დიანა ანფიმიადი _ „ახალი ესპერანტო“ ანუ „სიცილაკების“ სემიოტიკა


თანამედროვე ცხოვრებაში კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და ინტერნეტის ფუნქციის გაზრდამ წარმოშვა ე.წ. ვირტუალური ენის ქვეტიპი, სადაც ვერბალური ნარატივის გარდა, მნიშვნელოვანია ისეთი სემიოტიკური ნიშნებიც, როგორიცაა სიცილაკები (ღიმილაკები) და სხვადასხვა სახის პიქტოგრამები.

ხშირად, ვირტუალური ურთიერთობისას სიტყვა ჩანაცვლებულია ასეთი ნიშნებით, მეტიც, დიალოგიც კი მიმდინარეობს ასეთ ნიშანთა გამოყენებით. ამ ნიშანთა ფსიქოლოგიური, ხასიათობრივი, თემატური და კონტექსტური მრავალფეროვნება კიდევ უფრო ამარტივებს ამ სახის კომუნიკაციას.

ხსენებულ ნიშანთა ასე აქტიურად გამოყენების მიზეზი ენის ეკონომიურობისაკენ მიდრეკილებაში უნდა ვეძიოთ, გარდა ამისა, აზროვნებისა და მეტყველების ურთიერთმიმართების თავისებურებათა მრავალი ასპექტი განაპირობებს ასეთი ნიშნების საჭიროებასა და ხშირ შემთხვევაში შეუცვლელობას.

განვიხილავ ამ ნიშნებს ნიშნის როლან ბარტისეული სამი – სიმბოლური, პარადიგმატული და სინტაგმატური განზომილებით.

სანამ ამ ნიშნებზე კონკრეტულ საუბარს დავიწყებ, რამდენიმე ძირითად დეფინიციას გავიხსენებ, რაც შემდგომში გააადვილებს კონკრეტული საკითხის უკეთ გააზრებას.

სემიოტიკაში არსებობს უამრავი დეფინიცია ნიშნის შესახებ, მაგრამ ყველა მათგანი ორ ძირითად განმარტებას ეყრდნობა და მათ მეტნაკლებ შევსება – ინტერპრეტაციას წარმოადგენს.

პირველი არის პირსის (სემიოტიკის ერთ-ერთი ფუძემდებლის) მიდგომა, რომლის მიხედვითაც, „ნიშანი წარმოადგენს რაღაცას, რაც აღნიშნავს რაიმეს ვინმესათვის რაიმე მიმართებით ან მოცულობით არსებობას.“

მეორე გახლავთ ფერდინანდ დე სოსიურისეული მოდელი ნიშნისა, როგორც აღმნიშვნელისა და აღსანიშნის ერთიანობისა, რომელსაც მხოლოდ სისტემის სხვა ელემენტებთან ერთიანობის შედეგად ენიჭება ფუნქცია.

საინტერესო ინტერპრეტაცია წარმოადგინა როლან ბარტმა, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი ნიშანი გულისხმობს სამი ტი პის დამოკიდებულებას: შინაგანი დამოკიდებულება, რომელიც აკავშირებს აღმნიშვნელსა და აღსანიშნს და ორი გარეგანი დამოკიდებულება, პირველი ვირტუალურია, იგი მიაკუთვნებს ნიშანს სხვა ნიშანთა განსაზღვრულ სისტემას, მეორე დამოკიდებულება აქტუალურია, ის აერთიანებს ნიშანს სხვა ნიშნებთან, ანუ გამოიყოფა სიმბოლური, პარადიგმატური და სინტაგმატური განზომილება.

ვირტუალური კომუნიკაციებისას, ელექტრონული გზავნილების, ფორუმებისა და ჩატების ენაში ხშირად გამოყენებული სიცილაკები, ანუ გარკვეული ემოციის გრაფიკულად ამსახავი ნიშნები, მრავალი ფუნქციითა და ინტერპრეტაცით გამოიყენება.

ეს სიცილაკები ასახავენ სუბიექტის ემოციას, ობიექტისადმი მის დამოკიდებულებას, რაიმე მოვლენის ანალიზს, რაიმე ფაქტის აღწერას…

ნებისმიერი სახის ემოცია თუ მოვლენა წარმოადგენს აღსანიშნს, რომლის აღმნიშვნელი ამ ემოციის გრაფიკული ხატია. რომელიც ხშირად ცვლის ვერბალურ ნარატივს.

