დავით ანდრიაძე _ „სამშობლო“ „დედის ძუძუი“ და „სხვა“


წინასწარი შენიშვნები საკითხ(ავ)ისათვის: სადოავანგარდი და პოსტმოდერნისტული რესენტიმენტი)

„დეკონსტრუქცია“ – ეს დერიდასეული სიტყვა უკვე ჩვენშიც ბევრს აკერია პირზე.

და მაინც, პირველად იყო სიტყვა – „დესტრუქცია“. ადრეულმა ჰაიდეგერმა გამოიყენა იგი „მეტაფიზიკის გაქვავებული ტრადიციის შესარბილებლად“ მოხმობილი ცნებად, ტრადიციისა, მინიმუმ კანტიდან – კოჰენამდე რომ აღნიშნავდა კაცობრიულ იდეას .

ამ „Humanitat“-ის მზე რახანია ჩაესვენა; და ამ „დაისმა“ იმ ტი პის აზროვნებამდე მიგვიყვანა, კლასიკური რაციონალიზმისა და ტრადიციული თეორეტიზმის კონტრფორმად რომ განიხილება.

აი, ალტერნატიული მონოლოგიზმი, რომლის კარნავალური „ხმაური და მძვინვარებაც“, კანონმდებელი გონების ორეულად, ანუ გაუკუღმარ- თებულ იდეალიზმად გვეფეთება.

ცოტაც და, ჩვენს წინაშე „ანდერგრაუნდი – დიალოგიზმის“ – XX საუკუნის ამ ძირეული კონფიგურაციული დისკურსის აჩრდილი წამოიმართება.

ასე წარმოისახება ჰეგელისეული „უბედური ცნობიერების“ მოდერნული ვარიანტი, – რესენტიმენტი, თუ „დოსტოევშჩინა“, რომელსაც მ. ბახტინი განმარტავს, როგორც იზოლირებული პიროვნების გაორების კულტს. მოკლედ, კლასიკური მონოლოგიზმის წანამძღვარი: „ცნობიერება როგორც ასეთი“, „ჭეშმარიტება როგორც ასეთი“ და ა.შ., ანუ წანამძღვარი: „ისე, მე რომ არ ვყოფილიყავი“ (რას ჰქვია – „არ ვყოფილიყავი“?) ცოტა არ იყოს გულუბრყვილოდ ჟღერს.

არადა, ფაქტია, რომ იდეალისტურ-ჰუმანისტური სიტყვის რეალური ავტორობა ამ „სიტყვის“ მონაწილეს ანგარიშს აღარ უწევს.

„დეკონსტრუქტივისტულ აპოფატიკაში“, ანუ ალტერნატიულ მონოლოგიზმში, კლასიკური გონების არაცნობიერი საწყისი ნიჰილიზმში იწყებს თვითგამოხატვას; სხვაგვარად: ესაა რეფლექტური განწყობა „არაფრისადმი“.

პრობლემა ასე შემოტრიალდება კონტრფორსით: „ისე, თითქოს „სხვა“ არ ყოფილიყოს“; და ეს კონტრფორსი სადოავანგარდულ პოეტიკაში შიშვლდება.

კულტურის ისტორია ადასტურებს, რომ ულმობლობა და ლიბიდო ერთიმეორესთანაა დაკავშირებული; თუმცაღა, ფროიდისამებრ, არაერთი ავტორი ლიბიდოში აგრესიული მომენტის მიღმა ვეღარ გავიდა. ერთნი ვარაუდობენ, რომ სექსუალური ლტოლვის თანამდევი აგრესიულობა კანიბალიზმის გადმონაშთია. ისიც ივარაუდება, რომ ნებისმიერი ტკივილი გულისხმობს სიამოვნების მომენტს.

