გია მურღულია _ ცა და მიწა ერთ კაცში


(რამდენიმე მოსაზრება რეზო ესაძის
სცენარის „nomen nescio“-ს შესახებ)

ადამიანი და მისი შემოქმედება განუყოფელია, უფრო სწორად – ეს ერთი და იგივე რამ არის. საკუთარ შემოქმედებას ტანსაცმელივით ვერ გამოიცვლის კაცი. ის პიროვნების სულის უღრმეს შრეებშია დაბადებული, საუკუნოდ აღბეჭდილი და არსებითად წარმოაჩენს ორ მომენტს: როგორ გამოხატავს კონკრეტული ინდივიდი საკუთარ თავს და რაგვარად გამოხატავს საკუთარ თავს ესა თუ ის დრო. „მე ვარ, რომელი ვარ“, – ეუბნება ღმერთი მოსეს. ის არის თავად არსებობა, ყოფნის მიზეზი და პრინციპი. ღმერთი ადამიანისთვის, უწინარეს ყოვლისა, შემოქმედია. მა- თეს სახარების მე-5 თავის 48-ე მუხლში კი წერია, რომ ყველა ადამიანის უმთავრესი მოწოდებაა ემსგავსოს ღმერთს. რაკი ღმერთი უპირველესად შემოქმედია, ადამიანი ყველაზე მეტად მაშინ ემსგავსება მას, როდესაც თავადაც ქმნის. და რაც უფრო ღირებულს ქმნის, მით მეტად ემსგავსება. ეს ყველაფერი იმასაც ნიშნავს, რომ ღმერთსმიმსგავსებულობის გამო შემოქმედი ადამიანი ციური ჰარმონიის ყველაზე მეტად შემგრძნობი და გამომხატველია. მას ადამიანების- თვის ღვთაებრივი ნათელი მოაქვს და, იმავდროულად, სხვებზე აღმატებულად შეიგრძნობს წუთისოფლის, დაკნინებული ადამიანური ბუნებისა თუ საზოგადოებრივი ცხოვრების სიბნელესაც, რის გამოც იტანჯება. ზოგჯერ ეს ტანჯვა მას მთელ სიცოცხლეს არაფრობად განაცდევინებს, რაც, საზოგადოდ, შემოქმედების პრინციპს უარყოფს და სწორედ ამ დროს ჩნდება გაორებულობა და მწვავე კონტრასტის, ყოფიერების წინააღმდეგობრიობის სინდრომი. იქნებ ამას გუ ლისხმობს გალაკტიონი, როდესაც წერს:

სინამდვილეს არ ვემდური,
არ ყოფილა თითქმის,
არყოფილზე საყვედური
არასოდეს ითქმის.

თუკი გალაკტიონისთვის სინამდვილე „არ ყოფილა თითქმის“, ანუ არ არსებულა ცხოვრების რეალობა, მაშ, რა რეალობას ეკუთვნოდა ეს „თავზარდამცემი გენიოსი“ (როგორც ერთგან ბლეზ პასკალი მოიხსენია შატობრიანმა)?

მან თავად მისავე სულში შექმნა საკუთარი სამყარო, საკუთარი რეალობა, რომელიც შემდგომ ძალუმად, მომნუსხველად, არცთუ იშვიათად -უცნაურად და ბევრისთვის გაუგებრად მჟღავნდებოდა უბრალო ადამიანურ ურთიერთობებში. გალაკტიონი „აქაც“ იყო, მაგრამ არც იყო „აქ“ – „მე ვხედავ სიზმრებს, არათქვენებურს“, – მიმართავდა ის ახლობლებსაც და შორებლებსაც. ის მეტისმეტად თვალსაჩინოდ გრძნობდა საკუთარ შემოქმედებითღირსებას და ბიბლიური ღმერთის წარმოთქმული სიტყვების მსგავსად იმეორებდა : „მე მიყვარს ის, რაც ვარ“. თუმცა ის, რაც გალაკტიონს უყვარდა, ლამის საყოველთაოდ აღიარებული იყო, მაინც ყველაფერამას დიდი იდუმალება ფარავდა და, რაოდენ გასაკვირიც უნდაიყოს – ყოფითი ჩვეულებრიობაც, თუ ყოფითი მიუღებლობა არა. ამის გამოვინმეს გალაკტიონი შესაძლოა ახირებულ გენიოსად მოენათლა, ან სულაც ეჭვი გამოეთქვა – ნუთუ ეს შესანიშნავი ლექსები ამ კაცის დაწერილიაო? შეაფასო გალაკტიონი და მისი ცხოვრება თუ შემოქმედება, იოლი არარის. მითუმეტეს ძნელია ამის მხატვრული გააზრება და გადაწყვეტა.,იმიტომ რომ ეს არის „რთული კაცის“ რთული ცხოვრება და გენიალური შემოქმედება.

ვნახოთ, როგორ გადაწყვიტა ეს ამოცანა რეზო ესაძემ.

