ნინო აბაკელია _ საგანთა ფუნქციონირებისათვის სამყაროს მოდელში


(ქართული მასალის მიხედვით)

ცნობილია, რომ კულტურის ძირითად სემანტიკურ ელემენტებს კატეგორიები შეადგენენ. კატეგორიები ჩაბეჭდილია ენაში და ნიშანთა სხვა სისტემებში: ხელოვნების ენაში, მეცნიერებაში, რელიგიებში… სამყაროს გააზრება ამ კატეგორიების გარეშე ისევე შეუძლებელი იქნებოდა, როგორც ენის კატეგორიის გარეშე.

კულტურის ფუნდამენტურ კატეგორიებად ითვლება დრო, სივრცე, ცვლილება, მიზეზი, ბედი, რიცხვი, დამოკიდებულება გრძნობითსა და ზეგრძნობითს შორის, მიმართება ნაწილსა და მთელს შორის და სხვ. აღნიშნული ცნებები ყოველ კულტურაში დაკავშირებული არიან ერთმანეთთან და ქმნიან თავისებურ ,,სამყაროს მოდელს” ე. წ. ,,კოორდინატთა ქსელს”, რომლის მეშვეობითაც ადამიანები აღიქვამენ სინამდვილეს, საკუთარ ცნობიერებაში აგებენ სამყაროს სურათს (გურევიჩი 1972: 5-26).

ნივთები/საგნები ტექსტებში გვიან ჩნდება. კოსმოლოგიური ე.ი. უძველესი ტექსტები არ ეხებიან ნივთებს, par excellence, და მათ რთავენ გაკვრით, როგორც მიზანსცენის ერთგვარ ფუნქციურდამხმარე რეკვიზიტს (შდრ., თუნდაც იშთარის სამოსის აღწერა, რომელსაც იგი იხდის ერშკიგალთან ჩასვლისას). ,,ისტორიულ” პერიოდში, რომელიც კოსმოგონიის მემკვიდრეა, ნივთი რევანშს იღებს. როგორც ,,დაბალი” შესაქმის ძირითადი ელემენტი, იგი ხდება გარკვეულწილად, ისტორიისა და კულტურის ძირითადი ინდექსიც, რომლითაც შესაბამისი ქრონოლოგიური ჭრილის ,,მოდელი” განისაზღვრება (ცივიანი: 121-122).

,,სამყაროს მოდელში” ჩართული ერთ-ერთი ელემენტი – განძი – ერთი, ორი ან მეტი ნივთისაგან შემდგარ დეპოზიტს წარმოადგენს. სამყაროს მოდელში ,,ჩართულობა” მას მითო-რიტუალურ კომპლექსებთან და, შესაბამისად, კულტურის სხვადასხვა კატეგორიასთან აკავშირებს. განძის ჩაფლვა მიწაში გარკვეულ რწმენა-წარმოდგენათა ციკლთანაა დაკავშირებული (მაგ., ისეთთან, როგორიცაა მიღმურ სამყაროსთან მიმართება).

კულტურის კატეგორიებში სიკვდილის კატეგორიას განსაკუთრებული ადგილი უკავია ქართველთა ყოფაში, ხოლო დაკრძალვის წეს-ჩვეულებათა კომპლექსში განძი, როგორც ქონების ნიშანი, სპეციფიკურ მნიშვნელობას იძენს.

განძის ,,გადაგზავნა” ცოცხალთა სამყაროდან მიცვალებულთა სამყაროში დაკავშირებულია რწმენა-წარმოდგენათა ციკლთან სიცოცხლის შესახებ სიკვდილის შემდეგ.

განძი, როგორც ხილული სამყაროს ნიშანი, გარკვეულწილად დაკავშირებულია უხილავ სამყაროსთან და მიგვანიშნებს მიმართებაზე: გრძნობითი/ზეგრძნობითი, ხილული/უხილავი და ა.შ.

