თამარ ბერეკაშვილი _ ზოგიერთი თანამედროვე პოლიტიკური მეტაფორის შესახებ


თუ ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის 70-80-იან წლებში პოლიტიკური და სოციალური ცვლილებები შედარებით ნელა და შეუმჩნევლად მიმდინარეობდა, უკვე 90-იან წლებში მსოფლიო თავბრუდამხვევი ტრანსფორმაციების მოწმე და მონაწილე გახდა. ეს ცვლილებები, უპირველეს ყოვლისა, წარმოჩნდა ენაში და იმ პარადიგმებსა თუ მეტაფორებში, რომლებიც გავრცელდა და საყოველთაო ხასიათი მიიღო.

ჩვენს წერილში ვისაუბრებთ ისეთ ენობრივ და, საზოგადოდ, კულტურულ მოვლენაზე, როგორიცაა მეტაფორა.

მეტაფორა წარმოადგენს დასახელების გადატანას ერთი ობიექტიდან (საგნიდან, პიროვნებიდან, მოვლენიდან) მეორე ობიექტზე (საგანზე, პიროვნებაზე, მოვლენაზე), რომელიც, გარკვეული გაგებით, მისი მსგავსია. ამავე დროს, რიგ შემთხვევებში მეტაფორა აზროვნების მზა შტამპად იქცევა, მაგრამ ესთეტიკურად მიმზიდველ შტამპად. ერთგვარი აზრით, ეს მხატვრულად წარმოდგენილი სტერეოტიპიცაა.

არისტოტელე მეტაფორას, ამ „უჩვეულო“ და „გადატანითი მნიშვნელობის“ მქონე სიტყვას (ან სახელს), როგორც მრავალ ნაშრომში განბნეული მსჯელობა მოწმობს, ძირითადად, მაინც ნეგატიურად აფასებდა. მისი შედარებით დადებითი დამოკიდებულება მხოლოდ ერთგან – „პოეტიკაში“ – ვლინდება: გადატანითი მნიშვნელობით სიტყვათა გამოყენების ცოდნა ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, ,,რადგან ამ უნარის ოდენ სხვისგან გადმოღება შეუძლებელია, ეს ნიჭიერების ნიშან-თვისებაა – მართლაც, მსგავსების შემჩნევის უნარი კარგად ,,გადატანისათვის” აუცილებელია.

არისტოტელესთან მეტაფორული მტკიცება-უარყოფა ერთდროულად ხდება, ხოლო სიტყვა ,,თითქოს” სწორედ ამ ,,თან არის და თან არც არის” ფუნქციის მატარებელია.

მეტაფორის რაობის გააზრებისას სიძნელეს ან გაურკვევლობას სიტყვა „მსგავსების“ არაცალსახა მნიშვნელობა წარმოშობს. მართლაც, რას გულისხმობს ან მოიცავს მსგავსება – ანალოგიას, შედარებას, მსგავსების ან იგივეობს მიგნებას თუ იკონურობას? მეტაფორის თეორიაში ამ საკითხის კვლევას ერთ-ერთი ცენტრალური ადგილი უკავია, მაგრამ წინამდებარე სტატიის მიზანს ეს ნამდვილად არ წარმოადგენს.

ასე თუ ისე, „პოეტიკის“ დასკვნით ნაწილში არისტოტელე პროპორციასთან თუ ლოგიკასთან ყოველგვარი კავშირის გარეშე ამტკიცებს, რომ „ყველაზე მნიშვნელოვანია – იყო გაწაფული მეტაფორებში. მაგრამ ამის გადაღება სხვისგან შეუძლებელია: ეს ნიჭის ნიშანია, იმიტომ რომ კარგი მეტაფორების შექმნა მსგავსების შენიშვნის ტოლფასია“.

