თამარ ბერეკაშვილი _ ესსე მარგინალობასა და მოწყენილობაზე


XX საუკუნის ხელოვნებამ, ისევე როგორც მთლიანად კულტურამ თვალნათლივ წარმოაჩინა ერთიანი მონოლითური სტილის, იდეოლოგიის, სტრატეგიის შეუძლებლობა. განვითარების ერთი მაგისტრალური ხაზის მოშლამ საფუძველი დაუკარგა ძველი ტიპის ლიდერების, კერპების არსებობას. მწერალმა და საზოგადოდ შემოქმედმა დაკარგა მასწავლებლის, მენტორის ფუნქცია, რაც სრულებითაც არ ნიშნავს გენიის, ნიჭის, შემოქმედების დაკნინებას, უბრალოდ შემოქმედმა დაკარგა თავისი „სიდიადის ტახტი“ (კრისტევა). ხელოვნების ნაწარმოები აღარ ემორჩილება რაღაც „მონომოთხოვნებს“, აუცილებელ კანონებს. ის გახდა პლურალისტური, „პოლიღირებულებრივი“ და ეს პოლიღირებულებები ნაკარნახევია ცალკეული ადამიანების, ავტორების გემოვნებითა და უნარით.

მაგისტრალური და ხშირად ანგაჟირებული ავტორების გვერდით სწორუფლებიანად წარმოჩინდნენ მარგინალური შემოქმედები და საერთოდაც მარგინალური ადამიანი გახდა არანაკლებ საინტერესო და მნიშვნელოვანი, ვიდრე ძირითადი დისკურსის მატარებელი პიროვნებები. სწორედ ექსცენტრიული ტიპი, რომელიც უპირისპირდება და აკნინებს არსებულ კერპებს, წარმოადგენს XX საუკუნის 60-ანი წლებიდან დღემდე მხატვრულობის აქტორს.

ძველი წესრიგის და ჩვეული პარადიგმების დანგრევის წინასწარმეტყველური გრძნობა უკვე მე-19 საუკუნეში დაიბადა. აპოკალიპსისი XIX-XX საუკუნის მიჯნის ძირითადი მოტივია როგორც ხელოვნებაში ისე ფილოსოფიაში. Fin de siecle-ის განცდა შეეხო მთელ დისკურსიულ და სააზროვნო სფეროს. „ღმერთის სიკვდილი“, „მასების ამბოხება“,

მსოფლიო კატასტროფა, ამ ეპოქისთვის დამახასიათებელი ხატია. სწორედ ამ ტალღაზეა მოსული მთელი ავანგარდი, „ვერცხლის საუკუნე“, სიურეალიზმი და აბსურდი.

და მართლაც, XX საუკუნე უამრავი უბედურების, ომის, რევოლუციის ეპოქა გახდა. გაუფასურდა ძირითადი უნიფიცირებული პრინციპი, ეჭვის ქვეშ დადგა ნაქები სტანდარტები, იერარქიულობა, მონორელიგიურობა. უნივერსალურმა საყოველთაო ნარაციებმა ადგილი დაუთმეს ერთსულოვან ლოკალურ პრაქტიკებს და შეხედულებათა და იდეათა ამ პლურალიზმში მარგინალური მიდგომები, გარიყულები, მარგინალები აქტუალურნი და საინტერესონი გახდნენ. კულტურაში დაიკარგა ერთიანი სტანდარტის მნიშვნელობა.

ვინ არის მარგინალი და რატომ გახდა მარგინალური ყოფა, მარგინალური ხედვა ეგზომ მნიშვნელოვანი და მისაღები?

