სალომე ომიაძე _ კონცეპტის ცნება


ლინგვოკულტუროლოგიური კონცეპტის (შემდგომში – კონცეპტი) გაგება არ ემთხვევა ცნების კლასიკურ (ტრადიციულ) დეფინიციას, რომელიც საგნის არსებით ნიშანთა ერთობლიობას გულისხმობს. თანამედროვე კულტუროლოგიური და ლინგვოკულტუროლოგიური მიდგომა კონცეპტისადმი, უწინარეს ყოვლისა, სულიერი ღირებულების ცნებად მიიჩნევს მას, რაც ერთხელ კიდევ ამტკიცებს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა პარადიგმის მორიგ ცვლას, როცა გასული საუკუნის დასაწყისში გაბატონებული სისტემურსტრუქტურული პარადიგმის ადგილს ანთროპოცენტრული პარადიგმა იკავებს. როგორც მკვლევრები აღნიშნავენ, ღირებულებების პრობლემა, როგორც წესი, ყოველთვის იმ ეპოქებში ჩნდებოდა, როცა ხდებოდა კულტურული ტრადიციის გაუფასურება, საზოგადოების იდეოლოგიური დისკრედიტაცია (ათენის დემოკრატიის კრიზისმა აიძულა სოკრატე პირველად დაესვა კითხვა: რა არის სიკეთე?). აქსიოლოგიური შეფერილობა, რომელიც კონცეპტს ახლავს, იწვევს მის განცდასაც. კონცეპტები, როგორც მენტალური ერთეულები, არამარტო გაიაზრებიან, არამედ განიცდებიან კიდეც, უფრო ზუსტად, მათ მიმართ ვლინდება სიმპათიისა და ანტიპათიის ემოციური მიმართება (სტეპანოვი 1997:41). გარდა განცდისა, კონცეპტის შემფასებლური შეფერილობა „სემიოტიკურ სიმჭიდროვესაც“ აჩენს: კონცეპტი გამოხატულების პლანში წარმოდგენილია მთელი რიგი ენობრივი სინონიმებით, თემატური ველებით, ანდაზებით, ფოლკლორული და ლიტერატურული სიუჟეტებით, ქცევის სტერეოტიპებით, მატერიალური კულტურის საგნებითა და სხვ., რაც მიუთითებს შესაბამისი კონცეპტების მნიშვნელოვნებაზე ადამიანის ცხოვრებაში.

ცნებისაგან კონცეპტის გამოყოფის საშუალებად ლოგიკური სემანტიკის წარმომადგენლებს (ფრეგე, ჩორჩი, კარნაპი…) მიაჩნიათ ცნების განშრევება ისეთ წყვილებად, როგორიცაა „მოცულობა“ და „შინაარსი“, „ექსტენსიონალი“ და „ინტენსიონალი“, „დენოტატი“, „სიგნიფიკატი“, „მნიშვნელობა“ და „საზრისი“. ამ წყვილთა მეორე წევრებს ენიჭება „კონცეპტის“ სახელი. აქ „კონცეპტი გულისხმობს რაიმე სახელის ცნებითი შინაარსის სემანტიკური წარმოდგენის საშუალებას, ხოლო მნიშვნელობა – ობიექტთა კლასს (სიმრავლეს), რომელთანაც იგი გვგზავნის. თუ ამ დაყოფას გადავიტანთ აბსტრაქტულ ობიექტებზე – ცნება-უნივერსალიებსა და სულიერ ღირებულებებზე, რომლებიც სინამდვილის საგანთა განუსაზღვრელად ფართო კლასის ჰიპოსტაზირებულ თვისებებსა და მიმართებებს წარმოადგენენ, აღმოჩნდება, რომ ამგვარი კონცეპტები უმოცულობო ცნებებია, წმინდა აზრობრივი კონსტრუქტები, რადგანაც დენოტატურად ისინი ობიექტთა „ცარიელ სიმრავლეს“ შეესაბამება… ისინი მხოლოდ აზროვნების სუბიექტის ცნობიერებაში არსებობენ“ (ვორკაჩევი 2004:19).