და მაიც, რომელ ღირებულებათა ორიენტაციის ცნებას უნდა გულისხმობდეს განძი? ეთნოგრაფიული დაკვირვებების მიხედვით, ადამიანი განძს აგროვებდა როგორც სააქაოსთვის, ასევე საიქიოსთვისაც.

განასხვავებენ ბუნებრივ, მიწაში ჩამალულ განძს (ლითონი, საბადო, მადანი, მიწის წიაღისეული) და ადამიანის ხელით შექმნილი საგნებისგან შემდგარ განძს (სამეურნეო, სარიტუალო, საბრძოლო იარაღები, მონეტები…), (ანტითეზა: ბუნება/კულტურა); ორივე ტიპის განძი საკრალურ სფეროს მიეკუთვნება და მიღმურ რწმენა-წარმოდგენათა კომპლექსს უკავშირდება. ,,ბუნებრივი” განძი ,,საიქიოდან (გარე სამყაროდან, გარე სკნელიდან შინას რაც გარს აკრავს და არა მხოლოდ მიცვალებულთა სამყაროდან, როგორც დღეს იხმარება ეს ტერმინი. აღნიშნული ტერმინის სივრცული ასპექტებისთვის იხ. 2.9-15) მოსულად” ითვლება (მეტეორიტები, წიაღისეული) და გულისხმობს ,,მოძრაობას” გარედან შიგნით – იმიერიდან ამიერში, ადამიანის ხელით შექმნილი განძი შიგნიდან/შინადან გარეთ, ამიერიდან იმიერში მოძრაობის მაჩვენებელია. ნებისმიერ შემთხვევაში, განძი კოსმიურ დონეებთან არის დაკავშირებული. უფრო მეტიც, განძი კოსმოსის საკრალურ სფეროებთან კონტაქტის, კომუნიკაციის საშუალებაა, რაც სააქაოში ყოველი ადამიანისთვის უმთავრესი საზრუნავი იყო.

განძის ეს ფუნქციები (ე. ი. კომუნიკაციის ფუნქციები) ქართულ კულტურაში დასტურდება, როგორც არქეოლოგიური (აბაკელია 1987: 134-149), ასევე ეთნოგრაფიული მონაცემებითაც (ლორთქიფანიძე 2004: 58-67; კანდელაკი 2001: 317-320). როგორც აღინიშნა, განძს ადამიანი აგროვებდა როგორც სააქაოსთვის, ისე საიქიოსთვის და ცდილობდა დაგროვილი განძი რაც შეიძლება მოხერხებულად გადაეტანა, გადაეგზავნა საიქიოში. ამისთვის იგი სპეციალურ რიტუალებს ასრულებდა. მაგალითად, ქართულ ხალხურ ყოფაში ეთნოლოგები ასეთ სპეციალურ რიტუალად ,,ლუხორს”//„ლეხორს” მიიჩნევენ. ძალიან მოკლედ ლუხორის რიტუალის განმარტება ასეთია ა. დავითიანის მიხედვით: ,,ლუხორის გადახდა, რომელიც ,,ხორ” ძირიდან მომდინარეობს და შესაწირავებისა და შემწირველების კრებულს აღნიშნავს, საჭირო იყო იმათთვის, ვინც სააქაოს უშვილო იყო და საიქიოს უზრუნველი ცხოვრების გაგრძელება უნდოდა ქონების გადატანის გზით. ,,ლუხორის” რიტუალის შესრულებისას (ხარების ტრადიციულად ხუთის ან მეტის შეწირვის რიტუალის შესრულებისას, რაც მიზნად ისახავდა საიქიოში გარანტირებულ ცხონებას) როგორც ეს მ. კანდელაკმა შეისწავლა, მთავარი მიზანი იყო ქონების დაგროვება-დახარჯვა ანუ ქონების დაძვრა. ქართველ მთიელთა სამყაროში ორიენტაცია აღებული იყო სახელიან ყოფნაზე სააქაოში და უზრუნველ ყოფაზე საიქიოში (სურგულაძე 2003: 58-67). ი.სურგულაძის აზრით, ქართველ მთიელთა სამყაროში იმავე სიმბოლიზმს ე.წ. ,,წალალულნი” და ,,წარგზავნილნი” (ანუ წინასწარ შეწირულნი) ემსახურებოდნენ [7]. მკვლევარების აზრით (მ.კანდელაკი, ი.სურგულაძე) არსებობს ქონების გადატანის ორი ხერხი, დაფლვა და გაფანტვა. გაფანტვა თავს ინარჩუნებს, როგორც სოციალური პრესტიჟის ფორმა (სურგულაძე 2003: 58-67; კანდელაკი 2001: 317-322).

