ადა ნემსაძე _ ლიმონის სიმბოლიკა ოთარ ჭილაძის რომანებში


ენა, მითი, რელიგია, ხელოვნება და მეცნიერება არის
„სიმბოლური ფორმა“, რომლის საშუალებითაც ადამიანი
აწესრიგებს თავის გარშემო არსებულ ქაოსს.

კასირერი

XIX საუკუნის დესიმბოლიზებული ლიტერატურა XX საუკუნეში ღრმად სიმბოლიზებულმა ლიტერატურამ შეცვალა. გამონაკლისი არც ჩვენი უახლესი მწერლობა ყოფილა. ამ თვალსაზრისით მეტად საინტერესო მწერალია ოთარ ჭილაძე. მისი რომანების მხატვრული სისტემა ტექსტის ქსოვილში ჩაღრმავებისას ინტერპრეტაციის უსაზღვრო საშუალებას იძლევა. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ე. წ. „ცნობიერების ნაკადის“ ლიტერატურასთან სიახლოვე, რაც თავისთავად განსაზღვრავს მწერლის ხელწერას: სათქმელის სიმბოლოებითა და კოდებით გადმოცემა. ყოველი სიმბოლური ფორმა წარმოადგენს აღქმის განსაზღვრულ მეთოდს, რომლის საშუალებითაც კონსტრუირდება „სინამდვილის“ საკუთარი, განსაკუთრებული ქვეყანა. თუკი მოვახერხებთ, ოთარ ჭილაძის სიმბოლოთა აზრობრივ რეზერვს ნაწილობრივ მაინც ჩავწვდეთ, მართლაც რომ საოცარ „ქვეყანაში“ აღმოვჩნდებით. ეს არის სამყარო, რომელშიც სულიერი ღირებულებანი და მორალური ფასეულობები ყველაფერზე მაღლა დგას, სადაც ყოფიერება გაკეთილშობილებულია, სადაც სიკეთის მარადიულობის პრობლემა საბოლოოდაა გადაჭრილი.

ოთარ ჭილაძის სიმბოლოები მრავალფეროვანია. მის რომანებში ბევრი რამის გააზრება შეიძლება სიმბოლურად, მაგალითად: ირემი, მამალი, თოვლი, სახედარი, დიდი ცაცხვის ხე, ლიმონი, ნატაძრალი („ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“); ზღვა, თეატრი, არყიან ბოთლში ჩადებული კიტრი, ლიმონი, ტყე, ცხვარი, ზამთრის ქოხი და მისი ბინადრები: ბრტყელსახიანი, აირწინაღიანი და სათვალიანი („რკინის თეატრი“); მამალი, ლიმონი, ნატაძრალი და მასში თავშეფარებული უცნობი, გიჟკოლას დაკარგული მამა, ვანო მასწავლებლის გაუჩინარებული გოგო („მარტის მამალი“) და სხვ. ამგვარი სახეები ტექსტებში მრავლად მოი პოვება. მათ შორის არის რამდენიმე მყარი სიმბოლო, რომელიც მეორდება სხვადასხვა რომანში და ყველა ცალკეულ შემთხვევაში საკუთარი მნიშვნელობა აქვს. ამჯერად ჩვენ ყურადღებას ლიმონის სიმბოლიკას მივაპყრობთ და შევეცდებით, გავხსნათ მისი არსი და დავადგინოთ ის კანონზომიერება, რაც სხვადასხვა რომანში ერთი და იმავე სიმბოლოს გააზრებას უკავშირდება.