ცნება მარგინალურობა (ლათ. margo – საზღვარი, კიდე, მარგინალის – საზღვარზე მყოფი) გამოიყენება სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში, ფილოსოფიაში პიროვნების ან ჯგუფის ზღვრული მდგომარეობის აღსანიშნავად ძირითადი სოციალური ერთობლიობის მიმართ. ის განსაზღვრული, როგორც წესი, დაბალი სოციალური სტატუსის აღმნიშვნელია. მარგინალური პიროვნება უმცირესობას მიეკუთვნება, რომელიც იმყოფება სოციალური სტრუქტურის საზღვარზე ან მის გარეთ; ის ეწევა ზოგადმიღებული ნორმებისგან განსხვავებულ ცხოვრების წესს და იზიარებს განსხვავებულ ღირებულებებს. მარგინალობის ცნებას სოციოლოგიურის გარდა ონტოლოგიური განზომილებაც აქვს, რამდენადაც გამოხატავს ისეთ მდგომარეობას, რომელიც სპეციფიკური თვისებებით ხასიათდება. ეს არის საზღვარზე ყოფნის უნარი, ძალა ზღვრული პოზიციის წარმოჩენისა.

მარგინალურობამ, რომელიც ისტორიულად აღიქმებოდა როგორც ნეგატიური მოვლენა, როგორც ნორმალურის, პოზიტიურის დარღვევა და ამიტომ საშიშროების მატარებელი, მავნებლური, თანდათანობით შეიძინა დადებითი ღირებულება. (ვ. ტერნერი, მ.ელიადე). ტერნერი მიიჩნევს, რომ ახალი სოციალური სტრუქტურები ჩნდება მარტოოდენ ძველი სტრუქტურების საზღვარზე, პერიფერიაზე.

ფრანგულ სტრუქტურალიზმში უხვად გამოიყენება ტერმინები: „მარგინალური სუბიექტი“, „მარგინალური სივრცე“, „მარგინალური არსებობა“. ჟ. დერიდამ საზოგადოდ უარყო ნორმის იდეა და წამოაყენა „განსხვავებულის“ მნიშვნელობა. თანდათანობით ქრება „ცენტრის“ არსი. რ. ბარტი მარგინალობას განიხილავს როგორც სწრაფვას ახლისკენ, გზას კულტურული სტერეოტიპების რღვევისკენ“.

მარგინალობის ფილოსოფიურ განაზრებას წინ უსწრებდა ამ ფენომენის ასახვა და განმტკიცება ხელოვნებაში – ა. კამიუს „უცხო“, ბეკეტის „გოდოს მოლოდინი“, ე. იონესკოს „მარტორქები“, სელინჯერის და კეპოტეს, ვ. კაფკას, ჟ-პ. სარტრის ნაწარმოებები და სხვა.

მსოფლიო ომებმა და რევოლუციებმა ნათლად წარმოაჩინეს, რომ მარგინალობა ნებისმიერი ადამიანისთვის სრულიად ბუნებრივი და თამარ ბერეკაშვილი მოსალოდნელი მდგომარეობაა. ე. გიდენსის აზრით, თანამედროვე კაცობრიობა უკვე არა იმდენად პროგრესისა და საყოველთაო კეთილდღეობისკენ იღწვის, რისი იმედიც დაკარგული აქვს, არამედ რისკების შემცირებისკენ, იმიტომ რომ კარგად აქვს გაცნობიერებული „ნორმის“ მყისიერება და მოწყვადობა.

სრულებით კანონზომიერია, რომ მარგინალობა გამოყენებადი გახდა არა მარტო სოციოლოგიაში, არამედ კულტურის ფილოსოფიაში. კონტრკულტურის ფენომენები სხვა არაფერია, თუ არა მარგინალობის აღზევება და ძირითადი კულტურის ტოლფასოვანი სტატუსის დამკვიდრების მცდელობა. მარგინალობის ფილოსოფიური ცნება ახასიათებს სხვადასხვა კულტურული ფენომენების სპეციფიურობას და ვრცელდება დომინირებული დისკურსის გარეთ. ის არ ეწერება აზროვნების გაბატონებულ პარადიგმაში. სწორედ მარგინალური ამზეურებს კულტურის მაგისტრალური მიმართულების წინააღმდეგობებსა და პარადოქსებს. ბახტინის აზრით, კულტურა ხორციელდება კულტურათა საზღვარზე. მქადაგებლები და ხელოვანები მიდრეკილნი არიან მარგინალობისა და ლიმინარობისკენ.

