ცირა ბარბაქაძე _ სიტყვა აზრის ძიებაში ანუ ,,ვარსკვლავების პოეტიკა” ანა კალანდაძის პოეზიაში


პოეზია, გარდა იმისა, რომ მეტყველების ფაქტად რჩება, იგი, ამავე დროს, მის საზღვრებს გარეთაც იჭრება… ენის სტიქიის მოძრაობაში ჩაფლული, მისი ნაწილაკების გადაადგილებით გართული პოეტი, ან თვითონ ირჩევს სიტყვებს, ან სიტყვები ირჩევენ პოეტს.

ოქტავიო პასი

…პირველად იყო სიტყვა… სამყარო წარმოგვიდგება, როგორც სიტყვა, ქმნადობის აქტი კი – როგორც ნიშნის შექმნა.

ლოტმანი

ენაში არსებული ნებისმიერი სიტყვა პოეტურ მეტყველებაში შეიძლება იქცეს იმგვარ მეტაფორებად, რომელთა სრულად აღწერა შეუძლებელი იქნება. ,,მწერალი ამრავლებს მნიშვნელობებს და ტოვებს მათ დაუმთავრებელს და ღიას. ენის მეშვეობით ის ქმნის აღმნიშვნელებით გაჯერებულ სამყაროს და ვერასოდეს ვერ იღებს საბოლოო აღსანიშნს” (ბარტი 1989: 284).

თავის დროზე ხლებნიკოვმა კრუჩენიხთან ერთად წამოაყენა თეზისი, რომლის თანახმადაც, მხატვრული ნაწარმოები შეიძლებოდა, რომ მხოლოდ ერთი სიტყვისგან შემდგარიყო. მათი აზრით, ეს იყო არა მხოლოდ ავანგარდული პროექტი, არამედ თავად სიტყვის სახეობრივი ბუნების ლინგვისტურად განპირობებული რეკონსტრუქცია. თავად სიტყვა უკვე პატარა ნაწარმოებია, – აცხადებდნენ ისინი. ამაზე მიუთითებს მიხეილ ეპშტეინი, როცა წერს: აფორიზმი ითვლება ყველაზე მცირე ლიტერატურულ ჟანრად, – ერთ წინადადებაშია აზრი შეკუმშული… მაგრამ არსებობს კიდევ უფრო მცირე ჟანრი – მხოლოდ სიტყვა. სწორედ სიტყვა წარმოდგება, როგორც დასრულებული ნაწარმოები, როგორც სიტყვაშემოქმედების დამოუკიდებელი რეზულტატი. ეპშტეინი ხაზს უსვამს სიტყვას, არა როგორც ენის ერთეულს და ენათმეცნიერების საგანს, არამედ როგორც ლიტერატურულ ჟანრს, რომელშიც არის პლასტიკა, იდეა, სახე, თამაში, კოლიზია და სიუჟეტი. ერთსიტყვიანობა – ერთი სიტყვის ხელოვნება, რომელიც თავის თავში მოიცავს ახალ იდეას, ან სურათს, – მაქსიმუმი აზრი მინიმუმ ენობრივ ერთეულში!

მე გავაგრძელებდი ეპშტეინის აზრს და დავამატებდი, რომ ამგვარ ,,ლიტერატურულ ჟანრად” და დამოუკიდებელ მხატვრულ ნაწარმოებად სიტყვა შეიძლება იქცეს ამავე დროს, სხვა სიტყვებთან ურთიერთობის შედეგად. ენის ბუნებაში ჩადებული მეტაფორულობა მხატვრულ სააზროვნო სივრცეში კიდევ უფრო აქტუალიზდება და ამოუწურავ ქმნადობას გვთავაზობს. ,,ყოველი სიტყვა უამრავ პოტენციურ მნიშვნელობას შეიცავს. როცა სიტყვა სიტყვებს უკავშირდება და იქმნება ფრაზა, იმ მრავალ მნიშვნელობათაგან ერთ-ერთი აქტიურდება და მთავარ მნიშვნელობად იქცევა”(ოქტავიო პასი). ენაში დევს მნიშვნელობადქმნადობის იმგვარი პოტენციალი, რომელიც პრაქტიკულად ამოუწურავია.

