შოთა იათაშვილი _ სცილასა და ქარიბდას შორის


ორი მამაკაცისა და ერთი ქალისაგან შექმნილი ე. წ. „სიყვარულის სამკუთხედის“ ის მოდელი, რომლის ყველაზე მკვეთრად გამოხატულ ქართულ რეალიზაციებზეც ქვემოთ ვისაუბრებთ, გარკვეულწილად კლასიკურიც კია: ანუ ლაპარაკია დილემის წინაშე მდგარი ქალის ხატზე, რომელიც მამაკაცის ორ პრინციპულად განსხვავებულ ტიპს შორისაა მოქცეული. მამაკაცის პირველი ტიპი ინტელექტუალი, განათლებული, კულტურული ადამიანის მკაფიოდ გამოხატულ ნიშნებთან ერთად მოუცილებლად ატარებს ფიზიკური დეფექტის, სისუსტის, სიბეჩავის ნიშნებს, ხოლო მეორე ტიპი რამდენადაც ვიტალურია, იმდენად ამორალური, ცბიერი თუ ბრიყვი ადამიანის განსახიერებაცაა. მსოფლიო ლიტერატურის სხვადასხვა ნიმუშებში ეს მოდელი ხშირად „მუშაობს“, თუმცა ისიცაა, რომ ამ სქემით აწყობილი ნაწარმოებების უმრავლესობაში მამაკაცის ეს ტიპები მხოლოდ გარკვეული დოზითაა „გაკულტურულებულ-დაჩიავებული“ და „გავიტალურებულ-გაველურებული“. ამ მუტანტური თვისებების უკიდურეს ზღვრამდე მიყვანა კი ავტორთა მიერ არცთუ ისე ხშირად, ან, უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ საკმაოდ იშვიათად ხდება. ყოველ მკითხველს ალბათ ასე- თი სამკუთხედების საკუთარი ვარიანტები წამოუტივტივდება გონებაში. მაგალითისთვის შეგვიძლია გავიხსენოთ შრიდამანი, ნანდა და ზიტა თომას მანის ნოველაში „შეცვლილი თავები“; ან თავადი მიშკინი, ნასტასია ფილიპოვნა და როგოჟინი დოსტოევსკის „იდიოტიდან“, ან ლედი ჩეტერლი, ოლივერ მელორზი და კლიფორდი დ. ჰ. ლორენსის „ლედი ჩეტერლის საყვარლიდან“, ან სულაც ლარისა, კარანდაშევი და პარატოვი ოსტროვსკის „უმზითვოდან“, ასე ცნობილი ელდარ რიაზანოვის კინოვერსიით „სასტიკი რომანსი“.

თუმცა, კვლავაც ვიმეორებ, ძნელია მოინახოს ისეთი ნაწარმოებები, სადაც პერსონაჟის სულიერი მონაცემების ზრდა პირდაპირპროპორციულიაფიზიკური დაჩიავების, და პირიქით, ფიზიკური მონაცემების ზრდა სულიერი დეგრადაციის. პერსონაჟთა ხასიათების ასეთი სრული პოლარიზაცია შესაძლოა მხატვრული სწორხაზოვნების სიმპტომებსაც ატარებდეს, თუმცა როგორც საკვლევი ფენომენი, უაღრესად საინტერესოა და ზემოხსენებული მოდელის აუთენტურ თვისებებს, მოსალოდნელია, ყველაზე რელიეფურად გამოსახავდეს.

ჩემი აზრით, ქართულ ლიტერატურაში არის ორი ნაწარმოები, სადაც ეს სრული პოლარიზაცია არსებობს, და აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს ფორმალური მოდელის ორი იდეალური რეალიზაცია, ამ რეალიზაციათაპარალელური ანალიზი კი მოცემულ მოდელში ჩაკირულ ადამიანებზე რეფლექსიის ახალ შესაძლებლობებს აჩენს.

ეგნატე ნინოშვილის „ჩვენი ქვეყნის რაინდი“ და მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნები“ სწორედ ის ორი ნაწარმოებია, რომელთა გარეგნული სქემატური მსგავსების, მეტიც, იდენტურობის მიღმა ავტორთა მსოფლმხედველობრივი განსხვავებები მკაფიოდაა გამოხატული და ეს სხვაობანი ადამიანურ ბედისწერათა და ფსიქოლოგიათა უცნაურ ინვარიანტებს ქმნიან. ამ ინვარიანტებში ყველაზე „ცვლადია“ სცილასა და ქარიბდას შორის მომწყვდეულ ქალთა სახეები. მიზეზი ისაა, რომ მამაკაცთა სახეები რამდენადაც პოლარულია, იმდენად სტატიკურია, ამ დამთრგუნველ სტატიკურ სახეებს შორის კი ქალების დრამის დინამიკა თამაშდება. დესპინეს და მარგოს -ერთი და იმავე ტიპის მამაკაცური კონფლიქტის მსხვერპლთ – სიტუაციისადმი განსხვავებული აღქმა და დამოკიდებულება აქვთ შესაბამისად, მათი ქმედებანიც სხვადასხვანაირია.

