მერაბ ღაღანიძე _ „ზევსური” აკაკის პოეზიაში


1915 წლის 25 იანვარს, გამთენიისას, 5 საათზე, სხვიტორში, საკუთარ სახლში, აკაკი წერეთელს ტვინში სისხლი ჩაექცა. მთელი დღის აგონიის შემდეგ, როცა შუაღამეს გადასცდა, 26 ივნისის 1 საათზე, აკაკი გარდაიცვალა (ასათიანი 1965: 499).

ერთი კვირის თავზე, 2 თებერვალს, ჯერ კიდევ პოეტის დაკრძალვამდე, ყოველკვირეულ გაზეთში ,,თემი” დაიბეჭდა აკაკის ლექსი ,,გედი”. ფორმალური უზუსტობის მიუხედავად, ულოგიკოდ არ ჩანს, რომ სწორედ ამ ლექსით მთავრდება აკაკის აკადემიური შვიდტომეულის პირველი ტომი (აკაკი 1940: 854), რომელშიც მისმა გამომცემლებმა, ალექსანდრე აბაშელმა და პავლე ინგოროყვამ, პოეტის ლექსების სიცოცხლისდროინდელი პუბლიკაციები მოათავსეს1.

თუმცა, მომდევნო აკადემიურ გამოცემაში, თხზულებათა თხუთმეტტომეულში, ამ ლექსს ადგილი მიჩენილი აქვს არა სიცოცხლის მიწურულს დაწერილ ლექსთა შორის, არამედ 1891 წლის თარიღის ქვეშ (აკაკი 1950: 215). თარიღის შეცვლის საფუძვლად თხუთმეტტომეულის გამომცემელი, გიორგი აბზიანიძე, ასახელებს ლიტერატურის მუზეუმში დაცულ პირად წერილს, რომელიც ,,თემის” რედაქტორს გაუგზავნია ივანე მაჩაბლისათვის. თავად ეს რედაქტორი ამ კომენტარში სახელდებული არ არის (სავარაუდოა, გარკვეული პოლიტიკურსაცენზურო მოსაზრების გამო), თუმცა იგი, როგორც ჩანს, უნდა ყოფილიყო გრიგოლ დიასამიძე (ბაქრაძე 1947: 38). ამ წერილში, რომელიც 1891 წლის 22 ივლისითაა დათარიღებული, გაზეთის რედაქტორი ატყობინებს მაჩაბელს, რომ გამოჯანმრთელებულ აკაკის მისთვის გაუგზავნია საკუთარი ახალი ლექსი ,,გედი”, ,,რომელიც ყოველის მხრით მშვენიერია”, ხოლო წერილს თან ერთვის ამ ლექსის ასლი (აკაკი 1950: 506).

თავად ,,გედის” ტექსტი ესაა:

სიკვდილის წინედ ამბობენ,
აჭიკჭიკდება გედიო2,
და ტკბილ ჰანგებში იმარხვის
მისი არსების ბედიო.

უცნაურია გალობა
პირველ და უკანასკნელი!.
აქ იხატება ცის სივრცე,
აქვე ისახვის ქვესკნელი.

ორ-აზროვანი, ორ-კილო,
ერთის ხმით გამომეტყველი,
შემოქმედების ქებაა,
ცისა და ქვეყნის შემკვრელი.

საამაქვეყნო ზარია,
საიმქვეყანო ზევსური,
გედო! შევნატრი შენს ჭიკჭიკს.
შენგვარ სიკვდილსაც მეც ვსური!.. (აკაკი 1950: 214).

ეს ლექსი, – აკაკის პოეტურ ტექსტებს შორის სიღრმითა და სიმშვენიერით განსაკუთრებული გამორჩეულობის მიუხედავად, – თუნდაც სათქმელით, თუნდაც გამოხატვის ფორმით უჩვეულო არაა ,,გედის” ავტორის პოეზიისათვის. და აქაც, ისევე, როგორც ხშირად, სხვა შემთხვევებში, აშკარად ჩანს ტექსტის აგების დიქოტომიური პრინცი პი. სტრიქონებისათვის უბრალო თვალის გადავლებაც კი მთელი ლექსის ქსოვილში საჩინოს ხდის მოპირისპირე წყვილებს: პირველი/უკანასკნელი, ცის კიდე/ქვესკნელი, ცა/ქვეყანა, საამაქვეყნო/საიმქვეყანო, ზარი/ზევსური. ეს დაპირისპირებანი გედის (-პოეტის) სიკვდილისწინა სიმღერაში რელიგიურ-ესთეტიკურ გაწონასწორებასა და სინთეზს აღწევს: ორ-აზროვანი და ორ-კილო გალობა ერთის ხმით გამომხატველად იქცევა, რომელიც ცისა და ქვეყნის შემკვრელი აღმოჩნდება და შემოქმედების (- ქმნილების) ქებას გამოხატავს. სიცოცხლისა და სიკვდილის ზღვარზე პირველად და უკანასკნელად მომღერალი გედი (თუ მგოსანი) არა მარტო აგვირგვინებს საკუთარი ცხოვრების გზას და აჯამებს განვლილს, – ამ სიმღერაში შეფარულია და მჟღავნდება მისი არსების ბედი: მისი არა ერთჯერადი, არამედ არსისეული ხვედრი და მნიშვნელობა, მისი ნამდვილი რაობა. მაგრამ, ამას გარდა, სიცოცხლესთან განშორებისას (და ამ განშორების განსაკუთრებულობის წყალობით) იგი ხედავს და აღიქვამს ქვეყნიერების მთლიანობას; აფასებს და ხოტბას უძღვნის ქმნილებას მის ყოველ გამოვლინებაში; არა მარტო ემშვიდობება ამ სოფლის ხილულ ხატს, არამედ მიესალმება მის წინ გახსნილ მიღმიერ ხილვას, რადგანაც იგი ამ სამყაროსა და იმ სამყაროს შორის იმყოფება, – ამქვეყნიურსა და იმქვეყნიურს შორის. ამიტომ, ამ თვალსაწიერიდან ერთად და ერთიანად აღიქმება ზეცა და ქვესკნელი, აღმაფრენა და დაცემა, ნივთიერ სოფელთან განშორების სიკვდილისწინა ტკივილი და არანივთიერ სოფლად სიკვდილისშემდგომი ამაღლების ნეტარი განცდა. ამის გამო აღარაა გამიჯნული გედის გალობაში გოდება და ქება; ამ და ამგვარ ერთიანობაში ყოველგვარი დაპირისპირება უქმდება და ერთმანეთს უერთდება, ხოლო მგოსნის თვალწინ იშლება სამყაროს მთლიანობის წარმტაცი და გაცისკროვნებული სურათი. ამიტომაცაა ეს უკანასკნელი ჰანგები ტკბილი, ამიტომაცაა სანატრელი ამგვარი სიმღერა, ამიტომაცაა სასურველი ასეთი სიკვდილი…