ცალკეულ ავტორთა პოეტურ შემოქმედებაში გამოიყოფა ისეთი ,,სიტყვა-ნაწარმოებები”, ,,სიტყვა-კონცეპტები”, რომელთა გარშემო შეიძლება გადაეწყოს პოეტის ენობრივი სამყარო. იმისათვის, რომ ამგვარი სიტყვა-კონცეპტები, სემანტემები, გამოვლინდეს, საჭიროა:

ა) ტექტში სემანტემის გამოყენების მაღალი სიხშირე, მარკირება;

ბ) აღნიშნული სემანტემის მეტაფორულობის მაღალი ხარისხი, რაც გამოიხატება ახალ მნიშვნელობათა წარმოქმნაში;

გ) პოეტის შემოქმედების კონცეპტი თავისი ფუნქციონირებით ტექსტში გამოხატავს ავტორის იდეას.

ჩვენი კვლევის ობიექტს ამ მიმართულებით წარმოადგენდა ანა კალანდაძის პოეზია. პოეტური ნაწარმოებში არის ისეთი სიმბოლოები, რომლებიც ითხოვენ ინტერპრეტაციას თავად ავტორისათვის (მამარდაშვილი 2000: 127). კვლევის შედეგად პოეტის შემოქმედებაში გამოიკვეთა სიტყვა-კონცეპტი ,,ვარსკვლავი”.

შეიძლება ითქვას, რომ სემანტემა ,,ვარსკვლავი” მეტნაკლები სიხშირით თითქმის ყველა პოეტის შემოქმედებაში გვხვდება, მაგრამ ანა კალანდაძის ,,ვარსკვლავი” ნამდვილად განსაკუთრებულია. რატომ მაინცდამაინც ეს სიტყვა? კითხვაზე პასუხი მარტივია და პოეტის ინდივიდუალობიდან მომდინარეობს. როგორც ჩანს, ამ სიტყვით გამოხატული აზრი ყველაზე მეტად ენათესავება პოეტის სულს. სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობიდან დაწყებული მის ყველაზე უფრო დაუსაზღვრავ მნიშვნელობამდე, თითქმის ყველაფერს თავი მოუყრია ანა კალანდაძის შემოქმედებაში. ოთარ ჭილაძისა არ იყოს:

,,ძვირფასო, სიტყვას აქვს თავის ფასი,
ზომა და წონა, სუნი და ფერი
და ისიც ყველა ჩვენგანის მსგავსად
იცინის, ტირის, ოცნებობს, მღერის…”

და არა მხოლოდ…

ვფიქრობ, ვარსკვლავებთან დაკავშირებული სულისკვეთება და პოეტის შემოქმედების არსი კარგად გამოიხატა ანას შემდეგ სტრიქონებში:

ვარ მარად ვარსკვლავთა მჭვრეტელი
და ცეცხლით ვივსები იმათებრ…
,,ო, ღმერთო, ო, ღმერთო, საბაოთ,
სინათლე, სინათლე, სინათლე…”

რა აზრია გამოთქმული სტრიქონში: ,,ვარ მარად ვარსკვლავთა მჭვრეტელი”? რა თქმა უნდა, ეს არ არის მხოლოდ პირდაპირი მნიშვნელობა – რომ წარმოვიდგინოთ, პოეტი როგორ აჩერებია ღამეულ ვარსკვლავებიან ცას. პასუხი ამავე სტრიქონებშია: სინათლე! არ შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ რომ ანა კალანდაძე სინათლის პოეტია, რაც სწორედ ,,ვარსკვლავთმჭვრეტელობაში” და იმათებრ ,,ცეცხლით ავსებაში” მეტაფორულად გამოხატა ავტორმა. რატომ დაუნათესავდა პოეტის სული ვარსვლავს? იმ თვისებების გამო, რომელსაც ვარსკვლავი ატარებს – სიშორე, სინათლე, იდუმალება, სიჩუმე…

