ნინო დობორჯგინიძე _ „ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ“ ქრისტიანული აღმოსავლეთის სახოტბო პოეზიის კონტექსტში


იოვანე ზოსიმეს „ქება და დიდება ქართულისა ენისა“ ძველი ქართული სახოტბო პოეზიის ერთ-ერთ ყველაზე „თავსატეხ“ ძეგლად ითვლება. ამ თხზულების საკმაოდ გაუგებარი ქვეტექსტები და ალეგორიები ფილოლოგიური ძიების მეტად საინტერესო საგანი იყო წლების განმავლობაში. წინამდებარე ნაშრომში მე არც ამ მრავალრიცხოვანი ლიტერატურის მიმოხილვას ვაპირებ და ვერც ამ გაუგებარ ქვეტექსტებზე და ალეგორიებზე ვისაუბრებ. მე შევეცდები, მოკლედ აღვწერო ის საერთოაღმოსავლური კონტექსტი, რომელშიც ეს ხოტბა უნდა შექმნილიყო და რომლის გათვალისწინებაც, ჩემი აზრით, გარკვეულწილად მაინც ხსნის „ქებასთან“ დაკავშირებულ ზოგიერთ საკითხს.

ნაწარმოებები, რომელთაც ამ კონტექსტში განვიხილავ, როგორც ქრონოლოგიურად, ისე გეოგრაფიულად საკმაოდ დაშორებულია ერთმანეთს; მათ არც ურთიერთგავლენის კვალი ეტყობა; ამ ტიპის სირიულ, კოპტურ, ქართულ, სომხურ თუ საეკლესიო სლავურ ძეგლებს სხვა რამ აერთიანებს: როგორც ჩანს, ისინი იწერებოდა ერთ კონკრეტულ ,,ბრალდებაზე” საპასუხოდ, ერთი მიზნით: აღმოსავლეთ ქრისტიანობის არაელინიზებულ ხალხებს თავი დაეცვათ ბერძენთა შეფასებისაგან, რომელიც ანტიკურობისა და შუასაუკუნეების ყველაზე ტიპიური ოპოზიციის სახელითაა ცნობილი: Нλλης. ეს ოპოზიცია არამარტო ბერძნების საყოველთაოდ აღიარებული კულტურული აღმატებულობის სიმბოლო იყო, არამედ ბერძნულთან შედარებით ამ ენების ფუნქციური დიფერენცირების საფრთხესაც ქმნიდა. მით უმეტეს, რომ ამის პრეცედენტი უკვე არსებობდა ქრისტიანულ დასავლეთში, სადაც ჯერ კიდევ ქრისტიანობის შემოღებამდე კულტურისა და ურთიერთობის ენად აღიარებული ლათინური უმტკივნეულოდ, ყოველგვარი „გარეგანი“ ძალდატანების გარეშე იქცა დასავლეთის ერთიანი ეკლესიის უნივერსალურ ენად. ლათინურის ამგვარმა პრიმატმა, ანუ როგორც მას სამართლიანად უწოდებენ, „ლათინურის სპირიტუალურმა იმპერალიზმმა და საკრამენტალურმა კულტმა,“2 კი მნიშვნელოვნად შეაფერხა ადგილობრივი ნაციონალური ენების განვითარება, მათი ქცევა სამწერლობო ენებად.


როგორც ცნობილია, ენათა ამგვარ ფუნქციურ დიფერენციაციას ლეგიტიმურობას ანიჭებდა ლათინურ პატრისტიკაში შემუშავებული სამი წმინდა ენის, ანუ ტრილინგვიტას თეორია, რომელიც კაცობრიობის თავდაპირველ ენას, ებრაულს, სიბრძნისა და მეცნიერების ენას, ბერძნულს და დასავლეთ რომის იმპერიის საყოველთაო ენას, ლათინურს, გამორჩეულ სტატუსს ანიჭებდა ე. წ. „წმინდა არგუმენტების“ მოშველიებით. პირველი არგუმენტი თანაბრად ეხებოდა სამივე ენას და გახლდათ ის, რომ ქრისტეს ჯვრის ცნობილი წარწერა ებრაულად ბერძნულად და ლათინურად იყო შესრულებული.3

მეორე არგუმენტი განსხვავებული იყო თითეული ენის შემთხვევაში:

● ასაკი, რჯული (Leges, aetas) – ებრაულისთვის

● სიბრძნე და მეცნიერება (Sapiens) – ბერძნულისთვის

● რომაელთა საყოველთაო ძალაუფლება (Imperium Romanum) – ლათინურისთვის.4

ბერძნულ-ლათინური პატროლოგია ეჭვქვეშ აყენებდა ებრაული და ლათინური ენების „წმიდაობის” საბუთებს. იგი სამართლიანად თვლიდა, რომ ლათინური ახალგაზრდა და ღარიბი ენაა,5 ებრაული კი საკმაოდ ვიწროდ შემოსაზღვრული ერთობის, იუდაიზმის, იდენტობის სიმბოლოა და არა ქრისტიანული უნივერსალიზმის. ამ კონტექსტში იგი შეიძლება აღქმულ იქნას, როგორც ქრისტეს გზით გადალახული წარსულის პატივსაცემი რელიქტი და ამდენად, მას წმინდა ენის არა რეალური, არამედ საპატიო ,,ტიტული” შეიძლება ერგოს;6 ერთადერთი ენა, რომელსაც ძალუძს სრულყოფილად გამოთქვას ამ რელიგიის საიდუმლო, არის ბერძნული, წერდა ბასილი დიდი თავის 214-ე ეპისტოლეში ტერენციუსის მიმართ: περί δέτουότιύττοόταοs και ούόία ου ταυτουέότι, καίαυτοι, ώsυομίζω ύττεοημηυαυτο οί άττο οήs Δύσεωs άδελφοί έυ οίs το στενόν τηs έαντών γλώττηs ΰφορώμενοι τό τήs ουόίαs őνομα αή Ελλάδι φωνή τταρδεδώκασιν7

ამგვარი კონკურენციის პირობებში, როცა თვით ებრაულსა და ლათინურსაც კი უჭირდათ ბერძნულის რეალური კულტურული ავტორიტეტის გვერდით დამკვიდრება, განსაკუთრებით მწვავედ იდგა აღმოსავლეთ ქრისტიანობის ხალხურ ენათა ბერძნულთან თანასწორობის საკითხი. ის ფაქტი, რომ ეს ხალხური ენები, კოპტური, ეთიოპური, ქართული, სომხური, საეკლესიო სლავური, მისიონირებასთან ერთად საკუთარი დამწერლობის მქონე ენებად იქცნენ, ვერანაირად ვერ აქარწყლებდა ოპოზიციას: Ηλληνεs-βάρβαροι იმ უდიდესი კულტურული ნახტომის მიუხედავად, რასაც დამწერლობის შექმნა და სალიტერატურო ტრადიციების დაწყება ჰქვია, რეალურად ეს ენები ურთულესი პრობლემის წინაშე იდგნენ – მათ, შედარებით ნაკლები გამოცდილების მქონე ენებს, სრულყოფილად და, რაც მთავარია, ორიგინალის ,,ხატად და მოქცევად” (ეფრემ მცირე) უნდა გადმოეღოთ ფილოსოფიასა და რიტორიკაში გაწაფულ ბერძნულ ენაზე შექმნილი ტექსტები.

ამგვარ პირობებში თვითდამკვიდრებისათვის ეს ენები ორ უმთავრეს გზას ირჩევდნენ:

1. ისინი არ უარყოფდნენ, რომ მათი ენა ღარიბია, „უღონოა“,8 მაგრამ მათთვის ეს „აღიარება“ ენის ფუნქციური სფეროების შეზღუდვას კი არ ნიშნავდა, როგორც ქრისტიანულ დასავლეთში,9 პირიქით, სწორედ მშობლიური ენის სიღარიბე განაპირობებდა მწერალმთარგმნელთა სწრაფვას, ინტენსიური სალიტერატურო-მთარგმნელობითი საქმიანობით ღარიბი მშობლიური ენა „გონიერთა ხედვათა მომმარჟვე“ (იოანე პეტრიწი) ბერძნულის თანასწორი გაეხადათ.

2. ამასთანავე, ეს ენები ცდილობდნენ, საკუთარი ისტორიული წარსულიდან გამოეძებნათ წმინდა ენების ბადალი არგუმენტები და ამით მათი ღირსეულობა და ბერძნულთან მათი თანასწორუფლებიანობა დაემტკიცებინათ.

წინამდებარე ნაშრომში ამ უკანასკნელს – საკუთარი ისტორიიდან წმინდა ენების ბადალი არგუმენტების გამოძებნას – შევეხები. ესაა სწორედ ის საერთო ნიშანი, რომლის მიხედვითაც ზემოთ დასახელებულ ტექსტებს ერთ სიბრტყეზე განვიხილავ.

ამ თვალსაზრისით ყველაზე მეტი სათქმელი სირიელებს ჰქონდათ, და ვინაიდან აღმოსავლეთის სხვა ხალხებთან ერთად ისინიც ოპოზიციის: {მეორე ნაწილში იგულისხმებოდნენ, ბუნებრივია, აქტიურად კამათობდნენ წმინდა ენების არგუმენტების შესახებ და სირიულისთვისაც ასახელებდნენ ამავე რანგის „საბუთებს“.

