ეთერ სოსელია _ სემანტიკური პრიმიტივები და ფერთა კატეგორიზაციის უნივერსალური მოდელი


1969 წელს გამოქვეყნდა ამერიკელი ავტორების ბ.ბერლინისა და პ.კეის ერთობლივი ნაშრომი, რომელმაც ერთგვარი ბიძგი მისცა ფერის ტერმინთა სისტემების კვლევას სხვადასხვა ენაში [B.Berlin, P.Kay, 1969]. ავტორებმა 98 ენის ფერის ტერმინთა შესწავლით დაადგინეს, რომ ფერის ტერმინთა სისტემის ტიპს განსაზღვრავს ბაზისური ფერის ტერმინები, რომლებიც, როგორც წესი, მონოლექსემური, ფართოდ გავრცელებული და ყველასათვის ერთნაირად გასაგებია. სწორედ ბაზისური ფერის ტერმინებში აისახება, თუ სამგანზომილებიანი ფერითი სივრცე (ფერითი კონტინუუმი) როგორაა დაყოფილი, სტრუქტურირებული (ანუ ფერის რა კატეგორიები გამოიყოფა) მოცემულ ენაში. ბ.ბერლინისა და პ.კეის თეორიის მიხედვით, რომელიც ფერთა კატეგორიზაციის უნივერსალური მოდელის სახელწოდებითაა ცნობილი, ფერთა კატეგორიზაცია ნებისმიერად როდი ხორციელდება ენაში (როგორც ამას ლინგვისტური რელატივიზმი ვარაუდობდს); ავტორთა აზრით, ამგვარ დაყოფას კანონზომიერი ხასიათი აქვს და ჩამოაყალიბეს ის სემანტიკური უნივერსალიები, რომლებიც ასახავენ ნებისმიერი ენის ფერთა კატეგორიზაციის კანონზომიერებებს.

ბ.ბერლინისა და პ.კეის თეორიას მხარს უჭერს უკანასკნელი პერიოდის ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური გამოკვლევები. როგორც ცნობილია, ფერი სამყაროში ობიექტურად არ არსებობს. იგი ადამიანის თვალისა და ტვინის შემოქმედების ნაყოფია. მაგრამ ყველა ადამიანის თვალის ფიზიოლოგია ერთნაირია, მიუხედავად იმისა, თუ რომელ ენაზე მეტყველებს იგი და ასევე ერთნაირია ის ფიზიოლოგიურ-ფსიქიკური პროცესები, რომლებიც ფერის შეგრძნებას უდევს საფუძვლად. როგორც ირკვევა, ადამიანის თვალი განარჩევს 2-3 მილიონამდე ფერსა თუ შეფერილობას, მაშინ როცა ფერის აღმნიშვნელ სიტყვათა და გამონათქვამთა რაოდენობა ენაში 150-ს არ აღემატება (თუნდაც ძალზე სქელტანიანი განმარტებითი ლექსიკონების მიხედვით).

ბ.ბერლინისა და პ.კეის თეორიის გავრცელების პარალელურად გაჩნდა განსხვავებული თვალსაზრისებიც ფერის ტერმინთა სისტემებთან დაკავშირებით. ერთ-ერთი ამგვარი თვალსაზრისი ეკუთვნის ფერის ტერმინთა სემანტიკის ცნობილ მკვლევარს რ. ფრუმკინას. მისი შრომები დამყარებულია პრინციპებზე, რომლებიც რამდენადმე განსხვებულია ფერთა კატეგორიზაციის უნივერსალური მოდელის პრინციპებისაგან და, როგორც წესი, ფსიქოლინგვისტური ხასიათისაა [Р. Фрумкина 1984.]