ტომას სტრენზ ელიოტი ერთ ესსეში წერს: ,,რა სიტყვებიც უნდა გამოიყენოს მწერალმა, რამდენადაც შესაძლებელია, სარგებლობს ამ სიტყვათა ისტორიის ცოდნით, იმის ცოდნით, თუ როგორ გამოუყენებიათ ეს სიტყვები. ამგვარი ცოდნა ეხმარება მის ამოცანას, მიანიჭოს სიტყვას ახალი სიცოცხლე და ენას კი ახალი იდიომი შეჰმატოს. არსებითი ტრადიცია ასეთია: მიწვდე, რამდენადაც შესაძლებელია, მთელს მნიშვნელობას ენის ისტორიისა, რაც სიტყვის მიღმაა” (ელიოტი 2007: 159). ასეთ შემთხვევაში გასათვალისწინებელია სიტყვის სახარებისეული გაგებაც. ,,როცა იესო დაიბადა იუდეის ბეთლემში, მეფე ჰეროდეს დღეებში, იერუსალიმში მოვიდნენ ვარსკვლავთმრიცხველნი აღმოსავლეთიდან და თქვეს: სად არის, იუდეველთა მეფე რომ დაიბადა? ვინაიდან ვიხილეთ მისი ვარსკვლავი აღმოსავლეთში და მოვედით, რათა თაყვანი ვცეთ მას” (მათე, 2.1; 2.2); აგრეთვე: ,,მათ მოუსმინეს რა მეფეს, წავიდნენ. და აი, ვარსკვლავი, რომელიც მათ აღმოსავლეთში იხილეს, წინ უძღოდა მათ, ვიდრე მივიდოდა და გაჩერდებოდა იმ ადგილზე, სადაც ყრმა იყო (მათე, 2.9). ამ მნიშვნელობიდან გამომდინარე, არსებობს ისეთი იდიომები, როგორებიცაა: ბედის ვარსკვლავი, ვარსკვლავი აენთო (ადამიანი დაიბადა), ვარსკვლავი ჩაქრა (ადამიანი მოკვდა)…”

ვარსკვლავი ანასთვის აგრეთვე უფლის მაცნეა:

ღამით, იქ, ზემოთ, ვარსკვლავს აანთებს
ვიღაცის ხელი,
გათენებამდე სანთელივით რომ
იწვის და ღვენთავს…
თორემ აქ ვის რა გააძლებინებს,
კლდეთ უფსკრულებში,
უამვარსკვლავოდ? ამსხივოდ?
უშველოს ღმერთმა…

ბედის ვარსკვლავის მნიშვნელობით არის გამოყენებული სემანტემა ვარსკვლავი შემდეგ კონტექსტებში:

აცისკროვნდება გულში ედემი!
ნათობს ვარსკვლავი ჩვენი ბედისა…
რად ვშფოთავთ ჩვენ მის გამოჩენამდე?

ანდა:

დამეხსენ სრბას: იგი დამეწევა
იის კონებით, –
ვარსკვლავი ჩემი ვარსკვლავთშორის
მარადის მრწემი, –
და სიხარულით ამაღლდება
საუფლო ჩემი.

არა მხოლოდ ადამიანს, ქვეყანასაც თავისი ბედის ვარსკვლავი დაჰყვება:

მიწავ, უსასოდ დამცირებულო,
გამარჯვებისას შენ ისევ შესვამ:
მოდის ვარსკვლავი გაბრწყინებული,
რომ დაგვიბრუნოს დიდება ესე!

ბიბლიაში ვკითხულობთ: ,,თქვა ღმერთმა: იყოს მნათობები ცის მყარზე დღისა და ღამის გასაყრელად, დროჟამის აღმნიშვნელად… დასხა ისინი ღმერთმა ცის მყარზე, რომ გაენათებინა მიწა, გაეყარათ ნათელი და ბნელი…” სიბნელე-სინათლის, კეთილისა და ბოროტის კონტრასტულობას ისევ ვარსკვლავებით (ბიბლიური მნიშვნელობით) წარმოადგენს პოეტი:

ვარსკვლავი იგი სიხარულისა
ჩემს წილ მარადის
აღავლენს ციალს,
რაც უფრო ღამე
ჩამოდის ბნელი,
იგი უფრორე
ელავს და ბრწყინავს!

ან:

გაკრთეს ნათელი შინაგან ბნელთა,
ვით კვალი ვარსკვლავთ მიმოსვლათანი…

ადამიანი-ვარსკვლავი ასევე არ არის უცხო მნიშვნელობა და მეტაფორულობა და ანას პოეზიაში ამ მნიშვნელობასაც ვხვდებით. რჩეული ადამიანი ,,შუქურვარსკვლავია” და მისი გარდაცვალებისას პოეტი იტყვის: ,,ცას მოსწყდა შუქურვარსკვლავი”, პატრიოტ ჯარისკაცებს კი ვარსკვლავებს ადარებს: ,,მიდიხართ მტვრიანი, მტვრიანი ჩექმებით და ვარსკვლავებივით ბრწყინავთ”.

9 აპრილს დაღუპულები უფლის ვარსკვლავებია:

ახლოა ჟამი შუაღამისა,
ცაზე ვარსკვლავი უფლისა კრთება…
კვდება სრულიად საქართველოსთვის,-ლოცვით,
გალობით,
ვინც ახლა კვდება.

