ლევან ბრეგაძე _ ნიშანი და სისტემა (სემიოტიკა ყველასთვის)


დავიწყოთ ერთი სემიოტიკური ანეკდოტით: მიხომ, მას შემდეგ, რაც მისმა ათი წლის ვაჟმა აფთიაქის წინ ჩავლისას პირჯვარი გადაიწერა, თავში წამოარტყა ყმაწვილს და დატუქსა: რამდენჯერ უნდა გითხრა, სადაც ჯვარს დაინახავ, ყველგან ეკლესია ნუ გგონიაო!

ჯვარი პოლისემანტიკური ნიშანია: ქრისტიანული სარწმუნოების სიმბოლოსაც წარმოადგენს, რომელიმე შენობაში აფთიაქის არსებობაზეც მიგვანიშნებს, მიმატების ნიშანიც არის და სხვ.

ანუ: ერთსა და იმავე ნიშანს სხვადასხვა სისტემაში შესაძლოა სხვადასხვა მნიშვნელობა ჰქონდეს (ერთი და იმავე ნიშანთა სხვადასხვა სისტემებში სხვადასხვა მნიშვნელობით გამოყენების მიზეზი მრავალგვარი შეიძლება იყოს და ახლა ამაზე არ შევჩერდებით).

ნიშანი რომ სწორად გავშიფროთ, უნდა ვიცოდეთ რომელი სისტემის ნაწილია ის, თორემ ზემოთ მოთხრობილი ანეკდოტის პერსონაჟის მდგომარეობაში აღმოვჩნდებით.

ჩვენი შეცდომების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ნიშანთა პოლისემიით არის გამოწვეული.

არსებობს ლათინურ ასო-ნიშანთა სისტემა და არსებობს რუსულ ასო-ნიშანთა სისტემა (კირილიცა). ამ ორი სისტემის ზოგი ასო-ნიშანი ერთმანეთს ემთხვევა გრაფიკულადაც და მნიშვნელობითაც (A, E, M, O, T), ზოგი გრაფიკულად იგივეა, მაგრამ მნიშვნელობა სხვა აქვს (X – რუსულში გამოითქმის როგორც ხ, ლათინურში როგორც ქს, P – რუსულში რ-ა, ლათინურში – პ, H – რუსულში ნ-ა, ლათინურში – ჰ).

ხშირად სხვადასხვა ენა ერთსა და იმავე ანბანს იყენებს, მაგრამ წაკითხვის წესებია ურთიერთგანსხვავებული. მაგალითად, ლათინური ანბანის სისტემაში გამოიყოფა ინგლისური, გერმანული, ფრანგული, ესპანური, იტალიური, ჩეხური და ა. შ. ქვესისტემები.

ახლა წავიკითხოთ ერთი ადგილი ა. ჩეხოვის პიესიდან „სამი და“:

„В какой-то семинарии учитель написал на сочинении „чепуха“, а ученик прочел „реникса“ – думал, что по-латыни написано… (Смеется.) Смешно удивительно“.

მართლაც, ხელით დაწერილი „чепуха“ შეიძლება რენიქსად წავიკითხოთ, თუკი არ ვიცით, რომ რუსული საანბანო სისტემის ნიშნებთან გვაქვს საქმე და არა – ლათინურთან.

აგატა კრისტის „აღმოსავლეთის ექსპრესში“ გამოძიება მცდარ გზას ადგა მანამ, სანამ დანაშაულის ადგილზე ნაპოვნი ცხვირსახოცის კუთხეში ამოქარგული H ლათინური საანბანო სისტემის ნიშანი (ჰ) ეგონათ, მაშინ, როდესაც რუსული ნ ყოფილა.

კონან დოილის ერთ მოთხრობაში კედელზე სისხლით დაწერილ Rache-ს გამომძიებელი ლესტრეიდი ინგლისურად კითხულობს და ქალის სახელი „რეჩელ“ ჰგონია, რომლის დასრულება (ბოლოში ასო ლ-ს მიწერა), მისი აზრით, მკვლელს ვეღარ მოუსწრია. შერლოკ ხოლმსი ხვდება, რომ კედელზე წარწერილი სიტყვა ინგლისურად კი არა, გერმანულად უნდა იქნეს წაკითხული – „რახე“, რაც შურისძიებას ნიშნავს, და ამით გამოძიებას მცდარ კვალზე დადგომას ააცილებს.

