ნანა ტრაპაიძე _ ზღვართან ყოფნის პოეტიკა_გივი ალხაზიშვილის პოეზია


(გივი ალხაზიშვილის პოეზია)

,,…შენ ეძებ სიტყვას პირვანდელ ნიშნით
და არა ლამაზ ორნამენტივით.“

გივი ალხაზიშვილი

პოეზიაზე საუბარი დღეს უფრო კითხვითი აზრებისკენ გიბიძგებს, ვიდრე თხრობითისკენ: ბევრი იწერება, ცოტა იქმნება. ამიტომ იძულებულნი ვხდებით, უკან დავბრუნდეთ და ახლებურად დავათვალიეროთ ის ,,ადგილები“, საიდანაც საერთოდ იწყებოდა და იწყება პოეზია.

დრო და სივრცე ბევრ რამეს ინახავს. ორივე საკმაოდ გულგრილია და ზარმაცი (გნებავთ ტოლერანტული)საიმისოდ, რომ საგნები და მოვლენები ერთმანეთის გვერდიგვერდ გამორჩევით დაალაგოს… მეხსიერება, რომელსაც ყველაზე კარგი გემოვნებააქვს (თუ გემოვნება, რომელსაც ასევე საუკეთესო მეხსიერება გააჩნია), წმენდს განურჩევლობის მტვერს, რომელიც დროსა და სივრცეში გაშლილ სინამდვილეს ნელნელა ედება ხოლმე.

… ვინ არის პოეტი?

პოეტი ის არის, ვისაც შეუძლია დროის დინების საწინააღმდეგოდ საგნების წარმავალი ყოფიერება მარადიულში დააფუძნოს, ვისაც შეუძლია შექმნას მეხსიერებაში გამკვრივებული საგნებისადა წარმოდგენების ნამდვილობა და მათი განამდვილება სხვათა ცნობიერებაში.

სრულყოფილება ათავისუფლებს საგნებსა და მოვლენებს ონტოლოგიური საფრთხეებისაგან – დავიწყებაში, სასრულობაში სამუდამო დაკარგვის

უბედურებისაგან. ერთადერთი ადამიანური ცოდვაც არასრულყოფილებაა, რომლის „მონანიება“ ხშირად საბედისწეროდ გვავიწყდება. პოეზია ათავისუფლებს არასრულყოფილების ცოდვებისაგან. რაოდენუნდა იცვალოს მან ფორმა და შინაარსი, ეს ის ტკივილია, საიდანაც ყოველთვის ყველაფერი იწყებოდა და იწყება.

არასრულყოფილების სამშობლო დროითობაა, წარმავლობა და რაღა საიდუმლოა, რომ დიდია მისი ძალაუფლება. ამ გაგებით პოეტი (თუ პოეზია)უსამშობლოა, რომელსაც არ ეშინია არავითარი ძალაუფლების, რომელსაც დრო ხან ესთეტიკური და ეთიკური ტაქტითა და სინაზით, ხან ჯალათის პედანტიზმითა და სისასტიკით ახორციელებს…

შიშველი აღმაფრენა კარგად იყიდება, მაგარამ დროს ის უძლებს, რაც გრდემლზე იჭედება და სკულპტურული სიცხადით დგება ჩვენს წინაშე. შრომა ისტორიაა და ცოდნა. უისტორიო ლექსი ფუყეა და მატყუარა, – შუა გზაზეგტოვებს იმედგაცრუებულს. სკულპტორისთვის კი სუნსაც ფორმა აქვს დადარდს სხეული, მთათა დუმილში მათი სიმაღლის სიბრძნე მეტყველებს, სითბო და მწუხარება კი მკლავზე იებად ამოდიან…

გივი ალხაზიშვილის პოეზიის განცდა-გაგების მთავარი კარი ხედვითი აღქმაა, შემდეგ ერთვებიან სხვა სენსორებიც – სმენა, რომელიც ასონანსების მუსიკით იხსნება, შეხება, როგორც სიტყვის სიმკვრივე, და ყნოსვა, როგორც ,,სხვა“ სუნთქვა.

შენ ზურგს შეაქცევ მშიშარა ფიქრებს,
მოჩვენებითად სიბილურ გუმანს
და მთებს გახედავ, ისევ რომ სდუმან,
რადგან სიმაღლით ყველაფერი თქვეს.