ასე თუ ისე, სადიზმის ნამდვილი ფესვები სექსუალური გრძნობის დეფორმაციაში არ უნდა ვეძებოთ, ყოველ შემთხვევაში, მხოლოდ ამგვარი გრძნობის დეფორმაციაში… მოცემული „გადახრა“, ისევე, როგორც მაზოხიზმი, ღრმა პიროვნულ დამღას ატარებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანს სურს (ნებავს), დაამციროს „სხვა“, გააკონტროლოს როგორც ეკზოტოპია. მაგრამ, ვინაა ეს „სხვა“? ტანი – ტანი ტატანი, გულწამტანი, უცხოდ მარები“, რომელიც „სულ ლაშქარშია“, რაც კია ძუძუს მასწყვიტა დედამა… ახლა, ისიც ვიკითხოთ ეს „უცხოდ მარები“ და „ძუძუს მოწყვეტილი“ ტანი ხომ არაა სადისტური „განსხვავების“, ობიექტი?!

სადიზმი „სხვისი“ რეალობის ხელყოფაა, ამასთან, ძნელია ეჭვის შეტანა იმაში, რომ რეალური „სხვაობა“ ანუ ბახტინისეული „другость“ დასავლური ჰუმანიტარული აზროვნებისათვის – პოსტმოდერნის ამ „სამშობლოსათვის“, ვთქვათ, ლევინასისა და ბლანშოსათვის, „დედის ძუძუ“ იყო.

მოკლედ, „другость“ – ეს ბახტინისეული ტერმინუს – თავისი პროტოპოსტმოდერნული იმპლიკაციებით დასავლეთისთვის გაცილებით გასაგები (და მისაღებიც) აღმოჩნდა, ვიდრე – ხელოვნური რძით ნაკვები საბჭოთა ჰუმანიტარიისათვის.

სწორედ ასეთია, მაგალითად, რუსეთში პოსტმოდერნიზმის ტიპურ ფიგურანტად მიჩნეული დ. სავინის „ტანკას“ დისკურსიულ-კონტექსტუალური ფონი, რომელიც მხოლოდ გვეჩვენება პოსტმოდერნისტულად; გვეჩვენება და სხვა არაფერი (ისევ „სხვა“?!).

ჩვენს წინაშეა კულტურის ისტორიაში კარგად ცნობილი პოსტრომანტიკულ-ნიცშეანური მითოლოგემა „გენიისა“, რომელიც XIX საუკუნეში მოდერნისტულ ექსტრემად, ნამდვილ „პროვოკაციად“ – „პროვოკაციად“ იმ გაგებით, რა გაგებითაც ხმარობს მას ანდრეი ბელი თავის „პეტერბურგში“ – მოგვევლინა და თანაბრად განმსჭვალა სხვადასხვა დისკურსული პრაქტიკები – ესთეტიკიდან პოლიტიკამდე.

ასე ვუახლოვდებით დასავლური ბახტინისტიკის იმ „ინტიმურ“ პუნქტს, თუნდაც „ეროგენულ ზონას“, რომელსაც პოსტმოდერნისტული დიონისურობის აბსურდი შეიძლება ეწოდოს.

იქნებ, ეს უფროა დღევანდელი დასავლური კულტუროლოგიურესთეზიოლოგიური მეტაფორა, ვიდრე კარნავალური ქვესკნელი. ყოველ შემთხვევაში, შეიძლება დავუშვათ, რომ სადოავანგარდსა და პოსტმოდერნს შორის „სხვაობას“ ისევ და ისევ „სხვაობის“ ფენომენოლოგია განაპირობებს.

პოსტმოდერნისტული დიონისურობის აბსურდი „რესენტიმენტია“, რომლის პროტაგონისტადაც გვევლინება ძველი, მაგრამ, უკვე დეკონსტრუირებული „იატაკქვეშა ადამიანი“. თუმცა, აქ ერთი „მაგრამ“ მაინც საჭიროა. საქმე ისაა, რომ პოსტმოდერნისტული „დეკონსტრუქციის“ ოპონენტები, მოწინააღმდეგნი თავად მიმართავენ ხოლმე დეკონსტრუქციას, როცა „კარნავალიზაციას“, როგორც დეკონსტრუქციის რადიკალურ წინააღმდეგობას, საკუთარ „ორეულად“ აქცევენ, ორეულად, ანდერგრაუნდის ლოგიკის (თუ დია-ლოგიკის) თანახმად რომ მოდიფიცირდება. ბოლოს და ბოლოს, „სხვის“ დეკონსტრუირება საკუთარი ორეულის ტერმინებში, ა. უხტომსკისა არ იყოს, ნიშნავს „სხვათა“ იმგვარ განსჯას, რომელიც „есть, вместе с тем, и тайное очень тонкое, тем более ядовитое самооправдание, т.е. успокоение на себя и своих точках зрения!.. Аутист со своим двойником не хочет уступадь место действильности“.

