გაგა ლომიძე _ აღმნიშვნელთა მინერალური ამბოხი


ცხოვრება თეატრს ჰგავს, სადაც ყველა თავის როლს ასრულებს – ამბობდა ბერძენი პოეტიეპიგრამისტი პალადასი. „ცხოვრება ცირკია“ – მღეროდა გუნდი (ძველბერძნული ქოროს ეს თანამედროვე ვერსია) დევიდ ბოუის სიმღერაში. ცხოვრება ცირკს, სცენაზე გათამაშებულ ეპიზოდებს მოგვაგონებს, სადაც თითოეულ ჩვენგანს თავისი როლი აქვს. უფრო კი მაშინ, როცა ზაზა ბურჭულაძის „მინერალური ჯაზის“ პირველი ეპიზოდი, სადაც უშუალოდ მოქმედება ხდება – ცირკს – ამ კარნავალურ სანახაობას – უკავშირდება. ყველაფერი ეს კი თანამედროვე რომანის, ან გნებავთ, პოსტმოდერნული რომანის ერთ-ერთ მთავარ პრინცი პს – თამაშის პრინცი პს ითვალისწინებს. მით უმეტეს, რომ ამ მულტივალენტურ რომანში/ტექსტში კარნავალიცაა, თავისი მეზალანსებითა და პროფანაციებით, დეკონსტრუქციაც – თავისი ბინარული ოპოზიციებითა და გრამატოლოგიური ელემენტებით და ავტორის სიკვდილი თუ ავტორის „მე”-ს ჰიპერტროფირებაც (ავტორის ცნებასთან დაკავშირებული ორმაგი კოდირება). მაგრამ მივყვეთ თანმიმდევრობით.

დავიწყოთ იმით, რომ ავტორი (ამ ცნებას ვერსად გავექცევით) თავის რომანს ქარვას ადარებს, ვინაიდან რომანი, ისევე როგორც ქარვა, თავისთავში საუკუნეების „გამოცდილებას“ აერთიანებს – იმის გათვალისწინებით, რომ ყველაზე ძველი ქარვა დაახლოებით 30-90 მილიონი წლისაა და მასში უხრწნელი სახით, ჩაკირულია ყველაზე ძველი ორგანიზმები – მცენარეები თუ მწერები. თან, საბერძნეთში მას ხომ მზის ღმერთთან აიგივებდნენ, რამდენადაც ამ სიტყვის ბერძნული შესატყვისი იყო ηλεκτρον, ხოლო მზის ღვთაების ზედწოდება „გამომაფხიზლებელი“ პირდაპირ იყო დაკავშირებული მასთან. ამის პარალელურად, „მინერალური ჯაზი“, თავისი ბრიკოლაჟური ტექნიკით, რომელიც ლიტერატურული თუ ვიზუალური ხელოვნების ინტერტექსტებით თუ ციტატებითაა გაჯერებული – პლუტარქეს „პარალელური ბიოგრაფიებიდან“ (რომულუსის აორთქლება და ა.შ.), „დანაშაული და სასჯელის“ ეპიზოდის პაროდიზების (ფოკოს და შამუგიას ეპიზოდი) თუ პრუსტისეული ერთგვარი დიატრიბული ნარატივის ჩათვლით (სადაც მწერალი დაუსწრებელ მოსაუბრეს ელაპარაკება), გოიას ოფორტებით (შამუგიას ხილვა), „ადამსების ოჯახით“ (მოჭრილი ხელი ) თუ ფელინის „8½“- ით (რომანის ალტერნატიული სათაური „შემოქმედებითი კლიმაქსი“ გვიდო ანსელმის შემოქმედებით კრიზისს შეგვახსენებს) დამთავრებული, – იმაზე მიუთითებს, რომ ის მსოფლიო კულტურის გამოცდილებას მოიცავს და ქარვის (და აქედან გამომდინარე, პაუნდისეული დეფინიციით, იდეოგრამის – „მზე-ღმერთის“) კვალად, „გამომაფხიზლებელი“, სამკურნალო დანიშნულება აქვს. სწორედ აქედან მომდინარეობს რომანის სათაურის ავტორისეული დეფინიციაც – „მინერალური ჯაზი“: „მინერალური“, რაც სამკურნალო თვისებებს გულისხმობს და, „გურჯების“ საყვარელ საქმიანობასთან, ნაბახუსევის შემდეგ ლოგინში უქმად კოტრიალთან ასოცირდება; ხოლო ჯაზი – „სეირი, დარდის გაქარვება, ზურნა-დუდუკი, სასეირო“-ს მნიშვნელობის მატარებელია. აქედან უკვე სემანტიკური თვალსაზრისით წყვილდება ორი ცნება: საწადელი და სასეირო.