ამ ამოცანის არსებითად წარმომჩენი კითხვა სცენარს ეპიგრაფად აქვს გამოტანილი:

„ჩემგვარი კაცი განა შეიძლება ვინმეს უყვარდეს?“

გალაკტიონის პოეზია იმდენად ღვთაებრივია, რომ ამ კაცის ცხოვრებას ადამიანური „შელამაზება“ არ სჭირდება – კაცური სისუსტეები ვერაფერს აკლებს შემოქმედებით მარადისობას. სცენარი ამ პრინციპის ერთგულების ნიმუშია, თუმცა უნდა ითქვას, რომ ყველას ეს არ მოეწონება – ჩვეულებრივ ადამიანურ ბუნებას ურჩევნია შემოქმედებასთან ერთად შემოქმედიც იდეალური იყოს. მაგრამ ცხოვრებაში ასე არ ხდება. და იბადება დიდი კონტრასტი რეალობასა და შემოქმედებას შორის – თითქოს შემქმნელი და შექმნილი ეუცხოებიან და, უბრალო ადამიანური აღქმიდან გამომდინარე, არ „უხდებიან“ ერთმანეთს. ერთი შეხედვით, არ შეიძლება ერთდროულად ეკუთვნოდე ზეცას და წვრილმანებს, „მაღალი და მაღლად მხედიც“ იყო და ისეთიც, მილიონები რომ დადიან დედამიწაზე. ან იქნებ, შეიძლება კიდეც?! ორჯერ ორი რომ ოთხია, ჩვეულებრიობაა თუ ღვთაებრივი იდეალურობის გამოვლინება? ორივე ერთად ხომ არა? ანდა ვინ ად გენს ამგვარ იერარქიას? განა ღმერთმა მხოლოდ ნაწილები შექმნა და მთელი არა? ძალიან ბევრი კითხვაა საიმისოდ, რომ რაღაც პასუხი მაინც არ მოვძებნოთ („რაღაც“ იმიტომ, რომ საბოლოო პასუხები უფრო ხშირად არ არსებობს).

ერთი შესაძლო პასუხი ასეთია: შემოქმედი არასდროს არის შექმნილზე „ნაკლები“ და, რაგინდარა სახით, თუნდაც „შემქმნელის უფლებით,“ ყოველთვის აღემატება მას. ამ აზრით, რუსთველი მეტია „ვეფხისტყაოსანზე“, გურამიშვილი – „დავითიანზე“ და ვაჟა-ფშაველა – „ალუდა ქეთელაურზე“. ასევე, გალაკტიონი მეტია იმაზე, რაც დაწერა და იმაზეც, რაც არ დაუწერია. უფრო მეტიც – გალაკტიონი აღემატება ნებისმიერ იერარქიასაც და ამ აზრს მისი ხასიათისა თუ ქცევის ვერანაირი უცნაურობა, ჩვეულებრიობა ან თუნდაც ბუნდოვანება ვერ აბათილებს.

ყველაფერ ამას ნათლად შევიგრძნობთ, მაგრამ კონტრასტი მაინც რჩება. ეს კონტრასტი თავად გალაკტიონშიც ჩანს და გარესამყაროსთან, საზოგადოებასთან, პოლიტიკურ რეჟიმთან თუ სხვა ადამიანთან მის მიმართებასა და დამოკიდებულებაშიც. ამ კონტრასტის არსებითი საფუძველი ის არის, რომ გალაკტიონში შეზავებულია ცა და მიწა; მისი გენია პოეზიაში თუ რაგინდარა ბრწყინვალებით წარმოჩინდება, ყოფითი წვრილმანების ან სულისშემხუთველი სინამდვილის არტახებით შეკრული არცთუ იშვიათად მართლაც უცნაურად, სასაცილოდ ან სულაც უმწეოდ გამოიყურება.

რეზო ესაძე არ ფარავს ამას. არც რეალურ და არც მისი სცენარის გალაკტიონს ამგვარი „შეღავათი“ არ სჭირდება. კონტრასტი, როგორც მხატვრული მიზანდასახულობა და ხერხიც, ხშირად არის გამოყენებული სცენარში.

კონტრასტი

პირველი მაგალითი

გალაკტიონის დაკრძალვისას „ტრიბუნა გაჭედილია გამოჩენილი ადამიანებით“. ისინი პათეტიკურად აფასებენ პოეტის ღვაწლს და პათეტიკურადვე ეთხოვებიან მას. სწორედ ამ დროს „კადრში გამოჩნდება გალაკტიონის ძირგახვრეტილი ფეხსაცმელი“ – პოეტთან ერთად ამ პათეტიკის დამკრძალავიც. ამ ადგილას მკითხველიც და მაყურებელიც დისკომფორტს იგრძნობს და სულში შეიშმუშნება, თითქოს საკუთარ სიმბოლურ ბრალეულობას განიცდის იმის გამო, რომ, ფაქტობრივად, არარსებულ სინამდვილესთან ერთად საზოგადოებამ გალაკტიონი შეურაცხმყოფელი სიკვდილი- თაც „დააჯილდოვა“ -ოღონდ საბოლოოდ შეურაცხყოფილი გალაკტიონი კი არა, საზოგადოება რჩება.

მეორე მაგალითი

მწერალთა კავშირში ვიღაც დაბეჯითებით ამტკიცებს, რომ გალაკტიონის ყველა წიგნი აბდაუბდაა, რომ „ზოგიერთი შედარებები და მეტაფორები თარგმანია ჩვეულებრივი რუსული სახეებისა“, რომ „აღმაშფოთებელია გალაკტიონ ტაბიძის საღამოები, სადაც ის თავის თავს პოეტების მეფედ აღიარებს“. ამგვარ შეფასებას თითქოს დარბაზიც ეთანხმება, საიდანაც ისმის ხმა: „გაირიცხოს მწერალთა კავშირის რიგებიდან!“ მოულოდნელად გალაკტიონი მიდის მასთან და ეკითხება: „ძამიკო, მაინც ხომ ვარ მე საქართველოშიყველაზე უკეთესი პოეტი“? და ციტატა სცენარიდან: „რა თქმა უნდა, ბატონო გალაკტიონ! -დაუყოვნებლივ პასუხობს მომხსენებელი და დაუფარავი აღტაცებით ხელებს შლის – ორი აზრი არ არის მაგაში“. მართლაც, არსებობს „კონიუნქტურული სამართალი“, რომელიც მხოლოდ ინდივიდისთვის ან კორპორაციისთვის არის ხელსაყრელი და მისაღები, თანაც – კონკრეტულ დროსა და ადგილას და, მეორე მხრივ – ღვთაებრივი სამართალი, რომელიც ყველასთვის თანაბრად არსებობს ყველგან და ყოველთვის. ეს ის არის, რუსთველი რომ „მართალ სამართალს“ უწოდებს. სწორედ ამგვარი სამართალი ათქმევინებს გზააბნეულ მედროვეს: „რა თქმა უნდა, ბატონო გალაკტიონ!“