ამდენად, მარგინალური ღებულობს პროგრესულის მნიშვნელობას აყალიბებს რა კონტრკულტურას. ავსტრიელი ისტორიკოსი და კულტურის თეორეტიკოსი ერნესტ ჰანს გომბრიხი ამტკიცებს, რომ ყველაფერი, რასაც დღეს უწოდებენ თანამედროვე ხელოვნებას, ამოიზარდა დაუკმაყოფილებლობის გრძნობიდან. სულ უფრო მეტად აღიარებენ, რომ XX საუკუნის ხელოვნება და მთლიანად კულტურა მარგინალურია.

როდესაც ვლაპარაკობთ მარგინალიზაციაზე, როგორც თანამედროვე კულტურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მახასიათებელზე და მისი როგორც კონტრ-კულტურის ეფექტზე, სრულებითაც არ ვგულისხმობთ, რომ თავად კულტურის შემოქმედნი არიან სოციალური მარგინალები. მარგინალურია მათი ხედვა, მიდგომები, მარგინალურია მათი გემოვნება. საინტერესოა რა იწვევს ამ განსხვავებული ღირებულებების გაჩენას და დამკვიდრებას. რატომ უჩნდება ხელოვანს მოთხოვნილება შეცვალოს არსებული კანონები, სტილი, არსი. უეჭველია, რომ „ნოვატორობის“ ამ აქტს, მოთხოვნილებას დიდწილად იწვევს ჩვეულის, კარგად ჩამოყალიბებულის, მრავალჯერ გამეორებულის მოყირჭება და ამის შედეგად წარმოქმნილი მოწყენილობის განცდა.

ფილოსოფოსთა უმრავლესობა მოწყენილობის ფენომენს განიხილავს როგორც ბოროტებას, თუმცა ასეთი შეფასება მაშინვე მეხამუშება, რა წამს ვიხსენებ ობლომოვს ან გერმანტებისკენ მოსეირნე სვანს, პრუსტის რომანის გმირს.

შემთხვევითი არ არის, რომ ვალტერ ბენიამინოვი აპირებდა მოწყენილობაზე წიგნის დაწერას. მოწყენილობა ხომ გაუგებრობაში არსებული ადამიანის გრძნობაა და სწორედ ამ გაუგებრობიდან გამოსვლის სურვილი გვიბიძგებს გააზრებისა და შემოქმედებისკენ. მოწყენილობაზე წერდა ბევრი ფილოსოფოსი და მწერალი დაწყებული პასკალიდან, დამთავრებული ისეთი თანამედროვე მწერლებითა და ფილოსოფოსებით, როგორიცაა კამიუ ან კორტასარი. სოლომონის ამაოებაც სხვა არაფერია, თუ არა მოწყენილობის ესსე მარგინალობასა და მოწყენილობაზე განცდა. და მაინც მოწყენილობა განსაკუთრებით თანამედროვე ადამიანის ხვედრია. ღმერთის სიკვდილზე შეიძლება ელაპარაკა მარტოოდენ თანამედროვე ერთფეროვანი ცხოვრებით ძალიან დაღლილ და მოწყენილ ადამიანს, რომლისთვისაც „კულტურამ“, გაგებულმა როგორც სიცოცხლის არსმა, მნიშვნელობა დაკარგა.

ფერნანდო პესსოა ასე წერს მოწყენილობაზე: „მოწყენილობა – იმდენად ექსტრემალური გრძნობაა, რომ მისი დამარცხება არ შეიძლება თვითმკვლელობის აქტითაც კი, ეს შესაძლებელია მარტოოდენ რაღაც შეუძლებლის გზით, მარტოოდენ ისეთით, რაც საერთოდ არ არსებობს ბუნებაში“.