ჯერ კიდევ სოსიური უპირისპირებდა ერთმანეთს სიმბოლოს და კონვენციურ ნიშანს, უსვამდა რა ხაზს პირველის იკონურ ელემენტს: სასწორი შეიძლება იყოს სამართლიანობის სიმბოლო, რადგან იკონურად გულისხმობს თანასწორობის (თანაწონადობის) იდეას, ხოლო საზიდავი – არა. სოსიურის ამ აზრის გათვალისწინებით, ლიმონის იკონური ელემენტი – მრავალწლიანი მარადმწვანე კულტურული მცენარე, ველურად არ არის შენიშნული; კავკასიაში მისი მოშენების ერთ-ერთი უმთავრესი რაიონია შავი ზღვის სანაპირო; აქვს სამკურნალო თვისებები – თავიდანვე მიუთითებს სიმბოლოს ზოგად სახეზე. მხოლოდ აქედან გამომდინარეც შეგვიძლია შევნიშნოთ, თუ რატომ მიმართავს მწერალი მაინცდამაინც ამ სიმბოლოს: იგი არის, ერთი მხრივ, ეროვნული იდენტობის მიმანიშნებელი (გავრცელების არეალით) და, მეორე მხრივ, დადებითი იდენტობის ნიშანი (სამკურნალო თვისებებით).

სიმბოლო, ტროპის ერთ-ერთი სახეობა, ისეთივე ძველია, როგორც ადამიანური აზროვნება. ამისთვის მხოლოდ პეტრე იბერის „არეოპაგეტული კრებულის“ დასახელებაც იკმარებდა, სადაც ყოველივე ხილული აღწერილია, როგორც სიმბოლო ღვთის „უხილავი, იდუმალი და განუსაზღვრელი“ არსისა. თუმც სიმბოლოს ფილოსოფიურ-ესთეტიკური გააზრება შედარებით გვიანდელია, კულტურული განვითარების ნაყოფია. მისი უამრავი განმარტება არსებობს. როგორც იური ლოტმანი აღნიშნავს, `ნებისმიერი ლინგვისტურსემიოტიკური სისტემა არასრულყოფილია, თუკი არ იძლევა სიმბოლოს საკუთარ განსაზღვრებას. …და მაშინაც კი, როცა არ ვიცით, რა არის სიმბოლო, თითოეულმა სისტემამ იცის, რა არის „მისი სიმბოლო“ და იგი მას სჭირდება საკუთარი სემიოტიკური სისტემის მუშაობისათვის“ (ლოტმანი 1992: 191). ჩვენც სიმბოლოს სხვადასხვა განმარტებაზე დაყრდნობითა და მხატვრული სისტემის კონტექსტის გახსნით შევეცდებით, შევაღწიოთ ტექსტის ლინგვისტურ ქსოვილში.

სიმბოლო არის ცნება, რომელიც აფიქსირებს მატერიალური საგნების, მოვლენების, გრძნობადი სახეების თვისებას, გამოხატოს იდეალური შინაარსი, მათი უშუალო გრძნობად-კონკრეტული ყოფიერებისაგან განსხვავებით (ავერინცევი 2001: 156). ეს განმარტება უკვე იძლევა იმის საშუალებას, რომ ლიმონში დავინახოთ ბევრი ურთიერთგანსხვავებული, მაგრამ არა ერთმანეთთან დაპირისპირებული მნიშვნელობა, რის შესაძლებლობასაც ოთარ ჭილაძის მხატვრული სისტემა ნამდვილად იძლევა.