ამის მიზეზი, გარდა ეკონომიურობის პრინცი პისა, შეიძლება იყოს ხშირ შემთხვევაში ვერბალურად შეუძლებლობა ემოციის სრული სახით გადმოცემისა, ან გადმოსაცემად უხვი ლექსიკური მასალის გამოყენების აუცილებლობა.

ამ სახით, ადამიანის ემოცია და მიმიკა იძენს გრაფიკულ გამოსახულებას, გადაიქცევა ნიშნად, ხოლო შემდეგ, ხშირად ეს ნიშანი – პიქტოგრამა კვლავ ბრუნდება მიმიკის სახით.

მიმართებათა გამოხატვის თვალსაზრისით გამოიყოფა მონოპერსონალური სიცილაკები, რომლებიც მოსაუბრის, ანუ სუბიექტის ემოციას გამოხატავს და ბიპერსონალური: მოსაუბრის თანამოსაუბრესთან, სუბიექტის ობიექტთან მიმართების გამომხატველი ნიშნები.

მონოპერსონალური ნიშნებმა შეიძლება გამოხატონ შემდეგი სახის ემოციები:

მიკვირს, კმაყოფილი ვარ, მოწყენილი ვარ, დავმარცხდი, ვფიქრობ, თანახმა ვარ, გავბრაზდი…. ბიპერსონალური ნიშნები ორი სახისაა, ერთი, როდესაც გამოხატავს სუბიექტის დამოკიდებულებას განსაზღვრული ობიექტისადმი და როდესაც მიმართვის ობიექტი განუსაზღვრელია.

ბიპერსონალური ჯგუფის ნიშნები გამოხატავენ შემდეგ შინაარსს:

დუელში გიწვევ, გკოცნი, არ გეთანხმები, გელოდები, დამირეკე…..

აქ აუცილებელია სუბიექტისა და ობიექტის ურთიერთარსებობა, დამოკიდებულება გადადის სუბიექტიდან თანამოსაუბრეზე ან ემოციის ობიექტზე.

არსებობს ერთგვარი უსუბიექტო სიცილაკები, ისინი აღწერენ ისეთ ფაქტს, რომელიც ხდება მოსაუბრეთაგან დამოუკიდებლად,

მაგ: თოვს, წვიმს და ა.შ.

თუმცა ასეთმა ნიშნებმაც შეიძლება მიიღონ დამატებითი, ობიექტთან მიმართებითი შინაარსი: წვიმს, იმიტომ რომ ვტირი, თოვს, იმიტომ რომ მცივა და ა.შ., აქ ნიშანს ემატება გადატანითი შინაარსი, ნიშანი ხდება მეტაფორული და იძენს სიმბოლოს დატვირთვას.

ეს სიცილაკები აერთიანებს სემიოტიკური ნიშნისათვის დამახასიათებელ ყველა თვისებას, წარმოადგენს აღსანიშნის გრაფიკულად გამოხატულ ემოციურ ხატს, და ქმნის აღსანიშნ-აღმნიშვნელის დამოკიდებულების მოდელს.

ასეთ სიმბოლოთა ერთიანობა წარმოადგენს ვირტუალური ენის ქვეტი პ ნიშანთა სისტემას, ხოლო ამ ნიშანთა გამოყენება ერთ ჰორიზონტალურ სიბრტყეზე, დიალოგსა და საუბარში, საინტერესო სინტაგმათა მაგალითებს გვაძლევს, რასაც შესაძლოა იკონური წინადადებებიც კი ვუწოდოთ.

ამგვარი იკონური წინადადებებით შესაძლოა საუბრის აწყობა ისე, რომ სრულიად არ გამოიყენებოდეს ვერბალური ნარატივი.

აღსანიშნავია, რომ ეს ნიშნები, ერთგვარ ესპერანტოს ფუნქციას ასრულებენ, ზოგადენობრივნი არიან და ერთნაირად გასაგები ნებისმიერი ენობრივი გარემოს მკვიდრისათვის, რაც ზრდის მათს ფუნქციას, ვინაიდან გლობალური ელექტრონული ქსელის მთავარი მიზანი სწორედ ერებსა და ენებს შორის მარტივი კომუნიკაციების დამყარებაა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s