აი, დოსტოევსკის „გმირ-იდეოლოგთა“ დარად, სწორედაც ამგვარ ამბივალენტურ, ანუ სერიოზულ-სასაცილო დაუთმობლობაში, საკუთარი ალიბის მტკიცებაში, საკუთარი შეუცვლელობის გამუდმებულ მტკიცებაშია განტოტვილი დეკონსტრუქტივისტული რესენტიმენტის ფესვები.

სხვათა შორის, „იატაკქვეშა ადამიანის“, როგორც „გმირი-იდეოლოგის“ (ბახტინი), ანდა ანტიიდეოლოგის (დოსტოევსკი) აჩრდილი, ანუ აჩრდილი საუკუნის ლიბერალურ-ტოტალიტალური კულტურისა, ხან აშკარად, ხანაც ლატენტურად გამოკრთება გ. მორსონისა და კ. ემერსონის ტექსტებში.

ასე მიმართავს ანდერგრაუნდის მკვიდრი პოსტთანამედროვე ადამიანისათვის დამახასიათებელ გადაგვარებულ ქცევათა, უფრო ზუსტად, საქციელთა დამკვიდრებას.

ასე იქმნება სკანდალური სიტუაცია, რომელიც შეიძლება გაგებულ იქნეს, როგორც დასავლური პოსტმოდერნული რესენტიმენტის საბჭოური იმიტაცია.

ასე ყალიბდება „გაბრიყვების პოეტიკა თვით გაბრიყვებულთა პოზიციიდან“ (კ. ისუპოვი). ამგვარი პოეტიკა, მართლაც, ჩამოჰგავს ბოდლერისეულ „ჯოჯოხეთის რეკლამას“, არაკლასიკური მეთოდოლოგიის ფილოსოფოსთა შორის კი, დღეს სახეზეა ბახტინისეული პარაკატეგორიული ორგანონის მზარდი სატანიზაცია, იმ ბახტინისა, ვისი – როგორც მ. გასპაროვი იტყოდა – „გამომწვევად არაზუსტი“ ტერმინებიც ფილოსოფიურ ჟარგონად იქცევა, ანტიკულტურის აღმწერ მეტაენად ყალიბდება. ამ ტერმინებით აღიწერება ამგვარი „ანტიკულტურის“ არამხატვრული ფაქტურა, „ძალოვანი სტრუქტურები“, სოციალური სუგესტია, და მთლიანობაში, ესთეტიზებული ბოლშევიზმის სოციალური სიმბოლიზმი; და სწორედ ესაა პოსტმოდერნისტული რესენტიმენტიც – ერთსა და იმავე დროს, ცნობიერიც და არაცნობიერიც, ცენტრალიზებულიც და მარგინალურიც.

პოსტმოდერნულ რესენტიმენტამდე კი იყო მოდერნული რესენტიმენტი. რისი გამოხატულებაა სადოავანგარდი თავისი „სხვის“ წაშლის სტრატეგიებით. სადოვანგარდის პარადიგმად დღეს უკვე „ღიად“ გვთავაზობენ ვლ. მაიაკოვსკის – ამ პოეტი-ტერორისტის პოეზიას.

თავის დროზე, ე. ფრომმა მოიხმო ნეკროფილიის ნიმუშად „ფუტურისტული მანიფესტები“; ა. ჟოლკოვსკის მიერაც ასე იქნა დასახული მაიაკოვსკის ლექსები სადიზმის პარადიგმებად. და არა მხოლოდ ლექსები – პირადი ცხოვრებაც და ყოფითი რეალიებიც… მაგრამ, ა. ჟოლკოვსკიმდე იყო ბ. ლივშიცი რომლის მემუარებიც – სათაურით „Полутороглазый стрелец“ – 1933 წელს დაიწერა. მისი ავტორი კვალიფიცირებულ ფროიდისტად თვლიდა თავს, და არცთუ ამბიციურად… და კიდევ: ლივშიცს არა მხოლოდ ა. ჟოლკოვსკი, არამედ ა. სინიავსკი და ი. კარაბჩევსკიც „ამართლებენ“.

