თამარ ოთხმეზური _ შუა საუკუნეების ქართული სამეცნიერო აზროვნების ისტორიიდან: ეფრემ მცირის სქოლიო სამყაროს გეოცენტრულობის შესახებ


შუა საუკუნეების ქართული აზროვნების ჩამოყალიბების კვლევაში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა პირველწყაროების – ქართულ ხელნაწერთა კოლოფონების შესწავლას, რომლებსაც სხვადასხვა ეპოქის ქართველი მწიგნობრები წინაშესავლების, ბოლოთქმებისა თუ მარგინალური შენიშვნების სახით ურთავდნენ თავიანთ ნაშრომებს.

ქართულ ხელნაწერებში მარგინალური შენიშვნები – ექსპოზიციური ხასიათის მცირე ტექსტები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა წავიკითხოთ და გავიგოთ სხვა, უფრო მნიშვნელოვანი ტექსტები – ადრეული პერიოდიდან ჩნდება, თუმცა მარგინალურ შენიშვნებს, როგორც ტექსტის ინტერპრეტაციის ჩამოყალიბებულ სისტემას, პირველად XI საუკუნის შავი მთის (ანტიოქიის რეგიონი) ელინოფილი მწიგნობრის, ეფრემ მცირის თარგმანების შემცველ კრებულებში ვხვდებით.1 ეს არც არის გასაკვირი, რადგან, თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, სწორედ ბერძნულის ადეკვატურ, ლიტერალურ თარგმანებს „უჴმს შემატებაჲ რეცა განმაცხადებელად სიტყჳსა.“2 ხელნაწერის აშიები კი ის თავისუფალი სივრცეა, სადაც მწიგნობარს – მთარგმნელს, რედაქტორს თუ გადამწერს – შეუძლია გამოთქვას, გამოსახოს, მიანიშნოს ის, რისი თქმისა და გამოხატვის საშუალება მას არ ეძლევა ძირითად ტექსტზე მუშაობისას. ამ თავისუფალი სივრცით მუდამ სარგებლობდნენ ბიზანტიელი მწიგნობრები – ბიზანტიური ხელნაწერების აშიებზე უხვად ვხვდებით შუა საუკუნეების მწიგნობართა კომენტარებს.3 ბერძენთა მიბაძვით ეფრემ მცირეც ხშირად ურთავდა ხოლმე თავის თარგმანებს განმარტებითი ხასიათის შენიშვნებს.4 ის ხომ ელინოფილი – „ბერძენთა მოყვარული“ მწიგნობარი იყო ამ სიტყვის პირდაპირი გაგებითაც, რაზეც ბერძნების მიმართ მის კოლოფონებში არაერთხელ გამოხატული განსაკუთრებული მოწიწება და აღფრთოვანება მიანიშნებს.

მარგინალური შენიშვნების დანიშნულებაა, ძირითადი ტექსტის გააზრებასა და გაგებაში დაეხმაროს მკითხველს, თუმცა მათი ანალიზი ხშირ შემთხვევაში მრავალმხრივი დასკვნებისა თუ მოსაზრებების გამოთქმის საშუალებას იძლევა. მარგინალურ შენიშვნათა შესწავლა ცოცხლად წარმოგვიდგენს იმ გარემოს, რომელშიც მუშაობდნენ ქართველი მთარგმნელები, იმ გავლენებსა თუ ტენდენციებს, რომლებიც ზემოქმედებდნენ ქართველი მწიგნობრების მუშაობის სტილისა თუ აზროვნების ჩამოყალიბებაზე.5

ამ კუთხით განვიხილავთ სქოლიოს, რომელიც დასტურდება ადრებიზანტიური სასულიერო მწერლობის უმნიშვნელოვანესი წარმომადგენლის, კაპადოკიელი მამის, გრიგოლ ღვთისმეტყველის ლიტურგიკული საკითხავების ქართული თარგმანების შემცველ ოთხ ძირითად ნუსხაში: Jer. Iber. 43 – XII-XIII სს; jer. Iბერ. 15 – XII ს.; Jer. Iber. 13 – XIII ს. და Tbilis. A-109 – XIII ს.6 ოთხივე ხელნაწერი წარმოადგენს გრიგოლ ღვთისმეტყველის 16 ლიტურგიკული სიტყვის კომენტირებულ კრებულს. კომენტარების ავტორია X საუკუნის ბიზანტიელი მწიგნობარი, კესარიაკაპადოკიის ეპისკოპოსი, ბასილი მინიმუსი. მთლიანად კრებული – გრიგოლის საკითხავები ბასილი მინიმუსის კომენტარებით – ქართულად ეფრემ მცირის მიერ არის თარგმნილი. ამ ხელნაწერთა აშიებზე ბიზანტიელი მწიგნობრის კომენტარებთან ერთად ვხვდებით შენიშვნებს, რომლებიც, ძირითადად, ეფრემ მცირეს ეკუთვნის.7

სქოლიო ერთვის გრიგოლ ნაზიანზელის 43-ე საკითხავის, „ბასილი დიდის ეპიტაფიის“ ბასილის მინიმუსის კომენტარს. თავის მხრივ, ბასილი მინიმუსის კომენტარი განმარტავს „ეპიტაფიის“ იმ პასაჟს, სადაც გავლებულია პარალელი ბასილი დიდის სათნოებასა და მზეს შორის, რომელიც „კიდით კიდემდე სწორპატივობით განანათლებს“ მთელ სამყაროს.8 ბასილი მინიმუსის კომენტარში განმარტებულია მექანიზმი, თუ როგორ ანათებს სამყაროს მზე; განმარტებისას ნახსენებია „ყოველი სოფელი“, „სფერი“ და „კერძოსფერი“. ბასილის კომენტარის სწორედ ამ პასაჟს ერთვის სქოლიო:

რამეთუ „ყოველი სოფელი“ რაჟამს თქუა, ყოვლისავე ხილულისათჳს იტყჳს ცისა და ქუეყანისა და მათ შორის რაჲცა არს ზღუაჲ და ჴმელი, რომელი-ესე არს სოფელი ხილული. ხოლო უხილავი სოფელი არს, რაჲცა რაჲმე არს ზენა კერძო ცისა ამის, ჩუენ მიერ ხილულისა, და ქუეშე კერძო ჴმელისა და ზღჳსა. ამას თანა უწყოდე, ვითარმედ სფერ უწოდიან ბერძულად ესევითარსა ქმნულებასა გუმბადისა და კამარისასა, რომელ ყოვლით კერძო მრგუალი იყოს; გუმბადის სახე და კარვის სახე არა ხოლო ზედაჲთ, არამედ – ქუეშეთცა. და ესევითარსა იტყჳან სახესა ცისასა, ვითარმედ სიმრგულე ესე, რომელ არს ზენა კერძო ზღჳსა და ჴმელისა, ცაჲ ესე, რომელსა ვხედავთ, ესევითარივე ჩაჰვლის გარეშემცველი ზღჳსა და ჴმელისაჲ და იქმნების ქუეშე კერძო მათსა სიმრგულე ესევითარივე, რომელსა გარეშენი უვარსკულაოდ ცად უწოდენ. და ამას ყოველსა, ზენასა და ქუენასა ერთსიმრგულესა, სფერ უწოდენ. ხოლო მარტოდ ზენასა ამას ცასა – იმისფერონ სახელ-სდებენ, ესე იგი არს ნახევარსფერი, რამეთუ სრული სფერი არს ყოვლითკერძო სწორი სიმრგულე ცისაჲ. რაჲღა არს ზენა კერძო ზღჳსა და ჴმელისა და რაჲ არს ქუეშე კერძო მათსა? ყოვლითურთ შემცველი მათი. ხოლო მე, ვინაჲთგან ძუელითგანი სახელი ქართულად ვერაჲ ვპოე ვისგან, იგივე ბერძული სფერი დავდევ. ამის სფერისა სიმრგულესა შინა, ზედასა და ქუეშესა, ვითარცა წერტილი რაჲმე კარაკინითა მომრგულებულსა შინა შუა ოდენ არს ქუეყანაჲ.9