ის დარჩა ძმებზე მოტირალი,
მდუღარე ცრემლით ორთავ თვალის ამომკალავი,
დგას მისი ლანდი ჩემში, როგორც დარდის კარავი.

ეს არ არის ფოტო-ასლი,
ორიგინალში მეც იქ ვიყავ, მაგრამ არ ვჩანვარ,
რადგან ისინი ჩარჩნენ ჩემში
და სურათი არის ჩემში და მე ჩარჩო ვარ.

დილას აღვიძებს პურის სუნი,
არსობის სუნი..
შუაღამისას ჭრიჭინების მშვიდი სიმღერა
ადგილს არ ტოვებს სხვა ხმებისთვის…

… და ეს ყანები მკათათვეში გადათიბული
ჩვენს მოსალოდნელ უძრაობას –
გამზეურებულ ლოგინს უშლიან.

„პურის სუნი“

უღიმი მედდას,
ჩალურჯებულ ვენას უჩვენებ,
როგორც მკლავზე ამოსულ იას
და გიხარია, დღეს რომ ტკივილს გაგიყუჩებენ.

„ჩაბრუნებული მზერა“

მაგრამ შეგრძნებათა მყისიერ სინქრონულობას სადღაც ჩუმი ირონია ბზარავს, როგორც სიბრძნის დაღი, რომელიც შეგრძნებათა შორის მკრთალად მიიპარება და ქმნის პაუზათა ნაპრალს, როგორც მიჯნას დუმილსა და თქმას შორის, მოკვდავობასა და უკვდავებას შორის, ყოფნასა და არყოფნას შორის,

ნატრობდა თავი ხელახლა ეშვა,
მაგრამ სხვა ბგერა არ ჰქონდა ეჟვანს.
მიაცილებდა მისი წკრიალი,
იქითკენ, სადაც მუდამ წრე არი.
კარი ვერ გახსნა დიდი ოქტავის,
უკვდავებაზე დარდობს მოკვდავი.

„ეჟვანი“

რაც თავი მახსოვს, მე ნაპირი ვიყავი მუდამ –
არამხოლოდ ზღვის, არამედ სიტყვის
და სიტყვებს შორის არსებულ დროში,
რომელიც მუდამ უთქმელობის ტანჯვით სავსეა,
ვიმალებოდი და არ ვჩანდი აღარავისთვის.

,,არსებობს ვიღაც, ვინც ფხიზლობს მუდამ“

ეს ლექსიც, ალბათ, კიბეს წააგავს,
რომ ადი-ჩადის იმ ორ კარს შორის,
რომელიც მუდამ დახშულია, რადგან ღიაა.

,,…ჩვენ ხომ ყველა დაკეტილ კარს ვებღაუჭებით“

ზოგჯერ პაუზა

ჩვენც გვაუჩინარებს და ვიგულისხმებით
ბზარში, რომელიც ჟამმა ამოქოლა,

,,პურის სუნი“

ზღვარზე დგომა ნიშნავს, იპოვო წონასწორობის ცენტრი, რომელიც თავის თავში კრავს, გადაკვეთს ისტორიასა და თანამედროვეობას, როგორც პროცესს. ეს პოზიცია იმდენად შეიძლება იყოს ავტორის არჩევანი, რამდენადაც პოეტური სათქმელი ითხოვს ამას.

გივი ალხაზიშვილის პოეზია სწორედ ამგვარი წონასწორობის გამომხატველია. ე. წ. კონვენციური ლექსი თემატურ-შინაარსობრივი პლასტის ფორმალური გადწყვეტაა, როგორც ინტერტექსტური დიალოგების ბუნებრივი ელემენტი და არა გაცვეთილი პოეტური ინერცია. შესაბამისად, იგი თავის ადგილს სწორედ იქ უთმობს ლექსწყობის სიახლეებს, სადაც მხატვრული მზერა საგნებისა და მოვლენების მიმართ აღარ იხსნება რეტროსპექტულად და მომართულია პერსპექტივიდან; მაგალითად, სუბიექტ-ობიექტის ინვერსია, როგორც პოსტმოდერნული ხედვითი ალტერნატივა, გივი ალხაზიშვილის პოეზიაში მზერის ვექტორის ცვლასთან ერთად ბუნებრივად იბადება:

… ყოველი დღე ისე მფურცლავს,
როგორც ადრე წაკითხულ წიგნს
და ვერ მიხსენებს.