რომანში „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ ამ სიმბოლოს ხვედრითი წილი სხვა დანარჩენ რომანებთან შედარებით მცირეა, მხოლოდ ერთგან არის ნახსენები, თუმც ეს სულაც არ უშლის ხელს მისი ღრმა აზრობრივი ველის ჩამოყალიბებას. პეტრე მაკაბელი ცოლად ირთავს ზღვისპირელი თავადის ასულს. „პატარძალს ბაბუცა ერქვა, მიქელაძის ქალი გახლდათ, მის მოახლეს კი – აღათია. მოახლის გარდა, ფიცრის პატარა ყუთში ჩარგული ლიმონის ხე მოჰყვა (რომელიც ორი კვირის თავზე გახმა და ყუთიანად გადააგდეს)“. ლიმონის მნიშვნელობას აქ აზუსტებს კიდევ რამდენიმე დეტალი. ბაბუცას მასთან ერთად მზითევში მოჰყვა საკმაოდ ვრცელი ბიბლიოთეკა, მამისეული ხმალი და ჯვარი. ბიბლიოთეკა, ხმალი და ჯვარი – წიგნიერება, ეროვნული მებრძოლი სული და ქრისტიანული რწმენა – კიდევ უფრო აკონკრეტებს იმ მორალურ-ზნეობრივ ატმოსფეროს, რაც ბაბუცას უკავშირდება რომანში და რომლის შეტანასაც იგი ცდილობს მაკაბელთა ოჯახში. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ნათელი ხდება ლიმონის სიმბოლოს მნიშვნელობა. მასში მოიაზრება მხოლოდ დადებითი საწყისი. კეთილშობილი წარმომავლობის, უშიშარი მამის შვილი, ქართულ ტრადიციებზე აღზრდილი, კეთილი, სათნო ბაბუცა სრულიად საწინააღმდეგო სახეა მაკაბელებისა, რომელთა სახასიათო ნიშნებია: საეჭვო წარმომავლობა, მშიშრობა, ტრადიციების უქონლობა, ბოროტება. ის ფაქტი კი, რომ ლიმონი მაკაბელთა ოჯახში ვერ ხარობს და ძალზე მალე ხმება, ორი ურთიერთსაპირისპირო საწყისის ერთმანეთთან შეუთავსებლობაზე მიუთითებს. ამას რომანში განვითარებული სხვა, უფრო მასშტაბური მოვლენებიც ადასტურებს: გიორგას დაღუპვა, ანას გაგიჟება, ალექსანდრესა და ნიკოს სახლიდან წასვლა, ანეტას უბედურება… აქედან გამომდინარე, ლიმონი რომანში არის დადებითი სოციალური და ფსიქოსოციალური იდენტობის ნიშანი. მისი გახმობა კი ამ სივრცეში დადებითი იდენტობის კრიზისის დასტურია.

სიმბოლო მყარი მხატვრული სახეა. იგი დიაქრონიულად არსებობს ულტურის მეხსიერებაში, საიდანაც ხვდება მწერლის მეხსიერებაში და ახალ ტექსტში ცოცხლდება. ეს არის სიმბოლოს სინქრონული სახე. ერთი და იგივე სიმბოლო გვხვდება ერთმანეთისაგან ძლიერ დაშორებულ ტექსტებში, რამდენადაც მას ამოუწურავი აზრობრივი ველი აქვს, განსხვავებული მნიშვნელობებით. თუმც ამისთვის სულაც არაა აუცილებელი ლიმონის სიმბოლიკა ოთარ ჭილაძის რომანებში ვრცელი პერიოდი, რის დასტურად ოთარ ჭილაძის „რკინის თეატრის“ სიმბოლური ველის ანალიზიც კმარა. ამ რომანში ლიმონი მრავალპლანიანი სიმბოლოა.

დიმიტრის ეზოში ლიმონი უცნაურ დროს, ადრიან გაზაფხულზე, ისხამს ნაყოფს. ამის შემდეგ კი უფრო საოცარი რამეც ხდება: ეზოში შემოსული სიკვდილი მას წყვეტს, წვენს გამოსწუწნის, გადააგდებს და მიდის. „სიცოცხლის გეშინოდეს, დიმიტრი, სიცოცხლის! ხარბია. ყველაფერი ბევრი უნდა. თანაც ახლავე. მე კი ვიცდი, ვიცდი და ვარ ამ ერთ ლიმონს მიჩერებული,“ – თან ამ სიტყვებს უტოვებს გაოცებულ მასპინძელს. დიმიტრი მაშინვე ხვდება, რასაც ნიშნავს არარსებული ლიმონის შეჭმა – იმის სიკვდილს, ვინც ჯერ კიდევ არ მოვლენია ქვეყანას. სიმბოლოს არსი აქ არც ისე ძნელი ამოსაცნობია: ლიმონი იგივე ნატოა, დიმიტრის ჯერ არდაბადებული და ერთადერთი ქალიშვილი. ამგვარი გააზრებისათვის ნიადაგი რომანში საკმაოდ მყარია: „[ნატო] ხანდახან ისე ღრმად შედიოდა ზღვაში, თავი ლიმონის ხელა მოუჩანდა“; პატარა ანდროს დედა „აყვავებული ლიმონივით მობუბუნე და სურნელოვანი“ ეჩვენება. თუმც ეს ყველაფერი მხოლოდ ერთი სეგმენტია იმ რთული სახისა, რასაც განსახილველი სიმბოლო ამ რომანში იტევს.