მესამე მაგალითი

გალაკტიონის რეალურ სამყაროში, მის ოთახში, მის უჯრაში, პრაქტიკულად ყველგან დიდი არეულობაა, ქაოსია. ეს თვალსაჩინო კონტრასტს ქმნის გალაკტიონის პოეზიასთან. რადგან შემოქმედების შედეგი (სამყაროს შექმნიდან დაწყებული) ყოველთვის წესრიგია. თუმცა ეს წესრიგი ზოგჯერ შემოქმედებითი სიგიჟის ზღვარზე იბადება. სცენარში ეს კარგად ჩანს: „გალაკტიონის ფიგურა ხან სად გაიელვებს, ხან სად. ყოველ გაელვებაზე სივრცე იმუხტება მისი აღგზნებული მდგომარეობით. უცებ იგი ამთავრებს წერას და იწყებს დეკლამირებას: „ქარი დაცხრა სიბობოქრის, შავი ზღვიდან სიო მოჰქრის, მე გიცქერი, როგორც ოქროს, ჩამავალ მზეს, ჩამავალს…“ დეკლამირების დროს მას გიჟის გამოხედვა აქვს. მოწყვეტით ჯდება. მძიმედ სუნთქავს. ხელის კანკალით მაგიდიდან იღებს საწერ კალამს, უსინჯავს წვერს. მოარგებს. გამოცვლის. იღებს გაცრეცილ ფურცელს. როგორც მხატვარი ფუნჯს, ამუშავებს კალმის წვერს. მოარგებს. იღებს სამელნეებს: წითელი, ლურჯი, შავი მელანი.. იწყებს მათ გაზავებას, თითქოს საღებავებს ურევს ერთმანეთში, თან აგონიაში ბუტბუტებს: „წელიწადი,. ცენტრი ბელადები, ტელეგრაფები, ციფრები,. შეტაკება,.მარცხი სასტიკი,. მდიდარი ბურჟუაზია,. ზომბები,. გათიშვა, კივილი, უარყოფა.“ ეს ცნობიერების ალქიმია ბევრისთვის უცნობი, უცხო და გაუგებარია, ზოგჯერ – მიუღებელიც (იმიტომ რომ, განსხვავებულობა ადამიანთა დიდ ნაწილს არ მოსწონს), მაგრამ გალაკტიონი ეს ყველაფერიცაა.

მეოთხე მაგალითი

მთელ სცენარს გასდევს დაუსწრებელი დაპირისპირება ოლიასა და ნინას შორის, რომელთაგან პირველი გალაკტიონისთვის დაუჭკნობელი სიყვარული იყო, მეორე კი – უბრალოდ ცოლი. სცენარში მკაფიოდ არის ნაჩვენები, რომ ოლია თავისი ლამის დემონური ბუნებით გაცილებით მახლობელია გალაკტიონისთვის, ვიდრე ყოფითი პრობლემებით გაპოხილი ნინა. პირველი გალაკტიონის ცხოვრების ფრთები იყო, მეორე – მაკრატელი ამ ფრთებისთვის. პირველი მომხიბლავ და მაცდურ ბოჰემასა და რევოლუციურ დაუდგრომლობას განასახიერებდა, მეორე – მოსაწყენ წესიერებას. სცენარის რამდენიმე თავში ეს კონტრასტი, პრაქტიკულად, ყველა დეტალში ჩანს – მეტყველებაში, ჟესტში, რეაქციაში, ფიქრში.

მეხუთე მაგალითი

გალაკტიონი სცენარში ხშირად იმეორებს ერთსა და იმავე ფრაზას: „ვერ ვარ რაცხა კარგად“, რაც ფიზიკურზე მეტად მის სულიერ მდგომარეობას გამოხატავს – მის სრულ შეუთავსებლობასა და გამოკვეთილ კონტრასტს დროსთან, ყალბ ღირებულებებთან, რეჟიმსა და ხელოვნურად ორგანიზებულ საზოგადოებასთან. სწორედ ამის მაუწყებელია გალაკტიონის სიტყვები: „აქ ყველა მე მებრძვის“.

მეექვსე მაგალითი

კონტრასტი თვით გალაკტიონის სახეშიც გარკვევით მოჩანს. ამის გარეგნული გამოხატულება ის არის, რომ პოეტი უპირისპირდება მათაც, ვინც უყვარს და ვისაც თავად ის უყვართ. მას პრაქტიკულად ყველასთან კონფლიქტი აქვს. გალაკტიონი თითქოს საკუთარ არსებაშიც ეჩხუბება და თან იცავს პიროვნულ შემოქმედებით სიდიადეს. სრულიად ყოფითი მიზეზით ოლგა იურიევნასთვის ნათქვამ სიტყვებს – „Как вы смеете так со мной разговаривать“ – განზოგადებული მნიშვნელობა ენიჭება და მთლიანად ეპოქასა და საზოგადოებას მიემართება. ეს მომენტი ნათლად აჩვენებს, უსაზღვრო ბედნიერებასთან ერთად, რა უსაშველოდ დიდი პიროვნული გამოცდაა გენიალობის სულითა და გონებით ტარება.