ამგვარად, სქოლიოში ერთმანეთს ენაცვლება ლექსიკოლოგიური და კოსმოლოგიური ხასიათის მსჯელობა: „ყოველი სოფელი“ არის ხილული და უხილავი სოფლის ერთიანობა. ხილული სოფელი არის ყველაფერი, რაც კი რამ ხილულია – ცა, ქვეყანა (ანუ დედამიწა), ზღვა და ხმელეთი. ხოლო უხილავი სოფელია ის, რაც არის, ერთი მხრივ, ხილული ცის ზემოთ და, მეორე მხრივ, ხმელეთსა და ზღვის ქვემოთ. ამის შემდეგ სქოლიოში წარმოდგენილია ბერძნული ლექსიკური ერთეულის, σφαîρα-ს განმარტება. σφαîρα არის „გუმბათი“, „კამარა“, რომელიც ყოველი მხრიდან მრგვალია; გუმბათს და კარავს ჰგავს არა მარტო მისი ზედა, არამედ ქვედა ნაწილიც. შემდეგ სქოლიოში კვლავ გრძელდება საუბარი სამყაროს აგებულების შესახებ: ხილული ცა მრგვალია და ზღვისა და ხმელეთის ზემოთაა. ის შემოუვლის ზღვასა და ხმელეთს, მოიცავს მათ და ზღვისა და ხმელეთის ქვემოთაც სიმრგვალეს ქმნის. ამ ცას „გარეშენი“ უვარსკვლავო ცას უწოდებენ. ამის შემდეგ სქოლიოს ავტორი კვლავ უბრუნდება ლექსიკური ერთეულის, σφαîρα-ს განმარტებას და მასთან ერთად განმარტავს ήμισσφαîρα-საც: მთელ სიმრგვალეს, ზედას და ქვედას, სფერო ეწოდება, ხოლო ჰემისფეროა ცის ზედა სფერო; შემდეგ ისევ მეორდება სფეროს განმარტება – ეს არის მრგვალი ცა მთლიანად. მსჯელობა გრძელდება კითხვა-პასუხის ფორმით: მაშ, რა არის ხმელეთისა და ზღვის ზემოთ და ქვემოთ? ის, რაც მოიცავს მათ (იგულისხმება ცა). და კვლავ ლექსიკოლოგიური ხასიათის შენიშვნა – ქართველი მწიგნობარი განმარტავს მის მიერ ბერძნული ლექსიკური ერთეულის ბერძნულიდან პირდაპირ (ტრანსლიტერაციით) გადმოტანის მიზეზს – სქოლიოს ავტორს ბერძნული ლექსიკური ერთეულისთვის σφαîρα ქართულ ენაში ვერ უპოვია შესატყვისი და ამიტომ ეს სიტყვა ბერძნულიდან პირდაპირ გადმოუტანია. კომენტარს ასრულებს ისევ კოსმოლოგიური ხასიათის მსჯელობა, ამჯერად უკვე მხატვრულ ასპექტში გააზრებული: როგორც წერტილი ფარგლით შემოხაზულ წრეში, ისეა ქვეყანა (დედამიწა) მოქცეული სფეროს ცენტრში.

ამგვარად, სქოლიოში, ერთი მხრივ, მოცემულია ბერძნული ლექსიკური ერთეულების განმარტება, მეორე მხრივ, თანმიმდევრულად, მწყობრად არის ჩამოყალიბებული წარმოდგენა სამყაროს აგებულებაზე, კერძოდ, კოსმოლოგიური კონცეფცია სამყაროს სფერულობისა და მისი გეოცენტრულობის შესახებ.

ქართულ თარგმანში ბერძნული ლექსიკური ერთეულის ტრანსლიტერაციით გადმოტანა და მისი განმარტება ელინოფილური მთარგმნელობითი ტრადიციისათვის და, განსაკუთრებით, ეფრემ მცირის მთარგმნელობითი მეთოდისათვის დამახასიათებელი მოვლენაა. ამ ხერხის გამოყენების მიზეზი ეფრემ მცირის კიდევ ერთ მარგინალურ შენიშვნაში არის ახსნილი: ეფრემს ქართულში ვერ უპოვია ხელობის აღმნიშვნელი ბერძნული ლექსემების შესატყვისები, „ამისთჳს დაგდებასა, ანუ ტყუვილით დაწერასა, ბერძულადვე დაწერაჲ ვირჩიე“,10 – შენიშნავს მთარგმნელი. ამ მხრივ მისაბაძი ეფრემისთვის, როგორც ყოველთვის, ბერძნები არიან, რომლებსაც ასეთ შემთხვევაში უცხო საგანთა აღმნიშვნელი ლექსიკური ერთეულები პირდაპირ გადმოაქვთ უცხოური ენიდან. მაგალითად, არაბულიდან შაქარი – სახარად, ყულყასი – კულკასად, ზაფრანა – ზაფარად. იგივეა ნათქვამი ჩვენს სქოლიოში: „ხოლო მე, ვინაჲთგან ძუელითგანი სახელი ქართულად ვერაჲ ვპოე ვისგან, იგივე ბერძული სფერი დავდევ.“ ასე რომ, ეს ეფრემის მიერ არაერთხელ განხილული საკითხია.

რაც შეეხება კოსმოლოგიურ კონცეფციას სამყაროს სფერულობისა და გეოცენტრულობის შესახებ, ის, როგორც ცნობილია, სათავეს ანტიკურობაში იღებს. პითაგორა და მისი მიმდევრები, სამყაროს ჰარმონიული ხედვიდან გამომდინარე, მიიჩნევდნენ, რომ დედამიწა და პლანეტები სფერულია; სამყაროს სფერულობის შესახებ მინიშნებას ვხვდებით პლატონის „რესპუბლიკაში“; თხზულებაში „ცის შესახებ“ არისტოტელე გამოკვეთილად საუბრობს ცის და, საზოგადად, სამყაროს სფერულობის შესახებ. საბოლოოდ სამყაროს გეოცენტრული მოდელი კოსმოლოგიური სისტემის სახით ჩამოაყალიბა ელინისტური ეპოქის ასტრონომმა, კლავდიუს პტოლემაიუსმა. მეცნიერებაში სამყაროს გეოცენტრული ხედვა პტოლემაიოსის, ზოგჯერ კი არისტოტელური მოდელის სახელწოდებითაა ცნობილი.