მთელ დასავლეთ საქართველოში დასტურდება ფუნქციონალური თვალსაზრისით ლუხორის მსგავსი რიტუალი ცნობილი ,,სულის გადაბრძანების” სახელწოდებით ცნობილი, რომელიც ,,ნათლიღების ხუთშაბათს” სრულდებოდა, ე.ი. ნათლისღების შემდეგ პირველ ხუთშაბათს ეწყობოდა სპეციალური ვახშამი, ან სხვაგვარად რომ ვთქვათ საკურთხს გააკეთებდნენ და ,,გადაულოცავდნენ ჭიშკარს”. ადგილობრივი რწმენით, ამ დღეს ,,მკვდარმა და ცოცხალმა“ ერთად უნდა ჭამოს. გარდაცვლილთათვის იდგმებოდა სკამები (საკურცხილი). ვახშმის შემდეგ, აიღებდნენ ერთ კვერს, ერთ ჭიქა ღვინოს, ერთ ნაჭერ ხორცს და გაემართებოდნენ ჭიშკრისკენ, გზადაგზა ღვინოს ასხამდნენ და თან იძახდნენ: „წამობრძანდით, წამობრძანდითო”. ცარიელ ჭიქას ჭიშკართან დადგამდნენ, კვერს და ხორცს დაადებდნენ და უკანმოუხედავად დაბრუნდებოდნენ სახლში. იგივე რიტუალი სვანეთში ლიფანალის, სამეგრელოში გალენიშის სახელწოდებითაა ცნობილი (სურგულაძე 2003: 238-239). სვანეთში უფრო რელიეფურად შემორჩენილი რწმენების მიხედვით, აღნიშნული დღესასწაულის დროს გარდაცვლილ წინაპართა სულები საიქიოში შეწირული ცხოველების სულებს მიერეკებოდნენ. ამავე რწმენა-წარმოდგენების ამსახველია პრიმიტიული ნახატები, რომლებსაც აღნიშნულ დღესასწაულზე ქალები ხატავდნენ სხვადასხვა საგანზე სპეციალურად მომზადებული (ნაკურთხი წყლითა და ნაცრის შერევით მღებული) ,,საღებავით” (აბაკელია 1987: 134-139).

თუ განძთან დაკავშირებით დასავლეთ საქართველოს მთიანეთში ყოფამ უფრო რიტუალები შემოინახა, აღმოსავლეთ საქართველოს მთაში განსაკუთრებით ანდრეზებია შემორჩენილი წმინდა საგანძურებზე, რომლებიც საიდუმლო ადგილებშია (გამოქვაბულებში, მიწის სიღრმეებშია) დაცული. მათ ქვესკნელის ძალები იფარავენ, მასთან წმ. გიორგის მიერ ქაჯავეთის დალაშქვრის მოტივია დაკავშირებული და სხვ. (ბარდაველიძე 1957: 81-102; ოჩიაური 1967: 83-127).

