ნოდარ ლადარია _ ლათინური და იტალიური ენების ურთიერთმიმართების საკითხი დანტე ალიგიერის ტრაქტატებში


დანტე ალიგიერის დაუმთავრებელ თეორიულ ტრაქტატში „ხალხური მჭევრმეტყველებისათვის“ (De vulgari eloquentia -VE) არის ერთი საგულისხმო ადგილი, რომელიც ლათინური და ე. წ. „ხალხური“ ენის ურთიერთდამოკიდებულებას შეეხება. ტრაქტატის პირველივე წიგნში ალიგიერი ამბობს: „ამ ორიდან უფრო კეთილშობილი ხალხურია: რადგანაც პირველადვე გამოყენებულ იქნა კაცთა მოდგმის მიერ; რადგანაც მას მთელი ქვეყანა იყენებს, თუმც კი ფორმათა და სიტყვათა სიმრავლედაა დაქუცმაცებული; რადგანაც ბუნებრივია ჩვენთვის, მაშინ როცა მეორე უფრო ხელოვნურია“.1

მეორე დაუმთავრებელ ტრაქტატში, რომელიც „ნადიმის“ (ჩონვივიო) სახელწოდებითაა ცნობილი, დანტე იმავე კითხვაზე სრულიად საწინააღმდეგო პასუხს იძლევა. ავტორი თავიდანვე აცხადებს, რომ ტრაქტატის მთავარი მიზანი მისი პოეტური ნაწარმოებების, კანცონების კომენტირებაა, რომელიც აუცილებელია, რადგანაც ეს კანცონები ლათინურად კი არა, ხალხურ ენაზეა შეთხზული. ლათინურად რომ ყოფილიყო შეთხზული, მათ განმარტებას ამდენი ძალისხმევა არ დასჭირდებოდა, რადგანაც ეს ენა „პირველადვე დაქვემდებარებული კი არ ყოფილა, არამედ უზენაესი თავისი კეთილშობილების, ღირსებისა და მშვენიერების მიერ; კეთილშობილების

მიერ, რადგანაც ლათინური მარადიულია და უხრწნელი, ხალხური კი ცვალებადია და ხრწნადი“.2

რა თქმა უნდა, მრავალჯერ სცადეს ამ წინააღმდეგობის ახსნა.3 ეს მცდელობები შეიძლება ორ ძირითად ჯგუფად დაიყოს: 1) დანტეს თვალსაზრისებმა დროთა განმავლობაში ევოლუცია განიცადა და მანაც უარყო წინანდელი „შეცდომები“; 2) დანტე ერთსა და იმავე კითხვას სხვადასხვა კუთხით პასუხობს.

პირველი გადაწყვეტის განსახილველად დროებით „დავივიწყოთ“, რომ ხსენებული წინააღმდეგობის ახსნა დავისახეთ მიზნად, და უბრალოდ გავეცნოთ ორი ტექსტის დათარიღების შესახებ მეცნიერებაში უკვე გამოთქმულ მოსაზრებებს. ორივე დაუმთავრებელი ტრაქტატი დანტეს სიკვდილის შემდეგ აღმოჩნდა მის ქაღალდებში. ეს გარემოება, ისევე, როგორც ტრაქტატების დაუმთავრებლობა, აფიქრებინებს ფილოლოგებს, რომ ორივე ტექსტი თითქმის ერთდროულად იწერებოდა, ხოლო მათზე მუშაობის შეწყვეტის მიზეზი უფრო დიდი ჩანაფიქრის — „კომედიაზე“ მუშაობის დასაწყისი იყო.4 მიუხედავად ამგვარი თვალსაზრისის მიმზიდველობისა, ორივე ტექსტში ნაპოვნი მეტ-ნაკლებად პირდაპირი მინიშნებებისა და თითოეული ტრაქტატის ზოგადი თავისებურებების5 საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, რომ ოდნავ წინ უსწრებს „ნადიმს“: პირველის დაწერის დრო 1303 წლის შემოდგომიდან 1304 წლის ზამთრის დასასრულამდე უნდა ვიგულისხმოთ,6 ხოლო მეორე ტექსტზე მუშაობა, სხვა მიზეზებთან ერთად მისი უფრო დიდი მოცულობის გამოც, 1306-1308 წლებში უნდა გაგრძელებულიყო.7 ამაო იქნება, მსჯელობა გავმართოთ იმის თაობაზე, რამდენად შეიძლებოდა ორი წლის განმავლობაში ასე რადიკალურად შეცვლილიყო ავტორის აზრი ესოდენ ფუნდამენტურ საკითხზე. ჯერჯერობით, ამ კითხვაზე ნებისმიერ პასუხს წარმატების ერთნაირი შანსები აქვს და მხოლოდ მკვლევრის პირად მიზნებსა და მისი სტილის დამაჯერებლობაზეა დამოკიდებული. მეორე მხრივ, ტრაქტატების ამგვარ დროით დალაგებას შეუძლია, უფრო მეტი გვითხრას, თუ გავითვალისწინებთ ჩვენს მიერ უკვე აღნიშნულ მოვლენას: დანტემ ორივე ნაწარმოები დაუმთავრებელი დატოვა, რადგან მთელი მისი ენერგია „კომედიაზე“ მუშაობამ წაიღო. თუკი ტექსტებში არსებულ „წინააღმდეგობას“ ავტორის თვალსაზრისთა ევოლუციად განვიხილავთ, გამოდის, რომ დანტემ მას შემდეგ დაიწყო ხალხურ ენაზე არსებულ ლიტერატურულ ქმნილებათა შორის უდიადესის თხზვა, რაც დარწმუნდა, რომ ლათინური ენა უფრო კეთილშობილია. ამგვარი დებულება გვაიძულებს, საკმარისი საფუძვლის გარეშე უარვყოთ, ერთი მხრივ, დანტეს, როგორც პიროვნების, თანმიმდევრულობა,8 და მეორე მხრივ, -ის სრულიად ცალსახა დამოკიდებულება იტალიური ხალხური ენისადმი, რომელიც „კომედიის“ მთელი ტექსტიდან გამომდინარეობს.