ფერთა კატეგორიზაციიის უნივერსალური მოდელის შესახებ განსხვავებული აზრი აქვს სემანტიკის ცნობილ მკვლევარს ა. ვეჟბიცკას, რომელიც თავის ნაშრომებში თითქმის ყოველთვის ამახვილებდა ყურადღებას ფერის ტერმინთა სემანტიკაზე [A. Wierzbicka, 1980; 1984; 1989; 1990; 1992]. მის ერთ-ერთ მონოგრაფიაში [A. Wierzbicka, 1996] ამ საკითხს ცალკე თავი ეძღვნება, სადაც ავტორი აშკარად გამოხატავს თავის უარყოფით დამოკიდებულებას ფერთა კატეგორიზაციის უნივერსალური მოდელის მიმართ. იმისათვის, რომ ჩავწვდეთ ავტორის ამგვარი დამოკიდებულების მიზეზს, სასურველია, ზოგადი წარმოდგენა მაინც ვიქონიოთ იმ ძირითად პრინციპებზე, რომელსაც ავტორის შრომა ემყარება.

აღნიშნულ ნაშრომში ა. ვეჟბიცკა მიზნად ისახავს, დაადგინოს სემანტიკური პრიმიტივები. ეს ის მინიმალური სემანტიკური ერთეულებია, რომლებიც, თავისთავად ცხადია, სხვა მნიშვნელობით არ განისაზღვრება, უნივერსალურია და ნებისმიერ კულტურაში შინაარსობრივად ყველაზე თვალსაჩინო, მნიშვნელოვან, უნივერსალურ საგნებთან ან მოვლენებთანაა დაკავშირებული. მაგალითად, ასეთია ხედვის მნიშვნელობა, მნიშვნელობა შიგნით, მნიშვნელობა ახლა, მნიშვნელობანი: კარგი, ცუდი, შორს, ახლოს, დიდი, პატარა და სხვა. ამგვარ პრიმიტივთა სია ა. ვეჟბიცკას ნაშრომში ერთეულს აერთიანებს. სემანტიკურ პრიმიტივებზე დაყრდნობით შესაძლებელია განხორციელდეს ენის სემანტიკური ანალიზი. საყურადღებოა, რომ პრიმიტივებზე დაყრდნობით ავტორი გვაწვდის არა მხოლოდ ლექსიკურსემანტიკურ ანალიზს, არამედ მთელ რიგ გრამატიკულ კატეგორიათა სემანტიკურ ანალიზსაც.

ერთი შეხედვით, შესაძლებელია, მოგვეჩვენოს, რომ ამგვარი ანალიზი, ფაქტობრივად, კომპონენტურ ანალიზს წარმოადგენს. მაგრამ, უნდა აღინიშნოს, რომ სემანტიკურ პრიმიტივებზე დამყარებული ანალიზი ამ უკანასკნელისაგან პრინციპულად განსხვავებაულია. სემანტიკური კომპონენტები, რომლებსაც ემყარება კომპონენტური ანალიზი, ხშირად ფორმალურად გამოყოფილ მინიმალურ სემანტიკურ ერთეულებს წარმოადგენენ, მაშინ როცა სემანტიკური პრიმიტივები დენოტატურ პროტოტიპებთანაა დაკავშირებული.

,,ფერის ტერმინთა მნიშვნელობა და ხედვის უნივერსალიები“, – ასე ეწოდება იმ თავს, რომელსაც ა. ვეჟბიცკა მთლიანად უთმობს ფერის ტერმინთა სემანტიკურ ანალიზს. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ა. ვეჟბიცკა უარყოფს ფერის ცნების უნივერსალობას და გასაგებია, რომ მისთვის არც ფერის ტერმინია უნივერსალური. სწორედ ამიტომ, ის უნივერსალია, რომლის მიხედვითაც, ყოველ ენაში არსებობს ფერის, მინიმუმ, ორი ტერმინი, მისთვის არამართებულია. თუმცა, თუ ავტორის შემდგომ მსჯელობას გავადევნებთ თვალს, დავინახავთ, რომ ავტორი ხშირად განიხილავს ფერის ტერმინთა ორელემენტიან სისტემებს.