პოლ რიკიორის თქმით, მეტაფორა – ეს სემანტიკურად გაფორმებული განსხვავებაა გამოხატვის წინა, პირდაპირ მნიშვნელობასა და ახალ, პროექტირებად მეტაფორულ მნიშვნელობას შორის. „ძირითად პროტესტს იწვევს მდგრადი კავშირი მსგავსებასა და შენაცვლებას შორის მეტაფორის ისტორიის შესწავლისას“.

ზოგიერთის აზრით, მეტაფორა – შეკვეცილი შედარებაა. ა. ვეჟბიცკას შეხედულებით, ეს ნიშნავს იმას, რომ არ არსებობს სემანტიკური განსხვავება მეტაფორასა და შედარებას შორის, ამგვარი შეხედულება კი უმართებულოა. ვეჟბიცკას მიხედვით, მეტაფორა და შედარება განსხვავდება სიღრმისეული სტრუქტურებით.

მეტაფორას რამდენიმე მნიშვნელობა აქვს, მაგალითად, შემეცნებითი, ესთეტიკური და სხვა, მაგრამ პოლიტიკურ კონტექსტში ძალზე მნიშვნელოვანია მისი მანიპულირების უნარი, რომელსაც ის იძენს დომინირებად დისკურსში. ამგვარად, პოლიტიკურ სფეროში მეტაფორა გვევლინება როგორც წარმოდგენების ფორმირების საშუალება მას შეფასებითი ფუნქციაც აქვს.

მეტაფორა შეიძლება იყოს ენობრივი და მხატვრული. გამოყოფენ აგრეთვე რიტორიკულ მეტაფორებს. ესენია: მხატვრული შტამპები, კლიშეები, რომელთა განეიტრალება ხდება ენაში. სინამდვილეში ეს იგივე ენობრივი მეტაფორებია, რომლებიც ჯერ კიდევ არ არის გაყინული. სწორედ ასეთი მეტაფორებია განსაკუთრებით დამახასიათებელი პოლიტიკური სფეროსთვის.

ნ. დ. არუთინოვას თანახმად, მეტაფორები განსხვავდება ექსპრესიულ- შეფასებითი ფუნქციის, ანუ ზემოქმედების ხარისხისა და გადაცემის უნარის მიხედვით.

არსებობს მეტაფორის ნომინანტური, ხატოვანი, საბაზისო და ა.შ. მოდელები.

ნომინანტურია მეტაფორა, როდესაც მისი მეშვეობით ხდება ერთი კლასის ობიექტთა აღმნიშვნელი სიტყვის გამოყენება მეორე კლასის ობიექტთა მიმართ. ის თავისი ბუნებით კონცეპტუალურია, ტაქსონომიური (მაგალითად, მაიმუნი, ვირი, ბულდოზერი, წურბელა – ადამიანზე.)

ხატოვანი მეტაფორა ქმნის დინამიურ, მთლიან ხატს. მის საფუძველშია კატეგორიალური შენაცვლება (მაგალითად, „ჩვენი რეფორმები შეუქცევადია“, ან „კომუნიზმის მზე ჩაესვენა“).

საბაზისო მოდელი, რომელიც ე. მაკკორმაკს ეკუთვნის, მთელი გამონათქვამის საფუძველში ძევს, ანუ ეს არის გლობალური მეტაფორა, რომელსაც მთელი ტექსტი ექვემდებარება და თავად ეს ტექსტი შეიძლება იქცეს ამ მეტაფორად. (მაგალიად, ,,გადავაგდოთ შევარდნაძე პოლიტიკურ სანაგვეზე“).

წარმოდგენილ წერილში ჩვენ განვიხილავთ რამდენიმე მეტაფორას, რომლებიც დომინირებდა ან დომინირებს ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში ბოლო ათი წლის განმავლობაში.

პირველი მათგანია: „ჩვენ ობოლი ერი ვართ”. ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ ეს ხატოვანი მეტაფორაა. ამ ხატოვანების შემქმნელი სიტყვა ,,ობოლი” აქ გამოდის ისეთი სიტყვის ზედსართავად, რომლისთვისაც ის თითქოსდა არ არის ადეკვატური – „ერი“.