,,…ამ ოთახებში ერთმანეთის სუნთქვაც კი გვესმის“

საშიში მზერა გიმახსოვრებს
და მან, ვინც შენში იქექება,
ჰორიზონტიც ყულფად გიქცია

,,…ამოიკითხავ ხელნაწერს შენში“

ამასთან, კონვენციური სალექსო ტრადიცია არ თმობს თავის შესაძლებლობებს: ტექსტთა შორის დიალოგის პაროდიულ-ირონიული მოდუსის გამფორმებლად სწორედ იგი წარმოდგება.

აქ ტრადიციული ვერსიფიკაცია, როგორც ინტერტექსტის მაორგანიზებელი, თავად იძენს ახალ კონტექსტს. ამასთან, რემინისცენციები, ალუზიები თავის მხრივ გადატვირთავენ ტექსტთა შორის ,,შეფერხებულ,“ გაუჩინარებულთუ გამოტოვებულ დიალოგებს და მათ ახლებურ რეპრეზენტაციას გვთავაზობენ. ეს არის ვერსიფიკაციის ის სემანტიკური შრე, რომელიც ნამდვილ პოეზიაში შინაგანი კანონზომიერებით იჩენს ხოლმე თავს და ახდენს ტრადიციისა და მოდერნის ურთიერთგადაფორმებას.

ქრ.. ქრ..ება. შუქი ქრება..
ქრ..ქრ..ება ქრომატულად,
მაგრამ ალბათ უფრო მარტივად…
გადანაცვლება აკრობატული –
ქარი რომ დაქრის, სადაც უნდა და როცა უნდა
დაქრის, ქრ. ქრ. ქრ. ქრ..ოლვის იმიტაცია,
განქარვება და ქარის დევნის გახსენება.

უდაბნოს ქარვა ჰორიზონტთან დნება ყოველთვის…

ქრ. ქარი, ქორი და ქორო ნუ ფრენ..
და ვაჟთა ქორო, და ქარავანი ქორონიკონის.

,,სანიშნებელი საავადმყოფო ფურცელი”

პაროდიულ-ირონიული ნარატივის აღნიშნული ფორმალური წახნაგი გივი ალხაზიშვილის პოეზიაში საინტერესო სემანტიკურ დატვირთვასაც ატარებს: იგი ერთსა და იმავე დროს გამოხატავს ბმასა და წყვეტას ტრადიციასთან, რელიგიასთან, ექსისტენციასთან, ყველაფერთან, რაც სულ ცოტა ხნის წინ გენეალოგიურ მოცემულობად წარმოგვიდგებოდა. რემინისცენციები, ბგერწერის პოეტური სტრატეგიები, ევფონიები და ასონანსები გვთავაზობენ, ეს წყვეტები განვიცადოთ როგორც მარადიული მთელის ნაწილი. აქედან -მისტიფიკაციაც, რომელიც როგორც განწყობის შიგნითა მხარე კიდეც განსაზღვრავს და კიდეც განასრულებს მხატვრულ კომპოზიციას.

ეს მორიალე რეალობაა
და ატმოსფერო ფარისევლურ- ამორალური,
იგივე ხალხი სადუკეველ- ამორეველი
და გოდებიდან ამოზრდილი იუდეველი,
ჩვენ – ძველი ფიქრით, სატკივარით, შეცოდებებით,
და შურით, შურის შარი- შურით მიუტეველით…

კონტური

მეორე მხრივ, ირონია ახალი დროის ხმაა, რომელიც ტრადიციულ განმარტებებსა და სახელებს თავისებურად გადანათლავს, ან სრულებით აუქმებს…,,ქაცვიას დღიურების“ ავტორი არც ამ ხმას გამოტოვებს და იგი თავის ბუნებრივ ადგილას შემოაქვს – ირონიისა და პაროდიის ქვეტექსტში…

შემოქმედების თემატური პლანი პოეტის მხატვრული ინტერესების სფეროს ასახავს. ამიტომ იგი ყოველთვის საინტერესოა. გივი ალხაზიშვილი ამ თვალსაზრისით ქართული სააზროვნო ტრადიციების გამგრძელებელია.

აბსურდული ყოფა, გაუფასურებული ღირებულებები ადამიანურ სევდასა და მწარე ირონიას წარმოშობს. ,,იყიდება საქართველოს“ მოტივი გივი ალხაზიშვილის შემოქმედებაში ეროვნული და მოქალაქეობრივი ცნობიერების კრიზისის თემატიკას აგრძელებს.

