შუქია აფრიდონიძე _ ოპოზიციების სისტემის საფეხურებრივი განვითარებისათვის ენაში


(ქართული ენის მაგალითზე)*

შუქია აფრიდონიძე

ენის სხვადასხვა დონეზე (მორფოლოგია, სინტაქსი, ლექსიკა-სემანტიკა) შეინიშნება გარკვეული ცვლილებები, რომლებიც დროთა განმავლობაში მომხდარა ოპოზიციათა სისტემებში და რომელთა მიხედვითაც შეიძლება ვიმსჯელოთ ამ სისტემების საფეხურებრივ განვითარებაზე. ქართულ ენაში დადასტურებული ზოგიერთი ფაქტი გამოკვეთს ამ ცვლილებათა კანონზომიერ ხასიათს და, ამდენად, აღძრავს ინტერესს ზოგადი ენათმეცნიერების თვალსაზრისითაც.

1. წელიწადის დროთა აღმნიშვნელი თანდებულიანი სახელები

თანამედროვე სალიტერატურო ქართულში ყურადღებას იპყრობს წელიწადის დროთა აღმნიშვნელი სახელები, როდესაც ისინი წინადადებაში დროის გარემოების ფუნქციას ასრულებენ და მიუგებენ კითხვებზე: როდის? რა დროს? ამ შემთხვევაში აღნიშნულ სახელებს დაერთვის -ში ან -ზე თანდებულები, მაგრამ არა ნებისმიერად, არამედ გარკვეული კანონზომიერი განაწილებით, რის შედეგადაც ვიღებთ ამგვარ შეხამებებს:


ზამთარ-ში, ზაფხულ-ში,

მაგრამ:

გაზაფხულ-ზე, შემოდგომა-ზე.

როგორც ვხედავთ, სახელებსა და თანდებულებს შორის შიდასინტაქსური კავშირი სიმეტრიულია: თითოეული თანდებული ორ-ორჯერ გვხვდება, ამასთან, ჯვარედინი პრინციპით: პოლარულად დაპირისპირებული სეზონების აღმნიშვნელი სახელები (ზამთარი, ზაფხული) -ში თანდებულს დაირთავს, ხოლო შუალედური სეზონების აღმნიშვნელი სახელები (გაზაფხული, შემოდგომა) -ზე თანდებულს.

ქართულის მონათესავე ზანურსა და სვანურ ენებში სათანადო სახელთან უთანდებულო მიცემითი იხმარება, ისევე როგორც ძველ ქართულში. მაგ., მეგრულში: ზოთონჯი-ს/ ზოთონ-ს (=ზამთარში), გაბზარხულ-ს (=გაზაფხულზე), ბზარხულ-ს (=ზაფხულში), დამორჩილ-ს (=შემოდგომაზე). უნებურად აღიძვრის ინტერესი ანალოგიური ერთეულების მიმართ სხვა ენებში.

რუსულში ერთფეროვანი სურათია: დროის გარემოებად გამოყენებული ოთხივე სახელი მოქმედებით ბრუნვაშია (უთანდებულოდ): зимой, весной, летом, осенью

გერმანიკულ ენებში – ინგლისურსა და გერმანულში – იხმარება -ში თანდებულის შესაბამისი წინდებული ოთხსავე სახელთან:

ინგლისურში: in winter, in spring, in summer, in autumn.

გერმანულში: im Winter, im Frühling, im Sommer, im Herbst.

ანალოგიური ვითარებაა რომანულ ენებში, კერძოდ, ესპანურსა და იტალიურში ენებში (სათანადო სახელებს -ში-ს ეკვივალენტური წინდებული – შესაბამისად, an და in /di ერთვის). მხოლოდ ფრანგულშია ოდნავი განსხვავება: ოდენ გაზაფხულთან გამოიყენება -ზე თანდებულის შესატყვისი აუ (აუ პრინტემპს), რასაც ფონეტიკური მიზეზით ხსნიან (მხოლოდ ,,გაზაფხულის” აღმნიშვნელი სიტყვა იწყება თანხმოვნით, დანარჩენები კი ხმოვნით იწყება და დაირთავენ -ში-ს ადეკვატურ en წინდებულს (en hiver, en été, en autumn). ძველი ენებიდან ლათინურში ამ ფუნქციას ასრულებს აბლატივი, რომელსაც ოთხივე სახელი იზიარებს დროის გამოხატვისას, ხოლო ძველ ბერძნულსა და ძველ სომხურში (ახალშიც) ასევე საზიარო დატივი გამოდის აღნიშნული ფუნქციით.