როგორც ცნობილია, ბიზანტიურმა აზროვნებამ იმემკვიდრა ანტიკური მეცნიერების (როგორც ჰუმანიტარული, ისე საბუნებისმეტყველო) ძირითადი მიმართულებები და დისციპლინები, მათ შორის – ანტიკური ეპოქის წარმოდგენები სამყაროს აგებულების შესახებ.11 ბიზანტიურ ეპოქაში სამყაროს ხედვის ისეთი მოდელის გვერდით, როგორიცაა წყლებში მოტივტივე ოთხკუთხედი ფორმის დედამიწა (კოსმა ინდიკოპლეუსტესის Χριστιανική τοπογραφία VI ს.), არსებობდა სამყაროს ხედვის გეოცენტრული მოდელიც, რომელიც სავსებით მისაღები იყო ბიზანტიის ინტელექტუალთა წრეებისათვის. სამყაროს სფერულობის შესახებ საუბრობს იოანე დამასკელი თავის ენციკლოპედიურ ნაშრომში „გარდამოცემა“, რომელიც ანტიკურ ფილოსოფოსთა ნააზრევსა და მათ კომენტარებზე დაყრდნობით არის შექმნილი. ინტერესი ანტიკური სამეცნიერო მემკვიდრეობის მიმართ თავს იჩენს IX საუკუნეში – დასტურდება ამ პერიოდში გადაწერილი პტოლემაიოსის, ევკლიდესა და სხვა ანტიკური ავტორების არაერთი ხელნაწერი, რაც მათ პოპულარობაზე მიანიშნებს. საბუნებისმეტყველო დისციპლინებში შეინიშნება ინტერესი დამოუკიდებელი კვლევა-ძიებების მიმართაც (ლეონ მათემატიკოსის მოღვაწეობა). ხოლო X-XII საუკუნეები (მაკედონური და კომნენური რენესანსის ეპოქა) გამოირჩევა თავისი განმანათლებლური ტენდენციებით, აზროვნების მეცნიერული სტილით, ანტიკური კულტურული მემკვიდრეობის მიმართ ინტერესით (სვიდასა და ფოტიოსის მოღვაწეობა და მათი ბიბლიოგრაფიული ხასიათის ნაშრომები). განსაკუთრებით აღსანიშნავია XI საუკუნის II ნახევრის ცნობილი ბიზანტიელი მოაზროვნის, მიქაელ ფსელოსის და მისივე დროის ანტიოქიელი მწიგნობრის, კონსტანტინოპოლის სამეფო კარის სწავლულის, სიმეონ სეთის შეხედულებები სამყაროს აგებულების შესახებ.12 ორივე ბერძენ ნატურფილოსოფოსთა მიმდევრია, მათი კოსმოლოგიური შეხედულებები მთლიანად ეფუძნება პტოლემაიოსის გეოცენტრულ მოდელს.13 ორივე ავტორი სამყაროს აგებულებაზე საუბრისას ხშირად ახდენს პტოლემაიოსის პარაფრაზს, ახსენებს არისტარქეს, პტოლემაიოსსა და სხვა ანტიკურ ავტორებს. საზოგადოდ, მიქაელ ფსელოსი XI საუკუნის ბიზანტიის ინტელექტუალური ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ფიგურად და სააზროვნო პროცესების განმსაზღვრელად არის მიჩნეული.14 ამდენად, მის თხზულებებში კოსმოლოგიური პრობლემატიკის გამოჩენა ამ საკითხის მიმართ განსაკუთრებულ ინტერესსა და, ზოგადადაც, ბიზანტიური სამეცნიერო აზრის განვითარებაზე მიუთითებს XI საუკუნის II ნახევარში,15 ეფრემ მცირის შავ მთაზე მოღვაწობის პერიოდში. არ არის გამორიცხული, რომ მიუხედავად ანტიოქიაში იმ დროს შექმნილი რთული პოლიტიკური ვითარებისა,16 შავი მთა გარკვეულწილად ეხმაურებოდა ბიზანტიის სატახტო ქალაქში მიმდინარე სააზროვნო პროცესებს. გვიანბიზანტიური პერიოდიდან ამ კუთხით ყურადღებას იმსახურებს თეოდორე მეტოქიტის ასტრონომიული ხასიათის ტრაქტატი, რომელიც პტოლემაიოსის მოდელზეა აგებული. ამგვარად, შუა საუკუნეების აზროვნებამ, რომელიც ანტიკურობასა და აღორძინებას შორის გარდამავალ საფეხურად არის მიჩნეული, კარგად შემოინახა სამყაროს გეოცენტრული მოდელის იდეა და თავის მხრივ, გარკვეულწილად ხელი შეუწყო მე-16 საუკუნეში სამყაროს ახალი ხედვის – კოპერნიკის ჰელიოცენტრული მოდელის შემუშავებას.

ვფიქრობთ, ქართული სქოლიო სამყაროს გეოცენტრული აგებულების შესახებ სწორედ ამ კონტექსტში გააზრებას და შესწავლას საჭიროებს. დღეისათვის უშუალო წყარო, რომელსაც შეიძლება დაყრდნობოდა ეფრემი თავის სქოლიოში სამყაროს გეოცენტრული მოდელის ჩამოყალიბებისას, არ იძებნება. თუმცა შესაძლებელი აღმოჩნდა რამდენიმე ტექსტის დადგენა, რომელთა გავლენაც ამ სქოლიოზე აშკარად შეინიშნება.

1. ბასილი მინიმუსის კომენტარები

იდეა სამყაროს სფერულობის შესახებ უპირველეს ყოვლისა იკვეთება თავად ბასილი მინიმუსის იმ კომენტარში, რომელსაც ერთვის ქართული სქოლიო. როგორც აღვნიშნეთ, კომენტატორი განმარტავს დედამიწის მზით განათების მექანიზმს, რაც, თავის მხრივ, ბიზანტიის ინტელექტუალთა წრეებში არსებულ საბუნებისმეტყველო ცოდნას უნდა ეფუძნებოდეს.17 ბასილის კომენტარში ვკითხულობთ:

ყოვლისა სოფლისა მიმართ წერტილის სახე დამოკიდებულებაჲ აქუს ქუეყანასა, რამეთუ ყოველსა ქუეყანასა წერტილის სახე დამოკიდებაჲ აქუს სიმაღლისა მიმართ მზისა და გარემოჲს მისსა მომრგუალებულისა სფერისა (Com. 43, 188).

კომენტარის მიხედვით, დედამიწა („ქუეყანა“) წერტილად აღიქმება როგორც მზის, ისე მთელი სამყაროს („ყოვლისა სოფლისა“) მიმართ, რომელიც, თავის მხრივ, სფეროსებურად გარს ერტყმის დედამიწას. ეს განსჯა აშკარად ავლენს კავშირს ქართულ სქოლიოში გატარებულ აზრთან სამყაროს სფერულობის შესახებ და განსაკუთრებით სქოლიოს ბოლო ნაწილთან, სადაც დედამიწა წარმოდგენილია, როგორც წერტილი ფარგლით შემოვლებული სფეროში: „ამის სფერისა სიმრგულესა შინა, ზედასა და ქუეშესა, ვითარცა წერტილი რაჲმე კარაკინითა მომრგულებულსა შინა შუა ოდენ არს ქუეყანაჲ.“ ამ ფრაზაში მხატვრული სახის (შედარების) საშუალებით არის ჩამოყალიბებული სამყაროს გეოცენტრული ხედვა. აღსანიშნავია, რომ თავად მხატვრულ სახეს – წერტილი, რომელიც ფარგლით შემოხაზული წრის ცენტრშია – წყარო ეძებნება ისევ ბასილი მინიმუსის კომენტარებში. კერძოდ, გრიგოლ ნაზიანზელის 42-ე ჰომილიაში ნახსენებია სამეფო ქალაქი კონსტანტინოპოლი – ქრისტიანული სარწმუნოების ცენტრი. ბასილი კომენტარში კონსტანტინოპოლის შესახებ წერს:

რამეთუ ესრეთ არს იგი ყოვლისა სოფლისათჳს, ვითარცა წერტილი, რომლისაგან მოიმრგულების სიმრგულე კარაკინითა. რამეთუ მისგან განვლენ და კუალად მისსა შემოვლენ ყოველნი კიდენი. (Com. 42, 63).

ამგვარად, ვფიქრობთ, მხატვრული სახე ქართულ სქოლიოში მომდინარეობს ბასილი მინიმუსის კომენტარიდან (კონსტანტინოპოლი – სამყაროს ცენტრი = წერტილი ფარგლით შემოხაზულ წრეში), ოღონდ ამ შემთხვევაში მასში განსხვავებული, ახალი შინაარსია ჩადებული (დედამიწა – სფეროსებრი სამყაროს ცენტრი = წერტილი ფარგლით შემოხაზულ წრეში).