მაგრამ ამჯერად ტექსტში ყურადღებას მიიპყრობს არცთუ მთლად ნათელი ცნება: ,,ზევსური”, – კონცეპტი, რომელიც ფორმით ზედსართავს ჰგავს, მაგრამ შინაარსით უეჭველად არსებითია, თუნდაც მისი მეწყვილიდან გამომდინარე: ზარი/ზევსური. კონტექსტიდან ჩანს, რომ გედის გალობა (,,ჭიკჭიკი”), რაც ამ ქვეყნისათვის ზარად აღიქმება (რაკი გედი მიწიერ სოფელს ემშვიდობება), იმ ქვეყნისათვის ზევსურია, ესე იგი, სიხარულის სადიდებელია (რაკი გედი მიღმიერ სოფელს მიესალმება)…

მაინც, ცნების არსის უკეთ გასაგებად მივმართოთ აკაკის სხვა ტექსტებს. როგორც ჩანს, პოეტს თავის პოეტურ ტექსტებში ეს ცნება, საერთოდ, შვიდჯერ გამოუყენებია (სანიკიძე 1983: 391)3 და სავარაუდოა, რომ მათ შორის სწორედ ლექსი ,,გედი” მისი გამოყენების პირველი შემთხვევაა (1891).

შემდგომ ის ჩნდება ლექსში ,,მწუხრი” (1894):

აქ უეცრად ვარდის ბუჩქი
შეინძრა და შეირხა რტო,
ზედ ბულბული თურმე იჯდა
გამსჭვალული მარტოდ-მარტო.

მოერია გრძნობა მმღერალს,
გულში მადლი ჩაესახა!.
ტბილ-ზევსური, მწარე ზარი,
ორივ ერთად შემოსძახა.

ხმა გაისმა სხივნართი რამ,|
ზეამტანი, ამაძგერი!.
ყველა სმენად გადაიქცა,
უსულო და სულიერი (აკაკი 1950: 287-288).

ამ შემთხვევაშიც ,,ზევსური”, წინამორბედი ტექსტის მსგავსად, უპირისპირდება ,,ზარს” და თუ პირველი ,,ტკბილია”, მეორე ,,მწარეა”, მაგრამ აქაც მგოსნის (რომელსაც ამჯერად ბულბული წარმოადგენს) სიმღერაში, განსაკუთრებულ წამში, ერთიცა და მეორეც ერთიანდება და ეს სიმღერაც გამორჩეულია: არა მარტო გაცისკროვნებულობისა („სხივნართი”) და შთამბეჭდავობის გამო (,,ამაძგერი”), არამედ იმიტომაც, რომ ის ზეციურთან მიმაახლოებელი და ზეაღმტაცია (,,ზეამტანი”)…

იმავე წელსაა დაწერილი ლექსი ,,ანდერძი” (1894)4:

დილ-დილით გასაღვიძებლად
შაშვმა მისტვინოს ზევსური,
რომ მის მაღალ-ბან სალამურს
სიკვდილმაც დაუგდოს ყური.

საღამოს ვარდის ჩიტუნამ
ჩასკვნით ჩამკვნესოს ,,ნანინა”,
იქვე მახლობლად ბუჩქებზე
მას აერჩიოს რა ბინა!..

და ამდენ ნატვრის გვირგვინად
ერთსაც დავსახავ სხვა რამეს:
კავშირსა სიკვდილ-სიცოცხლის,
ორივე სოფლის სიამეს!.. (აკაკი 1950: 311).

აქაც ,,ზევსური” ისევ განსადიდებელი გალობაა, რომელიც, როგორც ,,გედის” შემთხვევაში, ისევ სიკვდილს უკავშირდება და, ამავე დროს, სიკვდილსიცოცხლის შერწყმასა და ორივე სოფელთან – ორივე სოფლის სიმშვენიერესთან – მგოსნის არსებრივ განუყოფლობას (თუმცა ამჯერად ,,ზევსური” უპირისპირდება არა ,,ზარს”, არამედ ,,ნანინას”, რომელიც შინაარსობლივად დაძინებას – და, ფართო გაგებით, უეჭველად, სიკვდილს – აღნიშნავს, მით უმეტეს, რომ ,,სიკვდილი” უკვე ნახსენები იყო ორი სტრიქონით ადრე, ნახსენები იქნება ოთხი სტრიქონის შემდეგ და, სხვა თუ არაფერი, ლექსს ,,ანდერძი” ჰქვია).

შემდგომ, ,,ზევსური” დადასტურებულია ლექსში ,,მგოსანი (ზოგიერთების საპასუხოდ)” (1899):

ხმა უცნაური, ხმა საამური,
გაისმა ქვეყნად მარად და მარად,
ზოგისთვის ის ხმა თაფლ-მალამოა,
ზოგს გულზედ ხვდება ის ნაღველ-ძმარად.

ერთიც მღელვარებს და მეორეცა,|
ორივე სწორად მოხიბლულია
და თვით მგოსანიც, ერთის საქები,
ათასისათვის წყევლა-კრულია.

მაგრამ მგოსანი ჰფიქრობს: ,,ამქვეყნად|
ყოველი ზრახვა არის ამაო,
სულს შემუსრვილს და გულს
დამდაბლებულს
ნუ შეურაცხჰყოფ შენ კი, მამაო!”

