თამარ ლომიძე _ რითმა – სინტაგმა თუ სისტემა?


უკვე თითქმის ნახევარი საუკუნეა, რაც რ. იაკობსონის ნაშრომი „ენის ორი ასპექტი და აფაზიური დარღვევების ორი ტიპი“ ლიტერატურათმცოდნეობაში საყოველთაო აღიარებით სარგებლობს. მან ცხადჰყო, რომ შესაძლებელია ფილოლოგიური კვლევების ახალი მიმართულებით წარმართვა ნეიროფსიქოლოგიისა და, კერძოდ, აფაზიოლოგიის მონაცემების გათვალისწინების მეშვეობით.

ამასთან, იაკობსონის იდეებმა (რომლებიც მეცნიერის სხვა ნაშრომებშიც აისახა) ვერ ჰპოვა შემდგომი განვითარება ფილოლოგიაში, თუმცა მათ წარმატებით იყენებენ ნეიროფსიქოლოგები (იხ. მაგ., 1; 5; 6; 9; 13). ლიტერატურათმცოდნეები, ჩვეულებრივ, იფარგლებიან მხოლოდ დადებითი შეფასებებისა ან კრიტიკული შენიშვნების გამოთქმით იაკობსონისეული დებულებების მიმართ.

ერთადერთი შედეგი, რომელიც მოჰყვა ამ სტატიის გამოქვეყნებას, იყო ინტერესის გამ- ძაფრება მეტაფორისა და მეტონიმიის მიმართ, რომელთა ბუნების კვლევისას გამოიყენებოდა ლოგიკის, ზოგადი ფსიქოლოგიის (მაგრამ არა აფაზიოლოგიის) და სხვა მეცნიერებათა მიერ შემუშავებული მეთოდები. შესაბამისად, „ლიტერატურისმცოდნეობაში დარჩა, – ირონიულად შენიშნავს ჯ.ჯენეტი, – ფიგურათა უზადო წყვილი, რომელიც გარდუვალად თავს იწონებს… ჩვენი დღევანდელი რიტორიკის საპატიო ადგილას – მეტაფორა და მეტონიმია“ (7, 20). ეს „ტროპოლოგიური რედუქცია“, ჟენეტის აზრით, განხორციელდა „უკვე რუსული ფორმალიზმის პრაქტიკაში“ (7, გვ. 20.).

ჟენეტის კრიტიკული შენიშვნები სამართლიანია იმ ფილოლოგიური ნაშრომების მიმართ, რომლებშიც, იაკობსონის იდეების ზედაპირული ათვისების შედეგად, ძირითადი აქცენტი გადატანილ იქნა მხოლოდ ამ ორი ზემოხსენებული ტროპის არსის განხილვაზე. მეორე მხრივ, კვლევის ის მიმართულება, რომელიც განუხორციელებელი დარჩა, ყოველი „ტროპოლოგიური ფიგურის“ სპეციფიკის გამოვლენის საშუალებას მოგვცემდა.

საგულისხმოა, რომ ჟენეტი საყვედურობს იაკობსონს აგრეთვე „სინეკდოქეს ცალმხრივ რედუქციას მეტონიმიისადმი“ (7, გვ. 22). უნდა აღინიშნოს, რომ ამ ტენდენციის გარკვეულ საფუძვლად გვევლინება როგორც მეტონიმიისა და სინეკდოქეს ანალიტიკური არსი, ასევე – საკმაოდ გავრცელებული ტრადიცია, რომლის მიხედვით, სინეკდოქე მეტონიმიის კერძო სახეობად განიხილება.