ინტერჟამიერი კაცი

ყველაზე დიდი ადამიანური ტრაგედიები დროის დანაწევრებითა და გახლეჩით იწყება. თავისი ღვთიური არსებით დრო განუყოფელი და მთლიანია. ადამიანში ერთიანი უნდა იყოს დროის აღქმაცა და განცდაც. ის, ვინც დროის მთლიანობას კარგავს, საკუთარ მთლიანობასაც კარგავს დასამყაროსთან და ისტორიასთან ერთიანობის განცდასაც. მთლიანია მარადისობაც და ერთი წამიც („მე სიკვდილსა მოველოდი, შენ სიცოცხლე გამიწამე“, – ეუბნება ავთანდილი თინათინს, რომელმაც სიყვარული გაუმხილა – მთელი სიცოცხლე ამ ერთ უბედნიერეს წამად გადამიქციეო). უცნაურია, მაგრამ ქართული სიტყვა „წამი“ აბრევიატურად რომ წარმოვიდგინოთ (წ. ა. მ.), წ შეიძლება გამოხატავდეს წარსულს, ა – აწმყოს, ხოლო მ – მომავალს. სიმბოლურად (და ფაქტობრივადაც!) ერთმა წამმა შესაძლოა მთელი მარადისობა მოიცვას, მარადისობა კი ერთ წამში ჩაეტიოს. დიდი ადამიანები ერთ წამსაც იმდენადვე ეკუთვნიან, რამდენადაც მარადისობას.

რეზო ესაძის სცენარში თვალნათლივ ჩანს გალაკტიონის მეყვსეული „მოძრაობა დროში“. ეს სახე ახალგაზრდობისა და ხანდაზმულობის „ერ- თბამად მტვირთველი“ და მომცველია. ზოგჯერ სხვადასხვა დრო ერთმანეთში იჭრება, ადგილმონაცვლეობს ან სულაც ურთიერთს მსჭვალავს. ეს მხატვრული ტექნოლოგია სცენარში რამდენჯერმე არის გამოყენებული და პიროვნების „სუბსტანციური ერთობის“ ხატს ქმნის.

პოეზიის გამარჯვება რეალობაზე

სცენარში, ბუნებრივად და კანონზომიერად, პოეზია ლამის მოქმედ პირად ჩანს. ის ცოცხალია, მოვლენათა განვითარებაში არა უბრალოდ მონაწილეობს, არამედ ზოგჯერ წარმართავს და განმსაზღვრელ აზრსაც ანიჭებს მას. მაგალითად, როდესაც სცენარის ერთ თავს ეცნობი ( მატარებელი „თვალებგახელილი სიზმარი“ – ცხადი მისტერია), კითხვა გებადება -რაღა მაინცდამაინც ამ ადგილას კითხულობს გალაკტიონი „მთაწმინდის მთვარეს“? აქ მოკლე ფრაზები ნათლად გამოხატავენ გარკვეული დროის ვითარებასაც და განწყობასაც: „საქართველოში, სადაც ხე არ ყოფნით ჯვრის ასამართავად და ჯვრები ჯვარცმისთვის, ერთი ტრიბუნაღა დაგვრჩენია – სასაფლაო. ერთი თავისუფალი შესაკრები ადგილი“; „თავისუფლება დავკარგეთ“; „ეს მხოლოდ კოშმარის დასაწყისია“; „სადაა, სადაა, სადაა სიმართლე…“; „Бога нет! Нет ангелов! Никому не нужна церковь. поймите-же бог умер!“ აი, ამგვარი უიმედობის, ცინიზმისა და სულიერი კატასტროფის გამოხატულებას – რაც საქართველოში ბოლშევიზმის ძალადობასა და ღირებულებათა სრულ დეგრადაციას განასახიერებს – სინქრონულად ედება გალაკტიონის ხმა (პოეტი კითხულობს „მთაწმინდის მთვარეს“). ეს ხმა აღმატებულია იმ საშინელ ქაოსსა და უსამართლობაზე, რაც ამ დროს კადრში შეიძლება ჩანდეს. მთაწმინდა თავად სიმაღლეა. მთვარე მთაწმინდის თავზე – სიმაღლის სიმაღლეა, ხოლო გალაკტიონის ლექსში ეს ბუნებრივი აღმატებულობა და ჰარმონია ზეადამიანური შემოქმედებითი ძალისხმევით სამგზის სიმაღლედ გარდაიქმნება – და პოეზია ამარცხებს რეალობას, რადგან ტყვია და აგრესია იდეასთან უძლურია. ამ წუთას გალაკტიონის ხმა და „მთაწმინდის მთვარე“ პირველქმნილი მკაფიოობით გამოხატავენ ქართულ ღირსებას, საზოგადოდ – ადამიანის თავისუფლების იდეას და სიკეთის, მშვენიერებისა და ჰარმონიის გარდაუვალ გამარჯვებას უზნეო ძალმომრეობაზე.