გრიგოლ ნაზიანზელის ტექსტიდან თუ ბასილი მინიმუსის კომენტარებიდან აღებული მხატვრული სახის განსხვავებული შინაარსით განსხვავებულ კონტექსტში გამოყენება ეფრემ მცირის მწიგნობრული მუშაობისათვის დამახასიათებელი ხერხია. თავის კოლოფონებში ეფრემი ხშირად სარგებლობს გრიგოლის ან მისი კომენტატორის მხატვრული ენით და მათი ლექსიკისა და ფრაზეოლოგიის გამოყენებით ხშირად ქმნის მხატვრულ სახეებს, რომლებიც მის ტექსტებში უკვე განსხვავებულ შინაარსს და დატვირთვას ატარებენ. მაგალითად, ბასილის ეპისტოლეში კონსტანტინე პორფიროგენეტის მიმართ ვხვდებით მხატვრული სახეს: „პევშებითა ამით წყალსა ერთგულებით მი პყრობად“,18 სადაც „წყალი“ გრიგოლის ჰომილიების სიბრძნის მეტაფორაა. ეფრემი კვირიკე ალექსანდრიელისადმი მიძღვნილ ეპისტოლეში, რომელიც მან წარუმძღვარა გრიგოლ ნაზიანზელის ლიტურგიკული საკითხავების ქართული თარგმანების კრებულს, ექვთიმეს შესახებ აღნიშნავს: „ურწყულობასა ძლიერისა ამის ღმრთისმეტყუელისა წიგნისა ღჳნისასა განჰზავებდა წყალთაგან სულიერთა.“19 აქ „სულიერი წყალი“ – გრიგოლის თხზულებათა ექვთიმესეული ექსპოზიციური თარგმანი – ექვთიმესეული ეგზეგესია, რომლითაც ის გრიგოლის სიბრძნეს („ურწყულ“ ე.ი განუზავებელ ღვინოს) განაზავებს ლიტონი მკითხველისათვის. ორივე შემთხვევაში მხატვრული სახეში, რომელიც გრიგოლის სიბრძნეს ეხება, ფიგურირებს „წყალი“, თუმცა მას ცალკეულ შემთხვევაში განსხვავებული დატვირთვა აქვს. ან კიდევ, გრიგოლ ნაზიანზელი თავის მე-15 საკითხავში ასე იხსენიებს მაკაბელებს: „განცხადებულად უჴორცონოჲ ჴორცთა შინა“ (თ. VIII),20 შდრ. ეფრემის მიმართვა კვირიკე ალექსანდრიელისადმი ეპისტოლეში კვირიკეს მიმართ: „ჯერეთ ჴორცთაღა შინა ყოფასა შენ, ჴორცთზეშთაჲსასა …“ 21 და სხვ.22

2. იოანე დამასკელის „გარდამოცემა“.

ქართული სქოლიო კავშირს ავლენს ასევე იოანე დამასკელის „გარდამოცემასთან», კერძოდ, ამ თხზულების მეოცე თავთან „ცის შესახებ“. ეს თხზულება ქართულად ორჯერ არის ნათარგმნი – თავად ეფრემ მცირის მიერ და ეფრემის მიმდევრის, ელინოფილი მთარგმნელის, არსენ იყალთოელის მიერ. დამასკელის თხზულების მე-20 თავში ვკითხულობთ:

ყოველსავე სოფლის შესაქმესა შინა ცისა დაბადებაჲ გჳსწავიეს, რომელსა-იგი გარეშენი ბრძენნი უვარსკულაოდ სიმრგულედ [სფერად, არსენი] უწოდენ მიპარვითა მოსესმიერისა შჯულისდებისაჲთა… კუალად უკუე, ვიეთმე ჰგონიეს, ვითარმედ ყოვლისავე გარემოჲს ცაჲ არს, ვითარცა იყო იგი მრგუალ სახედ კამარისა [სფერის სახეობა მისი, არსენი] … აწ უკუე რომელნი-იგი იტყჳან ცასა კამარის სახედ მომრგულებულსა [სფერისსახეობა თქუეს ცისაჲ, არსენი], ამას გამოაჩენენ, ვითარმედ სწორად განშორებულ არს იგი ქუეყანისაგან სიმაღლედ და სივრცედ და სიმაღლედ… ვინაჲთგან შემდგომისაებრ სიტყჳსა ყოველივე ზენა-კერძი ყოვლით-კერძო ცასა განუკუთნებიეს, რამეთუ სახედ კამარისა [სფერის სახედ, არსენი] გარე-შეიცავს ქუეყანასა და სიმალითა მით მოძრაობისა მისისაჲთა თანაიყვანებს მზესა და მთოვარესა და ვარსკულავთა … ხოლო სხუათა ვიეთმე კერძოდ კამარისა ეოცნა ცაჲ (სფერისნახევრობაჲ ეოცნა ცისაჲ, არსენი), სიტყჳსა მისგან ღმრთივსწავლულისა დავითისსა, ვითარმედ: „რომელმან გარდაართხნა ცანი, ვითარცა კარავნი“ [ტყავი, არსენი] (ფსალ. 103, 2), და კუალად სიტყვისაებრ ესაიაÎსა, ვითარმედ: „რომელმან დაადგინა ცაჲ, ვითარცა კამარაჲ“ [კამარაჲ არსენი] (ესაია 40, 22).23

იოანე დამასკელთან წარმოდგენილია სამყაროს ორგვარი ხედვა. ერთია ანტიკურიდან მომდინარე სამყაროს გეოცენტრული მოდელი, რომელიც დედამიწას ცის სფეროს ცენრტში მოიაზრებს, ხოლო მეორეა სამყაროს ბიბლიური ხედვა, რომლის მიხედვითაც ცა ნახევარსფერულად, კარვის სახით გადაეფარება დედამიწას. აზრობრივად ქართული სქოლიო უკავშირდება დამასკელის ტექსტში წარმოდგენილ გეოცენტრულ მოდელს, მაგრამ სქოლიოში წარმოდგენილი მსჯელობა არ მისდევს დამასკელის ტექსტს იმდენად, რომ „გარდამოცემის“ მე-20 თავი ამ სქოლიოს წყაროდ მივიჩნიოთ. მაგალითად, „უვარსკვლავო ცა“ დამასკელთან და ქართულ სქოლიოში სხვადასხვაგვარად არის განმარტებული; ქართულ სქოლიოში არის „ყოველი სოფლის“, „ხილული და უხილავი სოფლის“ განმარტებები, რასაც ვერ ვხვდებით დამასკელთან; საერთოდაც, ქართული სქოლიო უფრო ვრცლად და დეტალურად აღწერს სამყაროს გეოცენტრულ მოდელს, ვიდრე დამასკელი. თუმცა, ვფიქრობთ, სქოლიოს შედგენისას ეფრემს უნდა ესარგებლა იმ გამოცდილებით, რომელიც მას მიღებული ჰქონდა დამასკელის თარგმნისას.

მაგალითად, სამყაროს სფერულობაზე საუბრისას ეფრემი ხაზგასმით მიუთითებს, რომ ცის „სიმრგულის“ შესახებ სხვები „იტყჳან“, უვარსკვლავო ცის რაობასაც „გარეშენი“ განმარტავენ. დამასკელთანაც „გარეშენი ბრძენნი“ საუბრობენ უვარსკვლავო ცის შესახებ, ცის სფერულობის შესახებაც სხვები – „რომელნი-იგი იტყჳან“. ორივე შემთხვევაში „სხვებსა“ და „გარეშეებში“ ანტიკური ეპოქის ფილოსოფოსები იგულისხმებიან.24

შეინიშნება გარკვეული კავშირი „გარდამოცემის“ ქართული თარგმანის და ქართული სქოლიოს ლექსიკას შორის. ის ლექსიკური ერთეულები, რომლებითაც დამასკელის ეფრემისეულ თარგმანში ბერძნული ტერმინები σфαίρα და ήμισфσίρα რა არის გადმოტანილი („კამარა“, „კარავი“), სქოლიოში ამ ტერმინთა ტრანსლიტერაციით გადმოტანილი ბერძნული ფორმების – „სფერისა“ და „იმისფერონის“ – განმარტებებშია გამოყენებული („კარვის სახე“ და „ყოვლით კერძო მრგუალი კამარა“).