შეიძლება აქ გაგვახსენდეს ოთარაანთქვრივის გიორგი, რომელიც სატრფოს მიმართავს: ,,სად შენ და სად – მე… სად მოგწვდებოდი ცაში ვარსკვლავს…” (ადამიანი-ვარსკვლავი).

ბუნებრივია, რომ ვარსკვლავი სიწმინდესთან, ბრწყინვალებასთან ასოცირდება პოეტისათვის, ამიტომ ჩნდება ამგვარი სახეები:

ვარსკვლავი ბრწყინავს ასე საამოდ,
თუ წმინდა მამებს უნთიათ ზეთი?

_______________________________

ანგელოსი დაეთხოვა მიწის შვილთა,
შორს გაფრინდა ვარსკვლავების შარავანდით.

_______________________________

ბრწყინვა ანდელთა
ჰგავდა ბრწყინვას ვარსკვლავთ მირიადთ…

_______________________________

შენ შემოდიხარ უცხოდ მორთული
და ვარსკვლავებით თავდანამშვენი.

პოეტური მეტყველება არსებითად დიალოგია, როგორი მონოლოგური ფორმითაც არ უნდა იყოს გამოხატული. პოეტი ყოველთვის ვიღაცას (რაღაცას) მიმართავს, ელაპარაკება. სხვაგვარად საერთოდ შეუძლებელი იქნებოდა გამოხატვა. ,,ენა ერთმანეთთან აკავშირებს სამ ელემენტს: ,,მე”, ,,შენ” და ,,ის”, ანუ საგანი. ვიღაცა ვიღაცას რაღაცაზე ესაუბრება” (პოლ ვალერი 1994: 87).

მიმართვის ობიექტი პოეზიაში შეიძლება უსულო იყოს, ამას არცა აქვს არსებითი მნიშვნელობა არც პოეტისათვის და არც პოეზიისათვის. ანა კალანდაძეს ხშირად აქვს დიალოგი ვარსკვლავებთან.

და გაქრნენ სადღაც…
ცის სიღრმეში კრთოდა ვარსკვლავი,
რატომ მოსწყდიო? –
მანაც მკითხა,-
საუფლოს შენსა?

_______________________________

რას გადმომყურებ ბანზეით,
შე ლურჯ ვარსკვლავთა ციალო? და სხვა.

იდენტიფიკაცია ვარსკვლავთან ნიშნეულია ანას პოეზიისათვის. ბრწყინვა, ანთება, ჩაქრობა – ეს ის ლექსიკაა, რომელიც ვარსკვლავთან უშუალო კავშირშია, მისი მახასიათებელია. რაკი ჩვენ აღმოვაჩინეთ პოეტის იდენტობა მნათობთან, შესაბამისად, ვარსკვლავის ლექსიკა ბუნებრივად გადადის პოეტზე, ამიტომ ის ამბობს:

მე ავმაღლდები შენს ლურჯ ცაზე,
შენთვის ვიბრწყინებ,
აღვინთები და დავშრტები შენდა!

ეჭვი არ არის, რომ ამ შემთხვევაში ,,პოეტი-ვარსკვლავი” ლაპარაკობს. პოეტის იდენტიფიკაცია ვარსკვლავების ჩუმ სამყაროსთან კარგად გამოიხატა შემდეგ სტრიქონებში:

დუმს ვარსკვლავების
ჩუმი სამყარო…
მას შეჰღაღადებს
მიწა ცოდვილი…
გამოიღვიძე,
მიუსაფარო,
ო, სულო ჩემო,
გეყო ლოდინი, –
გაფრინდი ცისკენ!

თუ ცა ვარსკვლავებით თვალს დახუჭავს, იხუჭება პოეტის გულის თვალიც და ეს იდენტიფიკაციის კიდევ ერთი მშვენიერი დასტურია:

დახუჭა თვალი ცამან ცხოველმან
და… დაიხუჭა ,,გულისა თვალიც”…

ზოგჯერ ცხოვრებისაგან განრიდების მოსურნე პოეტი ვარსკვლავად ყოფნას ესწრაფვის, რადგან ყოფიერება სავსეა ცრუ და ამაო ხმებით, რაც ახშობს და თრგუნავს ლირიკულ მეს. ვარსკვლავივით შორს ყოფნა – იდენტიფიკაციის შემდეგი საფეხურია:

არ მინდა და, –
ვამბობ…
არ მინდა და, –
ვისმენ…
იმ ვარსკვლავის მსგავსად
შორს მამყოფა
ისე…
არსაიდან ხმაი
არ მწვდებოდეს
ცასა…
ო, მამყოფა
ისე,
იმ ვარსკვლავის მსგავსად!

