თამარ ბერეკაშვილი _ ეროვნული ენა, ეროვნული კულტურა, ეროვნული სული


ენის და ერის ურთიერთმიმართების პრობლემა მეტად ძველია, რთული და მრავალსახა. განსაკუთრებული აქტუალობა ამ პრობლემამ შეიძინა დღეს, როდესაც ერთან და ენასთან დაკავშირებულმა საკითხებმა ახლებური გადაწყვეტა მოითხოვეს.

იმისათვის, რომ თავი დავაღწიოთ შექმნილ ვითარებას, აუცილებელია ჩამოყალიბდეს მოცემული საკითხებისადმი მეცნიერული მიდგომა, რაც გულისხმობს არა მარტო სხვა ქვეყნებში არსებული გამოცდილების გათვალისწინებას, უცხოელ მეცნიერთა ნააზრევის შესწავლას, არამედ თვით საკითხის ახლებურად დაყენებას, არსებული სიტუაციის მრავალმხრივი შესწავლის საფუძველზე. უნდა იყოს არა ერთი თეორია, არა ერთი მიდგომა მოცემული საკითხისადმი. თეორიათა სიმრავლე, შეხედულებათა სიჭრელე და

მრავალფეროვნება მხოლოდ სარგებლობის მომტანია, ჭეშმარიტების დადგენის გზაა.

ამ მიმართულებით აღნიშნული საკითხების კვლევა ცალსახად და მკაცრად შემოსაზღვრული მიმართულებით მიდიოდა. ერთ-ერთ ცნებად, რომელზედაც ნაკლები იწერებოდა, გვევლინება ,,სულის”, ,,გონის” ცნება, რომლის გამოყენება და ხსენება დიდ თავდასხმებს იწვევდა საბჭოთა პერიოდში, მაგრამ არც მოგვიანებით გახდა სერიოზულ მეცნიერთა განსჯის ობიექტი. ამასთან, ამ ცნებებს ბევრი მნიშვნელობა გააჩნიათ, მათი გამოყენება მეტად მოხერხებულია, რამდენადაც ბევრი აზრის თუ შეხედულების უფრო გასაგები ფორმით გადმოცემის საშუალებას იძლევა. ეს განსაკუთრებით ჩანს ისეთ საკითხებზე მსჯელობისას, როგორიც ერთან და ენასთან დაკავშირებული საკითხებია. მეტად ძნელია ილაპარაკო სულიერ კულტურაზე და გვერდი აუარო ცნება სულს, შეეხო ,,კულტურის ეკოლოგიას” ისე, რომ არ დააკავშირო ის სულიერთან.

მოცემული წერილის მიზანია ერთგვარად წარმოაჩინოს ენისა და კულტურის მნიშვნელობა ერისათვის. ენის ამგვარი მნიშვნელობა თითქოს ეჭვს არ უნდა იწვევდეს. მიუხედავად ამისა, ბოლო დრომდე ჩნდებოდა ნაშრომები, რომელთა ავტორები არ თვლიდნენ ენას ერის მნიშვნელოვან ნიშნად. ეს მათი უფლებაა, რომელიც არ გამორიცხავს სხვა შეხედულებების არსებობის უფლებას.

სიძნელე იმითაც არის გამოწვეული, რომ არ არის დადგენილი ერის ფენომენის მეცნიერული ცნება. აქ, ძირითადად, არსებობს ორი ურთიერთსაწინააღმდეგო მიდგომა. პირველი, რომელსაც იზიარებდა საბჭოთა მეცნიერთა დიდი ნაწილი, აუფასურებდა ერს, თვლიდა მას დროებით, წარმავალ მოვლენად, ამიტომ ერის მეობის ყოველ გამოხატულებას ეძლეოდა უარყოფითი შეფასება, როგორც ჩამორჩენილს, ნაციონალისტურს, რეაქციულს და ა.შ. მეორენი, პირიქით, ერს წარმოაჩენდნენ როგორც ადამიანთა ერთობის უმაღლეს და უცვლელ ფორმას, რომელმაც უნდა შეინარჩუნოს შეუცვლელად თავისი სახე, განერიდოს ნებისმიერ გავლენას. ასეთი შეხედულებები, როგორც წესი, გარკვეული ერების შიგნით ჩნდებოდა და ჩნდება და ისინი, სამწუხაროდ, მთავრდება ნაციონალიზმის უკიდურესი გამოვლენით, რამდენადაც ერთი ცალკეული ერის უმაღლესი კულტურული მისიის აღიარება, მისი განსაკუთრებულობის და უნიკალური ხვედრის მტკიცება ანიჭებს ამ ერის წარმომადგენლებს სიამაყის ყალბ გრძნობას, უქმნის მათ იმის განცდას, რომ ისინი უფლებამოსილნი არიან დაჩაგრონ სხვა ერი, მოახვიონ სხვას თავისი ნება; ფაქტობრივად ორივე აღნიშნული მიდგომა, საბოლოო ანგარიშში, ,,რჩეული ერების” არსებობაზე თანხმდება სხვა ,,ნაკლებად ღირებული” ერების ხარჯზე.