რაც უფრო არსებითია, იაკობსონის ნაშრომებში განხორციელებული „ტროპოლოგიური რედუქციის“ მიზეზია მეცნიერის ღრმა ინტერესი აზროვნების ზოგადი კანონზომიერებებისადმი, რომელთა შესასწავლადაც მან მიმართა ნეიროფსიქოლოგიას. სახელდობრ, ამ მეცნიერების მიხედვით, „აღქმის პარადიგმატულ, სინთეზურ და, მეორე მხრივ, სინტაგმატურ, ანალიტიკურ ტიპებს უზრუნველყოფენ თავის ტვინის განსხვავებული სისტემები“ (11, გვ. 18). „მარცხენა ნახევარსფეროში ინფორმაციის გადამუშავება… დისკრეტული, თანმიმდევრული ხასიათისაა, ხოლო მარჯვენა ნახევარსფერო მუშაობს ერთიანობის, ერთდროულობის, სინთეზურობის პრინციპით“ (17, გვ. 128).

თვით მარცხენა, „მეტყველ“ ნახევარსფეროში გამოიყოფა საგანგებო ზონები, რომელთა შორის განაწილებულია სინტაგმატური და პარადიგმატული ენობრივი ოპერაციები. კერძოდ, ტვინის ქერქის უკანა ზონების ფუნქციებს შეადგენს პარადიგმატული ენობრივი ოპერაციების უზრუნველყოფა, ხოლო შუბლის წილი განაგებს სინტაგმატურ სამეტყველო ოპერაციებს.

შეიძლება მოგვეჩვენოს (იაკობსონის ნაშრომების სახით არსებული პრეცედენტის მიუხედავად), რომ ლიტერატურათმცოდნეობით ნაშრომში არაკორექტულია თავის ტვინის ზონების არსებით ფუნქციათა მითითება, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ლინგვისტიკის გამოცდილება. მისი მეტად პერსპექტიული დარგები – ფსიქოლინგვისტიკა და ნეიროლინგვისტიკა ამდიდრებენ, ერთი მხრივ, ლინგვისტიკას, მეორე მხრივ კი – ნეიროფსიქოლოგიას საინტერესო მიგნებებით. „თანამედროვე ლინგვისტიკის მიღწევები გასცდა საკუთრივ ენის სტრუქტურის შესწავლის ფარგლებს და დაუკავშირა ენათმეცნიერება მომიჯნავე ბიოლოგიურ დისციპლინებს. სწორედ ლინგვისტებმა (და არა ფსიქოლოგებმა) დაიწყეს მსჯელობა ენის ბიოლოგიური წანამძღვრების შესწავლის ჭარბ აქტუალობაზე, რისთვისაც აუცილებელია ბიოლოგებისა და ლინგვისტების თანამშრომლობა“ (6, გვ.7).

თანამედროვე პირობებში, როდესაც მეცნიერებათა ინტეგრაციის პროცესი საყოველთაო ხასიათს ღებულობს, ეს გამოცდილება უთუოდ გასაზიარებელია. აქვე უნდა მივუთითოთ, რომ ფსიქოლოგიისა და, კერძოდ, აფაზიოლოგიის მონაცემებზე დაყრდნობით შეიქმნა ვიაჩ.ვს. ივანოვის საყურადღებო ფილოლოგიური გამოკვლევები. ამ მონაცემებს ითვალისწინებდა ს. მ. ეიზენშტეინიც, რომლის თეორიულმა ნაშრომებმა ბოლო ხანებში ფართო პოპულარობა მოიპოვა, მათ შორის – ლიტერატურათმცოდნეთა შორისაც. საგულისხმოა ისიც, რომ მ. მ. ბახტინის კლასიკურ გამოკვლევას ქრონოტოპის შესახებ საფუძვლად დაედო ფიზიოლოგ უხტომსკის იდეები.

აფაზიოლოგია შეისწავლის თავის ტვინის დაზიანებათა შედეგად წარმოშობილ მეტყველებით დარღვევებს. რამდენად გამართლებულია ამ მეცნიერების დებულებათა მოხმობა მხატვრული მოღვაწეობის ანალიზისას?

