რუსუდან ცანავა _ ხის ცხენის ამბავი- ერთი ეპიზოდის სამი ინტერპრეტაცია ,,ოდისეაში”


ტროას მითოსური ციკლისა და ჰომეროსის პოემების ხსენებისას წიგნიერი მკითხველის გონებაში რამდენიმე ფრთიანი ფრაზა ამოტივტივდება. პირველრიგში, ალბათ, „განხეთქილების ვაშლი”, „აქილევსის ქუსლი” და „ტროასცხენი”. ეს სინტაგმები შეიძლება განვიხილოთ, როგორც აღმნიშვნელები (ან ნიშნები), რომლებიც, ერთი მხრივ, დიდი მითის უმნიშვნელოვანეს სტრუქტურულ ერთეულებს წარმოადგენენ, მეორე მხრივ, თავად გადაიქცნენ კონკრეტული სიტუაციის შესაბამისი უამრავი ყოფითი თუ განზოგადებული ვითარების აღმნიშვნელებად. ასე მაგალითად, ,,განხეთქილების ვაშლით” შეიძლება აღვნიშნოთ როგორც ორ ადამიანს შორის წარმოშობილი კონფლიქტური სიტუაცია, ისე ადამიანების ჯგუფებსა და სახელმწიფოებ სშორისაც. ,,აქილევსის ქუსლი” (სუსტი ადგილი) შეიძლება ჰქონდეს პიროვნებას (ან პიროვნებებს) ან მაგალითად, დადგენილებას, პროექტს, კანონს. „ტროას ცხენი” (ან ხის ცხენი) კი ურთულესი ვითარებიდან მოხერხებით, ეშმაკობით თავის დაღწევის სინონიმადაა მიჩნეული.

ხის ცხენის ამბავი მოთხრობილია „ოდისეაში“, რომელიც გარკვეულწილად (ინფორმაციულად) ავსებს „ილიადას“. მკითხველმა კარგად იცის, რომ „ილიადა“ ტროას ომის მეათე წლის რამდენიმე დღის განმავლობაში დატრიალებულ ამბებზე მოგვითხრობს. ილიონის დამხობა კი აქილევსისა და პარისის დაღუპვის მერე მოხერხდა ხის ცხენის საშუალებით. აქვე მოკლედ მოვიგონოთ ძირითადი პერიპეტიები, რომლებმაც განაპირობა ხის ცხენის განსაკუთრებული ფუნქცია ტროას ომში. საქმე ის არის, რომ ილიონი, თებეს მსგავსად, ღვთაებათა ნებით დაარსებული ქალაქია. ეს ადგილი (ატას ბორცვის მიმდებარე ტერიტორია) ე. წ. ,,ძლიერ ადგილად” ითვლება, რომელიც ღვთაებათა ნებით იპოვა ილოსმა. მითი მოგვითხრობს: ზევსის შვილთაშვილმა ილოსმა გაიმარჯვა ფრიგიაში გამართულ სპორტულ ასპარეზობაში. მან ჯილდოდ მიიღო 50-50 ქალ-ვაჟი და ჭრელა ძროხა. მისანმა ილოსს აუწყა, გაჰყოლოდა ძროხას და სადაც ის დაწვებოდა, დაეარსებინა ქალაქი. მართლაც ილოსმა ძროხის ჩაფერხების ადგილას ატას ბორცვთან საფუძველი ჩაუყარა ქალაქ ილიონს – ტროას დედაქალაქს. იმის დასტურად, რომ ღმერთების მოთხოვნა ზედმიწევნით შესრულდა, ზეციდან ჩამოეშვა ქალღმერთ ათენას ხის გამოსახულება – პალადიონი1 – ქალაქის ძლიერების სიმბოლო და მცველი. ილოსმა პალადიონისთვის ააგო ტაძარი და დააარსა ქალღმერთის მსახურების რიტუალი.2 ილოსის მომდევნო ხელისუფლის ლაომედონის მეფობისას აშენდა ქალაქის გალავანი, რომელიც ააგეს პოსეიდონმა და აპოლონმა. სწორედ იმიტომ, რომ ეს გალავანი ღმერთების მიერ იყო აგებული, მოკვდავმა ადამიანებმა, თუნდაც გმირებმა, მას ვერაფერი დააკლეს; ბერძნები ვერც შეაღწევდნენ ქალაქში, რომ არა ხის ცხენი.