უნდა ვაღიაროთ, რომ პრობლემის გადაწყვეტის პირველი გზა უბრალოდ ბანალურია.

გაცილებით უფრო სერიოზულ განხილვას იმსახურებს მეორე გზა, რომლის ფარგლებშიც დანტეს მიერ საკითხის ორი სხვადასხვა კუთხიდან გადაწყვეტას ვარაუდობენ. ხალხური ენის კეთილშობილება VE-ში მისი საყოველთაო გავრცელებითა და ბუნებრივი წარმოშობითაა დასაბუთებული, რაც, თავისთავად, სრულიად ცხადია, თუ გავითვალისწინებთ იმ შენიშვნას, რომ დანტე აქ არა საკუთრივ იტალიის ტერიტორიაზე გავრცელებულ ხალხურ ენას გულისხმობს, არამედ – საზოგადოდ მშობლიურ ენას.9 რაც შეეხება ლათინურ ენას, მისი კეთილშობილების საფუძვლად უცვლელობაა დასახელებული. ამ უკანასკნელ დებულებაში შეიძლება შევნიშნოთ ერთგვარი წინააღმდეგობა როგორც გაცილებით უფრო ადრე დამკვიდრებულ თვალსაზრისთან, ასევე ავტორის შესაძლებელ ემპირიულ გამოცდილებასთან. თვალსაზრისი ლათინური ენის ცვალებადობის შესახებ ყველაზე მკაფიოდ გამოთქვა ქრისტიანმა მოღვაწემ, იერონიმემ: „თვით ლათინური ენა ყოველდღიურად იცვლება სივრცესა და დროში“.10 ვერ ვიტყვით, რომ დანტეს დროისათვის იერონიმეს ეს თვალსაზრისი დავიწყებული იყო. ლათინური ენის წიაღში სხვადასხვა მიზეზით მომხდარი ცვლილებები საკმაოდ გაცნობიერებული ფაქტი იყო. მაგალითად, ფრანჩესკო დე სანკტისს მოჰყავს XIII საუკუნის სიცილიელი მემატიანის რიკორდანო მალესპინის (Ricordano Malespini) მოწმობა, რომ იმპერატორმა ფრიდრიხ II-მ იცოდა „ჩვენი ლათინური და ჩვენი ხალხური ენა“.11 აქ სიტყვა „ჩვენი“ არ ნიშნავს შვაბი იმპერატორის მიმართ ნაციონალური ხასიათის დაპირისპირებას, რაც XVI საუკუნემდე წარმოუდგენელი იყო. ამ შემთხვევაში სიტყვა „ჩვენის“ ორჯერ გამოყენება უნდა აღნიშნავდეს ერთგან ლათინური ენის უკვე საკმაოდ ძლიერ ტერიტორიულ ვარიაციებს (გერმანელთა ლათინურიგანსხვავდებოდა სიცილიელთა ლათინურისაგან ლექსიკითა და გამოთქმით), მეორეგან კი – სიცილიური ხალხური ენის გარდა სხვა ხალხურ ენათა არსებობის აღიარებას. ლათინური ენის ცვალებადობაში ადვილად დარწმუნდებოდა მისი ყოველი მცოდნე, ვისაც კი ოდესმე უმოგზაურია XIV საუკუნის იტალიის გზებზე, სადაც მრავლად დადიოდნენ ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული სამღვდელო და საერო პირები. მით უმეტეს, არ გაუჭირდებოდა ამ განსხვავებების შემჩნევა დანტე ალიგიერის, რომელიც სმენით არჩევდა ბოლონიის ორი სხვადასხვა ქუჩისათვის დამახასიათებელ დიალექტურ თავისებურებებს.