რა თქმა უნდა, შემოქმედებასა და აფაზიურ დარღვევათა შორის ანალოგიური ტენდენციების დაფიქსირება არ ნიშნავს უშუალო პარალელის გავლებას შემოქმედის ფსიქიკურ მდგომარეობასა და ნევროლოგიურ დაავადებებს შორის. უბრალოდ, „ყოველი ადამიანის ინდივიდუალური თავისებურებების ვარიაბელურობა ნორმაში განპირობებულია ქერქის ფორმაციების არათანაბარი განვითარებით, აგრეთვე, – ქერქის ცალკეული ფორმაციების განვითარების უპირატესი ხარისხით“ (6, გვ. 211), რაც განაპირობებს ამა თუ იმ შემოქმედისთვის დამახასიათებელი აღქმისა და აზროვნების ვარიაბელურობას, ანუ მისი ფსიქოლოგიის ინდივიდუალურ თავისებურებებს.

* * *

ჩვენი გამოკვლევა მიზნად ისახავს პოეტური მეტყველების არსებითი ელემენტების სინტაგმატური ან პარადიგმატული პლანებისადმი მიკუთვნების მართლზომიერების დადგენას. შესაბამისად, პირველ რიგში წარმოჭრება პოეტური ტექსტის უმნიშვნელოვანესი კომპონენტის – რითმის არსის გარკვევის პრობლემა.

ლექსმცოდნეობაში რითმის კვლევა ერთგვარი ცალმხრივობით ხასიათდება. რითმათა ლექსიკონები იფარგლებიან მხოლოდ რითმათა სახეობების სტატისტიკური აღრიცხვით, რაც საკმარისი არაა ამ ფენომენის ყოველმხრივი შესწავლისათვის. ამიტომ რითმის მრავალი ასპექტი გაურკვეველი რჩება.

უპირველეს ყოვლისა, დასადგენია, მეტყველების რომელ პლანს განეკუთვნება რითმა – სინტაგმატიკას თუ პარადიგმატიკას. რ. ბარტის აზრით, „ბგერით დონეზე, ესე იგი, აღმნიშვნელთა დონეზე, რითმათა ერთობლიობა წარმოქმნის ასოციაციურ სფეროს; მაშასადამე, არსებობს რითმული პარადიგმები. ეს ნიშნავს, რომ გარითმული გამონათქვამები ამ პარადიგმათა მიმართ წარმოადგენს სინტაგმადქცეული სისტემის ფრაგმენტს“(2, გვ. 56). ამიტომ, რ. ბარტის შეხედულებით, „ამ ორი პლანის ნაპირები თითქმის გადაფარავენ ურთიერთს, რაც არღვევს ნორმალურ მიმართებას სისტემასა და სინტაგმას შორის“ (2, გვ. 55). რითმა, მეცნიერის აზრით, გვევლინება თავისებური „სტრუქტურული სკანდალის“ სახით, რადგან ერთდროულად წარმოადგენს სისტემას (პარადიგმატიკის პლანი) და სინტაგმას.

დავაზუსტებთ, რომ სოსიური, რომლის დებულებებსაც ემყარებოდა იაკობინსონი, ხაზგასმით აღნიშნავდა პარადიგმის (სისტემის) შემადგენელი ერთეულების იმ თვისებას, რომ ისინი შეკავშირებული არიან გარკვეულ კოდში და მეხსიერებაში წარმოქმნიან ჯგუფებს, რომელთა შიგნითაც თავს იჩენს სხვადასხვაგვარი მიმართებები (14, გვ. 155). რაც შეეხება სინტაგმას, „მისი ერთეულები შეუღლებულია კოდშიც და შეტყობინებაშიც ან მხოლოდ მოცემულ შეტყობინებაში“ (17, გვ. 114). აქედან გამომდინარე, რითმული პარადიგმების არსებობა პოეტის მეხსიერებაში არ ნიშნავს, რომ რითმაში სინტაგმატიკისა და პარადიგმატიკის პლანები ურთიერთს გადაფარავს. რითმა ეფუძნება კომბინაციურ პრინციპს – სარითმო ერთეულების ფონოლოგიური მსგავსების, ან ამ მსგავსების უმნიშვნელოდ გამოხატვის შემთხვევაშიც, რადგან მისი წევრები აუცილებლად მონაწილეობენ მეტყველებაში სინტაგმატური მიმდევრობის სახით, მაშინ, როდესაც სელექციისას (პარადიგმატული ოპერაციებისას) მეტყველებაში მონაწილეობს (ან არ მონაწილეობს) პარადიგმის მხოლოდ ერთ-ერთი წევრი.