ასეთივე სურათია ზოგიერთ აღმოსავლურ ენაში, რომლებშიც ყველგან გამოიყენება ან -ში თანდებულის შესატყვისი წინდებულები (არაბული, სპარსული), ანდა ადგილობითი ბრუნვის ერთი და იგივე ელემენტები (თურქული). საინტერესოა, რომ ეს შუალედური, გარდამავალი წელიწადის დროები თურქულში ასე აღინიშნება: გაზაფხულის აღმნიშვნელი სახელი სიტყვასიტყვით „პირველ (დამდეგ) ზაფხულს“ ნიშნავს, ხოლო შემოდგომა – „ზაფხულის ბოლოს (მიწურულს)“ და, მაშასადამე, ისე ჩანს, რომ ორიენტაცია აღებულია ამ ქვეყანაში ალბათ ყველაზე ხანგრძლივ წლის დროზე – ზაფხულზე.

რით შეიძლება აიხსნას ქართულში წლის დროთა დიფერენცირებული აღნიშვნა დროის გარემოების გამოხატვისას?

თუ ამ სიტყვათა აგებულებას დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ ოპოზიციური თანდებულიანი ფორმები ერთმანეთისაგან სიგრძით განსხვავდება: უფრო მოკლე და მარტივი სახელები (ზამთარი და ზაფხული) -ში თანდებულიანია, ხოლო გრძელი, ნაწარმოები სახელები (გაზაფხული და შემოდგომა) -ზე თანდებულიანი. ამასთან, ზამთარი და ზაფხული (ორივე ზა- ელემენტით იწყება, რასაც სვანურით ხსნიან: ზაჲ (=წელიწადი), ხოლო გაზაფხული ნაწარმოებია ზაფხულ-ისაგან გა- ზმნისწინის მეშვეობით (შდრ. ზმნა გა-ზაფხულ-დ-ა), შემოდგომა კი მასდარის ფორმაა, რომელიც ნაწარმოებია რთული (შე+მო-) ზმნისწინით (შდრ. რაჭული ფორმა, რომელშიც ზმნური ძირი გაშლილი სახითაა წარმოდგენილი: შემო-დეგ-ი).

აქ უნდა გავიხსენოთ, რომ ქართულში გვაქვს პირველი რიგის სახელთაგან შედგენილი კომპოზიტი ზამთარ-ზაფხულ, რომლის საერთო მნიშვნელობაა ,,მუდამ, ყოველთვის”. ასეთი სიმბოლური აღნიშვნა არც სხვა ენებისთვისაა უცხო. შორს რომ არ წავიდეთ, იხ. რუსული გამოთქმები: зимой и летом (= ყოველთვის), сколько лет! сколько зим! (ასე ამბობენ ხოლმე დიდი ხნის უნახაობის აღსანიშნავად). უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ ორი სახელისაგან წარმოქმნილი ოპოზიცია – ფაქტობრივ, ორწევრა ოპოზიცია – დროში წინ უსწრებდა ოთხწევრას. ეს იყო პირველადი წყვილი, რომლის კომპონენტები პოლუსურ (ტემპერატურულ) დაპირისპირებას (სიცივე – სიცხე) ქმნიდა, რაც თავისებური ანტონიმიის შექმნის საწინდრად გვევლინება. შესაბამისად, დანარჩენი ორი სახელი შუალედურია და გარდამავალი (აკი წლის ეს დროები უფრო ,,რბილი ტემპერატურისაა”- თბილი და გრილი). აშკარაა, რომ მათი წარმოშობა მეორეული პროცესია: ამას ცხადყოფს როგორც მათი სტრუქტურა, ისე სინტაგმატიკა. გარდასვლას, გარდამავლობას ქართულში -ზე პრევერბი უფრო შეეფერება. (შდრ. მთაზე/მდინარეზე/ქუჩაზე გადასვლა/გადახტომა და ა.შ.; გადატანითად: გადასვლა ახალ თემაზე/საკითხზე…).

