, შემუსრვილი გული და სული, ცოდვათა გასიგრძეგანებისას და უფლის თვინიერებისა და სიმდაბლის მოგონებისას რომ წარმოიქმნება. ამგვარად, ვისაც ცრემლის ნაკადი არ სდის, მას არა მხოლოდ ცრემლი არ გააჩნია, არამედ -ცრემლის წარმომშობი მიზეზიც. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მას ღვთის სიყვარული არ უგემია, საღმრთო საიდუმლოებაზე არ უფიქრია, გული არ შეუმუსრავს, თუმც კი მორჩილად მიაჩნია თავი. სულშეუმუსრველი ვერ შეაღწევს აღთქმულ მიწაზე და შესაბამისად, ვერც ცრემლთაღვრის ნიჭს მიიღებსღვთისაგან. ბუნებითი მორჩილება საჭურისის ქალწულობას ჰგავს: ის შემთხვევამ ,,გააქალწულა” და არა -საკუთარმა ნებისყოფამ.

ცრემლი მეორე საღმრთო მადლის საფუძველიცაა: მას დუმილი ჰქვია. ამ შემთხვევაში, ცრემლი ცვლის სიტყვას და ადამიანს ღვთის სათნოდ – მდუმარად აქცევს. დუმილს შობს გაოცების განცდა, რომელიცადამიანს საღმრთო საიდუმლოებათა განჭვრეტისა და შეცნობისას ეუფლება.წმინდა მამები გვიამბობენ, რომ ანგელოზთა სიახლოვის განმცდელი ადამიანები ისე გაკვირვებულნი არიან, რომ მათი სხეულის ყოველი ნაწილი თითქოს ცრემლთა ნაკადად გარდაიქმნის, რომელთაც ეს საღმრთო ,,შოკი” და სიხარული წარმოშობს [ისააკ ასური].

წმინდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველის სწავლების თანახმად, არასოდესუნდა ვეზიაროთ უცრემლოდ. კერძოდ, წმინდა მამა აღნიშნავს,რომ ქრისტე იქცა მისთვის ყოველივედ ყოველივეში -მუქთად მონიჭებულ ამოუთქმელ მადლად, მარად მედინად მისი სულის ბაგეთაგან და უხვად მჩქეფ წყაროდ მის გულში, ბრწყინვალე სამოსელად, რომელიცდემონებს წვავს, განწმენდად, რომელიც ადამიანს განბანს უწყვეტი და წმინდა ცრემლებით. ადამიანის სული ღვთის სამყოფელია. მისი მხილველი თავს ვერ იკავებს, მხურვალე ცრემლი არ წარმოედინოს, არ ატირდეს და ცოდვათაგან განწმენდა არ ინატროს. ქრისტეს გარეშე ადამიანი მარტოდმარტოა. მისი ნატვრა უფლის დაბრუნების ნატვრა და ოცნებაა,რომელსაც ერთვის ცრემლთაღვრა და ტირილი. ადამიანს ისიც ატირებს, რომ უფლის რამდენადმე შეცნობა მაინც არ ძალუძს.

როგორც ცეცხლის ალი ქრება წყლით, ისე სულიერი მძვინვარება ქრება ტირილითა და ცრემლით; ხოლო ის, ვინც დიდ დროს გაატარებს ცრემლთაღვრაში, შეიგრძნობს, რომ გაღიზიანება უკან იხევს და სული აღარ მძვინვარებს [სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი].

ღირსი მამა ნიკიტა სტიფატის თანახმად, ცრემლს ქალწულობის უმანკოების აღდგენაც შეუძლია. ვინც სათნოების ცრემლით არ ატირებულადა ვერ ჩაწვდომია მის მადლსა და ზემოქმედებას, ფიქრობს, რომ ეს ცრემლი არაფრით განსხვავდება იმ ცრემლისაგან, რომლითაც გარდაცვლილთ დავტირით… როცა გონიერების სიზვიადე მორჩილებისაკენ მიიდრიკება, ხოლო სული თვალს ხუჭავს ხილული მადლით ნეტარებისაგან და მხოლოდღა პირველშობილ არანივთიერ სინათლეს ესწრაფის, ამა სოფლისადმი ყველა გრძნობას ჩამოიბერტყავს და სულიწმიდის ნუგეშისცემას მიემსგავსება, ცრემლი წყაროს წყალივით გადმოსკდება თვალთაგან, გრძნობებს დაუტკბობს, აზრებს კი სიხარულითა და ღვთიური შუქით აღუვსებს. ასევე, გულს შეუმუსრავს და გონებას გაუმორჩილებს. სხვებს, რომლებიც სხვა მიზეზთა გამო ტირიან, ასეთი რამ არ ელოდებათ. სრული მორჩილების გარეშე ცრემლთა წყარო არ ჩნდება. ამიტომ ადამიანმა, რომელიც განძარცვულია სინანულის ცრემლთაგან, ნიადაგ უნდა შესთხოვოსუფალს ამ მადლის მონიჭება. ხან ტკივილი გვაცრემლებს, ხან – სიხარული.ტკივილს ცოდვა და მისი დაშორების სურვილი უნდა გვანიჭებდეს, სიხარულს კი – ცოდვათაგან გათავისუფლების განცდა.

ანასტასი სინელის აზრით, არსებობს ბუნებრივი ცრემლი, რომლითაც გარდაცვლილთ დავტირით. არსებობს ეშმაკეული ცრემლები, როცა პატივმოყვარეობა ან რომელიმე ეშმაკეული გზნება გვატირებს, ძირითადად, იმის გამო, რომ ჩვენი ნება ვერ აღვასრულეთ. არსებობს სმისა და ნაყროვანებისაგან მოგვრილი ცრემლიც. მაგრამ არსებობს განმწმენდი ცრემლიც, რომელთაც წარმოშობს უფლის მოშიშება, მომავალი სიკვდილი და მარადიული წამება (ცხადია, აქ ხელჩაქნევა და ადამიანური ფობიები არ იგულისხმება, გ.ჯ.). ასეთი ცრემლი სულიერ ცრემლად გარდაიქმნება, რომელშიც ვეღარ ვპოვებთ შიშს – აქ მხოლოდ ღვთის სიყვარულია, სულიწმინდის მიერ მოგვრილი ნუგეში, სინათლე და სიხარული.