თუ გავიხსენებთ იმ დროს, როდესაც ეს გამონათქვამი ჩამოყალიბდა (მისი ავტორია ე. შევარდნაძე), გასაგები ხდება მისი შინაარსი. ეს ის დროა, როდესაც საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ საქართველომ მოიპოვა დამოუკიდებლობა, მაგრამ აღმოჩნდა სრულიად დაუცველი იმ რეალობის წინაშე, რომელიც მეორე დღესვე დაატყდა თავს – ტერიტორიების დაკარგვა, ეკონომიკის დეგრადაცია, სოციალური კრიზისი, სამოქალაქო ომი, სიღარიბე, დევნილები და ა. შ. ამ ვითარებაში პოლიტიკური და სოციალური ვითარება მეტად არამყარი და საშიში იყო. მოსალოდნელი იყო ხალხის აღშფოთება, მტრულად განწყობილი მეზობლების მხრიდან შევიწროება და თავდასხმაც კი. აუცილებელი იყო ერთგვარი თვითშეგნება, მოთმინება, შინაგანი პოტენციალის ამოქმედება მშვიდობის შესანარჩუნებლად. ბევრი ადამიანი ასეთ პირობებში შეიძლება ნებისმიერ პროვოკაციას წამოგებოდა იმ იმედით, რომ მეგობრობის ეგიდით სოციალურ და ეკონომიკურ ხსნას შესთავაზებდნენ.

სწორედ ამ დროს შექმნილი ეს მეტაფორა ქმნიდა ხატს ისეთი ერისა, რომელსაც არა აქვს სითამამის, მეტისმეტი თვითგამოხატვის, აქტიურობის, პრეტენზიულობის უფლება. ის, რაც შეიძლება წყნარად, მშვიდად და, რაც მთავარია, მორჩილად უნდა შეგუებოდა ვითარებას, მოეცადა და მოეთმინა. როდემდე? სიტყვა ,,ობოლი“ ამ ვადას უსასრულოს ხდის.

თუ რეალისტურად ვიმსჯელებთ, ყველა ერი ობოლია. განა ვინ ჰყავს „მშობლად“ რუსეთს ან თუნდაც შეერთებულ შტატებს? მაგრამ რუსეთიც და შეერთებული შტატებიც დიდი ერებია, ძლიერი და მდიდარი. პატარაა სომხეთი, მაგრამ არსებობს სომხების დიდი დიასპორა სხვადასხვა ქვეყანაში, ამიტომ მათ, სომხებს, აქვთ იმედისა და ერთგვარი ინიციატივის, აქტიურობის უფლება, ქართველებს კი – არა.

ამ „ობოლს“ კვალდაკვალ – ასოციაციურად და რეალურადაც – თან ახლდა „ქვრივ-ობლობა“, უპატრონობა და უპასუხისმგებლობა, სიმწირე და სიღარიბე. და, ბოლოს, სიწყნარე, სიმშვიდე, დუმილი, შეგუება იმ უბედურებებთან, რომლებიც სავსებით ბუნებრივია, როცა უპატრონო და ობოლი ხარ. ამ ფონზე ძარცვაც, კორუფციაც, მოხვეჭაც და ტყუილიც გამართლებულია – ობოლმა უნდა მოახერხოს გადარჩენა, თავის შენახვა, ამიტომ მას ყველაფერი ეპატიება.