როგორც სპეციალური ლიტერატურიდან კარგად არის ცნობილი, მოსახლეობა განსაკუთრებული რიდით და კრძალვით ეკიდება განძს. ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, ვერც ფშაველი და ვერც ხევსური ნაპოვნ ოქროს ან ვერცხლს თავისთვის ვერ გამოიყენებდა, ის აუცილებლად ლაშარის ჯვრისთვის უნდა შეეწირა. ჯვარს ჰყავდა თავისი მსახური (ჯვარის მსახური), რომელსაც ჩაბარებული ჰქონდა ჯვრის თას-განძი. მხოლოდ განძის მცველმა იცოდა მისი ადგილსამყოფელი, სამალავი. მას გამოჰქონდა იგი დღესასწაულებზე, დღეობის დამთავრების შემდეგ ასუფთავებდა და კვლავ თავის ადგილზე აბინავებდა… საინტერესოა, რომ ამ მეგანძურებს თავად ჯვარი ირჩევდა ქადაგის პირით. მეგანძური ორი იყო. თუ ორივე დაიხოცებოდა, სამალავის ადგილსამყოფელი საიდუმლოდ დარჩებოდა. თას-განძიც იკარგებოდა და საგანძურის აღმოჩენა, როგორც ამას ზ. კიკნაძე აღნიშნავს, მხოლოდ რჩეულთა ხვედრი იყო (კიკნაძე 1996: 83-127).

ერთერთი ასეთი რჩეულთაგანი, რომელმაც შეძლო უხილავი განძის გამოვლენა, ზ.კიკნაძის გამოკვლევებით, ქართველთა ერთიანი ქვეყნის მეფე ფარნავაზი იყო, რომელმაც თბილისის ,,ღირღალებში” მიაგნო განძს. ფარნავაზმა მისი წყალობით გაათავისუფლა ქვეყანა და მეფობა მოიპოვა. ზ. კიკნაძის აზრით, მეფობის კანდიდატისთვის, რათა ის მეფედ გამხდარიყო სხვასთან ერთად ერთ-ერთ აუცილებელ კომპონენტსა და პირობას წარმოადგენდა განძის პოვნა და სხვ.

ამგვარად, ლითონის ადამიანთან ყოფნას მაგიური მნიშვნელობა აქვს და მას სხვადასხვა დონეებთან ურთიერთობის შესაძლებლობას უხსნის. მაგრამ ასევე საინტერესოა ის ფაქტიც, რომ მათ (ე .ი. ლითონებს) არა მარტო ადამიანის ნეშტთან პოულობენ, არამედ ღვთაებების გამოსახულებების გვერდზეც. მაგ., ნეოლითური ხანის ერთ-ერთი განძი აღმოჩენილია ფესტოში, სადაც თიხის ქალღვთაების გამოსახულების გვერდზე იდო მაგნიტური რკინაქვა (ევანსი 1921: 37). ამრიგად, განძის ,,მფლობელნი” არა მარტო ხელდასხმულები, მეფეები არიან, არამედ ღმერთებიც. ხოლო ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ წმინდანებიც. ასეთ წმინდანს ქართულ ტრადიციაში, ადგილობრივი რწმენა-წარმოდგენებოთ, განძის მფლობელი ხახმატის წმ. გიორგი წარმოადგენს. მასთან კარგად ცნობილი ქაჯავეთის დალაშქვრის მოტივი ერთიანდება. ბნელი ძალების წინააღმდეგ ბრძოლის შემდეგ ხახმატის წმ. გიორგიმ ქაჯავეთიდან წამოიღო საკრალური ნივთები: თასი, საკიდელი, ცხრაენიანი ზარი, ოქროს ფანდური, ათძალიანი ოქროს საცერი, დიდი გრდემლი და ფურის რქა, რათა ისინი მთელი ხევსურეთის ღვთისშვილთა საყმოებისთვის გაენაწილებინა (კიკნაძე 1996: 83-127).