სწორედ ამ მოძლიერებული მოწყენილობით თანამედროვე ცხოვრებაში აიხსნება თანამედროვე ადამიანის მისწრაფება გართობისაკენ, „საინტერესოს“ ძიებისკენ, რაც მეორეხარისხოვნად ხდის ჭეშმარიტი ღირებულებებისკენ სწრაფვას. ამ ფენომენის გამოხატულებაა საყოველთაოდ გავრცელებული მასობრივი კულტურა, რომელიც ინტელექტუალთა ყურადღებასაც იმსახურებს, თუნდაც მათ ეს უარყონ. მასობრივი კულტურა ხომ სწორედ თავისი ცვალებადობით, მყისიერებით, სიჭრელით გამოირჩევა, თავისი მუდმივი განახლებით. მასობრივი კულტურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს და ძალიან პოპულარულ სახეობას წარმოადგენს მოდა, ტოპ-მოდელების მონაწილეობით დიდი დეფილე, რაც წარმოადგენს „ახლის მუდამ დაბრუნებას“, ვალტერ ბენიამინოვის სიტყვებით. როცა ვსაუბრობთ მოდაზე, უპირველეს ყოვლისა ვგულისხმობთ სწორედ მის სანახაობრივ მხარეს, რომელიც ყველაზე მეტად ტანსაცმლის წარმოდგენაში წარმოჩინდება, მაგრამ თანაბრად შეიძლება ვილაპარაკოთ მოდაზე ნებისმიერ სხვა სფეროში – ავტომანქანები, ავეჯი, სამკაულები, ტელეფონი და ა.შ.

მოდის ნიმუში როგორც მოვლენა არ საჭიროებს განსაკუთრებულ ხარისხს, ის უნდა იყოს ახალი, ყოველთვის ახალი. უწყვეტად უნდა იქმნებოდეს ახალი საგნები, ობიექტები და სტილები. მოდასთან და საზოგადოდ მას-კულტურასთან დაკავშირებით ჩნდება რეკლამის ცნება. თავად რეკლამაც მასობრივ კულტურას მიეკუთვნება დიდწილად. რეკლამა აუცილებელია მასობრივი კულტურის ობიექტის გასასაღებლად, გასაყიდად. ამისთვის რეკლამა ცდილობს წარმოაჩინოს რეკლამირებადი ობიექტის განსაკუთრებულობა, თავისებურება, ხარისხი. ხშირად ბევრ რეკლამირებად ობიექტს რეკლამა ენაცვლება და რეკლამა ცხოვრობს დამოუკიდებლად, როგორც ერთი რაღაც სფერო, რომელიც სხვა სფეროებთან ერთად საზოგადოებას გარს ახვევია. საზოგადოებაში, სადაც უმთავრესი როლი ინფორმაციას მიეკუთვნება, და ეს ინფორმაცია ვ. ბენიამინოვის თქმით, გამუდმებით უნდა განახლდეს, „გამოცდილების აქციებმა ფასი დაკარგეს“. ინფორმაცია და არსი კი ძალიან განსხვავებული ცნებებია. თანამედროვე ადამიანის ცხოვრება მოწყენილობის გადალახვაა, რომელმაც ის შეი პყრო, იმის შემდეგ, რაც გაუჩნდა ბევრი თავისუფალი დრო.

რასაკვირველია მოწყენილობაც არაერთგვაროვანია. არსებობს მისი სხვადასხვა სახეობა. სვენდსენი ოთხი სახის მოწყენილობას განიხილავს:

1) სიტუაციურ მოწყენილობას, როდესაც ადამიანი რაღაცის მოლოდინშია, მაგალითად, მატარებლის ან კონცერტის;

2) გულგაცრუების მოწყენილობას, როდესაც ადამიანი ელოდება რაიმე მნიშვნელოვანს მოვლენისაგან, მაგრამ შედეგად ყველაფერი მტკნარი და უშედეგო აღმოჩნდება;

3) ეგზისტენციალური მოწყენილობა, როდესაც ისეთი გრძნობაა, რომ სული მოკლებულია შინაარსს და სამყარო ერთ ადგილზეა გაყინული;

4) კრეატიული მოწყენილობა, რომელიც ხასიათდება არა იმდენად შინაარსით, რამდენადაც შედეგით, მაგალითად, როცა ადამიანი იძულებულია გამუდმებით შექმნას რაღაც ახალი.