ერი, ისევე როგორც ეროვნება, წარმოადგენს სრულიად ბუნებრივ წარმონაქმნს ადამიანთა ურთიერთკავშირისა, ის უფრო დიდი ერთობის, კაცობრიობის კონკრეტული გამოვლენაა, მისი არსებობის ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც მოწოდებულია თავისებურად, თითოეულ ცალკეულ შემთხვევაში განსაკუთრებულად, მხოლოდ მისთვის ჩვეული სახით ასახოს, განავითაროს საკაცობრიო ღირებულებები, მისი არსებობის წესი და სხვა. თითოეული ერი ერთი მთლიანის ცალკეულ მხარეს წარმოადგენს, რომელიც მწირდება და საბოლოოდ კვდება სხვა მხარეების, სხვა ერების გარეშე, რომლებიც მას ავსებენ, ამდიდრებენ, და მხოლოდ ურთიერთკავშირში შეიძლება მათი არსებობის უზრუნველყოფა. ამ აზრით, თითოეულ ერს განსაკუთრებული მისია აკისრია, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა ერის უნიკალური ისტორიული ბედი, რომელშიც ჩაქსოვილია მისი ენა, ტრადიციები, კულტურის მონაპოვრები, ხელოვნება… ეს ისტორიული ბედი, ერთი მხრივ, შემთხვევითია, მაგრამ, ამასთან, მასში განსაკუთრებული სიცხადით თავს იჩენს ერის ღირებულებები, მისი მსოფლმხედველობა, რომელიც თავის მხრივ, იცვლება და ვითარდება ერის ცხოვრების მანძილზე. ამ თვალსაზრისით, ერის სამსახური ყოველთვის უფრო მაღალია, უფრო საყოველთაოს სამსახურს ნიშნავს. ერის სულის საუკეთესო გამოვლენები, როგორც, მაგალითად, გოეთესთან, შექსპირთან, რუსთაველთან, ყოველთვის მთელ კაცობრიობას ამდიდრებდნენ, მის საერთო პოტენციალს ავლენდნენ, მის პროგრესს ემსახურებოდნენ და ძნელია იმის დაფიქსირება, თუ რომელმა ცალკეულმა ერმა შეიძინა მეტი.

ამგვარად, თითოეული ერი თავისებურად წყვეტს მსოფლიოს ძირეულ უმნიშვნელოვანეს პრობლემებს, თავისებურად პასუხობს მთელი კაცობრიობის მიერ დასმულ კითხვებზე და მხოლოდ ასეთი მასშტაბის ამოცანების გადაწყვეტით ან თუნდაც დასმით, ფასდება ერის მნიშვნელობა, ერის სიცოცხლისუნარიანობა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ერს თავისი ამოცანებიც აქვს – დროებითი, ამჟამინდელი, რომელთა გადაწყვეტაც მას მუდმივად უხდება.

ენა ყოველდღიური ცნობიერების დონეზეც განიცდება როგორც ერის მეტად მნიშვნელოვანი ნიშანი. ამით უნდა აიხსნას, რომ მშობლიური ენის სიყვარული უტოლდება ქვეყნის, ერის სიყვარულს, მისი სამსახური – ერის სამსახურს.

,,ერის აღმავლობა ყოველთვის უკავშირდება განსაკუთრებით სათუთ ზრუნვას თავის ენაზე, მის სიწმინდეზე”.

ენა არაა მარტო ურთიერთობის საშუალება, ის არის ენის რაობის გამოვლენის უპირველესი და უმნიშვნელოვანესი ფორმა; ჩემი, როგორც პიროვნების მიკუთვნებულობა მოცემული ერისადმი საშუალებას მაძლევს ჩავთვალო საკუთარი თავი მის ერთ-ერთ გამოხატულებად და, მეორე მხრივ, ერის სიცოცხლე, მისი სიძლიერე, კულტურა, არსებობის ხანგრძლივობა, მისი მარადიულობა ჩემი სიცოცხლე, ჩემი სიძლიერე, ჩემი მარადიულობაა, რამდენადაც მეც ვქმნი მას ნაწილობრივ: ჩემი ყოფნა, ცხოვრება ეროვნულ ენაზე ერის ყოფნაა. ,,მშობლიური ენა, წარმოადგენს რა ეროვნულ თვითშეგნების საშუალებას… პრაქტიკულად უსაზღვროდ აფართოებს დროში და სივრცეში ჩემს შემოსაზღვრულ არსებობას, უსასრულობას მაზიარებს” (ჭავჭავაძე 1984: 146).

ენას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ხალხთა ურთიერთობაში, მაგრამ ის არა მარტო გამაერთიანებელია, ცალკეული ადამიანების და ეთნიკური ჯგუფების შემკვრელი, არამედ გამთიშველიც. ენები ერთგვარ ზღვარს, უფსკრულს ქმნიან ერებს შორის. ამ ზღვრის გადალახვა ყოველთვის ამდიდრებს ერს, აფართოებს მის თვალსაწიერს, რასაც, რასაკვირველია, მხოლოდ მაშინ აქვს ადგილი, როდესაც ამ ახალი კულტურის ღირებულებები, შემოსული უცხო ენის წყალობით, ხვდებიან მშობლიურ ეროვნულ ენას.

ხშირად, როდესაც სურთ უარყონ ენის მნიშვნელობა ერისათვის, მოჰყავთ ებრაელების მაგალითი, რომლებიც საუკუნეების მანძილზე გაფანტულები იყვნენ არა მარტო საერთო ტერიტორიის, არამედ ერთიანი ენის გარეშეც. მაგრამ უნდა ითქვას, რომ ერად ჩამოყალიბების პროცესში მათ უეჭველად გააჩნდათ თავისი ტერიტორიაც და ენაც. სწორედ ამ საერთო ენაზე მოხდა მათი კონსოლიდაცია, რომელიც ისეთი მტკიცე აღმოჩნდა, რომ დღემდე შეუნარჩუნა მათ ეროვნული თვითშეგნება, თვითდასახელება, ეროვნული ხასიათი. ცნება ,,მამულიც” წარმოადგენს მამობის, ძეობის გაფართოებულ ცნებას. ერის, როგორც სისხლის ერთობის იდეამ, როგორც აღნიშნავს ს. ბულგაკოვი, მიიღო თავისი პლასტიკური გამოხატულება ბიბლიაში, რაც სხვა არაფერია, თუ არა თავისი განსაკუთრებული მეობის გაცნობიერება, გამოხატული რამდენიმე ათასწლეულის წინ მშობლიურ ენაზე ბიბლიაში.

მეორე, ებრაელთა (ისე როგორც სხვა დაქსაქსული, მაგრამ ერთ ერად არსებობის ცნობიერების მქონე ერის, მაგალითად ირლანდიელთა) სწრაფვა გაერთიანებისა და განთავისუფლებისაკენ მეტად შესამჩნევია, რაც კიდევ ერთ მაკონსოლიდირებელ მომენტს წარმოადგენს მათს ცხოვრებაში.