იმავდროულად, ქარვა ერთგვარად უკავშირდება თაფლსაც, რაც რომანში არაერთგზისაა მოხსენიებული და იკვრება მეტაფორული წყვილები – გოლეული/ფუტკარი და მწერალი/ტექსტი, რაც თავის მხრივ, უკვე პირდაპირ უკავშირდება ტექსტის, როგორც ქარვის გაგებას. ახლა, თუკი ავტორის სიტყვებს გავიხსენებთ, რომ ყოველი დიდი ქმნილება უნდა იყოს საზოგადოც და ვიწროდ ნაციონალურიც (რომანში ის პასაჟი, სადაც კუთხურობის შესახებ ანეკდოტზეა საუბარი), მაშინ ფუტკრისა და თაფლის კონტექსტში სრულიად სამართლიანად შემოვა რომანის ერთ-ერთი პერსონაჟი – დათვი – დიადი რუსეთის ხატი. მით უმეტეს, მისი ტამბოვური წარმოშობა გვიბიძგებს ამისკენ. ახლა უკვე რომანი პოლიტიკური პამფლეტის სახეს იღებს და ასეთ შემთხვევაში ასოციაციური ცთუნებისთვის თავის დაღწევა ძნელია: შამუგიას „კისერზე ძაღლის მძორი“ ხომ იგივე თეიმურაზ ხევისთავთან გვაგზავნის „ჯაყოს ხიზნებიდან“, ხოლო „ქართველობა, როგორც დიდი ტვირთი“ – თეიმურაზის და ივანეს დიალოგს მოგვაგონებს იმავე რომანიდან; ან თუნდაც ფრაზა – „წამოვწვებოდი ჩემთვის ლეღვის ჩეროში და აღარაფერზე არ ვიფიქრებდი… ზაფხულია და მისი დადგომისთანავე ჭერში იმოდენა ბუზი ჩნდება, შეგიძლია თვალო და შემოდგომამდე მაინც ვერ დათვლი“, რომელიც ილიას „კაცია-ადამიანს“ შეგვახსენებს. თვით „შემოქმედებითი კრიზისიც“ – რომანის ალტერნატიული სათაური თითქოს მიგვანიშნებს, რომ „გურჯისტანში“ არაფერი შეცვლილა: „დავიჯერო, საბოლოოდ დაბრუვდით და საკუთარი ხელით ნაჭედი თანამდებობა-წოდებულებათა თანმიმდევრობაცა და ხელი-ხელ შეკოწიწებულ ფასეულობათა წესრიგიც თვითონ მოშალეთ? მომკალით და არ მჯერა.“ მით უმეტეს, რომ ავტორისეული festina lente-ც ამის ერთგვარი დადასტურებაა, როცა თითქოს რომანი ვერ სრულდება (როგორც პრუსტის გმირი, რომელიც რომანის დაწერას აპირებს, მაგრამ არ გამოდის და რომანიც მაშინ მთავრდება, როცა პერსონაჟი უკვე წერას იწყებს), რასაც ავტორი გამუდმებით გვიმტკიცებს. თუმცა ჩვენ ვიცით, რომ ეს ავტორის ნიღაბია და რომანის დაუსრულებლობა მხოლოდ ხერხია – კარნავალური ხერხი. ყოველივე ამის გათვალისწინებით დათვი-პერსონაჟი კიდევ უფრო ამძაფრებს ამ შთაბეჭდილებას, როცა ავტორი უნებლიეთ, თითქოს სასხვათაშორისოდ, ახსენებს „ოლიმპოელ კნეინას“ – ჰერას, რომელმაც ხსენი დაღვარა, საიდანაც რძიანი გზა, ანუ დიდი დათვის თანავარსკვლავედი გაჩნდა. ეს კი, თავის მხრივ, ვისკონტის „დიდი დათვის დანისლულ ვარსკვლავს“ შეგვახსენებს და გზის გამოუვალობაზე მიგვანიშნებს. დაბოლოს, მდგომარეობის გამოუვალობას კიდევ უფრო ამძაფრებს ოჩიგავების სახლში დათვის სტუმრობა და ამ ჩაკეტილ სივრცეში ექსტატიური როკვა. მით უმეტეს, პერსონაჟები ამ დროს ჯაჭვურ გერანოსს ცეკვავენ, რაც თეზევსისა და ლაბირინთიდან შვიდი ქალწულის გათავისუფლების მითს უკავშირდება.