ცრემლის კლასიფიკაციისას იოანე ოქროპირს დავით მეფსალმუნის მაგალითი მოჰყავს: დავითისათვის ღამე დასვენების საშუალება კი არა, ცრემლთაღვრის ჟამი გახლდათ. ცრემლი ყოველთვის ნუგეშია, მაგრამ განსაკუთრებით – ღამით, როცა ხელს არავინ გვიშლის ამ სიამოვნების მიღებაში… ამიტომაც ტიროდა მოციქული პავლე სამი დღე და ღამე სხვათა ნაკლის დასაძლევად, ჩვენ კი საკუთარ მანკიერებასაც არ დავტირით. მხოლოდ სასულიერო ფენას როდი ევალება ცრემლთაღვრა; ერისკაცებს მათზე მტად სჭირდებათ სინანულით განკურნება. ამგვარად მტირალი სულიერად აღიმართება და ვნებებს უკუაგდებს. მაშინ საღმრთო სიხარულიც შეიძლება, ვინაიდან გულს მრისხანება აღარ დაგვიკოდავს [საუბრები…]. არსებობს ცრემლის მრავალი სახეობა და არსებითია მათ შორის სხვაობის დადგენა. პრინციპული განსხვავებაა გრძნობისმიერ და სულიერ ცრემლებს შორის (არსებობს მესამე სახეობაც – ეშმაკეული ცრემლები). გრძნობისმიერი ცრემლი ემოციის შედეგია; სულიერი ცრემლი – ასკეტობისა. გრძნობისმიერი ცრემლი, წესისამებრ, ვნებებს უკავშირდება: ხშირად რისხვას, განხიბვლას, შურს, თვითშეცოდებას ან უბრალო ნერვულ აშლილობას ცრემლი მოჰყვება ხოლმე. სულიერი ცრემლი, როგორც ეს სახელწოდებაშიც ჩანს, სულიწმიდის მადლია და არა მხოლოდ – ჩვენი ძალისხმევისა. სულიერი ცრემლი მჭიდროდ უკავშირდება ლოცვას. სულიერი ცრემლი გამოხატავს ნაღველს, რომელიც თან გვდევს მიწიერ ცხოვრებაში, დაცემულ და ხრწნილ სამყაროში, გამუდმებით და დაუღალავად სიკვდილისაკენ რომ მიისწრაფის. სულიერ ცრემლს აღდგომისშემდგომი განახლებული ცხოვრებისაკენ მივყავართ.

თუმც, მცდარი იქნებოდა ცრემლის ამ ორი სახეობის ერთმანეთისაგან რადიკალური გაყოფა. ბუნებრივ ანუ გრძნობისმიერ ცრემლს ხანდახან პოზიტიური ანუ განმწმენდი ეფექტიც შეიძლება ჰქონდეს, მაგალითად, მაშინ, როცა ტანჯულის სოლიდარობა გვაცრემლებს ან მიცვალებულს დავტირით. ამ დროს მადლი ბუნებასთან ურთიერთქმედებს და ეყრდნობა მას. ამიტომაც ბუნებრივ ცრემლს, განწმენდილს ცოდვილი ეგოცენტრიზმისა და უწესრიგო ემოციურობისაგან, ძალუძს ჩვენი მიყვანა სულიერი ცრემლის კარიბჭესთან. ამასთან, რადგან მადლი, ძირითადად, ჩვენში იდუმალად და უჩინარად მოქმედებს, ჩვენც კი არ შეგვიძლია, მტკიცედ განვაცხადოთ, რომელი ცრემლით ვტირით – ბუნებრივითა თუ ცოდვილით. ჩვენი უბრალოების შესანარჩუნებლად, ღმერთს ძალუძს ჩვენგან დაფარვა სულიერი ზრდისა და ბოლოს და ბოლოს, ჩვენი შესაფასებელი არ არის საკუთარი თავი.

სულიერი ცრემლი, წმინდა მამების სწავლებისამებრ, ორი ძირითადი სახეობისაა.

უფრო დაბალ საფეხურზე ე.წ. „მწარე ცრემლია”; უფრო მაღალზე – „ტკბილი”. პირველ შემთხვევაში, ცრემლი განმწმენდია, მეორეში – გამსხივოსნებელი. უფრო დაბალ საფეხურზე ცრემლი გამოხატავს ცოდვათა შენანებას, ღმერთს დაცილებული ადამის ძის სევდას – ჩვენში, თითქოს, სამოთხის კართან მოტირალი ადამი ცოცხლდება;

უფრო მაღალ დონეზე ცრემლი გამოხატავს საღვთო სიყვარულის სიხარულს, მადლიერებას ჩვენი დაუმსახურებელი ღვთისშვილობისათვის. პირველი დონე განფენილია უძღები შვილის ხატსახეში, ჯერაც რომ დევნილი და გაძევებული, დაკარგულ სამშობლოზე მტირალია; მეორე კი იმ უძღებ შვილს გამოხატავს, რომელიც მამის სახლში დაბრუნებამ და თბილმა მიღებამ აატირა.

უფრო დაბალ დონეზე ცრემლი იმ სისხლს ჰგავს, რომელიც იღვრება ჩვენი სულიერი იარებიდან, როგორც ამას წმიდა გრიგოლ ნოსელი ამბობს; უფრო მაღალზე კი ცრემლია სახე გრძნობის გასულიერებისა და ერთ-ერთი ასპექტი განღმრთობი მადლის წყალობით მთლიანად გარდაქმნილი, ფერნაცვალი ადამიანური პიროვნებისა.

სულიერი ცრემლის ორი დონე, ცხადია, ერთმანეთს მკვეთრად არ უნდა დავუპირისპიროთ, რადგან სწორედ ერთს მივყავართ მეორისაკენ.ის, რაც იწყება ცოდვათა შემნანებელი ცრემლით, გარდაისახება მადლიერებისადა სიხარულის ცრემლად. ამიტომაც ,,ცრემლის მადლში” ჩანსის, რომ მონანიება არა ნეგატიური, არამედ პოზიტიურია; არა დამანგრეველი,არამედ განმაცხოველებელია; არა ნაღვლის მომგვრელი, არამედ იმედის მომნიჭებელია.

