გიორგი შავგულიძე _ სემიოტიკიდან ფილოსოფიისაკენ


ფრანგული სტრუქტურიზმის წარმომადგენლები, იკვლევენ სინამდვილის ერთ რომელიმე კონკრეტულ მხარეს, – ეს იქნება ეთნოლოგია, ფსიქოლოგია, ხელოვნებათმცოდენობა, მეცნიერების ისტორია, თუ ლიტერატურათმცოდნეობა, თანამედროვე საზოგადოების ზოგადი პრობლემები აისახება სტრუქტურალისტურ კონცეფციებში და უნდა ითქვას, რომ კაცობრიობის მიერ დაგროვილი ცოდნისადმი სტრუქტურალისტური მიდგომა, ცოდნის, მეცნიერების ხილული ტექსტის მიღმა არსებული ჯერაც აქამდე უხილავი ტექსტის თეთრი სიცარიელის დანახვას ემსახურება (ფუკო). აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ სტრუქტურალისტები უპირისპირდებიან ცოდნის იმგვარ გაგებას, როგორიც ჩამოაყალიბა კლასიკური ეპოქის რაციონალისტურმა მიმართულებამ. ერთის მხრივ, მათი კონცეფციები შეიცავს კრიტიკას კლასიკური რაციონალიზმის მნიშვნელოვანი დებულებისა და მეორეს მხრივ, აყალიბებენ შემეცნების სრულიად ახალ ველს. ასეთი წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება კლასიკური ევროპული რაციონალიზმისადმი გვიდასტურებს და მიგვანიშნებს ნეორაციონალისტური კონცეფციის რთულ ხასიათზე.

მეცნიერება, როგორც თეორიული ცოდნის ფორმა, ფლობს იმ ხერხებსა და საშუალებებს, რომლებიც გამოიმუშავებს საკუთარ რეფლექსიას და მასზე დაყრდნობით ახდენს წინარე ცოდნის საფუძვლების გააზრებას და აგებს ახალი ცოდნის ველს.

სტრუქტურალისტების აზრით, მეცნიერებას შეუძლია დაგვანახოს, რომ ადამიანური ცნობიერება

არ დაიყვანება მხოლოდ რაციონალური აზროვნების დონემდე, რომ ისტორიის წარსულ პერიოდებში, ეპოქებში შენივთებულია რაღაც მარადცოცხალი სპეციფიკა, რომელიც თანამედროვე მეცნიერებამ კი არ უნდა ჩაახშოს, არამედ უნდა მოახდინოს მისი რეკონსტრუირება. ეს პროცესები არ არის წინასწარგანსაზღვრული და ერთმნიშვნელოვნად დეტერმინირებული, რომლის ეკონომიკურ-მატერიალური და სულიერი ფაქტორები ურთიერთზემოქმედებენ და მუდმივად წარმოშობენ ამ პროცესებს.

სტრუქტურალისტური მოძღვრების კონსტრუქცია, რომელიც თითქმის „მსოფლმხედველობრივ“ დონემდე იქნა აყვანილი, იძლევა საკმაოდ შთამბეჭდავ სურათს, რომლის სრული და გაფორმებული სახით ჩამოყალიბება დაკავშირებულია კ. ლევი-სტროსის, ჟ. ლაკანის, რ. ბარტის და მ. ფუკოს სახელებთან. კ. ლევი-სტროსის, როგორც ეთნოლოგის მთავარი კრიტიკის საგანს წარმოადგენს ევროპოცენტრიზმი; მეცნიერების ისტორიკოსის მ. ფუკოსათვის – ევოლუციონისტური პროგრესიზმი; ფსიქოლოგ ჟ. ლაკანისათვის – რაციოცენტრიზმი; ლიტერატურათმცოდნე რ. ბარტის მთავარი თემა კი – აქრონიზმია (დროს გარეშე მდგომი ესთეტიკური ღირებულებები და იდეალები).

საბჭოური ფილოსოფიის წარმომადგენლებს, რომლებიც სტრუქტურალიზმს განიხილავდნენ დიალექტიკური მატერიალიზმის პოზიციებიდან, მიაჩნდათ, რომ სტრუქტურალიზმი არ შეიძლება განიხილებოდეს ერთიან მონოლითურ თვალსაზრისად (ავტონომოვა 1977: 51), რაც არა მართებულია, რადგან სტრუქტურალიზმის წარმომადგენელთა თეორიები ყველგან და ყოველთვის ემყარება შემდეგ პრინციპებს: 1. ენა, როგორც ნიშანთა სისტემა; 2. სისტემის გააზრება ცნობიერისა და არაცნობიერის ორგანულ მთლიანობად; 3. ელემენტი, როგორც სისტემის სტრუქტურა.