თუმცა, თუ უფრო ფართო პერსპექტივიდან შევხედავთ, ყველაზე რთული, ზოგადად, ადამიანის ხვედრია სამყაროში, სადაც ბიბლია, ფელინი და ზოლებიანი კბილის პასტა თანაბარმნიშვნელოვან ცნებებად იქცნენ; სადაც ჩვენს ჰიპერრეალურ სამყაროში ომი პირდაპირ ეთერში გადაიცემა, შუალედებში ჰიგიენური ტამპონების რეკლამებით; სადაც მასობრივი კვლავწარმოების ხანაში სულიერი კულტურა მეორეხარისხოვნად იქცა, რაც გაცხადებულია რომანის ბოლოს ტყავის სავარძლებში ჩაფლული პრეზიდენტებისა და ანდაზის, როგორც სულიერი კულტურის ნიმუშის, დაპირისპირების მეტაფორაში. ადამიანის მიერ საკუთარი ბედის მოწყობის მცდელობა თვითნებურად ან ღმერთთან შეთანხმების გარეშე – უღმერთობის ხანის ნიშანია, რაც კიდევ უფრო ცხადად ჩანს შამუგიას ხილვაში – თავისი ვალპურგის ღამეებით თუ ჰომუნკულუსებით (გოეთეს „ფაუსტის“ ციტირებით და ფაუსტურ ცივილიზაციაზე მითითებით). იქნებ ამიტომაც ახსენებს ზაზა ბურჭულაძე პითაგორასეულ სიყვარულს, რომელზეც თითქოს უნდა გვესაუბროს და ავიწყდება. იქნებ ამიტომაც გვრის ნოსტალგიას ტამბოველ დათვს ქოლთრეინის კომპოზიცია, – „აფრიკის“ შემთხვევითი გაგონება.

თუკი, როგორც ავტორი ამტკიცებს ერთგან, „დღევანდელ დღეს, საბაზრო ეკონომიკის ჯუნგლებში… ლიტერატურა, როგორც დარგი, მალე ისევე ამოწურავს თავისთავს, ვით, ვთქვათ, სქოლასტიკამ ამოწურა“, რაღა საჭიროა – ავტორის, როგორც მთავარსარდლის და სასვენი ნიშნების, როგორც ალყის, მილიტარისტული მეტაფორა? ასეთ დროს სწორედ ტროპული ხერხები და მნიშვნელობები იქცევა „ხელი-ხელ შეკოწიწებულ ფასეულობათა წესრიგის“ დეკონსტრუქციის იარაღად. ამგვარი ტექნიკა კი უხვადაა „მინერალურ ჯაზში“ – უპირველესად, პრუსტისეული მეტატექსტით თუ მკითხველთან ინტერპელაციით, აღმნიშვნელთა თამაშითა (ერთი და იგივე საგნის ან მოვლენის დასახასიათებლად ბინარული ოპოზიციების ჩამოთვლით მათ შორის პოლარული სხვაობის გაგება უქმდება) თუ აპორიულობით; კულტურის კოდების ირონიზებით (სადაც მყარი გამოთქმების, ერთგვარი გნომური კოდების ეროვნული საუნჯიდან ავტორი ცდილობს სიკვდილის შესატყვისი გამოთქმა შეარჩიოს) თუ უნებლიე ეტიმოლოგიით (შენობა/შეჩემობა, სადაც „შეჩემობა“ ეტიმოლოგიური თვალსაზრისით სექსუალურ კავშირთან წილნაყარ სიახლოვეს, როგორც ჭეშმარიტ სიახლოვეს მოგვაგონებს); მოლოდინის ჰორიზონტის გაცრუებით (ფრაზით – „აქ ალბათ მკითხველი ელოდება, რომ…“ ) თუ ცნობილ ლიტერატურულ ტექსტებზე პაროდიით (როდესაც „მინერალურ ჯაზში“ სამაშველო რგოლი ჩნდება, რომ შამუგია სხვა რომანების პერსონაჟებივით წყალში არ დაიხრჩოს).