კულტურის ფილოსოფიით დაინტერესებული ადამიანებისთვის საინტერესოა სწორედ მოწყენილობის მესამე და მეოთხე ტიპი. ეგზისტენციალური მოწყენილობა შეიძლება გაჩნდეს გამოცდილების სიმცირის გამო. ამ მოწყენილობის გადალახვის მცდელობისას ადამიანი ეძებს სულ უფრო და უფრო ახალ შეგრძნებებს იმის მაგივრად, რომ თანდათანობით მიიღოს გამოცდილება.

ადამიანი, რომელიც რეალურ ცხოვრებაში ვერ პოულობს კმაყოფილებას, რომელიც გულგაცრუებულია და ამდენად მოწყენილი, ქმნის გამოგონილ სამყაროს. მოწყენილობა სტიმულს აძლევს შემოქმედებით აქტიობას. ხშირად სწორედ ხელოვნებაში ჰპოვებს ადამიანი წონასწორობას და ჰარმონიას. ბევრი მწერალი და მოაზროვნე მიიჩნევს, რომ მოწყენილობა რჩეულთა სულს ახასიათებს და ნაკლებადაა ცნობილი მდაბიოებისთვის. ასე მიიჩნევენ ლეოპარდი, შოპენჰაუერი, კირკეგორი, ნიცშე და სხვები. ნიცშე მიიჩნევს, რომ მოწყენილობა წინ უსწრებს კრეატიულ, შემოქმედებით მოქმედებას. შემოქმედებითი ნატურის ადამიანებისთვისაა დამახასიათებელი მოწყენილობა, მარტივი და მდაბიო ნატურები კი ცდილობენ მოიცილონ იგი, გაექცნენ მოწყენილობას. ნიცშესთვის ადამიანი თავს განამტკიცებს იმით, რომ თავს განიხილავს თანამედროვე სამყაროში როგორც სიხარულს. ეს სიხარული ისწრაფვის მარადისობისკენ, მაგრამ ეს მარადისობა ცირკულარულია და არა წრფივი. მარადისობა ახლაა. მოწყენილობას მისი გადალახვის შემთხვევაში სიხარულის მოტანა შეუძლია. მაგრამ ეს სიხარული ზეადამიანურია, მაშინ როდესაც მოწყენილობა ადამიანურია, მეტისმეტად ადამიანური. მაგრამ მოწყენილობის გადალახვა ყველას არ შეუძლია, თუმცა ყველამ უნდა სცადოს.

მიუხედავად იმისა, რომ ნიცშეს ეგზისტენციალისტებს ვერ მივაკუთვნებთ, შესამჩნევი გახდება ერთგვარი პარალელიზმი თუ მათ ნააზრევს მოწყენილობის გააზრების კუთხით განვიხილავთ, ნიცშესა და ეგზისტენციალისტების თვალსაზრისით ადამიანზე. კამიუს მოწოდება, რომ ადამიანი აუჟანყდეს უბედურებებს – სიკვდილს, ავადმყოფობას, სინაცისფრეს, მოწყენილობას – ენათესავება ნიცშესეულ ზეადამიანისკენ სწრაფვას, ხოლო სარტრის იდეა ადამიანის უნარზე გააკეთოს „სწორი“ არჩევანი და არ დარჩეს მცდარი ცდუნებების მსხვერპლი, სწორედ მოწყენილობის დათრგუნვის გზაა.