* * *

„მშვენიერი სენით ვიყავი ავად, რომელიც პირქუშს ხდიდა ჩემს სი- ჭაბუკეს, მაგრამ ძალზე გამოსადეგი იყო ისტორიკოსისათვის. მე მიყვარდა სიკვდილი. ცხრა წლის განმავლობაში პერ-ლაშეზის სასაფლაოს კარიბჭესთან ვცხოვრობდი. ეს ერთადერთი ადგილი იყო, სადაც იმხანად ვსეირნობდი. მერე ბიევრთან, ფართო სამონასტრო ბაღებში დავიდე ბინა, სადაც ასევე გახლდათ სასაფლაო. ისე ვცხოვრობდი, რომ ცოცხლად დამარხულსაც კი შემარქმევდით, რამეთუ ჩემი გარემოცვა მხოლოდ წარსული იყო, მეგობრებად კი გარდასულ დროთა მცხოვრებთ მივიჩნევდი. როცა მათი ცხოვრებით ხელმეორედ ვიწყებდი ცხოვრებას, ვაფხიზლებდი ათასობით გაქმრალ იდეას. ნამდვილ შელოცვად მექცა ჩემი დედამძუძეს სიმღერები, რომელთა საიდუმლოსაც ვფლობდი. ბგერები იმაში არწმუნებდათ, რომ მე ერთი იმათგანი ვიყავი. მე მქონდა მადლი, რომელსაც ამაოდ ითხოვდა ლუი წმინდა”. ეს ჟიულ მიშლეს ტექსტია, ფრაგმენტი წინასიტყვაობისა წიგნისათვის – „,შუა საუკუნეები”, რომელიც 1869 წელსაა დაწერილი. მასში განმარტებულია ისტორიკოს-რომანტიკოსის მეთოდი, რომლითაც მიცვალებულები ცოცხლდებოდნენ და მათი დავიწყების უსამართლობა ქრებოდა. მეთოდი, რომელიც განუყოფელი იყო სიჭაბუკისდროინდელი სენისაგან – ,,ცრემლის მადლისაგან“ [ლე გოფი, ტრიუონი, 2008:67-68]. მიშლეს ყურადღება მიეპყრო კაპეტინგების დინასტიის ცნობილ მეფე ლუი წმინდას, რომელსაც იშვიათად მოსდიოდა ცრემლი. მეფე უფრთხილდებოდა ცრემლს, როგორც უფლის ნიშანს, რომელსაც უნდა მიეთითებინა, რომ მორჩილებას და მონანიებაში გატარებული ცხოვრება სათნო იყო უფლისათვის. თუმც, როგორც ლუი წმინდას მოძღვარი ჟოფრუა დე ბოლიე გვამცნობს, ღვთისნიერი მეფე მთელი არსებით ცდილობდა ცრემლის მადლის დასაკუთრებას და განიცდიდა მის უქონლობას. ის გულწრფელად და მორჩილად აბარებდა აღსარებას მოძღვარს, რომ ზიარების ლოცვებში, სიტყვებს – „ნაკადულნი ცრემლთანი, ქრისტე, მომმადლენ მე ბილწებათა გულისა ჩემისათა განწმედად” – უმატებდა: ,,მე კი, უფალო, არ ძალმიძს ცრემლის ნაკადულის თხოვნა. რამდენიმე პაწაწინა ცრემლიც კი მეყოფოდა ჩემი ხმელი გულის დასალბობად”. შესაძლოა, დავუმატოთ, რომ ამ სიტყვების წყაროც, ალბათ, ისევ ლოცვანი გახლდათ. სინანულის ლოცვებში გვხვდება ასეთი ადგილი:

„შემიწყალე მე, ღმერთო, შემიწყალე მე, ორისა ცოდვისათვის დავით გოდებდა, ხოლო მე ბევრეულთა ცოდვათათვის შეგივრდები, იგი ცრემლითა სარეცელსა თვისსა დაალტობდა, ხოლო მე ცვარიცა ერთი არა მაქუს, ამისთვის განწირული ესე ვღაღადებ, შემიწყალე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა”.

იქვე:

„სინანული არა მაქუს მე და კვალად არცა ცრემლნი…”.

და კიდევ:

„ცრემლნი მომეც მე, ღმერთო ჩემო, ვითარცა ოდესმე დედაკაცსა მას ცოდვილსა და ღირს მყავ დალტობად ფერხთა შენთა”.

ხანდახან ლუი წმინდა აღიარებდა, რომ თუ უფალი ლოცვისას რამდენიმე ცრემლს მაინც წამოადენდა, არ იწმენდდა მათ: ცრემლი ღაწვებზე და წვერზე დასდიოდა, რაც ნეტარების განცდას ჰგვრიდა მომავალ წმინდანს და გემოსაც კი უსინჯავდა ცრემლს. ჩვეულებრივ, მეფე უცრემლოდ ინანიებდა ცოდვებს და თავისათვის ვერაფერი მოეხერხებინა [ლე გოფი 1996: 27-29].

* * *

როგორ მოხდა, რომ ადამიანური ტკივილისა და სევდის ყველაზე მკაფიო გამოხატულებამ ასეთი ღირებულება შეიძინა? ამ განაზრების იდეოლოგიური მატარებელი ისევ ქრისტიანობა გახდა. ფრანგი მეცნიერი პ. ნაგი თავის წიგნში ,,ცრემლის ისტორია შუა საუკუნეებში” აღნიშნავს, რომ შუა საუკუნეებში მხოლოდ ორი სახის ცრემლი ითვლებოდა ფასეულად: ლოცვისას მოდენილი და ცრემლი, როგორც ღვთის მადლის ნიშანი. ნაგის აზრით, ახალმა ოფიციალურმა რელიგიამ ,,იმ ღირებულებათა ინვერსია მოახდინა, რომლებსაც ქრისტე ქადაგებდა”. ამ შემთხვევაში მეცნიერი, როგორც ჩანს, იმას შენიშნავს, რომ ქრისტიანობამ წინ წამოსწია განსაკუთრებით ფასეული სათნოებები, ადგილი უცვალა მათ [ლე გოფი, ტრიუონი 2008:69].