ამბობს და ჩანგი სულის ჩამდგმელი
ცა და ქვეყანას ესალბუნება!.
ზევსური მისი უტყუარია
და მრავალფერი, ვით თვით ბუნება! (აკაკი 1950: 415).

მგოსნის სიმღერასთან (რომელიც ,,უცნაურიცაა” და ,,საამოც”) დაკავშირებული მოპირისპირე დიქოტომიური წყვილები ამჯერადაც თვალშისაცემია: თაფლ-მალამო/ნაღველ-ძმარი, ქება (,,საქები”)/წყევლა-კრულვა, ამქვეყნად/იმქვეყნად (- მიმართვა ზეციური მამისადმი), ცა/ქვეყანა… თვით სიმღერა (,,ჩანგი”) კი ისევ განუყოფელია: ამ სოფლისთვისაც და იმ სოფლისთვისაც ის დამაამებელი (,,ესალბუნება”) და ამაღორძინებელია (,,სულის ჩამდგმელი”); პოეტის ღმრთაებრივი გალობა, ,,ზევსური”, – რომელიც ამჯერად მეწყვილის გარეშე, ცალად არის მოხსენიებული, – უცდომელია (,,უტყუარი”) და ისევე მრავალმხრივია, როგორც თავად სამყარო ან, უფრო ვიწროდ, ორმხრივი, როგორც წინა შემთხვევებში, მაგრამ რაც ყველა შემთხვევაში დაპირისპირებათა კოსმოსურ ერთიანობას გულისხმობს და რაც სამყაროსეულ მრავალფერობასა და მთლიანობას ირეკლავს…

დაბოლოს, აკაკის ლირიკულ მემკვიდრეობაში ცნება ,,ზევსური” გვხვდება ლექსში ,,ბოდვა”, რომელიც ჟანრობრივად უფრო ლირიკული პოემის ელფერს ატარებს და რომელიც პოეტის თხუთმეტტომეულში ამგვარადაა დათარიღებული 1889-1892-1902 წწ. (კერძოდ, ტექსტის ის მონაკვეთი, სადაც ,,ზევსურია” დადასტურებული, 1902 წელს გამოქვეყნდა):

აღმა მფრენი დაღმაც ხედავს|
უფრო ნათლად, უფრო დიდად!
ქვეყნის ჭირი, ქვეყნის ლხინი
წინ მიუძღვის გზად და ხიდად.

ჩემი ქნარიც აღმამფრენი
ხან ზარს ამბობს და ხან ზევსურს,
დღეს კი ბოდავს და ვაფრთხილებ,
ყურს ნუ უგდებს, ვისაც არ ჰსურს (აკაკი 1954: 55-56).

მოპირისპირე წყვილები ამ ტექსტში ამგვარია: აღმა/დაღმა, ჭირი/ლხინი, გზა/ხიდი, ზარი/ზევსური, აღმამფრენი სიმღერა (,,ქნარი”)/ბოდვა, ხოლო მგოსანი კი, – რომელიც რაკი ზენა სოფლის ბინადარია, უკეთ ხედავს ქვენა სოფელსაც, – ხან გლოვობს (,,ზარს… ამბობს”) და ხან სადიდებელ-სასიხარულო სიმღერას (,,ზევსურს”) გალობს, თუმცა ამჯერად ეს ორი ცნება – ,,ზარი” და ,,ზევსური” – არა იმდენად ერთიანდება, რამდენადაც უპირისპირდება ერთმანეთს და მხოლოდ პოეტის პიროვნებასა და სათქმელში, მგოსნის ,,ქნარში”, ხდება მათი ურთიერთშერწყმა…

რაც შეეხება აკაკის ეპიკურ პოეტურ შემოქმედებას, ,,ზევსური” პოეტს გამოუყენებია პოემაში ,,ნათელა” (1897):

შეიტყვეთ საიდუმლობა
ზეციურ ტკბილი ხმებისა
და შეისწავლეთ კანონი
იმათი შეთანხმებისა!

მე მაშინ მხოლოდ გავბედავ
ხელი შევახო ჩანგურსა
და მწარე ზარი ამ ქვეყნის
შევრთო იმ ქვეყნის ზევსურსა.

რომ მეც გალობით, გედივით,
დავაგდო ქვეყნის საზღვარი,
ჩავდნე ჩემსავე ჰანგებში
და გავქრე, როგორც ლამპარი! (აკაკი 1956ა: 184)

,,ნათელას” – პოეტის მხატვრული ოსტატობის ერთ-ერთი უმაღლესი გამოვლინების – ამ სტრიქონებში, ერთი მხრივ, ლექსის ,,გედის” სათქმელი უფრო სხარტადაა გამოთქმული (თან ამჯერადაც მგოსნის აღსანიშნავად პოეტი ისევ მომაკვდავი გედის სახით სარგებლობს) და, მეორე მხრივ, აქ თავს იყრის ყოველივე ის, რასაც პოეტის ხედვასა და წარმოსახვაში ,,ზევსური” აღნიშნავს: ზეციური, იდუმალი (,,საიდუმლობა”), მშვენიერი (,,ტკბილი”) გალობა, სადაც ამქვეყნიური გოდება ერწყმის იმქვეყნიურ სადიდებელს, რომელსაც მგოსანი სიკვდილის პირისპირ მღერის…

დაბოლოს, აკაკის ორიგინალური პოეზიის გარდა, ,,ზევსური” კიდევ ერთხელ გვხვდება მის მიერ გადმოქართულებულ პოეტურ ტექსტში – კრილოვის ,,პარნასის” აკაკისეულ თარგმანში (იგავ-არაკის ტექსტი პირველად გამოქვეყნდა ,,ივერიაში” 1901 წელს):

დიდყურაანთ სცოდნიათ:
ეს მიდამო და გზები
რომ ადრე ღმერთებს ჰქონდათ
და სცხოვრობდნენ მუზები.

უკრავდნენ და იმღერდნენ
,,მზე-შინას” და ,,ზევსურსა”

და მითი ქვეყანასაც
უწევდნენ სამსახურსა (აკაკი 1955: 84).