როგორც ს. ვორკაჩევი აღნიშნავს, კონცეპტის გამოყოფის თანამიმდევრულად ლინგვისტიკურ ნიშანს გვთავაზობს ნ. დ. არუთინოვა. მისი განმარტებით, კონცეპტები „ცხოვრებისეული ფილოსოფიის ცნებებია“, `მსოფლმხედველობრივ ტერმინთა ყოფითი ანალოგები“, რომლებიც განმტკიცებულია ბუნებრივი ენის ლექსიკაში და რომლებიც უზრუნველყოფენ ეთნოსის სულიერი კულტურის სტაბილურობასა და მემკვიდრეობითობას. კონცეპტები ამგვარი გაგებით წარმოადგენენ ყოფით-ფილოსოფიური (უწინარესად ეთნიკური) ცნობიერების ერთეულებს, ისინი კულტურულად ნიშნადი, აქსიოლოგიურად შეფერილი და მსოფლმხედველობრივ ორიენტირებულია. „ფილოსოფიური და ეთნიკური ტერმინების ყოფითი ანალოგები ბუნებრივი ენების ლექსიკის ფართო სფეროს ქმნიან“ (არუთინოვა 1993:31). მართალია, „კულტურულ კონცეპტს“ ამ შეხედულების თანახმად, ლინგვისტიკური სტატუსი ენიჭება და ამდენად იქმნება შესაძლებლობა ისინი აღიწეროს `სამყაროს ენობრივი სურათის~ ტერმინებით, მაგრამ, როგორც ვორკაჩევი სამართლიანად აღნიშნავს, მთლად ცხადი და უდავო არ უნდა იყოს აზრი, რომელიც ზემომოყვანილი სიტყვებიდან არაპირდაპირ გამომდინარეობს: წმინდა მეცნიერულ, მსოფლმხედველობრივსა და ეთიკურ ცნებებს რაიმე კულტუროლოგიური სპეციფიკა არ გააჩნია. ამას ეწინააღმდეგება „აზროვნების სტილთა“ და „მეცნიერულ პარადიგმათა“ – „აზროვნების კულტურათა“, როგორც საერთოდ კულტურის შემადგენელი ნაწილის, არსებობის ფაქტი“ (ვორკაჩევი 2004:16).

ენობრივი კონცეპტუალიზაცია, როგორც ლექსიკურ ერთეულთა შინაარსობრივი პლანის სემანტიკური წარმოდგენის საშუალებათა ერთობლიობა, როგორც ჩანს, სხვადასხვა კულტურაში განსხვავებულია (ვეჟბიცკა 1997:238), მაგრამ სემანტიკური წარმოდგენის მხოლოდ სპეციფიკა არ უნდა იყოს საკმარისი კონცეპტის, როგორც ლინგვოკულტუროლოგიური ცნების, გამოყოფისათვის. ყურადსაღებია სპეციალურ ლიტერატურაში გამოთქმული მოსაზრებები ამის თაობაზე. ფიქრობენ, რომ ენობრივი და კულტურული თავისებურებანი აქ უფრო მეტად შემთხვევითია და ისინი ვერ ასახავენ სემანტიკის ეროვნულ-კულტურულ (საკუთრივ ეთნიკურ) თავისებურებას, და არც ყველა განსხვავება ცალკეულ ლექსიკურ ერთეულთა შიდა ფორმებს შორს შეიძლება მივიჩნიოთ კონცეპტუალური თვალსაზრისით ღირებულად (დობროვოლსკი 1997:42). აქვე დგება საკითხი მენტალობისა და მენტალიტეტის შესახებ, კერძოდ, მათი ურთიერთმიმართებისა და არა იდენტურობისა.