თუმცა აქ ყველაზე მთავარი მაინც ჯაზის ცნებაა, ვინაიდან ის „თავისუფლების პოსტულატია“ და „ახლა და აქ“ იქმნება. ამდენად კავშირი იკვრება როგორც რომანის საერთო სტრუქტურასთან, ისე კარნავალურობის გაგებასთან – ტექსტთან იერარქიის გარეშე და ეს აშკარაა თუნდაც იმიტომ, რომ „მინერალურ ჯაზში“ არ არსებობენ მთავარი და არამთავარი გმირები, ტრადიციული გაგებით. მაგრამ არსებობს ტექსტი, რომლისთვისაც „დროის არავითარ ხანგრძლივობას არ აქვს მნიშვნელობა“ და თანმიმდევრული, ხაზოვანი თხრობის სისტემა მის თავისუფლებას ვეღარ შეზღუდავს. მისთვის მხოლოდ „მარადიული აწმყოა“; და რაც მთავარია – არსებობს ავტორი, რომელიც თავის ტექსტთან ერთად „იბადება“ და ევოლუციას განიცდის; რომელიც თანამედროვე რომანში „ავტორის სიკვდილის“ მიუხედავად, კვლავაც აგრძელებს არსებობას და წინააღმდეგობას გამძაფრებული „მე“-ს შეგრძნებით უპირისპირდება. აქედან მომდინარეობს „მინერალურ ჯაზში“ გალაკტიონისეული ინტერტექსტი – „მაქვს მკერდს მიდებული ქნარი როგორც მინდა“, რაც იმავდროულად, სისტემისგან და კანონიკისგან გათავისუფლებული ავტორის განუზომელ თავისუფლებას გულისხმობს; მეორე მხრივ, ისევ გალაკტიონისეული „ჩემთვის დღესავით არის ნათელი, რას იტყვის ჩემზე შთამომავლობა“ – გულისხმობს ჰიპერტროფირებულ „მე“-ს და შემოქმედებით პოტენციას ითვალისწინებს.

როგორც დერიდა იტყოდა, ყველაფერი ტექსტობრივია და არაფერი არსებობს ტექსტს გარეშე. მათ შორის, ჩვენი ცხოვრებაც. ჩვენ კი, მკითხველთ, ისღა დაგვრჩენია, ვიფიქროთ, ნიშნებს შორის ქვეტექსტები ვიკითხოთ და ვიოცნებოთ; ვიოცნებოთ სოდომამდელ სამყაროზე, სადაც აღარ იქნება იერარქიული წესრიგი; არც მნიშვნელობების სისტემა შეზღუდავს ადამიანის თავისუფლებას და აღარც მთავარ და მეორეხარისხოვან პერსონაჟებად დაყოფენ ადამიანებს – სწორედ ისე როგორც „მინერალურ ჯაზში“. ან, სულაც გავიღიმოთ – რომანს ხომ თითქოს რეფრენივით გასდევს ავტორის უწყინარი (თუ ირონიული) სიცილი – „ეხე-ხე“, რომელიც თავისი ბუნებით დიონისურია, ან, გნებავთ, კარნავალური და თავის თავში აერთიანებს იმავე ბინარულ წყვილებს: ქებას და ლანძღვას, დაცინვას და აღტაცებას, კვდომას და აღდგომას.