ამ ორ ტექსტს შორის სხვაობას, ერთი შეხედვით, ქმნის ამ ტერმინთა ქართულად გადმოტანის განსხვავებული წესი, თუმცა ამ მოვლენას თავისი ახსნა ეძებნება. როგორც ცნობილია, ეფრემს „გარდამოცემის“ თარგმანი შესრულებული აქვს თავისი მთარგმნელობითი მოღვაწეობის პირველ ეტაპზე, როდესაც ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული მისი ელინოფილური მთარგმნელობითი კონცეფცია.25 ამ ეტაპზე ის ელინოფილი მწიგნობრისათვის დამახასიათებელ განსაკუთრებულ პრეციზულობას არ იჩენს ტერმინთა თარგმნისას. σфαίρα-ს გადმოტანისას ერთმანეთს ანაცვლებს ორ სიტყვას – „კამარა“ და „სიმრგულე“, ან იყენებს სიტყვათშეთანხმებას „მრგუალ სახე კამარისა“, ხოლო რთულ სიტყვას ήμισфαίρα რა თარგმნის შემადგენელი ნაწილების მიხედვით – ჰჟმი-სფაი»რა ήμι-σфαίρα. ტერმინთა გადმოტანის ეს ხერხები (აღწერითი და ეტიმოლოგიური თარგმანი) სწორედ იმ მეტ-ნაკლებად თავისუფალი მთარგმნელობითი მეთოდისთვის არის დამახასიათებელი,26 რომლითაც ეფრემს ნათარგმნი აქვს დამასკელის „გარდამოცემა.“ რაც შეეხება გრიგოლ ნაზიანზელის ლიტურგიკულ საკითხავებს და მათ კომენტარებს, ისინი ეფრემმა თარგმნა თავისი მოღვაწეობის გვიანდელ ეტაპზე,27 როდესაც უკვე მთლიანად იყო ჩამოყალიბებული მისი, როგორც მთარგმნელის, ელინოფილური კონცეფცია. ამ თარგმანებში ეფრემი უკვე მაქსიმალურ სიზუსტეს იცავს ტერმინთა გადმოტანისას.28 ბასილის კომენტარის თარგმნისას ტერმინი σфαίρα ეფრემს, როგორც ელინოფილს, პირდაპირ ბერძნული ფორმით გადმოაქვს, ხოლო მის განმარტებას სქოლიოში იძლევა.29 აღსანიშნავია, რომ ბასილი მინიმუსის კომენტარების ეფრემისულ თარგმანში ტერმინები σфαίρα და ήμισфαίρα სხვა შემთხვევებშიც ბერძნული ფორმით არის გადმოტანილი (მაგ. Com. 40: 18).

ამგვარად, სქოლიო სამყაროს აგებულების შესახებ შედგენილია ეფრემის მიერ იმ ცოდნაზე დაყრდნობით, რომელიც ამ საკითხის შესახებ არსებობდა ბიზანტიელ ინტელექტუალთა წრეებში, და იმ გამოცდილების გამოყენებით, რომელიც ქართველ მწიგნობარს ცნობილი ბიზანტიელი ავტორების თარგმნისას ჰქონდა მიღებული.

ცალკე ყურადღებას იმსახურებს ქართული სქოლიოს სტილი – აზრი ცხადად, მკაფიოდ არის ფორმულირებული, ერთი და იგივე აზრი, მისი გამოკვეთის მიზნით, გამოთქმულია რამდენჯერმე სხვადასხვა ფორმით; ტექსტში ჩართულია ლექსიკური ერთეულების განმარტება; მოყვანილია შედარება, რომელსაც, თავისი ყოფითი შინაარსიდან გამომდინარე, ექსპოზიციური დანიშნულება უფრო აქვს, ვიდრე მხატვრული; გამოყენებულია კითხვამიგების (ეროტეს-აპოკრისისის) ხერხი – შუა საუკუნეებში დამკვიდრებული სწავლების ტრადიციული ფორმა (კითხვა: „რაჲღა არს ზენა კერძო ზღჳსა და ჴმელისა და რაჲ არს ქუეშე კერძო მათსა?“ მიგება: „ყოვლითურთ შემცველი მათი“). ყოველივე ეს სქოლიოს შუა საუკუნეების საცნობაროენციკლოპედიური ხასიათის ტექსტის ფორმას აძლევს.

ამგვარად, როგორც თავისი შინაარსით, ისე ფორმით, გრიგოლ ნაზიანზელის თხზულებათა ეფრემისეულ ხელნაწერებში დაცული ქართული სქოლიო სამყაროს აგებულების შესახებ ეხმაურება XI საუკუნის ბიზანტიაში მიმდინარე სააზროვნო პროცესებს, ხოლო მისი ავტორი, ეფრემ მცირე იმ წინარენესანსული სულისკვეთებით ჩანს გამსჭვალული, რომლითაც განსაკუთრებით გამოირჩევიან ამ ეპოქის ინტელექტუალები.30 აზროვნების მეცნიერული სტილით, ანტიკურობისადმი ინტერესით, რაციონალისტური მიდგომით, ნატურფილოსოფიური იდეებითა და განმანათლებლური მიზანდასახულობით ეფრემ მცირე მსგავსებას ავლენს თავისი ეპოქის მოწინავე ბიზანტიელ მოაზროვნეებთან.

ამ ტი პის აზროვნების ჩამოყალიბებაში დიდი როლი უნდა შეესრულებინა იმ გარემოსაც, რომელშიც ეფრემ მცირე მოღვაწეობდა. ეს არის XI საუკუნის ბოლო პერიოდის ახლო აღმოსავლეთი – ანტიოქია თავისი მდიდარი ბიბლიოთეკებით, ინტელექტუალური ცხოვრებითა და, რაც მთავარია, მულტიკულტურული გარემოთი, სადაც ერთმანეთის გვერდით მოღვაწეობენ სხვადასხვა ეროვნების მწიგნობრები.31 ვფიქრობთ, სწორედ ამგვარი წრე და გარემო იქნებოდა განსაკუთრებით ხელსაყრელი ახალი, „უცხო“ ცოდნის დაგროვებისათვის; სწორედ აქ, ბერძენ, სირიელ, არაბ მწიგნობრებთან ურთიერთობის შედეგად უნდა გამოკვეთილიყო ეფრემის მრავალმხრივი ინტერესები და მისი მწიგნობრული საქმიანობის მაძიებლური ხასიათი. შემთხვევითი არ უნდა იყოს ისიც, რომ სამეცნიერო ტიპის ცოდნა ქართულ აზროვნებაში გარკვეულწილად შემოდის სწორედ ახლო აღმოსავლეთიდან – ქრისტიანული და მუსლიმური კულტურების ურთიერთგადაკვეთის ადგილიდან, სადაც ინტენსიურად მიმდინარეობდა დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის სამეცნიერო ცოდნისა თუ კულტურული ფასეულობების გაცვლა-გამოცვლა.32

ვფიქრობთ, ამ ტიპის პირველწყაროების წარმოჩენა და კვლევა ქართული სააზროვნო პროცესების შესწავლის მიზნით, საფუძველს უმტკიცებს ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმულ თვალსაზრისს, რომ XI-XII საუკუნეების ქართველი მოაზროვნეები თავიანთი სამეცნიერო- თეორიული აზროვნებითა და სასწავლო-ენციკლოპედიური მიზანდასახულობით იდგნენ იმ მაგისტრალურ ხაზზე,33 რომელსაც მოგვიანებით გაჰყვა ევროპული ინტელექტუალური სამყარო. მაგრამ სამწუხაროდ, ქართული აზროვნება, საქართველოში შექმნილი მძიმე ისტორიულპოლიტიკური ვითარების გამო, ვერ ჩაერთო და გამთლიანდა იმ უმნიშვნელოვანეს პროცესში, რომელიც ევროპული რენესანსის სახელით არის ცნობილი.34

ლიტერატურა

აბულაძე 1990: თ. აბულაძე, ვახტანგ მეექვსის მთარგმნელობითი მოღვაწეობა, თბილისი, 1990.

ბეზარაშვილი 2001: ქ. ბეზარაშვილი, „გარეშე“ სიბრძნისადმი დამოკიდებულებისათვის ეფრემ მცირის კოლოფონებში, მაცნე, ენისა და ლიტერატურის სერია, 1-4, 2001.