ო. ლორთქიფანიძის მიხედვით (ლორთქიფანიძე 2004: 134-149), განძი გვიანბრინჯაოს ხანის კოლხური კულტურის (ძვ. წ. II ათასწლეულის მეორე ნახევარი – I ათასწლეულის დასაწყისი) ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტთაგანია. სადღეისოდ ცნობილი 150-ზე მეტი განძიდან არც ერთი არ არის აღმოჩენილი რეგულარული გათხრებისას. ოთარ ლორთქიფანიძის დაკვირვებით, მათი აღმოჩენის პირობები ქმნის შთაბეჭდილებას, რომ განძები ხელახლა მოხმარებისთვის არ იყო გამიზნული: ისინი ძირითადად საკრალური დანიშნულებისა იყო. ძვ. წ. VIII-VII საუკუნეებიდან ბრინჯაოს ნივთების განძები აღარ გვხვდება კოლხეთში. და სწორედ ამ დროს ჩნდება აქ სამლოცველოები მრავალრიცხოვანი ნივთშეწირვით.

ო. ლორთქიფანიძის აზრით (ლორთქიფანიძე 2004: 134-149), ,,განძი”, რომელიც ასე გავრცელებული და ტიპურია კოლხური ,,ბრინჯაოს კულტურისთვის”, ძირითადად რიტუალური დანიშნულებისა იყო და წარმოადგენდა შესაწირავს. განძის ,,განძობა” ხშირად დასტურდება მათი იზოლირებულად, დასახლების გარეთ ე.წ. კულტურული კონტექსტის გარეთ აღმოჩენით. (მდინარის პირას, მინდორში და სხვ. სამოსახლოდან მოშორებით).

მრავალი ეთნოგრაფიული და არქეოლოგიური მასალა არსებობს მდინარეების, წყაროების და ა. შ. თაყვანისცემაზე. მუდმივად ცვალებადი და შეუქცევადი მდინარე უძველესი დროიდან ასოცირდებოდა დროის ნაკადთან, რომელიც მხოლოდ ერთი მიმართულებით მიედინება. მდინარესთან დაკავშირებული სხვა ცნობილი სიმბოლური მნიშვნელობებია: საიქიოში მიმავალი გზა, ცოდვებისგან განწმენდის საშუალება, ნაყოფიერება და სხვ. მდინარე კომუნიკაციის საშუალებაა სააქაოდან საიქიოში. მდინარეს შინადან გარეთ ატანენ ცუდ ამბებს, საკრალურ ობიექტებს. იგივე ითქმის განტევების ვაცზეც. განტევების ვაციც ხომ არ უნდა დაბრუნდეს და სხვ. ბერძნულ სინამდვილეში წყალში გადაგდებული შესაწირავის კვლავ ამოტივტივება ცუდ ნიშნად იყო მიჩნეული და სხვ.

განძის, როგორც შესაწირავის იზოლირებულ ადგილას შეწირვა, ო. ლორთქიფანიძის აზრით, შესაძლოა განპირობებული იყო იმ დროს სამლოცველოებისა და ტაძრების უქონლობით (ლორთქიფანიძე 2004: 134-149). განძი წარმოადგენდა განკუთვნილ ღმერთებისათვის შესაწირავს, ხოლო მსხვერპლშეწირვა სპეციფიკური რიტუალით უნდა შესრულებულიყო. მსხვერპლშეწირვა, შესრულებული როგორც უკვდავთათვის, ასევე მოკვდავთათვის – გაცემის ფორმაა.

ამრიგად ქართულ ტრადიციაში განძი, ერთი მხრივ, დასტურდება, როგორც შესაწირავი ანუ ღმერთებთან ურთიერთობის და მათ მიმართ გარკვეული ქმედებების ჩატარების ერთერთი უძველესი გზა (კოსმოლოგიური ასპექტი) და, მეორე მხრივ, როგორც ასევე მნიშვნელოვანი და განვითარებული ფორმა გაცემა/ხარჯვისა (შეწირული ხარების ხორცის დანაწილება ლუხორის რიტუალში (სოციალური ასპექტი)).