მაშასადამე, გამოიკვეთა ორი, განსხვავებული პერიოდის ოპოზიცია: ერთი მხრით, უფრო ადრეული, მოკლე სიტყვები – ზამთარი და ზაფხული, რომლებსაც საზიარო შეხამების უნარი აღმოაჩნდათ, და, მეორე მხრით, უფრო გრძელი (პრევერბებით ნაწარმოები) და გვიანდელი, ზმნური ელემენტებით გართულებული ლექსემები – გაზაფხული და შემოდგომა (ასევე საზიარო სინტაგმატიკით). ნიშანდობლივია ამ უკანასკნელის წარმოებაში მასდარის მონაწილეობა: მსგავსი ფორმები მსგავსსავე სინტაქსს გვიჩვენებს სხვა ანალოგიურ შემთხვევებშიც (მაგ., ყოველ/ერთ შემოტრიალებაზე, კაკუნზე…).

აღნიშნული თანდებულების ასეთივე განაწილება გვაქვს სივრცისეულ ლექსემებს შორისაც, სადაც თანდებულდართული ყოველი აპელატივის სემანტიკას ეძლევა გადამწყვეტი მნიშვნელობა (ვცხოვრობ/მივდივარ ამა და ამ ქუჩაზე, პროსპექტზე, მოედანზე, მაგრამ: შესახვევში, ჩიხში და ა.შ. (კალანდაძე 1987, 32-34).

ამგვარი დიფერენცირებული განაწილება -ში და -ზე თანდებულებისა ერთი სემანტიკური ველის ფარგლებში მხოლოდ იმ დასკვნის გამოტანის საშუალებას იძლევა, რომ -ში კონსტრუქციანი წყვილი პირველადი წარმოშობისა უნდა იყოს და ამ სემანტიკური ველის სიტყვებს შორის -ზე კონსტრუქციანი გარდამავალი წყვილი შემდგომ, გვიანდელ საფეხურად გვევლინება.

2. ქვეყნის მხარეთა აღმნიშვნელი სახელები

ზემოთ განვიხილეთ დროის ცნებათა გამომხატველ სახელებზე დართულ თანდებულთა განაწილების საკითხი. ახლა ვნახოთ სივრცისეულ ცნებათა, კერძოდ, ქვეყნის მხარეთა აღმნიშვნელი სახელები: აღმოსავლეთი, დასავლეთი, ჩრდილოეთი და სამხრეთი.

როგორც ვხედავთ, ოთხივე ეს არსებითი სახელი ერთი და იმავე ელემენტით, დერივაციული -ეთ სუფიქსით არის ნაწარმოები.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ აღნიშნულმა სახელებმა შეცვალა მანამდე არსებული ტერმინები – შესაბამისად: აღმოსავალი, დასავალი, ჩრდილო და ბღუარი (ჩიქობავა 1953, 70; აბულაძე 1973), დასკვნა ერთადერთი შეიძლება იყოს: გეოგრაფიული სახელების -ეთ სუფიქსით გაფორმებული ყველა ეს სახელური ფორმა, როგორც უნიფიცირებული ფორმები, გვიანდელი, მეორეული წარმონაქმნია. ასე რომ, გარკვეული თვალსაზრისით შეიძლება ითქვას, რომ მათ ტერმინოლოგიური მნიშვნელობა აქვთ.

შევადაროთ ქვეყნის მხარეთა აღმნიშვნელი სახელები ინდოევროპულ ენათა სათანადო მოინაცემებს.

რუსულში არც ერთი ამ ოთხ სახელთაგან არ არის ნაწარმოები რაიმე სპეციალური ან სპეციფიკური ელემენტით: запад, восток, север, юг თუმცა ამ სახელთგან ნაწარმოები ზედსართავები ერთი და იმავე ადიექტიური სუფიქსით იწარმოება: западный, восточный, северный, южный.