მივყვეთ თანდათან, გავიხსენოთ და შევადაროთ:

ორივენი „კულტურულ-დაჩიავებული“ მამაკაცების – სპირიდონ მცირიშვილისა და თეიმურაზ ხევისთავის მეუღლენი არიან, მათ დასაუფლებლად კი იბრძვიან „ვიტალურ-ველური“ ტარიელ მკლავაძე და ჯაყო ჯივაშვილი. ორივე შემთხვევაში, ეს გახლავთ მხატვრული ჰიპერბოლიზაციის მეთოდით შექმნილი პერსონაჟები, რომლებიც ამ ხერხის წყალობით სიმბოლური ხატების თვისებებს იძენენ და თანდათანობით ასეც მკვიდრდებიან მკითხველის ცნობიერებაში. მაგრამ სხვა მხრივ, ანუ სოციალური, ფსიქოლოგიური, თუ უბრალოდ, ვიზუალური ნიშნებით, ეს ორი სამკუთხედი ერთმანეთის ინვერსიულია:

ა) თეიმურაზ ხევისთავი – თავადი და ცნობილი საზოგადო მოღვაწე, საკუთარი მნიშვნელოვნების ილუზიით შეპყრობილი ფსევდოინტელექტუალი. სპირიდონ მცირიშვილი – გლეხი და სოფლის ინტელიგენციის წარმომადგენელი, რომელიც რეალურად ზრუნავს ადამიანების განათლებასა და აღზრდაზე.

ბ) მარგო ყაფლანიშვილი – თავადთა გვარის უკანასკნელი წარმომადგენელი, თავშექცევის მიზნით ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაში; ქალი, ჩამოყალიბებული შეხედულებებით და ცხოვრების წესით. დესპინე – სოფლელი მღვდლის ქალიშვილი. დღევანდელი ტერმინით რომ ვთქვათ, თინეიჯერი, რომელშიც აქტიურად მიმდინარეობს სულიერი ქმნადობის პროცესი.

გ) ჯაყო – ტლუ მოჯამაგირე, წერა-კითხვის უცოდინარი ველური.

დ) ტარიელ მკლავაძე – აზნაური, დარდიმანდი. ჯაყოს ჰგავს იმაში, რომ ისეთი სუსტი იყო სწავლაში, ქართული კითხვაც კი ვერ შეისწავლა. თუმცა თუკი ჯაყოს აგრესია პირველყოფილი და ბუნებრივია, მკლავაძის აგრესია კულტურითაა ინსპირირებული. მშობლების მიერ შერქმეული „ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟის სახელი მასში იმიტაციის ვნებას აღძრავს და „კაცი კაცსა შემოსტყორცნა“-ს ცხოვრების წესად დამკვიდრებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს, მით უმეტეს, რომ მისი წინაპრებიც მიდრეკილნი იყვნენ ყმათა ცემა-ტყეპისაკენ. ანუ: ე. ნინოშვილთან აზნაური დარდიმანდი ებრძვის სოფლის მასწავლებელს გლეხი გოგოსათვის. ჯავახიშვილთან ყველაფერი უკუღმაა: წერა-კითხვის უცოდინარი ველური ებრძვის საზოგადო მოღვაწეს თავადისქალისათვის.

ინვერსიულია თვით მათი ვიზუალური ხატებიც:

ა) ჯაყო ორანგუტანგია, მხოლოდ მოგვიანებით, და ისიც მარგოს მეცადინეობით ხდება იგი „გაპარსული ორანგუტანგი“. ტარიელ მკლავაძე გამორჩეულია თავისი თვალტანადობით. აი, როგორ აღწერს მას ავტორი: „მაღალი ტანი, სქელი, განიერი ბეჭები, მსხვილ-მსხვილი მკლავები, ცოტად ფერნაკლული, სავსე, ლამაზი პირისახე, მელანივით შავი, პატარა წვერი, სწორეთ გითხრათ, ძველებურ რაინდს წარმოადგენდა”. ყველა აღტაცებულია მისი გარეგნობით და ძველ რაინდს ადარებენ. მათ შორის -სპირიდონიც.