ლიტერატურა

1. დევიდ ბოუის ეს სიმღერა (Life is a Circus) ბუტლეგერული ჩანაწერების სახით გავრცელდა. შესულია ბუტლეგერულ ალბომში The Forgotten Songs of David Robert Jones და მას ჯონ ჰათჩინსონთან ერთად ასრულებს.

2. საგულისხმოა, რომ ჯერ კიდევ რომაელი სწავლული პლინიუს უფროსი (ახ.წ. 23-79) მიიჩნევდა, რომ ქარვის ამულეტები ადამიანის სულიერ სიმშვიდეს უწყობს ხელს და ბოროტისგან იფარავს მას.

3. მოჭრილი ხელი, როგორც სიმბოლო, „ჰარი პოტერის“ მეორე წიგნშიც გვხვდება, როდესაც ის მეორეკლასელთა სახელმძღვანელოების წამოსაღებად მიდის. ასევე, წიგნის ბოლოს მარჯვენა ხელი ძვრება დამბლდორს, რომელიც დაუღალავად ებრძვის ლორდ ვოლდემორტს. ნიშანდობლივია, რომ იოანე ნათლისმცემლის მიმდევართათვის მთავარი სიწმინდე – იოანე ნათლისცემლის მოკვეთილი მარჯვენაა.

4. გავიხსენოთ თაფლის და ფუტკრის და აქედან გამომდინარე, მათი მზესთან კავშირი. ძველ ეგვიპტეში თაფლი მზე-ღმერთის, რას ცრემლებად მიაჩნდათ. ფუტკარი, იეროგლიფის თვალსაზრისით, ქვესკნელის საუფლოსაც განასახიერებდა. ფუტკრების გამოჩენა კი სიცოცხლის, განახლების სიმბოლოდ ითვლებოდა. ამდენად, ფუტკარი კვდომა-აღდგომის სიმბოლოც იყო და ორფიკოსების მსგავსად, მას სულთან აიგივებდნენ. (ეს საგულისხმოა კარნავალური ხასიათის რომან „მინერალური ჯაზის“ მიმართ, ვინაიდან ბახტინის თქმით, „კარნავალის ყველა სახე ორმხრივია, თავიანთ თავში ცვლისა და კრიზისის ორივე პოლუსს აერთიანებს: დაბადებასა და სიკვდილს, კურთხევას და წყევლას, ქებას და ლანძღვას, სიყმაწვილესა და სიბერეს, ქვენასა და ზენას, წინასა და უკანას, სიცრუესა და სიბრძნეს“). ინდუისტურ მითოლოგიასა და იკონოგრაფიაში კი სამკუთხედის წვერზე მჯდომი ფუტკარი შივას განსახიერებაა. კრიშნას ხშირად გამოსახავდნენ ცისფერი ფუტკრით შუბლზე. სიყვარულის ღმერთ კამას კი, კუპიდონის მსგავსად, ხელთ უპყრია მშვილდი, რომლის ლარიც ფუტკრებისგანაა დამზადებული. ერთ-ერთი არგონავტი, პერიკლიმენე, პოსეიდონმა ლომად, გველად და ფუტკრად გარდასახვის უნარით დააჯილდოვა, ვინაიდან ფუტკარი გაზაფხულის და აღდგომის სიმბოლო იყო. საგულისხმოა აგრეთვე ქალღმერთ დემეტრესთან დაკავშირებული ელევსინური რიტუალები, სადაც ბუნების კვდომა-აღდგომის სცენები თამაშდებოდა, სადაც დემეტრეს ქალიშვილს, პერსეფონეს ჰადესი იტაცებდა მიწისქვეშეთის საუფლოში. პერსეფონეს, ანუ კორას კი ხშირად თაფლის მსგავსსაც უწოდებდნენ. რიტუალს ატარებდნენ ჰიეროფანტი, ჰიერა, ჰიეროფანტიდები (ორი ქალი) და ყოვლდაწმიდა ქურუმი ქალები, ან მელისები, რაც ფუტკრებს ნიშნავს. ჩვენამდე შემორჩენილია მე-5 საუკუნის მონეტები ეფესოდან, რომლებზეც გამოსახულია ფუტკართა დედოფალი, როგორც დიდი დედის, დემეტრეს სიმბოლო; ხოლო მორმონებთან ფუტკარი იდეალური საზოგადოების სიმბოლო იყო.