ტროპის ეს სახე იმდენად ღრმა და ამოუცნობია თავისი არსით, რომ ლექსიკონები და ენციკლოპედიები ვერ იძლევიან მის აზრობრივ ველში შესაღწევ უალტერნატივო გზას. წმინდა რაციონალიზმი აქ უშედეგოა, რადგან „სიმბოლოს რაციონალიზება მხოლოდ ფარავს მის ჭეშმარიტ არსს და ცვლის ყოველგვარი სიყალბით. სიმბოლო „დუმს“, როცა ჩვენ მას რაციონალურად ვეკიდებით და „დუმს“ სწორედ პასიური ობივატელური დამოკიდებულების საპასუხოდ“ (ლოსევი 1972: 188). ამიტომაცაა, რომ მკვლევარები ერთხმად აღიარებენ – სიმბოლოს გააზრებისას მთავარია ტექსტის აზრობრივ ველში წვდომის უნარი მწერლის მსოფლმხედველობრივი და ენობრივი მოდელის გათვალისწინებით. თუმც, გარკვეულწილად, ზოგადი განმარტებები აქაც გვეხმარებიან. გარკვეულწილადო იმიტომ ვამბობთ, რომ სიმბოლოთა ენციკლოპედიაში მოცემული განმარტება უმნიშვნელოა იმასთან შედარებით, რასაც ოთარ ჭილაძის მხატვრულ სამყაროში არსებული და ჩვენ მიერ საანალიზოდ გამოტანილი სიმბოლო საკუთარ თავში მოიაზრებს. „ქრისტიანულ სიმბოლოებში ლიმონი ერთგული სიყვარულის ნიშანია, ებრაულ სიმბოლიკაში კი აღნიშნავს მოსავალს“ (სიმბოლოთა ლექსიკონი). ეს სიმბოლური ველი თანახმიერობაშია ნატოს სახესთან: იგი არის გელას სიყვარულის ერთგული (რაც შეეხება ნატოს ურთიერთობას საბა ლაფაჩთან, ეს მხოლოდ სასოწარკვეთილი ქალის ფიზიკური იმპულსია, რასაც იმ დღესვე გამოისყიდის სიკვდილით) და მისი ნაყოფიერების სახე (ანდროს დედობით ნატო გელას გენეტიკური ხაზის გამგრძელებელი ხდება).

მწერლის მიერ ნატოს სახის ამგვარი გააზრება – სიმბოლური გამოხატვა ლიმონში – უკვე მინიშნებაა პერსონაჟის ზოგად სახეზე, ხოლო სიკვდილის მიერ მისი გამოწუწნა იმის მაუწყებელია, რომ იგი საკმაოდ მალე დაისაკუთრებს თავის „ლიმონს“.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ლიმონი მრავალპლანიანი სიმბოლოა. ნატოს თავს დამტყდარი ყველა მოვლენა – ბედნიერება თუ უბედურება – მისი გზით შემოდის ტექსტში და, შესაბამისად, ჩვენი აღქმის არეალშიც: გელას პირველი გამოჩენისას ჟურულების სახლში ლიმონის ტოტზე შემომჯდარი ჭრელი ჩიტი გამწარებული სტვენს, მეორე მხრივ კი, საბა ლაფაჩი მეჭეჭიან ნარინჯზე დანით ისარგაყრილ გულს ამოჭრის და ნატოს ეზოში აგდებს სიყვარულის ნიშნად. ამრიგად, მკითხველის მეხსიერების სიღრმეში ლიმონი რამდენიმე სხვადასხვა სიმბოლური სახით აღწევს: პირველ რიგში, ლიმონი არის ნატო, ამიტომ მასთან დაკავშირებული სიყვარულიც, უბედურებაც, სითბოც, სიკვდილიც მკითხველის აღქმის არეალში შემოდის ლიმონის სხვადასხვა ხატით – მობუბუნე, აყვავებული, დამჭკნარი, გამოწუწნილი.