მეორე მეტაფორა, რომელიც უეჭველად ყურადღებას იმსახურებს, ეს არის ,,კომუნიზმის კრახი”. აღსანიშნავია, რომ ეს მეტაფორა არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში ფუნქციონირებს. უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ კომუნიზმი იმ აზრით, რა აზრითაც ის შემოიტანა მარქსმა, მსოფლიოში არც არსებობდა. არსებობდა მარქსიზმისგან ნასესხები სახეშეცვლილი იდეოლოგია, ამიტომ თავად კომუნიზმი უკვე მეტონიმიაა და ნიშნავდა არა კომუნიზმს როგორც ასეთს, არამედ უფრო იმ ავტორთა მსოფლმხედველობას, რომლებმაც საბჭოური იდეოლოგია ჩამოაყალიბეს.

კრახი გულისხმობს იდეურ კრახს, პოლიტიკურ კრახს, რაც სინამდვილეში არ მომხდარა. ნებისმიერი მიდგომა, რომელიც ცდილობდა აეხსნა ამ კრახის შემდგომი მოვლენები, სწორედ რომ მარქსისტულლენინისტური თეორიიდან ამოდიოდა. აბა სხვანაირად რით შეიძლება აიხსნას ყველა ის მცდელობა, რითაც ცდილობდნენ განემარტათ დამოუკიდებლობის შემდგომი ძარცვა, ქონების უხეში და ძალისმიერი მიტაცება. ყოველივეს ამართლებდნენ ეგ. წ. პრიმიტიული კაპიტალიზმით, ,,ველური კაპიტალიზმით”, რომელიც, მარქსის მიხედვით, კაპიტალიზმის საწყის ფაზას წარმოადგენს. პრივატიზაცია მიიჩნეოდა ძირითად ღონისძიებად, რაც მექანიკურად საბაზრო ეკონომიკასა და დემოკრატიას დაამკვიდრებს. ყოველივე, რაც მართლაც ,,ვულგარულ მატერიალიზმს წარმოადგენს“ ,,კომუნიზმის კრახს“ ლიტონ სიტყვებად აქცევდა. ამავე მოგონილი მეტაფორების რიგშია ისეთი გამოთქმები, როგორიცაა ,,გარდამავალი პერიოდი“, ,,ახალგაზრდა დემოკრატია“, ,,წითელი ინტელიგენცია“.

მეორე მხრივ, არისტოტელეს კვალდაკვალ შეიძლება ვამტკიცოთ, რომ მეტაფორული გამონათქვამი „კომუნიზმის კრახი“ ერთდროულად მცდარიცაა და სამართლიანიც. როგორც დავინახეთ, ამ გამონათქვამის ორივე კომპონენტი მოჩვენებითია, აშკარად არარსებული, მაგრამ, ამასთან, ის კრძალავს ერთ დროს ეგზომ მოარული სიტყვის, „კომუნიზმის“ პოზიტიურ ხსენებას და მის სასარგებლოდ ნებისმიერ მსჯელობას იმთავითვე სიცრუედ აქცევს.

შემდეგი ძალიან მნიშვნელოვანი მეტაფორა „ვარდების რევოლუციის“ მომდევნო პერიოდს მიეკუთვნება. „ვარდების რევოლუცია თავად მეტაფორაა, მაგრამ მან შექმნა ახალი პოლიტიკური მეტაფორა – პარადიგმა – „მატარებელი“. ,,მატარებელი“ ნომინანტური მეტაფორაა.

რევოლუცია თავისთავად მოითხოვდა მთელი დისკურსის შეცვლას და, პირველ რიგში, ისეთი ხატისა, როგორიცაა ,,ობოლი ერის ხატი”. საინტერესოა, რომ ამ ხატის შეცვლა უკვე წინა წლებში იგრძნობოდა. გავიხსენოთ ,,უცნობის” ,,ვაგონი მიჰქრის”, თუმცა ეს ვაგონი მექანიკურად მიჰქროდა. ამ ვაგონში ნებსით თუ უნებლიედ ყველა იჯდა. რევოლუციამ შეცვალა მეტაფორა – მატარებელი. ახლა ეს მატარებელი, რომელიც ნათელი და ბედნიერი მომავლისკენ მიექანება, არ არის ყველა ადამიანის მატარებელი. მასში უნდა მოასწრო ჩაჯდომა. და მარტო მოსწრებაც არ არის საკმარისი, მასში მოსახვედრად განსაზღვრული მხედველობაა საჭირო, გარკვეული ადამიანების, როგორიც ამ მატარებლის ლოკომოტივის, მხარდაჭერაა აუცილებელი. ამასთან, თუ ოდნავ მაინც შეგეცვალა ხედვა და მატარებლის სწორ მიმართულებაში ეჭვი შეიტანე, ნებისმიერ მომენტში შეიძლება ჩამოგსვან.

