გიგი თევზაძე _ ცნობიერების კვალზე (წიგნიდან: მომავლის ნიშნები (1995წელი)


ყოფიერების ესთეტიკის აუცილებელი წინასიტყვაობა

“მომავლის ნიშნები” არის 1993 წელს გამოქვეყნებული წიგნის “ჩვენი დრო, სფინქსი და ძენონის ისარი (ცნობიერების ესთეტიკა)” გაგრძელება. ამ წინასიტყვაობაში მე მინდა “ცნობიერების ესთეტიკის” რამდენიმე ძირითად დებულებას შევეხო, რომელთა ცოდნის გარეშე მკითხველს გაუჭირდება ყოფიერების ესთეტიკის აღქმა.

ესთეტიკის მნიშვნელობა ჩემს წიგნებში განსხვავდება ფილოსოფიაში ამ სიტყვის საყოველთაოდ მიღებული ახსნიდან. ბერძნული aistesis-ის ერთ-ერთი განმარტება არის კვალი – რომელსაც ცხოველი ტოვებს და რომლის მიხედვითაც მცოდნე მონადირეს ექმნება წარმოდგენა კვალის დამტოვებელზე და რომელსაც იგი საბოლოოდ მეკვლემდე მიჰყავს.

ესთეტიკა არის ჩემი მეთოდი, რომლის საშუალებითაც “ვაკეთებ” ფილოსოფიას; ცნობიერებისადმი (ასევე ყოფიერებისადმი) ესთეტიკის მიყენება ნიშნავს იმ კვალის გაყოლას, რომელსაც ცნობიერება ჩვენს გარემოში ტოვებს (ცნობიერების ბეჭედი კი ჩვენში და ჩვენს გარშემო ყველაფერს ადევს), და კვალის ხასიათის მიხედვით ცნობიერების შესახებ წარმოდგენის შექმნა, საბოლოოდ კი, თუ გაგვიმართლებს, ცნობიერების “პოვნაც”.

ცნობიერების კვალზე სიარულისას გამოირკვა, რომ ის არსებობს დროების საშუალებით. დრო – ამ შემთხვევაში ნიშნავს არა მათემატიკურ, ე.წ. ვულ-გარულ დროს, არამედ პრინციპს, “კანონს” რომლის მიხედვითაც ადამიანი ისტორიის სხვადასხვა წერტილში აგებს სამყაროს და საკუთარ ცხოვრებას (დროის ეს გაგება ახლოს არის ბერძნული  aivn-ის მნიშვნელობასთან. ყოველ შემთხვევაში, როგორც მას ჰერაკლიტე იყენებდა).

ასეთი დრო-aivn-ი – განმსაზღვრელი პრინციპი არის სამი – მითი, ჟამთა-აღმწერლობა და ისტორია. თუკი მოვინდომებთ ამ დროების მსოფლმხედველობრივი გამოხატულების პოვნას, აღმოჩნდება, რომ მათ შეესაბამებიან ტრადიციული, რელიგიური და ნაციონალისტური მსოფლაღქმები. ყოველი დრო იწყებს არსებობას, მთავრდება და იცვლება მომდევნოთი.

რაც შეეხება ცნობიერების, როგორც მოვლენის ბუნებას, ის ესთეტიკის საშუალებით დახასიათდა, როგორც ტრაგიკული, ანუ, დასასრულისკენ, კატასტროფისკენ მსწრაფი. “ცნობიერების ესთეტიკაში” ნაცადია შინაგანი კავშირის დანახვა ტრაგედიის სტრუქტურასა და ცნობიერების ‘”ბედს”‘ შორის.

ცნობიერების კვალს ენასთან მოვყევართ; ირკვევა, რომ ენა არის ლამის მთავარი ფენომენი, რომელიც, შეიძლება ითქვას, ცნობიერების ფორმების (დროების) მონაცვლეობასაც კი განსაზღვრავს. ენა ხასიათდება, როგორც უკვე მომხდარი, დასრულებული ტრაგედია, რომელიც გაჩერებულია და რომლის მიხედვითაც ცხოვრობს ცნობიერება. ენა – გვეუბნება ცნობიერების ესთეტიკა, არის ცნობიერების პარადიგმა, ტრაგედიის სიუჟეტი,  რომლის მთავარი პერსონაჟი – ცნობიერებაა.

დროები გვევლინებიან ცნობიერების ფორმებად, ანუ, იმ ფენომენებად, რომლებშიც ცნობიერება თავის თავს პოულობს. ცნობიერების შინაარსი არის ის ყოველდღიური (და არაყოველდღიური) მოქმედებები, ჩვევები, ადამიანს რომ ახასიათებს – ლამის არსებობის დაწყებიდან და რომლებიც პრინციპულად არ შეცვლილან (ამ ფენომენს მე რიტუალს ვუწოდებ). რიტუალი უნივერსალურია და აქვს უნარი ნებისმიერ ფორმას დაეშინაარსოს, ანუ, ნებისმიერ ფორმაში შინაურად იგრძნოს თავი.