ბ) თეიმურაზს ავტორი ხშირად ახასიათებს, როგორც „ბეცს და მელოტს“, მაგრამ ამავე დროს, მასზე ამბობს, რომ „უმზეო ყვავილივით ნაზი და ლამაზი იყო“, ანუ თეიმურაზში გარეგნული, არისტოკრატული სილამაზე მაინც ფეთქავს.

სპირიდონი არის „ხმელ-ხმელი, ჩია ტანის, ბეჭებში ცოტა მოხრილი, გამხდარი, ავადმყოფი პირისახის“. იგი იმდენად შეუხედავია, რ დესპინეს, რომელიც ამ დროს ცამეტი წლის იყო, კიდეც ეჯავრებოდა სპირიდონის ავადმყოფური, გამხდარი, მდუმარე სახის დანახვა“. როდესაც სპირიდონმა სემინარია დაამთავრა, ოცი წლის იყო, მაგრამ იგი უკვე 30-35 წლის მამაკაცს ჰგავდა.

ახლა დავაკვირდეთ დამოკიდებულებათა დინამიკას:

ა) დესპინე ურთიერთობის დასაწყისში დამცინავად უყურებს სპირიდონს, მეტიც, ერთგვარად ეზიზღება კიდეც მისი ფიზიკური ნაკლოვანების გამო, და მხოლოდ მას შემდეგ, რაც მისი მოწაფე ხდება, უჩნდება მის მიმართ პატივისცემა, რომელიც თანდათან სიყვარულში გადაიზრდება. პატივისცემის ზრდა არ წყდება მათი დაქორწინების შემდეგაც.

მარგოს მეუღლისადმი პატივისცემა თანდათან აკლდება. „დრო გავიდა, ქურუმი ნელ-ნელა გაცვდა. მარგომაც თანდათან ქმრის ხატზე ლოცვაც დაუკლო და საკუთარი თავის გართობას მიჰყო ხელი”.

ბ) „როცა მოსაცემი გქონდა, არაფერი მომეცი, ცარიელ ბაასს მთავაზობ”, – ეუბნება თეიმურაზს მარგო. და ნიშანდობლივი ისაა, რომ რაც დრო გადის, ამ „ცარიელ ბაასსაც“ კი არ სთავაზობს თეიმურაზიმარგოს, სულ უფრო და უფრო იკეტება საკუთარ თავში. დესპინესა და სპირიდონის ცხოველი სიყვარულის საფუძველი კი სწორედ ეს ბაასი, შემეცნება, მაღალ იდეალებზე ფიქრი, ერთმანეთთან მუდმივი პოლემიკაა.

გ) თეიმურაზი, როცა გაუჭირდება, სოფლის მასწავლებლობას უკადრისობს („ქუჩის დამგველად წავალ, მაგრამ მასწავლებლობას ვერ ვიკისრებ“), სპირიდონი კი სოფლის „უჩიტელია“ და სწორედ ამით ხიბლავს დესპინეს.

დ) დესპინე სპირიდონს ტარიელთან არ უღალატებს (აზრადაც კი არ მოსდის), მარგო უღალატებს (თუმც თავიდან ძალადობის ქვეშ მოქცეული), ან უფრო ზუსტი იქნება, თუ ვიტყვით, რომ ვერ უერთგულებს და თანდათან იფურჩქნება, დესპინეს კი, მას შემდეგ, რაც წარუმატებლობისაგან გამწარებული ტარიელი რკინიგზის სადგურზე სამარცხვინოდ გალახავს სპირიდონს, კოშმარული სიზმრები და ციება ეწყება და კვდება.

ე) სპირიდონი იბრძვის, თეიმურაზი ვერა. საბოლოოდ, დაავადმყოფებული და გაუბედურებული სპირიდონი მაინც ახერხებს შურისძიებას – იმავე სადგურზე კლავს ტარიელს, ხოლო თეიმურაზი საკუთარ სახლში, საკუთარ საწოლში, საკუთარ მეუღლესთან მძინარე ჯაყოზე აღმართულ ხანჯალს ვერ აამოქმედებს და საერთოდაც, ბოლომდე ჯაყოს მორჩილი რჩება.