ამა თუ იმ ენის მატარებელთა მსოფლაღქმის სპეციფიკას ასახავს კონცეპტთა, როგორც სემანტიკურ ერთეულთა, ერთობლიობა, რომელიც ქმნის კონცეპტუალურ სფეროს. სწორედ ეს სფერო შეესაბამება მენტალობას, როგორც სამყაროს ხედვის საშუალებას. რაც შეეხება მენტალიტეტს, რომელიც ერის კოგნიტიურ, ემოციურ და ქცევით სტერეოტიპთა სიმრავლედ განიხილება, მის სფეროში შედის ეთნიკური სპეციფიკით ნიშანდებული კონცეპტები (მასლოვა 2001:49). მენტალობასა და მენტალიტეტს შორის საზღვარი ანუ განსხვავება კონცეპტთა ფართო და ვიწრო მნიშვნელობებს შორის არ არის მკაფიო. დღეს არც არსებობს ამა თუ იმ ლინგვოკულტურული ერთობის თანამედროვე მენტალიტეტის აღწერის ფორმალური საშუალებები. ერთადერთ კრიტერიუმად მიიჩნევენ ენის ლექსიკურ სემანტიკაში ასახული კოგნიტიური და ფსიქოლოგიური სტერეოტიპების მასობრიობასა და ინვარიანტულობას (თელია 1996:235).

ლინგვოკულტუროლოგიურ გამოკვლევებში ერთიანი აზრი არ არის იმის შესახებ, თუ ენის კონკრეტულად რომელი ერთეულები უკავშირდება კონცეპტს, თუმცა კავშირის არსებობას კონცეპტსა და გამოხატვის ვერბალურ საშუალებებს შორის ყველა აღნიშნავს. იგი მიაჩნიათ „სიტყვაში განზოგადებულ (სიგნიფიკაციურ) სახედ, რომელიც სამყროს ეროვნული სურათის ფრაგმენტს ასახავს“; „კოლექტიური ცნობიერების ნებისმიერ დისკრეტულ ერთეულად, რომელიც ასახავს რეალური ან იდეალური სამყაროს საგანს და ვერბალურად აღნიშნული ინახება ეროვნული ენის მეხსიერებაში“ (ვორკაჩევი 2004:34).

მართლაც, ენაში არსებობს კონკრეტული ლექსიკური ერთეულები, რომლებიც ნომინაციური ფორმით წარმოადგენენ მატერიალურსა და სოციალურ კულტურას, იქნება ეს ყოფის სპეციფიკური რეალიები თუ საზოგადოებრივი ინსტიტუტები, ხოლო სულიერი და ქცევითი კულტურა ლექსიკურ სემანტიკაში კონოტაციების სახით გვევლინება. ამდენად, კონცეპტისა და მისი რეალიზაციების საკითხი უკავშირდება საკუთრივ ენათმეცნიერულ პრობლემატიკას. კონცეპტის, როგორც ვერბალურად გაცხადებული საზრისის, შესწავლა უნდა გულისხმობდეს ამ საზრისის პოვნიერების სფეროსა და მისი კომუნიკაციური რეალიზაციის დონის დადგენას. ამასთანავე, სიტყვა, როგორც ენის ლექსიკურ-სემანტიკური სისტემის ელემენტი, ყოველთვის რეალიზდება ამა თუ იმ ლექსიკური პარადიგმის შემადგენლობაში, რის გამოც იგი შეიძლება განვიხილოთ როგორც ამ სიტყვის ლექსიკურ-სემანტიკური ვარიანტებით აგებული ლექსიკური პარადიგმის ინვარიანტი, ასევე, განვიხილოთ როგორც ამავე სიტყვის ერთ-ერთი ლექსიკურ-სემანტიკური ვარიანტის შესაბამის სინონიმთა რიგის სახელი. ყველა შემთხვევაში კონცეპტი, როგორც წესი, მიემართება იმ სხვადასხვაგვარ სინონიმურ (ლექსიკურ, ფრაზეოლოგიურსა და აფორისტულ) ერთეულთა ერთობლიობის გამოხატულების პლანს, რომლებიც ამ კონცეპტს აღწერენ ენაში. ამგვარად, მთელ ლექსიკურ-სემანტიკურ პარადიგმას და არა პარადიგმის ერთ-ერთ წევრს უკავშირდება კონცეპტის ცნება.