და, კიდევ, როგორც კი ხალხები მიაღწევენ თავიანთ დამოუკიდებლობას და შექმნიან ეროვნულ სახელმწიფოს, ისინი მაშინვე ცდილობენ დაიბრუნონ ეროვნული ენა. ასე მოხდა ებრაელთა შემთხვევაშიც, რომელთაც სახელმწიფო ენად გამოაცხადეს ივრითი.

ენის უდიდესი მნიშვნელობის შესახებ ნ. ნათაძე აღნიშნავს: ,,ის, რომ საკუთარი ენა ერის ყველაზე თვალსაჩინო და ღრმა მახასიათებელია, ემპირიული ფაქტია, მაგრამ ერი, როგორც იდეალური კატეგორია, ამ ფაქტის მიღმაც დგას. ფიგურალურად რომ ვთქვათ, ის, რომ ჰომო საპიენსს ბგერითი ენა გააჩნია და მისი გონი ამ ენაში ცოცხლობს, შემთხვევითია, მაგრამ თუ ერს საკუთარი ენა არა აქვს, მას უნდა ჰქონდეს იგი და, როგორც ივრითის მაგალითი მოწმობს, შესაძლოა იქნეს კიდეც ფაქტობრივად” (ნათაძე 1984: 104).

ამგვარად, სწორედ ენაში, პირველ რიგში, თავს იჩენს ეროვნული; მეტიც, ეროვნული გამოხატულების ყველა ფორმა, იქნება ეს ეროვნული ხასიათი, კულტურა, ფსიქიკური წყობა თუ სხვა, ყალიბდება ენასთან ერთად და მოუცილებელია მისგან. მაგალითად, ერის ისეთი ნიშანი, როგორიცაა კულტურის ერთიანობა, ენის მსგავსად, ერის არსებობის, თვითგამოხატვის და განვითარების აუცილებელ პირობას წარმოადგენს, თვითონ იქმნება და ვითარდება ენასთან ერთად, აისახება მასში, ისევე, როგორც შემდგომში ენა ერთგვარად განსაზღვრავს მას. ეროვნული კულტურის ცნება კარგავს თავის საზრისს, თუ არ არსებობს მისი ჩამოყალიბების ისეთი პირობა, როგორიცაა ერთიანი ენა. კულტურის და ენის ურთიერთდამოკიდებულების და კერძოდ, ენის მნიშვნელობის შესახებ ნ. ჭავჭავაძის წიგნში ვკითხულობთ: ,,ენა წარმოადგენს არა მარტო ექსპრესიის, კომუნიკაციის, სოციალიზაციის და ა. შ. საშუალებას, ის ამავე დროს ერის ერთ-ერთ კონსტრუქციულ ნიშანს წარმოადგენს, ზეინდივიდუალური ღირებულების ნიშანს, რომლისთვისაც პატრიოტები სწირავენ სიცოცხლეს, ყოველ შემთხვევაში, მზად არიან გასწირონ ის, ანუ მზად არიან გახდნენ კულტურის სუბიექტები, გამოვიდნენ თავისი ფსიქოფიზიკური ინდივიდუალობის საზღვრებს გარეთ” (ჭავჭავაძე 1984: 146).

ამდენად, არ შეიძლება ენის მნიშვნელობის გატოლება ტერიტორიულ და ეკონომიკურ ნიშნებთან, რამდენადაც ენაში ვლინდება და ცნობიერდება თვით ამ ნიშნის მნიშვნელობაც. თუნდაც იმავე ,,მამულის” ცნება, ის წარმოადგენს არა მხოლოდ ტერიტორიას, რომელზეც ცხოვრობს ხალხი, არამედ გააჩნია მაღალი ეთიკური, ესთეტიკური, სოციალური ღირებულებაც, ტერიტორია, ბუნება გვევლინება არა მარტო იმ პირობად, რომელმაც გააერთიანა ადამიანთა ჯგუფი ფიზიკურად, საერთო მატერიალური (ეკონომიკური) ინტერესებით, ის ადამიანებთან ,,ურთიერთობის” შედეგად, დ. ლიხაჩოვის სიტყვებით, ,,ხალხის სულის გამოხატულება”, ,,მამული” ხდება, იძენს ისეთ ღირებულებას, რომელიც გააჩნია მხოლოდ სულიერი ცხოვრების მქონე ადამიანთა ერთობლიობას. ის ცნობიერდება ,,სამშობლოს” ცნებაში, რომელსაც ხალხი საუკუნეების მანძილზე იცავდა და რომელიც კვლავ მის ზრუნვას და დაცვას მოითხოვს. ერთი სიტყვით, ის ხდება კულტურის ფენომენი და მისი ერთიანობა განპირობებულია არა მარტო მექანიკურად, ფიზიკურად, არამედ სულიერად ენაში. ,,ტერიტორიის ერთიანობა წარმოადგენს ერის აუცილებელ ნიშანს, მისი ფორმირების პირობას არა მარტო იმ ობიექტური გარემოების გამო, რომ ხალხმა უნდა სადმე ერთად იცხოვროს და აწარმოოს, იმისათვის, რომ შესძლოს ეროვნულ კულტურულ ორგანიზმში გაერთიანება, არამედ ძირითადად იმიტომ, რომ ეს ტერიტორია, ათვისებული და გარდაქმნილი ხალხის მრავალ თაობათა საქმიანობის შედეგად, მორთული მისი მატერიალური და სულიერი კულტურის ძეგლებით, უხვად მორწყული მის დამცველთა სისხლით, ღირებულებით – ნეიტრალური გეოგრაფიული ცნებიდან გადაიქცევა მშობლიური სახლის, სამშობლოს, მამულის ცნებად, მის ცოცხალ სივრცობრივ-დროით ველად საუკუნიდან საუკუნემდე” (ჭავჭავაძე: 147-148) და ეს ხდება შესაძლებელი მხოლოდ ენის მეშვეობით, დავუმატებდით ჩვენ, ენის წყალობით ხდება ,,სამშობლოს”, ,,მამულის” ცნება ცოცხალ სივრცობრივ-დროით ველად საუკუნიდან საუკუნემდე”.