მატარებელი არ ჩერდება. ის წინ მიდის ისე, რომ სულაც არ ენაღვლება ისინი, ვინც ბაქანზე დარჩა ან დააგვიანდა. მეტიც, ვინც ამ მატარებელში შესაღწევად არ ისწრაფვის ანუ არ აღიარებს პროგრესის ამ ერთადერთ საშუალებას, „ჩარეცხვის“ ღირსია, რამდენადაც მათ ბრალდება ყველა უბედურება, რაც აქამდე მომხდარა.

მატარებელში, ბუნებრივია, ხვდებიან ადამიანები, რომლებიც ახლისკენ მიისწრაფვიან, რომელთაც ნაკლები აქვთ დასატოვებელი, რომლებიც მზად არიან ყველაფერი შეცვალონ და ახალი, აუთვისებელი სინამდვილე იხილონ. ასეთები კი, ძირითადად, ახალგაზრდები არიან.

მეორე მხრივ, ის მიზანი, საითკენაც ეს მატარებელი მიჰქრის, ცნობილია. ეს არის დასავლური სამყარო, დასავლური რეჟიმი, ლიბერალური დემოკრატია. ამიტომ ამ მატარებელში მოხვედრილი ,,ახალი საზოგადოება“, ერთგვარად, მზად უნდა იყოს ამ ახალ სამყაროში საცხოვრებლად, ის უნდა ფლობდეს მის ენას და მისი ცხოვრების წესებს, უნდა ახლებურად იყოს განათლებული.

და, ბოლოს, ვიდრე მიზანს მივაღწევდეთ, ჩვენ ერთ შეზღუდულ, რკინით შემოსაზღვრულ სივრცეში ვიმყოფებით, სადაც აუცილებელია გარკვეული წესრიგის დაცვა და მკაცრი კონტროლი, აუცილებელია ,,მტკიცე ხელი“ სამართავად და სისტემატური წმენდა, რათა სუსტი, მოუმზადებელი, შემთხვევით მოხვედრილი არ დარჩეს.

საინტერესოა ისიც, რომ თუმცა მატარებელი მიდის, მასში მოხვედრა მაინც შეიძლება – თითქოსდა ის ღირსეულებისთვის ბრუნდება ხოლმე და გზაში ჩამოგდებულ უღირს მგზავრებს ახალი წევრებით ცვლის.

აღსანიშნავია, რომ ,,მატარებელთან“ დაკავშირებული სხვა ატრიბუტებიც სახეზეა, კერძოდ, ყოველივეს ,,პირველად“ ქმნა. ,,პირველად აშენდა“, ,,პირველად მოხდა“, ,,პირველად მივიღეთ“, და, აგრეთვე, ,,საუკეთესო“, ,,დიდებული“, ,,მსოფლიოში სამაგალითო“ მოვლენები. გარდა ამისა, რადგანაც მატარებელი ძველის მიტოვებას, უარყოფას განასახიერებს, ამიტომ ის, რაც ახალია და რაც მატარებელში მსხდომებს ეხებათ, სხვა, უფრო მაღალი, „აბსოლუტური“ ანუ სრულყოფილი, ძველისგან განწმენდილი მოცემულობაა. სიტყვა „აბსოლუტური“ საყოველთაოდ სახმარ ზედსართავად იქცა.