სიტყვიერი სიმბოლო თავის თავში კიდევ სხვა პარამეტრებსაც შეიძლება შეიცავდეს, ესენია: ფერი, სურნელი, ხმა, გემო. ლიმონის სიმბოლიკის კვლევა ამ კუთხით საკმაოდ საინტერესო შედეგს იძლევა. მას რომანში უკავშირდება ორი ფერი – ხასხასა მწვანე და ყვითელი. ხმა – ბუბუნი, შრიალი; გემო – მჟავე; სუნი – სურნელოვანი (ანუ სასიამოვნო). ყველა ეს კომპონენტი დამატებითი მნიშვნელობების შემცველია, რომლებიც ავსებენ ძირითად სიმბოლოს და მის სრულყოფილ სახეს და მრავალპლანიანობას განაპირობებენ. ის, რომ ლიმონი ერთდროულად არის მჟავეც, სურნელოვანიც და მობუბუნეც, მისი კონოტაციური ველის სიფართოვის მანიშნებელია.

ოთარ ჭილაძის რომანებში ლიმონის ასოციაციურ მნიშვნელობათა არეალი თანდათანობით ფართოვდება და ყველაზე დიდ აზრობრივ, და შესაბამისად, ესთეტიკურ ხვედრით წონას „მარტის მამალში“ იძენს. თუკი „რკინის თეატრში“ ლიმონი ნატოს სახის კოდირებას ახდენს, „მარტის მამალში“ ეს კოდირება ორმაგდება. აქ ლიმონი ვანო მასწავლებლის გოგოს მაგიერია. (ასე ამბობს თვითონ და ამასვე ეკითხება ნიკოც: „როგორ არის თქვენი გოგოს მაგიერიო?“) იგი უბრალოდ ყუთში ჩარგული ხე არ არის, აქ მისი გაჩენაც არარეალურია. არავინ იცის, როგორ მოხვდა იგი უფარაანთ ჭერქვეშ: „შუბლიდან გამოიტეხა ალბათ ან გულიდან ამოიჭრა, რადგან არავის უნახავს, როგორ შეიტანა უფარაანთ ოჯახში ის ზღაპრული, ჯადოსნური ხე“. სიმბოლო არაა რეალისტური გამოსახვის ფორმა, რომ მისი პირველსახესთან მაქსიმალური მსგავსება მოვითხოვოთ. სიმბოლოს არსი არ გამომდინარეობს გარეგნული სახიდან. ის ამაზე ბევრად ღრმა და ლიმონის სიმბოლიკა ოთარ ჭილაძის რომანებში მრავლისმომცველია. გარეგნულად თუნდაც სქემატური სიმბოლო შინაარსობრივად ორიგინალურია, მიუთითებს მისგან სრულიად განსხვავებულ საგანზე და ყურადღებას ამახვილებს მის შინაგან, არსებით ნიშანზე. სწორედ ამგვარ გააზრებას ვხვდებით „მარტის მამალში“. ლიმონის ღრმა სიმბოლური ველი აქ კიდევ უფრო ძლიერდება, რასაც დამატებითი ელემენტები, ხის გაჩენის შესაძლო ვარიანტები, ემსახურება: შუბლიდან გამოიტანა (შუბლის ძარღვი – სინდისის მხატვრული სახე და თვით შუბლი – გონიერება) და გულიდან ამოიჭრა (გული – ყოველგვარი გრძნობის, ამ შემთხვევაში დადებითის, საწყისი: სიკეთის, სიყვარულის…). ხეს აქვს სხვა სიმბოლური ველიც – მარადიული ნაყოფიერება: „ნაყოფს რომ შეაწყვეტ, მაშინვე ახალს გამოიბამს, მაგიერს. ამიტომაც არავის ეუბნება უარს, ყველას აქედან მიაქვს ლიმონი. ხეს მაინც არაფერი აკლდება: ალაგ მწიფს, ალაგ კვირტი ასხია, ალაგ ყვავილი“.