სხვა საქმეა, რომ თვით სინტაგმის ესა თუ ის სახესხვაობა ზოგჯერ უახლოვდება არა პარადიგმატულ პლანს (რადგან სინტაგმა ყოველთვის ინარჩუნებს თავის არსს), არამედ – აზროვნების პარადიგმატულ (ანუ მეტაფორულ – იაკობსონის ტერმინოლოგიით) ღერძს. ეს ის შემთხვევაა, როდესაც მეტყველებითი მწკრივის მეზობელი წევრები უკავშირდებიან ურთიერთს მსგავსების მიხედვითაც. ამასთან, აქ დაუშვებელია მსჯელობა „სინტაგმადქცეული სისტემის“ შესახებ. უბრალოდ, სინტაგმა მერყეობს აზროვნების პარადიგმატულსა და სინტაგმატურ პლანებს შორის.

ამგვარდ, იაკობსონისეული ტერმინი „აზროვნების მეტაფორული და მეტონიმიური ღერძები“ (ანუ აზროვნების პარადიგმატული და სინტაგმატური პლანები) უფრო ფართო შინაარსის მქონე ცნების სახით წარმოგვიდგება, ვიდრე საკუთრივ ენასა და მეტყველებაში გამოხატული შესაბამისი პლანებია. ესაა ერთ-ერთი არსებითი სიახლე, რომელიც იაკობსონმა შემოიტანა ლინგვისტიკასა და ლინგვისტურ პოეტიკაში. ამ ცნების საშუალებით შეიძლება განიმარტოს სინტაგმის არსის არაერთმნიშვნელოვნება (ის, რომ სინტაგმა ზოგჯერ პარადიგმის თვისებებს ავლენს), რაც სოსიურის გაოცებას იწვევდა (14, გვ. 157).

მაშასადამე, რითმა ესაა სინტაგმა, რომელიც იხრება ხან აზროვნების მეტაფორული, პარადიგმატული ღერძისკენ (მისი შემადგენელი ერთეულების ფონოლოგიური მსგავსებისას), ხან კი – აზროვნების მეტონიმიური, სინტაგმატური ღერძისკენ (ამ ერთეულების ფონოლოგიური განსხვავების შემთხვევაში). ამასთან, რითმა რჩება სინტაგმად, როგორც მეტყველებითი ჯაჭვის ნაწილი, მაგრამ არ მიეკუთვნება ერთ რომელიმე სააზროვნო პოლუსს.

სწორედ ამიტომ რითმის კვლევა აფაზიოლოგიის მონაცემთა საფუძველზე რამდენადმე განსხვავებული გზებით უნდა წარიმართოს, ვიდრე ამას გვიკარნახებს მეტაფორისა და მეტონიმიის იაკობსონისეული ანალიზი. მეტაფორა ერთმნიშვნელოვნად განეკუთვნება მეტყველებისა და აზროვნების პარადიგმატულ პლანს, ხოლო მეტონიმია – მეტყველებისა და აზროვნების სინტაგმატურ პლანს. რითმა კი – სინტაგმატიკის პლანში გამოხატული ბინარული სტრუქტურისა (უმარტივეს შემთხვევაში, რომელსაც ამჯერად განვიხილავთ) და მისი შემადგენელი ერთეულების ურთიერთთანაფარდობის მერყეობის გამო, თვისებრივად განსხვავებულ მოვლენად წარმოგვიდგება და სპეციფიკურ ანალიზს საჭიროებს.