სირიელთა მთავარი სამიზნე იყო პირველი არგუმენტი, ანუ სამ ენაზე შესრულებული ქრისტეს ჯვრის წარწერა: „იესო ნაზარეველი მეფე იუდეველთა”. VI საუკუნის ანონიმური თხზულება „განძეულობათა გამოქვაბული”, რომელიც ეფრემ ასურს მიეწერება და შემონახულია სირიული და არაბული ვერსიებით, ეჭვქვეშ აყენებს ამ არგუმენტს და წერს: „ებრაულად, ბერძნულად და ლათინურად შესრულებული ეს წარწერა სულაც არ მეტყველებს ამ ენების სასარგებლოდ, პირიქით, იგი არის ნიშანი იმისა, რომ ამ ხალხებს წილი მიუძღვით მესიის ჯვარცმაში: ამას განასახიერებს ჰეროდე ბერძენი, კაიფა ებრაელი და პილატე რომაელი. სამართლიანია, რომ სირიული ენა არაა მათ შორის, ვინაიდან სირიელებს არავითარი ბრალი არ უდევთ ამ ტრაგედიაში. ამის მოწმეა ედესის მეფე ავგაროზი, რომელსაც სურდა შესულიყო იერუსალიმში და დაენგრია იგი იმ მიზეზით, რომ ებრაელებმა ჯვარს აცვეს მესია.”10

სირიელები ებრაული ენის სიწმინდის არგუმენტსაც (ებრაული თავდაპირველი ენაა) უწევდნენ კონკურენციას და ამტკიცებდნენ, რომ არა ებრაული, არამედ სწორედ სირიულია უპირველესი ენა. ამ საკითხებს დაწვრილებით მიმოიხილავს მეექვსე საუკუნის აღმოსავლეთ მესოპოტამიელი უცნობი ავტორის თხზულება. შდრ. ,,პირველი ენა, რომლითაც ღმერთი ადამის მოდგმას ელაპარაკებოდა, იყო სუფთა და დახვეწილი სირიული. ებრაული არ ეკუთვნის ბაბილონის გოდოლის მშენებლობის შემდეგ განყოფილ სამოცდაათ იდიომათა რიცხვს, ვინაიდან იგი პირველად აბრაამმა შემოიტანა, როგორც არამეულისა და ქანაანურისაგან შექმნილი იდიომა. ამიტომაც ვამბობთ ჩვენ, რომ ებრაული სხვადასხვა ენებისაგან შედგენილი ხელოვნური ენაა. რაც შეეხება საკუთრივ ღმერთის ენას, იგი, რა თქმა უნდა, სირიული არ ყოფილა, არამედ ზეადამიანური იდიომა იყო, ენა, რომლითაც ღმერთი ანგელოზებს ელაპარაკებოდა.”11

თვალსაზრისი, რომ სწორედ სირიულია კაცობრიობის თავდაპირველი ენა, კარგად იყო ცნობილი აღმოსავლეთის ხალხთა,12 მათ შორის ქართველების, რელიგიურ ისტორიოგრაფიაში. ,,ვახტანგ გორგასლის ცხოვრება” დაწვრილებით აღწერს ბაბილონის გოდლის ამბებს და თავდაპირველი ენის დაშლას სხვადასხვა ენებად:

„… და ენება, რათა აღვიდეს ცად და იხილნეს მყოფნი ცისანი. ხოლო ვითარცა განვლო საზღუარი ჰაერისა და შევიდა საზღუარსა ვარსკულავთასა, ვერღარა უძლებდეს საქმედ მოქმედნი, რამეთუ დადნებოდა ოქრო და ვეცხლი. … და ესმა მუნით საზრახავი შვიდთა

გუნდთა ზეცისათა, რომლისაგან შესულბეს ადამიანი. და იქმნა ყოველი კაცი თჳთო ნათესავი მეტყუელ თჳთო ენასა და არღარა ერჩდეს ურთიერთას პირსა მოყუსისა თისისა და წარვიდეს. და დაუტევეს ყოველთა ქალაქი და წარვიდეს. და დაუტევნა ჰინდურად მზრახვალნი ჰინდოეთს, სინდნი – სინდეთს, ჰრომნი – ჰრომს, ბერძენნი – საბერძნეთს, აგ და მაგუგ – მაგუგეთს, სპარსნი – სპარსეთს. ხოლო პირველი ენა ასურებრი იყო“13