ცხრა ნეტარებაში, რომელთაც იესო წარმოთქვამს, ასეთი პუნქტიცაა: ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინისცემულ იქმნენ. „განცდა თვისთა ცოდვათა“ – ესაა გლოვა საკუთარ ცოდვებზე. როცა გლოვას ვახსენებთ, აუცილებელი არ არის, მისი ფიზიკური გამოხატულება ვიგულისხმოთ, თუმცა ძლიერი და ჭეშმარიტი სინანულის დროს ადამიანს მართლაც მოსდის ცრემლი, რაც ღვთისაგან მომადლებული უდიდესი ნიჭი და წყალობაა. იყვნენ წმიდა მამები, რომლებსაც უფლისგან მიცემული ჰქონდათ ცრემლთაღვრის ნიჭი, ისინი ცრემლით დასტიროდნენ თავიანთ ცოდვებს…

ე.წ. მთის ქადაგებაში ნათქვამი სიტყვები სულიერ გლოვაზე, ცრემლთა დენაზე იმას მიუთითებს, რომ ახალ აღთქმაში ცრემლის სტატუსი საკმაოდ მაღალი გახლდათ. სხეულის ისტორიაში, რომელიც შუა საუკუნეებში იწერებოდა, ცრემლი დაუკავშირდა „ხორცის უარყოფას”. ასურელმა და ეგვიპტელმა მეუდაბნოე მამებმა პირველად აქციეს ცრემლი სასულიერო ცხოვრების ერთ-ერთ მთავარ ასპექტად. ქრისტიანობის ეს პიონერები მიზნად ისახავდნენ ,,სხეულზე პირდაპირ, უშუალო ზემოქმედებას, რათა სრულად შეეცვალათ ადამიანური პიროვნების სტრუქტურა. ასკეტური იდეალი, რომელიც წმინდა ანტონისა და III-V სს. სხვა განდეგილთა მაგალითის მეშვეობით გახდა პოპულარული, ნელნელა შუა საუკუნეებში მცხოვრებ მონაზონთა მოდელად დამკვიდრდა.

ცრემლის ფასეულობისა და მნიშვნელობის ზრდა მჭიდროდ დაუკავშირდა ხვედრს, რომელიც ქრისტიანობამ სხეულს განუმზადა. გვიანანტიკურ ეპოქაში ქრისტიანობის მოწოდება ცრემლთაღვრის თაობაზე უკავშირდებოდა ხორცის უარყოფას, უწინარესად კი, სხულებრივ სითხეთა ეკონომიას, რომლის დაცვა მკაცრად მოეთხოვებოდა ასკეტს.

მას ცოტა უნდა ესვა, რომ სხეულებრივი სითხის ოდენობა დაემცრო, ანუ დაემცრო ვნებათა აღძვრის პერსპექტივაც. ტირილი კი – ცრემლთაღვრა – სხეულიდან სწორედ სითხეს განდევნიდა და ამგვარად, ხელს უშლიდა სექსუალური ცოდვით დაცემას. თუმც, გრიგორიანული რეფორმისდროინდელ მონასტრებში ცრემლმა სხვა მნიშვნელობაც შეიძინა. ახლა ცრემლს ქრისტეს მიბაძვის ელემენტად განიხილავდნენ, ღმერ- თისა, რომელიც ადამიანად მოევლინა კაცობრიობას. ბიბლიაში იესო სამგზის ღვრის ცრემლს. პირველად, როცა თავისი მეგობრის, ლაზარეს გარდაცვალების ამბავს შეატყობინებენ, ,,აცრემლდა იესო” (იოანე, 11,35). მეორედ იესოს იერუსალიმის საშინელი მომავალი აცრემლებს. როცა მიუახლოვდა და დაინახა ქალაქი, ატირდა მის გამო: ,,ნეტავ ამ დღეს მაინც გცოდნოდა, რაც სამშვიდობოა შენთვის! მაგრამ ახლა ეს დაფარულია შენს თვალთაგან” (ლუკა, 19,41-42). მესამედ ქრისტე ტირის თავისი და- ღუპვის წინ, ზეთისხილის მთაზე ლოცვისას. ეს ეპიზოდი ყველაზე ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენს, რამდენადაც მაცხოვარი აქ საკუთარ თავს დასტირის. ებრაელებისათვის გაგზავნილ ეპისტოლეში ნათქვამია: „მან თავის ხორცში ყოფნის დღეებში ძლიერი ღაღადითა და ცრემლებით შესწირა ლოცვა და ვედრება მას, სიკვდილისაგან მისი დახსნის შემძლეს და შესმენილ იქნა იგი ღვთისმოშიშების გამო” (ებრ. 5, 7). წამიერად, იესოს თითქოს დეპრესია იპყრობს და ტირის იმ ტანჯვაზე, რომელიც ელის, ეჭვი აწვალებს, მამამ ხომ არ მიმატოვაო. ლუკას სახარებაში ჩვენ ვაწყდებით ამავე სცენის განსხვავებულ ვერსიას: „ამ ტანჯვაში მყოფი უფრო გულმოდგინედ ლოცულობდა; მისი ოფლი სისხლის წვეთებივით გახდა და მიწას ეპკურებოდა” (ლუკა, 22, 44). თვით აქაც კი შეიმჩნევა სითხის სიმბოლურად გააზრების თავზარდამცემი პრაქტიკა. სხეული აქ შეტყობინების საშუალებაა ღვთაებრივსა და ადამიანურს შორის.

ახალ აღთქმაში შემონახულია მნიშვნელოვანი მასალა, რომელსაცძალუძს ცრემლს პოზიტიური ხასიათი მიანიჭოს. დაწყებული ქრისტეს ცრემლით და დამთავრებული იოანეს წინასწარმეტყველებითი გოდებით – ეკლესიამ ეს მარჯვედ გამოიყენა. XI ს-დან ცრემლთაღვრის ნიჭი წმინდანობის კრიტერიუმად იქცა. წმინდანები ესწრაფოდნენ ტირილს, ცრემლი სათნოებად, დამსახურებად, ნიჭად, ქარიზმად მიაჩნდათ. ამავე დროს, ადრეულ შუა საუკუნეებში არ იყო მსგავსი ინტერესი ცრემლთაღვრის ნიჭისადმი, თუმც ბენედიქტე ნურსიელის წესდებაშიც არსებობდა პუნქტი შენანებითი ცრემლთაღვრის თაობაზე. ეს ვითარება აიხსნება იმით, თუ რა დონეზე მიმდინარეობდა ქრისტიანიზაცია იმ ეპოქაში: მაშინ მთავარ ამოცანად რჩებოდა განმტკიცება გარეგნული მხარისა, რიტუალებისა, კოლექტიური ქცევისა; თვითანალიზი ჯერ არ გავრცელებულიყო.მონაზვნები ის-ის იყო დაინტერესებულიყვნენ საკუთარ სულში ჩაღრმავებით.