ბეზარაშვილი 2002: ქ. ბეზარაშვილი, „ღრმა წიგნური სიტყვის“ გაგებისათვის ეფრემ მცირის კოლოფონებში, მაცნე, ენისა და ლიტერატურის სერია, 1-4, 2002.

ბეზარაშვილი 2003: ქ. ბეზარაშვილი, ეფრემ მცირის კოლოფონები მთარგმნელობითი მეთოდებისა და ელინოფილური თარგმანის მახასიათებლების შესახებ, ლიტერატურული ძიებანი, XXIII, თბილისი, 2003.

ბეზარაშვილი 2004: ქ. ბეზარაშვილი, რიტორიკისა და თარგმანის თეორია და პრაქტიკა. გრიგოლ ღვთისმეტყველის თხზულებათა ქართული თარგმანების მიხედვით, თბილისი, 2004.

ბრეგაძე 1959: უწყება მიზეზსა ქართველთა მოქცევისასა, თუ რომელთა წიგნთა შინა მოიჴსენების, თ. ბრეგაძის გამოც., თბილისი, 1959.

ბრეგაძე 19881: თ. ბრეგაძე, გრიგოლ ნაზიანზელის თხზულებათა შემცველ ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, თბილისი, 1988.

ბრეგაძე 19882: T. Bregadzé, Répertoire des manuscrits de la version géorgienne des Discours de Grégoire de Nazianze, in Versiones orientales, repertorium ibericum et studia ad editiones curandas, ed. B. Coulie (Corpus Christianorum. Series Graeca, 20. Corpus Nazianzenum,1), Brepols- Turnhout, 1988.

ბროკი 1979: S. Brock, Aspects of Translation Technique in Antiquity, Greek, Roman and Byzantine Studies, 20, 1, 1979.

ბროკი 1990: S. Brock, Syriac Manuscripts Copied on the Black Mountain, near Antioch, in Lingua Restituta Orientalis: Festgabe für T. Assfalg (Aegypten und Altes Testament), 20, R. Schulz and M. Görg eds., Wiesbaden, 1990.

გავრიუშინი 1983: Н.К. Гаврюшин, Бизантийская космология в XI веке, Историко-астрономические исследования, вып.XVI, ред. Л.Е. Майстров, Москва, 1983.

გრიგოლ ნაზიანზელის თხზულებები 1998: Sancti Gregorii Nazianzeni Opera, Versio iberica I, Orationes, I, XLV, XLIV, XLI, ed. a H. Metreveli et K. Bezarachvili, Ts. Kourtsikidze, N. Melikichvili, Th. Othkhmezouri, M. Raphava, M. Chanidze (Corpus Christianorum. Series Graeca, 36. Corpus Nazianzenum, 5), Turnhout-Leuven, 1998.

გრიგოლ ნაზიანზელის თხზულებები 2000: Sancti Gregorii Nazianzeni Opera, Versio iberica II, Orationes XV, XXIV, XIX. ed. a H. Metreveli et K. Bezarachvili, Ts. Kourtsikidze, M. Machavariani, N. Melikichvili, M. Raphava (Corpus Christianorum, Series Graeca, 42, Corpus Nazianzenum 9), Turnhout – Leuven, 2000.

გრიგოლ ნაზიანზელის თხზულებები 2004: Sancti Gregorii Nazianzeni Opera, Versio iberica IV, Oratio XLIII, ed. a B. Coulie, H. Metreveli et K. Bezarachvili, Ts. Kourtsikidze, N. Melikichvili, Th. Othkhmezouri, M. Raphava (Corpus Christianorum. Series Graeca, 52. Corpus Nazianzenum, 17), Turnhout-Leuven, 2004.

გრიგოლ ნაზიანზელის თხზულებები 2007: Sancti Gregorii Nazianzeni Opera, Versio iberica V, Orationes XXXIX et XL, ed. a B. Coulie, H. Metreveli et K. Bezarachvili, Ts. Kourtsikidze, N. Melikichvili, M. Raphava (Corpus Christianorum. Series Graeca, 58. Corpus Nazianzenum, 20), Turnhout-Leuven, 2007.

დამასკელი 1976: იოანე დამასკელი, დიალექტიკა, მ. რაფავას გამოც., თბილისი, 1976.

დამასკელი 2000: წმ. იოანე დამასკელი, მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა, რ. მიმინოშვილისა და მ. რაფავას გამოც., ძვ. ბერძნულიდან ქართულად თარგმნა ე. ჭელიძემ, თბილისი, 2000.

დელატი 1939: A. Delatte, Anecdota Atheniensia et alia, vol. 2, Paris, 1939. vilsoni 1982: N. G. Wilson, The Relation of Text and Commentary in Greek Books, Atti del convegno internazionale, Urbino 20-23 settembre1982, a cura di C. Questa e R. Raffaeli, Urbino, 1984.

ვიპერი 1974: Р.Ф. Виппер, История средних веков, Москва, 1974.

თევზაძე 1979: გ. თევზაძე, რუსთაველის კოსმოლოგია, თბილისი, 1979.

თვალთვაძე 1989: დ. თვალთვაძე, ეფრემ მცირის ლექსიკოგრაფიული სქოლიოებისა და სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონის მიმართებისთვის, მაცნე, ენისა და ლიტერატურის სერია, 1989, 3.

თვალთვაძე 1997: დ. თვალთვაძე, ეფრემ მცირის ლიტერატურულ თეორიული ნააზრევიდან, კრებული მიძღვნილი ზ. ჭუმბურიძის დაბადების 70 წლისთავისადმი, თბილისი, 1997.

კეკელიძე 1980: კ. კეკელიძე, ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, I, თბილისი, 1980.

კრაჩკოვსკი 1957: И.Ю. Крачковский, Избранные сочинения, т. IV, Москва-Ленинград, 1957.

მელიქიშვილი 2003: დ. მელიქიშვილი, შავი მთიდან გელათამდე (შავი მთის ქართული მთარგმნელობითი სკოლის ძირითადი პრინცი პები), ნათელი ქრისტესი. საქართველო, I, თბილისი, 2003.

მეტრეველი 2007: ე. მეტრეველი, შავი მთის მწიგნობრული კერის ისტორიისათვის XI საუკუნის I ნახევარში, ფილოლოგიურ-ისტორიული ძიებანი I, თბილისი, 2007.

მჭედლიძე 2006: მ. მჭედლიძე, მიქაელ ფსელოსის ფილოსოფიური პოზიცია, სააზროვნო და პედაგოგიური მეთოდი, თბილისი, 2006.

ნიმო სმითი 2000: J. Nimmo Smith, The Early Scholia on the Sermons of Gregory of Nazianzus, Studia Nazianzenica I, edita a B. Coulie (Corpus Christianorum. Series Graeca, 41. Corpus Nazianzenum, 8), Turnhout – Leuven, 2000.

ოთხმეზური 1989: თ. ოთხმეზური, გრიგოლ ნაზიანზელის თხზულებათა კომენტირების ისტორიიდან, მრავალთავი, XV, 1989.

ოთხმეზური 1997: თ. ოთხმეზური, ეფრემ მცირის ავტოგრაფული ნუსხის, შ-1276-ის, ერთი მთარგმნელობითი სქოლიოს შესახებ, ისტორიულფილოლოგიური კრებული მიძღვნილი ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 120 წლისთავს, 1997.

ოთხმეზური 1999: თ. ოთხმეზური ანტიკურ ავტორთა წიგნები ბიზანტიურ ეპოქაში: ეფრემ მცირე და გარეშეთა წიგნები, ANAQESIS. აკად. თ. ყაუხჩიშვილის იუბილესადმი მიძღვნილი კრებული, თბილისი, 1999.

ოთხმეზური 2002: Th. Otkhmezuri, Pseudo-Nonniani in IV orationes Gregorii Nazianzeni commentarii (Corpus Christianorum. Series Graeca, 50, Corpus Nazianzenum, 16), Turnhout-Leuven, 2002.