ცნობიერების ფორმებს სხვადასხვა სტრუქტურა გააჩნიათ; ესთეტიკა ადგენს ოთხ საზღვრით ცნებას, რომლებიც სხვადასხვა ურთიერთშესაბამებით ქმნიან სხვადასხვა დროის სტრუქტურას. ესენია; შემთხვევა, დრო, სივრცე, სუბიექტი. შემთხვევა სამივე დროში ერთი სახისაა – დასრულებული, დამთავრებული (ესეც ალბათ, ცნობიერების [ენის] ტრაგიკულობის ფენომენია);

მითი არის საზღვრითი ცნებების ისეთი გაწყობა, რომელშიც დრო განუსაზღვრელია, სივრცე განსაზღვრული, სუბიექტი კი – რამდენიმე. ჟამთააღმწერლობა არის შემთხვევა, რომელშიც სივრცე განუსაზღვრელია, დრო – განსაზღვრული, სუბიექტი კი – ერთი კონკრეტული. ისტორია არის ამბავი, რომელშიც სუბიექტი არის ზოგადი, რომელიც თავის თავში მოიცავს დრო-სივრცეს და საკუთარი თავიდან საზღვრავს მათ.

როგორც ვთქვით, ეს სამი ფორმა მიმდევრობით ხორციელდება. საბოლოოდ, ისტორიის დროის დადგომასთან ერთად – დროები მთავრდებიან – ანუ, საზღვრითო ცნებების ყველა ურთიერთშესაბამება ამოწურულია. ეს კი ნიშნავს, რომ ცნობიერების გზა დასასრულს, კატასტროფას უახლოვდება.

სწორედ ამ დროს, როდესაც ცნობიერება, ერთი შეხედვით, საკუთარ გზას ამთავრებს, და ადამიანს დასასრულის აუღელვებელი (ან პირიქით) ჭვრეტის მეტი აღარაფერი დარჩენია, ესთეტიკა აღმოაჩენს ორ უცნაურ ფენომენს, ორ კვალს, რომლებიც სხვანაირად გამოიყურებიან – ნაცნობ ანაბეჭდებთან შედარებით.

ეს ფენომენებია ზღაპარი და თამაში.

ზღაპარში, და განსაკუთრებით მის თანამედროვე ფორმაში Fანტასყ – ცნობიერების ესთეტიკა ხედავს განსხვავებულ ტექსტს, ამბავს, რომელიც თითქოს -ცნობიერების ყველა ფორმის კვინტესენციაა; ერთსა და იმავე დროს მასში ერთი, რამდენიმე და ზოგადი სუბიექტები მონაწილეობენ, დრო და სივრცეც – ხან განსაზღვრულია, ხან განუსაზღვრელი. ყოველივე ეს ცნობიერების ესთეტიკას  აფიქრებინებს,  რომ ზღაპარი არის ცნობიერების ბოლო, “უფორმო ფორმა” – რომლის მეშვეობითაც აღინიშნება კატასტროფული “დრო”.

მეორე ფენომენს – თამაშს – ესთეტიკა ახასიათებს, როგორც მეტა-რიტუალს, ანუ, რიტუალისათვის, არსებობისათვის, ყოფნისათვის მომზადებას. თანამედროვე გარემოში შეიმჩნევა როგორც  ზღაპრის, ასევე თამაშის გატოტალურება.

ესთეტიკა ასკვნის, რომ კატასტროფულ დროში მეტა-სამყაროს (რაც ნიშნავს სამყაროს სურათს, მასასადამე ის ყველა მსოფლმხედველობის სახელია) უსაბამდება მეტა-რიტუალი. ანუ, იხსნება ცნობიერებისათვის არსებითი წინაამღდეგობა – რიტუალსა და მეტა-სამყაროს შორის. ასეთი დამთხვევით ცნობიერება თავის თავს უტოლდება, ე.ი. ჩერდება (ცნობიერების ესთეტიკის მიხედვით, ცნობიერების გაუჩერებლობის, დროების ცვალებადობის “მიზეზი” იყო ფორმა-შინაარსის დამთხვევის “სურვილი”, სწრაფვა მათი ურთიერთშესაბამებისკენ [რაც ტრაგედიის შინაარსია]. ეს არ ხდებოდა ‘რიტუალის “ხასიათის” გამო. დამთხვევის,  ანუ, ცნობიერების ორივე მოდუსის მეტად ქცევის შემდეგ, “წინ” მოძრაობა აღარ ხდება).

*           *           *

ასეთია ის ზოგადი სქემა, რომელშიც “ცნობიერების ესთეტიკაა” განლაგებული. ეს სქემა, ისევე, როგორც საერთოდ სქემატური გადმოცემა, ბევრს “აგებს”. მაგრამ შეიცავს, მართალია, მხოლოდ ზედაპირული  ინფორმაციის სახით, იმ ძირითად პუნქტებს, რომელიც ესთეტიკამ ცნობიერების კვალზე დადგომის შემდეგ გაიარა. ნაკვალევის გავლამ ცნობიერების შესახებ გარკვეული წარმოდგენა შექმნა, მაგრამ თვითონ საძიებელის “საბოლოო” მოხელთება არ მოხერხდა. ამჯერად საჭიროა სხვა კვალზე სიარული. იმ მეკვლეს დევნა, რომელიც ფილოსოფიურ ტრადიციაში ხშირად უიგივდება ცნობიერებას, ანდა, მასთან ძალზე ახლო მდგომადაა გამოცხადებული. ესთეტიკის ყურადღებამ ყოფიერებისაკენ გადაინაცვლა.

წიგნის სრული ვერსია ისილეთ:       http://lib.ge/bitrix/libadmin/pdfbooks/1995.pdf

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s