ილიონს უკავშირდება ერთი პარადოქსიც: ეს ქალაქი თავისი გალავნითა და აქსესუარებით ღვთაებრივი ნებით აიგო, (ტროა ისე გაძლიერდა, რომ მცირე აზიისა და მედიტერანული სამყაროს უძლიერეს სახელმწიფოდ იქცა) და ღვთაებრივი ნებითვე დაინგრა (დაკარგა საკრალური, და შესაბამისად, დომინანტური ფუნქცია. ამ ცენტრმა შემდგომ გადაინაცვლა იტალიაში. რომი ილიონის ალტერ ეგო-ა. ამაზე იხ. ვერგილიუსის „ენეიდა“). მაგრამ ამ ქალაქის დამქცევთა უმეტესობა (რომლებიც ღვთაებათა ნებას ასრულებდნენ) ღმერთების ნებითვე სასტიკად დაისაჯა (ზოგი გზაში დაიღუპა, ზოგი – შინ დაბრუნებისთანავე, ზოგს ხანგრძლივი ხეტიალისა და ბევრი გასაჭირის ატანა მოუხდა). სწორედ ამ მოვლენების ცენტრში დგას ხის ცხენი. ახლა ჩვენ განვიხილავთ სამ პასაჟს „ოდისეადან“; სამივეში ხის ცხენის ამბავია მოთხრობილი, რაც საშუალებას გვაძლევს, სხვადასხვაგვარად „წავიკითხოთ“ ერთი და იგივე ამბავი. უფრო სწორად, დავინახოთ, როგორ შეიძლება გადმოსცეს ერთი და იგივე ამბავი სხვადასხვა პერსონაჟმა.

I. ხანგრძლივი ხეტიალის შემდეგ ოდისევსი ფეაკების კუნძულ სქერიაზე მოხვდა. მეფე ალკინოოსმა იგი პატივით მიიღო და უმასპინძლა (თუმცა სტუმრის ვინაობა არც კი იცოდა). უცხო სტუმრის პატივსაცემად სასახლეში ნადიმი გაიმართა, რომელზეც ბრმა მომღერალი დემოდოკოსიც მიიწვიეს. ოდისევსი უსმენდა ღვთაებრივი აედის სიმღერას, რომელიც ტროას ომის ამბებს ყვებოდა. ლაერტიდმა შეაქო მომღერალი და უთხრა: დემოდოკოს, ყველა მოკვდავზე მაღლა გაყენებ; შენ ან მუზებმა აღგზარდეს, ზევსის ასულებმა, ან აპოლონმა; ყველაფერს სიზუსტით ყვები, რაც აქაველებს გადახდათ, თითქოს ან თავად მონაწილეობდი, ან სხვათაგან გაიგე (ή σέ γε μούσ’ έδίδαξε Δίοs παίs, ή σε γ’ ,,Απόλλων λίην γαρ κατá κόσμον Αχαιών οίτον άείδειs, őσσ’ έρξaν τ’ έποǿóv τε κaí öóó’ έμóγησαν` Αχαιοι, ώs τέ πον ή αύτόs παρεών ή άλλου άκούσαs III, 487-491)3. შემდეგ ოდისევსი სთხოვს დემოდოკოსს, მოყვეს ხის ცხენის ამბავი. თან ეუბნება: თუ ამის შესახებ ისე მოყვები, როგორც სინამდვილეში დაგაჯილდოვეს (αύτίκ’ έγώ πάσιν μυθησομαι άνθώποισιν ώs άρα τοι πρόφρων θέόs ώπασε θέσπιν άοιδην III,497-498). ოდისევსმა დააზუსტა, რომ მას სურდა მოესმინა ამბავი იმ ცხენისა, რომელიც ეპეიოსმა ააგო ათენასთან ერთად; ტროაში კი ეს ცხენი – ქალაქის დამანგრეველი კაცებით სავსე (მუცელგამოვსებული) – ღვთაებრივი ოდისევსის ეშმაკობით შევიდა (VIII, 492-494). დემოდოკოსმა დაიწყო სიმღერა4: იმით დაიწყო, როგორ ჩაუშვეს არგიველებმა თავიანთი ხომალდები ზღვაში და კარვებს ცეცხლი წაუკიდეს (VIII, 499-500). ყველაზე ცნობილნი (გმირები) ოდისევსთან იყვნენ ცხენში (ცხენის მუცელში) ჩაკეტილები (τοί δ’ ηδη άγακλυτόν άμφ’ `Οδυσηα εϊτατ’ ένί Τρώων άγορη κεκαλυμμένοί ϊππώ III, 502-503). ბოლოს როგორ შეათრიეს (ცხენი) ტროას გალავანში. იქ რომ დადგეს, მათ (ტროელებს) შორის დავა ატყდა, რა ექნათ ცხენისთვის. აზრი სამად გაიყო: სპილენძის შუბით გავაპოთო ამოღარული ხე (κοίλον δόρυ III, 507), კლდეებამდე მივათრიოთ და ქარაფიდან გადავჩეხოთო, ან დავტოვოთო, როგორც დიადი ღმერთების საამებელი საჩუქარი (ηέάαν μέγ’ άγαλμα θεων θελκτηριον εϊναι III, 509).5 ბოლოს ამ უკანასკნელზე შეთანხმდნენ. ასე იყო ბედისწერით გადაწყვეტილი – ქალაქი უნდა დაეღუპა ხის დიდ ცხენს, რომელშიც იყვნენ საუკეთესო არგოსელები ტროელების ამოსაწყვეტად და უბედურების თავზე დასატეხად (VIII, 510-513). შემდეგ დემოდოკოსმა იმღერა, როგორ შეიჭრნენ ცხენის მუცლიდან გამოსული აქაველი ვაჟკაცები ქალაქში; ყველა თავისებურად აჩანაგებდა ილიონს. არესის მსგავსი ოდისევსი დეიფობოსის სახლს მიადგა ღვთაებრივ მენელაოსთან ერთად (VIII, 514-518). იქ სასტიკი ბრძოლა გამართა და (ოდისევსმა) გაიმარჟვა დიდსულოვანი ღვთაების, ათენას, შემწეობით (VIII, 519-520).