ავტორის ამგვარი დამოკიდებულება ფერის კატეგორიისადმი გამოწვეულია იმით, რომ მას ფერი გაგებული აქვს ინგლისურიდან ამოსვლით (ან იმგვარი ენობრივი სისტემიდან ამოსვლით, სადაც ქრომატული და აქრომატული ფერები ერთმანეთისაგან ენობრივად გამიჯნულია). რა თქმა უნდა, ეს არაა ფერის ის კატეგორია, მით უმეტეს, ბაზისური ფერის კატეგორია, რომლის უნივერსალობაზეც ფერთა კატეგორიზაციის უნივერსალურ მოდელშია მსჯელობა. ფერის კატეგორიის ცნება, აღნიშნული მოდელის მიხედვით, უფრო ფართოა, იგი ფერის ცნებასაც მოიცავს ა. ვეჟბიცკასეული გაგებით. ფერის კატეგორია განისაზღვრება ენაში ფერის ტერმინებით დანაწევრებული ფერითი სივრცის სტრუქტურული ერთეულებით (მიუხედავად იმისა, ქრომატული ფერი ამგვარ სისტემაში ცალკე ერთეულადაა ჩამოყალიბებული თუ არა).

ა. ვეჟბიცკა არ იზიარებს ფერის უნივერსალობას. მისთვის უნივერსალურია ხედვა, – ყველა კულტურაში არის ინტერესი ხედვისადმი, იმისადმი, თუ რას ხედავენ და, მისი აზრით, სულაც არაა აუცილებელი გამოიყოს ფერი, როგორც ვიზუალური გამოცდილების ცალკე ასპექტი [A. Wierzbicka, 1996, 287]. მაგრამ აქვე ჩნდება კითხვა: განა ფერი არ არის ის, რასაც ხედავენ?და გაუგებარია, რატომ არ უნდა გამოიყოს იგი, როგორც ვიზუალური გამოცდილების ცალკე ასპექტი? როგორც ავტორი იქვე აღნიშნავს, ხედვის უნივერსალობას ადასტურებს ის, რომ მას ყველა ენაში შესაბამისი სიტყვა გააჩნია, ფერის ცნებას კი ასეთი სიტყვა ყველა ენაში არა აქვს (როგორც ა. ვეჟბიცკა ამბობს, არაა ექსპონირებული ყველა ენაში). ჩვენი აზრით, ფერის ცნებისათვის შესაბამისი სიტყვის არ არსებობა არ უნდა ნიშნავდეს, რომ ფერის კატეგორია არაა უნივერსალური. ნებისმიერ ენაში არსებობს ფერის კონკრეტული კატეგორია იმისაგან დამოუკიდებლად, არსებობს თუ არა ამ ენაში ზოგადად ფერის აღმნიშვნელი სიტყვა.

რაც შეეხება ფერის ტერმინის სემანტიკას, ა. ვეჟბიცკას მიაჩნია, რომ ყოველი კონკრეტული ტერმინის მნიშვნელობის განსაზღვრა თითქმის შეუძლებელია; შესაძლებელია მხოლოდ, წარმოდგენილი იქნეს ახსნა ამა თუ იმ კონკრეტული მნშვნელობისა.

როგორც ავტორი აღნიშნავს, ფერის ტერმინის მნიშვნელობას ხშირად უკავშირებენ სინათლის სხივის ფიზიკურ თვისებებს (სინათლის ტალღის სიგრძეს ან ფარდობით ენერგიას) და საილუსტრაციოდ განიხილავს ინგლისურ ტერმინს ვიოლიტ – ,,იისფერი” (აქ საყურადღებოა, რომ იგი არაბაზისური ფერის ტერმინია ინგლისურში). როგორც ა. ვეჟბიცკა შენიშნავს, ამ ტერმინით აღინიშნება ფერი 400-470 ნმ-ის დიაპაზონში, ხოლო 475 ნმ-ის შემდეგ იწყება ლურჯი ფერი. ფერის კონკრეტული ტერმინის მნიშვნელობის ამგვარი განსაზღვრა ავტორს, სავსებით სამართლიანად, არ მიაჩნია ამ ტერმინის მნიშვნელობის ცოდნად და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ესაა მეცნიერული ცოდნა და მას არაფერი აქვს საერთო სიტყვის მნიშვნელობასთან.