5. ამ თვალსაზრისით ნიშანდობლივია რომაული რიტუალები, სადაც ასახული იყო ინიციაციის სხვადასხვა საფეხური. ერთ-ერთ მათგანს ეწოდებოდა ლომის საფეხური. ნეოპლატონიკოსი ფილოსოფოსი პორფირი წერდა: „თეოლოგები თაფლს სხვადასხვა სიმბოლურ დატვირთვას ანიჭებდნენ, ვინაიდან მას მრავალგვარი თვისება აქვს – ის განწმენდს, განკურნავს კიდეც ადამიანს და შემნახველი თვისებაც გააჩნია. თაფლის წყალობით, ბევრ რამეს იცავენ გაფუჭებისგან და ის ჭრილობებსაც მალამოდ ედება“. ებრაულ და ქრისტიანულ ლეგენდებში, მაგალითად, სამსონის ისტორიაში – სამსონი კლავს ლომს, ხოლო შემდეგ გამოშიგნულ ლომს ათვალიერებს, სადაც ფუტკრების გუნდს და თაფლს დაინახავს და თაფლის ჭამას იწყებს (მსაჯ.14).“

6. აქ უნებლიეთ გვახსენდება „ვეფხისტყაოსნის“ აკაკისეული ინტერპრეტაცია, როცა მან პერსონაჟების წარმომავლობა ლოკალურამდე დაავიწროა და ტარიელი, ავთანდილი და ფრიდონი კუთხური წარმოშობის თვალსაზრისით განიხილა. მეორე მხრივ, კოსმოპოლიტურის და ნაციონალურის მიმართებაზე საუბარია „მინერალური ჯაზის“ იმ ეპიზოდში, სადაც უკუდო კატა ასოციაციურად დაწყვილებულია „გურჯისტანთან“ და ეს ერთი მხრივ, ქართველების განდიდების მანიაზე („ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“) მიგვითითებს, ხოლო მეორე მხრივ – ილიას „ბედნიერ ერს“ და ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნებს“ შეგვახსენებს.

7. ირონიული მინიშნება ბოდჰის ხეზე, რომლის ქვეშაც გაუტამა ბუდა „გაცისკროვნდა“. სწორედ ლეღვის ხეზე ჩამოიხრჩო თავი იუდა ისკარიოტელმაც. და თუკი ჯაზი მუსიკალური ბგერების თავისუფალი ინტერპრეტაციაა, ტექსტში ასეთია მნიშვნელობების თავისუფალი თამაში. ამდენად, რომანის საერთო კონტექსტიდან გამომდინარე, საგულისხმოა, რომ ფონეტიკური და სემანტიკური თვალსაზრისით, გარკვეულწილად წყვილდება ბუდა/იუდა.

8. ეს ცეკვა ასოციაციურად გადმოსცემს ხვეული ლაბირინთიდან თეზევსის გამოსვლას – მის ერთ-ერთ გმირობას. გერანოსს, ზოგადად, შერეულად ასრულებდნენ ასეთი მიმდევრობით: ბიჭი-გოგო-ბიჭი…

9. აქ აშკარა ალუზიაა ბოდრიირის წიგნთან „სპარსეთის ყურეს ომი არ მომხდარა“, რომელიც 1991 წელს გამოვიდა.

10. პითაგორასეული სიყვარულის თანახმად, შეუძლებელია იმის სიყვარული, რაც ადამიანს აქვს. ის უფრო რაიმეს მიუწვდომლობიდან მომდინარეობს, ვინაიდან სიყვარული არის ძალა, რომელიც რაიმე ობიექტის დაუფლებისკენ ან წვდომისკენ გვიბიძგებს. როგორც კი ობიექტს ვეუფლებით, სიყვარული სიხარულით და კმაყოფილებით იცვლება. მაგრამ რაიმე ობიექტის მიმართ სიყვარული სიკეთის მიმართ არასწორად მიმართულ სიყვარულად ითვლებოდა. სიკეთე კი მხოლოდ და მხოლოდ ღმერთია, ერთი, აბსოლუტური სინამდვილე. სიკეთე – სამყაროა, რომელშიც ყველაფერი ჰარმონიაშია ერთმანეთთან.