მოყვანილი მაგალითებიდან ჩანს, რომ მეტაფორა ასრულებს კაუზალობის ფუნქციას, ასეც განსაზღვრავენ მას გ. კინგი, რ. კეოხანი და ს. ვერბა. თუმცა აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ ეს ასე ყოველთვის არ არის. თავად პრობლემას თეორიული ხასიათი აქვს: რამდენად არის შესაძლებელი, რომ მეტაფორამ შეცვალოს პოლიტიკა? და კიდევ, ხომ არ ხდება ისე, რომ ცვლილებები მეტაფორაში და პოლიტიკური ცვლილებები წარმოადგენს რაღაც სხვა, ,,უფრო ღრმა“ მიზეზის შედეგს? მაგალითად, ეკონომიკური პროგრესის ან სოციალური სტრატიფიკაციისას?

აქ არ შეიძლება არ გავიხსენოთ ეგ. წ. ორეტაპური კომუნიკაციის მოდელი (ო. კრილოვი), რომლის თანახმად, მასობრივი კომუნიკაციის საშუალებებიდან იდეები ვრცელდება ,,შეხედულების ლიდერებზე“ და შემდეგ, მათი მეშვეობით – აუდიტორიაზე. პოლიტიკურ სფეროში სიტუაციური ლიდერის როლს ასრულებენ პოლიტიკური ფიგურები. მეტაფორას შეუძლია პოლიტიკური პროცესის ახსნა და ამას ის ახერხებს თავისი ისეთი უნარის წყალობით, როგორიცაა სოციალური იდენტურობის სიგნალის მოცემა.

მეტაფორა დამახასიათებელია პოლიტიკური სფეროსთვის არა მარტო როგორც პრინციპული მიმართების ან რაღაც ქმედებების მხატვრული გაფორმება, არამედ ხშირია მეტაფორულად პოლიტიკოსების დახასიათებაც, მაგალითად, დაღლილი ვირი ან წურბელა.

საქართველოს პოლიტიკური დისკურსისთვის დამახასიათებელია სხეულებრივი და ნივთობრივი ნიშნები. მიმართება ამ ნიშნისადმი მნიშვნელოვანია პოლიტიკური ფიგურის ანალიზისთვის.

უნდა აღინიშნოს, რომ ნომინანტური მეტაფორა უფრო დამახასიათებელია ქართული პოლიტიკური სივრცისთვის, ვიდრე რუსული, ან ევროპული სინამდვილისთვის. ამით სრულებითაც არ გვსურს იმის თქმა, რომ იქ ასეთი მეტაფორები არ გვხვდება. ევროპასა და, ნაწილობრივ, რუსეთშიც, პოლიტიკური დისკურსი ჩამოყალიბებულია. როგორც მხარდამჭერ, ისე ოპოზიციურ შეფასებებს აქვთ თავისი ეთიკეტი, გაფორმების ნორმები, წინადადების ჩამოყალიბების სტანდარტები, ამიტომ ნაკლებსავარაუდოა, აქტიურ პოლიტიკაში მოქმედმა ადამიანმა ან თანამდებობის პირმა კოლეგას გველის წიწილი ან წურბელა უწოდოს.

ქართული აზროვნებისთვის, საზოგადოდ, დამახასიათებელია მეტაფორული ხატების შექმნა. ეს კარგად ჩანს თუნდაც ფერთა წარმოქმნის წესში. ქართულ ფერთა უდიდესი წილი მეტაფორულია – წაბლისფერი, ცისფერი, ნარინჯისფერი, ოქროსფერი, ნაცრისფერი, იისფერი, ხოხბისყელისფერი და სხვა. ასეთი ფერები ყველა ენაშია, მაგრამ – გაცილებით ნაკლებად, და ფერის საწარმოებლად სიტყვაწარმოქმნის სხვა წესებიც გამოიყენება, მაგალითად რამდენიმე სიტყვის გაერთიანება (серо-буро малиновый) ან ზედსართავების დამატება (bleu claire ; bleu foncé).