საინტერესოა ერთი გარემოება. „მარტის მამლის“ ლიმონს გაცილებით მყარი, გამძლე სიმბოლური მახასიათებლები აქვს, ვიდრე რომანში „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“. თუკი ამ უკანასკნელში არაჯანსაღ გარემოში მოხვედრის გამო იგი ორ კვირაში ხმება, უფარაანთ ჭერქვეშ დამკვიდრებულს ეს არ ემართება, მიუხედავად იმისა, რომ აქაური სივრცე დიდად არ განსხვავდება მაკაბელთა სივრცისაგან (უფარაანთ ჭერქვეშ ორი მკვლელი ცხოვრობს: გოგია და მისი ბიძა). აქ ლიმონი თვითონ კი არ იღებს უარყოფით იმპულსებს, არამედ იქით გასცემს სიკეთეს, თანაც უსაზღვროდ და უხვად, რითაც კიდევ უფრო იტვირთება თვითონ. ეს სიკეთის მარადიულობისა და უკვდავების ოთარ ჭილაძისეული ინტერპრეტაციაა. ვანო მასწავლებელმა სიღნაღში მის მიერ შემოტანილი სიკეთე ისე ღრმად დათესა, რომ მის არსებობას საფრთხეს ვერანაირი ბოროტება ვეღარ უქმნის (თანაც მისივე სიტყვებს თუ გავიხსენებთ – „სიღნაღი თავშესაფერს ნიშნავსო“ – გამოვა, რომ მან სიკეთესაც გადასარჩენად შეაფარებინა აქ თავი). „მარტის მამლის“ ლიმონს ღვთაებრივ სიკეთესთან წილნაყარობის თვისება აქვს. ამას რომანის თუნდაც ის ფრაგმენტი ადასტურებს, როცა, მწერლის სიტყვით, ცეცხლწაკიდებული ხე `ამოვარდა ყუთიდან და თავდაღწეულმა, ფესვებზე მიწაშერჩენილმა, ფოთლებდაჭმუჭვნილმა ხემ ჭერი თავით გაიტანა და გუგუნ-შრიალით, ნაპერწკლებისა და ყვავილების ფრქვევით ცას მიაშურა, უკეთეს ქვეყანას“.

„მარტის მამალში“ გოგია და დედამისი ისე უპირისპირდებიან ვანო მასწავლებელს, როგორც მაიორის სახლი – გიორგას გომურს. ამ მუდმივ დაპირისპირებაში იკვეთება ლიმონის ყოვლისმომცველი ძალა. გოგიასა და დედამისს ვანო მასწავლებელი ლიმონს არასოდეს აძლევს თავისი ნებით, ისინი მხოლოდ იპარავენ მას. სამაგიეროდ, საკუთარი არსის შესაცნობად ლოგინს მიჯაჭვულ ნიკოს თავად მიართმევს ხეს სახლში.

ზემოთ უკვე აღნიშნულ ხასხასა მწვანესა და ყვითელს აქ კიდევ ერთი ფერი ემატება: „თეთრად გადაპენტილი, ყვითლად დახუნძლული, მწვანედ გადახასხასებული“. „თეთრი სამყაროს აბსოლუტური ფერია და ამიტომაც სისუფთავის, ჭეშმარიტების, უცოდველობის და ღვთაებრიობის სიმბოლოა“ (ტრესიდერი 1999: 23), ამ შემთხვევაში კი უმანკო, წმინდა, შეურყვნელ ბუნებაზე მიუთითებს, რაც აფართოვებს სიმბოლოს მნიშვნელობას.