პოეტის იდენტიფიკაცია ვარსკვლავთან ისევ ანა კალანდაძის სტრიქონებით უნდა ავხსნათ. კითხვაზე: რატომ ვარსკვლავებთან? ანას პასუხი ასეთია:

მაგრამ მე მაინც, ო, მე მაინც
სიხარულს ვესავ…
ესიტყვებიან ვარსკვლავები
გულისთქმას ჩემსას
უშიშრად და დაუფარავად…

ამ ლექსში ანას წინაპრის – ნიკოლოზ ბარათაშვილის სტრიქონებიც ხმიანდება: ,,მხოლოდ ვარსკვლავთა, თანამავალთა, ვამცნო გულისა მე საიდუმლო…”; ვარსკვლავი ყოველთვის ,,თანამავალია”, სადაც მიდიხარ, მოგყვება, სწორედ ამიტომ ის არის ავთანდილის მეგობარიც, სატრფოს მოშორებული, მნათობებს რომ ესაუბრება.

,,რა შეუღამდის, ვარსკვლავთა ამოსვლა ეამებოდის,
მას ამსგავსებდის, ილხენდის, უჭვრეტდის, ეუბნებოდის”.

სხვათაშორის, აქვე უნდა აღვნიშნოთ, ავთანდილისა და ანა კალანდაძის ლირიკული გმირის სულიერი ნათესაობა, როცა ისინი მნათობებს მიმართავენ სულის სანუგეშოდ. ავთანდილი მიმართავს ზუალს:

მო, ზუალო, მომიმატე ცრემლი ცრემლსა, ჭირი ჭირსა,
გული შავად შემიღებე, სიბნელესა მიმეც ხშირსა,
შემომყარე კაეშნისა ტვირთი მძიმე, ვითა ვირსა,
მას უთხარ, თუ: ,,ნუ გასწირავ, შენია და შენთვის ტირსა”.

ანა კალანდაძე მიმართავს ზუალს:

აღმეკრა პირსა მე მწუხარება:
სიხარულისგან დამცალა ზემან
და ვარდიანი ჩემი კარავი
წყვდიაიდისათვის დააგდო მზემან…
შემომეძარცვა შარავანდედი
დაუნჯებული და იდუმალი…
განქარდა ჩემი ხატი იისა
და… ჩემს კარავზე დგახარ, ზუალო!
აღმეკრა პირსა მე მწუხარება.

ამ ორ ტექსტს შორის საერთო მწუხარებაა, განსხვავებული ენობრივი ფორმებით გამოხატული, მაგრამ ერთი სათქმელი. ამ სათქმელს ზუალი განაპირობებს. ახლა სხვა მნათობისადმი მიმართვაც ვნახოთ:

მოდი, მარიხო, უწყალოდ დამჭერ ლახვრითა შენითა,
შე-ცა-მღებე და შემსვარე წითლად სისხლითა დენითა,
მას უთხრენ ჩემნი პატიჟნი, მას გააგონენ ენითა,
რაგვარ გასრულვარ, შენ იცი, გულია აღარ ლხენითა.

ანა კალანდაძე:

ო, მარსს არ ვკადრე მე საყვედური,
არცა წუხილის ცრემლები ვკადრე:
მოიღო ცეცხლი მან ღვთაებრივი,
გადამაფარა ციური მადლი…
მომართვა თვისი მაღალი ტახტი,
დამარქვა თუღი თვისი მეფური…
განმაძლიერა მე შიშსა ზედა…
ო, მარსს არ ვკადრე მე საყვედური:
ძალუმი იყო წყალობა მისი!

ავთანდილი ასპიროზს მიმართავს:

მოდი, ასპიროზ, მარგე რა, მან დამწვა ცეცხლთა დაგითა,
ვინ მარგალიტსა გარეშე მოსცავს ძოწისა ბაგითა;
შენ დაამშვენებ კეკლუცთა დამშვენებითა მაგითა,
ვისმე, გლახ, ჩემებრ დააგდებ, გახდი ცნობითა შმაგითა.

ანა კალანდაძე:

და ბრწყინავს, ბრწყინავს, ბრძენი ასპიროზ,
ქვაბების თავზე ამაყად მდგარი,
და დაუშრეტის იდუმალებით
კვლავ ნუგეშსა სცემს ამ შემოგარენთ.