რა თქმა უნდა, ბევრი ასეთი ურთიერთსაპირისპირო მომენტის დაჭერა შეიძლება ამ ორ ნაწარმოებში, მაგრამ, ვფიქრობ, საკმარისია. ერთსა და იმავე სტრუქტურაზე მორგებული ამ სარკისებური სქემატიზმის გათვალსაჩინოების ჭეშმარიტი არსი იმ შინაგანი პოლემიკის შეგრძნებაშია, რომელსაც, ჩემი აზრით, მიხეილ ჯავახიშვილი ეგნატე ნინოშვილთან, ზოგადად კი ხალხოსნებთან აწარმოებდა. „ხევისთავი რწმენით უკიდურესი რადიკალი და ხალხოსანი იყო“, – წერს რომანში იგი ერთგან და ეს არაა შემთხვევითი. მართალია სოციალურ-პოლიტიკური ფონი ორივე მწერალთან მნიშვნელოვანია, მაგრამ ჯავახიშვილი სულ სხვა რაკურსიდან უყურებს ამ ფონს. ხალხოსნების რევოლუციური ენთუზიაზმი ოცდაათწლიანი გადასახედიდან სულ სხვანაირი მოჩანს. მათი მაშინდელი იდეალიზმი ახლა უკვე მკაცრ, სასტიკ რეალიზმშია გადასული. ფაქტიურად, ხალხოსანი, ამ სიტყვის ადრინდელი მნიშვნელობით, ბუნებაში უკვე აღარც არსებობს. არსებობენ ბოლშევიკები, პროლეტარები და ა. შ. მაგრამ არა ხალხოსნები. ხალხოსანი მხოლოდ მიამიტი თეიმურაზ ხევისთავია, ძველი, და ამავე დროს, მისთვის სრულიად არაორგანული იდეალების ერთგული. მღვდელმა პეტრემაც კი გაიაზრა რეალობა და ადაპტირდა ახალ გარემოსთან, თეიმურაზ ხევისთავი კი საკუთარი გულუბრყვილო იდეალიზმითა და უნიათობით ხელს უწყობს, აჩქარებს მისი ისედაც გადაგვარებული კლასის საბოლოო გადაგვარებას.

ხალხოსნების ხედვა ვიწრო იყო იმ თვალსაზრისით, რომ ძალიან ხშირად ჩაგვრა-შურისძიების ლოკალურ, მკაცრ მოდელში თავსდებოდა: ვიღაცას ვენახს ართმევენ, ვიღაცას შვილს უუპატიურებენ, ვიღაცას ცოლს, ის კი მჩაგვრელს სამაგიეროს მიუზღავს. ასეა ნინოშვილთანაც: სპირიდონი შურს იძიებს ტარიელზე. ამ პერსონაჟის მიზანიც მთელი ნაწარმოების განმავლობაში სრულიად კონკრეტულია: ტარიელს შემთხვევით ნანახი მიმზიდველი ქალის დაპყრობა სურს. გამომდინარე აქედან, მოქმედებს ჯიქურ, და ვერც აღწევს მიზანს. რაც შეეხება ჯაყოს, მისი ზრახვები გაცილებით შორსმიმავალია და საწყის ეტაპებზე მარგო არც კი იგულისხმება. მარგოს დაუფლების სურვილი მასში მხოლოდ მას შემდეგ ჩნდება, რაც ცბიერებით თეიმურაზის თითქმის მთელ ქონებას ხელში ჩაიგდებს.

ის, რომ „ჯაყოს ხიზნები“ „ჩვენი ქვეყნის რაინდთან“ შედარებით ადამიანური განცდების, სოციალურ-პოლიტიკური ფონის, თუ ამ ფონის ადამიანურ განცდებზე ზემოქმედების ჩვენებით, გაცილებით ფართო და მაღალმხატვრული პანოა, ამას მტკიცება ალბათ არც სჭირდება. სწორედ ნინოშვილთან პერსონაჟთა ხასიათების სრული პოლარიზაცია ზემოთ ნახსენებ მხატვრულ სწორხაზოვნებაში გადადის. თუმცა აქ საინტერესოა ის, რომ ამ სწორხაზოვნებას „გახალხოსნურებული“ რომანტიზმი ჰბადებს. ნინოშვილთან ყველა მარცხდება, მაგრამ მისი პესიმიზმი რომანტიკული ყაიდისაა. სპირიდონ-დესპინეს წყვილი რომანტიკული წყვილია, და დესპი ნეს სპირიდონისადმი მიმართება, ახალგაზრდა, ლამაზი და ჯანსაღი ქალის სრული შერწყმა (ფიზიკურიც და სულიერიც) ფიზიკურად არასრულფასოვან სულიერ მამაკაცთან, არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საეჭვო პუნქტი, რომელსაც ეკამათება ჯავახიშვილი. ის რომანტიკულ წყვილს აღარ/ვეღარ ხატავს. თეიმურაზი და მარგო მხოლოდ გაცნობის პირველ საათებში შეიძლება ატარებდნენ რომანტიზმის საბურველს, მაგრამ ეს საბურველი სწრაფად იხსნება და ურთიერთობა რეალიზმში გადადის, შეიძლება ითქვას, პრაგმატიზმშიც კი, იმდენად პრაგმატული მოსაზრებებით – ქორწინდება. ნინოშვილთან დადებითი იდეალების მატარებელ ადამიანს ერთადერთი ნაკლი აქვს და ისიც ფიზიკური, ხოლო ჯავახიშვილი თანდათანობით ფიზიკურ ნაკლთან ერთად თავისი გმირის ნაკლოვანებათა ისეთ„პანდორას ყუთს“ ხსნის, რომ ფიზიკური ნაკლულობა საბოლოოდ მასთან მეორადიც კი ხდება. სულიერების დეფექტურობა აღმოჩნდება მისი პიროვნების განმსაზღვრელი და სწორედ ეს დეფექტურობა განიზიდავს ნელ-ნელა მარგოს თეიმურაზისაგან.