თუ ერის ცნების აუცილებელი ნიშნები – საერთო ეკონომიკური ცხოვრება, ერთიანი ტერიტორია – თავდაპირველად მისგან დაშორებული, გარეგანი ფაქტორებია, ისეთი ნიშნები, როგორც ენა და კულტურაა, მოუცილებელია მისგან, მისი შინაგანი არსის გამოხატვას წარმოადგენენ, მისი სულის ცოცხალ გამოხატულებას. ამასთან, ენა ის ძალაა, რომელიც ქმნის, აყალიბებს ერს ერად, უზრუნველყოფს ეროვნული ხასიათის განმტკიცებას, ერის გონებრივი, სულიერი უნარის წარმოჩენას. ,,ეროვნული თავისებურების ნებისმიერი შესწავლა” – წერს ჰუმბოლდტი – ,,რომელიც არ იყენებს ენას, როგორც დამხმარე საშუალებას, იქნებოდა ამაო, ვინაიდან მხოლოდ ენაშია შთაბეჭდილი მთელი ეროვნული ხასიათი და, ამასთან, მასში, როგორც მოცემული ერის ურთიერთობის საშუალებაში ქრებიან ინდივიდუალობები, რათა გამომჟღავნდეს საყოველთაო” (უზნაძე 1940: 353).

მაშასადამე, ენა ის სფეროა, რომელშიც ყველაზე სრულად წარმოჩნდება ერის სული, ისევე, როგორც ეროვნული ხასიათი და ეროვნული კულტურა, მაგრამ ეროვნული სული არ არის ეროვნული ხასიათის სინონიმური ცნება, ისევე როგორც ეროვნული კულტურისა, თუმცა ორივე მათგანში იჩენს თავს.

როდესაც ხასიათზე ლაპარაკობენ, ჩვეულებრივ გულისხმობენ სპეციფიკურ მოქმედებას ან ნებელობას, რომელიც ქცევას განსაზღვრავს, ქცევას არა მარტო წარსულში, არამედ მომავალშიც. ეს ქცევა დამახასიათებელია არა მარტო ცალკეული პიროვნებისთვის, არამედ ერისათვისაც, ის განსხვავებულია სხვა ერების, სხვა ხალხების ქცევისაგან. ამდენად, ეროვნული ხასიათიც, რომელიც დამახასიათებელი, თავისებური, ინდივიდუალური ქცევების კომპლექსს წარმოადგენს, განსხვავებულია სხვა ერების ეროვნული ხასიათისაგან. ეს როდი ნიშნავს, რომ ერთი ერი ხასიათდება ისეთი ნიშნებით, რომლებიც უცხოა სხვა ერისთვის. იგივე ნიშნებით, თვისებებით შეიძლება ხასიათდებოდეს და ხასიათდება კიდეც, სხვადასხვა ერები, მაგრამ სხვადასხვაა, თუ შეიძლება ითქვას, ამ ნიშნების ხარისხობრიობა, სტრუქტურა და, ამდენად, გამოვლენის ფორმები. კონკრეტული ხასიათის აღნიშვნისას იგულისხმება აგრეთვე, რომ ის თავს იჩენს დამახასიათებელი ქცევის სახით მეტ-ნაკლებად მუდმივად. წინააღმდეგ შემთხვევაში შეუძლებელი იქნებოდა მისი გამოყოფა, აღქმა როგორც ინდივიდუალურისა.

უნდა ითქვას, რომ ეროვნული ხასიათი არ არის ერის თანდაყოლილი თვისება, ისე როგორც ცალკეული ხასიათი, რომელიც წარმოადგენს, დ. უზნაძის სიტყვებით, ,,გარკვეულ განწყობათა გამოვლენის დისპოზიციას”, ჩამოყალიბებულს ,,გარემოს ზემოქმედების პირობებში” (რამიშვილი 1980:195). ასევე ეროვნული ხასიათიც ავლენს ერისთვის, ხალხისთვის დამახასიათებელ განწყობებს, რომლებმაც ერის ჩამოყალიბების პროცესში მიიღეს განსაზღვრული ტენდენციები, თავისი რაობა; მათი ფორმირება მოხდა გარემოს ზემოქმედების შედეგად და არა მარტო ფიზიკური გარემოსი, არამედ ტრადიციების, ე. ი. მთლიანად სოციალური გარემოს გავლენით.

რაც შეეხება ეროვნულ სულს, მისი საზრისი კიდევ უფრო ბუნდოვანია და ძნელად აღსაწერი. ,,მარტო ის (ეროვნული სულის თავისებურება – თ. ბ.) როგორც ის შექმნა ბუნებამ და ჩამოაყალიბა გარემოებებმა, განსაზღვრავს ეროვნულ ხასიათს, მარტო ამ უკანასკნელზეა დაფუძნებული ყოველი შემოქმედება ერის ისტორიაში, მის დაწესებულებებში, მის ნააზრევში, მასშია აღბეჭდილი მისი ძალა და ღირსება, რომელიც მემკვიდრეობით გადაეცემა მისგან ინდივიდებს” (უზნაძე 1940: 47).

მაშასადამე, ეროვნული სული არის ის ძალა, ის ენერგია, რომელიც თავის გამოვლენას კონკრეტულ ხასიათში პოულობს. სული სულიერში იჩენს თავს და სულიერში მისი გამოსახვა სწორედ ეროვნული ხასიათის მეშვეობით ხდება.