რომანის ფინალში უკვე საბოლოოდ იხსნება და კონკრეტდება სიმბოლოს არსი და მიზანი. იგი არა მარტო სილამაზისა და სიკეთის სახეა, არამედ იმ თვისებათა გასაძლიერებლად და საყოველთაოდ დასამკვიდრებლადაა შემოტანილი, რასაც თავად გულისხმობს. სიკეთემ უნდა ამოძირკვოს ბოროტება და მისი ადგილი დაიკავოს. ამას ხვდება უკვე გამოჯანმრთელებული ნიკო, რომელიც ჩასწვდა წინაპრების მიერ ჩადენილი ყველა ცოდვის სიმძიმეს და თავი კი არ აარიდა მათ, არამედ გაიზიარა მათზე პასუხისმგებლობა, რითაც ურთულესი ამოცანა გადაჭრა: შეიცნო საკუთარი თავი და ახლა სხვის შველასაც შეეცდება. „აღარავის დაუთმობს ნიკო იმ ხეს ცოცხალი თავით… ის ხე აუცილებლად აქ უნდა დარჩეს, მიწაზე. ცაში უკვალოდ გაქრება, მიწას კი დააკლდება. მიწისაა, მიწისთვისაა გაჩენილი. აგერ ნახავთ, გოგიასაც თუ არ გამოცვლის გაზაფხული, გოგიასაც თუ არ გააკარგებს“… მიჩნეულია, რომ „ხე თავისი სიმბოლიკით განუზომელია. იგი მოიცავს მთელ სამყაროს. სამყარო მთლიანი ხეა, რომლის ჩრდილშიც დასახლდა ხალხი“ (ხავიერი 1983: 408). თუ ამ მოსაზრებას „მარტის მამლის“ სიმბოლურ ველს მოვარგებთ, ლიმონის სიმბოლიკა კიდევ უფრო გართულდება. იგი უკვე საკუთარ თავში მოიაზრებს არა მარტო კონკრეტულად ხის ერთი სახეობის (ამ შემთხვევაში, ლიმონის) მნიშვნელობებს, არამედ ზოგადად ხის სემანტიკასაც. სამყაროს ერთ დიდ ხედ გააზრების ტენდენციას რომანში ემატება ყოვლისმომცველი სიკეთის რწმენა, რისი დამკვიდრების იმედითაც იღვიძებს ერთთვიანი ძილიდან ნიკო და რაშიც მას ამიერიდან ვანო მასწავლებლის მოტანილი ლიმონის ხე ე-სახე-ბა შემწედ.

ამგვარად, სიმბოლო, როგორც კატეგორია, იხსნება სიტყვაში. იგი გაურბის სინამდვილის უშუალო იმიტაციას. მას ძალა შესწევს, გამოხატოს ბევრად მეტი, ვიდრე ჩვეულებრივი, გრძნობადი აღქმით შეგვიძლია. ამიტომაც მისი მნიშვნელობის გაშიფვრა გონების მარტივი ძალისხმევით შეუძლებელია. როგორც ავერინცევი ამბობს, მას უნდა „შეესისხლხორცო“. სიმბოლო იმავდროულად რეალობასთან დაკავშირებული უცნობი ძალის ნიშანიცაა – სახე, რომელსაც შეუძლია, თუკი ამის აუცილებლობა იქნება, გახსნას მთელი ნაწარმოების კონცეპტუალური ქვეტექსტი. ოთარ ჭილაძის რომანები ამის საუკეთესო დადასტურებაა.