შესაძლოა, ამავე იდეას გამოხატავდეს კიდევ ერთი ადგილი სცენარიდან: „გალაკტიონის წინ, მაგიდაზე, გარდიგარდმო გადახეული თუ დაჭმუჭნული ფურცლების გროვა ყრია. ამით შეშფოთებული გალაკტიონი ნახევების ერთმანეთთან მისადაგებას იწყებს.“ ცოტა ხნის შემდეგ „…ერთმანეთზე მორგებულ ფურცლების ნახევებს წებოს უსვამს და მიყოლებით ფანჯრის მინაზე აკრავს, რომლის იქით ხალხმრავალი ქუჩა და ტრანსპორტი ჩანს“. გალაკტიონის ლექსები ფარავს ილიასგან ნახსენებ „უსულდგმულო

ცხოვრებას“. ფანჯარა რჩება, მაგრამ გამოსახულება იცვლება – ერთ სამყაროს შლის და ასხვაფერებს მეორე, დაზიანებულ დროებას ენაცვლება უმწიკვლო მარადისობა პოეზიისა.

განწყობა

მხატვრულ ნაწარმოებში, ერთი შეხედვით, შესაძლოა ყველაფერი თავის ადგილზე იყოს (საინტერესო ფაბულა, გამოკვეთილი სახეები, პერსონაჟისან ლირიკული გმირის მოტივაცია, მოქმედებისა თუ ფიქრის დინამიზმიდა ა.შ.), მაგრამ თუ ერთი რამ არ არსებობს, მაშინ არც სხვა არაფერი არსებობს. ეს „ერთი რამ“ განწყობაა. განწყობა მხატვრული ქმნილების სულია – მის გარეშე ნამდვილი შემოქმედებითი სიცოცხლე თუ შეუძლებელი არა, ძნელად წარმოსადგენია. განწყობა ხილულის ან მოსმენილის მიმართ კეთილი, პოზიტიური დამოკიდებულებისა და მიმართების დაბადებაა;ამასთან ერთად კი – მხატვრული სიმართლის განცდა („მშვენიერება მხოლოდ სიმართლეშია“, – უილიამ შექსპირი). განწყობა ის არის, როდესაც ავტორს თავს უქნევ – „დიახ, ეს სწორედ ასეა!“

სცენარში ამგვარი განწყობა თავიდანვე ჩნდება და მკითხველს ბოლომდე არ ტოვებს. სიმართლე და ჰარმონია აქ ხელჩაკიდებულნი მოდიან. ზოგჯერ ამ „დუეტს“ დიდი შინაგანი ლირიზმიც ემატება, ოღონდ არა „და- შაქრული“, მომაბეზრებლად „ტკბილი“, არამედ „გემოვნებიანი“ ლირიზმი (ეს, საზოგადოდ, რეზო ესაძის კინოსა თუ პოეზიისთვის დამახასიათებელია).მაგალითისთვის შეიძლება ვახსენოთ სცენარის ის თავი, რომელსაც ჰქვია „გალაკტიონის დღიურიდან. ჭყვიში. დედასთან“ (მზის შუქის კოცნა და დედის წინაშე დანაშაულნარევი გრძნობით დგომა).

სახეები

სცენარის ტექსტი გაპოხილია აზრებითა და სახეებით. უფუნქციო, „უსაქმოდ“ და თავისთვის მოხეტიალე ფრაზებს აქ ვერ ნახავთ. ყველგან იგრძნობადიდი და ბევრი ფიქრი. ყოველ წინადადებას რაღაც მოაქვს. მეორე მხრივ, თავად ეს სცენარია პოეტურობის ნიმუში. ეს არ არის მხოლოდსცენარი პოეტსა თუ პოეზიაზე – ეს არის ტექსტი-პოეზია. ყოველფეხის ნაბიჯზე შეხვდებით აქ პოეტურ სახეებს – ზოგჯერ ძალიან უცნაურებსა და მოულოდნელებს. რამდენიმე მათგანს შევეხოთ:

უსახო, ერთმანეთის მსგავსი ნიღბები – ეს არის თითქოს მხოლოდ კომუნისტური გაერთმნიშვნელიანობის ხატი („ისინი მოქმედებენ, როგორც ყველა“). კოლექტივის გაფეტიშება და პიროვნების უგულებელყოფა ამ ხატის მთავარი მახასიათებელია. ეს ნიღბები „კონკრეტული სახეების მაგივრად“ არსებობენ – თითქოს ასეთი „მაგივრობა“ შესაძლებელი იყოს. თუმცა ამგვარი ნიღბები არ ახასიათებს ოდენ ყალბი კოლექტივიზმის საზოგადოებას -ისინი ნებისმიერი ეპოქისა და საზოგადოების თანამდევნი არიან. ესენი არიან „კოლექტიური პიროვნებები“, რომელთაც ცალ-ცალკე არანაირი ღირებულება და ძალმოსილება არა აქვთ, მაგრამ ერთად მყოფნი სასიკვდილო საფრთხეს უქმნიან ღირებულებების მსახურ ადამიანებს.გალაკტიონის დაკრძალვაზე ერთ-ერთი ამ ნიღბის მიერ წარმოთქმული(თავისთავად შესაძლოა მართებული!) სიტყვები კი არ ამკობენ, არამედ შეურაცხყოფას აყენებენ გარდაცვლილ პოეტს.

გალაკტიონის ხითხითი – ბევრგან გვხვდება და გამოხატავს ირონიას, თვითირონიასა და, რაც მთავარია – სხვებთან შედარებით, მეტის ცოდნასა თუ მიხვედრას.