ამ უნებური ანალოგიით ჩვენ ვადასტურებთ შემოქმედი სულების კავშირს მნათობებთან. ისინი სხვადასხა დროში და განსხვავებულ სიტუაციებში მიემართებიან ციურ სხეულებს, მაგრამ ფაქტია, რომ ,,თვალი ცისკენ უჭირავთ”-პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობითაც. ამგვარ ტექსტებში მინიმუმ ორმაგი კოდირებაა, ერთი ფიზიკური სამყაროსათვის, ხოლო მეორე-მიღმური სამყაროსათვის დანიშნული.

კითხვები, რომლებიც კვლევისას მიჩნდება და რომელზედაც პასუხებს ვპოულობ, უეცრად აღმოჩნდება რომ ანა კალანდაძე რომელიმე ლექსით მიდასტურებს, ასე მოხდა ამჯერადაც პოეტის შემდეგი სტრიქონებით:

აქ სალამურით ატირდება
პატარა მწყემსი,
რა აღონებს პაწია ბიჭსა?
ბრწყინავს ვარსკვლავი:
ცას იმისი გულისთქმა ესმის,
ცას უუშორესს, შეუცნობელს,
გრძნეულს და მისანს.

თუ ჩავთვლით, რომ პატარა მწყემსი ზოგადად მაძიებელი ადამიანის სიმბოლოა, გაბრწყინებული ვარსკვლავები ადასტურებენ, რომ უფალს ესმის მისი…

მიუღწეველი (ანუ უფალი) ვარსკვლავის ბუნებისაა (ანდა, პირიქით), ბრწყინვალეა, ამიტომ: ,,გამომიბრწყინდი, მიუღწეველო, აწ უცნაური მექმენ საცნაურ…” – წერს პოეტი და ამ გამობრწყინებაში ჭეშმარიტების გაელვებას გულისხმობს.

რა თქმა უნდა, ვარსკვლავის პირდაპირი მნიშვნელობით გამოყენება შესაბამის განცდათა გადმოსაცემად ბუნებრივია ანასთვის.

ვარსკვლავი ბრწყინავს,
ო, ვარსკვლავი,
კრთის სასიამო
და მთვარე არის კვლავ
სხივთა მთოვარ…

ან:

და მშვიდთა ცათა ამოენთება
ვარსკვლავი კიდეთ,
დაუბრუნდებათ თვისი ფერი
დიდებულ ნაძვებს…

სატრფოს კი ისე აღარ ელის პოეტი, როგორც ხავერდოვანი ღამის წყვდიადი ვარსკვლავს:

ო, აღარ ველი მას,
როგორც ვარსკვლავს –
ხავერდოვანი
ღამის წყვდიადი…

ნამიანი ბალახიც კი ავტორისთვის ,,ვარსკვლავების ლაღი ბიბინია”… და ასე შემდეგ… ვფიქრობთ, სრულად ვერ შევძელით წარმოგვედგინა ყველა ის კონოტაციური მნიშვნელობა, რომელსაც ვარსკვლავი აჩენს ანას პოეზიაში.

,,სიტყვა”, როგორც რეალობა, განუყოფელია მთქმელისაგან, იმისგან, ვისთვისაც ეს მეტყველებაა დანიშნული და აგრეთვე იმ სიტუაციისაგან, რომელშიც ეს სიტყვა წარმოითქმის (გასეტი 2000: 665). რა თქმა უნდა, სხვაგვარად სიტყვა მხოლოდ აბსტრაქციაა.

ასეთივე აბსტარაქციაა სიტყვა ,,ვარსკვლავი”, რომლის სალექსიკონო მნიშვნელობაა – ცის სხეული, რომელიც საკუთარი შუქით ნათობს; შორი მანძილის გამო ვარსკვლავი ცის კამარაზე ჩანს, როგორც ყოველმხრივ სწორხაზოვნად სხივების გამომცემი მნათობი წერტილი (ქეგლ-ი, 1955: 30).