საყურადღებოა, რომ მთელი ის სტროფი, სადაც ,,ზევსური” არის ნახსენები, აკაკის ორიგინალური შემოქმედების ნაყოფია, აკაკისეული შემოქმედებითი ჩანართია (რაც არცთუ იშვიათი შემთხვევაა მის მიერ შესრულებულ თარგმანებში), რადგან ივან კრილოვს თავის იგავ-არაკში მსგავსი არაფერი აქვს ნახსენები (,,Парнас“ : ,,Ослы, не знаю, как-то знали,//Что прежде Музы тут живали“ – კრილოვი 1946: 14).

ამ შემთხვევაშიც, ,,ზევსური” ღმრთაებრივი ქებაა, რომელსაც თავად ღმერთები და მუზები გალობენ (,,მზეშინასთან” ერთად), მაგრამ ამჯერადაც ეს სიმღერა არა მარტო ზეციური სამყოფელის საგალობელია, არამედ ამ ქვეყანასაც ეხმაურება, ემსახურება და, შესაბამისად, ისევ ორი სოფლის შემაერთებელი დანიშნულება აქვს.

სანამ საბოლოოდ ,,ზევსურის” შინაარსი და წარმოშობა გაირკვეოდეს, უნდა დაიძებნოს თავად ,,ზევსის” ხსენება აკაკის პოეზიაში. ,,ზევსი” მის პოეტურ ტექსტებში ორგზის გვხვდება და ორივეგან პერიფერიულია. ერთია ისევ კრილოვის იგავ-არაკი ,,უღმრთოება” (პირველად გამოქვეყნდა იგავ-არაკების კრებულში 1906 წელს), სადაც მოთხრობილია უღმრთოთა აჯანყების შესახებ ,,ულუმბოს” (ოლიმპის) მთაზე მცხოვრებ იმ წარმართულ ღმრთაებათა წინააღმდეგ, რომელთა შორის ,,ზევსი იყო მთავარ-ღმერთად” (აკაკი 1955: 112), ხოლო მეორეგან, დრამატულ პოემაში ,,მედია” (1893-1894), მთავარი პერსონაჟი ქალი მიმართავს ბერძენთა უზენაეს ღმრთაებას:

მაღალო ზევსო, ნუთუ დიანა
აქ სანადიროდ გადმოფრენილა?! (აკაკი 1956ბ: 188).

ცხადია, რომ ,,ზევსის” ხსენება ვერც პირველ და ვერც მეორე შემთხვევაში, სადაც ის, მარტივად, ტრივიალურად წარმართ ბერძენთა უმაღლესი ღმრთაებაა, არაფერს იძლევა საკვლევი პრობლემის დასაძლევად, არაფერს ჰმატებს ზემორე მოყვანილ ტექსტებს და, შესაბამისად, უნდა გამოირიცხოს აკაკისეული ,,ზევსურის” კონცეპტის გასაგებად აუცილებელი კონტექსტიდან.

მაინც, საბოლოოდ, რა შეიძლება ითქვას ,,ზევსურის” კონცეპტის შესახებ აკაკის პოეზიაში? პირველ ყოვლისა, ყველა მოყვანილ შემთხვევაში ის ერთმნიშვნელოვნად არსებითი სახელია და არა ზედსართავი, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება ეგონოს მკითხველს, შემდგომ, ის ღმრთაებისადმი მიმართული, ღმრთაებრივი, ზეციური მიზანსწრაფვის საგალობელია, რომელშიც სამყაროს მთლიანობა და განუყოფლობაა ასახული და რაც მიწიერ მსმენელს, შესაძლოა, გოდება ეგონოს, სინამდვილეში კი ხსნის, სიხარულისა და ნეტარების სადიდებელია, და კიდევ, ის ყოველთვის განუყოფელია ამ სოფლისა და იმ სოფლის კავშირთან, საზღვართან, ამ საზღვარზე ყოფნასთან (სავარაუდოა, რომ იქაც კი, სადაც არაა ნახსენები ,,სიკვდილი”, როგორც ლექსში ,,მწუხრი”, ის ტექსტის სტრუქტურულ მთლიანობაში მაინც იგულისხმება), რომელი თვალსაწიერიდანაც ყოველგვარი შეუთავსებლობა და დაპირისპირება უქმდება.

რაც შეეხება ,,ზევსურის” წარმოშობას აკაკის პოეზიაში: სავარაუდოა, რომ ,,ზევსურის” წყარო ან უშუალოდ იოანე შავთელის ,,აბდულმესიანი” იყოს, სადაც ის ტექსტის დასაწყის სტრიქონებში გვხვდება, ან დავით ჩუბინაშვილის ქართულ-რუსული ლექსიკონი, რომლის ბეჭდვა 1887 წელს დაიწყო და რომლის გამოცემა 1890 წელს გასრულდა (ჩუბინაშვილი 1984: VI). საყურადღებოა, რომ ,,ზევსური” სწორედ ამ წლის შემდეგ ჩნდება აკაკის სიტყვათხმარებაში. ამავე დროს, ეს ერთადერთი ლექსიკონია (გარდა, რა თქმა უნდა, “აბდულმესიანის” გვიანდელი ლექსიკონებისა), სადაც ეს ლექსემა გვხვდება, სადაც ის თარგმნილია და სადაც მითითებულია მისი ლიტერატურული წყარო. ამ ლექსიკონში ,,ზევსის” განმარტებასა და თარგმანს იმავე ბუდეში მოჰყება: ,,ზევსური, высший, божественный შავთ. 1” (ჩუბინაშვილი 1984: 519).

ადვილი შესაძლებელია, რომ აკაკის ამ ლექსემისათვის ჩუბინაშვილის ლექსიკონში მიეგნო, ან იქიდან გაჰხსენებოდა მისი არსებობა, თუმცა უეჭველია პოეტის მიერ თავად შავთელის ტექსტის ცოდნა, რაც დასტურდება აკაკისეულ ტექსტებში ,,აბდულმესიანის” ავტორის არაერთი მოხსენიებით და მისი პოეტურ-სახოტბო წიგნის რამდენიმეგზისი, არცთუ დადებითი, შეფასებით.