ოდისევსმა თავად სთხოვა დემოდოკოსს, მოეთხრო ხის ცხენის ამბავი. როგორც ჩანს, მას ტროაში ჩადენილ გმირობებს შორის ეს ეპიზოდი ყველაზე მნიშვნელოვნად მიაჩნდა.

II. იგივე ამბავი უამბო ტელემაქოსს მენელაოსმა. ტელემაქოსი, ოდისევსის ვაჟი, ათენას შთაგონებით გაემგზავრა ითაკიდან მამის თანამებრძოლებთან, რათა მათგან მაინც გაეგო რამე შინმოუსვლელი მშობლის შესახებ. პირველად ბრძენ ნესტორს ეწვია პილოსში, შემდეგ – მენელაოსს სპარტაში. სწორედ ამ დღეს სასახლეში დიდი წვეულება იყო – მეფე

შვილების ქორწილს ზეიმობდა. გამოცნაურების შემდეგ მენელაოსმა თქვა: სულით და გულით უტეხი ბევრი ვაჟკაცი მინახავს, ბევრი მიწა მომივლია, მაგრამ ოდისევსის მსგავსი ჭირთამთმენი არ შემხვედრია (οίον ` Οδυσσηοs ταισίφρονοs έοκε φίλον κηρ IV, 270). ამ მძლეთამძლე კაცმა (καρτερός άνήρ IV, 271) აი, რა გააკეთა და განახორციელა (οίον ` καί τόδ’ έρεξε καί έμελλε δαίμων IV, 271): ხის ცხენს, რომელშიც ბევრი საუკეთესო არგოსელი იყო ტროელთა დასაღუპად და გასანადგურებლად გამზადებული, შენ მოადექი, (ელენე), ცხადია, ბოროტი დემონით ჩაგონებული (κελευσέμεναί δέ σ’ έμυελλε δαίμων IV, 274-5), რათა ტროელთათვის დიდება ებოძებინა. შენ გახლდა ღმერთის დარი დეიფობოსი. (თქვენ) სამჯერ შემოუარეთ ცხენს, (შენ) გვერდებს ხელით ეხებოდი და სახელებით მიმართავდი არგოსელებს, (ხმით) მათ საყვარელ ცოლებს ჰბაძავდი (έκ δ’ όνομακληδην Δαναών όνόμαζεѕ αρίστουѕ, πάντων` Άργείων ჶωυην ϊσκουσ` άλόχοισιν IV, 278-9). უცებ მე და ტინდარიდს, რომლებიც ღვთაებრივ ოდისევსთან ერთად (ცხენის) ბნელ მუცელში ვისხედით, ნაცნობი ხმების გაგონებაზე, მოგვინდა გამოვსულიყავით, ან გამოგხმაურებოდით, მაგრამ წინდახედულმა ოდისევსმა შეგვაჩერა (άλλ’ Όδυσεύs κατέρυκε καί έσχεθευ ίεμέυω περ IV, 284). ანტიკლესმა კი შენს დაძახილზე პასუხის გაცემა მოინდომა, მაგრამ ოდისევსმა პირი მოუმუწა უგუნურს და მანამ ეჭირა ხელით (ამით ყველა აქაველი გვიხსნა დაღუპვისაგან σάωσε δέ πάνταs’ Αχαιοϋ;“ IV, 288), სანამ, ათენას ნებით, შენ არ წახვედი (IV, 289).

მენელაოსმა ხის ცხენის ამბავი მოყვა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ნიმუში ოდისევსის ვაჟკაცობისა, გონიერებისა და წინდახედულებისა. თუნდაც ამ ერთი ეპიზოდით კარგად ჩანს, ვინ არის ოდისევსი და რა წვლილი მიუძღვის ტროას დანგრევაში. როგორც უკვე აღვნიშნე, ოდისევსიც ტროას მთელ ეპოპეაში თავის ყველაზე მნიშვნელოვან გმირობად სწორედ ამას მიიჩნევს (ამიტომაც სთხოვა დემოდოკოსს ხის ცხენის ამბავი მოეთხრო).