გერმანიკულ ენებში შეინიშნება გარკვეული კანონზომიერება, რომელიც ეყრდნობა, პირობითად რომ ვთქვათ, ,,ჯვარედინ პრინციპს”: ჩრდილოეთისა და სამხრეთის აღმნიშვნელ სახელებში ერთი დაბოლოება გვხვდება, ხოლო აღმოსავლეთისა და დასავლეთის აღმნიშვნელში – მეორე. კერძოდ, გერმანულსა და ინგლისურში „აღმოსავლეთისა“ და „დასავლეთის“ ეკვივალენტური სახელები st კომპლექსზე თავდება (გერმ. Ost – West, ingl. East – West), ხოლო „ჩრდილოეთისა“ და „სამხრეთის“ აღმნიშვნელი სახელები გერმანულში დ თანხმოვანზე თავდება (Nord – Süd), ინგლისურში კი – th-ზე (North – South).

იმის გათვალისწინებით, რომ ორი ოპოზიციური ვერტიკალურჰორიზონტალური წყვილიდან ვერტიკალური ისტორიულად წინ უსწრებდა ჰორიზონტალურს (იგულისხმეთ პოლუსების განსაზღვრის პირველადობა), სივრცისეული ცნებების გამომხატველი ეს წყვილი ტერმინი ქვეყნის მხარეთა აღმნიშვნელი სახელების საფეხურებრივი განვითარების კარგ ნიმუშს იძლევა1.

3. დეიქსისი ჩვენებით ნაცვალსახელ-ზმნისართებში

ორწევრა ოპოზიციის პირველადობაზე მსჯელობა ბადებს ჩვენებითი ნაცვალსახელთა მიერ წარმოქმნილ ოპოზიციასთან ანალოგიის განცდას. დღეს ქართულში გვაქვს ჩვენებით ნაცვალსახელთა სამწევროვანი სისტემა: ისინი მიუთითებენ სიახლოვეს I პირთან (ეს), II პირთან (ეგ) და III პირთან (ის). საინტერესოა, რომ ევროპულ ენათაგან ასეთი სამწევროვანი სისტემა მხოლოდ ესპანურსა აქვს: ესტე (ეს), ესე (ეგ), აქუელ (ის). თურქულში ჩვენებითი ნაცვალსახელები ასევე მჭიდრო კავშირშია პირის ნაცვალსახელებთან – პირველნი იმეორებენ ამ უკანასკნელთა თანხმოვნით ნაწილს, III პირთან სიახლოვის მითითების ფუნქცია კი მათ საერთო აქვთ (შდრ.: I პ. ben – bu, II პ. šენ – šუ, III პ. o).

აშკარაა, რომ ამ სამ ნაცვალსახელს შორის სტრუქტურულად ერთმანეთს შეიძლება დაუპირისპირდეს მხოლოდ ორი წყვილი კომპონენტი: ეს და ის (საერთო თანხმოვნებით), ანდა: ეს და ეგ (საერთო ხმოვნებით). ვინაიდან ჩვენებით ნაცვალსახელთა პირველადი ფუნქციაა მითითება, რაც, ცხადია, პირველ ყოვლისა, დეიქტური ხმოვნების მეშვეობით (თანხმოვნური ძირით) ხორციელდება, ოპოზიციის პირველ საფეხურად უნდა მივიჩნიოთ დაპირისპირება III პირისა მისგან განსხვავებულ I და II პირებთან. ასეთი დაპირისპირება შეეძლო გამოეხატა მხოლოდ ეს – ის ოპოზიციას, რომელთაგან ეს (<ესე) მიუთითებდა ერთობლივად I და II პირებთან სიახლოვეს, ხოლო ის (<ისი) – III პირთან სიახლოვეს (მელიქიშვილი 1980, 48-58; ჩართოლანი 1985, 143).

