ნანა ლოლაძე _ ემოციების გამოხატვის ენობრივი სურათი


სამყაროს ენობრივი სურათი წარმოადგენს სინამდვილის ასახვის ერთიან სისტემას, რომელიც აუცილებელია ამა თუ იმ ენობრივი კოლექტივისათვის. სინამდვილის კონცეპტუალიზაციის ენობრივი საშუალებები ნაწილობრივ უნივერსალურია, ნაწილობრივ კი ეროვნულად სპეციფიკურია. ეს თვალსაჩინოდ ვლინდება ემოციების ენობრივი გამოხატვის მაგალითზე.

ემოციები სამყაროს აღქმის, შემეცნებისა და შეფასების ერთ-ერთი ფორმაა. ამასთან, ემოცია ადამიანის შინაგან, არახილვად სამყაროს განეკუთვნება და ერთ-ერთ ყველაზე რთულად ორგანიზებულ სისტემას წარმოადგენს. იგი მეცნიერების სხვადასხვა დარგის შესწავლის ობიექტია. ყველა მეცნიერი, რომელ დარგსაც არ უნდა მიეკუთვნებოდეს და რა თვალსაზრისზედაც არ უნდა იდგეს, თანხმდება იმაზე, რომ ემოციები უმნიშვნელოვანესია მოტივაციის, სოციალური კომუნიკაციის, სამყაროს შემეცნებისა და საქმიანობისათვის.

განსაკუთრებით გააქტიურდა ამ საკითხების კვლევა მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში. უკანასკნელ ხანს ფსიქოლოგიაში პოპულარობით სარგებლობს ემოციების დიფერენციული შესწავლა. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს კ. იზარდის შრომები. ამ თეორიის მიხედვით, ემოცია განიხილება, როგორც რთული ფენომენი, რომელიც მოიცავს ნეიროფოზიოლოგიურ და სამოძრაოგამომხატველობით კომპონენტებს და სუბიექტურ განცდას. ამ კომპონენტების გავლენა ინტრაინდივიდუალურ პროცესზე ქმნის ემოციას, რომელ იც ევოლუციურ-ბიოგენეტიკურ მოვლენას წარმოადგენს. ადამიანში ემოციის განცდისა და გამოხატვის უნარი თანდაყოლილია, ზოგადკულტურულია და უნივერსალური (იზარდი 2002: 69).

ადამიანური ემოციის კვლევისას ყველაზე მყარი აღმოჩნდა იმის რწმენა, რომ შესაძლებელია გამოიყოს მცირე ჯგუფი თანდაყოლილი – ბაზისური ემოციებისა. ამდენად, ემოცია შეიძლება იყოს პირველადი (ბაზისური), მეორეული, მესამეულიც კი.

მრავალი ფსიქოლოგის მტკიცებას, რომ გარკვეული ემოციები უფრო ბაზისურია, ვიდრე დანარჩენი, ხშირად სრულიად განსხვავებული საფუძველი აქვს. ერთი მხრივ, ანგარიშგასაწევია იდეა, რომ ზოგიერთი ემოცია ადამიანში გენეტიკურად არის ჩადებული, მეორე მხრივ, ენებში მათი გამოხატვის სურათი არაერთგვაროვანია. სამართლიანად არის შენიშნული, რომ გრძნობათა ბურუსით მოცული სამყაროს ინტერპრეტირებისას ყოველი ენა საკუთარ კოორდინატთა ბადეს იყენებს. თუკი ვინმე შეეცდება თითოეულ ემოციას, რომელსაც ადამიანი განიცდის, დაარქვას სახელი, ბუნებრივია, იგი გამოიყენებს საკუთარ ლექსიკონს. იმდენად, რამდენადაც თითოეულმა ხალხმა მიაგნო გრძნობის ისეთ ელფერს, როგორიც სხვა ხალხების მიერ გამოყოფილი არ არის (ჯეიმსი 1890).