მოწყენილობაზე საუბრისას აუცილებლად ჩნდება ირონიის თემა. მოწყენილობაში თითქოსდა არაფერი კომიკური არ არის, მაგრამ მოწყენილობისას გააქტიურებული გააზრებისა და ანალიზის პროცესები უეჭველად ირონიასაც შეიცავენ. თავის თავში ჩაფლულ ადამიანს არ შეიძლება არ ჰქონდეს ირონია. ნიშანდობლივია რომანტიკოსთა განსაკუთრებული ირონია, როდესაც აწმყოთი, რეალურად დღეს არსებულით გულგაცრუებულები და მოწყენილები ისინი ცხოვრების არსს, მშვენიერს და კეთილს ეძებენ წარსულში, შორეულ ქვეყნებში, ველურ ბუნებაში. ირონიითაა გამსჭვალული სარტრის პიესა „დახურული ჭიშკარი“ (“huit clos”). ცვლილება და სიახლე არღვევს ერთფეროვნებას და ჯოჯოხეთი სხვა არაფერია, თუ არა ჩვენ თვითონ, როდესაც ცუდი, ყალბი არჩევანის შედეგად, სამუდამო მოწყენილობას ვიმკით, როდესაც თვალის ხამხამის უნარიც კი დაკარგულია და აღმოჩნდება, რომ ხამხამი ეს თვალის დასვენებაა, სიხალისეა, შვებაა.

მოწყენილობის ფენომენი მეტად არსებითია სემუელ ბეკეტისთვის და მიუხედავად იმისა, რომ მხატვრულ ნაწარმოებებში, პიესებში ის ამ სიტყვას თითქმის არ იყენებს, მოწყენილობის თემა მისთვის უმთავრესია და ბევრი ნაწარმოებისთვის განმსაზღვრელიც. მისი ადრეული „ესე პრუსტზე“ სწორედ მოწყენილობას ეხება. თავის განთქმულ პიესაში „გოდოს მოლოდინში“ მოწყენილობის კომიკურობას აღწერს, ეს მოწყენილობის კომედიაა.

„ხელოვნება – ეს შთაგონებული სიმარტივეა“, კომუნიკაცია შეუძლებელია და ნებისმიერი ხმა, სიტყვა მატყუარაა, ის გულგრილია იმის მიმართ, რასაც ამბობს. ყველა ველოდებით დიდი პატიების დღეს, რაღაც დიად დღეს, მაგრამ დადგება კი ეს დღე?

მოწყენილობა განიმარტება აქ როგორც პერსონალური არსის არარსებობა. ადამიანს არაფერი დარჩენია, გარდა იმისა, რომ ელოდოს ახალი არსის გაჩენას, პოვნას. მაგრამ ეს ლოდინი უსასრულოა და უშედეგო.

საინტერესოა, რომ ეგზისტენციალიზმის და აბსურდის განვითარება უკავშირდება ახალი გრძნობების, რეალობების, შეგრძნებების, თვალსაზრისების, ახალი ღირებულებების განვითარებას. თუ წინა საუკუნეებში მოწყენილობა (და მარგინალობა) როგორც პრობლემა, როგორც მნიშვნელოვანი და ხშირად ადამიანის ქცევის, ქმედების განმსაზღვრელი განცდა არც განიხილებოდა, ეგზისტენციალიზმი სწორედ მოწყენილობის ფენომენის ანალიზს ახდენს, თუმცა კი თითქოსდა უშუალოდ ეს არ არის მისი მთავარი მიზანი. მაგრამ განიხილავს რა ეგზისტენციას, არსებობას, როგორც ძირითად ცნებას, განმსაზღვრელს ადამიანის სიცოცხლის არსისა, ეგზისტენციალიზმი გვერდს ვერ უვლის მოწყენილობის ფენომენს.