აქვე მიზანშეწონილად მიგვაჩნია, მოვიყვანოთ ერთი მეტად მნიშვნელოვანი მოწმობა XII საუკუნის ინგლისელი სწავლულის, იოანე გარლენდელის (ჟან დე გარლანდი), რომლის ლიტერატურული თეორიით ხელმძღვანელობდა დანტე ალიგიერი, როდესაც თავის ნაწარმოებს „კომედია“ დაარქვა.12 იოანემ XIII საუკუნის გარიჟრაჟზე თითქმის ჰუმანისტური ბუნების პრობლემა დასვა, როდესაც ყურადღება მიაქცია იმ ფაქტს, რომ გრამატიკოსები იძულებულნი იყვნენ აერჩიათ ერთ-ერთი – საღვთო წერილის ბარბაროსულსა და წარმართ ავტორთა კლასიკურ ლათინურს შორის. 13

როგორც ვხედავთ, ლათინური ენის დახასიათება, რომელიც „ნადიმის“ დასაწყისშია მოცემული, მკვეთრად უპირისპირდება გავრცელებულ და აღიარებულ თვალსაზრისებს. გაცილებით უფრო ობიექტურია ლათინური და ხალხური ენების VE-ში მოყვანილი ურთიერთმიმართება. აქ ნათქვამია, რომ ხალხურს ადამიანი ბუნებრივად ითვისებს დედისაგან, ხოლო ლათინურს, რომელსაც სხვანაირად „გრამატიკა“ ეწოდება, სწავლობს სკოლაში. მსგავსი დამოკიდებულების საინტერესო მოწმობას გვაწვდის 923 წლამდე დაწერილი პოემა „საქმენი ბერენგარიუსისა“ (Gesta Berengarii): აქ მეფე ბერენგარიუს I-ის კურთხევის (915) აღწერისას ნათქვამია, რომ საეკლესიო გუნდი გალობდა პატრიო ორე (მამობრივ კილოზე,ანუ ლათინურად), ხოლო ხალხის აღფრთოვანებული ბრბო იძახდა nativa voce (მშობლიურ, ანუ ხალხურ ხმაზე). დანტეს მიერ გამოთქმული ის აზრიც, რომ დედის ან გამზრდელისაგან მიღებული ცოდნა გაცილებით უფრო სრულყოფილი და ბუნებრივია, ვიდრე შემდგომი „ძალდატანებითი“

განათლება, არ იყო უცხო და მიუღებელი შუა საუკუნეების განათლებული საზოგადოებისათვის.14