გარდატეხა მოახდინეს პირველი და მეორე ათასწლეულების მიჯნაზე მოღვაწე მონაზონ-რეფორმატორებმა, როგორებიც იყვნენ განდეგილი ბერი პეტრე დამიანი (1007-1072), შემდეგში ოსტიის (ქალაქი იტალიაში) კარდინალი (სხვათა შორის, მან აქცია პოპულარულად იოანე დამასკელის ფორმულიერება, ფილოსოფია ღვთისმეტყველების მოახლის როლითღა უნდა დაკმაყოფილდესო), და იოანე ფეკანელი (ქალაქი საფრანგეთში). მან დაწერა ,,ცრემლის მადლის სათხოვარი”. ამ ტექსტში სულიერი თხოვნა ამბივალენტურ სხეულებრივ -რომ არა ვთქვათ, სექსუალურ – ხასიათს იძენს: „ქრისტე ტკბილო, კეთილო იესო, როგორ მსურხარ,როგორ გვედრი მთელი ჩემი სულით, შენც მომმადლე შენი სიყვარული, წმინდა და სუფთა; დაე, მან ამავსოს, დამიპყროს, დაე, ის მფლობდეს. მომმადლე შენი სიყვარულის ნათელი ნიშანი, ცრემლის გულუხვი წყარო; დაე, შეუჩერებლივ მდიოდეს ცრემლი; ის დაამტკიცებს შენს სიყვარულს ჩემდამი”.

საქმე ის არის, რომ კატეგორიები, რომლებითაც აზროვნებდა შუა საუკუნეების ადამიანი, არ სცდებოდა ისტორიული რეალობის საზღვრებს და სიმბოლურ ფორმებს. ცრემლი აღიქმებოდა ღვთაებრივი წარმომავლობის მქონე ერთგვარ ნაყოფიერებად. ამგვარადვე გაიაზრებოდა ლოცვა, მონანიების სიტყვები. შუა საუკუნეებში ამბობდნენ, მონაზონი ისაა, ვინც ტირისო. ამიტომაც წერდა მიშლე, რომ შუა საუკუნეების მთელი იდუმალება ცრემლით ცხადდება. იოჰან ჰეიზინგა ამას გემოვნებით ხსნიდა: შუა საუკუნეთა მკვიდრთათვის ნიშანდობლივი იყო ,,გემოვნების სიმძაფრე“, ,,ცხოვრებისეულ ფერთა სიმკვეთრე“. ჰოლანდიელი მეცნიერის აზრით, შუა საუკუნეებში ტანჯვა და სიხარული, უბედურება და წარმატება უფრო საგრძნობი იყო; ადამიანური განცდები ინარჩუნებდნენ იმ სისავსესა და უშუალობას, როგორითაც ბავშვის სული აღიქვამს ტკივილსა და სიხარულს. ყველა მოქმედება, ყველა საქციელი დამუშავებული და გამომსახველი რიტუალის ნაწილი იყო, რომელიც ცხოვრების ხისტ სტილად ყალიბდებოდა. ძირითადი მოვლენები – დაბადება, ქორწინება, სიკვდილი -საეკლესიო საიდუმლოებათა წყალობით მისტერიულ ბრწყინვალებას იძენდნენ. ყველაზე უმნიშვნელო ამბავსაც კი – მოგზაურობა, მუშაობა, საქმიანი თუ მეგობრული სტუმრობანი -კურთხევა, ცერემონია, რიტუალი ახლდა თან. წიგნში ,,შუა საუკუნეების შემოდგომა” მოყვანილია დომინიკელი ბერის, წმ. ვინსენტ ფერერის მაგალითი: მის ქადაგებას მსმენელნი ყოველთვის ცრემლმორეულნი უსმენდნენ. საშინელი სამსჯავროს, ჯოჯოხეთის, ქრისტეს ვნებათა ხსენებისას მქადაგებელიცა და პუბლიკაც მოთქმით ტიროდა. ცოდვილნი ყველას თვალწინ ცვიოდნენ ძირს და მწარე ცრემლით ინანიებდნენ ჩადენილ ცოდვებს [ჰეიზინგა]. შუა საუკუნეებში ცრემლი უაღრესად სულიერი ხასიათისაა. მისი წყალობით, ღმერთმა იმოქმედა სხეულზე, რათა მას ღვთაებრივისაკენ ესწრაფა [ლე გოფი, ტრიუონი 2008:73].

* * *

ვცადოთ იმის გარკვევა, რამდენად ეთანადება შუა საუკუნეების ქართული სამყარო ევროპულს. ცრემლთაღვრის ნიჭზე არსებული თეოლოგიური ლიტერატურა, ძირითადად, აღმოსავლური ეკლესიის ბურჯთა შექმნილია. ეს თხზულებები უხვად ითარგმნებოდა ქართულად, რაც ამთავითვე გვათქმევინებს, რომ სურათი თითქმის იდენტურია. ეს შეფასება ემყარება შუა საუკუნეების ქართულ საისტორიო ტექსტთა ანალიზს IV-დან XIV საუკუნემდე.

იკვეთება წმინდა მამათა ნაღვაწიდან კარგად ცნობილი ოპოზიცია: ბუნებითი ცრემლი, ორგანული რეაქცია გამღიზიანებელზე (შიში, უბედურება, განშორება, საყვარელი ადამიანის სიკვდილი და სხვ;) და საღმრთო ცრემლი (ცოდვათაგან განმწმენდი, საკრალურთან მიახლოებისას წარმოდენილი, სინანულის ნიშანი, ლოცვისას მოგვრილი და სხვ.).

განსხვავდება ქრისტიანისა და წარმართის ცრემლიც: წარმართის ცრემლი შიშზე ბუნებრივი რეაქციაა, ქრისტიანისა – საღმრთო მადლი ან განმწმენდი სათნოება.