მოგვიანებით, ენის განვითარებასთან ერთად, მოხდა შემდგომი დიფერენცირება და სამი პირის გამოყოფა: ეს ნაცვალსახელს მთლიანად დაეკისრა I პირთან სიახლოვის გამოხატვა, ის ნაცვალსახელმა დაიტოვა თავისი (III პირთან სიახლოვის გამოხატვის) ფუნქცია, ხოლო დარჩენილ II პირთან სიახლოვის მისათითებლად უკვე არსებული არსენალიდან გამოყენებულ იქნა ეგ ნაცვალსახელი, რომელსაც I პირთან მაახლოებელ ეს-თან მსგავსი თუ საერთო და, თანაც, სპეციფიკური ელემენტი უნდა ჰქონოდა. ასეთი ელემენტი კი აღმოჩნდა ე ხმოვანი, რომელიც I და II პირისათვის საერთოა და, თანაც, ამ საერთო ე ელემენტით ორივენი (ეს და ეგ) უპირისპირდებიან III პირთან სიახლოვის მაჩვენებელს – ის ნაცვალსახელს.

საინტერესოა ისიც, რომ აღნიშნულ ე-ხმოვნიან ნაცვალსახელთა (ეს, ეგ) ბრუნებისას ე ხმოვანს ირიბ ბრუნვებში ყველგან ა ენაცვლება (ამ, მაგ), ხოლო ი-ხმოვნიან ნაცვალსახელთა ბრუნებისას ხმოვანი უცვლელია, იცვლება მხოლოდ თანხმოვანი (ის – იმ), ანუ: I და II პირებთან სიახლოვის მაჩვენებელ ნაცვალსახელთა ხმოვნები (ე>ა) ვარიანტულია, III პირთან სიახლოვისა კი – ინვარიანტული (ი).

მსგავს სურათს ავლენს შესაბამისი დეიქტურხმოვნებიანი ზმნისართები: პირველადი ოპოზიცია გვაქვს აქ – იქ ზმნისართებში, გვიანდელ საფეხურზე კი ჩნდება მანდ ზმნისართი, რომელიც განსხვავებულ ძირს კი გვიჩვენებს, მაგრამ აქ ზმნისართთან საზიარო აქვს ა ხმოვანი. უნდა შევნიშნოთ, რომ დიალექტურ მეტყველებაში მანდ და აქ ზმნისართების კონტამინაციით ვიღებთ მაქ ფორმას (აქედან იწარმოება ადიექტივიც: მაქაური).

ვარიანტულობა-ინვარიანტულობის თვალსაზრისით საანალიზო ზმნისართების ხმოვნები ორსავე შემთხვევაში ა (<აქ, მანდ) და ი (<იქ) ინვარიანტულია, თუმცა ძირის შედგენილობის მხრივ მანდ-ის მეორეულობა ეჭვს არ იწვევს.

4. სინონიმთა წარმოება მარტივი სიტყვის კომპოზიციის გზით

თანამედროვე ქართული ენის სიტყვაწარმოებაში შეინიშნება გარკვეული სახის კომპოზიცია, როდესაც მარტივი სახელი იჩენს კომპოზიტის ფორმის სინონიმს ამოსავალი სახელის მონაწილეობით. სანიმუშოდ აქ მოგვყავს ორი მაგალითი:

1. კაცი და მამაკაცი.

არსებითი სახელი კაცი ერთდროულად მონაწილეობს როგორც სინონიმურ, ისე ანტონიმურ პარადიგმატულ რიგში. მოგვყავს ზოგიერთი ცნობილი ფაქტი ამ პარადიგმატიკიდან.

როგორც ცნობილია, კაცს გარკვეულ კონტექსტებში, ფართო მნიშვნელობით, სინონიმურად უკავშირდება ადამიანი, ხოლო ანტონიმურად (სქესის მიხედვით) – ქალი. ბუნებრივი დაპირისპირების ტი პობრივ ნიმუშად შემდეგი ფრაზაც იკმარებს:

ყველა იქ იყო – კაცი და/თუ ქალი, დიდი და/თუ პატარა.