უკვე შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ DVE-ში ლათინურისა და ხალხური ენების ურთიერთმიმართების შესახებ გამოთქმული დებულება ადეკვატურია თვით დანტეს შინაგანი რწმენისა, ხოლო „ნადიმში“ მოცემული თვალსაზრისი არა მარტო ამ რწმენას არ ეთანხმება, არამედ განათლებულ წრეებში საყოველთაოდ მიღებულ თვალსაზრისსაც ეწინააღმდეგება. მიგვაჩნია, რომ ამგვარი უცნაური მდგომარეობა გამოწვეულია იმით, რომ დანტეს თეორიული ტრაქტატები მკითხველთა ორი ერთმანეთისაგან ძალიან განსხვავებული აუდიტორიისათვისაა განკუთვნილი. V, ცხადია, გულისხმობს განათლებულ მკითხველს, რაზეც არა მხოლოდ ენის არჩევანი მეტყველებს, არამედ – არგუმენტაციის სიმშრალე და სიმკვრივე. მომზადებული, კლასიკურ იდეალებზე აღზრდილი ადამიანები, რა თქმა უნდა, უნდა დავარწმუნოთ, რომ ხალხურ ენას უმდიდრესი პოტენციალი აქვს და მისი განვითარება აუცილებელია. „ნადიმში“ კი აშკარად ნათქვამია, რომ ავტორი მიმართავს იმათ, ვინც ლათინური არ იცის, მაგრამ ადამიანის ბუნებრივი თვისების წყალობით, მაინც მიისწრაფის ცოდნისაკენ, როგორც ამას არისტოტელე გვასწავლის.15 კერძოდ, „ნადიმში“ ნათქვამია: „მე, თუმც არ ვუზივარ ნეტარ ტრაპეზს, არამედ მდაბიორთა საძოვრიდან გამოქცეული ვიმყოფები იმათ ფერხთით, რომელნიც უსხედან და მათგან დაცვენილს ვაგროვებ და ვიცნობ იმათ უბადრუკ ცხოვრებასაც, ვინც უკან მოვიტოვე, იმის გამო, რომ ჩემს მიერ შეგროვილი ნამცეცების სიტკბოს ვგრძნობ, ღარიბთათვის შემოვინახე ზოგი რამ, რაც უკვე კარგა ხანია, ვუჩვენე მათ და ამით კიდევ უფრო წადიერნი ვყავ ისინი. ამიტომაც მსურს ახლა, საზოგადო ნადიმი გავუმართო მათ და მივართვა, რაც ვუჩვენე“.16 ბუნებრივია, რომ ამგვარ ცოდნას მოწყურებულ „მდაბიორებს“ (XIV საუკუნის დასაწყისის იტალიაში კი მათ რიცხვში საკმაოდ მაღალი სოციალური სტატუსის მქონე ადამიანებიც ერივნენ) აუცილებლად უნდა ვუქოთ ლათინური ენა, რომლის გარეშეც ჯერ კიდევ წარმოუდგენელია ჭეშმარიტი ცოდნის მიღება.

თუ DVE-ში ხალხური ენის თვისებათა პროპაგანდა განათლებულთა ქედმაღლობის დასაძლევად არის გამიზნული, „ნადიმში“, ამის საპირისპიროდ, ლათინურის ენობრივი პრესტიჟულობის არგუმენტი განათლების პროპაგანდას უწყობს ხელს. სწორედ ლათინურის არმცოდნეთა განათლებისაკენ მოწოდებას შესწირა დანტემ „ნადიმში“ ჭეშმარიტების მოთხოვნები. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ამისათვის მას საკმაო საფუძველი და ღირსეული მიზნებიც ჰქონდა.

რაც შეეხება საფუძველს, უპირველეს ყოვლისა, იგი ავტორობის კონცეფციაში უნდა ვეძებოთ.