ეს ფიქრები აღგვიძრა წმინდა ნინოს ცხოვრების ხელახალმა წაკითხვამ. „ბრანჯნი” („ფრანგნი”) რომის იმპერატორს განუდგნენ. რომაელთა ჯარს ზაბილონმა უსარდლა და ქრისტეს შეწევნით მოჯანყენი დაამარცხა. ბრანჯთა მთავარი და წარჩინებულნი შეიპყრო და იმპერატორს მიჰგვარა, რომელმაც სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანა განდგომილთ. „მაშინ იწყეს მათ ტირილად…“ ეს ცრემლთადენა მოსალოდნელი სიკვდილის შიშით უნდა იყოს გამოწვეული. მაგრამ შუა საუკუნეების ტექსტში ყოველივე აქ და ამით არ მთავრდება: წარმართი ,,ბრანჯები“ ზაბილონს ევედრებიან, ნათელი გვეც იმ ღმერთის სახელით, რომელმაც შენ ხელი მოგიმართა. ხოლო თუ ქრისტიანად დავიღუპებით, შენ ჩვენს სიკვდილში ბრალი არ დაგედებაო. ზაბილონს ბრანჯთა თხოვნა რომის იმპერატორისა და პაპისათვის უცნობებია. ამ უკანასკნელს კი ბრანჯნი მოუნათლავს. მეორე დღეს – აწ უკვე გაქრისტიანებულნი – გასულან „ადგილსა სასიკვდინესა”. ბუნებრივი იქნებოდა, რომ სასიკვდილოდ განწირულთ კვლავაც ტირილი დაეწყოთ. განაჩენი ხომ არ შეცვლილა? თუ ერთი დღის წინ მოსალოდნელი სიკვდილი ცრემლს ადენინებდათ, ემოცია ხომ იგივე უნდა ყოფილიყო? მაგრამ აქ საწინააღმდეგო სურათს ვაწყდებით: ბრანჯნი მყუდროდ განვიდეს ადგილსა სასიკვდინესა და სიხარულით მოელოდეს სიკვდილსა“. ამის შემხედვარე ზაბილონიც აცრემლებულა: „აღიძრა გონებითა და ტიროდა ფრიად“. ნათელია, რომ ქრისტემ, მისმა მადლმა თუ მაგალითმა გაქრისტიანებული ბრანჯების ემოციური სამყარო ამოაყირავა: როცა ჯერ ისევ წარმართნი არიან, ემოცია ადამიანურ კანონს ემორჩილება – სიკვდილის შიში ყველაზე მამაცსა და შეუდრეკელსაც კი ატირებს! – მაგრამ ქრისტესთვის სიკვდილი მოსალოდნელ სუფევას აახლოებს. საკრალურთან შეყრა ზოგადადამიანურ ტკივილს სიხარულად გარდაქმნის. შესაძლოა, ეს ახსნა დაგვეხმაროს იმ სიტყვების წვდომაში, რომელთაც ჯერ ისევ წარმართი სიკვდილმისჯილნი ზაბილონს ეუბნებიან: თუ ქრისტეს ნათელმიღებულნი დავიხოცებით, ამაში დამნაშავე შენ არ იქნებიო. ამ ეპიზოდის ორივე პერსონაჟი – ბრანჯებიცა და ზაბილონიც – ორგანულად იქცევა: ერთი დამტყვევებელს მიიჩნევს მოსალოდნელი დაღუპვის მიზეზად.

მეორე განდგომილებას აღკვეთს და მოჯანყეთ სიკვდილით სჯის. ბუნებრივია, ნარატორი არსად ამბობს, რომ ჩადენილის (ალბათ, მერამდენედ!) გამო ზაბილონს სინდისის ქენჯნა დასჩემებოდეს. მას აწ უკვე ქრისტიან თანამოძმეთა შეუდრეკლობა („სიხარულით მოელოდნეს სიკვდილსა“) ატირებს (,,ტიროდა ფრიად“). და ეს ცრემლიც სიხარულის ცრემლია – იმ სიხარულისა, წარმართთა სულიერ-გონებრივმა ტრანსფორმაციამ რომ დაბადა. ზაბილონმა გააცნობიერა („აღიძრა გონებითა“) ქრისტეს ძალმოსილება და აწ უკვე გარდაქმნილი ადამიანების სიკვდილი ენანება. ამიტომაც გამოითხოვა იმპერატორისაგან მათი სიცოცხლე, რასაც მოჰყვა ბრანჯთა მთელი სამკვიდრებლის ქრისტეს სჯულზე მოქცევა [ქართული პროზა 1981: 188].

ბუნებრივია საყვარელ ცოლ-შვილთან განშორებისას მოგვრილი ცრემლი: ზაბილონმა „შეიტკბო ასული თვისი და სახედ წვიმისა დამოადინნა ცრემლნი და იჯმნა მეუღლისაგან”, მაგრამ თვით მიზეზი განშორებისა ქრისტეა – ზაბილონი უარს ამბობს ერისკაცობაზე, სახელმწიფო სამსახურით ნაშოვნ ქონებას გლახაკებს აძლევს და ელიასა და იოანეს მსგავს მეუდაბნოეობას არჩევს. აქ ზაბილონის გული ბრძოლის ველად აღიქმება – ამ სულიერ ბრძოლაში ქრისტე იმარჯვებს [ქართული პროზა 1981: 189].

გავიხსენოთ კერპთა დალეწვის შემდეგ ნინოსთან მისული ქართლის წარჩინებული მხევალი შროშანა: იგი დაწვრილებით გამოჰკითხავს ნინოს ვინაობას, ქართლში მოსვლის მიზეზს და „ფრიადითა ცრემლით აღივსება”.შეიძლება ვიფიქროთ, რომ წარმართ ქალბატონს მხოლოდ ნინოსმწარე ბედი აცრემლებს: რა გასაკვირია, ადამიანურად გული შეძვროდეს ნინოს ხიფათით აღსავსე ოდისეის მოსმენისას? ეგებ, ამიტომაც ურჩევს დედოფალთან წასვლას, რათა შორი გზიდან მოსული ტყვექალისათვის, დაღლილისა და მშივრისათვის, ხელი გაემართა? მაგრამ შუა საუკუნეების ლიტერატურა შუა გზაზე არ სტოვებს თვით წარმართსაც კი: ერთხელ, როცა ნინო ,,სამოთხის ხის“ ჩვენებას უამბობს შროშანასა და სიდონიას, სჯულით იუდეველს, სიდონია ცრემლით აღიძვრება და ნინოს მისიის არსს სწვდება: მან უნდა გაუნათლოთ სული, მან უნდა შეაცნობინოთღმერთი ჭეშმარიტი. აქ უბრალო ადამიანური თანაგრძნობის ცრემლი საღმრთო არსების ჭვრეტით მოგვრილ ცრემლად გარდაიქმნება [ქართული პროზა 1981:196-197].

როგორაა შესაძლებელი შიშისაგან თავდახსნა? გულმხურვალე ლოცვით. ცრემლი და ლოცვა განუყოფელია. მართალია, ადამიანური შიშიც იწვევს ცრემლს და ღმერთთან მიახლების წყურვილიც, მაგრამ ამ ცრემლთა არსი განსხვავებულია.