ოთხმეზური 2004: თ. ოთხმეზური, გრიგოლ ნაზიანზელის ქართული თარგმანების შემცველი კრებულების მარგინალიები, კორნელი კეკელიძე 125, 2004.

ოთხმეზური 2005: თ. ოთხმეზური, გრიგოლ ნაზიანზელის თხზულებათა კომენტარები ქართულ მთარგმნელობით ტრადიციაში (დისერტ.), 2005.

სირაძე 1975: რ. სირაძე, ძველი ქართული თეორიულ-ლიტერატურული აზროვნების საკითხები, თბილისი, 1975.

პიგულევსკაია 1979: Н.В. Пигулевская, Культура Сирийцев в средние века, Москва, 1979.

სარტონი 1972: G. Sarton, Introduction to the History of Science, vol. 1, Baltimore, 1972.

სარჯველაძე 1984: ზ. სარჯველაძე, ქართული სალიტერატურო ენის ისტორიის შესავალი, თბილისი, 1984.

სტაროსტინი 1975: Б.А. Старостин, Византийская наука в контексте средневековой культуры, Античность и Византия, ред. Фрейберг Л.А., Москва, 1975.

შანიძე 1975: „ეტლთა და შჳდთა მნათობთათჳს“, ა. შანიძის გამოც., თბილისი, 1975.

შმიტი 2001: Th. S. Schmidt, Basilii Minimi in Gregorii Nazianzeni orationem XXXVIII commentarii (Corpus Christianorum. Series Graeca, 46. Corpus Nazianzenum, 13), Turnhout – Leuven, 2001.

ჭელიძე 19961: E. Chelidze, The Two Georgian Translations of the Works of St. Gregory the Theologian, Studia Patristica 33, 1996.

ჭელიძე 19962: ე. ჭელიძე, ძველი ქართული საღვთისმეტყველო ტერმინოლოგია I, თბილისი, 1996.

ჯობაძე 1986: V. Djobadze, Archeological Investigations in the Region West of Antioch on-the-Orontes, Stuttgart, 1986.

__________________

1. ეფრემ მცირეს თავის კოლოფონებში თეორიული მოსაზრებებიც აქვს გამოთქმული ტექსტის კომენტირების მეთოდების შესახებ. ეფრემის მიხედვით, არსებობს მარგინალური განმარტების („კიდესა წარწერილი თარგმანების“) ორი ტიპი: „ზეპირით დაწერილი“ შენიშვნა, რომელიც ტექსტის მთარგმნელს ეკუთვნის, და ბერძნული დედნიდან („დედიდან“) მომდინარე შენიშვნა. როგორც კოლოფონიდან ირკვევა, ხელნაწერთა აშიებზე შენიშვნების დართვის ეს წესი ეფრემს სვიმეონწმიდის მონასტრის ბიბლიოთეკის ბერძნული ხელნაწერებიდან გადმოუღია. იხ. იოანე დამასკელის „დიალექტიკის“ ქართულ თარგმანზე დართული ეფრემ მცირის შესავალი, დამასკელი 1976:67-68.

2. დამასკელი 1976:67.

3. კომენტარების განლაგება ხელნაწერი წიგნის აშიაზე წმინდა ბიზანტიური მოვლენაა. თუ ელინისტური ეპოქის ხელნაწერებში აშიაზე მხოლოდ მოკლე მინიშნებები და პირობითი ნიშნები იყო დასმული, ხოლო ტექსტის კომენტარი ცალკე წიგნში იყო მოთავსებული, ბიზანტიურ ხელნაწერში უნციალური დამწერლობის მინუსკულით შეცვლის შედეგად (ასახელებენ სხვა მიზეზებსაც) შესაძლებელი გახდა კომენტარისათვის სქოლიოს ფორმის მიცემა – მისი განლაგება ხელნაწერის აშიაზე, ვილსონი 1984:103; ნიმო სმითი 2000:76-77.

4. ეფრემ მცირის მუშაობამ ბიზანტიური მწიგნობრული მეთოდებით განსაზღვრა XI-XII საუკუნეების ქართული ხელნაწერი წიგნის მკვეთრად გამოხატული ბიზანტინიზებული სახე, იხ. ოთხმეზური 2005: 54-63.

5. ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში დასტურდება ეფრემ მცირის კოლოფონების ანალიზზე დაყრდნობით შუა საუკუნეების მწიგნობრობის ისტორიის რეკონსტრუქციის არაერთი ცდა (ქართულ ლიტერატურულ-თეორიული აზროვნებისა და მთარგმნელობითი კონცეფციების ჩამოყალიბება, გრამატიკული და ლიტერატურის თეორიის ტერმინოლოგიის შექმნა, ბერძნულ-ქართულ ხელნაწერებზე მუშაობის ტექნიკის შემუშავება, ანტიოქიის წიგნთსაცავები და ქართულ-ბერძნული მწიგნობრული ურთიერთობები და ა. შ.), იხ. ბეზარაშვილი 2001: 134-157; 2002: 87-107; 2003: 103-117; 2004: 147-155. თვალთვაძე 1989: 68-77; 1997: 78-84; ოთხმეზური 1997: 78-80; 1999: 227-234; 2004: 194-206; სარჯველაძე 1984: 198-252.

6. ბრეგაძე 19881: 133-138, 144-158, 159-167; Bბრეგაძე 19882: 79-81.

7. გრიგოლ ნაზიანზელის საკითხავთა ეფრემისეული კრებულების ქართულ შენიშვნათა ავტორობის შესახებ იხ. ოთხმეზური 2004: 194-206.

8. ώs άπ äĸpων τά äĸpα ίσοτμωs ĸαταφωτίζει (PG 36, 584 C 4-5). ქართული ტექსტისათვის იხ. გრიგოლ ნაზიანზელის თხზულებები 2004: 272, ლ. 5-6; პასაჟი, თავის მხრივ, ეყრდნობა Psal. 18, 6.

9. Cods. Tbilis. A-109, 61r, Jer. Iber. 15, 66v, Jer. Iber. 43, 65v (non leg.), Jer. Iber. 13, 319r.

10. ბასილი დიდის „ასკეტიკონი“ (cod. Tbilis. A-1115, XII s., 223r.).

11. სტაროსტინი 1975: 386.

12. გავრიუშინი 1983: 327-338.

13. მიქაელ ფსელოსის კოსმოლოგიური შეხედულებები, ძირითადად, ჩამოყალიბებულია მის თხზულებაში Διδασκαλία παντοδαπή (PG CXXII, ცოლ. 688-784); ხოლო სიმეონ სეთისა – Σύνοψιs τών фυσικών. ამ თხზულების ნაწილი გამოქვეყნებულია მიქაელ ფსელოსის შრომებში (PG CXXII, ცოლ. 784-809); მთლიანი გამოცემისათვის იხ. დელატი 1939:1-89. ჯერ კიდევ გამოუცემელი და შეუსწავლელია მიქაელ ფსელოსის საბუნებისმეტყველო ხასიათის თხზულებები, რომელთა შესწავლაც სამომავლოდ გააღრმავებს ჩვენს წარმოდგენას ბიზანტიური სამეცნიერო აზროვნების შესახებ, გავრიუშინი 1983: 336.

14. სარტონი 1972: 750.

15. ქართული მთარგმნელობითი ტრადიციისთვის მიქაელ ფსელოსი ნაკლებად არის ცნობილი (გრიგოლ ნაზიანზელის მე-40 საკითხავის მიქაელ ფსელოსის კომენტარის ქართული თარგმანის შესახებ იხ. გრიგოლ ნაზიანზელის თხზულებები 2007: 321-329 – მ. მჭედლიძის გამოც.), თუმცა ამ პიროვნების გავლენის შესახებ XI საუკუნის II ნახევრის ქართულ აზროვნებაზე, კერძოდ, ეფრემ მცირეზე, მაინც შესაძლებელია საუბარი, ბეზარაშვილი 2004: 156, სქ. 212, 196-198.