ეთნოცენტრიზმის გამოვლინებად მიიჩნევს ა. ვეჟბიცკა შემდეგ მაგალითს: ტაიტელების ლექსიკონში ინგლისური სად (სევდიანი, დარდიანი) სიტყვის შესატყვისი არ არსებობს, მიუხედავად ამისა, მათ აუცილებლად უნდა მოეპოვებოდეთ თანდაყოლილი ცნებითი კატეგორია სევდისა, დარდისა. უნდა ვივარაუდოთ, რომ სევდა მათი ემოციური გამოცდილებისათვის არანაკლებ მნიშვნელოვანი და რელევანტურია, ვიდრე, მაგალითად გრძნობები ტოიაჰა ან პეაპეა, რომლებიც სახელდებულია მათ ენაში (საგულისხმოა, რომ ინგლისურში ამ სიტყვების შესატყვისი არ არსებობს). მართლაც, არავითარი საფუძველი არ არსებობს მივიჩნიოთ, რომ ტაიტელებს არ აქვთ სევდის განცდის უნარი, ხოლო ინგლისელებს ტოიაჰა ან პეაპეა-სი მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ენებში ამ ემოციებს სახელები არ აქვს. რაც მთავარია, შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ სევდა უფრო მნიშვნელოვანია ან უფრო „უნივერსალურია“, ვიდრე ტოიაჰა ან პეაპეა (ვეჟბიცკა 1999: 505).

ენის მიერ ასახული წარმოდგენა ადამიანის შინაგან სამყაროზე მოიცავს თაობათა გამოცდილებას ათასწლეულების განმავლობაში. ამიტომაც ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა ემოციების ბუნების შესწავლისას მათი ენობრივი გამოხატვის საშუალებებს ამა თუ იმ ენის სემანტიკურ სტრუქტურაში.

ემოციების გამოხატვის ენობრივი მექანიზმის კვლევისას საჭიროა განსხვავდეს ემოციის ლექსიკა და ემოციური ლექსიკა. ემოციის ლექსიკა ორიენტირებულია ემოციის ობიექტივაციაზე და მოიცავს სიტყვებს, რომელთა საგნობრივ-ლოგიკური მნიშვნელობა ემოციათა ცნებებს შეადგენს. ემოციური ლექსიკა გამოხატავს მთქმელის ემოციებს და მას ემოციური შეფერილობის სიტყვები მიეკუთვნება.

რა არის ის ზოგადი პრინცი პი, რომელიც ემოციის ენობრივ გამოხატვას უდევს საფუძვლად. ის, რომ ენის მიერ არახილვადი შინაგანი სამყაროს მოდელირება ხილვადი, მატერიალური სამყაროს მიხედვით ხდება. ამდენად, არახილვადი სამყაროს კონცეპტების აგების ძირითად მექანიზმს მეტაფორა წარმოადგენს.

ეს მეტაფორულობა განსაკუთრებით თვალნათლივ ჩანს ფრაზეოლოგიზმებში. ამ ფრაზეოლოგიზმებში ძირითადად მონაწილეობს სხეულის ნაწილები, შინაგანი ორგანოები, როგორებიცაა: გული, ნაღველი, სისხლი… აგრეთვე, სული.

ის ფაქტი, რომ გულს განსაკუთრებული ადგილი უკავია ქართულ მსოფლაღქმაში, არაერთგზის არის შენიშნული. როგორც არნ. ჩიქობავა მიუთითებს: „გული წარმოდგენილია აზროვნებითი პროცესების ცენტრად, გრძნობების წყაროდ, ტემპერამენტ-ხასიათის განმსაზღვრელად და ორგანული შეგრძნებების (გულის რევა, გულის შემოყრა) ამთვისებლად, ერთი სიტყვით, მას ეკისრება ტვინის, გულის, კუჭისა და, ნაწილობრივ, პერიფერიული ნერვული სისტემის მაგივრობა გასწიოს – სიცოცხლის მატარებელი გულია (ჩიქობავა 1938: 66).