ქართული ისტორიოგრაფია ბიბლიური სამოცდათორმეტი (იუდაისტური ტრადიციის მიხედვით – სამოცდაათი) ენის კონტექსტშიც ახსენებს სირიულს, როგორც ენათა საწყისს. შდრ. ,,შემოკრბეს ყოველნი ტომნი ნოესნი და შვილნი, სემ ქამ და იაფეთ და არფაგსად და ფალეგ და იოვათ და წარვიდეს აღმოსავლით და ჰპოვეს ველი … და დაეშენნეს მუნ. და იყო სიტყუა მათი ერთ და /ერთსა/ ენასა ზრახვიდეს ადამისითგან ვიდრე მუნ დღედმდე, ენასა ასურულსა ფრიად ვრცელსა … და არს იგი მეფე ყოვლისა ენისა. და მიერითგან განეყო წერილი პირველ, რომელსა წერდეს, ებრაულ, ხოლო შერთო ენა, რომელიცა არს ქუეყანასა ზედა. ასურით გამო ისწავეს; არამედ იგი სძლევს ყოველსა ენასა, და წერილი ასურთა და სარკინოზთა მარჯუენით დაიწყების და მარცხენით დაესრულების. ხოლო ბერძენთა და რომთა წერა წაღმართ არს. … ხოლო დღეთა ებერასთა, რაჟამს აღაშენეს გოდოლი ბაბილოვანს, მუნ შეირივნეს ენანი და განიბნივნეს ყოველნი პირსა ქუეყანისასა. და ეწოდა ამისთჳს ადგილსა მას ბაბილოვანი. და შემდგომად განყოფასა ენათასა მოკუდა ებერა… და დაფლეს ძეთა მისთა რაგავ და სექორა სოფელსა, რომელსა ეწოდა მეხლინ, … და მიერითგან იქმნა ქუეყანა სამეოცდაათ ენათა და სამეოცდაათ მთავრად. და ყოველსა ენასა დაადგინეს მეფე”.14

სირიელები არც მეცნიერებითა და სიბრძნით წმინდა ენად გამორჩეულ ბერძნულთან დარჩენილან ,,ვალში” და ამაყად აცხადებდნენ, რომ ბერძნებმა სიბრძნისა და მეცნიერების თავი და თავი – ანბანი – ფინიკიელებისაგან ისწავლეს, ე.ი. გარკვეულწილად სწორედ სირიელებისაგან არიან დავალებულნი.15 მათი თქმით, ამ არგუმენტების მიხედვით სირიული უფრო წმინდაც კია, ვიდრე ებრაული, ბერძნული ან საკმაოდ საეჭვო და არაპრესტიჟული არგუმენტით (Imperium Romanum) გამორჩეული ლათინური.

ისტორიული არგუმენტებით თავისი გამორჩეულობის დამტკიცებას ცდილობდნენ აღმოსავლეთ ქრისტიანობის სხვა ენებიც, მათ შორის, კოპტური, ქართული, სომხური და საეკლესიო სლავური.

ის ფაქტი, რომ მთელ არაბულ სამყაროში ქრისტიანობა არა ადგილობრივ არაბულ ენებზე, არამედ კოპტურად გავრცელდა, კოპტურს მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა საერთო აღმოსავლური მოდელისგან. კოპტურმა ამ სივრცეში ლათინურის მსგავსი რელიგიის „საყოველთაო“ ენის ფუნქცია შეასრულა, რითაც იგი მისიონირების თავდაპირველ წესს აგრძელებდა. კოპტურის მსგავსი საყოველთაო ფუნქცია ჰქონდა სლავურ სამყაროში საეკლესიო სლავურს, რომელიც ბეჯითად ცდილობდა დაეცვა მისი უფლება, ყოფილიყო ბიბლიის თარგმანის, ლიტურგიისა და საერთოდ, რელიგიის ენა.16