ჩვენი აზრით, განძის, როგორც ქონების საიქიოში ,,გადატანის” მოტივი უშუალოდ უკავშირდება სივრცის სიმბოლიკას. შინასა და გარეს სიმბოლიკას თუ გავითვალისწინებთ და ფაქტს მსხვერპლშეწირვები (იგულისხმება არქეოლოგიური ,,განძები”) ძირითადად მდინარის ნაპირებთან სრულდებოდა ე. ი. მარგინალურ ზონებში, მაშინ ამგვარი ,,იზოლირება” ლოგიკური და გამართლებულია. უბრალოდ აქ სიმბოლური, რიტუალური სივრცე ვერტიკალურის ნაცვლად ჰორიზონტალურ პლანში იშლება. საინტერესოა, რომ ეთნოგრაფიულ ყოფაშიც დასტურდება მსხვერპლშეწირვის ამგვარი კოსმოლოგიური ასპექტი. მხედველობაში მაქვს სამეგრელოში დადასტურებული გალენიში ორთასადმი შესრულებული რიტუალი ტყეში, სოციუმის გარეთ და სხვ. (შდრ. ჩვენს მიერ შესწავლილ კოსმოლოგიურ სიმბოლიზმთან).

განძის პოვნა გარკვეულწილად ,,თვალის ახელასთან”, ჭვრეტასთან, შესაბამისად, ხელდასხმასთან არის დაკავშირებული. განძის ფლობა, ერთის მხრივ, სიბრძნის მეორეს მხრივ ძალაუფლების ფლობას გულისხმობს. შესაბამისად, ახლად ხელდასხმული მეფე იმავდროულად სიბრძნისა და ძალაუფლების მეუფედ მოიაზრებოდა.

ამრიგად, განძი სამყაროს მოდელში სააქაოსა და საიქიოს შორის ცირკულირებს. იგი ხან ჩენილია, ხან უჩინარი. განძი, როგორც შესაწირავი (მისი ეს ფუნქცია ჩანს როგორც ზემოთ ხსენებულ არქეოლოგიურ კულტურაში, ასევე ცოცხალ ეთნოგრაფიულ რეალიაშიც) ღმერთებთან (ან ღმერთთან) ურთიერთობის და მათთან „თანამშრომლობის” უძველესი გზაა. იგი ამ კონტექსტში აბსოლუტურად რაციონალური და ფუნქციონალურია. განძის, როგორც საკომუნიკაციო სიმბოლოს მეშვეობით მყარდებოდა კონტაქტი წარმავალიდან წარუვალ სფეროსთან, რომელიც რიტუალის შემსრულებელს გარანტიას აძლევდა მშვიდად გაეგრძელებინა ცხოვრება, როგორც სააქაოში, ასევე საიქიოშიც.

ლიტერატურა:

გურევიჩი 1972: Гуревич А.Я. Категории средневековой Европы, М..

ცივიანი 2001: Цивьян Т.В., Семиотические путешествия. К семанике и поэтике вещи, Санкт-Петербург, 2001.

აბაკელია 2000: აბაკელია ნ., ციკლური სიმბოლიზმი და დაკრძალვისა და გლოვის წესები დასავლურ-ქართულ ტრადიციაში, ქართული მემკვიდრეობა IV, ქუთაისი 2000. აგრეთვე: ნ.აბაკელია. კოსმოლოგიური სიმბოლოები დასავლეთ საქართველოში, მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისთვის, XXIII, 1987.

ლორთქიფანიძე 2004: Lorkipanidze, O., ,,Hoards” in Colchian Bronze culture: their Role and Function, journal of Georgian Archaeology, N. 1,2004, Tbilisi.

კანდელაკი 2001: კანდელაკი მ., ფასეულობითი ორიენტაციის საკითხისათვის ქართველ მთიელთა ტრადიციულ ყოფაში, ანალები, № 1, 2001.

სურგულაძე 2003: სურგულაძე, მითოსი, კულტი, რიტუალი საქართველოში, თბ., 2003.

აბაკელია 1987: აბაკელია ნ., კოსმოლოგიური სიმბოლოები დასავლეთ საქართველოში, მსე, 23, თბ., 1987.

ბარდაველიძე 1957: Бардавелидзе В. В., Древнейшие религиозные верования и обрядовое графическое искуство грузинских племен, Тб., 1957.