ამ ორი ნაწარმოების მოკლე პარალელური ანალიზი შესაძლოა საკმაოდ სქემატურიც გამოვიდა და ანტიპოდ-მამაკაცებზეც უფრო მეტი ვისაუბრეთ, ვიდრე მათ შორის მოყოლილ ქალებზე, მაგრამ ვფიქრობ, ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა ამ მამაკაცთა დახასიათება თავისთავად გამოკვეთს ქალთა სახეებს, მათ ფსიქოლოგიურ თუ სოციალურ მდგომარეობას, ბედისწერას. ეს ორმაგი წნეხი, როგორც სიკვდილის ნიღაბი, ისე აღბეჭდავს შიგ მოქცეული ქალის სახეს. მაგალითისთვის გავიხსენოთ, რომ სამარცხვინო გალახვის შემდეგ სპირიდონის ლოგინად ჩავარდნის წნეხი დესპინეზე სასიკვდილო ავადმყოფობად გადადის, ხოლო ხევისთავის უსუსურობაჯაყოს მიმართ საბოლოოდ მარგოს მონურ უმწეობადაც იქცევა ამ ადამიანისადმი.

* * *

„ჩვენი ქვეყნის რაინდის“ და „ჯაყოს ხიზნების“ ერთგვარ პოსტმოდერნულ ინტერპრეტაციას წარმოადგენს არჩილ სულაკაურის მოთხრობა „ჟამი დასვენებისა“. სულაკაურს აქ პირდაპირი მიმართება ჯავახიშვილთან აქვს და თემის თანამედროვე, პაროდიულ ვარიაციას გვთავაზობს. ნამდვილად არაა შემთხვევითი, რომ მოთხრობის ერთ-ერთ მთავარ გმირს თეიმურაზი ჰქვია. იგი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი, თავისი ლიტერატურული წინამორბედის მსგავსად „ჩია, ავადმყოფურად ფერმკრთალი კაცია“. თეიმურაზ მებუკე ერთ-ერთი ზღვისპირა კურორტის სანატორიუმში ისვენებს. მისი თანაპალატელია ვინმე ალექსანდრე მაყაშვილი, გოლიათური აღნაგობის მამაკაცი, რომელიც თითქმის ყოველდღე არღვევს სანატორიუმის განრიგს, 11 საათის მერე ბრუნდება უკან, რის გამოც უწევს პალატაში ფანჯრიდან გადაძრომა, ხოლო შემდეგ მთელი ღამე შემაწუხებლად ხვრინავს. გარდა ამისა, იგი სხვა დამსვენებელთაგან განსხვავებით არ დადის სანატორიუმის სასადილოში, აქვს ბევრი ფული და მას უანგარიშოდ ხარჯავს. მისი ასეთი ქცევა საშინელ გაღიზიანებას იწვევს პედანტურობამდე წესრიგისმოყვარულ თეიმურაზში და ამ გაღიზიანებას იგი გამოხატავს მეგობარ დამსვენებლებთან – სოლფეჯიოს მასწავლებელ მავრა ჩუბინიძესა და ძველ ილუზიონისტ არკადი ცეზართან. ეს ორი პერსონაჟი (მებუკე და მაყაშვილი) ბედის (ანუ ავტორის) ირონიით ერთ პალატაში, ერთ მიკროსივრცეში მოქცეული, თეიმურაზისა და ჯაყოს სასტიკი ტანდემის ცივილური ვარიანტია, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ თავიდან თითქოს ის ქალი არ ჩანს, რომელიც მათ კომპლექსებსა და ამბიციებს უნდა შეეწიროს. მაგრამ სულაკაურის ეს მოთხრობა, რამდენიმე განმსაზღვრელ ფაქტორს თუ დავასახელებთ, სწორედ იმიტომაა მოდელის პოსტმოდერნული გადასინჯვა, რომ ქალი მამაკაცთა ტიპური პოლარული წყვილის ტიპური მსხვერპლი აღარ არის. მეტიც, ქალი, როგორც კონფლიქტის რეალური საფუძველი, აქ აღარც არსებობს. ნინოშვილისა და ჯავახიშვილის რეალური, ულმობელი კონფლიქტი სულაკაურთან კულტურულ გამოცდილებაში, წარმოსახვაში გადადის.