ხატოვან სიტყვა-თქმებზე დაკვირვების საფუძველზე თ.სახოკია აღნიშნავს: „გული ჩვენს ხალხს მიაჩნია ჩვენი ნერვების შესაკრებელ ორგანოდ, რომელზეც უშუალოდ მოქმედებს ყველა ფსიქიკური განცდა: სიყვარული, სიხარული, სიმამაცე, სიძულვილი, მწუხარება, დარდ-ნაღველი” (სახოკია 1979: 119). ქართველის წარმოდგენით, დადებითი თუ უარყოფითი ემოციები: დარდი, მწუხარება, სიხარული, სიძულვილი, ჯავრი „ადამიანის გულ-მკერდში გროვდება, ხოლო თვით გულ-მკერდი, ხატოვნად, დადარებულია ბუხარს, რომელიც, კვამლის მსგავსად, მაღლა უშვებს გამოსამზევებლად შიგ დაგროვილ თითოეულ ამ გრძნობათაგანს და ენა-პირის საშუალებით სხვას უზიარებს.” (სახოკია 1979: 110)

გული რომ ემოციის (და არა მხოლოდ ემოციის) გამოხატვის მნიშვნელოვანი ლექსემაა, სხვა ენათა მაგალითზედაც აშკარაა, მაგრამ საინტერესოა, რა ქმნის საკუთრივ ქართული ენობრივი სურათის სპეციფიკურობას?

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ემოცია მოიცავს ნეიროფიზიოლოგიურ და სამოძრაო-გამომხატველობით (ნერვულ-კუნთოვან) კომპონენტებს. საგულისხმოა, რომ ენებში ეს კომპონენტები ასევე გარჩეულია, სახელდობრ, ემოციის ლექსიკა ასახავს როგორც საკუთრივ ემოციას, ემოციურ გამოცდილებას, ისე გვიჩვენებს ორგანიზმის რეაქციას ამა თუ იმ ემოციაზე.

იმდენად, რამდენადაც გული შინაგან, არახილვად ორგანოებს მიეკუთვნება, როგორც წესი, განიხილება როგორც ემოციის განცდის ცენტრი. თუმცა იგი მონაწილეობს გამოთქმებში, რომლებიც ემოციების თანმხლებ ფიზიოლოგიურ ცვლილებებზე მიუთითებენ. ლ. მარგველანმა საგანგებოდ შეისწავლა ამ ტიპის ფრაზეოლოგიზმები და აჩვენა, რომ ქართულში გული-ს შემცველი ფრაზეოლოგიზმები მეორე ფუნქციით საკმაოდ ფართოდ გამოყენება, რაც სხვა ენებისათვის შედარებით შეზღუდულია, კერძოდ, ინგლისურში ამგვარ შეზღუდულობაზე მიუთითებს ა. ვეჟბიცკა (ვეჟბიცკა 1999: 540-41) გარდა ამისა, წარმოდგენილი მასალა იძლევა კიდევ ერთი დასკვნის გაკეთების საფუძველს. ნაშრომი რუსულადაა დაბეჭდილი და ფრაზეოლოგიზმები, რომელთაც მეტ-ნაკლებად ზუსტი რუსული ანალოგი არ მოეპოვებათ და ამიტომ თარგმანი ხელოვნურია, ვარსკვლავით არის აღნიშნული. თვალში საცემია, რომ მონიშნული ფრაზების უმეტესობა სწორედ გულს შეიცავს. ასეთებია, მაგ., გული უკანკალებს, გული წაუვიდა, გულზე ცეცხლი შემოენთო და სხვ. (მარგველანი, 1978). ამდენად, როგორც ჩანს, ამ ტიპის ფრაზები ქართულისათვის სპეციფიკურია.