მშობლიური ენის განსაკუთრებულობისა და სიწმინდის არგუმენტებს საგანგებოდ ეძებდნენ სომეხი ავტორებიც მოსე ხორენელს დიდი სასომხეთის ისტორია ბაბილონის გოდლის მშენებლობიდან და ენათა და ხალხთა განყოფის ამბებიდან გამოჰყავს. მისი თქმით, სომეხი ხალხის მამამთავარი, ბიბლიური თოგარმას ძე, გოლიათი ჰაიკი, ბაბილონის გოდლის თანამაშენებელი იყო. ჰაიკმა გაათავისუფლა თავისი ხალხი ბელნიმროდის მონობისაგან და ნამდვილი სამშობლოსკენ წამოიყვანა. მისი შვილი, არმენაკი, სომეხი ხალხის სახელმდებელია. მოსე ხორენელის ამ სიუჟეტს დაბეჟითებით იმეორებს მომდევნო პერიოდის სომხური საისტორიო მწერლობა და მას არაერთ საინტერესო ისტორიას უმატებს. IX-X საუკუნეების სომეხი მწერალი, კათოლიკოსი იოვანე VI (835-925), XII საუკუნის ცნობილი სომეხი ისტორიკოსი, ვარდან არველცი, სომხური ენის წარმოშობას უშუალოდ უკავშირებენ ბაბილონში თავდაპირველი ენის დაშლას და ხოტბას ასხამს მას, როგორც კაცობრიობის ენათა გვირგვინს. შდრ. „ამის შედეგად (თავდაპირველი ენის დაშლა იგულისხმება) მრავალი სიკეთე იქმნა, […] პირველი უხეში ენისაგან წარმოიქმნა რბილი ელინთა [ენა], მაგარი რომაელთა, მრისხანე ჰუნთა, მვედრებელი ასურთა, მრავალფეროვანი სპარსთა, ლამაზი ალანთა, სასაცილო გუთთა, ყრუ ეგვიპტელთა, ჟღურტულა ჰინდოთა, ყოვლად შემკული და სასიამოვნო სომეხთა.”17

სასომხეთისა და სომხური ენის განხილვა ბიბლიური „წმინდა ისტორიისა“ და თავდაპირველი ენის ბუნებრივ ენებად დაყოფის კონტექსტში იყო ის საფუძველი, რომელსაც ახალ დრომდე ეყრდნობოდა სომხური ისტორიოგრაფია და საკუთარი ენის გამორჩეულობის არგუმენტად ასახელებდა: „გოლიათმა ჰაიკმა სომხეთის სამეფო იქ დააარსა, სადაც წარღვნის შემდეგ ნოეს კიდობანი დაეშვა მიწაზე, ამდენად, სომხურმა კაცობრიობის მამამთავრის, ნოეს ენა შემოინახა.“18 ამ არგუმენტით იგი ისეთივე გამორჩეული და წმინდაა, როგორც ებრაული, ბერძნული ან ლათინური.

ბაბილონისდროინდელ ამბებთან უშუალო კავშირში განიხილავს ამ საკითხებს ქართული ისტორიოგრაფიაც. ქართლოსის მამა, თარგამოსი, „იყო კაცი გმირი. და შემდგომად განყოფისა ენათასა, ოდეს აღაშენეს ბაბილონს გოდოლი, და განეყვნეს მუნ ენანი და განიბნინეს მუნით ყოველსა ქუეყანასა. და წარმოვიდა ესე თარგამოს ნათესავითურთ მისით, და დაემკჳდრა ორთა მთათა შუა კაცთშეუვალთა, არარატსა და მასისსა.“19

აქ კიდევ ბევრი არგუმენტის დამოწმება შეიძლებოდა ძველი ბულგარულისა თუ საეკლესიო სლავურის ისტორიიდან იმ საერთო აღმოსავლურ-ქრისტიანული კონტექსტის საჩვენებლად, რომელშიც უნდა შექმნილიყო იოვანე ზოსიმეს „ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ“ ან ვარდან არველცის ,,სომხური ენის ქება”.20 იოვანე ზოსიმეს მიერ ქართულის სასარგებლოდ „ქებაჲში“ გამოთქმული არგუმენტი უაღრესად საინტერესო ინტერპრეტაციას გვთავაზობს ვ. ბოედერი ზემოთ დასახელებულ სტატიაში (იხ. Boeder 1998). მართლაც საკმაოდ მარჯვედ და მოხერხებულად გამოიყურება ის გზა, რაც ზოსიმემ აირჩია: მან წმინდა ენების ბადალი არგუმენტი ქართულისათვის საქართველოს და შესაბამისად ქართული ენის ისტორიიდან კი არ მოიტანა, არამედ ესხატოლოგიური მომავლიდან: თუ თავდაპირველობა ებრაულისთვის მისი სიწმინდის არგუმენტია, ქართულისთვის ამის ბადალ არგუმენტად უნდა ჩაითვალოს ის, რომ სწორედ ქართული იქნება განკითხვის და შესაბამისად, კაცობრიობის უკანასკნელი ენა. თუ თავისი პირველი სიტყვა კაცობრიობამ ებრაულად წარმოთქვა და ამით ეს ენა წმინდადაა აღიარებული, უკანასკნელი ენა სწორედ ქართული იქნება. ცოტა უხეშად რომ ვთქვათ, ეს არგუმენტი საკმაოდ დაცულია და მოუხელთებელი; მართალია, მსჯელობით მისი დასაბუთება ვერ მოხერხდება, მაგრამ სანამ დამტკიცება ვერ მოხერხდება, მისი უარყოფაც შეუძლებელია. ასე გამოიყურება ზოგადად ის საერთო-აღმოსავლური კონტექსტი, რომელშიც ეს ნაწარმოები უნდა დაწერილიყო და რომელიც, როგორც დასაწყისში აღვნიშნე, სულაც არ ხსნის მის თავსატეხ ქვეტექსტებს და ალეგორიებს, რომელთა ინტერპრეტაციასაც, ალბათ, მომავალშიც არაერთგზის მიუბრუნდება ქართული ფილოლოგიური მეცნიერება.