წარმოშობით პოლონელი ბარბარა, რომელიც სასადილოს მოსამსახურე პერსონალშია, თავისდაუნებურად შეასრულებს წარმოსახვითი სამკუთხედის მესამე წევრის როლს. როგორც ირკვევა, თეიმურაზი მესამედ თუ მეოთხედ ისვენებს ამ სანატორიუმში და ერთი და იმავე მიზნით: ეტრფის ბარბარას, ყოველ ჩამოსვლაზე ხელს სთხოვს მას და ყოველ ჯერზე უარსაც იღებს მისგან. ყოველივე ამისაგან გაღიზიანებული და შინაგანად გაბოროტებული თეიმურაზი, არაცნობიერად გარე სამყაროში ეძებს ადამიანს, ვინც შეიძლება იყოს მიზეზი მისი წარუმატებლობისა. და ცხადია, ალექსანდრე მაყაშვილის გარეგნული იერი და ქცევის მანერა მას იქითკენ უბიძგებს, რომ მისი (ანუ მისნაირი ადამიანების) სასიყვარულო (ზოგადად – ცხოვრებისეული) მარცხის მიზეზი არის/არიან ალექსანდრე მაყაშვილი (ანუ მისნაირი ადამიანები). რათა საბოლოდ დარწმუნდეს, რომ მაყაშვილი მისი მეტოქეა, თეიმურაზისთვის ერთი პატარა სცენაც საკმარისია, რომელსაც იგი შემთხვევით შეესწრება სოლფეჯიოს მასწავლებელისა და ილუზიონისტთან ერთად: ერთ დილას, ახალგაღვიძებული მაყაშვილი კორპუსის წინ ჩვეული დარდიმანდული სილაღით გაესაუბრება ბარბარას და მწვანე კოლოფით რაღაცას აჩუქებს. ბარბარა გაინაზება, მაგრამ საბოლოოდ საჩუქარს მაინც მიიღებს. გარდა ამისა, ბარბარასა და მაყაშვილის საუბრიდან ირკვევა, რომ მას საჩუქრად გამზადებული აქვს კაბა ბარბარას გოგონასთვისაც. აი, მთელი რეალობა ამ წარმოსახვითი „სასიყვარულო სამკუთხედისა“. რამდენადაც ჯავახიშვილის თეიმურაზი ვერ ხედავს საშიშროებას მოჯამაგირე ჯაყოში, იმდენად, და ალბათ, კიდევ უფრო მეტადაც, სულაკაურის თეიმურაზი ხედავს საშიშროებას ამ, მისი აზრით, ჯაყოსებრ ტიპში. ის ხომ ფილოლოგია, ანუ ამ რომანში აღწერილის მისთვის აქტუალური ტრაგიკული ადამიანური მიმართებები და ამ მიმართებათა პრობლემატიკა კარგად უწყის და იგი იმდენადაა მის ცნობიერებაში ჩაჭედილი, რომ ვერც კი ხვდება, თანდათან როგორ ეხვევა ხევისთავის ტყავში. იგი ჯავახიშვილის თეიმურაზის ერზაცად იქცევა, ხოლო მაყაშვილი, შეიძლება ითქვას, ამ ერზაცის ერთგვარი „ვირტუალური ჯაყოა“, რომელიც რეალობაში აბსოლუტურად საპირისპირო არსება აღმოჩნდება: ფიზიკოსი, და თანაც არც მეტი, არც ნაკლები, აკადემიკოსი, ანუ თეიმურაზზე აღმატებული ადამიანი არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ შინაგანი თავისუფლებითაც, საზოგადოების მისდამი სიყვარულითაც, გვარიშვილობითაც, ფინანსური შესაძლებლობებითაც და რაც გადამწყვეტია – ინტელექტითაც.