III. ახლა განვიხილოთ, რა როლი ითამაშა ამ უმწვავეს ვითარებაში ელენემ. იგი ცხენზე არაფერს ამბობს, მაგრამ ყვება, რა მოხდა მანამ. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რა გააკეთა ელენემ, სანამ ამბის თხრობას დაიწყებდა. ძალიან მოკლედ აღვწერ სიტუაციას მენელაოსის თვალისმომჭრელ სასახლეში: როგორც უკვე აღვნიშნე, მეფის ოჯახში ქორწილი იყო. სტუმრები ილხენდნენ. სწორედ ამ დროს მოვიდა ორი უცნობი ახალგაზრდა სტუმარი (ტელემაქოსი და პისისტრატოსი – ნესტორის უმცროსი ვაჟი, ტელემაქოსის მეგზური), რომლებიც პატივით მიიღეს და სუფრასთან მიიწვიეს. ამასობაში დარბაზში გამოვიდა არტემისის დარი ელენე, რომელსაც მსახურმა ქალმა ოქროს ჯარა გაუწყო6. დედოფალი მოხერხებულად დაჯდა და ქსოვილის ბეჭვა დაიწყო. ამ საქმიანობას ელენესთვის ხელი არ შეუშლია შეენიშნა, რომ ყმაწვილი ტელემაქოსი ძალიან ჰგავდა ოდისევსს. გამოცნაურების შემდეგ სტუმრებსა და მასპინძელს შორის გულისამაჩუყებელი, ტკივილიანი მოგონებებით დამძიმებული საუბარი გაიმართა. ყველას გაუფუჭდა განწყობა. მაშინ ელენემ გადაწყვიტა ღვინოში დარდის გამქარვებელი წამალი შეერია: (`Eνθ’ αντ’ άλλ’ ένόησ’ `Ελένη Διος έκγεγανία αύτίκ’ άρ’ εις οίνον βάλε φάρμυακον, ενθεν έπίνον νηρενθες τ’ άχολον τε κακών έπίληθν απάντων. IV, 219-221).7 საკმარისი იყო, (ეს ნაზავი) ცოტა დაელია ადამიანს, ერთი ცრემლიც არ წამოუვიდოდა დედ-მამაც რომ დახოცოდა მოულოდნელად; ან ძმა ან საყვარელი შვილი მის თვალწინ რომ გაეგმირათ ბასრი მახვილით. ასეთი წამალი ჰქონდა ზევსის ასულს (ელენეს). წამალი მას ეგვი პტეში უბოძა პოლიდამნამ, თოონის მეუღლემ. იქაური ნაყოფიერი მიწა ბევრ სამკურნალო და მავნე, შხამიან მცენარეს აღმოაცენებს. იქაურები ყველანი მკურნალები არიან, თავიანთი საოცარი ცოდნით სხვა ხალხს აღემატებიან, რადგანაც პეანის გვარისანი არიან (IV, 222-232). მას შემდეგ, რაც წამალშერეული ღვინო ჩამოარიგეს, ელენემ სტუმრებთან საუბარი განაგრძო (IV, 234-5): მან ჯერ მენელაოსსა და სტუმრებს (სახელოვანი მამების შვილებს: άνδρών έσθλών παίδες IV, 236) მიმართა: ზევსი სხვადასხვა ადამიანს სხვადასხვაგვარ სიკეთესა და ბოროტებას უგზავნის; მას ყველაფერი ხელეწიფება (άταρ θεος άλλοτε άλλω Ζενς άγαθον τε διδοί δυναταί γάρ άπαντα IV, 236-7). ახლა კი ვრცელ დარბაზში დაბრძანებულებს ერთ ამბავს გიამბობთ: ყველაფერს ვერ მოვყვები, ვერ გავიხსენებ, რაც მრავალჭირნახულმა ოდისევსმა გადაიტანა, მაგრამ ერთს მაინც გიამბობთ, რაც ტროაში გადახდა თავს: (ოდისევსმა) თავისი თავი გაილახა, ძონძები ჩაიცვა და როგორც მონა, დასაზვერად შემოვიდა მტრის ქალაქში. ისეთი იერი ჰქონდა, დაგლეჯილ სამოსში ისე ბოგანოდ გამოიყურებოდა, ვერც კი წარმოიდგენდი, რომ ოდესმე აქაველთა გემები ნანახი ექნებოდა. ტროაში მათხოვარივით შემოსული ვერავინ იცნო, მხოლოდ მე მივხვდი, ვინ იყო (IV, 238-250). შეკითხვებს ვაძლევდი, იგი სიტყვას ბანზე მიგდებდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც დავბანე, ტანი ზეთით დავუზილე, შევმოსე და დიადი ფიცით შევფიცე (καί ώμοσα καρτερον όρκον IV, 253), რომ ოდისევსს ტროელებთან არ გავცემდი, ვიდრე გემებთან არ დაბრუნდებოდა, ამის შემდეგ აქაველთა ყველა განზრახვა გამანდო (καί τοτε δή μοι πάντα νοον κατελεξεν’ Αχαιών IV, 256). ბევრი ტროელი განგმირა მახვილით და აქაველებს ახალი ამბებით დაუბრუნდა (IV, 257-8). ტროაში გლოვობდნენ, ჩემი გული კი ხარობდა, ესწრაფოდა შინ დაბრუნებას (ανταρ έμόν κήρ χαίρ, επεί ήδη μοι κραδίη τετραπτο νέεσθαί άψ οίκόνδ’ – IV, 259-261). ძალიან ვდარდობდი აფროდიტეს ბრალით შორს რომ წავედი საყვარელი სამშობლოდან, მივატოვე ბავშვი, საქორწინო სარეცელი, ჭკუითა და სილამაზით შემკული მეუღლე (IV, 262-4).