წმინდა ნინოს ცრემლიც ამბივალენტურია: ერთი მხრივ, ადამიანურ შიშს მოყოლილი, უცხო წარმართულ ქვეყანაში გამგზავრებას რომ სდევს და, მეორე მხრივ, საღმრთო ნუგეშისა, რომ უფალი ყოველთვის მის შემწედ რჩება. გავიხსენოთ ჯავახეთს მისული ნინოს ემოცია: ზაფხულში მთებზე დადებული თოვლის დანახვისას „შეძრწუნდა და ილოცვიდა და დამოადინნა ცრემლი“. ეს ეგებ ადამიანური შიშით ნაშობ ცრემლად მივიჩნიოთ. ხოლო როცა ძილში „კაცი ბრწყინვალე ხილვით“ წარმოუდგა და მისი მისიის გამამართლებელი ,,სახარება“ და საღვთო სანქტიფიკაციის (,,დაბეჭდული”) მიმნიჭებელი „წიგნი” მისცა, რომელსაც ,,ცრემლით მიუგო”, შემდეგ კი, ნუგეშმოცემული ღვთისმშობლისათვის ილოცვიდა და ,,ცრემლითა ქვეყანას დაალტობდა“, ეს ცრემლი საღმრთო მადლია: ,,განათლდაგონება მისი მადლითა ქრისტესითა… და უშიშითა გონებითა წარემართა“ [ ქართული პროზა 1981:193].

ლოცვის გულმხურვალება ცრემლით გამოიხატება: ნინოს ასეთი ლოცვა ანგრევს კერპებს [ქართული პროზა 1981:196]. ვახტანგ გორგასალი ,,ცრემლითა ევედრებოდა ღმერთსა და … ითხოვდა შეწევნასა“ [ქართული პროზა 1981:538]. თამარს „ცრემლით ვედრება ღმრთისა ზემდგომრობითაგანსაკვირვებელ აქვნდა“ და ბუნებრივადაც კი აღიქმება, რომ „არა დასცხრებოდა ცრემლთა ვედრებად, ვიდრემდის სრულყო ღმერთმან სათხოველი მისი” [ქართული პროზა 1982: 218; 255]. ღმერთს ჯარის გამარჯვებასაც ცრემლით ავედრებდა. რუკნადინის შეურაცხმყოფელი წერილის წაკითხვის შემდეგაც „ცხელთა ცრემლთა დამოდინებითა“ შესთხოვა შემოქმედს თავისი ლაშქრის შეწევნა. სარწმუნოებრივ საკითხებზე მოპაექრე სომეხ და ქართველ სასულიერო პირთა ორივე კრებული ლოცვისას ტირის [ქართული პროზა 1982: 255-256; 263; 246]. დავით ლაშას ძე, განსაცდელის წინ, ხატს პირსა და თვალებზე იდებს, ლოცვისას კი „ცრემლნი სიმწარისანი გარდმოსთხივნა“ [ქართული პროზა 1982: 320]. დმანისისა და მარტყოფის ხატებს „მხურვალითა ცრემლითა“ ევედრება შვილის გამოჯანმრთელებას [ქართული პროზა 1982: 366]. დიმიტრი მეორე სიკვდილის წინ ,,ილოცვიდა ცრემლთა მოდინებითა ქვეყანასა ზედა“ [ქართული პროზა 1982: 398].

საკრალურთან მიახლოება ღმერთის ხილვის ტოლფასია და ცრემლთაღვრა აქაც ბუნებრივი რეაქციაა.

გავიხსენოთ მცხეთელი ელიოზის და, რომელმაც კვართი გულშიჩაიხუტა, ,,ხმა ყო ცრემლით და აღმოუტევა სული“. სვეტი ცხოვლის შემხედვარე „ყოველი ქალაქი და თვით მეფე და დედოფალი ცრემლითა ილტობოდეს“, ხოლო კახეთის დედოფალი სუჯი „ვიდოდა უხამური და ცრემლითა დაალტობდა ქვეყანას“ [ქართული პროზა 1981: 197; 205; 206; 212]. ამასვე მიუთითებს სასწაულმოქმედ ხატთა წინაშე ცრემლთაღვრა. და კიდევ: შუა საუკუნეთა ქართულ ნარატივში არაერთხელ აღიწერება სულთმობრძავ მეფეთა უკანასკნელი ცრემლიანი წუთები. არსთა გამრიგესთან მოსალოდნელი შეყრა ცრემლთადენას იწვევს: ტირის ვახტანგ გორგასალი, ტირის ლაშა-გიორგი, ტირის დიმიტრი II…

ადამიანი სიკვდილის შვილია. მისი გარდაცვალება დასანანია, მაგრამ გლოვაზე ყურადღების განსაკუთრებით გამახვილება არ ეგების. მხოლოდ მეფეთა – უფლის ცხებულთა -სიკვდილი იწვევს საყოველთაო უბედურებას.

ამ დებულების სისწორეს ადასტურებს ქართველ ნარატორთა პოზიცია, როცა ისინი არა მხოლოდ წარმართ გარდაცვლილთ სტოვებენ უყურადღებოდ, არამედ არას ამბობენ თვით მეფეთა ძეთა დაკარგვის გამო გამოწვეულ განცდებზე. მხოლოდ უფლის ცხებულთა გლოვა აღიწერება და ეს რიტუალი მთლიანად ცრემლს გაუჯერებია. ამ ეპიზოდებში ვაწყდებით სულხან-საბასეული ტირილის კონოტაციებს, ძირითადად: გოდებასა და ვაებას.

ვახტანგ გორგასლის გარდაცვალება წარჩინებულთა და ყოველი ერისათვის სასჯელის დღეა – „ხმისაგან ტირილისა და გოდებისა იძრვოდა ქვეყანა” [ქართული პროზა 1981: 581-582]. გიორგი I-ს გარდაცვალებამ მამულის მკვიდრთა და სამეფოს ,,დაუტევა გლოვა და მწუხარება“ [ქართულიპროზა 1981: 93]. ლაშა-გიორგის გარდაცვალებამ გამოიწვია „საშინელნი ტკივილნი, ცრემლთა წილ გულით სისხლის დენანი, წარწირვანი დარჩომისა და სიცოცხლისანი…“ [ქართული პროზა 1982: 160]. თამარის დედის, ბურდუხანის გარდაცვალება იმდენად სამწუხარო ყოფილა. „რომელმანცა ენამან გამოთქვა?“ თამარს ცრემლთა ათასეული ნაკადი დასდენია. გიორგი III-ს გარდაცვალებისას თამარს ,,უსწრობდა წყარო სისხლის წყაროსა ცრემლთასა“ და ა.შ. [ქართული პროზა 1982: 176-177]. საყურადღებოა, რომ მეფის გარდაცვალებით გამოწვეულ ტკივილს აორმაგებს ქრისტესათვის გაწეული სამსახური და ნარატორს ამის აღნიშვნა არ ავიწყდება. ვახტანგ გორგასლის სიკვდილით გულმოკლული,,მორწმუნე ერი ჰნატრიდა მეფესა, რამეთუ ქრისტესთვის მოიკლა”. ხანდახან სამეფოს მკვიდრთ მეფის უდროო გარდაცვალება ან ქველი თვისებები ამწუხრებთ. გიორგი I-ს ,,იგლოვდეს ყოველნი სიკეთისა და სიჭაბუკისა და ახოვნებისა მისისათვის”.