სხვადასხვა ანბანურ სისტემათა აღრევის ეს მაგალითები მხატვრული ლიტერატურიდან მოვიყვანეთ. ახლა რეალობაში გადავინაცვლოთ:

ლიონ ფოიხტვანგერის „ესპანური ბალადის“ ქართულ თარგმანში ერთი ამგვარი ფრაზაა:

„- რა ფასი აქვს თქვენს საცოდავ რახს, თქვენს treuga dei, თქვენს უნიათო eirene! შალომი – აი, გვირგვინი, აი, ნამდვილი ნეტარება“.

ამ სიტყვებით რომანის ერთ-ერთი პერსონაჟი, ახალგაზრდა ებრაელი დონ ბენიამინი, ეკამათება არაებრაელებს, აგრესიულობაში სდებს მათ ბრალს. შალომი მშვიდობაა ებრაულად, eirene ამასვე ნიშნავს ბერძნულად, treuga dei საღვთო ზავია შუა საუკუნეების ლათინურ ენაზე, მაგრამ ეს „რახი“ რაღაა?

თუ გერმანულ ორიგინალს ჩავხედავთ, ვნახავთ, რომ „რახის“ ადგილას წერია Pax (პაქს), რაც მშვიდობაა ლათინურად, მაგრამ მისგან „რახიც“ შეიძლება მივიღოთ, თუკი მას… რუსულად წავიკითხავთ. ეს კი იმ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, ეს ლათინური სიტყვა რუსული სიტყვების გარემოცვაში თუ აღმოჩნდება.

მართლაც, რუსულ თარგმანში ეს ადგილი ასეა:

„Чего стоит ваш жалкий рах, ваша жалкая ტრეუგა დეი, ваша жалкая ეირენე!“

ნათელია, რომ თარგმანი რუსულიდან არის შესრულებული და არა გერმანულიდან (ორიგინალიდან).

ყველაზე მეტი ალბათობა შეცდომის დაშვებისა მაშინ არის, როცა ერთი სისტემის შიგნით არსებობს პოლისემანტიკური ნიშანი, რაც ბუნებრივ სისტემებში ჩვეულებრივი მოვლენაა (მაგალითად, ერთი და იგივე სიმპტომი შესაძლოა რამდენიმე დაავადების მომასწავებელი იყოს). ენაც ბუნებრივი სისტემაა (თუმცა ხელოვნური ენებიც არსებობს) და მასშიც მრავალი პოლისემანტიკური ნიშანია, მრავალი პოლისემანტიკური სიტყვაა (უფრო ზუსტად, ალბათ არც არსებობს ერთმნიშვნელოვანი სიტყვა, ოღონდ ზოგიერთი სიტყვის პოლისემია აშკარაა, ზოგისა შენიღბულია).

რამდენი მნიშვნელობა აქვს ზარს? ლექსიკონს ჩავხედოთ:

1. სპილენძის შენადნობისაგან ჩამოსხმული ღრუ ნაკეთობა კონუსის ფორმისა, რომელსაც შიგნით თავმსხვილი ღერო (ენა) ჰკიდია ხმის გამოსაცემად;

2. მოწყობილობა ბგერითი სიგნალისათვის. ელექტრული ზარი;

3. (საუბ.) ზარის რეკვის ხმა. ზარია, გააღე კარი!;

4. უზომო შიშით გამოწვეული შეშფოთება, – ელდა;

5. (ძვ.) სამგლოვიარო, უსიტყვო გალობა მიცვალებულის გასვენებისას;

6. მოთქმით ტირილი, დატირება ვისიმე;

7. (კუთხ.) დაწნული სასიმინდე, ოთხ ბოძზე მდგარი (შდრ. ძარი);

8. კამათელი. ზარის გაგორება.

9. გამოთქმა ზარი და ზეიმი ან ზარ-ზეიმი დიდ, ხმაურიან ზეიმს ნიშნავს.

სურამის ციხის ლეგენდაში ასეთი ფრაზაა: „გლოვის ზარით მიაცილა დედამ თავისი პირმშო ციხემდე“. გერმანულ თარგმანში არის: „ზარის რეკვის თანხლებით (ან ზარის რეკვის ფონზე – unter Glockengelaeut) მიაცილა დედამ თავისი ვაჟი ციხემდე“.