როგორც აღვნიშნე, ხის ცხენი აღწერილი მოვლენების ცენტრშია: სწორედ ამ ცხენის შეტანამ განაპირობა ტროას დანგრევა. ,,ცხენის ოპერაციის” წარმატებით განხორციელება ოდისევსს უკავშირდება, ამიტომ ეს ლაერტიდის ყველაზე დიდი გმირობაა. მოთხრობილი ამბები თანმიმდევრობით რომ დავალაგოთ, ასეთ სურათს მივიღებთ: ოდისევსი ძალიან დიდ რისკზე წავიდა, როდესაც მაწანწალად გადაცმული შევიდა ტროაში, რათა დაეზვერა იქაური ვითარება, რომ შემდგომ აქაველებს შესაბამისად ემოქმედათ. ტროაში მას გადაეყარა ელენე, რომელმაც იცნო. ელენემ ერთგულებისა და გაუთქმელობის ფიცი მისცა ოდისევსს და მისგან შეიტყო აქაველთა ყველა განზრახვის შესახებ. შინაარსობრივი თანმიმდევრობით ამას მოყვება დემოდოკოსის მიერ მოთხრობილი ამბავი: როგორ ააგეს და შეიყვანეს ტროაში ხის ცხენი, რომლის მუცლიდან გამოსულმა გამორჩეულმა აქაველებმა თანამებრძოლებს კარი გაუღეს და ტროა გააცამტვერეს. დემოდოკოსის მოთხრობას ავსებს მენელაოსის მონაყოლი, რომელიც, ერთი მხრივ, ოდისევსის წინდახედულებასა და გონიერებაზე მიანიშნებს, მეორე მხრივ, ელენეს საქციელზე დაგვაფიქრებს.