თუ დავუბრუნდებით პოლიტიკურ სფეროში გავრცელებულ დახასიათებას, აქაც თვალსაჩინოა იგივე წესი. მართალია, უხვად გვხვდება სხვადასხვა ეპითეტი, ხატოვანი დახასიათება, მაგრამ ხშირია მეტაფორის გამოყენება, უფრო ხშირია და სპეციფიკური, ვიდრე – სხვა ენობრივ სივრცეში. ამასთან, ამ მეტაფორებს, როგორც წესი, უარყოფითი და ირონიული დატვირთვა აქვთ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პრეზიდენტის დახასიათებისას უხეში მეტაფორული ნიშნები არ გვხვდება. მის მიმართ, ძირითადად, ჩვეულებრივ ზედსართავებს იყენებენ – ახალგაზრდა, ენერგიული, თამამი, მაღალი, მხიარული და სხვა.

თვით შალვა ნათელაშვილიც კი, რომელსაც ძალიან უყვარს მეტაფორა, ამჯობინებს ზედსართავი სახელი გამოიყენოს – გიჟი, უგუნური და ა.შ და იშვიათად თუ იყენებს მეტაფორულ შედარებას პრეზიდენტის მიმართ. მარტო ერთხელ შეადარა მან პრეზიდენტის ტრიბუნა ტუტანხამონის აკლდამას და ერთხელ ,,შადრევან პირველი” უწოდა.

სამაგიეროდ, ყველა სხვა პოლიტიკოსი მეტაფორებითაა შემკული: განათლების მესაფლავე, ბეღლის ვირთხა, ცხვრის ქურქში გახვეული მგელი, ფქვილის პრინცესა, ტუტსი, სოროსის ბარტყი, დახლიდარი, საზიზღარი მექანიზმის ჭანჭიკი, წურბელა, ჟვანიას კუდი, ქალბატონი ნისკარტიანი ყმაწვილების მუდმივი თანხლებით, ბლანჟეს ბედით დათუთქული, იმ დუქნის მინისტრი, რომლის დახლზეც გამოტანილია საქართველო, დაღლილი ვირი და სხვა.

მეტაფორა იცვლება და განსაკუთრებით იცვლება მისი გამოყენების სიხშირე. ნებისმიერი ბუნებრივი ენის სემანტიკა შეიცავს მრავალფეროვან მეტაფორულ მოდელებს. რაც შეეხება პოლიტიკას, ემპირიული კავშირი მეტაფორის ცვლილებასა და პოლიტიკურ ცვლილებებს შორის თითქოსდა არ მიანიშნებს, თუ რომელია ამ ორ ცვლილებას შორის კაუზალური, მაგრამ ზოგიერთი მეცნიერი, (რ. დ. ანდერსონი) მიიჩნევს, რომ მეტაფორული ცვლილება წინ უსწრებს პოლიტიკურ ცვლილებებს, რასაც ეწინააღმდეგება ჩვენს მიერ მოყვანილი მაგალითები და ანალიზი. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დასაშვებია და სავსებით შესაძლებელი, რომ მეტაფორული ცვლილება წინ უსწრებდეს პოლიტიკურს; რიგ შემთხვევებში მეტაფორული პარადიგმა საგანგებოდ შეიძლება შეიქმნას ,,შეხედულებათა ლიდერების“ მიერ მომავალ ცვლილებებზე საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად. ამის ბევრი მაგალითი არსებობს. მოვიყვანთ ერთ-ერთ მათგანს.