ავტორი (auctor) შუასაუკუნეობრივ შეგნებაში არის ავტორიტეტის (auctoritas) კონკრეტული აღმსრულებელი და მატარებელი. ავტორიტეტის ცნება კი მჭიდროდაა დაკავშირებული იმდროინდელ სოციალურ ცნობიერებასთან. ყველაზე მოკლედ და მკაფიოდ ეს ცნობიერება გამოიხატა რომის პაპის, გელასის წერილში იმპერატორ ანასტასიოსისადმი, რომელიც 494 წლით თარიღდება: „ეს ქვეყანა არსებითად ორი საწყისით იმართება: პონტიფიკთა წმიდა ავტორიტეტითა (auctoritas) და სამეფო ძალაუფლებით (potestas)“.17 ჩვეულებრივ, ეს აზრი მოჰყავთ შუა საუკუნეებში საეკლესიო საწყისის უპირატესობის დასადასტურებლად. ჩვენ გვაინტერესებს ის გარემოება, რომ უპირატესობა გამოხატულია სწორედ ავტორიტეტის ცნებით, რომელსაც, ისევე როგორც ძალაუფლებას, მოყვანილ ნაწყვეტში ტერმინის ძალა აქვს. ავტორიტეტი, როგორც ქვემოთ ვნახავთ, შემოქმედებითი საწყისია, ხოლო ძალაუფლება, უბრალოდ, შეძლებას ნიშნავს. ავტორი (auctor) კი, მრავალ სხვა მნიშვნელობასთან ერთად, ავტორიტეტის მფლობელობასა და გამტარებლობასაც გულისხმობს. უკვე XII საუკუნეში ფართოდ იყო გავრცელებული აზრი ამ ტერმინის პოლისემანტიკურობის შესახებ. მრავალ მოწმობათაგან მხოლოდ იმას მოვიყვანთ, რომელიც ჰონორიუს ოტუნელს ეკუთვნის: „ავტორი მრავალმნიშვნელოვანია […] არის ავტორი ქალაქისა, ანუ დამაარსებელი, როგორც რომულუსი რომისათვის; არის ავტორი სისაძაგლისა, ანუ მთავარი ან წინამძღოლი, როგორც იუდა ქრისტეს სიკვდილისათვის; არის აგრეთვე ავტორი წიგნისა, ანუ შემდგენელი, როგორც დავითი ფსალმუნთათვის, ან პლატონი `ტიმაიოსისათვის’. მაშასადამე `ავტორი’ (შემოქმედი) არის `ქმედება’ ზმნიდან მომდინარე საზოგადო არსებითი სახელი“.18 ამავე XII საუკუნის განსწავლული ტოსკანელი ბერი უგუჩონე პიზელი (Uguccione da Pisa), რომლის თვალსაზრისებს, ისევე როგორც იოანე გარლენდელისას, დანტე ითვალისწინებდა თავისი „კომედიის“ შეთხზვისას, კიდევ უფრო საგულისხმო ცნობას გვაწვდის: იგი ამბობს, რომ ლათინური სიტყვა auctor მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან αυφθεωντη რომელიც აღნიშნავს პიროვნებას, ვისი არა მარტო ნდობა, არამედ მორჩილება გვმართებს.19 ერთი სიტყვით, ავტორი ის არის ვინც უბრალოდ კი არ ლაპარაკობს, არამედ ამის კადნიერებაც აქვს.

გარდა ამისა, დანტე არაერთხელ ამბობს, რომ „ნადიმის“ მთავარი მიზანი მისი პოეტური ქმნილებების, კანცონების კომენტარია. ტექსტში არაერთხელ დასტურდება, რომ „ნადიმი“ არის დანტეს ახალგაზრდული რომანის „ახალი ცხოვრების“ შემდგომი, უფრო მაღალი ნაბიჯი, ესე იგი, არსებითად ხელოვნების ნაწარმოები. როგორც ცნობილია, ხელოვნება τεχνηω სტოიკოსთა გაგებით, მართებულ აღქმას აღნიშნავს. შუა საუკუნეებმა შეითვისა ხელოვნების (ars) ეს გაგება: ხელოვნება ჭეშმარიტების მანიშნებელია, მსგავსად იმისა, როგორც სასწორის ისარი მიანიშნებს რაღაც მართალსა და ჭეშმარიტზე.20 ბუნებრივია, რომ ყოველივე ამის შემდეგ, დანტე, როგორც ავტორი და ხელოვანი, არ იგრძნობდა დაბრკოლებას, რათა არგუმენტაციაში გარკვეული სტრატაგემა გამოეყენებინა მკითხველთა ლათინური ენის შესწავლის კეთილი და ჭეშმარიტი მიზნისკენ მოსაწოდებლად.

ჩვენი თვალსაზრისის კიდევ უფრო გასამყარებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ფსიქოლოგიურად დანტე ყოველთვის დარწმუნებული იყო საკუთარ ძალებსა და უფლებებში, იგი საკუთარ თავს მაგისტრად, მოძღვრად მიიჩნევდა. ფლორენციის ცნობილი ფრანცისკანელი მემატიანე ჯოვანი ვილანი (Giovanni Villani) დანტეს შესახებ თავის ქრონიკაში წერს: „მისი სიბრძნის გამო იგი რამდენადმე ქედმაღალი, ამპარტავანი და ფიცხიიყო და მადლსმოკლებული ფილოსოფოსის მსგავსად ცუდად ესაუბრებოდა უმეცართ“.21 „ნადიმის“ დახვეწილი და, ასე ვთქვათ, თავაზიანი სტილი არ გვაფიქრებინებს, რომ დანტე რამენაირად მაინც ქედმაღლურად უყურებს უმეცრებსა და მდაბიორებს. მაგრამ ტერმინი „მდაბიორი“ შუა საუკუნეებში არ გამოიყენებოდა მხოლოდ ღარიბებისა და სოციალური ქვედაფენების წარმომადგენელთა აღსანიშნავად: სწავლულთა ნაწერების მიხედვით, არანაკლები „მდაბიორი“ და „სოფლელი“ იყო გაუნათლებელი სენიორიც.22