ვყიდი სამშობლოს, თუ კი ისევ არსებობს,
საჭირო ინფორმაციისთვის:
„დარეკე, დაუბარე!“

ვყიდი დაუბადებელ შვილს,
ვყიდი მხოლოდ უცხოელზე…

„დარეკე, დაუბარე!“

„მორბენალი სტრიქონი“

და ეს მერამდენე დღეა,
ვერ იხსენებ
ერთი და იგივე დღე რომ მეორდება
და შენც რომ არსებობ ვიღაცის ასლივით,
რომელიც დედანთან ყოველთვის სწორია,
დედანთან სწორია,
როგორც ეს მასივი –
ნაცრისფერ ყოფითაც არ არღვევს სტანდარტებს,
შენ არსად, ის არსად, გრძელდება ზოზინი –
ანდანტე… ანდატე…

„თვალი გზად გაგირბის“

პოეზია ადამიანის სულიერი სამყაროს გახსნის გარშემო ტრიალებს. ტკივილის, მარტოობის, მიუსაფრობის, შიშის, სიხარულის, მშვენიერების ასახვა აქ იშვიათი პოეტური შთამბეჭდავობით გამოირჩევა:

და ისევ ტივტივებ, და რადგან ტივტივებ,
ვერ ხვდები სარკმელი რად გექცა მიწურად,
შენ ღუზა ჩაუშვი საკუთარ ტკივილში,
და ახლა ჩაშვებულ ღუზასთან მიცურავ

დილის კონცერტი
ძველი ალბომი

მომენატრები, მაშინაც კი, როცა აქვე ხარ
და მეშინია რომ გაფრინდე სადმე ჩიტივით,
მომენატრება შენი ხელის მჩატე შეხება
და შიშის შიში და ეს ფიქრი შიშის ჩითილი
თვალებში აჩენს უფერულ ფოთლებს…
და ქვასაც შენი გული უცემს …

,,პურის სუნი“

ჰყვაოდა მდელო და გწვდებოდა წელამდი…
შენ დროს იზოგავდი, თითქოსდა წელავდი…
ერთმანეთს ვეძებდით, ვავსებდით, ვთიბავდით,
ვაწვენდით, ვკონავდით, ვკოცნიდით, ვცელავდით.
ხსოვნაც კი მაღელვებს; მაშინაც ვღელავდი,
შენ თვალს აკვესებდი და ჩემში ელავდი,
რად აღარ შემოგვწვდა ბალახი წელამდი,
ჩვენ, მოსაცელები, ერთმანეთს ვცელავდით.
სიტყვები დუმილის და მზის საათების:
მგონი რაღაც დაგრჩა კიდევ გასათიბი.

თუშური პასტორალი

ტრადიციის ნაყოფიერ ძალას პოეტი სრულად აცნობიერებს: ფოლკლორული მოტივები თუ ალუზიები მხატვრული აზროვნების ერთგვარ წახნაგებად წარმოდგებიან:

აღარ მასვენებს მივიწყებულ შაირის სული:
ცხრა ქალამანი გავცვითე, ცხრა გზა, ცხრა ხერხი ვცადეო,
„ვდიე და ვერ დავეწიე, დავჯე და დავუცადეო”.
ეს დღე სად გაქრა?!

ჩვენ მათ ვსუნთქავთ
ჰაერთან ერთად და დროსთან ერთად,
ვინც მიაბარეს ცასა და ურნას,
კვამლი იქა და ფერფლი აქა.

დავიწყებულთა რეკვიემი

სამყაროს ამოუცნობი იდუმალება გულუბრყვილობას კვლავაც უნარჩუნებს ადამიანს, რომელმაც გაკვირვების უნარი თითქოს დაკარგა. ამიტომ უპასუხო კითხვები სწორედ ბავშვის ხმით გაისმის:

მე რომ გავიზარდები, შენ ხომ ჩაიზარდები?
სად მიდის კაცი, როცა ვეღარ ბრუნდება?
სად იმალება ქარი, როცა აღარ ქრის?
სად იმალება ცეცხლი, როცა აღარ ანთია?
სად მიდის მუსიკა, როცა აღარ უკრავენ?

,,ბავშვის შეკითხვები“

თიხაა ადამიანი: ხან სავსე, ხან ცარიელი. სავსე თიხა ,,მღერის“ და სიცარიელე ხმის დაკარგვის ტრაგედიაა. თიხა სავსეა ღვინით- ცისა და მიწის ზიარებით…

..მკვდრეთით აღმდგართა ვსვამთ საგალობელს..
ახლა რომ ისმის ფრაგმენტებად და ვსვამთ კიდევაც
და ვგრძნობ საღამოს ლურჯფეროვან გახავერდებას
და ქვეყანაზე მთვარის დარდის გადმოკიდებას.