ეს რადიკალურად ცვლის ძველ მოდელს და ცვლილებას, ერთი პერსონაჟის მეორესთან შედარებით აბსოლუტური ნაკლულობისა, ერთი შეხედვით, აბსოლუტურ ტრაგიზმში შეეძლო გადაეყვანა ნაწარმოები (თუმცა კი, ძნელია „ჯაყოს ხიზნებზე” მეტი ტრაგიზმის წარმოდგენა), მაგრამ ვინაიდან „ძლიერს ამა ქვეყნისა“ ამჯერად გუნებაშიც კი არა აქვს თავისი ანტიპოდის დაჩაგვრა, მის ცხოვრებისეულ სფეროებში შეჭრა, ყოველივე ეს პაროდიული ხდება.

პაროდიულობას ზრდის ისიც, რომ სულაკაური სინამდვილეში ნაცვლად სამკუთხედისა, ოთხკუთხედს გვთავაზობს: სამი დღის დაგვიანებით სანატორიუმში ჩამოდის სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტი გურამი, ნამდვილი „დედიკოს ბიჭი“, რომელიც პირველად გაუშვეს დამოუკიდებლად დასასვენებლად და ამიტომაც იქაც არ სცილდება დედამისის გულისშემაღონებელი რიტორიკა: გაუთავებელი წერილები რჩევა-დარიგებები- თურთ, ტელეფონის ზარები და ა. შ. სულაკაური მას თეიმურაზისა და ალექსანდრეს პალატაში განათავსებს, ანუ ორ გამოუვალ გზას მესამეს ჰმატებს, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ გარემო უფრო ლიბერალიზებულია და ეს მესამე უკვე უნდა არსებობდეს (გურამის დაგვიანებით ჩამოსვლაც, ამ კუთხით თუ შევხედავთ, ფრიად სიმბოლურ ელფერს ატარებს: იგი ისტორიულ-ქრონოლოგიური თვალსაზრისით გვიანდელი, უფრო ზუსტად კი, ქართული საბჭოური კულტურის ფენომენია, რომელიც ადრინდელ ეპოქათა ნეგატიური ფენომენების ჩასანაცვლებლად „გამოუშვეს“). საყურადღებოა, რომ დესპინესა და მარგოსაგან განსხვავებით, ბარბარა უკვე აღარაა უმწეო ინტელიგენტის მეუღლე. უნდა ვიგულისხმოთ, რომ მოცემულ ლიტერატურულ/საზოგადოებრივ კონტექსტში წარსულის გამოცდილება, ისევე როგორც თეიმურაზ მებუკეში, მასშიც მუშაობს, და თუ მებუკე ამ გამოცდილებით უწყინარ ადამიანში ჯაყოს ხედავს, ბარბარა უარს ამბობს მებუკეს ცოლობაზეც და მაყაშვილთან ახლო ურთიერთობაზეც (მართალია, არც მაყაშვილი იკლავს თავს ბარბარასთვის, მაგრამ თეორიულად მაინც შეგვიძლია დავუშვათ, რომ ასეთ შემთხვევაშიც კი, იგი გურამთან ურთიერთობას მიანიჭებდა უპირატესობას). იგი ახალს ირჩევს. ახალს, რომელიც საკმაოდ სიმპათიური და მშვიდია და უკიდურეს ნიშნებს არ ატარებს. ახალთან ფლირტის ინიციატივა მისგან მოდის (თუმც მხოლოდ წარმოშობით, მაგრამ მაინც პოლონელისაგან, ანუ ევროპელისაგან, და ეს მინიშნებაც ზუსტია – იგი ძველ და შემზარავ „აზიატურ“ მოდელში არა მარტო დამყაყებული საბჭოური კონსტელაციების, არამედ დასავლური ნიშნების მცირე დოზით შეჭრასაც გულისხმობს), მაგრამ „დედიკოს ბიჭი“ მეტისმეტად სტერილურია იმისათვის, რომ რეალურად ამ ფლირტიდან რაიმე გამოდნეს. საბოლოოდ, გურამი, როგორც ზომიერი ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობების მქონე ზომიერად დაკომპლექსებული პერსონაჟი, ნინოშვილ-ჯავახიშვილის მძიმე ფსიქოლოგიურ-სოციალურ-სექსუალური სურათის შუალედური გადაწყვეტა და ავტორის მიერ პრობლემის გაშარჟებაა, რაც სრულიად ადეკვატური იყო იმ პერიოდისათვის, რომელშიც ცხოვრობდა და რომელსაც ამ შემთხვევაში აღწერდა არჩილ სულაკაური. საბჭოთა პერიოდში, რა თქმა უნდა, მოიპოვებოდნენ სპირიდონები და თეიმურაზები, ისევე, როგორც ტარიელები და ჯაყოები, ოღონდ კარიკატურული სახით, დესპინესა და მარგოს შთამომავლობა კი, მადლობა ღმერთს, გადაგვარდა. ისინი, ასე თუ ისე, უკვე თავად საზღვრავდნენ საკუთარ ბედს, რამეთუ ტარიელ-ჯაყოები თანამდებობის პირებად ან მაქინატორ ბიძებად იქცნენ და ძირითადად, არა სპირიდონ-თეიმურაზებს გლეჯდნენ სიმდიდრესა და კომფორტს, არამედ – მათსავით დაბეჩავებულ სახელმწიფოს. ტრაგიზმიდან კომიზმში გადასულ ამ ტიპაჟებს კი „დედიკოს ბიჭთა“ (და პლუს „ძველ ბიჭთა“) მრავალრიცხოვანი, უსახური ფენა შეემატა, არა როგორც ახალი არჩევანი, არამედ – როგორც არადანი.