მიუხადავად იმისა, რომ მოხერხდა ეროვნული სულის და ეროვნული ხასიათის ცნებების გამიჯვნა, ზემოთქმულიდან არ ირკვევა სულის და სულიერის, როგორც სულის გამოხატვის შედეგის საზრისი. სულის მრავალი განმარტება და დახასიათება არსებობს. თითოეული მათგანი ცალმხრივად ახასიათებს სულს და არ ამოწურავს იმ ცნებას სულისას, რომელიც ხალხის ქცევის მასულდგმულებლად და განმსაზღვრელად შეიძლება მოგვევლინოს. აღსანიშნავია კიდევ ერთხელ, რომ ხალხის სული მეტია, ვიდრე ეროვნული ხასიათი. ის საფუძვლად უდევს არა მარტო ეროვნულ ხასიათს, არამედ ეროვნულ კულტურას, ეროვნულ იდეალს, რაც მეტია ეროვნულ ხასიათზე. ეროვნულ სული ერთგვარად ერის არსებობის ხანგრძლიობას, მის სიცოცხლისუნარიანობას განაპირობებს. რასაკვირველია ეროვნული ხასიათი გავლენას ახდენს ეროვნულ კულტურაზე და ეროვნული იდეალის ჩამოყალიბებაზე, მაგრამ მას დამოუკიდებელი საზრისი აქვს. ის შეიძლება ჰგავდეს სხვა მსგავს პირობებში მცხოვრები ერების ეროვნულ ხასიათს და არ უნდა იყოს ამ მხრივ შემთხვევითი ლაპარაკი სამხრეთელების ტემპერამენტზე ან ჩრდილოეთის მცხოვრებთა თავშეკავებულ ხასიათზე. რაც შეეხება ეროვნულ სულს, ის მეტი აბსტრაქტულობით გამოირჩევა, იდეალურის სფეროს განეკუთვნება, ამასთან ის უფრო ცალსახად ვლინდება ინდივიდუალურში.

გ. შპეტი, რომელიც სულის რამდენიმე დახასიათებას იხილავს, ირჩევს ისეთს, რომელიც, მისი აზრით, უნდა იყოს ეთნიკური ფსიქოლოგიის შესწავლის საგანი, რამდენადაც წარმოადგენს ხალხის ქცევის ძირითად მახასიათებელთა კრებულს, ანუ ეთნიკურ ხასიათს: ,,სული (გონი) აქ აღნიშნავს ერთგვარ კონკრეტულ ტი პს, სტილს, ანუ ,,ტონს”, მისი სახით ჩვენ გვაქვს იდეის თვალნათლივი, უშუალოდ შეგრძნებადი ,,ხატი” როგორც ერთიანობა. მაგრამ არა განყენებულ-ლოგიკური და ამასთან თავისებურად კოლექტიური… ეს არ არის ხანმოკლე მდგომარეობა, არამედ წინ მიმავალი ,,ფორმა”, რომელიც ხატებში ბეჭდავს ერთგვარ არა მარტო ნიშანთა მოცემულ ერთიანობას, არამედ აგრეთვე თავის თავში ასახავს ნიშანთა მთელ იმ მასას, რომელიც შეგროვდა სულის ისტორიული ,,ფორმირების” პროცესში… ,,სული” წარმოადგენს თითქოსდა ექოს ამ ცხოვრებისეული მრავალსახეობისა, პასუხს მის თითოეულ ბგერაზე და ტონზე, რომელიც მოიცავს მას სრულად, მაგრამ განსაკუთრებულ სიმბოლურ პროეცირებულ კორელაციებში. ამგვარად, ,,სული” ასახავს სინამდვილეს და ავლენს ჩვენს წინაშე კონდენსირებული სახით, მაგრამ ზუსტად, – კოლექტიური ორგანიზაციის განცდების ერთგვარ სტრუქტურას…” (შპეტი 1927: 90).

როგორც ვხედავთ, შპეტს ხალხის სული, და ამდენად ეროვნული სული წარმოუდგენია როგორც „ხატში” გამოსახულ რაღაც დამახასიათებელ ნიშანთა, თვისებათა ერთობლიობა, „იდეის” ანარეკლი, რამდენადაც ავტორს არა აქვს საგანგებოდ აღნიშნული, იცვლება თუ არა ეს „ხატი”, ვითარდება თუ უცვლელია, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ის მოცემულია ერთხელ და სამუდამოდ, რომ მას არაფერი აღარ ემატება. სინამდვილეში ეს ასე არ არის და ეს შპეტის განსაზღვრებიდანაც ჩანს, ვინაიდან ,,სული” თუ ,,გონი” წარმოადგენს ,,ფორმას”, რომელშიც აღიბეჭდა ნიშანთა მთელი ერთობლიობა, შეგროვილი ,,სულის” ჩამოყალიბების ისტორიულ პროცესში, ამიტომ ის უნდა იცვლებოდეს. ისტორიულობა ხომ პირველ რიგში ცვლილებას გულისხმობს: ეროვნული სული ეხმაურება ერის ცხოვრებაში მომხდარ თითოეულ მოვლენას. იმისდა მიხედვით, თუ რამდენად მგრძნობიარეა ის, რამდენად ძალუძს ასახოს ცხოვრების მთელი მრავალფეროვნება, რამდენად მდიდარია ასეთი ასახვის შესაძლებლობები, იმდენად თავისთავადი, სიცოცხლისუნარიანი და მდიდარია ერი, ეროვნული სული სწორედ ის ძალაა, რომელიც აყალიბებს ეროვნულ ხასიათს, ქმნის ერისათვის დამახასიათებელი ქცევის ფორმებს.

მეტად საგულისხმოა გ. შპეტის შენიშვნა იმის თაობაზე, რომ ხალხის სული ასახავს კოლექტიური ორგანიზაციის განცდების ერთგვარ სტრუქტურას. აღსანიშნავია, რომ ჰუმბოლდტიც თვლის, რომ მთავარი მიზეზი, რის გამოც მან ადამიანის არსის გამოსახატავად ამოირჩია სწორედ სიტყვა ,,სული”, მდგომარეობს იმაში, რომ ეს სიტყვა გამოხატავს ადამიანის გრძნობიერ და ზეგრძნობიერ ბუნებას ერთდროულად. ,,ძნელი იყო მოგვენახა გამოთქმა, რომელიც გადმოგვცემდა ადამიანის არსს ერთდროულად ზოგადი და მაინც სპეციფიკური სახით, ისეთი სიტყვების მსგავსად, როგორც არსი და ძალა. იმისათვის, რომ ასეთი გამოთქმა გამოდგეს, ის ერთდროულად უნდა მოგვანიშნებდეს მის გრძნობიერ და ზეგრძნობიერ ბუნებაზე, და გარდა ამისა, უნდა მიუთითებდეს მის ბატონობაზე ამ სფეროებში” (შპეტი 1927: 343-344).