ლიტერატურათმცოდნე რ. ბარტი და მეცნიერების ისტორიკოსი მ. ფუკო ამუშავებდნენ ტრადიციული, ისტორიაგამოვლილი ევროპული კულტურის მასალებს, ჟ. ლაკანი – ფსიქოანალიზს, კ. ლევი-სტროსი საზოგადოებრივ ორგანიზაციას და პირველყოფილი ადამიანის სულიერ სტრუქტურას. კვლევა სტრუქტურალიზმისათვის დამახასიათებელი ზემოთაღნიშნული სამი პრინციპის გამოყენებით და მასზე დაყრდნობით ხორციელდებოდა, რამაც სტრუქტურალიზმი უდაოდ მონოლითურ მოძღვრებად წარმოაჩინა.

სტრუქტურალიზმის გამოჩენას XX საუკუნის 50-60-იანი წლების ფრანგულ მეცნიერებათა პარნასზე არც უკრიტიკოდ ჩაუვლია. ფრანსუა შატლეს წერილში „სადამდეა მისული სტრუქტურალიზმი?“ (შატლე 1967), საჩოთიროდ მიაჩნდა ამ „ფსევდომიმართულებაზე“ ყურადღების გამახვილება. შატლე თვითრეკლამას, ეკლეკტიზმსა და „იდეოლოგიურ დებოშს“ სწამებდა სტრუქტურალიზმს და ბოდიშს უხდიდა მკითხველს, ბრჭყალებში ჩასმულ პრობლემაზე რომ სთავაზობდა მოკლე ბიოგრაფიას.

სტრუქტურალიზმის ირგვლივ ბუმი კლოდ ლევი-სტროსის შრომებთან არის დაკავშირებული, მაგრამ მისი შემდგომი კვლავ გახმაურება უკვე მიშელ ფუკოს სახელს უკავშირდება. საფრანგეთის ფილოსოფიურ და ლიტერატურულ წრეებში განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ფუკოს მეოთხე და მეხუთე წიგნმა – „სიტყვები და საგნები“ (1966 წ.), „ცოდნის არქეოლოგია“ (1969 წ.). გამოკვლევა აღიქვეს, როგორც სტრუქტურალიზმის მორიგი გამოვლინება. კვლავ დაისვა საკითხი: ბოლოსდაბოლოს, რას წარმოადგენს სტრუქტურალიზმი?! შატლეს, სტრუქტურალიზმი არ მიაჩნდა ერთიან და რაიმე არსებითი ხასიათის მქონე მიმართულებად. მის წარმომადგენლებს უფრო ის აკავშირებს, რასაც თვით უკუაგდებენ და უარყოფენ, ვიდრე ის, რასაც ამტკიცებენო. შატლეს ეს შეხედულება სტრუქტურალიზმის მოწინააღმდეგეთა საერთო აზრს გამოხატავს.

შატლე სტრუქტურალიზმის წარმომადგენლებს ოთხ ძირითად ჯგუფად ჰყოფს: პირველი ჯგუფის სულის ჩამდგმელია ეთნოლოგი კ. ლევი-სტროსი, მის შრომებში განხილულია ეგრეთწოდებული „პრიმიტიული საზოგადოების“ სტრუქტურები, რომელთა შესწავლისას მკვლევარი ცდილობს დაშორდეს ამ საკითხზე მეცნიერებაში არსებულ სტერეოტიპებს და უშუალოდ რეალური ვითარებიდან გამომდინარე ახდენს ანალიზს. ამ ასპექტში შატლე არ კამათობს, მაგრამ სასაცილოდ მიაჩნია (მისი სიტყვებია) ლევი-სტროსის მიერ ერთი კონკრეტული დარგის საფუძველზე მიღებული დასკვნებისა და მეთოდოლოგიის გავრცელება სხვა ჰუმანიტარულ მეცნიერებებზე.

მეორე ჯგუფი, რომელსაც ჟაკ ლაკანი თაოსნობდა, ფროიდიზმის პერსპექტივაშია მოქცეული და კვლევა-ძიებას აწარმოებდა ფსიქიურ დაავადებათა პრობლემებზე დაყრდნობით. ფ. შატლეს აქაც მხედველობაში აქვს კონკრეტული შედეგები და უარს ამბობს მათ განზოგადებაზე.

მესამე ჯგუფმა შექმნა „ძალზე სხვადასხვანაირი შრომები, რომელთა შორის ყველაზე ცნობილი და მართებულია მიშელ ფუკოსა და როლან ბარტის იდეები“ (შატლე 1967). კრიტიკოსი ამ ჯგუფის მიმართ შედარებით ლმობიერებას იჩენს და მოუწოდებს მათ ნიცშეანური „ფილოსოფიური კეთილსინდისიერებისაკენ“ და გატკეპნილი გზისაგან განზე გადგომას.