„ნადიმი“ დანტეს დევნულობის წლებში იწერებოდა, როდესაც პოეტი თავშესაფარს ამგვარი სენიორების ციხე-დარბაზებში ეძებდა, ასე რომ მის მკითხველთა შორის მრავალი ისეთი შეიძლებოდა ყოფილიყო, ვისზედაც ავტორის ბედ-იღბალი იქნებოდა დამოკიდებული. დანტეს ისინი მტკიცედ, მაგრამ თავაზიანად, ესე იგი ცბიერად უნდა დაემოძღვრა. შევაჯამოთ მიღებული შედეგი. V, რომელიც სწავლულთა წრეებისათვის

იყო განკუთვნილი, მთლიანად მიმართულია იმისკენ, რომ ამ წრეებში გაზარდოს ხალხური ენის პრესტიჟი და შთააგონოს კულტურულ ელიტას, რომ „მდაბიორთა“ ენას მდიდარი შემოქმედებითი პოტენციალი და სათანადო კეთილშობილება აქვს. „ნადიმის“ სავარაუდო მკითხველებმა არ იციან ლათინური ენა – იმდროინდელი სიბრძნის მთავარი მატარებელიდა ერთადერთი საშვი კულტურულ ელიტაში საინტეგრაციოდ. აუცილებელია, მათ გაუჩნდეთ აზრი ლათინურის, და შესაბამისად, განათლების აუცილებლობის შესახებ. ამგვარად მოხდება ამ ორი სოციალური ჯგუფის — კულტურული და სოციალური ელიტის – ერთმანეთთან დაახლოება, რაც დანტე ალიგიერის შეგნებული და უზენაესი მიზანია.

ამრიგად, VE-ში მოცემული აზრი ხალხური ენის შესახებ მეცნიერული დასკვნაა, რომელიც მიღებულია თეორიულ მოსაზრებათა და ემპირიულ მონაცემთა აკურატული შეპირისპირებით. „ნადიმში“ არსებული აზრი ლათინური ენის უმეტესი კეთილშობილების შესახებ კი არ არის პოზიტიური დებულება – ეს ხელოვანისათვის ჩვეული ნარატიული სტრატაგემაა.

____________????????

1 Harum quoque duarum nobilior est vulgaris: tum quia prima fuit humano generi usitata; tum quia totus orbis ipsa perfruitur, licet in diversas prolationes et vocabula sit divisa; tum quia naturalis est nobis, cum illa potius artificialis existat. (DVE, I; 1, 4).

2 primamente, non era subietto ma sovrano, e per nobilita e per vertu e per bellezza. Per nobilita, perche lo latino e perpetuo e non corruttibile, e lo volgare e non stabile e corruttibile. (Convivio I; 5, 4).

3 მხოლოდ რამდენიმე მაგალითს დავასახელებთ: Nardi B, Dante e la cultura medioevale, bari 1949; p. 160; Pagani I., La teoria linguistica di Dante („De vulgari eloquentia“: Discussioni, scelte, proposte), Napoli, pp. 142 – 154; Эстулина С. Б., Данте и проблемы защиты volgare в Италии XIV века, Вестник ЛГУ. История, язык, литература. Вып. 2., стр. 124 – 131. Шишмарев В. Ф., Избранные статьи. История итальянской литературы и итальянского языка, Л. 1972, стр. 89 – 90.

4 Petrocchi G. Vita di Dante, Laterza, Bari 1983, p. 106.

5.იგულისხმება, რომ „ნადიმის“ დასაწერად ბიბლიოთეკაში მუშაობა იყო აუცილებელი, მაშინ როცა „ხალხური მჭევრმეტყველება“ ცოცხალი ემპირიული მასალის, პირადი ენობრივი გამოცდილების ინტელექტუალური დამუშავების შედეგადაა შექმნილი.

6.Petrocchi G. Op. cit., p. 108.