აკაკის დამოკიდებულებას სამეფო მეხოტბის მიმართ, ალბათ, ყველაზე მკაფიოდ გამოხატავს შავთელის, საერთოდ, პირველივე მოხსენიება პოეტის მიერ – სტატიაში ,,ქართული სცენა”, რომელიც 1895 წელს გამოქვეყნდა და სადაც ძველი ქართველი მეხოტბე ამგვარადაა დახასიათებული: ,,გაბერილი, უნიჭო რიტორი”, ხოლო მისი ქმნილების შესახებ კი ნათქვამია: ,,გაუგებარი, გრძნობა-გონების მძიმე ტვირთი” (აკაკი 1961ა: 215)5. მეტნაკლებად ამგვარივეა მისი რამდენიმე სხვა გამონათქვამიც შავთელის გამო6, თუმცა სიცოცხლის მიწურულს, 1911 წელს, აკაკი ბეჭდავს მოგონებას ტარას შევჩენკოს შესახებ (რუსულად, რუსულ გაზეთში), სადაც იხსენებს, რომ შევჩენკოსთან სიყმაწვილისდროინდელი შეხვედრისას და საუბრისას მას რუსთველი, შავთელი და ჩახრუხაძე ,,მსოფლიო პოეტებად” (,,мировые поэты“) მოუხსენიებია (აკაკი 1963: 554).

გასათვალისწინებელია, რომ შავთელის პოეზიის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების გაცხადებისას აკაკი აშკარად სუბიექტურია, – ამ შემთხვევაში იგი არც მიუკერძოებელია და არც საკუთარ თავს, საკუთარ პოეზიას გამორიცხავს შეფასების სფეროდან (თუნდაც პოეტისეული კონტრასტული თვითშეფასება კონტექსტიდან იმპლიციტურად გამომდინარეობდეს!). აკაკი სრულიად მცდარად და უმართებულოდ მიიჩნევს, რომ მისი თანამედროვე ქართველი მკითხველი შავთელს გადაჭარბებულ ღირებულებას ანიჭებს და, კიდევ მეტი, რუსთველის გვერდით ან ხანდახან მის მაღლაც კი აყენებს. აკაკი ამგვარი არასწორი შეფასების მიზეზს შავთელის პოეზიის მოჩვენებით ღრმააზროვანებასა და ბუნდოვანებაში ხედავს, რომლისგანაც სრულებით განსხვავდება რუსთველური ლექსისა თუ თხრობის სიმსუბუქე და სისადავე, რაც სიმარტივით ცდუნებულ მკითხველს ნაკლები ღირებულებისა ჰგონია (,,როდესაც ქართველი მწიგნობრები და მწერლები ადვილათ გასაგებ რუსთველს ჰკითხულობდნენ, ასე ეგონათ: აქ სიტყვებია კარგი, თვარა აზრი დიდი არა არის რაო!.. […] ისეთი უბრალო სიტყვებია, რომ თუ არ მითქვამს, შემეძლო კი რომ მეთქვა და ყველა ჩემი ნაცნობებიც კი მოახერხებენ ამის თქმასო. საკვირველია კაცი. რაც ადვილათ და გაუჭირვებლათ ეძლევა, არაფრათ აგდებს! უბრალო ჰგონია და რაც გაჭირვებას უჩვენებს, ის კი დიდ რამეთ მიაჩნია! შავთელისა ჩვენ ძველებს არა ესმოდათ რა! მისი სიტყვების რახა-რუხი და ბრახაბრუხი ჰარმონია ეგონათ!.” – აკაკი 1961ა: 215).

ამ კონტექსტში აკაკი, ბუნებრივია, საკუთარ თავს რუსთველთან აიგივებს7 და დაუფარავ საყვედურს გამოთქვამს მკითხველის მიმართ, რომელიც სხვა პოეტების ქმნილებებს დიდ ფასს ადებს მხოლოდ სიმძიმისა და მათში გამოთქმული აზრის ცრუმნიშვნელოვნობის გამო. სავარაუდოა, რომ ისევე, როგორც აკაკი საკუთარ თავს რუსთველთან და მის პოეტიკურ პრინცი პებთან კავშირში მოიაზრებს, ასევე, რუსთველის თანამედროვე (ტრადიციის თანახმად!) შავთელის კონოტაციაც აკაკის რომელიმე თანამედროვე პოეტს გულისხმობდეს, რომელსაც ამგვარივე სიმძიმე და აზრით ყალბი თუ ნამდვილი დატვირთულობა ახასიათებდეს, თუმცა ჭეშმარიტ პოეზიასთან, აკაკის აზრით, ამგვარ ქმნილებებს არაფერი აქვს საერთო.

თითქოსდა უცნაურად ჩანს, რომ მოგვიანებით, 1902 წელს, ჩახრუხაძისა და შავთელის ტექსტების ნიკო მარისეული აკადემიური გამოცემის გაცნობის შემდეგ, ამ წიგნის გამო დაბეჭდილ გამოხმაურებაში აკაკიმ შესაძლებლად მიიჩნია, რომ არა მარტო ,,თამარიანი”, არამედ შავთელის ,,აბდულმესიანიც” რუსთველის ქმნილებად მიეჩნია: ,,არა თუ მარტო თამარის ქება, ჩახრუხაული დაწერილი, დავითის ქებაც, ის, რომელსაც ბატონი მარრი შავთელს აწერს, – რუსთველისავე დაწერილია და სამივე ერთად ვეფხის ტყაოსნის ავტორს ეკუთვნის. ამას არა თუ აზრის თანხმობა, თვით სიტყვების ერთგვარი ხმებიც კი გვიმტკიცებს. და თუ მართლა ერთისა და იმავე ავტორის ნაწარმოები არ არის და სხვადასხვის, მაშინ სჩანს, რომ ერთი მეორისაგან გადმოუღიათ, მოუპარავთ, ბრმათ მიუბაძავთ და ამას როგორ იკადრებდა ან ერთი მათგანი, მაშინ როდესაც თავის თავად შემოქმედებითი ძალი უმწვერვალესობამდე მიუყვანიათ” (აკაკი 1961ბ: 133-134). შეფასების ამჯერად ასეთი რადიკალური განსხვავება, შესაძლოა, არა სხვა რამეს, არამედ იმას მეტყველებდეს, რომ თავის დროს შავთელის პოეზიაზე აკაკისეული თავდასხმები არა მარტო საზოგადო ,,ნიჰილისტური” განწყობების გამოძახილით იყო განპირობებული8, არამედ კონკრეტული საბაბითაც, სადაც შავთელს აკაკი იმგვარი გარკვეული პოეტიკური პოზიციის ნიშნობრივ გამოვლინებად მიიჩნევდა, რაგვარსაც იგი იმჟამად მკვეთრად უპირისპირდებოდა!