11. ქოლთრეინი ქრისტიანულ ოჯახში აღიზარდა. 1950-იანი წლების ბოლოს მან ცოლად შეირთო ხუანიტა ნაიმა გრაბი, რომელსაც მუსლიმური სარწმუნოება ჰქონდა მიღებული. ამიტომაც, ქოლთრეინი ისლამით დაინტერესდა. როგორც ამბობენ, სწორედ ისლამი დაეხმარა ქოლთრეინს, რომ ალკოჰოლისა და ჰეროინისადმი მიდრეკილება დაეძლია. ეს პერიოდი მისი შემოქმედებითი და სულიერი გამოფხიზლების დასაწყისია. სწორედ ამ პერიოდში, 1961 წელს არის ჩაწერილი კომპოზიცია Africa, რომელიც მუსიკოსის სულიერი გამოცდილებითაა გაჯერებული.

12. როცა ავტორი ველოსიპედს ახსენებს და რომანში მისი საჭიროების შესახებ საუბრობს, უნებლიეთ შეიძლება გაგვახსენდეს ჩეხოვის სიტყვები, რომ ნაწარმოებში უქმად დაკიდებულმა თოფმა ბოლოში მაინც უნდა გაისროლოს და ტექსტში თავისი არსებობა გაამართლოს.

13. ბარტი „ავტორის სიკვდილში“ წერს: „თანამედროვე მწერალი საკუთარ ტექსტთან ერთად იბადება… ყოველი ტექსტი იწერება აქ და ახლა“. „მინერალურ ჯაზშიც“ ზაზა ბურჭულაძე წერს: „აი, სწორედ ესაა ამ წიგნის საყრდენი წერტილი: წარსული და მომავალი ერთად მოცემული ახლა, მარად აწმყოში.“

14. ბახტინის თანახმად, „კარნავალი არის სანახაობა რამპისა და შემსრულებლებად და მაყურებლებად დაყოფის გარეშე. კარნავალში ყველა უშუალო მონაწილეა, კარნავალური ქმედების თანაზიარია. კარნავალს არ უცქერენ და, მკაცრად რომ ვთქვათ, მის გათამაშებას კი არ ახდენენ, არამედ ცხოვრობენ მასში, ცხოვრობენ მისი კანონებით, ვიდრე ეს კანონები მოქმედებენ, ანუ კარნავალურ ცხოვრებას ეწევიან. თვითონ კარნავალური ცხოვრება არის ისეთი ცხოვრება, რომელიც ამოგდებულია ჩვეულებრივი კალაპოტიდან, ანუ ერთგვარი „უკუღმა ცხოვრებაა“, „გადმობრუნებული სამყაროა“. კარნავალის დროს უქმდება წესები, აკრძალვები და შეზღუდვები, რომლებიც ჩვეულებრივი, ანუ არაკარნავალური ცხოვრების დინებასა და წყობას განსაზღვრავენ; უპირველესად უქმდება იერარქიული წყობა და მასთან დაკავშირებული შიშის, მოკრძალების, პიეტეტის, ეტიკეტის და ა.შ. ფორმები, ანუ ყოველივე ის, რასაც ადამიანთა სოციალურ-იერარქიული და ყველა სხვაგვარი (მათ შორის – ასაკობრივი) უთანასწორობა განაპირობებს.“

15. ავგუსტინეს თანახმად, მარადიულობა დროის გაგებას არ ექვემდებარება, ის „დგას და უცვლელია და მარადიულობაში ყველაფერი აწმყოშია“.

16. გალაკტიონისეული სიტყვები ალუზიაა ჰორაციუსის ცნობილი ლექსის „Exegi Monumentum“, რომლით შთაგონებულმა პუშკინმაც დაწერა სტრიქონები: „Япамятник себе воздвиг нерукотворный…“, სადაც საკუთარ თავს და საკუთარ პოეზიას ასხამს ხოტბას.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s