ჰაიდეგერის თვალსაზრისით, არსებობს მოწყენილობის სხვადასხვა სახეები, დაწყებული ზედაპირულიდან და დამთავრებული ეგზისტენციალურით. ჰაიდეგერს სურს გააღვიძოს მოწყენილობა, რომელიც შეიძლება თვლემდეს, რაც ძალიან საშიშია, იმიტომ, რომ ის ამ შემთხვევაში ღებულობს სხვადასხვა ფორმას, მოძრაობს დროში და მაშინ, როდესაც ჩვენ თითქოსდა ვებრძვით მას, ის „იძინებს“ და მასთან ერთად იძინებს ფილოსოფოსობის განწყობა, განაზრების განწყობა. ეს დამანგრეველი ძალაა და ამიტომ საჭიროა გაღვიძება. უნდა გავიღვიძოთ, რათა მოვახდინოთ ჩვენი შესაძლებლობების რეალიზება. ანუ ჰაიდეგერიც ფრანგი ეგზისტენციალისტების მსგავსად მიიჩნევს, რომ შესაძლებელია და აუცილებელი მოწყენილობის გადალახვა.

მოწყენილობაზე მსჯელობისას ხშირად საუბრობენ მის დამანგრეველ ბუნებაზე. შოპენჰაუერი ლაპარაკობს იმაზე, რომ მოწყენილობამ შეიძლება მიიყვანოს ადამიანები თვითმკვლელობამდე ან კოლექტიურ თვითმკვლელობამდე. მაგრამ ხომ არ ხდება ეს რაღაც ციკლის, რაღაც „როექტის“ დასრულების, სრულყოფის შედეგად, როგორც კი რაღაც „როექტი“ სრულდება, აღწევს თავის სრულყოფას, იწყება მოწყენილობა, რომელიც ანგრევს ყოველივე ჩვეულს და დამდგარს.

მოწყენილობა როგორც თეთრი ფურცელი შეიცავს პოტენციალს. მოწყენილობაში სიცარიელეა, რომელიც შეიძლება მგრძნობიარე იყოს ახლის მიმართ. მოწყენილობა არღვევს ჩვეულ კონტექსტს და საგნებსა და მოვლენებს ახალ კონფიგურაციებს ანიჭებს, ის სძენს მათ ახალ არსს, თუმცა შეიძლება სრულადაც დაუკარგოს ნებისმიერი არსი. ამდენად, ნეგატიური მნიშვნელობის პარალელურად მოწყენილობას შეუძლია პოზიტიური ცვლილებები მოახდინოს.

ამასთანავე მოწყენილობა ხელს უწყობს თავისი მეობის, თავისი არსის გაგებას, რაც თვითრეალიზაციის შესაძლებლობას იძლევა. ნიცშე მიიჩნევს, რომ „ის ვინც მოწყენილობის წინაშე დამცავ ნაგებობებს აშენებს, ის ამ დამცავ ნაგებობებს უშენებს საკუთარ თავს“.

ზემოთქმულიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ როგორც მარგინალიზაცია, ისე მოწყენილობის განცდა ერთგვარად ხელს უწყობს ღირებულებების გადაფასებას, ახლებურ ხედვას და ახალი სრულიად განსხვავებული სტრუქტურების შექმნას. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ერთი და იგივე, ან მსგავსი მოვლენების, ხატების გამეორება იწვევს მობეზრებას, ინტერესის დაკარგვას და მოწყენილობის განცდას. მოწყენილობა კი შეიძლება გახდეს ან გართობის, სხვადასხვა სწრაფად ცვალებადი მოვლენებისა და სანახაობებისაკენ სწრაფვის საფუძველი ან ახალი სამყაროს შექმნის საწინდარი, კონტრკულტურის ჩამოყალიბების წინაპირობა.

ახალი ღირებულებრივი სისტემის, განსხვავებული კულტურული სტილის შექმნის შესაძლებლობა უკვე გულისხმობს იმას, რომ პიროვნება ან პიროვნებათა ჯგუფი წარმოადგენს მარგინალურს.