ქართულ სალიტერატურო ენაში ლექსემა ,,ვარსკვლავმა” მყარი შესიტყვებებიც წარმოშვა, ასეთებია: კუდიანი ვარსკვლავი (კომეტა), ვარსკვლავი მოწყდა (მეტეორმა გაიელვა), მოწყვეტილი ვარსკვლავი (მეტეორი), ცით მოწყვეტილი ვარსკვლავი (ძალიან ლამაზი), ვარსკვლავებს ეპოტინება (მიუწვდომლისკენ მიისწრაფვის), ვარსკვლავებს ეთამაშება (ლამაზია), ბედის ვარსკვლავი, ბედნიერ ვარსკვლავზე დაბადებული… გადატანითი მნიშვნელობით ვარსკვლავი აღნიშნავს აგრეთვე ბედს, განგებას, მიზანს. (მაგ.: ,,ჩვენ უნდა ვსდიოთ ახლა სხვა ვარსკვლავს…”(ილია).

როგორც დავინახეთ, სიტყვა ,,ვარსკვლავს” ენის სისტემაში საკმაო პოტენცია მოეპოვება იმისათვს, რომ გააგრძელოს ,,მნიშვნელობათქმნადობის” პროცესი პოეტურ მეტყველებაში…

ანა კალანდაძის პოეტური ტექსტების მიხედვით, სიტყვა ,,ვარსკვლავის” საბოლოო აზრი უფლისკენ მიდის, ვარსკვლავი უფლის ერთ-ერთი ეპითეტია, საბოლოო აღსანიშნი ღმერთია, რომელიც თავად დაუსაზღვრავია და დაუსაზღვრავია ის სემანტემაც, რომელიც მისი აღმნიშვნელი ხდება. ამ კონტექსტში ჩვენთვის საინტერესოა შუასაუუკუნეების ხედვა. შუასაუკუნეების სიმბოლიზმის კოსმოლოგიური უნივერსალიზმი დაკავშირებულია ,,უკანასკნელი” აღსანიშნის გაგებასთან. წმინდა ავგუსტინესთან რეალურად ყოველ საგანს შეუძლია აღნიშნოს მეორე საგანი, ანუ გამოვიდეს აღმნიშვნელის როლში… ამ პერსპექტივაში ერთადერთი საგანი, რომელიც არ შეიძლება აღსანიშნის როლში გამოვიდეს, არის ღმერთი. გარკვეული აზრით, აქ გათანაბრებულია ,,რეფერენტის” სემიოტიკური გაგება და ,,პირველმიზეზის” მეტაფიზიკური გაგება.

სიგნიფიკაციური დამოკიდებულების საბოლოო პოლუსებია: ღმერთი – სიტყვა: ,,სუფთა აღსანიშნი” და ,,სუფთა აღმნიშვნელი”, სადაც მატერიალურობა ფიქსირებულია სიტყვის პოლუსზე, ხოლო სპირიტუალობა – რეფერენტის პოლუსზე.

სიტყვის მთავარი აზრი, იდეა ყოველთვის შენიღბულია ღია ტექსტით, ანუ იმ ტექსტით, რომელიც უშუალოდ არის ჩვენ წინაშე. მეტაფორულობა ზოგადად შეიძლება განვიხილოთ, როგორც გარეგან მეტყველებაში ტექსტის, სიტყვის შინაგანი აზრის გამოვლენის ფაქტი. თავისთავად მეტაფორა უკვე შენიღბული აზრია. მეტაფორულად ეს აზრი შეიძლება ასე წარმოვადგინოთ: ,,ზღვა(ან ოკეანე), რომელიც თავის თავში აერთიანებს ზედაპირს და სიღრმეს (ზედაპირი-ღია ტექსტია, ხოლო სიღრმე-დაფარული ტექსტი, ქვეტექსტი), როგორ შეიძლება სიღრმის გამიკვლევა? სიღრმეში ჩასვლით ან ზედაპირზე ამოტივტივებული რაიმე ნიშნის ახსნით. ახლა წარმოვიდგინოთ, რომ ზედაპირზე ამოტივტივებული საგანი – ეს ღია ტექსტში ქვეტექსტიდან (სიღრმიდან) ,,შემოჭრილი” ტროპებია, რომელთა ახსნით და ანალიზით ვშიფრავთ სიღრმეს, ანუ აზრს, იდეას. სიღრმის გამოკვლევა სიღრმეში ჩასვლითაც შეიძლება – მაგრამ ამ შემთხვევაში ენა წყვეტს არსებობას იდუმალში გადასვლის გამო” (ბარბაქაძე 2003: 50).

როგორც ვნახეთ, ანა კალანდაძის პოეზიაში საინტერესოდ წარმოჩნდა ,,ვარსკვლავების პოეტიკა”. ფეშენკო წერს: ,,თუ დავუშვებთ, რომ სემიოტიკას აქვს თავისი განვითარების სიუჟეტი, მაშინ ამ განვითარების კულმინაცია ის წერტილია, რომელშიც სემიოტიკა ხვდება პოეტიკას” (ფეშენკო 2006: 62).