ასევე თითქოს მოულოდნელია, შავთელისადმი აკაკის ჩვეული მიმართების გათვალისწინებით, აკაკის მიერ ,,ზევსურის” სესხება სწორედ შავთელის პოეტური ლექსიკიდან (თანაც იმ წლებში, როცა პოეტის დამოკიდებულება ,,აბდულმესიანის” ავტორის მიმართ შეურიგებელი და დაუნდობელია!), მაგრამ ამ ცნების სხვა წყარო ჯერჯერობით არ ჩანს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პოეტი უშუალოდ ეყრდნობა არა ,,აბდულმესიანის” შესავალ სტრიქონებს, არამედ დავით ჩუბინაშვილის ლექსიკონს (რაც უფრო ნაკლებადაა სავარაუდო!), იქაც წყარო – შავთელის სახოტბო თხზულება – თვალხილულადაა მითითებული. ამას გარდა, აკაკის პირველწყაროდ მაინც შავთელის ტექსტის მიჩნევას მკაფიოდ ადასტურებს რითმის პირდაპირი რეპროდუცირება ,,აბდულმესიანიდან” (ზევსური/ვსური) და თანაც იქ, სადაც ,,ზევსური”, საერთოდ, პირველად ჩნდება აკაკისეულ ტექსტებში – ლექსში ,,გედი”.

მაინც სად, როგორ და რისთვის ხმარობს შავთელი ,,ზევსურს” და რამდენად ადეკვატურად ისესხა ეს ცნება აკაკიმ?

იოანე შავთელის ,,აბდულმესიანი” ასე იწყება (1, 1-4):

სამებით ღმერთმან, არსებით ერთმან
მომცეს მე სწავლა თქვენდა შემკობად!
გიძღვნა ქებანი: მწადს აქ ებანი,|
დავითის დავით ვჯდე მუსიკობად.
მესმა ზევსური: რა ვნახე, ვსური,
რომ სიტყვა მეთხზნეს მეფეთა ცნობად,
მუნ გულისხმობით თვით გულის მობით
კარი სიბრძნისა სულელთა ქებად (შავთელი 1964: 117).

ნიკო მარისეულ გამოცემამდე (1902) აკაკი, როგორც ჩანს, ,,აბდულმესიანის” ტექსტს იცნობდა ან პლატონ იოსელიანისეული (1838), ან დავით ჩუბინაშვილისეული (1863), ან ზაქარია ჭიჭინაძისეული (1883) გამოცემებიდან, ან სულაც ხელნაწერებიდან (რაც უფრო ნაკლებადაა მოსალოდნელი!), რომელთა წაკითხვები მეტად უმნიშვნელოდ განსხვავდება ზემორე მოყვანილისაგან9.

ხოლო რაც შეეხება ტექსტის თანამედროვე მეცნიერულ ინტერპრეტაციას, იმ ორსტრიქონედის გასაგებად, სადაც ,,ზევსური” გვხდება, მოგვყავს კომენტარი ,,აბდულმესიანის” ბოლო აკადემიური გამოცემიდან (კომენტარის ავტორია ივანე ლოლაშვილი):

გამოთქმას ,,მესმა ზევსური: რა ვნახე ვსური” მოსე ჯანაშვილი კითხულობს: ,,მე, სმა ზევსური რა ვნახე, ვსური”… და განმარტავს: ,,მეფედ დასმა ზევსებრ ზენაურად, უმაღლესი ნებით რა ვნახე, მე მსურს შევაქო მეფეო” (აბდ., 1920, გვ. 37). დავითი ,,ზენაურად, უმაღლესი ნებით” მეფედ არ დაუსვამთ; ის, როგორც თამარის მეუღლე, მეფის უფლებით სარგებლობდა, გვირგვინოსან მეფედ კი თამარი ითვლებოდა. თუ დავუშვებთ, რომ დავითი მეფედ დასვეს, ,,ზენაურად, უმაღლესის ნებით”, მაშინ ეს უნდა მომხდარიყო 1189 წელს, როცა თამარმა და დავითმა იქორწინეს; მაგრამ განა 15-20 წლის შემდეგ შეიძლება ეთქვა პოეტს: ,,რა დავითის მეფედ დასმა ვნახე, მსურს ხოტბა დავწეროო?” გარდა ამისა, ,,სმა” არ ნიშნავს დასმას და „ზევსური” – ზენაურს, ან უმაღლეს ნებას. ,,მე სმა” ერთი სიტყვაა – მესმა (მე ის), ე.ი. მომესმა, შევიტყვე, გავიგე, ხოლო ,,ზევს-ურ-ი” – ზევსისებრი, зевсовский (ნ. მარი), ნაწარმოებია საკუთარი სახელიდან ზევს-ი. შავთელისთვის ეს ზევსი – მრისხანე, ძლიერი და მგრგვინავი ღმერთი, შთაგონების მიმნიჭებელია: მესმა ზევსური (ბრძოლა და), რა ვნახე, მოვისურვე, რომ მომეცეს შესაძლებლობა სიტყვანი შევთხზა მეფის შესამკობლად (ძნობად) (შავთელი 1964: 157).

დაახლოებით ამგვარადვეა განმარტებული შავთელისეული „ზევსური” „აბდულმესიანის” XX საუკუნის საქრესტომათიო თუ საჯარო გამოცემების ლექსიკონებშიც: „ზევსისა, ღვთიური” (ქრესტომათია 1949: 435), „ზევსისებური” (ჩვენი საუნჯე 1960: 535), „ზევსისებური” (ქართული პოეზია 1979: 346).