7. Inglese G. Nota introduttiva, in Dante Alignieri, L’eloquenza in volgare, Rizzoli, Milano 1998, p. 29.

8. თუმცა, აღვნიშნავთ, რომ „თანმიმდევრულობა“ ან „კოჰერენტულობა“ სულაც არ არის რეალური ავტორის სავალდებულო ატრიბუტი: ეს უფრო კონვენციაა, რომელიც შესაძლებელს ხდის ტექსტის ინტერპრეტაციას ლიტერატურული ტრადიციის განვითარების ფარგლებში.

9. DVE-ს ტექსტზე დაყრდნობით შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ დანტე მსოფლიოში გავრცელებულ ენებს ერთი საწყისი ენის დროსა და სივრცეში განვითარებულ ვარიაციებად მიიჩნევდა, ხოლო ლათინურს – პირვანდელ ენასთან დასაახლოებლად ხელოვნურად შექმნილ ენად.

10.Ipsa latinitas et regionibus quotidie mutetur et tempores“ — S. Hieronymus, Commentaria in Epistolam ad Galatas, II. 3.

11.“Nostra lingua latina e nostro volgare“ — v. F. De Sanctis, Storia della letteratura italiana, a cura di Cesare Milanese, Roma 1991, p. 5.

12. Sdr. Giovanni di Garlandia, Poetria… de arte prosaica metrica et rithmica, a cura di G. Mari,?Berlino 1902, DVE, II, 4, 6; Epistole, XIII, 28-32.

13. M. D. Chenu, La thйologie du douziиme siиcle, Librairie Vrin, Paris 1976, p. 103.

14. გავიხსენოთ, ამ მხრივ, მეთოდი, რომელსაც მიმართა მონტენის მამამ, რათა მის ვაჟს კარგად აეთვისებინა ლათინური: მან მის გამზრდელ ქალებს ფრანგულად ლაპარაკი აუკრძალა.

15. შდრ.. Convivio, I, 1, 1.

16 „E io adunque, che non seggio a la beata mensa, ma, fuggito de la pastura del vulgo, a’ piedi di coloro che seggiono ricolgo di quello che da loro cade, e conosco la misera vita di quelli che dietro m’ho lasciati, per la dolcezza ch’io sento in quello che a poco a poco ricolgo, misericordievolmente mosso, non me dimenticando, per li miseri alcuna cosa ho riservata, la quale a li occhi loro, gia e piu tempo, ho dimostrata; e in cio li ho fatti maggiormente vogliosi. Per che ora volendo loro apparecchiare, intendo fare un generale convivio di cio ch’i’ ho loro mostrato.“ — Convivio, I, 1, 10-11.

17 Sdr. M. Pizzica, La „Monarchia“ di Dante nel confronto tra regime spirituale e regime temporale, in?Dante Alighieri, Monarchia, Rizzoli, Roma 1988, p. 30.

18. „Auctor est aequivocum […] Est auctor civitatis, idest fundatur ut Romulus Romae; est et auctor sceleris, idest princeps vel signifer, ut Judas Christi mortis; est quoque auctor libri,idest compositor, ut David Psalterii, Plato Thymaei. Est etiam auctor commune nomen, ab augendo dictum“ – Honorius Autuniensis, Expositione in Cantico, prol. PL, 172, 348.

19. Sdr. M. D. Chenu, Op. cit., p. 398. ამ შემთხვევაში ჩვენ იმდენად ეტიმოლოგიის მართებულობა კი არ გვაინტერესებს, რამდენადაც ის საზრისი, რომლითაც ივსებოდა ცნება შესაბამის ეპოქა.

20. შდრ.M.-M. Davy, Initiation Médiévale, Edition Albin Michel, Paris 1980, p. 42.

21. „Per lo suo savere fu alquanto presuntuoso e schifo e isdegnoso, e quasi a guisa di filosafo mal grazioso non bene sapeva conversare co’ laici“, _ G. Villani Cronica, ed. A. Racheli, Trieste 1857, IX, p. 136. მსგავსად ახასიათებენ თანამედროვე წყაროები,მაგალითად, ბრუნეტო ლატინის (დანტეს მასწავლებელი) და გვიდო კავალკანტის (დანტეს პირადი მეგობარი). ტერმინი ლაიცო არ ნიშნავს მხოლოდ „საეროს“, არამედ „უმეცარსაც“, ისევე როგორც ტერმინი chierico არ ნიშნავს მხოლოდ „სამღვდელო პირს“, არამედ „სწავლულსაც“.

22. შდრ.. A. Murray, Reason and Society in the Middle Ages, Clarendon Press, Oxford, 1978, pp. 247-249.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s