მოკლედ, ესაა არა მხოლოდ კლასიკის დემითოლოგიზაცია, არამედ კონკრეტული პოეტურ-არტისტული ფიგურის (implied author) რესენტიმენტიც…

და მაინც, მაიაკოვსკის სადოავანგარდული ფიზიონომია ოფიციალური საბჭოური მოდელის (პერცოვი) საპირისპიროდ, ვ. ხოდასევიჩის ცნობილ ნეკროლოგში იქნა გაშიშვლებული. მისი გაგრძელება, და იმავდროულად, ფარული „პოლემიკაა“ რომან იაკობსონის ნეკროლოგი, ნეკროლოგი-სემიოზისი (სემიოზისიც თავისებური ნეკროლოგია, ნეკროლოგი კი, სემიოზისი!). მთავარი ისაა, რომ „M“-ს იაკობსონისეული მოდელი (შემდგომ განვითარებული ლ. სტოლბერგერის მონოგრაფიაში, მოგვიანებით კი – ზ. პაპერნისთან, ვ. ტერასთან, ე. ბრაუნთან და ა. შ.) „მე“-სა და „არა-მეს“ ანტინომიაზეა აგებული. ეს „არა-მე“ კი, თავის მხრივ, ქალში – ამ მენსტრუალურ ინვალიდში ჩასახლებული სიმახინჯითაა რეპრეზენტირებული.

„M“- სთვის ქალი, ყველა სხვა უბედურებასთან ერთად, უხამსი სენტიმენტალურობის, ტრადიციული, მტრული და რაგინდარა უვარგისი ხელოვნების სოციალური დამკვეთია. თვით ვენერა მილოსელიც ამგვარი საქალთანოს რეპრეზენტანტია (…и вот зала, и в ней Венерино/дезобилье/…ну будет! Конечно с официальной частью/Мадам, адью…).

ქალი – ნეგატიური მეტაფორიკის წყაროცაა. „M“-ის მიზოგინიზმი, მართლაც, უსაზღვროა; სადოავანგარდისტი პოეტი ცინიკურად უთვლის ბებრუხანას ტანზე ხალებს და ისე აშიშვლებს მის სხეულს, როგორც როდენი თავის მშვენიერ ომიერში“, ოღონდ, უფრო გამომწვევად… მეტიც, „M“ თვით შემოქმედებით პროცესსაც, კერძოდ, საკუთარს – ქალის „გამყიდველობასთან“ აიგივებს: Каждое слово/даже шутка/…выбрасывается, как голая проститутка/из горящего публичного дома; поэт, как блядь рублевая, живет с словцом любым… აქ აღარ არის ადგილი „M“-ის, ასე ვთქვათ, ქალოფობიის სადემონსტრაციოდ. მით უფრო, რომ ჩემი მიზანი არც „M“-ის მიზოგინიზმის ინტერტექსტუალური კორელატების დაძებნაა, არც პარალელების მოძიება, მაგალითად, ლერმონტოვთან („Я не унижусь перед тобою“). არც მისი არტისტულ ანტიპოდებთან (მაგალითად, ბლოკთან და მშვენიერი ქალის მისეულ კულტთან) პოლემიკა… ამჯერად არც იმ მძულვარების კონსისტენცია მინდა ავწონო, რამაც განსაზღვრა „M“-ის რკინისებური ლექსების სიმძიმე; მოკლედ, ახლა ჩემთვის მთავარია ამ პარადიგმისათვის დამახასიათებელი არა „Верба избиенди“ ანდა „Верба плеванди“, არამედ მისი საფუძვლმდებარე თუ იმპლიციტური მარკერები, რომლებიც ჯგუფდებიან, ერთი მხრივ, სინტაქტურ მარკერებად, მეორე მხრივ კი, ძალაუფლების მარკერებად. ორივენი კი, ერთად გამოხატავენ „ნდობის ლინგვისტიკას“. ორივე შემთხვევაში, საქმე გვაქვს ლიტერატურასთან, როგორც სადისტური პიროვნების, ფსიქოავტორეპრეზენტაციასთან.