როგორც უკვე აღვნიშნე, ტროას ომის ამბების მოგონებით გულდამძიმებულ მამაკაცებს ელენემ ღვინოში წამალი შეურია; ეს წამალი არის νηπενθής (ტკივილის გამყუჩებელი) და άχολος (დარდის გამქარვებელი), κακών έπίληθον άπανων (ყველას ცუდს რომ ავიწყებს). ვინც ღვინოში შერეულ ამ წამალს დალევს, ერთი დღის განმავლობაში (έφ-ήμερον) გახალისდება და ცრემლიც არ წამოუვა, უახლოესი ადამიანებიც რომ დაუხოცონ. ეს წამალი ელენეს ეგვიპტის დედოფალმა პოლიდამნამ აჩუქა. მეორე ეგვიპტელმა დედოფალმა – ალკანდრემ კი – ძვირფასი ჯარა. სწორედ ამ ჯარაზე ბეჭავს ელენე ქსოვილს, თან სტუმრებს ესაუბრება და ღვინოში გამაბრუებელ წამალს ურევს. მხოლოდ გაბრუებული და ,,ბადეში გაბმული” ადამიანები თუ აღიქვამენ ელენეს მონათხრობს ისე, როგორც ეს თავად ელენეს სურს (რასაც აღწევს კიდევაც). ელენეს მონათხრობიდან სავსებით ნათელია, რომ მან იცოდა აქაველთა გეგმების შესახებ. როგორც ჩანს, ხის ცხენის შესახებაც იცოდა. მან ოდისევსს ერთგულების ფიცი მისცა. როგორც ჩანს, ოდისევსი ენდო ელენეს; ლაერტიდმა მონანიე ქალში მოკავშირე დაინახა, მაგრამ სასტიკად შეცდა. ელენემ კინაღამ დაღუპა აქაველები (ეს იყო ელენეს მეორე არა ნაკლებ საშინელი ღალატი). რომ არა ოდისევსი, არა მარტო ხის ცხენის მუცელში მყოფი გმირები დაიღუპებოდნენ, არამედ ეს წარუმატებლობა ომში ბერძენთა დამარცხების ტოლფასი იქნებოდა. ელენეს ამ საქციელზე მენელაოსი ამბობს: ალბათ, რომელიღაც ბოროტმა დემონმა ჩაგაგონა ასე მოქცეულიყავი (IV, 274), რათა ტროელთათვის დიდება ებოძებინაო. რა გააკეთა ელენემ? როდესაც ტროაში ხის ცხენი შეიტანეს და ბევრი მსჯელობის შემდეგ გადაწყვიტეს, ქალაქში ღმერთების სამსხვერპლოდ დაეტოვებინათ, ღამით ცხენთან მივიდნენ ელენე და მისი ახალი მეუღლე დეიფობოსი. ელენე ცხენს გარს უვლიდა, ფერდებს ხელს ადებდა და მუცელში მყოფ გმირებს მათი ცოლების ხმებით უხმობდა. როგორც ჩანს, ელენემ იცოდა, ვინ იქნებოდა ხის ცხენის მუცელში (იგი მხოლოდ მუცელში მყოფი გმირების ცოლებს ბაძავდა). ცხენის გარშემოვლა (სამჯერ შემოუარა) და საყვარელ ცოლებს დანატრული კაცების გამოხმობა ძალიან ვერაგი ხერხია (ერთ-ერთი ფოლკლორული მოტივიც. ამ ეპიზოდში ელენე შეიძლება შევადაროთ სირენას, რომელიც ხმით ღუპავს მამაკაცებს). ელენე თავის მზაკვრობას წარმატებით დააგვირგვინებდა, ათენა რომ არ ჩარეულიყო. ცხენიდან აქაველების გამოხმობისას ელენეს ახლავს თავისი ახალი ქმარი, რომელსაც მენელაოსი ,,ღვთაებრივს” უწოდებს. ის, რომ დეიფობოსი ელენეს იმჟამინდელი ქმარია, ტექსტში აღნიშნული არ არის. ტროას ციკლის გადმოცემების მიხედვით ცნობილია, რომ პარისის სიკვდილის შემდეგ ელენე დეიფობოსის ცოლი გახდა (V, 9, 22). ეს რომ მართლაც ასეა, იქიდანაც ჩანს, რომ ცხენის მუცლიდან გამოსვლის შემდეგ აქაველი გმირები სხვადასხვა მიმართულებით გაემართნენ და ქალაქის გაჩანაგება დაიწყეს. ოდისევსი კი მენელაოსთან ერთად დეიფობოსის სახლს მიადგა (სადაც ელენე ეგულებოდა).

სავსებით ნათელია, რომ „ხის ცხენის“ ეპიზოდი ორმაგ დატვირთვას ატარებს: ერთი მხრივ, ყველაზე თვალსაჩინოდ წარმოაჩენს ოდისევსის წინდახედულებასა და გამჭრიახობას, მეორე მხრივ, ყველაზე ,,წამგებიანია” ელენესათვის. სპარტიდან წასვლის შემდეგ მას ასე აშკარად და უღვთოდ (ფიცი გატეხა) არ უმტრია თავისიანებისთვის. მხოლოდ გაბრუებულ, გონებადაბინდულ ადამიანს (ადამიანებს) თუ შეუძლია ეს ამბავი აღიქვას არა ისე, როგორც სინამდვილეში იყო, არამედ ისე, როგორც ეს ელენეს სურს. ამ ეპიზოდში თავისიანების მოღალატე ელენე საინტერესო ფიქციას ქმნის და ყველას აჯერებს თავის ერთგულებაში. ელენე მიზანს აღწევს რამდენიმე საშუალებით: უპირველეს ყოვლისა, თავისი იმდროინდელი სტატუსით – იგი კვლავ სპარტის დედოფალია, მენელაოსის მეუღლე (მენელაოსი მის ღალატზე თუ „ღალატებზე“ ან არ ლაპარაკობს, ან ღვთაების ნებას მიაწერს). ელენე „მქსოველი“ ქალია (სირენაც)8, შეუძლია თავის „ბადეში“ მოაქციოს ყველა, ვისაც მოისურვებს. ამას ემატება ჯადოსნური წამალიც. საბოლოო ჯამში, სპარტელი ცოლ-ქმრის მიერ მოყოლილი ხის ცხენის ამბებების მოსმენის შემდეგ რჩება ერთადერთი განცდა – ტროაში ღმერთების ნებით გატაცებული ელენე მხოლოდ აქ, თავის სამშობლოში, საყვარელ ქმარ-შვილშია ბედნიერი. სხვა ყველაფერი მისი ნების გარეშე მოხდა. ისმის კითხვა: რა მიზანი აქვს ელენეს მისტიფიკაციას?! მას ხომ სტატუსი აღდგენილი აქვს (კვლავ სპარტის დედოფალია), თანაც ზევსის ასულს წარსულს არავინ ახსენებს. საქმე ისაა, რომ „ოდისეაში“ ოჯახისადმი ერთგულების უზენაესობაა წამოწეული. ამ პოემის გმირი და მისაბაძი პერსონაჟია Ppenelope – ერთგული ცოლი და დედა. პენელოპე კლიტემნესტრასა და ელენეს (რომლებიც ერთი დედის შვილები არიან) ბიძაშვილად ერგება. ისინი ერთი თაობისანი არიან. ამ ქალებს სხვადასხვაგვარი ბედი ერგო: კლიტემნესტრამ მოკლა საკუთარი ქმარი – აგამემნონი. ელენე მუდამ ახალი ქმრის ძიებაშია. მხოლოდ პენელოპემ შეინარჩუნა მეუღლის ერთგულება, მან ოცი წელი უცადა ოდისევსს და საარაკო სახელი მოიხვეჭა. თუ „ილიადა“ ელენეს აპოთეოზია, „ოდისეა“ პენელოპეს სახოტბო პოემაა. შინ, სპარტაში, დაბრუნებულ ელენეს სურს ჰგავდეს პენელოპეს. სწორედ ამიტომ მიმართავს იგი მისტიფიკაციას.