ოჩიაური 1967: ოჩიაური თ., მითოლოგიური გადმოცემები აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, თბილისი, 1967.

კიკნაძე 1996: კიკნაძე ზ., ქართული მითოლოგია I (ჯვარი და საყმო), თბ., 1996.

ევანსი 1921: Evans A., The Palace of Minos., L., 1921.Vol.1.

Nino Abakelia

Towards the Investigation of the Functions of things in the Pattern of World

(According to the Georgian Data)

According to the archaeological and ethnographic data hoard represents one of the important elements of Georgian culture. ,,Inscription” of hoard in the ,,pattern of world” associates it with the definite mythico-ritual complexes and consequently with the various categories of culture.

Among the categories of culture death category takes a special place and role in the mode of life of Georgians and in the burying custom complexes hoard as a sign of property receives a specific meaning.

Moving the hoard from the living world to the nether world, is directly associated with the beliefs of life after death

Hoard as a sign of visible world is related to the invisible world and points to the correlation between: sensible/supersensible, visible/invisible. ,,Natural” hoard (metals, meteorites, etc.) is thought to be occurred from the outer world (Nether or Upper ones) and points to the direction from outer world into the inner one. Hoard is revealed as a communicative means between the sacred cosmic spheres and for that reason everybody tried to regulate the communication between these spheres by means of it.

As is known during the life man used to make his fortune to ensure his mode of life among the living and afterlife among the dead. For that reason he needed to convey the hoard across the nether world and he performed special rituals. One of such rituals in Georgia was called ,,luchori” (i.e. sacrificial ritual performed among the relatives and neighbors by the childless families in order to maintain their living after death). The other ritual that also used to be performed to provide hoard for the nether world was called the ,,farewell to the spirits of the dead”, who were thought to visit their living relatives during the Epiphany festival in winter. According to the native beliefs, on the day of their departure the spirits of the dead ancestors drove the soles of the sacrificed cattle away to the nether world. These beliefs were also reflected in the primitive paintings drawn by women on that period.

It is noteworthy, that if such rituals are attested mostly in western Georgia, myths and legends on hoards are preserved in eastern Georgia. Hoard histories are also preserved in the historical sources such as “the Life of Kartli. According to these legends hoard is generally guarded by the chthonic powers called Kaji. Against these dark powers, according to the native legends, the campaign of St George was arranged, who in order to take possession of Kaji hoard descended to the nether world.

With the concept of hoard the motifs of initiation and election of kings are associated. Even more the essential condition to become a king is to find and reveal hidden and invisible hoard. The owners of hoards were not only the initiates and kings, but according to the archaeological data gods as well.

In Late Bronze Colchian culture hoards were found as isolated deposits far away from the settlements, near the banks of a river and fields. The custom of isolated ritual offering of bronze obჟects was caused by the absence of sanctuaries at that time. Starting from 8th -7th cc B.C. bronze votive offerings disappear (seize to exist) in the Colchian Bronze Culture. According to O. Lordkipanidze, from this time temples and sanctuaries start to appear in Colchis.

Permanently changing and irreversible river, flowing in one direction from times immemorial was identified with the stream of time. The popular beliefs associated with the symbolic meaning of river are: road to the nether world, atonement, fertility, etc.

From my viewpoint, transference of the hoard into the other world is directly related with the space symbolism.If we take into account the symbolism if inner/outer spaces such sacrifices held on the banks of river, springs, etc. e .i. in marginal zones, isolated from the settlements seem quite logical and full of sense. Here the symbolic ritual space is unfold (displayed) instead of vertical in the horizontal plane, revealing cosmological aspects of the ritual.

Revelation of hoard in some way is connected with the intuition, insight and initiation. Possession of hoard means to attain wisdom and to possess power. Consequently, the newly elected king possesses both: wisdom and power. Thus hoard in the Georgian patter of world circulates between Nether and Living worlds from time to time becoming manifest.

Hoard as a communicative means contributes to the contact between transient and intransient worlds, this contact guarantees both: life among the living and life after death in the world of dead.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s