რაც შეეხება ლინგვოკულტურული კონცეპტის შინაარსის პლანს, ისიც შეიცავს სემანტიკურ ნიშანთა, სულ მცირე, ორ რიგს: 1) მასში შედის კონცეპტის ენობრივი რეალიზაციებისათვის საერთო სემები, რომლებიც ლინგვოკულტურული, ეთნოსემანტიკური სპეციფიკით არის ნიშანდებული და დაკავშირებული ენის მატარებელთა მენტალობასთან ან ნაციონალური ენობრივი პიროვნების მენტალიტეტთან (ვორკაჩევი 2004:37). ეროვნულკულტურული სპეციფიკის ქონა სიტყვისთვის ის ნიშანია, რაც მას კონცეპტის სტატუსს ანიჭებს (ნეროზნაკი 1998:85).

როგორც ვხედავთ, კონცეპტი სემანტიკურად წარმოადგენს გარკვეულ აბსტრაქციას, რომელიც თავის ენობრივ რეალიზაციათა მნიშვნელობებს განაზოგადებს. აბსტრაქტულობის მაღალი ხარისხი აქვთ მეტაფიზიკურ კონცეპტებს, როგორიცაა, მაგალითად, სული, სიყვარული, ჭეშმარიტება, ბედნიერება, თავისუფლება და მისთ. ისინი მიემართებიან სულიერ ღირებულებათა „უხილავ სამყაროს“. ამ მენტალურ არსთა საზრისი შეიძლება გაცხადდეს მხოლოდ სიმბოლოს, ნიშნის საშუალებით, რომლის ხატოვანი საგნობრივი შინაარსის მეშვეობით გამოიხატება აბსტრაქტულის შინაარსი. მკვლევართა აზრით, სწორედ ეს იწვევს ამგვარ კონცეპტთა შედარებით ადვილ „სინონიმიზაციასა“ და ე. წ. „კონცეპტუალიზებული სფეროს“ შექმნას, სადაც მეტაფიზიკურ საზრისებსა და საგნობრივი სამყაროს მოვლენებს შორის ჩნდება სემანტიკური ასოციაციები, ერთმანეთს ერწყმის სულიერი და მატერიალური კულტურები.

ამგვარად, კონცეპტთა რიცხვს მიეკუთვნება მხოლოდ სემანტიკური წარმონაქმნები, რომელთა სია საკმაოდ შეზღუდულია. ისინი საკვანძო ერთეულებს წარმოადგენენ ეროვნული მენტალიტეტის, როგორც მისი მატარებლების სამყაროსადმი სპეციფიკური მიმართების, გაგებისათვის. ენობრივი ნიშნის შინაარსობრივი მხარის ადეკვატური აღნიშვნისათვის ახალი ტერმინის შემუშავებამ, რომელიც მოხსნიდა ტრადიციული „მნიშვნელობისა“ და „საზრისის“ ფუნქციურ შეზღუდულობას და რომელშიც ორგანულად იქნებოდა შერწყმული ლოგიკურ-ფსიქოლოგიური და ენათმეცნიერული კატეგორიები, გააჩინა მეტოქე ნომინაციური ერთეულები: „კონცეპტი“, „ლინგვოკულტურემა“, „მითოლოგემა“, „ლოგოეპისტემა“. ამათგან უფრო სიცოცხლისუნარიანი პირველი აღმოჩნდა, რომელმაც გამოყენების სიხშირით ჩამოიტოვა სხვა დანარჩენები, მიუხედავად იმისა, რომ დასახელებულ პროტერმინთა შორის საერთო ის იყო, რომ ყოველი მათგანის მეშვეობით ცდილობდნენ აესახათ მოუხელთებელი, ე. წ. „ხალხის სული“, ანუ ენობრივ ცოდნათა წარმოდგენის ეთნიკური სპეციფიკა.