კიდევ ერთი არსებითი გარემოება, რომელსაც, ჩვეულებრივ, ივიწყებენ რითმისა და, საერთოდ, პოეტური მეტყველების შესწავლისას, ისაა, რომ პოეტური მეტყველება, როგორც არ უნდა განსხვავდებოდეს ის ყოფითი მეტყველებისაგან, მაინც მეტყველების ერთ-ერთი სახეობაა, თუმცა სპეციფიკური ნიშნებით ხასიათდება. მეტყველებისა და აზროვნების ბუნების გარკვევისას კი საგულისხმოა, რომ „… სიტყვიერი აზროვნება წარმოადგენს მეტყველების გადატანას შიდა პლანში, … აზროვნება არის პაექრობის გადატანა შიდა პლანში; ზუსტად ასევე, სიტყვის ფსიქიკურ ფუნქციას ვერ განვმარტავთ, თუ საამისოდ არ მოვიხმობთ უფრო ვრცელ სისტემას, ვიდრე ადამიანია. თუ გვსურს დავაკვირდეთ, როგორ ფუნქციონირებს სიტყვა ადამიანის ქცევაში, მაშინ უნდა განვიხილოთ, როგორ ფუნქციონირებდა ის ადამიანთა სოციალურ ქცევაში“ (4, გვ. 12).

მართლაც, სიტყვის, მეტყველების უპირველესი და ძირითადი ფუნქციაა სოციალური ფუნქცია. ამ ფაქტს, ჩვეულებრივ, ანგარიშს არ უწევენ ლიტერატურული ქმნილებების ანალიზისას, რომელთაც წარმოადგენენ, როგორც მხოლოდ და მხოლოდ ინდივიდუალური მოღვაწეობის ნაყოფს, თითქოს შემოქმედი ჩართული არ იყოს სოციალური ურთიერთობების რეალურ სისტემაში. სიტყვიერად გაფორმებული ყოველგვარი აზროვნება (მათ შორის – პოეტური შემოქმედებაც) წარმოადგენს „პაექრობის გადატანას შიდა პლანში“. შესაბამისად, თუნდაც მეტყველება და აზროვნება იზოლაციის პირობებში მიმდინარეობდეს, ის ყოველთვის გულისხმობს პოტენციურ თანამოსაუბრეს. ზემონათქვამი განსაკუთრებით აქტუალურია კულტურული ფენომენების მიმართ, რადგან „ყოველივე კულტურული სოციალურს წარმოადგენს“ (4, გვ. 145).

რითმის ბინარული სტრუქტურა (ის, რომ რითმა შედგება ორი ერთეულისგან მაინც) მიგვანიშნებს, რომ რითმა უნდა გავიაზროთ არა როგორც ბგერითი კომპლექსების თანახმიერება (თუნდაც მინუს ნიშნით), არამედ – როგორც ანტაგონისტური (ბგერით ან სემანტიკურ ასპექტში) ბგერითი კომპლექსების ერთობლიობა (სხვაგვარად ნიველირდება თვით ბინარული ურთიერთდაპირისპირების, „პაექრობის“ ფაქტი).

აშკარაა, რომ ესა თუ ის სიტყვა განსხვავებულად აღიქმება იმისდა მიხედვით, თუ რომელი ადგილი განეკუთვნება მას სარითმო წყვილში – პირველი თუ მეორე. პირველი სარითმო სიტყვა თავისუფალია მომდევნო სიტყვების ზეგავლენისაგან (როგორც ტაეპის ბოლო სიტყვა). ამიტომ მასზე ზემოქმედებს „სალექსო რიგის მიჯნის სემანტიკური წინწამოწევის კანონი“ (16, გვ. 67). სემანტიკური ასპექტის გამძაფრება განსაზღვრავს ამგვარი სიტყვის ბგერითი შემადგენლობის აღქმის სიმულტანურობას, დაუნაწევრებლობას. ამ დროს მოსალოდნელია რითმული პარადიგმების ამოტივტივება მეხსიერებაში, მაგრამ სარითმო წყვილის მეორე წევრის აღქმამდე ის (პირველი სიტყვა) განუყოფელი მთლიანობის სახით წარმოგვიდგება. სწორედ სარითმო წყვილის მეორე წევრის მეშვეობით ხორციელდება საკუთრივ გარითმვა, ანუ ის ანალიტიკური ოპერაცია, რომლის დანიშნულებაა სარითმო სიტყვების საერთო და განსხვავებული ფონოლოგიური ელემენტების გამოყოფა.