ზემოთ მოცემული მოდელები იმას როდი ნიშნავს, რომ შუა საუკუნეების ქართული ნარატივის პერსონაჟები მხოლოდ ამ მიზეზით ტიროდნენ. ცხადია, ტექსტში გვხვდება სოლიდარობის, სინანულის, თანაგრძნობის, საყვარელ ადამიანთან დაშორების, მადლიერების, მტრის შემოსევისა და ქვეყნის განადგურების გამო ტირილის, სიხარულის ცრემლის ამსახველი ეპიზოდები.

ქართულ საისტორიო ტექსტებში ტირილი, ძირითადად, ქრესტომათიული მეტაფორებით გამოიხატება.

სულხან-საბა ცრემლს თვალის წყლად განმარტავს და ეს გადაჭარბებული სიტყვიერი ეკონომია სჭვივის ცრემლსა და ტირილთან დაკავშირებულ ყველა მეტაფორაში. ყოველივე წყლის დენას უკავშირდება: ,,სახედ წვიმისად დამოადინნა ცრემლი”; „ცრემლითა ქვეყანას დაალტობდა”, „ცრემლთა ნაკად დენითა ათასეულითა“; „წყაროსა ცრემლთასა“ და ა.შ. ეს ქრესტომათიული სურათი – როგორც წყალი (მდინარე, წყარო, წვიმა და სხვ.) ალბობს მიწას, ისევე ალტობს ცრემლი ადამიანის სახეს -ხანდახან იცვლება, მეტაფორის თვისებებიც კი იკარგება, რადგან ცრემლი თითქმის ყველგან ქვეყანას, მიწას, მოტირალისა თუ სხვა პერსონაჟის ფეხებს და სხვ. ალტობს და არა – მოტირალის სახეს. ნარატორი ცრემლის ნაკადის იმ ოდენობას აღწერს, რომ მის ასპარეზად ადამიანის სახე საკმარისი აღარ არის – ცრემლი მთელ ქვეყანას ედება. ერთგან ცრემლი სამოთხის იმ მდინარედაც კი გარდაისახება, რომელიც გარს უვლის ეთიოპიას: „ნაკადნი ცრემლთანი… მსგავსად სამოთხისა მომცენარეობდეს სახედ გეონისა“.

ძირითადად, ცრემლი მდინარესთან, წყაროსთან, წვიმასთანაა შედარებული. თუმც, აქაც შეიძლება ერთგვარი დიფერენცირება. ნიკიტა სტიფატის სწავლების თანახმად, სინანულის ცრემლი მდინარეს ჰგავს, რომელიც ცოდვის მთელ ხმელეთს ფარავს. საღმრთო სათნოების ცრემლი კი წვიმაა ყანისათვის და ცვარია მარცვლისათვის.

ცხადია, ძნელი დასადგენია (და ალბათ, საჭირო არცაა), რამდენად ეთანადება წმინდა მამის ნააზრევი ქართულ ტექსტში ნახსენებ ცრემლებს, მაგრამ იმის აღნიშვნა კი შეიძლება, რომ ცრემლის მეტაფორიზებისას მდინარეც გამოიყენება და წვიმაც.

ტექსტში ხშირად გვხვდება „მხურვალე“ ან „ცხელი“ ცრემლი. წმინდა მამები მიიჩნევენ, რომ ვნებები ახურებენ სულს. ეს ცეცხლი ხდის მხურვალეს ცრემლსაც, რომლის გადმოდინება ცეცხლს აქრობს ანუ სულს ვნებათაგან ათავისუფლებს.

ლიტერატურა:

1. ღირსი იოანე სინელი, კიბე ანუ კლემაქსი, http://www.orthodoxy.ge/tserilebi/kibe/sarchevi.htm

2. Исаак Сирин, О божественных тайнах и о духовной жизни, http://www.krotov.info/history/07/sirin- al/sir- 18.html

3. Слова преподобного Симеона Нового Богослова, том 3. Гимн первый. http://www.omolenko.com/biblio/simeon-tom3.htm?p=1#toc10;

4. БЕСЕДЫ О БОГОПОЗНАНИИ И САМОПОЗНАНИИ ПО УЧЕНИЮ СВЯТЫХ ОТЦОВ, http://ni-ka.com.ua/index.php?Lev=prelest#prl90

5. Жак Ле Гофф,Николя Трюон, История тела в средние века, Москва

6. Saint Louis by Jacques Le Goff, Paris

7. Жак Ле Гофф,Николя Трюон, История тела в средние века, Москва

8. И. Хейзинга, Осень средневековья. Яркость и острота жизни. http://www.gumer.info/bibliotek- Buks/Culture/Huiz/01.php

9. Жак Ле Гофф,Николя Трюон, История тела в средние века, Москва

10. ქართული პროზა, წიგნი I, მეხუთე-მეთერთმეტე საუკუნეების მწერლობა, უცნობი ავტორი, ნინოს ცხოვრება, თბილისი

11. იქვე

12. იქვე

13. იქვე

14. იქვე

15. იქვე, ჯუანშერი, ცხოვრება ვახტანგ გორგასალისა

16. ქართული პროზა, წიგნი III, მეთერთმეტე-მეთოთხმეტე საუკუნეების მწერლობა, უცნობი ავტორი, ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი, ბასილი ეზოსმოძღვარი, ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი, თბილისი

17. იქვე

18. იქვე

19. იქვე

20. იქვე

21. ქართული პროზა, წიგნი I, მეხუთე-მეთერთმეტე საუკუნეების მწერლობა, უცნობი ავტორი, ნინოს ცხოვრება, თბილისი

22. იქვე

23. ქართული პროზა, წიგნი III, მეთერთმეტე-მეთოთხმეტე საუკუნეების მწერლობა, უცნობი ავტორი, მატიანე ქართლისა, თბილისი

24. ქართული პროზა, წიგნი III, მეთერთმეტე-მეთოთხმეტე საუკუნეების მწერლობა, უცნობი ავტორი, ლაშა-გიორგისდროინდელი მატიანე, თბილისი

25. იქვე, უცნობი ავტორი, ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s