ახლა კი სარეკლამო პაუზა:

„ქართული წამალი „სალხინო“

„სალხინო“ გამოიყენეთ სარძევე ჯირკვლების დაავადების სამკურნალოდ. კისტოზურ-ფიბროზული მასტოპათია, მასტიტი; მშობიარობის შემდეგ აიცილებთ მასტიტს და გააუმჯობესებთ ბავშვის კვებას საკუთარი რძით.

ისინი გამოჯანმრთელდნენ. თქვენ?
იკითხეთ აფთიაქებში“.

ფსიქოანალიზში საკმაოდაა დეშიფრირებული პირველადი სადისტური ტრავმის სინდრომი, რომელსაც ბავშვი დედის მკერდთან მოცილების შემდეგ, უფრო ფართო გაგებით კი – მოზრდილთა მეურვეობისაგან განთავისუფლების წიაღ განიცდის და მრავალგზის დასტურდება ავანგარდისტული ეპოქის ნარატიულ ტექსტებში; შეიძლება გავიხსენოთ სადის „ჟიუსტინას“ ფინალი, სადაც პროტაგონისტი ქალი იღუპება მკერდზე დაცემული ელვის შედეგად; ესაა სადისტური ესთეტიკის ფანტასმაგორიულ რეჟიმში დასახული სიმბიოზის კულმინაცია. მომავალში კი, გვეცხადება რა „სამყაროდ თავისთავში“, ესა უკვე ლიტერატურაა, თანდათან რომ აღბეჭდავს ავტორის შინაგან რეალობას, როგორც დისკურსს, ინდივიდუალურ ფსიქიკურ აქტს გარეგან, სოციალურ და ინტერსუბიექტურ გამოცდილებად ანზოგადებს, და ასე მართავს სიუჟეტს, როგორც ოჯახურსა და სოციალურს შორის ეკვივალენტობას. სადოავანგარდისტი (იგივე „M“) აღწერს გმირის, სხვადასხვა ჯურის აქტიურ-სადისტურ ქმედებებს. ეს „უკანასკნელი“ ამყარებს წესრიგს სამყაროში, ამ მიზნით აყენებს სექსუალურ ობიექტს ტკივილს, ეს „ობიექტი“ კი ექსისტენციალურ მაქსიმუმად ჰყავს დასახული. სადისტური სინდრომის გამოვლენა იმით მოტივირდება, რომ მაგ., გმირს მიატოვებს შეყვარებული. ეს უკანასკნელი მაიაკოვსკის პოემაში „Облако в штанах“ ასოცირდება დედასთან, ღვთისმშობლის სახელს რომ ატარებს, თხოვდება, იძენს პოტენციური დედის როლს, მერე იმავე გმირისათვის გვევლინება თავშესაფრად, როდესაც მას უკვე აღარ სჭირდება, იყოს მოზრდილი და ა.შ.სადიზმი ამ კონტექსტში დედის მკერდისაგან ბავშვის გაუცხოების ასპექტში იშიფრება. სხვა შემთხვევაში, მაგ., ა. ფლაკერის მიერ მშვენივრად ინტერპრეტირებულ, ვს. ივანოვის ნოველაში „Дите“ ამგვარი კავშირი ექსპლიცირებულია; დაახლოებით ანალოგიური სიტუაციაა ისეთ ტექსტებში, როგორებიცაა ზამიატინის Мы, ა. ტოლსტოის „Аэлита“, ბაბელის „Любка казак“, კავერინის „Конец хазы“, ესენინის „Москва Кабацкая“, კრუშჩიონიხის „Разбойник Ванка-Каин и Сооонька-Маникюрщица“, კამენსკის „Степан Разин“, ხლებნიკოვის ლექსში „Не шалить“ და ა.შ.