რითმის ეს თვისებები ააშკარავებს, რომ მასში მონაწილეობს როგორც სინთეზი, ასევე – ანალიზი (ანუ, შესაბამისად, პარადიგმატიკა და სინტაგმატიკა). საყურადღებოა, რომ რითმათა სახესხვაობებს შეესაბამება აფაზიურ დარღვევათა განსხვავებული ტიპები, რომლებიც ლოკალიზებულია თავის ტვინის მარცხენა ნახევარსფეროს იმავე ზონებში, სადაც ხორციელდება სინტაგმატური და პარადიგმატული ენობრივი ოპერაციები.

კერძოდ, ტავტოლოგიურ ან ომონიმურ რითმას, სადაც სარითმო წყვილის მეორე წევრი, ფაქტობრივად, ვერ ახორციელებს თავის ფუნქციებს, შეესაბამება მეტყველების ექოლალიური დარღვევები. ასეთ შემთხვევაში წარმოიშობა ე.წ. დინამიკური აფაზია, როდესაც „დარღვეულია ენობრივ ელემენტთა ურთიერთდაკავშირების პროცესი, …. პაციენტების მეტყველების „უჩვეულობა“ უკავშირდება სწორედ ელემენტთა კომბინირების რგოლს“ (12, გვ. 62). შეკითხვაზე ავადმყოფი პასუხობს იმავე შეკითხვით, ე.ი. იმეორებს შეკითხვაში გამოყენებულ სიტყვებს. დაავადების საერთო ნიშანია „გაბმული ინტონაციურ-გამომსახველობითი მეტყველების უხეში დარღვევა“ (8, გვ.18). ირღვევა დროის აღქმა, რომელიც სუქცესიური, ანალიტიკური პროცესია. პოეტურ მეტყველებაში ამ რიგის მოვლენებს, ომონიმური და ტავტოლოგიური რითმების გარდა, მიეკუთვნება ზუსტი რითმაც, რომელიც უკანასკნელი მეტრული მახვილით განპირობებული „ნაჭრევის“ მომდევნო მთლიანობის სახით აღიქმება და ცალკეულ, ფონოლოგიურად იდენტურ „სიტყვათა“ სახით წარმოგვიდგება.

არაზუსტ რითმას აფაზიოლოგიაში შეესაბამება მარცხენა ნახევარსფეროს კეფა-თხემის წილის დაზიანებისას წარმოქმნილი ე.წ. ამნესტიკური აფაზიით განპირობებული „პარაფაზიები“ – „საჭირო სიტყვის შენაცვლება იმგვარი სიტყვით, რომლებიც მხოლოდ უახლოვდება ამ სიტყვას აზრობრივი, მორფოლოგიური ან თუნდაც ფონეტიკური ნიშნით“ (10, გვ. 169). ამასთან, სიტყვები გამიჯნულია მნიშვნელოვანი გრძლიობის პაუზებით, „რომელთა გამოხატულება პირდაპირპროპორციულია გამონათქვამის დამოუკიდებლობის ხარისხისა“ (6, გვ. 162). დარღვეულია სივრცის აღქმა, კერძოდ, მარცხენა-მარჯვენა ორიენტირება. ბუნებრივია, პარაფაზიები მიგვითითებს სინტაგმატიკის პლანის უპირატესი გამოვლენის შესახებ. ზემოთქმულიდან გამომდინარე, რითმის სახეობის მიხედვით შეიძლება ვიმსჯელოთ პოეტურ ტექსტებში დროითი ან სივრცული აღქმის გამოხატვის შესახებ, იმისდა მიხედვით, თუ აფაზიის რომელ სახეობას შეესაბამება კონკრეტულ ტექსტში გამოყენებული გარითმვის სისტემა. ეს ფაქტი ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან პოეტურ ტექსტებში დროითი და სივრცობრივი კატეგორიები ძნელად ექვემდებარება ფორმალიზებას.