საბჭოთა ავტორიტარული რეჟიმის დროს ავტორიტარული დისკურსის მეტაფორებმა დაამკვიდრეს სოცილური იდენტიფიკაციის მოდელი, რომელიც ტიპიურია არადემოკრატიული ფორმის მმართველობისთვის. საბჭოთა ხელმძღვანელები თავისთავს და თავიანთ ქმედებებს აღწერდნენ როგორც მაღალს, დიადს, რაც გულისხმობდა იმას, რომ ისინი, ვინც მათზე დაბლაა, ვისაც ისინი ხელმძღვანელობენ, არიან მწირი და უმნიშვნელო. საგულისხმოა ამ მხრივ ფიდელ კასტროს სიტყვები: ,,თქვენ შეგიძლიათ იქონიოთ სხვა აზრი, მაგრამ მაშინ თქვენი ადგილი ციხეშია“.

ამით პარტიისადმი მიკუთვნებულობა დადებით სოციალურ იდენტურობას სძენდა ადამიანს, ყველა სხვა კი, თუნდაც უპარტიო, უარყოფითი იდენტურობის მატარებელი იყო, რამაც გამოიწვია უპარტიო მასების დისკრიმინაციის მოტივირება – ისინი ხომ დაბალ ფენას მიეკუთვნებიან! ამ დისკურსის შერბილება გამოიხატა ახალ მეტაფორაში -,,სოციალიზმი ადამიანური სახით“. როგორც კი შეწყდა მსგავსი სიგნალების გაგზავნა და შეიცვალა დისკურსი, შესაძლებელი გახდა კოლექტიური მონაწილეობა დიალოგში, რაც თანდათანობით ავტორიტარული ხელისუფლების შეცვლით დასრულდა.

ამგვარად, როგორც მეტაფორებს, ისე პოლიტიკას შეუძლიათ სისტემატიური ცვლილება. მეტაფორის ცვლილება ყოველთვის დაკავშირებულია პოლიტიკურ ცვლილებებთან, როგორიც არ უნდა იყოს მათი კაუზალობა.

თუ ერთმანეთს შევადარებთ მეტაფორებს, რომლებიც გამოიყენება ამა თუ იმ რეჟიმში და, მეორე მხრივ, ამ მეტაფორათა ავტორებს, სავსებით შეიძლება წარმოდგენა შევიქმნათ რეჟიმის ავტორიტარულობასა თუ დემოკრატიულობაზე.

ამ თვალსაზრისით, აშკარაა განსხვავება საქართველოს უკანასკნელი დროის პოლიტიკურ წყობებს შორისაც.

წინამდებარე ნაშრომი სრულებით არ ისახავდა მიზნად პოლიტიკურ ანალიზს. ჩვენ მხოლოდ ვცადეთ გაგვერკვია მეტაფორის თავისებურება, მისი მნიშვნელობა და როლი პოლიტიკურ სფეროში და, საკუთრივ, ქართულ პოლიტიკაში.

Concerning some modern metaphors

Tamara Berekashvili

The article – ,,Concerning some modern metaphors”- deals with the relationships between political changes and political metaphors, as well as with their peculiar, causal associations. Some political metaphors are brought for illustration and the conditions of their origin and existence are analyzed.

ლიტერატურა:

1. Арутюнова Н. Д. Метафора и Дискурс. В книге „Теория Метафоры“, „Прогресс“ 1990

2. Paul Ricoeur. La metaphore vive, Ed. du Seuil 1975 П. Рикёр, „Живая метафора“. В кн. „Теория метафоры“ М. ПРогресс 1990

3. Орлова Т. А. Политическое тело президента. В Журн. Критика и семиотика. Вып.3.4, стр.3.4,2004

4. Андерсон Р. Д. Каузальная Сила политической метафоры. Совтременная политическая лингвистика. Екатеринбург, 2006

5. Аристотель, „Никомахова этика“, 1131а 28.

6. Аристотель, „О душе“ VIII, 431b 30

7. Вежбицкая А. Сравнение-градация-метафора. В книге – теория метафоры, М. „Прогресс“, 1990

8. არისტოტელე, ,,პოეტიკა”, 1959. 5

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s