ამ ნაწარმოების პაროდიულობის ცოცხალი სიმბოლოა ძველი ილუზიონისტი არკადი ცეზარი. მისი მეგობრობა თეიმურაზთან, ნაწარმოებში მისი ყველგანმყოფობის განცდა, ბოლოს კი იუბილე, რომელსაც დამსვენებლები მას უწყობენ, ამაზე მეტყველებს. მთელი ამ ცირკის უკანასკნელი ნომერი კი იუბილეს მიმდინარეობისას თეიმურაზის მიერ ზღვაში თავის დახრჩობის მცდელობა და მაყაშვილის მიერ მისი გადარჩენაა. ანუ: ტარიელმა დაღუპა სპირიდონი, ჯაყომ დაღუპა თეიმურაზი, მაყაშვილმა კი მებუკე გადაარჩინა. ოღონდ მხოლოდ ფიზიკურად. ესეც მწარე ირონიაა სულაკაურისა: თეიმურაზ II-მ უნდა იცხოვროს ამქვეყანაზე კვლავაც თეიმურაზ I-ის კომპლექსებით დაავადებულმა და მის აჩრდილად ქცეულმა. ქალი კი ნელ-ნელა უნდა გათავისუფლდეს ბეჩავი ინტელიგენტი და ჯან-ღონით აღსავსე ველური მამაკაცების ამ შემზარავი ორმაგი წნეხისაგან. და ეს შეუქცევადი პროცესია.

* * *

განხილული მოდელის ეს სამი ქართული ვარიაცია კარგად ირეკლავს ცარიზმის, ბოლშევიზმისა და გვიანი საბჭოური პერიოდისათვის დამახასიათებელ ნიშნებს, კარგად აჩვენებს სამ ეტაპს სცილასა და ქარიბდას შორის მოქცეული ქალის ნატურისა, მისი ბედისწერისა. ეს წერილი გარკვეულწილად დასრულებულ სახეს მიიღებდა, თუკი მას მეოთხე, პოსტსაბჭოური პერიოდის ვარიაციაც შეემატებოდა, მაგრამ თანამედროველიტერატურის ჩემეულმა განჩხრეკამ შედეგი არ გამოიღო. ახალი თაობის მწერალთა შემოქმედებაში მკაფიოდ გამოხატულ იმავე მოდელს ვერ მივაგენი. ვერ გეტყვით, ეს ჩემი ბრალია თუ ჯერჯერობით, ასეთი ნაწარმოები ბუნებაში მართლა არ არსებობს, მაგრამ ის კი ვიცი, რომ ადრე თუ გვიან, ამ წერილის შემდგომი თავი უნდა დაიწეროს, რომელიმე ლიტერატორის ხელით თუ არა, მკითხველის წარმოსახვაში მაინც. უნდა დაიწეროს, რადგან ახალმა ეპოქამ, ლიბერალიზმისა და ადამიანური სისასტიკისამ უცნაურმა ნაჯვარმა, თავიდან გაამძაფრა კარიკატურად ქცეული ეს მოდელი: ქალთა ფემინისტური სწრაფვები ანტიპოდ მამაკაცთა განახლებულ ანომალიებს დააჯახა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s