ზუსტად ამგვარი დამოკიდებულება აქვს ავტორს იმ მეცნიერული მიდგომისადმი, რომელიც ფერის კატეგორიის უკეთ განსაზღვრისათვის ნეიროფიზიოლოგიურ მონაცემებს ეყრდნობა, ან ფერის კატეგორიას არამკაფიო (ფუზზყ) სიმრავლის სახით წარმოადგენს. აქ ავტორი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ფერის პერცეფცია არ უნდა უკავშირდებოდეს ფერის კონცეპტუალიზაციას, რომ ფერის აღქმა ადამიანებს საერთო აქვთ, მაგრამ კონცეპტუალიზაცია სხვადასხვა კულტურაში განსხვავებულია. ამ მოსაზრებით ა. ვეჟბიცკა, თითქოს ფერთა კატეგორიზაციის უნივერსალურ მოდელს ეწინააღმდეგება; სინამდვილეში, არც ფერთა კატეგორიზაციის უნივერსალური მოდელი არ ვარაუდობს, რომ ფერთა პერცეფცია უნდა განსაზღვრავდეს ფერთა კონცეპტუალიზაცია/კატეგორიზაციას.

ამგვარად, წარმოვადგინეთ ორი ძირითადი პუნქტი, რომელიც განსაზღვრავს ავტორის უარყოფით დამოკიდებულებას ფერთა კატეგორიზაციის უნივერსალური მოდელის მიმართ: ერთი – ფერის ცნება არაა უნივერსალური და მეორე – ფერის კატეგორიის ფორმალიზაცია (მისთვის ნეიროფიზიოლოგიური საფუძვლების დაძებნა, ან მისი სიმრავლის სახით წარმოდგენა) სემანტიკური შესწავლისას არაა მართებული.

ვფიქრობთ, საინტერესო იქნება წარმოვადგინოთ ფერის ზოგიერთი ტერმინის ის განსაზღვრება, რომელსაც ა. ვეჟბიცკა თავის ნაშრომში გვთავაზობს. მართალია, ამ განსაზღვრებებს ავტორი „ახსნებს“ უწოდებს, მაგრამ, ჩვენი აზრით, მათ განსაზღვრების ფორმულირებას აძლევს.

მაგალითისათვის განვიხილოთ რუსული синий ტერმინის ნაშრომში წარმოდგენილი „ახსნა“:

X არის синий=

(ა) ზოგჯერ ადამიანი ხედავს მზეს მაღლა ცაში როცა X-ის მსგავს საგნებს ხედავენ, ამ დროს შეიძლება იფიქრონ ცაზე

(ბ) X არ არის იმის მსგავსი, როგორიც ამ დროს არის ცა

(გ) ზოგჯერ ადამიანი ვერ ხედავს ძალიან ბევრს (კარგად) როდესაც X-ის მსგავს საგნებს ხედავენ, შეიძლება ამაზე იფიქრონ.

აქვე განვიხილოთ голубой ტერმინის „ახსნა“:

X არის гоолубой =

(ა) ზოგჯერ ადამიანი ხედავს მზეს მაღლა ცაში როცა X-ის მსგავს საგნებს ხედავენ, ამ დროს შეიძლება იფიქრონ ცაზე

(ბ) X არის ამგვარი ცის მსგავსი

(გ) ზოგჯერ ადამიანი ბევრ საგანს ხედავს როცა X-ის მსგავს საგნებს ხედავენ, შეიძლება ამაზე იფიქრონ. შენიშვნის სახით დავსძენთ, რომ ვეცადეთ, თარგმანი ძალზე ახლოს ყოფილიყო ორიგინალთან, სასვენი ნიშნებიც კი არ დავსვით ორიგინალისაგან განსხვავებულად.