მაშასადამე, ეროვნული სული, ისე როგორც ადამიანის სული წარმოადგენს იმ არსს, რომელიც მოიცავს ერის გრძნობიერ და ზეგრძნობიერ ბუნებას. ამასთან, ის აისახება კონკრეტულ ხასიათში, რომელიც, თავის მხრივ, ვლინდება განსაზღვრულ, ერისთვის დამახასიათებელ ნებელობაში, ქცევაში და ყალიბდება სოციალური გარემოს გავლენით.

ობიექტური სამყაროს კანონზომიერებანი თანაბრად ვრცელდება როგორც მთელ ბუნებაზე, სამყაროზე, ისე ადამიანზე. ადამიანის მოქმედებანი, ქცევა ემორჩილება ამ ობიექტური სამყაროს ზემოქმედებას. ჯერ კიდევ თეორიულ შეცნობამდე, ცნობიერ აღქმამდე გარემო აისახება ადამიანის ქცევაში და გარკვეული მიმართულებით წარმართავს მას. ადამიანში უნიკალური სახით მოცემულია უნარი შეინახოს, გამოყოს დამოკიდებულებები, დამახასიათებელი კანონზომიერი კავშირები, რაც წარმოგვიდგება როგორც ერთგვარი განვითარებადი სისტემა, რომელშიც ხდება მოვლენების ასახვა. ასეთი ასახვა შესაძლებელია მოხდეს, და ხდება კიდეც, ენის მეშვეობით. ენა წარმოადგენს იმ პირობას, რომლის წყალობითაც მიმდინარეობს ადამიანის პრაქტიკის ფიქსირება გაუცხოებული და ამასთან ქმედითი სახით. ეს ასახვა და ფიქსირება ხდება, დ. რამიშვილის სიტყვებით რომ ვთქვათ, ინდივიდუალურ ცნობიერებაში. მაგრამ, ენა არ წარმოადგენს ერთი ადამიანის უნარის გამოვლენას, ის კოლექტიური ქმედების შედეგია. ენა არის სწორედ ეროვნული სულის გამოვლენა, ეროვნული სულის მარეალიზებელი მხარე. ეროვნული სულის მოქმედება, კონკრეტული ქმედება, ინდივიდუალური გამოვლენა ყოველთვის ცალკეული კონკრეტული ენაა, ამიტომ ენა განუყოფელია ეროვნული სულისაგან: ყველგან, სადაც ლაპარაკია ეროვნულ ენაზე, უეჭველად იგულისხმება ეროვნული სული. ამდენად სავსებით კანონზომიერია გ. რამიშვილის შენიშვნა ,,აქ თითქოსდა შეიკრა ჯადოსნური წრე: ხალხის სული როგორც ,,უმაღლესი პრინციპი” აპირობებს რა ენების განსხვავებულობას და სპეციფიკას, თავის მხრივ, თვითონ თხოულობს ახსნას ენის მეშვეობით” (ჰუმბოლდტი 1984: 10).

ამგვარად, გამოდის, რომ ხალხის სული თავის კონკრეტულ ინდივიდუალურ გამოვლინებებს ღებულობს ენების სახით. როგორც ზოგადს შევიცნობთ კონკრეტულის, ერთეულის სახით, ისე ხალხის სულს შევიცნობთ ეროვნული ენების სახით. ამ აზრით ენის პირველადობა არ ნიშნავს იმას, რომ ის თითქოსდა მოწყვეტილია აზროვნებას, ეროვნულ ხასიათს, კულტურას და ა. შ. და რომ ეს უკანასკნელნი მოჰყვებიან დროში მას, როგორც კანონზომიერი შედეგები მიზეზს. ენა მოუწყვეტელია აზროვნებისაგან, ეროვნული ფსიქიკისაგან. ისინი ურთიერთგანაპირობებენ ერთმანეთს, მაგრამ ენაში ობიექტური კანონზომიერებების ასახვის დაფიქსირების, გაუცხოების გარეშე უაზროა ლაპარაკი აზროვნებაზე, დ. რამიშვილის სიტყვებით: ,,ენის პირველადობა წარმოადგენს სუბიექტისაგან დამოუკიდებელ ობიექტურ კანონზომიერებათა ადამიანური ფსიქიკის დონეზე ასახვის აუცილებელ პირობას, სხვა სიტყვებით, ასახვის თეორიის პრინცი პის განხორციელების აუცილებელ პირობას” (რამიშვილი 1980: 165).

როდესაც ვიხილავდით სულის გ. შპეტისეულ განსაზღვრებას, ვახსენეთ გრძნობიერების მომენტი. სულის რაობაში, კერძოდ, მისი გრძნობადი და ზეგრძნობადი ბუნება. ეს მომენტი თავს იჩენს ენაშიც; რა წამს ჩამოყალიბდა, ენა თავის სტრუქტურაში შეიცავს გრძნობად შეფასებებს. ის გვევლინება როგორც ერთიანი მექანიზმი, ერთიანი ქმნილება, რომელშიც თავს იჩენს ადამიანი, როგორც ჩამოყალიბებული პიროვნება თავისი აზროვნებითა და გრძნობებით. ფსიქოლოგიაში ეს დებულება დ. რამიშვილთან იჩენს თავს: ,,ენობრივი მექანიზმის აუცილებელ მომენტებს წარმოადგენს აგრეთვე გეშტალტი, გეშტალტქვალიტეტი და საერთოდ გრძნობიერი ღირებულებების ქვალიტეტები, რომლებიც განსაზღვრულ ასპექტში ერთიანდებიან ერთ კლასში. საერთოდ დამოკიდებულებები, რომლებიც არ არის მოცემული ცნობიერებაში და ამასთანავე წარმართავენ მის კანონზომიერ სიტყვიერ გამოყენებას და საზოგადოდ ენობრივი პროცესი, და მასთან ერთად მთელი მისი ცნობიერება აუცილებლად პროეცირდება გრძნობიერი შინაარსის მოვლენებში, და კერძოდ, მის გეშტალტურ ქვალიტეტში, რომელიც დაკავშირებულია ემოციონალურ პროცესთან, რომელიც თავის მხრივ ჩნდება სუბიექტში ამ მოვლენის აღქმისას” (რამიშვილი 1984: 169).