ყველა შემთხვევაში, საშუალება გვაქვს, დავასკვნათ: ფილოლოგიური კვლევის საფუძველზე მიჩნეულია, რომ „ზევსური” შავთელის პოეზიაში უეჭველად ზედსართავი სახელია (და არა არსებითი!) და, შესაბამისად, „აბდულმესიანის” შესავალ სტრიქონებში ნათქვამია არა ის, რომ მას „ზევსური” ესმა, არამედ ის, რომ მას პოემის საქებარი ობიექტის, ხოტბაშესასხმელი გმირის ზევსური ბრძოლების (ან ბრძოლის, ან თუნდაც გამეფების) შესახებ ესმა. თუკი აკადემიურ სივრცეში განმტკიცებულ ამ თვალსაზრისს დავეყრდნობით, მაშინ უნდა მივიჩნიოთ, რომ, როცა აკაკიმ წაიკითხა: „მესმა ზევსური”, ბუნებრივი პოეტური (რიტმული) პაუზა მან ლოგიკურ პაუზად მიიჩნია, სათქმელის ფარგლები ამ ორი სიტყვით დასაზღვრა და მათ მიღმა აღარ უძებნია ის უთქმელი ობიექტი, რასაც „ზევსური” განსაზღვრავდა (მესმა რა? – ზევსური!), ხოლო „ზევსურის” სმენამ მას წარმოუსახა ღმრთაებრივი, ზევსისადმი მიმართული და ზევსური ღმრთაებრიობით გამსჭვალული სიმღერა.

ამგვარი მიდგომით, აკაკისეულმა არამართებულმა, არასწორმა ინტერპრეტაციამ წარმოშვა მის პოეზიასა და ესთეტიკურ ხედვაში ახალი კონცეპტი, – „ზევსური”, – რომელსაც ქართულ პოეტურ ტრადიციაში, როგორც ჩანს, არც წინამორბედი ჰყავდა და აკაკის შემდგომ არც მემკვიდრე აღმოაჩნდა10.

მაგრამ უთუოდ ჩნდება კითხვა: შავთელისეული ,,ზევსური” აკაკიმ მართლაც არასწორად გაიგო და ამ მცდარი გააზრების შედეგად აღმოცენდა ცნება, რომელმაც სრულიად ახალი შინაარსი შეიძინა ,,გედის” ავტორის პოეზიაში თუ აკაკიმ პოეტური მიხვედრის წყალობით მოიხელთა ,,ზევსურის” ნამდვილი შინაარსი, რაც მიუწვდომელი აღმოჩნდა ფილოლოგიური კვლევისათვის, ხოლო შემოქმედებითი გადაძახილის მეშვეობით XIX საუკუნის პოეტმა სწორედ ის შეფარული მნიშვნელობა გააცოცხლა და გააღვივა, რაც ამ ცნებაში ასწლეულებით ადრე ,,აბდულმესიანის” ოდინდელმა ავტორმა იგულისხმა. განა უეჭველად დასტურდება, რომ ,,ზევსური” ზევსისებრ, ღმრთაებრივ ქმედებებს აღნიშნავს და არა ღმრთაებრივ, ზეაღმტაც საგალობელს? იქნებ, ერთი პოეტის სიტყვის სიღრმისეული გაგება, თუნდაც ჟამთა წიაღ, ყველაზე უკეთ სწორედ მეორე პოეტმა შეძლო?!

ორსავე შემთხვევაში, – შავთელისეული ცნების აკაკისეული წაკითხვა ინტერპრეტაციული შეცდომა იყო თუ ინტიუციური წვდომა, – მაინც, აკაკის ,,ზევსური” ქართულ პოეზიაში დარჩა პოეზიის სიკვდილთან თანაზიარობის, ამ სოფლისა და იმ სოფლის საზღვარზე ყოფნის, ამ საზღვრიდან სამყაროს ერთიანობის ხილვისა და მის მიმართ აღვლენილი ღმრთაებრივი სადიდებლის გამოხატულებად.

ლიტერატურა:

აკაკი 1940: წერეთელი ა. თხზულებანი: სრული კრებული შვიდ ტომად, ტ. I, თბ.: სახელმწიფო გამომცემლობა, 1940.

აკაკი 1941: წერეთელი ა. თხზულებანი: სრული კრებული შვიდ ტომად, ტ. II, თბ.: სახელმწიფო გამომცემლობა, 1941.

აკაკი 1950: წერეთელი ა. თხზულებათა სრული კრებული თხუთმეტ ტომად, ტ. II, თბ.: სახელმწიფო გამომცემლობა, 1950.

აკაკი 1954: წერეთელი ა. თხზულებათა სრული კრებული თხუთმეტ ტომად, ტ. III, თბ.: სახელმწიფო გამომცემლობა, 1954.

აკაკი 1955: წერეთელი ა. თხზულებათა სრული კრებული თხუთმეტ ტომად, ტ. IV, თბ.: სახელმწიფო გამომცემლობა, 1955.

აკაკი 1956ა: წერეთელი ა. თხზულებათა სრული კრებული თხუთმეტ ტომად, ტ. V, თბ.: სახელმწიფო გამომცემლობა, 1956.

აკაკი 1956ბ: წერეთელი ა. თხზულებათა სრული კრებული თხუთმეტ ტომად, ტ. VI, თბ.: სახელმწიფო გამომცემლობა, 1956.

აკაკი 1958: წერეთელი ა. თხზულებათა სრული კრებული თხუთმეტ ტომად, ტ. VIII, თბ.: საბჭოთა საქართველო, 1958.

აკაკი 1961ა: წერეთელი ა. თხზულებათა სრული კრებული თხუთმეტ ტომად, ტ. XIII, თბ.: საბჭოთა საქართველო, 1961.

აკაკი 1961ბ: წერეთელი ა. თხზულებათა სრული კრებული თხუთმეტ ტომად, ტ. XIV, თბ.: საბჭოთა საქართველო, 1961.

აკაკი 1963: წერეთელი ა. თხზულებათა სრული კრებული თხუთმეტ ტომად, ტ. XV, თბ.: საბჭოთა საქართველო, 1963.

ასათიანი 1965: ასათიანი ლ. ცხოვრება აკაკი წერეთლისა, თბ.: ნაკადული, 1965.

ბაქრაძე 1947: ბაქრაძე გ. ქართული პერიოდიკის ბიბლიოგრაფია: 1819- 1945, თბ.: წიგნის პალატა, 1947.