მეოთხე ჯგუფი, მარქსისტი სტრუქტურალისტებისა ლუი ალთუსერის თაოსნობით, ცდილობდა დიალექტიკური მატერიალიზმის მოძღვრების განვითარებას. ფ. შატლე ლევი-სტროსსა და ალთუსერს შორის ათავსებს მორის გოდელიეს, რომელიც მიზნად ისახავდა ისტორიული მატერიალიზმის ჩარჩოების გაფართოებას.

ჟან პოლ სარტრის აზრით, „ფუკო, ადამიანებს აწვდის იმას, რასაც ისინი საჭიროებენ: ეკლეკტიკურ სინთეზს, სადაც რობ-გრიიე, სტრუქტურალიზმი, ლინგვისტიკა, „ტელ-კელი“ და ლაკანი რიგ-რიგობით გამოყენებულია ისტორიული განჭვრეტის (reflexion historique) შეუძლებლობის დასამტკიცებლად“ (დექსი 1967). ჟან პოლ სარტრი ცდებაო, – ამბობს დექსი, – როდესაც იგი სტრუქტურალიზმს (მიშელ ფუკო) ისტორიის Praxi-ის უარყოფას სწამებს. ყველა მეცნიერებას ორი შემადგენელი ნაწილი აქვს: პირველი, უმთავრესი, სტრუქტურების გამოყოფა და, მეორე, მათი გარდაქმნისა და ერთიმეორეში გადასვლის შესწავლა.

სურათის გასამარტივებლად, შეიძლება ითქვას, პირველ მომენტს იკვლევს მიშელ ფუკო, მეორე მომენტი კი სარტრის ფილოსოფიის მიზიდულობის ცენტრს წარმოადგენს. მაგრამ ეს ორი მომენტი, პიერ დექსის აზრით, ერთიმეორეს კი არ გამორიცხავს, არამედ ავსებს. დექსის თვალსაზრისით, ფუკოს დამსახურება ისაა, რომ იგი აღადგენს ისტორიულ მანძილს, დისტანციას, საუკუნეთა ცვლაში ეძებს ევროპული აზროვნების ძირითად სტრუქტურებს.

სტრუქტურალიზმით გამოწვეულ პაექრობაში თვით სტრუქტურალიზმის ცნება გახდა დასადგენი. სარტრი მას ნეგატიურ ელფერს ანიჭებს და სისხლის შეგუბებას (სტასე) ამსგავსებს ისტორიის განვითარების სტრუქტურალისტურ ინტერპრეტაციას. პიერ დექსი ემხრობა პიაჟეს განსაზღვრებას, რომლის თანახმად „ჩვენს წინაშეა ცნებათა სამი დიდი კატეგორია: სტრუქტურები ანუ ორგანიზაციის ფორმები; ფუნქციები, რაოდენობრივ ან ენერგეტიკულ ღირებულებათა წყარო და მნიშვნელობანი (significations)“ (დექსი 1967).

სტრუქტურალიზმთან მიმართებაში საგულისხმოა ცნობილი ფილოლოგის ნორთროპ ფრაის სიტყვები, რომელიც სემანტიკური გამოკვლევების შესახებ შემდეგს წერდა: „ჩემთვის, რა თქმა უნდა, ცნობილია, რომ ახლა ვითარდება ახალი ტიპის ბობოქარი (იგულისხმება XX საუკუნის 60-იანი წლები) და ფრიად ბუნდოვანი ინტელექტუალური მოღვაწეობა… ამასთან ურთიერთკავშირში აღმოჩნდნენ ერთმანეთისაგან ისეთი დაცილებული ცოდნის დარგები, როგორებიცაა: უძველესი ისტორია და მათემატიკა, ლოგიკა და საინჟინრო საქმე, სოციოლოგია და ფიზიკა. ყველა იმ წიგნს, რომელშიც ეს ახალი იდეებია გადმოცემული, დაახლოებით ისე შევცქერი, როგორც მოსე მის წინ მთაზე მოვლენილ ღმერთს – კრძალული შიშით“ (ვეიმანი 1975).

* * *

ერთის მხრივ, საკმაოდ დამუშავებული მეთოდის არსებობამ და მეორეს მხრივ, კონკრეტულ მეცნიერებებში სტრუქტურული მეთოდოლოგიის დამკვიდრებამ საკვლევი მასალის სპეციფიკის გათვალისწინებით სრულიად ახალი რეალობის წინაშე დააყენა მთელი მეცნიერების სფერო, ვინაიდან იგი მკვლევარს უბიძგებდა საკვლევი ობიექტის სხვა რაკურსით სემიოტიკიდან ფილოსოფიისაკენ დანახვისაკენ. ამასთან დაკავშირებით ჟან-მაქს ოზიასი იტყვის: „სტრუქტურალიზმი ხდება მეთოდი, რომელიც მეტყველებს თავისი ობიექტის სუფთა ენაზე“ (ოზიასი 1971: 72).