ენა არ ჩნდება თანდათანობით იმ აზრით, რომ ჯერ ჩნდება ერთი სიტყვა, შემდეგ მეორე; ჯერ არსებითი სახელი და შემდეგ მეტყველების სხვა ნაწილები. ენა ერთიანი წარმონაქმნია, რომელიც თანდათანობით იხვეწება და მდიდრდება. მაგრამ მისი სტრუქტურა იმთავითვე ჩამოყალიბებულია. ,,ადამიანი ადამიანია მხოლოდ ენის წყალობით და იმისათვის, რომ შექმნას ენა, ის უკვე უნდა იყოს ადამიანი. როდესაც ვარაუდობენ, რომ ეს პროცესი მიმდინარეობს თანდათანობით, თანმიმდევრობით და თითქოსდა რაღაც რიგით, რომ მიღებული ენის თითოეულ ახალ ნაწილთან ერთად ადამიანი სულ უფრო ხდება ადამიანი და ამ გზით სრულყოფილების შედეგად ახერხებს მოიგონოს ენის ახალი ელემენტები, არ ითვალისწინებენ ადამიანის ცნობიერების, ადამიანის ენის განუყოფადობას, არ ესმით გონების მოქმედების ბუნება…” (უზნაძე 1940: 314).

ამრიგად, ენა არის ის, რაც განუყოფელია ადამიანისაგან, რაც მას ადამიანად ხდის. მაგრამ ამასთან არა ერთეულ განკერძოებულ ადამიანად, არამედ რაღაც კოლექტივის, ადამიანთა განსაზღვრული ჯგუფის – ტომის, ერის… წევრად. ხალხის სული, ადამიანთა ამ განსაზღვრული ერთობლიობის შემქმნელი და მასულდგმულებელი, გვევლინება როგორც მისი ენა.

ენა შეიქმნა, გაჩნდა ადამიანთა ერთობლივ ცხოვრებაზე ობიექტური სინამდვილის, სოციალური გარემოს ზემოქმედების პირობებში, როგორც ამ გარემოს ასახვა და ამ ასახვის ადგილი არის ინდივიდუალური ცნობიერება.

მაშასადამე, ენა წარმოადგენს წარმონაქმნს, რომელიც ახდენს სოციალური გამოცდილების ფიქსირებას. ხალხის სული აძლევს ადამიანებს, როგორც უნიკალურ არსებებს, უნარს შექმნას ხარისხობრივად ახალი სფერო, ისეთი წარმონაქმნი, როგორიცაა ენა, რომელიც ასახავს ყველა ძირითად მოვლენას ობიექტურ სამყაროში, მთელ სოციალურ გამოცდილებას. ასეთი ასახვა ხდება არა მარტო ენაში, არამედ კულტურაში, რომელიც როგორც მთლიანობა წარმოადგენს მაინც მეორად ქმნილებას, თუმცა აქტიურად უკუმოქმედებს ენაზეც და ადამიანთა ცნობიერებაზეც, ეროვნული ენა, ეროვნული ხასიათი, ეროვნული კულტურა წარმოადგენენ ერთმანეთისაგან მოუწყვეტელ ურთიერთგანპირობებულ მოვლენებს. ამდენად, ეროვნული სული გვევლინება როგორც ერის უნიკალური ბედი, თავისებური ინდივიდუალური ურთიერთობების გამოცდილება, ტრადიციები, ობიექტური სამყაროსადმი თავისთავადი მიდგომა, რაც ხორციელდება ენის საფუძველზე, ეროვნული ენის პირობებში, მისი უშუალო ზემოქმედების შედეგად. ამდენად ეროვნული სული შეიძლება წარმოვიდგინოთ როგორც ხატოვანი სახელი იმის აღსანიშნავად, რაც აყალიბებს ერს მოცემულ ერად, აძლევს მას უნიკალურობას, თავისთავადობას, აყალიბებს მის იდეალებს, ღირებულებებს, მისიას, ე. ი. ერთგვარად აპირობებს მის მომავალს, უზრუნველყოფს მოცემული ერის როგორც ერის მომავალს.

და, ბოლოს, ენას როგორც ერის ჩამოყალიბების პირობას, მის განუყოფელ მხარეს, უნდა გააჩნდეს ფუნქციაც. ენა როგორც ენა თავს იჩენს მეტყველებაში, ის გვევლინება როგორც ინფორმაციის გადაცემის საშუალება და ადამიანთა ურთიერთობის საშუალება. მაგრამ მარტო ამით ენის ფუნქციების შემოსაზღვრა არ იქნებოდა სწორი. სამართლიანია ვაისგერბერის ცნობილი მოსაზრება, რომ თუ ენის დანიშნულებას შემოვსაზღვრავთ მხოლოდ და მხოლოდ ურთიერთობის საშუალებით, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ ჭიანჭველებს, ფუტკრებს, ფრინველთა გუნდებს და სხვებს გააჩნიათ ენა, რაც, რასაკვირველია, ასე არ არის, თუმცა სიტყვას ,,ურთიერთობა” აქ პირობითად თუ ვიხმართ.