ამრიგად, „ხის ცხენის“ ამბავი სამი პერსონაჟის საჯილდაო ქვაა. ოდისევსს ამ გმირობამ უჭკნობი სახელი და ყველაზე გონიერი აქაველის სტატუსი მოუპოვა. ელენესთვის ეს (პარისთან ერთად გაქცევის შემდეგ), რბილად რომ ვთქვათ, ყველაზე საჩოთირო ეპიზოდია. ელენეს ხიბლით გაბრუებული მენელაოსი კი ამ ფაქტში მხოლოდ ოდისევსის ვაჟკაცობასა და ბერძენთა გამარჯვების უპირობო აუცილებლობას ხედავს. ასე რომ, ხის ცხენის ამბის ინტერპრეტაცია საინტერესო შტრიხებს ჰმატებს „ოდისეას“ პერსონაჟებს. ეს არის ჩინებული ნიმუში ერთი ამბის სხვადასხვაგვარად წარმოჩენისა; საგულისმო ისაა, რომ სამივე შემთხვევაში ერთი რამ უდავოა – „ხის ცხენის“ იდეის სულისჩამდგმელი და წარმატებით დამგვირგვინებელი ოდისევსია. როგორც ვთქვით, „ხის ცხენის ამბავი“ ოდისევსისთვის ტროას ეპოპეის გვირგვინია. ოდისევსის ვაჟსაც სწორედ იმიტომ უყვებიან ამ ამბავს, რომ სრულად გაიცნობიეროს უცნობი მამის წვლილი ტროას ომში და სხვა ბერძენ გმირთაგან განმასხვავებელი თვისება – „ჭკუაულევობა“.

Three Interpretations for One Episode in the Odyssey (The story of the Trojan horse)

Rusudan Tsanava

At the mention of the mythic cycle of Troy and the Homeric poems, a literate reader will promptly recall several flying phrases – first of all, „the apple of discord“, „Achilles“ heel and „the Trojan (wooden) horse“. These syntagmas may be regarded as signifiers which on the one hand represent highly important structural elements of the great myth, and on the other hand, correspond to a particular situation and denote quite a number of circumstances related to either everyday life activities or to general concepts. The story of the wooden horse is included in the Odyssey, which to a certain extent completes the Iliad. The reader is well aware that the Iliad describes several days in the tenth year of the war. As concerns the fall of Ilium, this happened with the help of a wooden horse, after the death of Achilles and Paris. The wooden horse is not merely a mythic figure. It has a sacral function as the wall around Ilium was erected by gods (Apollo and Poseidon); and it was also under the divine will that Ilus found the site where the city was to be built. The paper will focus on three passages from the Odyssey. Since they all tell the story of the wooden horse, we are given an opportunity to read the same story in different ways – or rather, to see how different characters can give an account of one and the same story. The first protagonist is Demodocus – a blind aedios from Scheria (The Odyssey, Book 8). His story is true and unbiased, which is attested by Odysseus himself. The second and third stories are told by Menelaus and Helen (The Odyssey, Book 4). The paper pays particular attention to Helen’s story and the atmosphere she created before starting the conversation (she put a magic drug in the vine and was continuously spinning as she talked to Menelaus). According to the episode, Helen is an oath breaker and a traitor. However, she succeeds in dazing the listeners and picturing herself innocent (fiction). Evidently, the story of the wooden horse is very important to the three characters: through the courageous act Odysseus attains unfading glory and the renown of the shrewdest of all Achaeans. For Helen, it is the second most embarrassing event after her escape with Paris. Menelaus, dazed with Helen’s charm, discerns nothing in the event but the chivalry of Odysseus and the unconditional victory of the Greek people. So, the interpretation of the story about the wooden horse discloses some more interesting traits of the characters of the Odyssey. It perfectly illustrates how the same story can be related in three different ways. Anyway, what the three accounts have in common is the indisputable and invaluable role of Odysseus: he is the initiator and the chief implementer of the „wooden horse“ ploy; he is the crown of the Trojan epopee. Telemachus, son of Odysseus, is told this story in order to fully comprehend the contribution of his unknown father to the victory and his unparalleled property which made him different from other Greek heroes his infinite shrewdness.