სხვათა შორის, სწორედ ეს უკანასკნელი იყო, ვინც შეეცადა (პირველად) შეექმნა სამყაროს იმგვარი სციენტური მოდელი, რომელიც კოორდინირებული იქნებოდა პრიმარულ სადისტურ ტრავმასთან. ხლბნიკოვთან (სტატიაში „Опыт построения одного естественно-научного понятия“) წამოყენებულია წინადადება, ცნებას „სიმბიოზი“ დაემატოს ცნება „მეტაბიოზი“, რის მაგალითიცაა „предпочтительное вырастание на месте изчезнувшей лесной породы какой-нибудьопределенной другой“. ხედავთ, „სხვის“ მეტამორფოზა, აქაც სადისტურ კონსტექსტშია დასახული?! რაც შეეხება, ორალურ სადიზმს, აქაც ბავშვის პირი-სახითაა იგი დასახული (და დასახსრული) და წარმოადგენს სიმბიოზის „სხვას“ – სიმბიოზს ცოცხლისა და თითქოს, გარდაცვლილისაც, რომელიც აბსტრაჰირებულია და არაფსიქიკური რეალობის სიბრტყეზეა გავრცელებული.

მომდევნო მოტივია სამყაროს შესანსვლა – ეს გორგონ-ტუალური აქცია, მაგ. ქალაქის მიერ კოსმოსის შთანთქმა (შდრ. პ. ფილონოვის მეტამორფოზები); ფსიქოანალიტიკოსისათვის ძნელი არ უნდა იყოს ამგვარ აქტში ზეკომპენსაციის მოტივის იმპლიკაცია, ზეკომპენსაციისა, რომელსაც ელტვის ინდივიდი, და ვისაც აღარ ძალუძს მტანჯველი მოგონებებისაგან ემანსი პაცია; ამასთან, ესაა მოგონებაცა და გა-მოგონებაც (ინვენცია) იმის წილ, თუ ინდივიდი როგორ მოსწყდა მისთვის ერთადერთ (მომავალში კი – უნივერსალიზებულ) „კვების წყაროს“. შთანთქმისათვის განწირული უნივერსუმის ხატი ხომ საერთოდაა ფუტურისტული (თუ კუბოფუტურისტული) ეგზერსირების მოტივი. მაგალითად, შეიძლება მოვიხმოთ ი. სევერიანინის „Владимир Маяковскийé“, ბ. პასტერნაკის „Пиршества“, მ. ცვეტაევას სატირა…

დარღვეული სიმბიოზის – სულ ერთია, ექსტრავერტული იქნება იგი თუ ინტრავერტული – სადისტური რესტავრაცია ითვალისწინებს, რომ „ობიექტურ“ განსაცდელში ჩავარდნილ სამყაროს დაუბრუნდება დაკარგული სუბიექტურობა; ბავშვიც, აგრე აგრესიულად რომ ექცევა დედას, რძე რომ წაართვა პირმშოს, ასევე ცდილობს ობიექტობისაგან მშობლის გათავისუფლებას. სიმბიოზის დასასრული კი, ბავშვისთვის ტელეოლოგიურობის დასაწყისს ნიშნავს. დიახ, პაწია სადისტი ტელეოლოგისტია, მას სუბიექტობა შემოაქვს გარემომცველ სამყაროში, ისე, როგორც მალევიჩის „პატარა უფლისწულს“, რომელმაც ფილონოვისეული ქალაქის მიერ სამყაროს შთანთქმა კულმინაციამდე მიიყვანა და „შავი კვადრატის“ სახით დააბნელა სამყარო („ხომ დაგაბნელე“?!)…

დიახაც, დედის ძუძუს მოწყვეტილი, ანუ მკერდთან გაუცხოებული (გან-სხვა-ვებული) უსუარია ობიექტის სუბიექტივირების მოწადინეცა და მაცნეც…