როგორც ცნობილია, მეთოდი არასოდეს არ არის გულგრილი საგნის მიმართ, ყოველი ახალი ხერხი სრულიად სხვა თავისებურებებით წარმოგვიდგენს ერთი და იგივე საგანს და ამ შემთხვევაში არა მხოლოდ საგანი განსაზღვრავს მეთოდს, არამედ მეთოდიც ახდენს უკუქმედებას საგანზე, რაც სხვა ჭრილით გვიჩვენებს მას.

სტრუქტურული მეთოდის კონკრეტულ მეცნიერებაზე გამოყენებისას შეინიშნება ამ მეთოდისათვის დამახასიათებელი ორიგინალური თავისებურება, კერძოდ, იგი იწვევს ამ მეცნიერების ჩარჩოებში დამოუკიდებელი და განსაკუთრებული ნაწილის შექმნას და ამდენად, მკვლევარები ზოგჯერ არც მთლად უსაფუძვლოდ მიუთითებენ ორი მეცნიერების არსებობაზე – ტრადიციულზე და სტრუქტურულზე. მაგალითად, ტრადიციული ლინგვისტიკა, სტრუქტურული ლინგვისტიკა; ლიტერატურათმცოდნეობა, სტრუქტურული ლიტერატურათმცოდნეობა (ცვეტან ტოდოროვას ტერმინით პოეტიკა); ანთროპოლოგია, სტრუქტურული ანთროპოლოგია; ეთნოგრაფია, სტრუქტურული ეთნოგრაფია (ლევი-სტროსის ტერმინით ეთნოლოგია).

ამ განსხვავებაში არსებობს რაღაც პირობითობა, ვინაიდან მეცნიერება განისაზღვრება პირველ რიგში თავის საგნით და ამოცანებით და არა გამოყენებული მეთოდით. ახალი მეთოდოლოგიის გამოყენება არ იძლევა ახალ მეცნიერებას. მეთოდოლოგიური ხერხის გამოყენება საშუალებას იძლევა გამოყოფილი იქნას განსაკუთრებული სფერო მეცნიერებაში და გაფართოვდეს ჩვენი ცოდნა საგნის შესახებ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საინტერესოა ფრანგული სტრუქტურალიზმის წარმომადგენლის ცვეტან ტოდოროვას მოსაზრება. იგი თავის წიგნში „პოეტიკა“ (ტოდოროვა 1975) გვთავაზობს სტრუქტურული მეთოდოლოგიის გამოყენების გზით ახლებურად იქნეს აგებული მეცნიერება ლიტერატურის შესახებ. მას მიაჩნია, რომ ლიტერატურული მასალის კვლევისადმი ბიოგრაფიული მიდგომა არანაირ მეცნიერულ ღირებულებას არ წარმოადგენს და ამდენად იგი ლიტერატურათმცოდნეობის სფეროს არ უნდა განეკუთვნებოდეს. ასეთი დასკვნიდან გამომდინარე, ტოდოროვა ერთმანეთისაგან განასხვავებს და ასახელებს ლიტერატურათმცოდნეობის შესწავლის ორ უფრო შესაძლო ვარიანტს: პირველი ვარიანტი ლიტერატურული ტექსტის როგორც ასეთის შესწავლაა. ასეთ შემთხვევაში, ლიტერატურული ნაწარმოები წარმოადგენს ერთადერთ ობიექტს და კვლევის საბოლოო მიზანს, აქ მოცემულია მისი ინტერპრეტაცია. მეორე შესაძლო ვარიანტი გულისხმობს ცალკეული ნაწარმოებების განხილვას, როგორც რომელიმე აბსტრაქტული სტრუქტურის გამოვლინება. გიორგი ამ შემთხვევაში ანალიზის ობიექტი ხდება უკვე არა ცალკეული ნაწარმოებები, არამედ მისი ჯგუფები. მკვლევარი მიისწრაფვის საერთო კანონების დადგენისაკენ, რომელთა მიხედვით აიგება ნაწარმოები. ასეთ მიდგომას, ტოდოროვას აზრით, შეიძლება ვუწოდოთ მეცნიერული კრიტიკა, ვინაიდან აქ, ამ შემთხვევაში, ურთიერთთან მეზობლობენ გამოკვლევები ფსიქოლოგიასა და ფსიქოანალიზში, სოციოლოგიასა და ენთოლოგიაში, ფილოსოფიასა და ისტორიულ მეცნიერებებში. ამ გამოკვლევებში უარყოფილია ლიტერატურული ნაწარმოების ავტონომიურობა, რომელიც განიხილება როგორც ლიტერატურული კანონზომიერებების გარე ფსიქოლოგიის, საზოგადოებრივი ცხოვრების ან ე.წ. „ადამიანის სულის“ სფეროს საკუთრება. ამ შემთხვევაში, ტოდოროვა თვლის, რომ მკვლევარის ამოცანას წარმოადგენს მხატვრული ნაწარმოების აზრის ასახვა ამ მიზნისათვის რომელიმე უფრო ღრმა ენაზე შერჩეული გამონათქვამის სახით. მხატვრული ნაწარმოების კვლევა ემსგავსება ამოშიფვრას ან თარგმნას, ვინაიდან მკვლევარის წინაშე ნაწარმოები მოცემულია როგორც „რაღაც“ და მისი მიზანია, ამოცანაა გაშიფროს ამ „რაღაცის“ პოეტიკური კოდი, იმის მიხედვით, თუ როგორი ბუნება გააჩნია ამ „რაღაცას“, – ფილოსოფიური, ფსიქოლოგიური, სოციალური თუ კიდევ რომელიმე სხვა. ამისდა მიხედვით, განხილული ტიპის კვლევა შეიძლება მივაკუთვნოთ ცოდნის შესაბამის სფეროებს. ასეთი ხასიათის გამოკვლევებს, ტოდოროვას აზრით, მეცნიერებაზე პრეტენზია აქვთ იმდენად, რამდენადაც მათ ობიექტებს წარმოადგენენ სხვადასხვა მეცნიერებებში განწესრიგებული კანონები (ფსიქოლოგიური, სოციოლოგიური და სხვა) და არა ცალკეული ფაქტები, რომლითაც ხდება ამ კანონთა ილუსტრირება.