__________________

1. ეს პალადიონი სამი წყრთის სიგრძისა იყო; მარჯვენა ხელში შუბი ეჭირა, მარცხენაში – ჯარა და თითისტარი (Apollod. 111, 12, 30). ეს იყო ათენას უძველესი ხის გამოსახულება – ათენა-ერგანე. ამ პალადიონმა, ხის ცხენის მსგავსად, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ტროას მითიურ ისტორიაში: მისი უჩვეულო ჩამოშვებით ციდან იწყება ილიონის აღმშენებლობა; გამოსახულების გატაცებისთანავე ინგრევა ილიონი. ტროას დაარსებისა და დანგრევის მითიური და ისტორიული ამბები, სხვასასხვა წყაროზე დაყრდნობით, გადმოცემულია სტრაბონის „გეოგრაფიაში“ (Strab. XIII, 1-3).

2. მითიური ქალაქების დაარსების შესახებ იხ.: ცანავა რ. მითორიტუალური მოდელები, სიმბოლოები ანტიკურ მწერლობაში და ქართული ლიტერატურულ-ეთნოლოგიური პარალელები, თბილისი 2005:252-265.

3. „ოდისეას“ ტექსტი დამოწმებულია გამოცემიდან: Homer, Odyssey, With Introduction, Notes, ets. W.W. Merry. Vol.I- II. Oxford 1870. შესაბამისი ქართული თარგმანი ჩემია.

4. 499-ე ტაეპის ვ. მერისეულ კომენტარში წერია: ώ φάθ, ό δε όρμηθεί θεον – ასე თქვა ღმერთით აღძრულმა (მოვედ by the god). ტროას მითის მიხედვით, ომის მეათე წლის ბოლოს ბერძნებმა ეშმაკობას მიმართეს. მათ ტროელებს ისე მოაჩვენეს თავი, თითქოს შინ ბრუნდებოდნენ. თავიანთ ხომალდებში ჩასხდნენ და საკუთარი ბანაკი გადაწვეს. სინამდვილეში კი შორს არ წასულან; იქვე მახლობელ კუნძულს ამოეფარნენ და ბნელი ღამის დადგომას დაელოდნენ, რათა უკან მობრუნებულიყვნენ. ამაზე იხ.: Verg. Aen. II, 21-დან.

5. 509-ე ტაეპის კომენტარი: ήέάαν οr to leave it there as a splendd present, to be a peace-offering to the Gods. 6 ტექსტში მოთხრობილია, რომ ეს ოქროს ჯარა ელენეს ეგვიპტის ქალაქ თებეს დედოფალმა ალკანდრემ, მეფე პოლიბოსის მეუღლემ, უძღვნა (სხვა საჩუქრებთან ერთად) IV, 125-132.

7. ვ. მერის აზრით, დაზუსტებით არ შეიძლება იმის თქმა, რა წამალი შეურია ელენემ ღვინოს. პლუტარქეს აზრით, ეს პასაჟი ასახავს ელენეს მჭევრმეტყველების ჯადოსნურ ზემოქმედებას. თანამედროვენი კი ფიქრობენ, რომ ელენემ გამოიყენა ოპიუმი.

8. ობობა „დიდი დედის“ ტიპის ქალღვთაებათა ერთ-ერთი იკონოგრაფიული ინსიგნია. ცნობილია, რომ მხოლოდ მდედრი ობობა აკეთებს ბადეს. ეს ობობები თავად ირჩევენ მამრ პარტნიორებს და განაყოფიერების შემდეგ მათ კლავენ. ე.წ. ობობა-ქალები იმ სემანტიკურ მწკრივში შედიან, რომლებიც მუდმივად ახალი მამრის ძიებაში არიან.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s