ამ ორი ტერმინის აქ წარმოდგენილ „ახსნებში“ ჩანს როგორც განსხვავება, ისე სიახლოვე მათ მნიშვნელობაში (ორივე ცის ფერს აღნიშნავს, მაგრამ ერთი უკავშირდება ცის ფერს დღისით, მეორე -ღამით).

რამდენად ღირებულია ფერის ტერმინის მნიშვნელობის ამგვარი „ახსნა“? როცა ამგვარ „ახსნებში“ X-ის მსგავს საგნებზეა ლაპარაკი, გასაგებია, რომ ამ შემთხვევაში იგულისხმება მსგავსება ფერით, მაგრამ ავტორი ცდილობს „ახსნა“ მოგვწოდოს ისე, რომ არ იხმაროს „ფერი“. გარდა ამისა, „ახსნას“ ბუნდოვანებას ანიჭებს „შეიძლებას“ გამოყენება. ამავე დროს, თითქოს ერთგვარად წინააღმდეგრობივია синий ტერმინის ახსნა, რომელიც იწყება იმით, რომ იმ საგნების დანახვაზე, რომლებიც ფერით არის синий, შეიძლება იფიქრონ ცაზე, უფრო ზუსტად, მზიან ცაზე; თითქოს ბუნებრივია, იფიქრონ ცაზე იმიტომ, რომ синий-ის მსგავსი ფერისაა ცა. მაგრამ იქვე (პუნქტი ბ) ავტორი გვეუბნება, რომ ის, რაც არის синий, არ არის მზიანი ცის მსგავსი. საბოლოოდ, ა. ვეჟბიცკას ახსნა გვეუბნება, რომ синий არის ღამის ცის ფერის მსგავსი და ამით უნდა მიგვანიშნოს, რომ синий-ის პროტოტიპია ღამის ცის ფერი. შეიძლება ეს ასეც იყოს, მაგრამ синий რომ მსგავსია голубой-ისა (რომელიც მზიანი ცის ფერს უკავშირდება პროტოტიპულად), ეს დაადასტურა რ.ფრუმკინას ექსპერიმენტულმა გამოკვლევამაც, რომელიც მიზნად ისახავდა რუსულ ენაში ფერის ტერმინების შესწავლას სწორედ სემანტიკური მსგავსების მიმართების თვალსაზრისით [Р. Фрумкина 1984.].

დამატებით გვინდა წარმოვადგინოთ, აგრეთვე, ინგლისური რედ ტერმინის „ახსნა“:

X არის რედ = როცა ვინმე ხედავს X-ის მსგავს საგნებს, შეიძლება იფიქროს ცეცხლზე როცა ვინმე ხედავს X-ის მსგავს საგნებს, შეიძლება იფიქროს სისხლზე

X-ის მსგავსი საგნების დანახვა შეიძლება მაშინაც, როცა სხვა საგნების დანახვა არ შეიძლება.

საილუსტრაციოდ წარმოდგენილ ამ „ახსნებში“, როგორც ვხედავთ, ავტორი ფერს უკავშირებს საგანს. მართალია, სამყაროში ფერი დამოუკიდებლად არ არსებობს, მაგრამ ენაში ფერის ტერმინების არსებობა მაჩვენებელია იმისა, რომ არსებობს ამა თუ იმ კონკრეტული ფერის ცნება საგნისაგან დამოუკიდებლად, რაც ა. ვეჟბიცკას „ახსნებში“ არაფრით არ აისახება. მიუხედავად ამისა, ეს „ახსნები“ საკმაოდ საინტერესოა და საინტერესოა იმით, რომ მათში ავტორი ფაქტობრივად ადგენს პროტოტიპებს ფერის კატეგორიებისათვის. აქ ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ამგვარი პროტოტიპები დაძებნილია, როგორც წესი, ბაზისური ფერის კატეგორიებისათვის, რომლებიც ძირითად ერთეულებს წარმოადგენენ ფერის ტერმინთა სისტემის შესაბამის სემანტიკურ სტრუქტურაში.