ლიტერატურული მასალისადმი მიდგომის ეს ორი ვარიანტი, ტოდოროვას აზრით, არ არის შეუთავსებადი, პირიქით, ისინი ავსებენ კიდეც ურთიერთს, მაგრამ იმისდა მიხედვით, თუ რაზე კეთდება ძირითადი აქცენტი, ყოველთვის შეიძლება ითქვას, თუ რომელი დომინირებს ამ ორი ვარიანტიდან.

ცალკულ ნაწარმოებთა ინტერპრეტაციის გზით პოეტიკა ცდილობს არა ამ ნაწარმოებში მოცემული აზრის გარკვევას, არამედ იმ საერთო კანონების შემეცნებას, რომლებიც განაპირობებენ მის წარმოქმნას. მეორეს მხრივ, პოეტიკა მეცნიერებათა სფეროში მოცემულ კანონებს ეძებს თვით ლიტერატურაში. მაშასადამე, პოეტიკა გამოხატავს ლიტერატურისადმი როგორც „აბსტრაქტულ“ მიდგომას, ასევე გამოწვლილვით მიდგომას „შიგნიდან’.

აღნიშნულიდან გამომდინარე, როგორც ვხედავთ, სტრუქტურული პოეტიკის კვლევის ობიექტს წარმოადგენს არა ლიტერატურული ნაწარმოები თავის თავად, არამედ ისეთი განსაკუთრებული ტიპის გამოთქმების თვისებები, როგორიც არის ლიტერატურული ტექსტი. ამ სემიოტიკიდან ფილოსოფიისაკენ

თვალსაზრისით, ყოველი მხატვრული ნაწარმოები განიხილება როგორც რომელიმე უფრო აბსტრაქტული სტრუქტურის რეალიზაცია. ამდენად, სტრუქტურული პოეტიკა დაინტერესებულია ლიტერატურულ ნაწარმოებების შესაძლო ქვეტექსტებით. მას აინტერესებს ის აბსტრაქტული თვისება, რომელიც წარმოადგენს ლიტერატურული ფაქტის განმასხვავებელ ნიშანს. ასეთი სახის კვლევის ამოცანაა არა ლიტერატურული ნაწარმოების თხრობა, არამედ ლიტერატურული ტექსტის სტრუქტურის და ფუნქციონირების თეორიის ჩამოყალიბება, – თეორიისას, რომელიც ითვალისწინებს ლიტერატურული შესაძლებლობების მთელ კრებულს, რომელშიც რეალური ლიტერატურული ნაწარმოებები დაიკავებენ განსაზღვრული კერძო შემთხვევების, რეალიზებული შესაძლებლობების ადგილს.

ლიტერატურათმცოდნეობის ამ ფორმით გაგებისათვის, და კიდევ უფრო ნათელი რომ გახდეს საკითხი, შევეხებით ლინგვისტური ფილოსოფიის პროფესორის მამუკა ბიჭაშვილის პოეტიკას „შაგრენის ტყავის მეორე მხარეს“ (ბიჭაშვილი 1996). მეცნიერი ბალზაკის ნოველიდან ეხება ტექსტს, რომელიც გამოსახული გახლდათ შაგრენის ტყავის ერთ მხარეს, „თუ მე მფლობ, ყოველივეს მფლობელი იქნები. მაგრამ შენი ცხოვრება ჩემი იქნება. ღმერთმა ასე ინება. ისურვე და შენი სურვილები შენს ცხოვრებას შეუფარდე. ეს ცხოვრება აქ არის. ყოველი შენი სურვილის მიხედვით მე ისევე შევმცირდები, როგორც შენი დღეები შემცირდებიან…“ (ბალზაკი 1952: 65-301). მისგან განსხვავებით მეცნიერს აინტერესებს ტყავის მეორე მხარის სრულიად უცნობი შინაარსი, ანუ ის, რაზედაც მიგვანიშნებს „ხილული ტექსტის თეთრი სიცარიელე“ (ფუკო).