სახე-სიტყვები -მშვენიერი ქართული სიტყვაა „ამხანაგი“, მაგრამ როდესაც ასე უკიდურესად არაკეთილმოსურნეებს მიმართავ, ის უკვე სახედ იქცევა („სიტყვის დასასრულს მე მინდა ვუთხრა ჩემს უსინდისო მტრებს- წყნარად! თქვენ არავითარი უფლება არა გაქვთ, დიახ, არა გაქვთ, მე ასე მელაპარაკოთ! მე მოვრჩი, ამხანაგებო“).

სახე-ფრაზები – ზოგჯერ სრულიად უბრალო, ჩვეულებრივი ფრაზა განზოგადების მაღალ ხარისხს აღწევს და სახედ იქცევა. გალაკტიონს მილიციელი ელაპარაკება. გამომშვიდობებისას პოეტს მიმართავს: „გაგაცილებთ, ბატონო გალაკტიონ“. გალაკტიონი პასუხობს: „მე ჩემი გზა მაქვს“ და სრულიად ნათელია, რომ ამას მხოლოდ მილიციელს არ ეუბნება. ეს თანამედროვეებისათვის, მეტიც -ისტორიისთვის ნათქვამი სიტყვებია. ამავე ტიპის ფრაზაა: „Слава Богу, что ребята за вами следят“. ეს კომუნისტური ცნობიერებისა და დროის ზუსტად წარმომჩენი ფრაზაა და სიტყვა-სიტყვით ამას ნიშნავს: „დიდება ღმერთს, რომ ჩვენ ღვთის საწინააღმდეგო საქმეს ვაკეთებთ“. აქ ფრაზა ანტიფრაზად იქცევა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც სიტყვები საკუთარი მნიშვნელობის საპირისპიროდ ღაღადებენ.

გალაკტიონის კარადა – გალაკტიონს კარადა გადააქვს მწერალთა კავშირში. რის ვაი-ვაგლახით ააქვთ მაღლა, ხან სად გაიჩხირება, ხან სად. „პირველიდან მეორე სართულზე ასასვლელ კიბეებზე დიდი არეულობაა. კარადა კიბეზე, სართულებს შორისაა გაჩხერილი. მწერლები აღშფოთებულები არიან, პოეტებიც, კრიტიკოსებიც. არის ერთი გადაძრომ-გადმოძრომა კიბეებზე, რაღაცეების გადაწოდებ-გადმოწოდება, უკმაყოფილო შეძახილები: „ვისია ეს ოხრობა, რა უნდა აქ!“ ვიღაცა თეფშებით დატვირთული ზემოდან გააფთრებით ყვირის: „ჩაათრიეთ, ქვემოთ ჩაათრიეთ!“ თავისი ფართო კარადასავით ვერ ეტევა გალაკტიონი შემზღუდველ საბჭოთა სივრცეში და ლამის ყველას ხელს უშლის ვიწრო და ერთფეროვან არსებობაში – „თეფშებით დატვირთული“ (ანუ მატერიალურ ყოფიერებას, თუნდაც მხოლოდ საკვებზე ზრუნვას მიწებებული) ცნობიერება მაღალი პოეზიის დიდი ვერაფერი თანამგზავრი და მეგობარია.

ლენინის ორდენი ლუდის კათხაში -გალაკტიონი „დახლზე მდგარ ლუდისნარჩენებიან დიდ კათხაში აგდებს ლენინის ორდენს“ და მერე მიკიტანს ეუბნება: „დღეს ყველასი გადახდილია“. ლენინის ორდენი საბჭოთა კავშირის უმაღლესი ჯილდო იყო. მის მიმართ დამოკიდებულება, ფაქტობრივად, რეჟიმის მიმართ დამოკიდებულებას გამოხატავდა. ლუდისნარჩენებიანკათხაში ამ ორდენის ჩაგდება სრულიად არაორაზროვნად აკნინებდა მთავარ „საბჭოთა ღირებულებებს“. ამ ღირებულებებით ლუდისა და დუქნის სხვა ატრიბუტების საფასურის გადახდა კი იმდენად მაღლა არ სწევს ლუდის ფასს, რამდენადაც უკიდურესად ამცირებს ორდენისას. ეს არის ტოტალიტარული სახელმწიფოსთვის გადახდილი თავისებური პიროვნულისამაგიერო წართმეული თუ უკვალოდ გამქრალი „სინამდვილისთვის“, რომელიც – შევიხსენოთ – „არ ყოფილა თითქმის“.