ამგვარად, ა. ვეჟბიცკა თავის ნაშრომში წარმოგვიდგენს ცალკეული ფერის ტერმინის (და ეს, როგორც წესი, სწორედ ბაზისური ფერის ტერმინია) სემანტიკურ ანალიზს, ცდილობს, ახსნას ფერის ტერმინის მნიშვნელობა. ჩვეულებრივ, სიტყვის მნიშვნელობა მისთვის ნიშნავს იმას, რასაც ამ ენაზე მოლაპარაკე ფიქრობს მოცემული სიტყვის წარმოთქმისას. ბუნებრივია, ასევეა გაგებული ფერის ტერმინის მნიშვნელობაც და ამდენად, ფერის ტერმინთა სემანტიკური ანალიზისას ავტორი გვიხსნის, რას ფიქრობს მოლაპარაკე და ამ ახსნებით ცალკეულ ტერმინს შესაბამის პროტოტიპს უკავშირებს. მართალია, ამგვარ ანალიზში, როგორც ვხედავთ, დაკარგულია ფერის ტერმინთა სიმრავლის სისტემური ხასიათი, არ ჩანს ფერის ტერმინთა ერთობლიობით ენაში ასახული ფერითი სივრცის სემანტიკური სტრუქტურა. სამაგიეროდ, ფერის ტერმინების დაკავშირებით პროტოტიპებთან ერთგვარი წარმოდგენა იქმნება ენაში ფერთა კატეგორიზაციის პროცესზე, იმაზე, თუ რისი ზეგავლენით ხორციელდება ენაში ფერთა კატეგორიზაცია. ამგვარი მიზეზები, ა. ვეჟბიცკას ანალიზის მიხედვით, ადამიანის მაკრო-გარემოს უკავშირდება, უფრო ზუსტად კი, ეს ის „გარემოებითი“ ცნებებია, რომლებიც გადმოიცემა fire („ცეცხლი“), sun („მზე“), sky („ცა“) grass („ბალახი“), sea („ზღვა“) და ground („მიწა“) სიტყვებით. ავტორი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს ცნებები არაა სემანტიკური პრიმიტივები, რომ ეს არის კონსტრუქტები, რომლებიც აგებულია ადამიანის მიერ დედამიწაზე ცხოვრების გამოცდილებიდან.

ფერის კატეგორიზაცია შეიძლება განაპირობოს, აგრეთვე, ლოკალურად მნიშვნელოვანმა რეფერენტმა (ეს შეიძლება იყოს მინერალი, ცხოველი, მცენარე…). ამგვარი კატეგორიის მაგალითად ავტორი მოიხმობს ინგლისური orange ტერმინის შესაბამის კატეგორიას. საინტერესოა ავტორის შენიშვნა ამ ტიპის ტერმინებთან დაკავშირებით: ისინი ხშირად განიცდიან სემანტიკურ ცვლილებას (ამის კარგი მაგალითია რუსული ტერმინი голубой რომელიც голубь-ს – ,,მტრედს″ უკავშირდება, მაგრამ დღეს ,,ცისფერს” ნიშნავს).