სიმბოლოს აზრობრივი პოტენციალი ყოველთვის უფრო ფართოა მის მოცემულ რეალიზაციაზე. სხვადასხვა კულტურულ არეალში ერთმა და იმავე სიმბოლომ შესაძლოა სრულიად განსხვავებული აზრობრივი მოცულობა შეიძინოს. ანდრეი ბელი წერს: „სიმბოლო არის სახე, აღებული ბუნებიდან (ცხოვრებიდან) და გარდაქმნილი შემოქმედებით. ის არის სახე, რომელიც თავის თავში აერთიანებს შემოქმედის განცდასა და ბუნებიდან აღებულ მასალას“ (ბელი 1910: 8). ოთარ ჭილაძე, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო მაგალითია იმათ შორის, ვისაც ანდრეი ბელის ეს თვალსაზრისი ზუსტად მიესადაგება. ბევრი, ამ მხრივ საკმაოდ მნიშვნელოვანი, ლექსიკონი ლიმონის სიმბოლურ მნიშვნელობებზე დუმს (მაგალითად, ჯეკ ტრესიდერის, ქეთევან ელაშვილისა და ზაზა აბზიანიძის, ინტერნეტ-ლექსიკონები…). ის უამრავი ვარიაცია და ხაზი, რასაც მწერალი საკუთარ ტექსტებში გვთავაზობს, სხვა არაფერია, თუ არა მწერლის ქურაში გადამუშავებული „ბუნებიდან აღებული მასალა“, რის შედეგადაც ვიღებთ საოცრად ინდივიდუალურ, ღრმა და მრავალშრიან, რთულ მხატვრული სახეებს. სიმბოლოთა ოთარ ჭილაძისეული გააზრება თავისებურია. ამაზე თვით სიმბოლიზებისათვის აღებული საგანი – ლიმონი – მიუთითებს, რაც არც ისე გავრცელებული სიმბოლოა. ქართულ ტექსტებში იგი არ გვხვდება. ავტორის მიზანი აქ სხვაა. ოთარ ჭილაძის მხატვრულ სისტემაში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა პიროვნული იდენტობის – სოციალურისა და ფსიქოსოციალურის – მოპოვებაა. ჩვენ მიერ გაანალიზებული სიმბოლოს არსი პირდაპირ კავშირშია მასთან. კერძოდ, იქ, სადაც ლიმონი ვერ ხარობს (მაგალითად, მაკაბელთა სახლი რომანში „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“), ფსიქოსოციალური იდენტობის კრიზისია, ხოლო სადაც ხარობს (მაგალითად, ნიკოს პაპის სახლი „მარტის მამალში“), იქ იდენტიფიკაცია ხორციელდება. ოთარ ჭილაძის მხატვრული ენის სპეციფიკაზე საუბრისას მ. კვაჭანტირაძე აღნიშნავს, მხატვრული ტექსტი ენის კონოტაციურ დონეს ანიჭებს უპირატესობას დენოტაციურთან შედარებით. ეს კი ქმნის „მოუხელთებელი და მგულისხმებელი აზრების სივრცეს“, სადაც მნიშვნელობა მიბმული არაა ნიშანთან (კვაჭანტირაძე 2005: 157). „მოუხელთებელი და მგულისხმებელი აზრების სივრცეში“, სხვა მნიშვნელობებთან ერთად, უთუოდ ლიმონის ის სიმბოლური მნიშვნელობებიც არსებობს, რაზეც უკვე გვქონდა საუბარი.

ლიტერატურა

კვაჭანტირაძე 2005: კვაჭანტირაძე მანანა, გამეორება (წერილები, ესეები). თბ.: გამომცემლობა „ეროვნული მწერლობა“, 2005.

ავერინცევი 2001: Аверинцев С. С. София-Логос. 2е исп. изд, 2001.

ბელი 1910: Белий А. Символизм. М.: 1910.

ლოსევი 1972: Лосев А. Ф. Логика символа. М.: 1972.

ლოტმანი 1992: Лотман Ю. М. Избранные статьи. Т. 1. Таллин: 1992.

ტრესიდერი 1999: Тресиддер Дж. Словарь символов. М: издательство – торговый дом Гранд, 1999.

სიმბოლოთა ლექსიკონი: Словарь символов. http://simbols.ru/

ჰავიერი 1983 : Xavier Leon-Dutour. Dictionari of the New Testament: French edition by Terrence Prendergast, 1983.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s