აქ უნდა შევნიშნოთ, რომ სოციალური მარგინალიზაცია და კულტურული მარგინალიზაცია განსხვავებული ფენომენებია. კონტრკულტურის შემოქმედი სრულებითაც არ არის აუცილებელი, რომ იყოს სოციალური მარგინალი. სოციალური მარგინალიზაცია მძიმე ხვედრია. ალბათ დიდ წინააღმდეგობებს ეჯახება ისიც, ვინც განსხვავებულ ღირებულებებს იზიარებს კულტურის, ხელოვნების სფეროში, მაგრამ ასეთი მარგინალიზაცია არ არის დამაკნინებელი, ესსე მარგინალობასა და მოწყენილობაზე ის არ ახდენს პიროვნების სტიგმატიზაციას და თანდათანობით ლუმპერიზაციას. თუ სოციალური მარგინალი ორ კულტურულ თუ სოციალურ ერთიანობას შორისაა, მათ ზღვარზეა და ორივესგან გარიყული, მარგინალი, რომელიც ახალ სტილს ქმნის ხელოვნებისა თუ აზროვნების სფეროში, სრულიად მოწყვეტილია ძირითადი კულტურის სისტემას; ის ცნობიერად ემიჯნება მას, იმიტომ რომ არ იზიარებს ამ კულტურული სისტემის იდეებს. სოციალური მარგინალი კი არ ემიჯნება ძირითად კულტურას, არამედ მას უჭირს არჩევანი. ის არ არის პროტესტანტი, ის მსხვერპლია ორი სხვადასხვა სისტემისა, რომელთაც ის ერთდროულად ნაწილობრივ მიეკუთვნება და იზიარებს. მეორე მხრივ, ბოლომდე ვერ ესადაგება მისგან დამოუკიდებელი მოცემულობის გამო. შემოქმედებითი პოტენციალით სწორედ ის ადამიანი ხასიათდება, ვინც მთლიანად უარყოფს წამყვან, ცენტრალურ პარადიგმას.

ამგვარად, როგორც მარგინალიზაცია, ისე მოწყენილობა არ წარმოადგენენ ერთმნიშვნელოვნად უარყოფითი შინაარსის ცნებებს. ბევრ შემთხვევაში ისინი ურთიერთდაკავშირებულია. მოწყენილი ადამიანი, რომელიც უფიქრდება გარემოს და მოვლენების აბსურდულობას, მარგინალია სიამეების მაძებარ საზოგადოებაში, სადაც მრავალგზის მეორდება ერთხელ დაწერილი სცენარი და სადაც ერთი და იგივე სიტყვები იმდენჯერ არის გამეორებული, რომ მათ დაკარგული აქვთ მნიშვნელობა. მარტოოდენ მოწყენილობის ფსკერამდე ამოწურვის შემძლე შემოქმედს შეუძლია მოწყენილობით გაფანტული ძველი ხატებისგან გათავისუფლებული სულით დაიწყოს ახალი ხატების და ახალი სიტყვების შექმნა, ყველასგან თვითგამიჯნულს და მარგინალიზებულს. ეს პროცესი უსასრულოა.

ლიტერატურა

კრისტევა 1974: Кристева Ю. «Революция поетического языка. Авангард конца XIX века. Лотреамон и Малларме» М. 1974

ტერნერი 1984: тернер В. «Символ и ритуал», М. 1983

ელიადე 1998: Элиаде М. «Азиатская алхимия» М. 1998

ბენიამინი 1997: Беньямин В. «Центральный парк» Ил N 12 1997

პესსოა 1997: Пессоа Ф. «Разнозненные страницы» Ил N 9 1997

ნიცშე 1990: Ницше Ф. «Человеческое слишком человеческое» Соч. В 2-х томах, т. 2, Изд. «Мысль» М. 1990

ნიცშე 1990: Ницше Ф. «Рождение трагедии или Эллинство и песимизм» Соч. В 2-х томах, т. 1, Изд. «Мысль» М. 1990

სარტრი 1998: Сартр Ж-П «Что такое литература», М. 1998

სვენდსენი 1007: Свендсен «Философия скуки», Библ и отека Гумер, раздел «Философия» 2007

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s