ცეცხლმოდებული აკვანი და ცეცხლმოდებული კუბო -ცეცხლი ამ ორივე შემთხვევაში ორგემაგე სიმბოლური მნიშვნელობისაა. ერთი მხრივ, ის დაუმორჩილებელ შემოქმედებით სტიქიას გამოხატავს, მეორე მხრივ კი – ბოლშევიზმის გამანადგურებელ და დამთრგუნველ ბუნებას. თუ პირველი სახე (აკვანი) წინასწარმეტყველებაა, მეორე (კუბო) აღსრულებაა. ეს არის ბედისწერის ალფა და ომეგა, ყველაფერი ეს სიურეალისტურ სახეს იძენს: „ტყავის ქურთუკიანი ორატორი რევოლუციური სიტყვით გამოდის და აგრესიული მოწოდებებით. შენობა დანგრეულია და გაქურდული. კიბეებით გალაკტიონი მიადგება კარს, რომელზედაც აწერია „სახალხო გვარდიელის“ რედაქცია. აქაც არეულობაა. იატაკზე დაყრილი ილიას, აკაკის და ჟორდანიას სურათები ფეხითაა გათელილი (ისტორიამ ხანდახან ასეთი მკაცრი ხუმრობა იცის – რაღაც უსულო ძალმოსილებამ ილიასა და ჟორდანიას ერთი და იგივე ხვედრი არგუნა. ილია ჭავჭავაძისთვის ჟორდანიას თანაზიარი შეურაცხყოფაც კი ძნელად ასატანი იქნებოდა – გ.მ.). გალაკტიონი ჯიბეებში იტენის თავის ნაწერებს… ქაოსში ჩემოდანს მიაგნებს… გახსნის და რაც ჯიბეებში ჰქონდა, ყველაფერს შიგ ჩატენის. მერე ცდილობს შენობიდან გარეთ გამოვიდეს, მაგრამ ქვემო სართულიდან, სადაც მიტინგი უკვე დამთავრებულია, ზევით საშინელი ცეცხლის ენები ამოდის. გალაკტიონი დაუფიქრებლად ჩემოდანს ხსნის და ყველაფერს, რაც მასში იყო, ცეცხლზე მოაპირქვავებს. შავოსანი კაცები ცდილობენ როგორმე დააჭედონ კუბოს თავი, რომელსაც ცეცხლი ედება. უცებ გასაგები ხდება, რომ ცეცხლი თვითონ კუბოში ტრიალებს და ადამიანები ცდილობენ ცეცხლი დაასაფლავონ. საიდანღაც ზემოდან თუ ციდან ცეცხლმოკიდებული ხელნაწერები მოფრინავს და კუბოში ცვივა, რომელიც ჩემოდნად გადაიქცევა. გალაკტიონის ჩემოდანს მესაფლავეები თოკებს ამოუდებენ და ცდილობენ საფლავში ჩაუშვან…“

ვიღაცა ცდილობს ერთი (გამანადგურებელი) ცეცხლით მეორე (შემოქმედებითი) ცეცხლი დაასაფლავოს. ამ გამაოგნებელ სურათში ყველაზე გასაკვირი ის არის, როგორ გადაიქცევა კუბო ჩემოდნად, რომელშიც გალაკტიონისმთელი ცეცხლმოკიდებული შემოქმედება იკლაკნება – მავანთაგან არაადამიანურად ტანჯული.

სახე-ლექსი – 1956 წლის მარტია. „რეპრესირებული ქალაქის ქუჩებში შეიარაღებული სამხედროები პატრულირებენ… უნივერსიტეტის სააქტო დარბაზი სტუდენტ-პედაგოგებითაა გაჭედილი… ტრიბუნაზე გამომსვლელი ადანაშაულებს უნივერსიტეტის პარტიულ ორგანიზაციას, კომკავშირის კომიტეტს, რექტორატსა და პედაგოგიურ საბჭოს, პირადად რექტორს, რომ ყველაფერში, რაც ახლა ახალგაზრდობაში ხდება, დამნაშავეა ის მანკიერი აღზრდის მეთოდი, რომელიც უნივერსიტეტშია დანერგილი.“ გამომსვლელს სიტყვას რექტორი აწყვეტინებს, განა ეს ახალგაზრდები იმას არ იცავენ და ითხოვენ, რასაც ჩვენ მათ ჩავჩიჩინებდით -ანუ ლენინის გვერდით სტალინი უნდა იყოსო? „ესე იგი, ხრუშჩოვი არა?!“ – შეეპასუხება გამომსვლელი. ამ თავისთავად აბსურდს სრული ქაოსი მოსდევს – „დარბაზში უსტვენენ. გამაყრუებელი ღრიანცელია“. ამ დროს „გალაკტიონი მისთვის დამახასიათებელი ოლიმპიური სიდიადით ტრიბუნისაკენ მიემართება,სცენაზე ადის… და არაამქვეყნიური შემართებით კითხულობს „მთაწმინდის მთვარეს“, ცნობილი პაუზით კითხვას ამთავრებს და როგორი ღირსებითაც მოვიდა, იქაურობას ტოვებს“. ლექსი აქ ისე ამარცხებს ადამიანურ კოშმარს, როგორც წმიდა გიორგი – გველეშაპს.

დეტალები

რეზო ესაძისთვის საერთოდ დამახასიათებელია დეტალის ესთეტიზმი. ღირებული ხელოვნების შეგრძნებისთვის ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. წერტილი, რომელსაც აქვს განზომილება – აი, რა არის მხატვრული დეტალი. ის, რასაც მთელი ფილმი მოგვითხრობს, ზოგჯერ შესაძლოა, კარგად მიგნებულმა მცირე ფორმამ გაამჟღავნოს და გამოხატოს:

გალაკტიონი დგას თავის საფლავთან და თვალს უსწორებს მარადისობას („უსასრულობისაკენ მზერამიპყრობილი გალაკტიონის მოწამეობრივ სახეს მთვარის შარავანდედი ადგას“) – თითქოს გაქვავებული წამია, რომელიცგალაკტიონის ბობოქარი ცხოვრების მთელ ბედნიერებასა და ტრაგიზმს ერთდროულად გამოხატავს;

პოეტი იხსენებს ოლიას დახვრეტის თარიღს, რომელიც ტრამვაის ძველ ბილეთს აწერია. მერე რეალობაში დაბრუნებულ გალაკტიონს კონტროლიორიდაადგება თავს ზმანებაში მასთან მოსაუბრე დედის ნაცვლად (დედა – ბუნებრივი სიყვარული და სიკეთე; კონტროლიორი – სახელმწიფოს მახვილი თვალი და სიმკაცრე). კონტროლიორი ბილეთს ხვრეტს. და გალაკტიონის ფრაზა: „უჰ, დახვრიტეთ?“ როგორც კონტროლიორი ბილეთს, ისე ექცევა ტოტალიტარული სახელმწიფო ადამიანს.