მოგვიანებით სიტყვა „კაცმა“ გაიჩინა სინონიმი გართულების გზით:

პრეპოზიციური მამა კომპონენტის დართვით აწარმოვა რთული სახელი მამაკაცი, რომელიც თანამედროვე მეტყველებაში ქალ-თან დასაპირისპირებლად უპირატესად ენაცვლება კაც-ს. მაგ., გახმაურებული ფრანგული ფილმის სათაური გადმოაქართულეს როგორც „ქალი და მამაკაცი“ (და არა: ქალი და კაცი). მაგრამ ასეთი წარმოება ამოსავალი კაცის უბრალო და უშუალო გართულების შედეგი არ ყოფილა:

სავარაუდოა, რომ კომპოზიტი მამაკაცი ანალოგიით, ამასთან, ,,შემოვლითი” გზით წარმოიქმნა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ქალის აღსანიშნავად მარტივ სიტყვა კაცს დაუპირისპირდა კომპოზიტი დედაკაცი, რომელშიც დედა კომპონენტი კაცის (=ადამიანის) პრეპოზიციურ მსაზღვრელად მოგვევლინა. ასეთი კომპოზიტის შექმნამ „აამუშავა“ (იმავე ანალოგიის პრინციპით) ოპოზიცია დედა – მამა და ამ წყვილის მეორე ცალიც მოამზადა ახალი კომპოზიტის საწარმოებლად.

ამ კონტექსტში არც ისაა დასავიწყებელი, რომ ცხოველთა გარკვეულ სახეობათათვის მათი სქესის აღსანიშნავად პრეპოზიციურ მსაზღვრელებად იხმარება (განსაკუთრებით ფრინველთათვის) ოპოზიციური წყვილი: დედალი და მამალი (ძუსა და ხვადის, ან ფურისა და ხარის ანალოგიურად, მაგ.: დედალი ხოხობი, მამალი ინდაური…).

2. ბატონი – ვაჟბატონი.

ზუსტად იგივე პრინციპი დაედო საფუძვლად ბატონ-ისაგან ვაჟბატონის წარმოებას. ცნობილია, რომ სიტყვა ბატონი მისი ხმარების ადრეულ საფეხურზე (მეტადრე მიმართვის ფორმებში) გაუდიფერენცირებლად გამოიყენებოდა კაცისთვისაც და ქალისთვისაც (ც. კალაძე 1984, 324-25).

შემდგომ, როცა ევროპულ ენათა ზეგავლენით ქალთა მიმართ საჭირო შეიქნა ქალ- კომპონენტის პრეპოზიციური დართვა, ამან აამოძრავა სხვა ოპოზიციური წყვილი – ქალი და ვაჟი. გავიხსენოთ სატრფიალო ხალხური პოეზიის ჟანრი „ქალვაჟიანი“ (აკი ორთოგრაფიული ლექსიკონის სარეკომენდაციო სახელებიც სწორედ ასეა დაყოფილი: ჯერ ქალის სახელები, შემდეგ – ვაჟის სახელები). იგევე ოპოზიციაა გამოყენებული შვილთა სქესის აღმნიშვნელი კომპოზიტების წარმოების დროსაც: ქალიშვილი, ვაჟიშვილი. ამის ანალოგიით აღნიშნული წყვილის მეორე ცალიც (ვაჟი) ჩადგა ახალი კომპოზიტის წარმოების სამსახურში, რის შედეგადაც შეიქმნა რთული სიტყვა ვაჟბატონი, თუმცა აქვე ისიც უნდა შევნიშნოთ, რომ, განსხვავებით ქალბატონისაგან, რომელიც იხმარება როგორც ნეიტრალური, ისე ირონიული მნიშვნელობით, ვაჟბატონი მხოლოდ ირონიული ნიუანსით არის შეფერილი. მაშასადამე, ორსავე განხილულ შემთხვევაში კომპოზიტური სინონიმი მიღებულია ,,შემოვლითი” გზით – ამოსავალი სახელის ანტონიმიზაციის გზით, ასე:

კაცი – დედაკაცი – მამაკაცი;

ბატონი – ქალბატონი – ვაჟბატონი.

* * *

ზემოგანხილულ ოპოზიციურ ლექსიკურ თუ გრამატიკულ ქვესისტემებში დიფერენცირებული მოდელების არსებობა მოწმობს, ერთი მხრივ, მათს საფეხურებრივ განვითარებას (3-წევრა ოპოზიცია ძირითადად 2-წევრა ოპოზიციის მომდევნო საფეხურია, მაგ., ჩვენებითს ნაცვალსახელებსა და ზმნისართებში; საფეხურებრივი ჩანს -ში/-ზე თანდებულთა განაწილებაც წლის დროთა აღმნიშვნელ სახელებში). მეორე მხრივ, ვხედავთ, რომ სიტყვათა სხვადასხვა პარადიგმატულ რიგებს შორის მჭიდრო შინაგანი კავშირი არსებობს, რაც განსაკუთრებით ნათლად ჩანს, როცა ერთი და იგივე სიტყვა მონაწილეობს სხვადასხვა პარადიგმატულ რიგში (სინონიმია და ანტონიმია).