კრილოვი 1946: Крылов И. А. Полное собрание сочинений Т. III. М.:ОГИЗ, 1946.

მენაბდე 1973: მენაბდე ლ. XIX საუკუნის ქართველი კლასიკოსები და ძველი ქართული მწერლობა, თბ.: განათლება, 1973.

სანიკიძე 1983: სანიკიძე თ. აკაკი წერეთლის პოეზიის ლექსიკონი, წ. II, თბ.: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1983.

ქართული პოეზია 1979: ქართული პოეზია, ტ. 1, თბ.: ნაკადული, 1979.

ქრესტომათია 1949: ძველი ქართული ლიტერატურის ქრესტომათია, II, თბ.: სტალინის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1949.

შავთელი 1964: ძველი ქართველი მეხოტბენი, II: იოანე შავთელი, აბდულმესიანი, თამარ მეფისა და დავით სოსლანის შესხმა, თბ: მეცნიერება, 1964.

ჩვენი საუნჯე 1960: ჩვენი საუნჯე: ქართული მწერლობა ოც ტომად, ტ. 2, თბ.: ნაკადული, 1960.

ჩუბინაშვილი 1984: ჩუბინაშვილი დ. ქართულ-რუსული ლექსიკონი, თბ.: საბჭოთა საქართველო, 1984.

Merab Ghaghanidze

,,Zevsuri” in the Poetry of Akaki Tsereteli

The word ,,zevsuri” is used in the poetry of Akaki Tsereteli some several times, but is not clear what exactly it means. As it seems, poet have discovered ,,zevsuri” in the medieval panegyric poetical text ,,Abdulmesiani” by Ioane Shavteli. But is difficult to say, what was it – Tsereteli’s interpretative mistake or his intuitive understanting, that he found out in this word the consept of the Divine song, which is sing by poet before his death, the song of the laudation of the whole world.

________________________

1. ლექსის პავლე ინგოროყვასეული ტექსტოლოგიური კომენტარი ასეთია: ,,უკანასკნელი ლექსია, პოეტის მიერ გადაცემული დასაბეჭდად ,,თემი”-ს რედაქციისათვის. დაიბეჭდა პოეტის გარდაცვალების შემდეგ, 1915 წ. 2 თებერვალს” (აკაკი 1941: 707).

2. თხუთმეტტომეულში გამოქვეყნებულ ტექსტში კორექტურული შეცდომაა, -დაბეჭდილია: ,,ბედიო”.

3. ,,აკაკი წერეთლის პოეზიის ლექსიკონის” მონაცემები ემყარება პოეტის თხზულებათა სრული კრებულის ბოლო გამოცემას, – თხუთმეტტომეულს (1950-1963), მაგრამ საგანგებოდ გადამოწმდა, აგრეთვე, აკაკის ის ოთხი ათეული ლექსები და ხუთი პოემა, რომელიც გამოქვეყნებულია შვიდტომეულში (1940-1959), მაგრამ აღარაა შეტანილი თხუთმეტტომეულში, – როგორც აშკარად ჩანს, საბჭოთა ცენზურის მოთხოვნათა გათვალისწინების გამო. არც ერთ ამ ტექსტში ცნება ,,ზევსური” არ გვხვდება.

4. ლექსი ჩართულია პროზაულ ტექსტში – მოთხრობაში ,,სიკვდილი” (შდრ. აკაკი 1958: 87-88).

5. იმავე 1895 წელს გამოქვეყნებულ სატირულ პოეტურ ტექსტში – ,,პანორამა” (,,ხან რუსთველობს, ხან შავთელობს,//ხანაც მოიჩახრუხავებს” – აკაკი 1950: 322) შავთელი, შესაძლოა, უფრო პოზიტიურ კონტექსტშია აღმოჩენილი, თუმცა გასათვალისწინებელია მთელი ტექსტის ირონიული კონოტაცია და ის, რომ აკაკი ყურადღებას ამახვილებს სატირის ობიექტად ქცეული პოეტის სოციალურ როლზე, საზოგადოებრივ აღქმაზე და, ამდენად, აქ ძნელია დანახულ იქნეს შავთელის თავად აკაკისეული შეფასება.

6. შავთელის მიმართ აკაკის დამოკიდებულების მიმოხილვა და განხილვა იხ. მენაბდე 1973: 164-169.

7. შდრ. აკაკის პოეზიის გამო საზოგადოებრივ ლიტერატურულ ცნობიერებაში საუკუნენახევრის განმავლობაში ფართოდ გავრცელებული სტერეოტიპი, არაერთგზის აღნიშნული ლიტერატურისმცოდნეობაშიც: ეს პოეზია ტოვებს მაცდურ შთაბეჭდილებას, რომ ასე წერა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

8. ,,მესამოცე წლებში რომ რუსეთიდან დავბრუნდით, ნიგილისტობის საფუარი ცოტაოდნათ ჩვენც მოდებული გვქონდა” (აკაკი 1961ა: 384).

9. მხოლოდ ორ ხელნაწერში ,,ზევსურს” ენაცვლება ,,ხევსური”, რასაც ტექსტის ვარიანტებიანი გამოცემის რედაქტორი, ივანე ლოლაშვილი, ,,წერით შეცდომად” მიიჩნევს (შავთელი 1964: 116-117).

10. აკაკის პოეტური მემკვიდრისათვის ქართულ პოეზიაში, გალაკტიონ ტაბიძისათვის, რა თქმა უნდა, შეუმჩნეველი არ დარჩენილა აკაკისეული ,,ზევსური”, რაც მის გამოქვეყნებულ ტექსტებში ხუთგზის გვხვდება, მაგრამ რაც უნდა უცნაური იყოს, გალაკტიონთან ის, – ერთი სათუო გამონაკლისის გარდა, – ყველგან ზედსართავის ფორმით და აკაკისაგან სავსებით განსხვავებულ კონტექსტში დასტურდება. თუმცა ,,ზევსურის” გალაკტიონისეული განზომილება სცილდება ამჟამად განხილული საკითხის ფარგლებს და ცალკე და საგანგებო კვლევას საჭიროებს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s