ამნესტიკური აფაზიისთვის დამახასიათებელი ის თვისება, რომ გაბმული მეტყველება ამ დაავადებისას წყვეტას განიცდის, აზროვნების სინტაგმატური ღერძის გამოხატულებაა და მას გარკვეული პარალელები დაეძებნება პოეტური მეტყველების სტრუქტურაში.

თვით ნორმალურ მეტყველებაშიც სიტყვები გამიჯნულია თავისებური ნაპრალებით: „სიტყვა – მეტყველებითი ჯაჭვის ის ნაწილია, რომელიც ორ ნაპრალს შორისაა მოთავსებული. სხვაგვარად, სიტყვა უნდა განვსაზღვროთ არა თავისთავად, არამედ – იმ ნაპრალების მეშვეობით, რომლებიც მიუთითებენ მის დასაწყისსა და დაბოლოებაზე“ (15,37). გაბმულ მეტყველებაში ამგვარი ნაპრალების გამოვლენა ძნელია, თუმცა მათი არსებობა ეჭვმიუტანელია.

პოეტურ მეტყველებაში სიტყვათშორისი ნაპრალები ისევე შეუმჩნეველია, როგორც – ყოფით მეტყველებაში. უფრო მეტიც: სავარაუდოა, რომ რიტმისა და ტაეპის შემამჭიდროვებელი სხვა ფაქტორების ზეგავლენით პოეტური ტექსტის სიტყვათაშორისი ნაპრალები მცირდება და მეტყველების ნაკადი კონტინუალური ხდება.

ამასთან, პოეტურ მეტყველებაში თავს იჩენს ახალი, ტაეპთაშორისი ნაპრალები, რომლებიც ფიქსირდება არა მარტო გრაფიკულად, არამედ – ინტონაციურადაც (პაუზა). ეს ნაპრალები სხვა არაფერია, თუ არა მეტყველებითი ჯაჭვის წყვეტა, რომელიც თავისთავად უმნიშვნელოვანესი ფაქტორია და ზემოქმედებს სალექსო ენის ელემენტების, კერძოდ – სარითმო სიტყვების სემანტიკაზე.

ტაეპის მიჯნაზე არსებული ნაპრალი არასრულია, არააბსოლუტური, რადგან ტაეპები შეკავშირებულია აზრობრივად და რიტმის მეშვეობით. თუ ტაეპში გადმოცემულია დასრულებული აზრი, მაშინ სინტაქსური პაუზა და ტაეპთაშორისი ნაპრალი ურთიერთს დაემთხვევა და ნაპრალი ღრმავდება. თუ სინტაქსური და ტაეპთაშორისი საზღვრები არ ემთხვევა ურთიერთს, მაშინ ტაეპთაშორისი ნაპრალი მცირდება. ცხადია, ტაეპთაშორისი ნაპრალები შეფარდებითი განზომილებისაა, რომლის შეფასება შესაძლებელია მხოლოდ მათი ურთიერთთანაფარდობის დადგენის მეშვეობით.

ამნესტიკური აფაზიისას მეტყველების წრფივი მიმდინარეობის წყვეტა ამ მოვლენასა და ტაეპთა გამმიჯვნელ ნაპრალებს შორის გარკვეული პარალელის გავლების საფუძველს იძლევა. სიტყვათა ნაკადის წყვეტა ნიშნავს მეტყველების გადანაცვლებას აზროვნების სინტაგმატური ღერძისაკენ. პოეტური ტექსტის წყვეტა (ტაეპთაშორისი ნაპრალების ზეგავლენით) განაპირობებს იმას, რომ ამგვარი ტექსტი წარმოადგენს დისკრეტული ერთეულებისგან (ტაეპებისგან) შედგენილ სინტაგმატურ მიმდევრობას.