რაც შეეხება კონცეპტის დეფინიციურ ნიშნებს, მათ შორის შეიძლება დავასახელოთ შიდა დანაწევრება, „სემიოტიკური სიმჭიდროვე“, „კომუნიკაციური რელევანტურობა“, „განცდითობა“, „ეტიმოლოგიური მეხსიერება“ აბსტრაქცია (ლექსიკურ რეალიზაციათა მნიშვნელობების განზოგადება, რომელიც მოცულობითა და სიღრმით აღემატება ჩვეულებრივი სიტყვის განმაზოგადებელ ძალას), აგრეთვე, მრავალდონიანობა, რაც აღნიშნულ რეალიზაციათა სიმრავლეზე აბსტრაქციის ინტერვალით განისაზღვრება (იგულისხმება „პროტოკონცეპტები“ – მონოგლოსური კონცეპტები – პოლიგლოსური კონცეპტები). ამ ნიშანთაგან ზოგი ფაკულტატიურია. არსებითი კი ის არის, რომ კონცეპტის სემანტიკაში გამოიყოფა ცნებითი, ხატოვანი და ღირებულებითი კომპონენტები, ამასთანავე, ცნებითი შემადგენელი არ დაიყვანება უბრალოდ „საგნის არსებითი ნიშნების“ შესახებ ინფორმაციაზე, ხოლო მთლიანად კონცეპტი მოიცავს კომუნიკაციურად მნიშვნელოვან მთელ ინფორმაციას, იქნება ეს შიდასისტემური, პრაგმატიკული თუ ეტიმოლოგიური. ამგვარ კონცეპტთა ერთობლიობა ქმნის ენის კონცეპტურ სფეროს, სადაც კონცენტრირებულია ერის კულტურა ანუ იგი წარმოადგენს ენობრივ-კულტურულ ცოდნათა ერთობლიობას. კონცეპტოსფეროდან იგება ენის მფლობელის მსოფლ-გაგება. მაგალითად, ქართული მართლმადიდებლური ცნობიერების კონცეპტოსფეროში, სადაც ასახულია ჩვენი ხალხის მენტალიტეტი და სულიერი გამოცდილება, არის კონცეპტები: ამაოება, ბოროტება, სათნოება, დამდაბლება, თანალმობა, სასოება, ზიარება, მიტევება, ცხონება, ჯვარცმა და სხვ., რომელთაგან თითოეული საკრალური აზრის შემცველია. აღნიშნულ მიდგომაში განმსაზღვრელია ლექსიკურ სემანტიკაში მოქმედი სამყაროს კონცეპტულიზაციის ხერხი, ხოლო კვლევის ძირითად საშუალებას, როგორც მიიჩნევენ, წარმოადგენს კონცეპტუალური მოდელი, რომლის საშუალებითაც გამოიყოფა კონცეპტის სემანტიკის ბაზისური კომპონენტები და დგინდება მათ შორის არსებული მდგრადი კავშირები (მიხალჩუკი 1997:29).

ენის სიმდიდრე განისაზღვრება არა მარტო ლექსიკური მარაგისა და გრამატიკული შესაძლებლობების სიმდიდრით, არამედ კონცეპტური სამყაროს, კონცეპტოსფეროს სიმდიდ-რით, რომელშიც ყალიბდება ეროვნული ენობრივი პიროვნება (მასლოვა 2004:17).

ლიტერატურა

არუთინოვა 1993: Арутюнова Н. Д. Введение // Логический анализ языка. Ментальные деиствия. М, 1993.

დობროვოლსკი 1997: Добровольский Д. О, Национально-культурная специфика во фразеологии (I) // Вопросы языкознания. М., 1997, № 6 .

ვეჟბიცკა 1997: Вежбицкая А. Язык. Культура. Познание. М., 1997.

ვორკაჩევი 2004: Воркачов С. Счастье как лингво культурный концепт. М., 2004.

თელია 1996: В. Н. Телия. Русская Фразеология. Семантический, прагматический и лингво культурологический аспекты. М, 1996.

მასლოვა 2001: Маслова В. А. Лингвокультурология. М., 2001.

მასლოვა 2004: Маслова В. А. Введение в когнитивную лингвистику, М., 2004.

მიხალჩუკი 1997: Михальчук И. П. Концептуальные модели в семантической реконструкции (индоевропейское понятие “закон” )// ИАНСЛЯ. Т. 56, ¹4, 1997.

ნეროზნაკი 1998: Нерознак В. П. От концепта к слову: к проблеме филологического концептуализма // Вопросы филологии и методики преподавания иностранных языков. Омск, 1998.

სტეპანოვი 1997: Ю. С. Степанов. Константы: словарь русской культуры. Опыт исследования . М., 1997.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s