ანუ: მე-5 ან მე-6 მნიშვნელობების ნაცვლად პირველი მნიშვნელობით არის ზარი გადასული თარგმანში.

ახლა ყოვლად „უმართავი“ ომოფორმიც ვახსენოთ, რომელიც არ იცი საიდან გამოგიხტება! შეიძლება ასი წელი იცხოვრო და ვერ შენიშნო, რომ ხმები, მადნები, ძვრები, დევს, მწერს, ჭამდე, დევნი, ხევს, კიკინებს, ულაყებს, ხურდა, ჩაიცა, იოსებს, თელავს, მადრიდი, ბანდა ზმნებიც არის და არსებითი სახელებიც (ხმები [შენ] – ზმნაა, ხოლო ხმები [ხმა მრავლობით რიცხვში] – არსებითი სახელი. არც მნიშვნელობით, არც წარმოშობით ერთმანეთთან არაფერი აქვთ საერთო). და რაოდენ ვერაგები არიან ხშირად ესენი!

დავით აღმაშენებლის ისტორიკოსს უწერია:

„შემოვიდა ოდესმე ქარავანი დიდი განძით“.

„განძით“ აქ ნიშნავს – „განძიდან“ (განძა ქალაქია, იგივე განჯა).

გერტრუდ პეჩს, „ქართლის ცხოვრების“ გერმანულად მთარგმნელს კი იგი „საგანძურად“ ესმის – ჰგონია, რომ განძით დატვირთულ ქარავანზეა ლაპარაკი, და ასე თარგმნის:

„Einmal kam eine Karavane mit einem großen Schatz.

ასეთი პოლისემიის, ამდენი ომონიმისა და ომოფორმის პირობებში როგორ ვახერხებთ მოსმენილიდან და წაკითხულიდან აზრის (უმეტეს შემთხვევაში მაინც!) სწორად გამოტანას? როგორ და – ალღო და გამოცდილება გვეხმარება.

ალღო და გამოცდილება ის თვისებებია, რომლებიც სულდგმულთათვის არის დამახასიათებელი. ამიტომ ადვილი წარმოსადგენია, რა გასაჭირი ადგას იმ მანქანას, ინტერნეტში განთავსებული ტექსტების თარგმანს რომ ვავალებთ!

ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ინგლისურენოვან ელექტრონულ ჟურნალ „ლიტინფოში“ განთავსებულ ერთ-ერთ ტექსტში ორ ადგილას გვხვდება სიტყვა figures:

1) The fantastic figures by the painter-miniaturist Adelmus… (მხატვარ-მინიატიურისტ ადელმუსის ფანტასტიკური ფიგურები…);

2) …enigmatic and non-realistic figures… (ენიგმური და არარეალისტური ფიგურები…).

რუსულად მთარგმნელი ავტომატი ორჯერვე ამ სიტყვის ასეთ თარგმანს იძლევა – F8D@K, ვინაიდან figur ინგლისურში გარდა ფიგურისა, ციფრსა და რიცხვსაც ნიშნავს.

გერმანულად მთარგმნელმა ავტომატმა პირველ შემთხვევაში სწორად გადმოიტანა figures (Figuren), მეორე ფრაზაში კი „რიცხვებით“ ჩაანაცვლა იგი (Zahlen).

ვისაც ავტომატურად თარგმნილი ტექსტით უსარგებლია, შეამჩნევდა, რაოდენ შორს არის მთარგმნელი ავტომატი სრულყოფისაგან, რა დიდი სიფრთხილეა საჭირო, რომ ამგვარმა თარგმანმა სარგებელზე მეტი ზიანი არ მოგვიტანოს.

მთარგმნელი ავტომატების სრულყოფა ალბათ შესაძლებელია, მაგრამ ეს სემიოტიკის (ნიშანთა თეორიის) სპეციალისტთა გარეშე ვერ მოხერხდება. თავის მხრივ ავტომატურად თარგმნის პრაქტიკული მოთხოვნილება, როგორც ჩანს, ნიშანთა თეორიის შემდგომი განვითარების მძლავრ ფაქტორად მოგვევლინება.

Levan Bregadze

Sign and System

The paper deals with the questions of relationship between signs and the systems of signs.

Emphasis is placed on the difficulties caused by the polysemy of signs.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s