უცნაური მიგნებაა ხოჭო სიტყვებზე, რომელსაც პოეტი უსმენს. ეს მწერი არის კომბინაცია სიშავისა და რაღაც „დაბეჯითებული“ სიარულის. გალაკტიონი „გადაშლის რუსულ-ქართულ უზარმაზარ ლექსიკონს… დადებს მაგიდაზე. ამასობაში ლექსიკონის გვერდზე გამოღოღდება პატარა ხოჭო და მიცოცავს ფურცლებზე. მაგიურმა ხოჭომ გაიარა სიტყვებზე: „черно- грив, черномазый,.. чернота“… გალაკტიონი ხოჭოს დაიჭერს, ფრთხილად ჩასვამს ასანთის კოლოფში, ყურთან მიიტანს და განაბული უსმენს. ისევ იწყებს ბუტბუტს: „შავებით მოსილი ქალები. სიშავე თვალთა.. სი- შავე ღამის… სიშავე ყორნის ფრთების. შავი ზღვა… შავი ფარდები შავი ბერი… შავი ღრუბელი. შავი ფიფქები..“ ეს მართლაც მაგიაა – შემოქმედის მაგია, რაც სულ რამდენიმეწამიანი დეტალით სახიერდება. გალაკტიონისსულიც ასე „დაბეჯითებითა“ და მაძიებლის შემოქმედებითი ინსტინქტით შეპყრობილი უსმენს იმას, რაც ვერ მეტყველებს, მაგრამ თავისი არსებობითაც კი ბევრ რამეს ამბობს დამნახველი კაცისთვის.

სიკვდილისკენ მიმავალი გალაკტიონი სამ კოლოფ პაპიროსსა და ორ კოლოფ ასანთს იდებს ჯიბეში. დოსტოევსკის ერთი პერსონაჟი, რომელიც სიკვდილით დასასჯელად მიყავთ, ფიქრობს, კიდევ ორი თუ სამი ქუჩადამრჩა სიცოცხლეო. სიკვდილ-სიცოცხლის მიჯნაზე დრო ზოგჯერ სხვა განზომილებაში გადადის – ხან, როგორც ამ შემთხვევაში, სივრცით იზომება, ხანაც ნებისმიერი სხვა რამით. მაგალითად, – სიგარეტის უბრალო ნამწვით. ფანჯრიდან გადახტომის წინ გალაკტიონი უკანასკნელ ნამწვსბოლომდე მოწევს. ეს არის უკანასკნელი რამ, რასაც ის წუთისოფელში აკეთებს. ეს უბრალო ნამწვი, რომელიც მის ხელში ნელ-ნელა იფერფლება,ძალიან ჰგავს (თუ არ გამოხატავს) განქარვებად სინამდვილესაც და გალაკტიონის მასთან დამოკიდებულებასაც – ყველა ნამწვს ბოლოს მოისვრიან ხოლმე.

დასასრული

(ორი აბსურდი და დამლაგებლის წინასწარმეტყველება)

აბსურდი №1 – ვიღაც ქალს გალაკტიონის ნაწერებიანი საქაღალდე მიაქვს (პოეტს ეხმარება). უცბად შეუძლოდ ხდება. გალაკტიონი სთავაზობს, აგერ კიბეზე ჩამოჯექიო. ქალი უარობს – იშიაზი მაქვსო. მაშინ გალაკტიონი კიბეზე თავის საქაღალდეებს დაუწყობს. ქალი ჩამოჯდება „რევოლუციურ საქართველოსა“ და „პაციფიზმზე“. მერე, ოდნავ სულმოთქმული, პოეტს ეუბნება: „შენ აგაშენა ღმერთმა, ამდენი რომ არ დაგეწერა, ვერ დავჯდებოდი…“ რა მარტივია ხანდახან მილიონი დოლარით ერთი ასანთის ყიდვა.

აბსურდი №2 – უცნაურად მყოფი არაფრობა (ანუ თითქმის არარსებული სინამდვილე) ირონიულ ჟესტს აგებებს გალაკტიონის ცხოვრების ფინალს -გენიოსი ადამიანის წუთისოფელი დამლაგებლის შეგონებითა და წინასწარმეტყველური ფრაზით მთავრდება. შეგონებიდან („Почему вы не ложитесь?!“) წინასწარმეტყველებამდე („Там сыро после дождя, лучше здесь сядьте.“) სულ რამდენიმე წამი გადის. გალაკტიონისთვის ორივე სულერთია. მკითხველსა და მაყურებელს კი შესაძლოა საშინელი უსამართლობის გრძნობა დაეუფლოს. ამ გრძნობას ის იწვევს, რომ საზოგადოებას და ადამიანებს კოლექტიური ცნობიერებით (ორივეს ერთად ზოგჯერშეცდომით „ბედისწერას“ უწოდებენ ხოლმე) შეუძლიათ ისტორიის დრამა ისტორიულ ფარსად აქციონ.

და გალაკტიონს აღარ ენაღვლება, რომ „Там сыро“.

P.S. რეზო ესაძემ, სხვასთან ერთად, ერთ მთავარ საფიქრალზეც მიგვანიშნა: თავის პოეზიაში გალაკტიონი ხშირად ახსენებს და ნატრობს ფრთებს. სცენარშიც პოეტი არც თუ იშვიათად ცას აჰმზერს. ადამიანები ერთდროულად აღმერთებენ და ამცირებენ ხოლმე ცის მაცქერალ და შემგრძნობ კაცებს. ეს არის გენიოსთა ბედნიერებაც და უბედურებაც.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s