ამ მიზნის განხორციელებისათვის მკვლევარი მიმართავს სემიოტიკური სტრუქტურისათვის დამახასიათებელ ტრიადას: აღმნიშვნელი (დესიგნატი), აღსანიშნი (დენოტატი) და ნიშანი (საზრისი ანუ მნიშვნელობა). მოცემული სქემის მიხედვით შაგრენის ტყავზე გამოსახული ციტატა არკვევს ტყავის მფლობელის პრიორიტეტს და ენობრივ სისტემაში წარმოადგენს აღმნიშვნელს. სქემის მეორე ელემენტი – ასეთ შემთხვევაში, თავად შაგრენის ტყავი აღსანიშნის ფუნქციას ასრულებს. დასაძებნი რჩება ამ ორი ელემენტის რედუქციის პროდუქტი – საზრისი. ამის შემდგომ, მამუკა ბიჭაშვილი კვლავ მიმართავს „შაგრენის ტყავიდან“ კიდევ ერთ ფრაგმენტს, რომელიც პოეტიკის დასაწყისში ციტირებული პასაჟის კომენტარს წარმოადგენს. მოხუცი სოვდაგარი შემდეგნაირად უხსნის რაფაელ დე ვალენტენს ტყავის ერთ მხარეს ჩაჭედილი წარწერის საზრისს: „ახლა მინდა ორიოდ სიტყვაში ადამიანური ცხოვრების დიდი საიდუმლო გაგიმხილოთ. ადამიანი იშრიტება ორ ინსტიქტურად შესრულებულ აქტში, რომელიც აშრობს მისი არსებობის წყაროებს. ორი სიტყვა გამოხატავს სიკვდილის ამ ორი მიზეზის ყოველ ფორმას: სურვილი და ძალა… აქ, თქვა მან მაღალი ხმით და შაგრენის ტყავზე მიუთითა, აქ ძალა და სურვილია შეერთებული. აქაა თავმოყრილი თქვენი სოციალური იდეები, თქვენი გადაჭარბებულ სურვილები, თქვენი თავშეუკავებლობა, თქვენი სიხარული, რომელიც ადამიანს კლავს, თქვენი მწუხარება, რომელიც სიცოცხლეს ამძაფრებს, იმიტომ, რომ ტკივილი შეიძლება ცხარე სიამოვნება იყოს და სხვა არაფერი… და რა არის სიგიჟე თუ არა სურვილის და ძალის სიჭარბე“ (ბალზაკი 1952).

ამით უკვე მოძებნილი იქნა პირველადი ენობრივი სისტემის სამივე ელემენტი – ტყავის ერთ გვერდზე გაკეთებული წარწერა (აღმნიშვნელი), თავად ტყავის შესაბამისი მხარე (აღსანიშნი) და სურვილი (საზრისი). წარმოდგენილი სემიოტიკური ელემენტების შესაბამისი შინაარსების ექსპლიკაცია გვიჩვენებს, რომ შაგრენის ტყავის მთელი იდუმალება იმგვარი ძალის კონსტიტუციაში მდგომარეობს, რომელიც გარკვეული პირობების ხარჯზე ნებისმიერი სურვილების შემსრულებელია.

ამგვარად, მკვლევარის მიერ გამოვლენილი იქნა ნაწარმოების აბსტრაქტული სტრუქტურები და ამის შემდგომ მსჯელობაში შემოაქვს პოლიტიკური დისკურსი და აკეთებს დასკვნას, რომლის თანახმად, უპირველეს კანდიდატად იმ ძალისა, რომელსაც ნებისმიერი სურვილის შესრულება შეუძლია, სახელმწიფო და მმართველი პოლიტიკოსებია. ენობრივი სისტემის სტრუქტურაში აღმნიშვნელის „ძალის“ გვერდით, „სახელმწიფოს“ შეტანის შემთხვევაში იგი აღსანიშნის ადგილს დაიკავებს. და კვლავ, მეცნიერს ახლა დასაძებნი რჩება ამ ორი ელემენტის პროდუქტი. მიმართებამ უნდა გახსნას ლატენტური ენის საზრისი და მიგვანიშნოს იმაზე, თუ რა არის მოხაზული შაგრენის ტყავის უკანა მხარეს. მეცნიერი ასკვნის, შაგრენის ტყავის უკანა მხარეს გამოსახულია საქართველო, რომლის საზღვრები შაგრენის ტყავივით ქრება,* ამ ქვეყნის პოლიტიკოსების დაუოკებელ ლტოლვებთან და მრავალფეროვან სურვილებთან შესაბამისობაში.