როგორც ავტორი აღნიშნავს, ფერის ტერმინების დაკავშირება შესაბამის პროტოტიპებთან ფერის ამა თუ იმ ტერმინის ეტიმოლოგიაში შეიძლება აისახოს.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ა. ვეჟბიცკა არ იზიარებს ბ. ბერლინისა და პ. კეის თვალსაზრისს და, საერთოდ, მისთვის მიუღებელია ფერთა კატეგორიზაციის უნივერსალური მოდელი. მიუხედავად ამისა, ზემოთქმულის საფუძველზე ნათელი ხდება, რომ, ფაქტობრივად, ა. ვეჟბიცკას მიერ ჩატარებული სემანტიკური ანალიზი და ფერთა კატეგორიზაციის უნივერსალური მოდელი ფერის ტერმინთა სემანტიკის კვლევის ორ განსხვავებულ გზას წარმოადგენს განსხვავებული მიზნებით: ერთი ცდილობს, ფერის ტერმინთა სემანტიკა აღწეროს იმგვარად, რომ აისახოს ის, რასაც ფიქრობს მოლაპარაკე ფერის ტერმინის გამოყენებისას და ამავე დროს, ამგვარი ანალიზი სემანტიკურ პრიმიტივებს უნდა ეყრდნობოდეს (ფერის ტერმინთა სემანტიკის ანალიზისას გამოიყენებული პრიმიტივებია: „ხედვა“, „ფიქრი“, „მსგავსება“), რის შედეგადაც ხდება ფერის ტერმინთა დაკავშირება მის პროტოტიპებთან; მეორე კი იკვლევს იმ სემანტიკურ სტრუქტურას, რომელიც ენაში ფერის ტერმინებით გადმოცემული ფერითი სივრცისთვისაა დამახასიათებელი, ადგენს ამ სტრუქტურისთვის დამახასიათებელ კანონზომიერებებს, რომელთაგან ზოგი უნივერსალური ხასიათისაა, ხოლო ზოგი კი სპეციფიკურია – დამახასიათებელია კონკრეტული ენისათვის.

ფერთა კატეგორიზაციის უნივერსალური მოდელი და ფერის ტერმინთა სემანტიკის იმგვარი ანალიზი, როგორიც ა. ვეჟბიცკას ნაშრომშია წარმოდგენილი, სავსებით შეთავსებადია. ამის შესახებ აღნიშნულია ბ. კომრის ნაშრომში, რომელიც ენობრივი უნივერსალიებისადმია მიძღვნილი [B. Comrie, 1981], ა. ვეჟბიცკას ძირითადი ნაშრომის გამოქვეყნებამდე საკმაოდ ადრე. ბ.კომრი თვლის, რომ ფერთა კატეგორიზაცია უნდა დაუკავშირდეს ფერის კატეგორიის ბირთვს და არა საზღვრებს, რომ კატეგორიზაცია უნდა განისაზღვროს არა რაღაც აუცილებელი და საკმარისი პირობებით, არამედ პროტოტიპების ტერმინებში.

Semantic primes and the universal model of colour categorization

Ether Soselia

Analyzing semantics of color terms a famous researcher of semantics A.Wierzbicka does not accept the universal model of colour categorization by B.Berlin and P.Kay. In our opinion those two theories are not contradictory, they are two different views. Actually A.Wierzbicka’s analysis based on universal semantic primes is close to prototypical analysis of colour term semantics, while B.Berlin and P.Kay’s model refers to the general universals ruling categorization and the structure of the colour space in every language, that is reflected in the corresponding basic colour term system.

გამოყენებული ლიტერატურა

1. Фрумкина Р.М. (1984) Цвет, смысл, сходство:аспекты психолингвистического анализаб Москва.

2. Berlin, B & Kay, P. (1969) Basic color terms:Their universality and evolution., Berkeley.

3. Comrie, B. (1981) Language Universals and Linguistic Typology, Oxford.

4. Wierzbicka A. (1980) Lingua Mentalis, Sidney, New York, London, Toronto, San Francisco. Wierzbicka, A. (1984) Apples Are Not a Kind of Fruit: The Semantics of Human ategorization;

5. American Anthropologist, 11/2.

6. Wierzbicka, A. (1989) Soul and Mind. Linuistic Evidence for Ethnopsycology and Cultural History; American Anthropologist, 90/4.

7. Wierzbicka, A. (1990) The meaning of Color Terms:Semantics, Culture and Cognition; Cognitive Linguistics, 1/1.

8. Wierzbicka, A. (1992) Semantics, Culture and Cognition: Universal Conccepts in Culture-Specific Configuration, New York, Oxford.

9. Wierzbicka, A. (1996) Semantics: Primes and Universals, Oxford, New York.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s