ახლა, კი ორი დასკვნა: სამომავლოდ (პოტენციურად) სუბიექტივირებული ობიექტი ან ხდება დამოკიდებული მისთვის ამ თვისების დამთმობი სუბიექტისაგან, „სხვისგან“ განცალკევებულად რომ არსებობს, ანდა, პირიქით, სამუდამოდაა დამოკიდებული მასზე, ვინც შექმნა მისი სუბიექტურობა (შდრ. სადის „ჟიუსტინაში“ სცენათა მონაცვლეობა, სადაც პროტაგონისტ ქალზე ხან ძალადობენ, ხანაც, იგი ახერხებს ძალადობისაგან თავდაღწევას). აი, საიდან მომდინარეობს ის ფსიქოლოგიური კონტროვერზა, რომლის კვალობაზეც, ავანგარდისტული პოეზია ფუტურისტულ და აკმეისტურ ფრაქციებად დაიშალა. ფუტურიზმი ასურათხატებს საგანთა ჯანყს, ობიექტთა ამბოხს, სუბიექტებისადმი დამორჩილება რომ არ სურთ (შდრ. პასტერნაკის „Но вещи рвут с себя личину“), აკმეიზმში კი, ეს ლაიტთემა აღარ „მუშაობს“ (შდრ. ჯანყის დათრგუნვა გუმილიოვთან) აკმეიზმი გამოსახავს საგნობრივ სამყაროს, როგორც კულტურის სამყაროს, ადამიანის მიერ შექმნილ სამყაროს (ეს ასპექტი რენატე ლახმანს აქვს გაანალიზებული აკმეისტების კულტურფილოსოფიის შესახებ დაწერილ ნაშრომში).

მოკლედ, აკმეიზმისათვის ობიექტი მხოლოდ სუბიექტთან კავშირში იძენს მნიშვნელობას. და მაინც აკმეიზმი სადისტურია – და, ერთი შეხედვით, რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს ეს თეზისი, იგი მაინც არაა რეზონს მოკლებული, რადგანაც აკმეიზმის სადისტურობა განიხილება იმ აზრით, რომ იგი თავის გარშემო ვერაფერს ნახულობს იმგვარს, რაც არ იქნებოდა კულტურა, რაც არ იქნებოდა ადამიანისაგან მომდინარე (თუ „მომართულ“) ნებაზე, თუნდაც ინტენციაზე დამოკიდებული. აკმეისტური ონტოტექსტიც ამიტომაცაა კულტურული არტეფაქტებით კონსტიტუირებული.

რაც შეეხება ორალურ აგრესიულობას, მან ავანგარდში თავი იმ მოტივით იჩინა, რომ სამეტყველო კრეაციაში, გამოთქმაში უნდა დასახულიყო საშუალება რეფერენტთა სამყაროზე გამარჯვებისა, მისი გაუქმებისა, დაფუძნება სიტყვისა, როგორც ასეთისა (ხლებნიკოვისეული „слово как таковое“).

ასე დაკარგა ფუტურისტულ პოეზიაში ფაქტიურმა უნივერსუმმა განსხვავება ენობრივ უნივერსუმთან მიმართებით. ამასობაში, პოსტსიმბოლიზმის მეტონომიური პოეტიკა (სინეკდოქეს ჩათვლით) ისევ ფსიქიკურ სარჩულს ამოგვიბრუნებს და სადოავანგარდისტულ კონოტაციათა მარაოს საპირისპიროდ გადაგვიშლის. pars pro toto და totum pro parte-ს რელაციათა ავანგარდისტული აბსოლუტიზაციაც სხვა არაფერი იყო, თუ არა კულტურკრეატორთა მოგონება იმის შესახებ, რომ ყოველივე (სიმბიოზი) იკარგება და ხელახლა მოიპოვება ნაწილის – დედის ძუძუს სახით, ხოლო ეს „დედის ძუძუი“, როგორც ჩვენებიანთ „სამშობლო ხევსურისას“ დიდგვაროვანი ავტორის ერთ ქრესტომათიულად კიტჩიზირებულ ტექსტშია, „არ გაიცვლების სხვაზედა“.

იქნებ, ცხონებული რაფიელ ერისთავიც ამ „სხვა“-ში ბახტინ-ლევინის – ბლანშოსეულ ეკზოტოპიას წინათგრძნობდა, და საერთოდ, ეგებ, ისიც სადოავანგარდისტი იყო, ვინ იცის?!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s