როგორც ვხედავთ, ამგვარი ხასიათის სამეცნიერო კვლევა არღვევს ლიტერატურის სფეროს ავტონომიურობას და მასში ჩართულია როგორც პოლიტიკა, ასევე ფსიქო-ანალიზი და ფილოსოფია. მკვლევარი მოხერხებულად იყენებს ენობრივ ნიშანთა ცვალებადობას, როცა იგი ერთის გარდა აღნიშნავს კიდევ სხვა საგანს, ისე რომ არ წყვეტს პირველი საგნის აღნიშვნას. აქვე დავძენთ, რომ ამგვარი ენობრივი სისტემა ალეგორიულია, რადგან ალლეგორიე ნიშნავს ერთის თქმისას რაღაც მეტის თქმასაც.

ამგვარად, კონკრეტული კვლევების სფეროში სტრუქტურულ ანალიზს მოაქვს დადებითი შედეგები, რომლებიც, ალბათ, იმით აიხსნება, რომ სტრუქტურალისტური ლინგვისტიკის წანამძღვრების უკან სწორი ანალიტიკური ხერხები დგას.

სტრუქტურული მეთოდის ნაყოფიერმა გამოყენებამ სხვადასხვა კონკრეტულ მეცნიერებებში, ე.წ. „სტრუქტურული მეცნიერებების“ წარმოშობამ მკვლევარები დააყენა საკითხის ფილოსოფიური გააზრების აუცილებლობის წინაშე. პროპი ლევი-სტროსთან სამეცნიერო კამათისას აღნიშნავდა: „თუ მთელი რიგი ფაქტებისა და მათი კავშირურთიერთობის აღწერა და შესწავლა ხდება, მაშინ მათი აღწერა მოვლენის, ფენომენის ახსნაში გადაიზრდება, და ამგვარი ფენომენის ახსნა… ფილოსოფიურ ფიქრებსაც გვგვრის“ (პროპი 1984: 9).

* * *

დღის წესრიგში დადგა სტრუქტურული მეთოდის შეყვანა ზოგად ფილოსოფიურ პრობლემათა ოჯახში. მეთოდის ფართოდ გავრცელებამ სხვადასხვა მეცნიერებებში და ეფექტურმა გამოყენებამ სტრუქტურალიზმის თაყვანისმცემლებიც შესძინა საფრანგეთში, რასაც ხელს უწყობდა, ერთის მხრივ, ეგზისტენციალიზმის კრახი (XX საუკუნის 60-იანი წლები). სტრუქტურალიზმმა პრეტენზია გამოთქვა არა მხოლოდ მეთოდოლოგიის როლზე, არამედ მთლიანად ფილოსოფიურ პრობლემატიკაზე, მის ძირეულ საკითხებზე, ისეთი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაზე, რომელიც გავლენას ახდენს პოლიტიკაზე და ცვლის მთლიანად სახელმწიფო იდეოლოგიას

(გრეცკი 1971:10).

ფრანგი ინტელექტუალების მოდურ ფილოსოფიას ეგზისტენციალიზმს სტრუქტურალიზმი ჩაენაცვლა. არსებობის ეგზეისტენციურმა კონცეფციამ და მისმა აბსურდის ფილოსოფიამ ასახა საზოგადოების ნამდვილი კრიზისი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ევროპული ცხოვრების ნიშანდობლივ მახასიათებელს წარმოადგენდა. მათ მიერ დასმულ კითხვას, – „როგორ ვიცხოვროთ“ – პასუხი ვერ გაეცა და ეგზისტენციალიზმი როგორც გაბატონებული კონცეფცია XX საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისში მიიცვალა. ქართველი ფილოსოფოსის გურამ თევზაძის მართებულ შენიშვნით, „როცა რაიმე მნიშვნელოვანი ფილოსოფიური მიმართულების მარცხი გამომჟღავნდება ხოლმე, ეს, როგორც წესი, ნიშნავს ყოვლისმომცველობაზე მისი პრეტენზიის უსაფუძვლობის გაცნობიერებას. მისი წარმომადგენლები ამას, საერთოდ, ფილოსოფიის დასასრულად მიიჩნევენ“ (თევზაძე 2002:528). ფუკომ სარტრი უკანასკნელ ფილოსოფოსად ჩათვალა და ასე დააყენა საკითხი: შეუძლია თუ არა ადამიანს სხვაგვარად იაზროვნოს, ვიდრე აზროვნებს, სხვაგვარად აღიქვას, ვიდრე აღიქვამს. XVIII საუკუნის მოაზროვნის ბაუმგარტენის თეორიამ ფილოსოფიიდან მეცნიერებათა გამოყოფის შესახებ უკუპროცესი შეიძინა, მეცნიერები კვლევის ახალი გამდიდრებული მეთოდებითა და ხერხებით კვლავ დაუბრუნდნენ ფილოსოფიას. უწყვეტობა უკვე აღარ არის ისტორიის მთავარი და ძირეული კატეგორია, მის ადგილს წყვეტადობის კატეგორია იკავებს. ფუკოს აზრით, სწორედ ასეთი სახის კვლევას შეუძლია მოხაზოს სფერო, სადაც ფილოსოფია ესწრაფვის განვითარებას რაღაც მოცემულ გარკვეულ ეპისტემეში. მეცნიერების ისტორია ეს არის განზიდვისა და მიზიდვის შეუქცევადი პროცესი, ისევე როგორც ბუნებაში ზღვის ტალღათა მიქცევა და მოქცევა. სტრუქტურალიზმი ნამდვილ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ისტორიის დასაწყისად გამოცხადდა და თუ აქამდე მსჯელობდნენ და მსჯელობენ პოსტმოდერნიზმზე არქიტექტურაში, ლიტერატურაში, ლინგვისტიკაში, პოლიტიკაში, ამის შემდგომ, პოსტმოდერნიზმი ისტორიის სხვადასხვა სფეროების კვლევის შედეგად ფილოსოფიაშიც დამკვიდრდა (თევზაძე 2002:515).