16. 969-1084 წლებში ანტიოქია ბიზანტიის იმპერიაში შედიოდა, რამაც დიდად შეუწყო ხელი ამ რეგიონის კულტურულ აღმავლობას. თუმცა თურქ-სელჯუკთა შემოტევების შედეგად 1084 წელს ბიზანტიის მფლობელობის ხანა სირიაში დასრულდა, იხ. მეტრეველი 2007: 88-89.

17. ბასილი მინიმუსი გრიგოლ ნაზიანზელის თხზულებების კომენტირებისას ხშირად ეხება ისეთ საკითხებს, რომლებიც შუა საუკუნეების სამეცნიერო-საბუნებისმეტყველო აზროვნებასთან არის კავშირში, რაც დღეისათვის ნაკლებად შესწავლილ საკითხს – ბასილი მინიმუსის კომენტართა წყაროების კვლევას უკავშირდება. ამ კუთხით ნიშანდობლივია გერმანელი მეცნიერის, თ. შმიდტის ნაშრომი – გრიგოლ ნაზიანზელის 38-ე საკითხავის ბასილი მინიმუსის კომენტარების პუბლიკაცია და მისი კვლევითი ხასიათის შესავალი, შმიტი 2001:xxiv-xxviii

18. ეპისტოლის ქართული თარგმანი გამოქვეყნებულია, ოთხმეზური 1989: 18-31; ბერძნული ტექსტისათვის იხ. შმიტი 2001: 2-6.

19. გრიგოლ ნაზიანზელის თხზულებები 1998: xxxiv.

20. გრიგოლ ნაზიანზელის თხზულებები 2000:43.

21. გრიგოლ ნაზიანზელის თხზულებები 1998: xxxiii.

22. „სიჩჩოებისა“ და „სძის“, „ლომისა“ და „ციდამტკაველის“, „ძნისა“ და „თავთავის“ მხატვრული სახეებისა და მათი გააზრების შესახებ გრიგოლის ჰომილიებში და ეფრემ მცირესთან იხ. ბეზარაშვილი 2004.

23 დამასკელი 2000: 81-84. მთელი ქვეყნიერების დაბადების ჟამს შეიქმნა ცა, რასაც უვარსკვლავო სფეროდ ამბობენ მოსეს დოგმატების მიმთვისებელი გარეშე ბრძენნი. ზოგიერთების თვალსაზრისით, ცა წრიულად გარემოვლის ყოველივეს, სფეროსებრია … ვინც ამბობს, რომ ცა სფეროსებრია, იგი მას მიწისაგან თანაბრად დაცილებულად და დაშორებულად წარმოაჩენს ზევიდანაც, გვერდიდანაც და ქვემოდანაც … ამბობენ, აგრეთვე, რომ ცა სფეროსფერ წრეს უვლის დედამიწას და მისი უსწრაფესი მოძრაობისას, მასთან ერთად წრეს შემოივლის მზე, მთვარე და ვარსკვლავები… სხვებმა ნახევარსფერულად წარმოიდგინეს ცა, თანახმად ღვთისმეტყველი დავითისა, რომელიც ამბობს, „ვინც განავრცო ცა, ვითარცა ტყავი (Psal. 103, 2), რაც კარავს ცხადყოფს… ნეტარი ესაია ამბობს: „ვინც დააფუძნა ცა, როგორც კამარა“ (Isa. 40, 22), დამასკელი 2000: 347 (ე. ჭელიძის თარგმანი).

24. „გარეშეს“ განმარტებისათვის შუა საუკუნეების მწერლობაში იხ. სირაძე 1975: 217- 218, 234; ბეზარაშვილი 2001: 134-157.

25. ეფრემ მცირის მთარგმნელობითი მოღვაწეობის ეტაპების – თავისუფალი მთარგმნელობითი მეთოდიდან ლიტერალურ მეთოდზე გადასვლის შესახებ იხ. ჭელიძე 19962: 548-559.

26. ბროკი 1979: 69-87.

27. ეფრემ მცირის მიერ გრიგოლ ღვთისმეტყველის ლიტურგიკული საკითხავების თარგმნის თარიღთან დაკავშირებით იხ. ჭელიძე 19962: 548-559; ოთხმეზური 1997: 78-81.

28. ჭელიძე 19961: 506-508.

29. ბერძნული ლექსიკური ერთეულის ტრანსკრიფციით გადმოტანა და განმარტების (უფრო ხშირად ეტიმოლოგიური ხასიათის) დართვა ეფრემ მცირის მთარგმნელობითი მეთოდის დამახასიათებელი თავისებურებაა, იხ. ოთხმეზური 2002: xxxviii.

30. XI საუკუნის II ნახევრის ბიზანტიაში ინტელექტუალური მოძრაობის ჰუმანისტურრენესანსული ხასიათისა და ამ მოძრაობაში კონსტანტინოპოლის ფილოსოფიური სკოლის როლის შესახებ იხ. მჭედლიძე 2006: 16-21.

31. კ. კეკელიძის აზრით, ეფრემ მცირეს შავ მთაზე ურთიერთობა უნდა ჰქონოდა ბერძენ ენციკლოპედისტ ნიკონ შავმთელთან, იხ. კეკელიძე 1980: 252; ბრეგაძე 1959: 014. საყურადღებოა ეფრემის ურთიერთობა ანტიოქიის საპატრიარქოსა და ანტიოქიის პატრიარქთან, იოანე ოქსიტესთან, რომელსაც ეფრემი დახმარებისათვის მიმართავდა ამა თუ იმ თხზულების თარგმნისას, ოთხმეზური 1997: 78-81. რაც შეეხება კონტაქტებს არაბერძენ მოღვაწეებთან, კ. კეკლიძის აზრით, ეფრემ მცირეს ურთიერთობა შეიძლება ჰქონოდა XI საუკუნის 80-იან წლებში სვიმეონწმიდის მონასტერში მოღვაწე არაბ ბერთან, მიქაელთან, რომლის მიერ არაბულ ენაზე დაწერილი „იოანე დამასკელის ცხოვრების“ ბერძნული თარგმანი ეფრემმა გადმოთარგმნა ქართულად, კეკელიძე 1980: 252. ჯობაძე არ გამორიცხავს თანამშრომლობის შესაძლებლობას ქართველებსა და სირიელებს შორის შავ მთაზე ძელიცხოვლის ეკლესიის მშენებლობისას, ჯობაძე 1986: 118. ამ რიგის საკითხები სამომავლო შესწავლას საჭიროებს და ვფიქრობთ, ეხმაურება სირიული მწერლობის ცნობილი მკვლევრის, ს. ბროკის მიერ დასმულ საკითხს იმის თაობაზე, რომ „ამ საინტერესო რეგიონის ისტორია ნამდვილად იმსახურებს, მთლიანობაში იყოს გააზრებული,“ ბროკი 1990: 59-60.

32. როგორც ცნობილია, სირიულმა კულტურამ განსაკუთრებული როლი შეასრულა შუა საუკუნეების მსოფლიო ისტორიაში. სწორედ სირიული თარგმანების საშუალებით გაეცნო ისლამური სამყარო ანტიკურ ნააზრევს – პლატონს, არისტოტელეს, მათ შორის პტოლემაიოსის გეოცენტრულ მოდელსაც. ამ მოდელის სირიული ვერსია უკვე VI საუკუნეში არსებობდა.… ეს შრომები არაბული თარგმანების გადამუშავებული ვერსიების სახით მიიღო ევროპამ, ვი პერი 1974: 9; კრაჩკოვსკი 1957: 20, 373; პიგულევსკაია 1979: 21-29.

33. XI საუკუნის შემდგომ ქართული ასტრონომიული აზროვნების განვითარების შესახებ იხ. შანიძე 1975; თევზაძე 1979; აბულაძე 1990.

34. მელიქიშვილი 2003: 566-569.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s