„Praise and Glory of Georgian Language“ in the Context of Eastern Christian Holy Poetry

Nino Doborjginidze

The article deals with the Eastern Christian world national literatures, in the context of which Iovane Zosime’s ,,Praise and glory of Georgian language” had to be written.

The attempt of Eastern people’s local languages to find out in their own histories such arguments and proofs that would legitimize less experienced and less traditional folk languages is shown on the examples of Syrian, Armenian, church Slavonic and Georgian sources.

______________________

1. ამ სტატიის თავდაპირველი მოკლე ვარიანტი (მოხსენების ტექსტი) დაიბეჭდა ჟურნალში: „ბურჯი ეროვნებისა” (2004, 5).

2. შდრ. Hanna-Barbara Gerl 1985: ,,Zwischen faktischer und numinoser Gültigkeit: Lorenzo Vallas Theorie vom Vorrang der lateinischen Sprache”, in: Richard J. Schoeck (ed.): Acta Conventus Neo-Latini Bononiensis. New York, გვ. 327-336, აქ გვ. 327.

3. ებრაულის, როგორც კაცობრიობის თავდაპირველი ენის, ლეგიტიმაცია ჯერ კიდევ ჰი ერონიმესთან გვხვდება. იგი მიიჩნევს, რომ „ებრაული ყველა ენის dedaa” (Hieronymus, Commentarii in prophetas minores, in Sophoniam. ix. CCSL, t. 76, გვ.708), რომ ბაბილონის გოდლის მშენებლობამდე, ანუ ენათა ბუნებრივი ისტორიის დასაწყისამდე, მხოლოდ ებრაულ ენაზე ლაპარაკობდნენ (შდრ. Hieronymus, Opera exegetica 1: Hebraicae quaestiones …, იხ. CCSL, ტ. 72, გვ. 14). რაც შეეხება ებრაულის, ბერძნულისა და ლათინურის, როგორც წმინდა ენების ლეგიტიმაციას ქრისტეს ჯვრის სამენოვანი წარწერის მიხედვით, წყაროებში იგი VI საუკუნიდან ჩნდება. პირველი ძეგლი, რომელიც სამი წმინდა ენის პრიმატს აღიარებს, არის ისიდორე სევილელის თხზულება „ეტიმოლოგიები” (Isidorus Hispalensis, Etymologiae IX, ed. M. Reydellet, Paris 1984, გვ. 33): „Tres sunt autem linguae sacrae: hebrea, greca, latina, quae toto orbe maxime excellunt. His enim tribus linguis super crucem Domini a Pilato fuit causa eius scripta. Vnde et propter obscurationem Sanctarum Scripturarum harum trium linguarum cognitio necessaria est, ut ad alteram recurratur dum siquam dubitationem nominis uel interpretationis sermo unius linguae adtulerit“ (არსებობს სამი წმინდა ენა, ებრაული, ბერძნული და ლათინური, რომლებიც მთელ მსოფლიოში ყველაზე მეტად გამორჩეულნი არიან. სწორედ ამ სამ ენაზე იქნა დაწერილი პილატეს მიერ უფლის ჯვარზე მისი განაჩენი. ამის გამო, ისევე როგორც წმინდა წერილის გამომხატველობით საშუალებათა მიფარულების გამო, აუციულებელია ამ სამი ენის ცოდნა, რათა მეორე ენას მიმართო, თუკი ერთ ენაზე გამოთქმა და ინტერპრეტაცია საეჭვო ჩანს).