გული-ს შემცველი ფრაზეოლოგიზმების ორიგინალურობას ადასტურებს ძველი ქართულის მონაცემები. შენიშნულია, რომ სახარების ტექსტში, ხშირ შემთხვევაში, იქ სადაც გარკვეული გუნება-განწყობილება თუ გრძნობაა გადმოცემული, ქართულში გვხვდება გული-ს შემცველი ფრაზეოლოგიზმები, ბერძნულში – არა (ბერიშვილი 2002: 108).

ამდენად, გული ემოციების ქართულენობრივი სურათის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. რა თქმა უნდა, ემოციების გამოხატვის სრული სურათის წარმოსაჩენად შემდგომ კვლევას მოითხოვს, თუ როგორ, რა საშუალებებით გამოიხატება თითოეული ემოცია, როგორია მიმართება პირველად და მეორეულ, დადებითი და უარყოფითი ემოციების გამოხატვას შორის და მრავალი სხვა საკითხი. დღეისათვის ამ მიმართულებით მიმდინარეობს არაერთი ენის სემანტიკური სტრუქტურის კვლევა, გამოცემულია სხვადასხვა ტიპის ლექსიკონები, რომლებშიც აღნუსხულია ის ენობრივი საშუალებები, რომლებიც ემოციათა გამოსახატავად გამოიყენება (იორდანსკაია, პაპერნო 1995). ქართულ ენაში ემოციების გამოხატვის ენობრივი მექანიზმების მრავალმხრივი შესწავლა, დღეისათვის უკვე მიღებული შედეგების სისტემატიზაცია მნიშვნელოვანია როგორც, ზოგადად, ემოციათა ბუნების, მათი ენობრივი რეალიზაციის პრობლემათა კვლევების გასამდიდრებლად, ისე სამყაროს ქართულენობრივი სურათის წარმოსაჩენად.

ლიტერატურა

ბერიშვილი 2002: ბერიშვილი ე., ფრაზეოლოგიზმთა ერთი ნაწილისათვის ქართული სახარების ორი ძველი რედაქციის მიხედვით, ენათმეცნიერების საკითხები, 2 (14).

ვეჟბიცკა 1999: Вежицкий À., Семантические универсалии и описание языков Москва

იზარდი 1980: Izard C. E., The psychology of emotions, რუსული გამოც. Питер.

იორდანსკაია, პაპერნო 1995: The Russian-English Collocational Dictionary of human Body, Iordanskaya, Paperno

მარგველანი 1978: Маргвелани Л П Грузинские выражения обозначающие чувства и их описание в терминах лексических фкнкций Язиковые процесоры и распознование речи საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მართვის სისტემების ინსტიტუტის შრომები, XVII: 2, 1978.

სახოკია 1979: სახოკია თ, ქართული ხატოვანი სიტყვა-თქმანი, 1979

ჩიქობავა 1938: ჩიქობავა არნ., ჭანურ-მეგრულ-ქართული შედარებითი ლექსიკონი.

ჟეიმსი 1890: James W., The principles of psychology, New York, Dover, 1950.

Nana Loladze

Linguistic picture of expressing emotions

Linguistic picture of the world is a united system reflecting a reality that is necessary for certain language groups. Linguistic tools expressing reality conceptualization are partly of universal nature, and their other part has national specifications. This is clearly shown when emotions are expressed linguistically.

A language makes a modeling of internal invisible world in accordance with the material world. Therefore the major mechanism of forming invisible world’s concepts is a metaphor.

The metaphoric nature is obviously shown in phrasal verbs that mainly include parts of the body, internal organs. Analysis of phraseology expressing emotion shows that the most significant component of Georgian language is a heart. Study of language mechanisms expressing emotions in the Georgian language, systematization of current outcomes is important both for enriching emotion generally, researching its language realization challenges as well as for presenting Georgian language picture of the world.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s