მაშ, რაზე გადის გზა აზრიდან სიტყვისკენ და პირიქით, სიტყვიდან აზრისკენ? ამაზე ვიგოტსკი გვი პასუხებდა: ,,…აზრი არ ემთხვევა არათუ სიტყვებს, არამედ არც მათ მნიშვნელობებს, რომლებითაც ის გამოითქმება. გზა აზრიდან სიტყვისკენ მნიშვნელობაზე გადის. ჩვენს მეტყველებაში ყოველთვის არის დაფარული ქვეტექსტი. ამ წინააღმდეგობის დასაძლევად იქმნება ახალი გზა აზრიდან სიტყვისკენ სიტყვათა ახალი მნიშვნელობების გავლით” (ვიგოტსკი 1999: 331). სწორედ ასეთ ახალ მნიშვნელობებს გვთავაზობს პოეტური მეტყველება. იქნებ არც ისე ახალია დღეისთვის ის აზრი, რომელიც თავის დროზე კანტმა გამოხატა აგრეთვე მეტაფორულად: ორი რამ მაოცებს ამქვეყნად-ვარსკვლავებიანი ცა ჩემ ზემოთ და მორალური კანონი ჩემში! – მორალური კანონი თუ უფლისმიერია (და ნამდვილად არის უფლისმიერი), მასთან ვარსკვლავებიანი ცის დაკავშირება სულაც არ არის შემთხვევითი და ამასვე ადასტურებს კანტის ამ აზრის ანა კალანდაძისეული რეინტერპრეტაცია. იქნებ სამყარო სულ რამდენიმე მეტაფორის (რე)ინტერპრეტაციაა?

ლიტერატურა:

ბარბაქაძე 2003: ცირა ბარბაქაძე, ქართული მჭევრმეტყველების პრაგმატიკა, თბილისი.

ბარტი 1989: Ролан Барт, Избранные работы, Семиотика, Поэтика, Москва.

გასეტი 2000: Хосе Ортега-и-Гассет, Избранные труды, Москва.

ელიოტი 2007: ტომას სტრენზ ელიოტი, ათი ესეი (თარგმნეს პაატა და როსტომ ჩხეიძეებმა), თბილისი.

ვიგოტსკი 1999: А.С. Выготский, Мышление и речь, Москва.

კალანდაძე ანა 2004: ანა კალანდაძე, ლექსები, თბილისი.

მამარდაშვილი 2000: Мераб Мамардашвили, Эстетика мышления, Москва.

პოლ ვალერი 1994: სულის კრიზისი, (თარგმნა ბაჩანა ბრეგვაძემ), თბილისი.

ფეშენკო,2006: Владимир Фещенко, Autopoetica, как орыт и метод или о новых горизонтах семиотики; В кн: Семиотика авангард, Москва.

ქეგლი 1955: ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, ტ. 3, თბილისი.

Tsira Barbakadze

The Word Related to Researching of Conception or ,,Poetics of Stars” in Anna Kalandadze’s Poetry

Metaphority existed in the nature of the language is more activated and offers continual creation as it deals with artistic space of thinking. ,,Each word contains plenty of potential meanings. The word forming the phrase with other words activates one key sense from the diversity of concepts” (Octavio Pass). The language consists of practically incomplited creational capacity that forms variety of meanings.

,,Word-derivatives” and ,,Word-concepts” representing the poet’s language scope are revealed with various authors. The mentioned word-concepts, semantems are exposed by:

a) the frequency of using semantem in the text, marking;

b) the high grade of semantem metaphorization forming the new sense;

c) the concept of poetry indicating the author’s idea, due to its functioning in the text.

While researching Anna Kalandadze’s poetry ,,the star” appeared to be the word concept.

Almost each poet applies the semantem ,,star” with different frequency in their poetry, but Anna Kalandadze’s ,,star” is really spacial, forming exciting ,,poetics of stras”. Why just this word? The response is very simple as it is based on the poet’s individuality. The sense of this word seems dealing with the author’s soul. Anna Kalandadze’s poetry exposes all types of concepts of this word – from literal meaning to idiomatic ones as well.

According to Anna Kalandadze’s poetry the conclusive sense of ,,the star” as one of the metaphors aspiring towards God. Eventual denotative is God that is indefinite as the expedient designating semantem.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s