..მომენატრება, მოფერებისას
ხელისგულის ქვეშ რომ იბურცები..

გადამაფარე შენი მზერის თბილი ქსოვილი…

მოიზილება ჩვენგანაც თიხა,
თიხისგან – დოქი,
მრავლისგან – ერთი,
ხოლო იმ ერთში მრავალთა ძილი.

…მხოლოდ შენი გამოღვიძება…
და გულისცემას აყოლილი სიცოცხლის ჩქამი
და პაუზების ამოქოლვა ცვალებად ტემბრით

დოქი ხმას იცვლის…
გახსოვდეს თიხა

გახსოვდეს თიხა!
მიწა მიწაა –
ბოლოს მიწა საფლავს ეკუთვნის
და ეს ტიპები თიხის ფეხებზე რომ შემდგარან
და არხეინად მიაბიჯებენ,
არც ახსენდებათ რომ თვალებით
თავიანთ ცას დაატარებენ…

… და ეს ყანები მკათათვეში გადათიბული
ჩვენს მოსალოდნელ უძრაობას –
გამზეურებულ ლოგინს უშლიან.

,,…საკმარისია ხელის გაწვდენა“

ამაოებაზე ფიქრი, სულისა და ხორცის ერთარსობა და ჭიდილი ბიბლიურ პარადიგმებს ეფუძნება. ქართული პოეზია ამ პარადიგმებზე ჩამოყალიბ და. დ. გურამიშვილი მათ სიმბოლურ-მეტაფორულ და პაროდიულ-ირონიულ ქსოვილში შლიდა. მისტიფიკაციის ამგვარი ტრადიცია მთელი თავისი ცხოველმყოფელობით გრძელდება და მხატვრულ უკუფენებსა და სააზროვნო ტენდენციების შინაგან უწყვეტობასაც იმპლიციტურად მიუთითებს:

მიპოვეთ ვინმე, ვინც შეაღვიძებს შვიდსიმიან ქნარს,
რომ მისი სუნთქვა მოსწვდეს იალქანს
და შემაცუროს ზღვაში ნავივით..
მე დავივიწყებ ოცდამეერთეს
და უდროობის ზღვართან ჩავივლი.
ვერ დავთმე ყოფა და გამოყოფა,
თავის მღვიმით და მკერდის აივნით.

„მიპოვეთ ვინმე“

და ისევ სიმღერა ძველებური –
ჰარი-ჰარალე და არხალალი,
ბალახივითაა ეს დღეები,
ქარი დაჰბერავს და… აღარ არი.

„ფსალმუნის მოტივები“

დაბოლოს, გ. ალხაზიშვილის პოეზიაზე საუბარი სრულყოფილების საკითხით დავიწყეთ. მხედველობიდან არ გამომრჩენია საუბრის ასე დაწყების რისკი,- გამოითქვა ბუნდოვნად და მორალისტურად. მაგრამ თუ ეს ცნობიერი სტარტია, მაშინ იგი მხოლოდ მათგან დაშორების, განდგომა-გამოქცევის ნიშნულია. სრულყოფილება დასრულებულობაა. და ის იმდენადვეა შემოქმედებითი ჟინი, რამდენადაც ოსტატობა, იმდენადვეა აღმაფრენა, გნებავთ პლატონის ზეშთაგონება, რამდენადაც მოქანდაკის ფაქიზი შრომა და ზედმიწევნითი ცოდნა, გრძნობა მასალის, რის გარეშეც შრომა ფუჭია.

აღმაფრენა, შრომა და ცოდნა ერთად მაღალი ხელოვნების (საკმაოდ დეფიციტური) კულტურაა. გივი ალხაზიშვილის შემოქმედება იშვიათი სინატიფითა და სიღრმით ფლობს ამ კულტურის უმაღლეს ნიშნულებს და ქართული პოეტური კულტურის რეალურ შინაარსსაც შეგვახსენებს, რაც, სამწუხაროდ,დღეს იმ ალტერნატივად რჩება, რომლის საჭიროებისთვისაც ნარცისულ- ეპატაჟურ კმაყოფილებაში ლამის ადგილი აღარაა…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s