კაცობრიობის განვლილ, ისტორიის ხანგრძლივ და მომქანცველი გზის თითოეული ეტაპის (ეპოქის) ინტელექტით დაძლევას ადამიანი ახალი და ახალი ეპისტემეთი ახერხებდა. ეპოქალური მოძრაობით დაგროვილ ეპისტემეთა გროვაში ჩაიძირა ადამიანი და ადამიანურ მიმართებათა პირველი ბუნებრივი საწყისი, ის, რითაც (უკვე ინტელექტუალურად შიშველი) ადამიანი მოევლინა სამყაროს.

ადამიანი, როგორც სტრუქტურის ელემენტი, ამყარებს კავშირს სტრუქტურის სხვა ელემენტთან ადამიანთან, ბუნებასთან, კულტურასთან (ადამიანი-A; ბუნება-B; კულტურა-C) A→A; A→B; A→C; მიმართებათა კავშირში აისახება ადამიანის ქცევის მოტივაცია, რომლის სტრუქტურული მიმართება გვაძლევს საშუალებას სხვაგვარად აღვიქვათ სამყარო. სტრუქტურალიზმმა, როგორც მეთოდმა, შეძლო შეეღწია ადამიანის მოღვაწეობის სხვადასხვა სფეროების ღრმა ლაბირინთებში და მისი ელემენტების მიმართებათა გამოკვლევით სრულიად ახალი სინამდვილის წინაშე დაგვაყენა. აღნიშნული მეთოდით მსჯელობამ ეკონომიკასა და პოლიტიკაში „ახალი საზოგადოება“ მოგვცა, იდეოლოგიაში – „ახალი მემარჯვენეები“ და „ახალი მემარცხენეები“, ლიტერატურაში – „ახალი რომანი“, ლიტერატურათმცოდნეობაში – „ახალი კრიტიკა“, ისტორიოგრაფიაში – „ახალი ისტორია“ და ყველა ერთად „ახალი ფილოსოფიაა“.

ლიტერატურა

ავტონომოვა 1977: Автономова Н., Философские проблемы структурного анализа в гуманитарных науках, изд. “наука”, М ., 1977.

შატლე 1967: Châtlet F., Où en est le structuralisme? “La Quinzaine Littéraire” I-er au 15 juillet 1967.

დექსი 1967: Daix Piere, Sartre est-il dépassé? “Les Lettres fran caises”, , 1168, fevrier 1967.

ვეიმანი 1975: Вейман Р., История литературы и мифология, М., 1975.

ტოდოროვა 1975: Тодоров Цветан, Поэтика. Структурализм: “за” и “против” (сб. Статией, изд. “Прогресс”, М., 1975).

ბიჭაშვილი 1996: ბიჭაშვილი მ., შაგრენის ტყავის მეორე მხარეს, ჟურნალი „ტეტრამერონი“, თბ., 1996 წ.

ბალზაკი 1952: ბალზაკი ო., შაგრენის ტყავი (თარგმანი გერონტი ქიქოძისა), გამომც. „საბჭოთა საქართველო“.

პროპი 1984: პროპი ვ., ზღაპრის მორფოლოგია (თარგმანი მარიამ კარბელაშვილისა), „მეცნიერება“, თბ., 1984.

გრეცკი 1971: Грецкий, Французский структурализм, „знание”, М., 1971.

თევზაძე 2002: თევზაძე გ., XX საუკუნის ფილოსოფიის ისტორია,

გამომც. თსუ, თბ., 2002.

_____________

* მამუკა ბიჭაშვილის ნაშრომი „შაგრენის ტყავის მეორე მხარეს“ დაიწერა 1996 წ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s