ერთ-ერთი მათგანში მომხდარი ცვლილებები დროთა განმავლობაში ჯაჭვური რეაქციით იწვევს ცვლილებებს მეორე რიგში.

მთავარი კი ის არის, რომ ენა, შინაგანი ლოგიკურობისა და მეტნაკლები მოწესრიგებულობის მიუხედავად, მათემატიკურ წესებს როდი მიჰყვება: იგი უფრო მგრძნობიარეა ტრადიციებისა და განვითარების შინაგანი კანონების მიმართ, და ის ცვლილებები, რომლებსაც იგი განიცდის, ხდება ანალოგიებისა და ასოციაციების საფუძველზე ერთი სემანტიკური ველის ფარგლებში.

On the Gradual Development of Opposition Systems in Georgian

Shukia Apridonidze

The article discusses the typology of the gradual development of opposition systems in Georgian in the process of unification. Some of the temporal and spacial?concepts, expressed by special nouns (denoting, e.g. the four seasons of year,?and their syntagmatics with postpositions -shi/-ze (-in /on), and the cardinal?points, etc.), and, finally, the development of the opposition of deictic particles of?the demonstrative pronouns are discussed as well.

__________________

* წაკითხულია ვ. თოფურიას ხსოვნისადმი მიძღვნილ სამეცნიერო სესიაზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახ. უნივერსიტეტში 2007 წლის 8 იანვარს.

1. მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ ინგლისურში სტ კომპლექსი ხშირად მიიღება სსის მომდევნოდ მჟღერი (ე)დ თანხმოვნის ასიმილაციური გაყრუების შედეგად (მაგ., პასსედ „გა(ნ)ვლილი“ > past „წარსული“), ე.ი. თეორიული ვარაუდი ოპოზიციური სისტემების რელატიური ქრონოლოგიის თაობაზე ამ შემთხვევაში წმინდა ფონეტიკური საბუთითაც დასტურდება, ხოლო ორი „ჯვარედინი” ოპოზიციური სისტემის – გაერთმნიშვნელიანება-უნიფიცირების ფაქტი ჰორიზონტალური წყვილის მეორეულობის დამატებით არგუმენტს წარმოადგენს.

ლიტერატურა:

1. აბულაძე, 1973 – ი. აბულაძე, ძველი ქართული ენის ლექსიკონი, თბ., 1973.

2. კალანდაძე, 1987 – ვ. კალანდაძე, თანდებულთა ხმარების საკითხები (-ზე და -ში თანდებულთა მონაცვლეობის შესახებ). – თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმები, ბიულეტენი # 3, გვ. 31-49.

3. კალაძე, 1984 – ც. კალაძე, სახელ-მამისსახელობითი მიმართვის შესახებ ქართულში. კრ. „ქართული სიტყვის კულტურის საკითხები“, VI, „მეცნიერება“, თბ., 1984, გვ. 309-329.

4. მელიქიშვილი, 1980 – დ. მელიქიშვილი, პირის ნაცვალსახელთა ფუძის აგებულებასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხი. კრ. „ნარკვევები იბერიულ-კავკასიურ ენათა მორფოლოგიიდან“, „მეცნიერება“, თბ., 1980, გვ. 48-58.

5. ჩართოლანი, 1985 – ნ. ჩართოლანი, ჩვენებით ნაცვალსახელთა სისტემები ქართულში სხვა ქართველურ ენებთან შედარებით, ,,მეცნიერება”, თბ., 1985.

6. ჩიქობავა, 1953 – არნ. ჩიქობავა, ეტიმოლოგია ძველი ქართული ტერმინებისა „ბღუარი“, „სამხარი“. იკე, ტ. V, თბ., 1953, გვ. 65-71.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s