4. შდრ. (Augustinus, In Iohannis Evangelium, CCSL 36, გვ. 653): „Hae quippe tres linguae ibi prae ceteris eminebant: hebraea propter Iudaeeos in Dei Lege gloriantes; graeca propter Gentium sapientes; latina propter Romanos multis ac pene omnibus jam tunc gentibus imperantes (ეს სამი ენა იქ აღმატებული იყო ყველა სხვა დანარჩენზე, ებრაული, იმიტომ რომ ებრაელებისთვის საამაყოა რჯულის ქონა [ებრაულ ენაზე], ბერძნული, ვინაიდან

ბერძნებს [ბრძენი ადამიანები ჰყავთ], და ლათინური, ვინაიდან რომაელები უკვე მაშინ ძალიან ბევრ, თითქმის ყველა ხალხზე ბატონობდნენ).

5. ლათინურის ფაქტობრივი ძალაუფლების მიუხედავად, შუა საუკუნეების ლათინურენოვან პატრისტიკაში საკმაოდ მყარია აზრი იმის შესახებ, რომ ებრაულთან და ბერძნულთან შედარებით საკმაოდ ახალგაზრდა ლათინური სემანტიკურ-გამომხატველობითი საშუალებების მიხედვით ღარიბია. შდრ. (Hieronymus, Epistulae, Epistula 114, CSEL 55, გვ. 395) „Tibi enim meum sudauit ingenium et facundiam Graecam Latinae linguae uolui paupertate pensare. Neque vero, ut diserti interpretes faciunt, uerbum uerbo reddidi nec adnumeraui pecuniam, quam michi per partes dederas, sed pariter appendi, ut nihil desit ex sensibus, cum aliquid desit ex uerbis (შენთვის დავშვერი და მსურდა, რომ ბერძნული ენის სიმდიდრე ღარიბ ლათინურ ენაში მომეთავსებინა).

6. ამ და სხვა საკითხების ანალიზი შესაბამისი ბერძნულ-.ლათინური წყაროების მიმოხილვით იხ. Gabriele Hille-Coates: ,,Auffassungen von der Herkunft der Sprachen im Identifikationsfeld der lateinischen Sprache im westlichen Christentum des Mittelalters”, in: Udo Schцning (ed.): Internationalitдt nationaler Literaturen (= Beitrдge zum ersten Symposion des Gцttinger Sonderforschungsbereichs 529). Gцttingen 2000, pp. 129-147.

7. Basilius Caesariensis, Epistula 214 (PG 32, 789).

8. შდრ. „შეისწავე, რამეთუ ორსახე არს ბერძულად სახელი სულისაჲ: ფსიქი, რომელი უმეტესსა ადგილსა სამშჳნველისა წილ დადებულ არს პავლესა შინა, და კუალად – პნევმა, რომელი-ესე თჳთ თავადის სულისა არსებასა უწოდიან და წმიდისათჲს იგივე ითქუმის. ხოლო ქართველთა უღონოებისაგან ერთი სახელი აქუს სულისაჲ.” (თარგმანზე დართული კომენტარი: A. 217, 322.რ).

9. ამის შესახებ იხ. Nino Doborjginidze: ,,Die Argumente gegen die Bibelübersetzung in die Volkssprache und ihre Nachwirkung auf die Entwicklung des Georgischen in den 10.-12. Jh., in: Winfried Boeder (ed.): Kaukasische Sprachprobleme. Beitrдge zu den Kaukasistentagungen in Oldenburg 1995-1001 (= Caucasica Oldenburgensia 1), pp. 119-140

10. Carl Bezold, Die Schatzhцhle. Eine Sammlung biblischer Geschichten aus dem sechsten Jahrhundert jemals Ephraem Syrus zugeschrieben, syrischer Text und arabische Version mit deutscher Ьbersetzung und Anmerkungen. Neudruck der Ausgabe Leipzig 1883-1888. Amsterdam, გვ. 29, 71.

11. A. Borst, 1957: Der Turmbau von Babel, Stuttgart, ტ. 1, გვ.263.

12. აღმოსავლეთ ქრისტიანული სამყაროს ადგილობრივი ენების დამკვიდრებისა და ბერძნულთან მათი ურთიერთობის საკითხებს უმნიშვნელოვანესი შრომები უძღვნა ვ. ბოედერმა. აქ დავასახელებ ზოგიერთ მათგანს: Boeder, Winfried: ,,Die georgischen Mönche auf dem Berge Athos und die Geschichte der georgischen Schriftsprache”, ჟურნალი: ბედი ქართლისა 41 (1983): 85-95; მისივე: ,,Identität und Universalität: Volkssprache und Schriftsprache in den Ländern des alten christlichen Orients”, Georgica 17 (1994): 66-84; misive: ,,Sprachen und Nationen im Raum des Kaukasus”, in: G. Hentschel , Ьber Muttersprachen und Vaterlдnder. Zur Entwicklung von Standardsprachen und Nationen in Europa. Frankfurt am Main: Lang (ed.) 1997: 183-209; misive: ,,Sprache und Identitдt in der Geschichte der Georgier”, in: B. Schrade – Th. Ahbe (edd.), Georgien im Spigel seiner Kultur und Geschichte 1998: 68-81. ამ შრომებით დიდად დავალებულია ყველა ქართველი ავტორი, ვინც მეტ-ნაკლებად შეეხო ამ საკითხებს. სწორედ მის შრომებში წამოჭრილმა პრობლემატიკამ, მის მიერ დასმულმა უაღრესად საინტერესო კითხვებმა განაპირობა ჩემი დაინტერესება ამ საკითხებით. წლების განმავლობაში მასთან ნაყოფიერი თანამშრომლობის, ძველი ქართული ტექსტების გერმანულად თარგმნასა და ინტერპრეტაციაში უანგარო დახმარებისთვის მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო ბატონ ვინფრიდს.