ენას აქვს სოციალური ბუნება. ის ადამიანთა ერთობლივი ქმედებით, ერთობლივი ცხოვრების პირობებში გაჩნდა და გახდა ადამიანის ადამიანად ჩამოყალიბების პირობაც და შედეგიც. ადამიანი წარმოუდგენელია მისი ენის გარეშე. გაჩნდა რა ადამიანთა ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, ადამიანთა ჯგუფში და გახდა რა ერთგვარად ობიექტური სამყაროს ასახვისა და განსხვისების, გაუცხოების საშუალება, ენამ ადამიანს მოუტანა თავისუფლება, დამოუკიდებლად არსებობის ძალა. ენის მეშვეობით ინდივიდუალურ ცნობიერებაში ხდება სამყაროს ასახვა; ენა და მისგან მოუწყვეტელი აზროვნება უზრუნველყოფენ ადამიანის ინდივიდუალურობას, თავისუფლებას ანიჭებენ მას. და შემდგომში, მხოლოდ იმის შემდეგ, რაც გაუჩნდა ენა, როგორც თავისუფალი პიროვნება, როგორც ინდივიდუალური სუბიექტი, ადამიანი ხდება ინფორმაციის გადაცემის შემქმნელი, ურთიერთობის დამყარების უნარის მქონე მასავით გონიერ, ცნობიერების მქონე ინდივიდუალურ სუბიექტებთან.

აქედან გამომდინარე, ენა გვევლინება ხალხთა ურთიერთობის საშუალებად. არა იმიტომ რომ ის ყველაზე მოსახერხებელი იარაღია ამისთვის, რის გამოც შეიქმნა კიდეც, არამედ ის ფუნქციას ასრულებს, რამდენადაც წარმოადგენს ადამიანის ადამიანურობის, პიროვნულობის საზომს, აძლევს მას საშუალებას გაიუცხოოს სამყარო, გაითავისუფლოს თავი მისი მუდმივი უშუალო ზეგავლენისაგან და მხოლოდ ამის შემდეგ ადამიანი შედის კონტაქტში სხვა ადამიანებთან თავისუფალი გონიერი შეთანხმების საფუძველზე. ენა ყველაზე მოსახერხებელია ამისთვის, იმიტომ რომ ის ყველაზე ადეკვატურად გამოხატავს ადამიანის ადამიანურობას: მისი საშუალებით მოხდა სოციალური გამოცდილების რეპრეზენტაცია ცნობიერებაში და სრულიად გასაგებია, რომ ყველა ენის, როგორც ერთი ობიექტური სამყაროს ამსახველს, ერთი და იგივე არსების – ადამიანის ცნობიერებაში აქვს საერთო; ეს არის ლოგიკურობა. ,,თითოეული ენა – წერს დ. რამიშვილი – ხასიათდება თავისი მიდგომით, თავისი სოციალური გამოცდილებით. ლოგიკური თითოეულ ენაში არის ის, რაც მას საერთო აქვს სხვა ენებთან, რაც ,,რჩება იგივე” ყველა სხვა ენაში. თითოეული ენობრივი კოლექტივის სპეციფიკური გამოცდილება ქმნის თანმყოლ პერიფერიულ გარემოცვას ლოგიკური მნიშვნელობის ირგვლივ, გარემოცვის, რომელიც მოდის ამ კოლექტივების სოციალურ-ისტორიულ სიტუაციებიდან” (რამიშვილი 1984: 57).

ამრიგად, ენა გვევლინება როგორც ერის დამახასიათებელი უმნიშვნელოვანესი ნიშანი, რომელიც არა მარტო წარმოადგენს სხვა ნიშნებთან ერთად მისი როგორც ერის წარმოქმნის საფუძველს, არამედ შემდგომშიც მისი განვითარების აუცილებელი პირობაა. ენის განვითარება მოუწყვეტელია ერის განვითარებისაგან, მისი სიკვდილი ერის სიკვდილს ნიშნავს, რამდენადაც ენის გაქრობით იფიტება და იკარგება ეროვნული სული, რომელიც მასაზრდოებელი და სიცოცხლისმიმცემია არა მარტო ეროვნული ენისა, არამედ ეროვნული კულტურისათვის, ეროვნული ხასიათისა და ეროვნული ფსიქიკისათვის. სწორედ ამიტომ თითოეული ადამიანი პასუხისმგებელია თავისი ერის წინაშე და სანამ მისი ერის სული ცოცხალია, ცოცხალია ისიც.

ლიტერატურა:

ნათაძე 1984: ნათაძე ნ. ერი და ეროვნული კულტურა. თბ., 1984.

რამიშვილი 1984: Рамишвили Г. Вильгельм фон Гумбольдт – основоположник теоретического языкознания//Вильгельм фон Гумболбдт. Избр. Труды по языкознанию. М., 1984.

რამიშვილი 1980: რამიშვილი დ. ენობრივი პროცესების ფსიქოლოგიური მექანიზმი და შემეცნების თეორია. თბ., 1980.

უზნაძე 1940: უზნაძე დ. ზოგადი ფსიქოლოგია. თბ., 1940.

შპეტი 1927: Шпет Г. Введение в этническую психологию. М., 1927.

ჰუმბოლდტი 1984: Гумбольдт Вильгельм фон. Избранные труды по языкознанию. М.,1984.

ჭავჭავაძე 1984: Чавчавадзе Н. З. Культура и ценности. Тб., 1984.

Tamar Berekashvili

National Language, National Culture, National Spirit

The question of the interrelationship between nation and language is rather old, thought not completely studied. In our country the investigation of the problem was carried out according to the for ever given scheme without objective approach, which caused special effect nowadays, when the many regions of the country suffer from the strained situation.

Language is the inseparable sign of nation like the national culture and national mentality. National character reveals the national spirit. For all that, it is of primary importance, but not in the sense that it had been formed before the thinking or the culture or independently from them, but in the sense that without it, without reflection, fixation, revealing in it objective development it would be meaningless to speak about thought and culture.

As far as the national language is the most important manifestation of the human spirit, the viability of those who speak these languages, display fortitude of viability of their languages. The language of a nation, and consequently, the people themselves are richer and possess vital capacity the fuller they express the public values and their fate and how they are intertwined in the fate and the progress of the mankind.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s