13. ჯუანშერი, ვახტანგ გორგასლის ცხოვრება, იხ. ს. ყაუხჩიშვილი, „ქართლის ცხოვრება” I, თბილისი 1955, გვ. 162-163.

14. ექვთიმე თაყაიშვილი: ქართლის ცხოვრება. მარიამ დედოფლის ვარიანტი. დამატება I: თქუმული წმიდისა მამისა ჩუენისა ეფრემისი, თარგმანი დაბადებისათჳს ცისა და ქუეყანისა და ადამისთჳს, თბილისი 1906, გვ. 812-813.

15. შდრ. „Vor allem aber stellt sich die Frage, warum dir Volssprache uber die warum verstandliche, wenn auch – am lateinischen Wasten gamessen – keineswegs selbsvestandliche Praxise hinause ein solches Gewicht bekam: Was bringt Z. B. Theodoret aus antiocheia im 5 Jh. dazu, zu betonen, dass die Wahrheit nich nur bei den Hellenen, sondern auch bei den Barbaren zu suchen sei? Was veranlabt ihn, die besondere Dignitat des Orients historisch abzuleiten? Z.B. Festzustellen, dass die Griechen das Alphabet schilieblich von den Phoniziren haben, also gewissermaben aus Sirien, and vor allem: dass das Syrusch und nicht etwa das Hebraische die alteste und erhaben Sprahe der Menschheit sei” (Border 1983; 91).

16. შდრ. სლავი ხალხის მისიონერების, კონსტანტინესა და კირილეს ცხოვრებაში ვკითხულობთ: „რომისკენ მიმავალი კირილე ვენეციაში გაჩერდა. მასთან მივიდნენ ეპისკოპოსები, მღვდლები და მონაზვნები. ისინი მას საყვედურობდნენ, რომ მან [კირილემ] სლავებს საკუთარი დამწერლობა და საკუთარ ენაზე ლიტურგია შეუქმნა, მაშინ როცა მხოლოდ სამ ენაზე, ებრაულად, ბერძნულად და ლათინურად, არის ნებადართული ლიტურგიის ჩატარება. ამ ბრალდებაზე კირილე პასუხობს: ნუთუ არ გრცხვენიათ, მხოლოდ სამ ენას რომ აღიარებთჱ… ჩვენ ხომ ვიცნობთ ბევრ სხვა ხალხს, რომელთაც დამწერლობა აქვთ და ღმერთს ადიდებენ საკუთარ ენაზე. ასეთები არიან: სომხები, აბასგები, ქართველები [იბერები], სუგდები, გოთები… და სხვა მრავალი“ (იხ. Schütz, Joseph 1985: Die Lehrer der Slaven Kyrill und Method. გვ. 86).

17. ვარდან არველცი, მსოფლიო ისტორია. ძველი სომხურიდან თარგმნეს ეკატერინე კვაჭანტირაძემ და ნოდარ შოშიაშვილმა. შესავალი, კომენტარები და საძიებლები დაურთო ეკატერინე კვაჭანტირაძემ, თბილისი 2002, გვ. 40.

18. შდრ. Michael Chamich, History of Armenia. I. 1827, Calcutta, გვ.4-10.

19. ლეონტი მროველი, „ცხოვრება მეფეთა“, ს. ყაუხჩიშვილი, ქართლის ცხოვრება, I, თბილისი 1955, გვ. 14.

20. ორივე მათგანს ეხება თ. გამყრელიძე სტატიაში: „მწიგნობრობა ქართული” (Dedicatio, მარიამ ლორთქიფანიძისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებული, თბილისი 2001, გვ. 420-429), თ. ბოლქვაძე მონოგრაფიაში: „იდეოლოგიზებული ღირებულებები” თბილისი 2005, გვ. 74-89.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s