საინტერესოა, რომ ა.რ. ლურია იმოწმებს მაგალითს ამნესტიკური აფაზიით დაავადებული ერთ-ერთი პაციენტისა, რომელიც შეუდგა თავისი ავადმყოფობის ისტორიის წერას და საამისოდ გამოიყენა გადმოცემის ერთადერთი ხერხი, რომელიც მის განკარგულებაში იყო – მიმართა გალექსილ ანუ რიტმიზებულ პროზას. ტექსტი მხოლოდ გრაფიკულად იყო გაფორმებული პროზის სახით და მოიცავდა პოეტური მეტყველების ყველა ელემენტს, მათ შორის – რითმასაც (9, გვ. 158-160).

წინამდებარე ნაშრომში მოკლედ შევეხეთ იმ ძალზე აქტუალურ საკითხს, რომელთა გადაწყვეტის გარეშე პოეტიკის, როგორც მეცნიერების განვითარება შეუძლებელია – ის დარჩება აღწერითი ხასიათის დისციპლინად. ლიტერატურისმცოდნეებმა უნდა გამოიყენონ აფაზიოლოგიაში არსებული მდიდარი მასალა, რომელიც ხელს შეუწყობს ფილოლოგიურ კვლევებს და ახლებური კუთხით წარმოაჩენს მრავალ პრობლემურ საკითხს. ამ ორი მეცნიერების ურთიერთდაახლოების შედეგად შესაძლებელი გახდება ცოდნის ჯერ კიდევ უცნობი სფეროების მოძიება.

Rhyme – Syntagm or System?

Tamar Lomidze

The article deals with the question of the poetic conception of Roman Jakobson. Because of superficial understanding of Jakobson’s ideas reproaches used to be expressed in connection with ,,tropological reduction” in his works. The reason of so-called ,,reduction” is the scientist’s profound interest in common regularities of human thinking only. In particular, Saussure’s opposition ,,languagespeech” Jakobson added the higher level to – metaphorical (paradigmatical) or metonymical (syntagmatical) poles of thinking and perception. In our article, in particular, some aspects of nature of rhyme are investigated on the basis of Jakobson’s conception. Which plan does the rhyme belong to? Is it syntagm or system? Apparently, rhyme is syntagm (when discussing it on the level of the opposition of language and speech), but it is bended to paradigmatical pole of thinking and perception (when it’s components are similar) or to syntagmatical pole of thinking and perception (when it’s components differ). It is worth noticing that different types of rhyme correspond to different types of aphasic disturbances. Especially, tautological or omonymical rhyme corresponds to dynamic aphasia, when it is breached the process of correlation of language elements, and the inexact rhyme corresponds to disturbances, caused by amnestic apasia, when the necessary word is replaced by the other word, which differs from the first by it semantic, morphological or phonetic signs.

გამოყენებული ლიტერატურა:

1. Ахутина Т.В. Нейролинггвистический анализ динамической афазии. М., 1975.

2. Барт Р. Основы семиологии – კრებ. Структурализм за и против. М., 1975

3. Выготский Л. С. Психология иксусства. М., 1968. 1968.

4. Выготский Л. С. История развития высших психических функций. Л.С. Выготский, собр. соч. в 6 томах,, т. 3. М. 1983

5. Глезер В.Д. Зрение и Мышленипе. М., 1985.

6. Глезерман Т.Б. Психофизиологические основы нарушения мышления при афазии. М., 1986.

7. Женетт Ж. Работы по поэтике 2, М., 1998

8. Лурия А.Р. Два вида нарушения понимания грамматических конструкций – Проблемы афазии и восстановительного обучения. М., 1979

9. Лурия А.Р О Просодической организации речи при амнестической афазии. იქვე.

10. Лурия А.Р Проблемы нейропсихологии. М., 1973

11. Лурия А.Р Проблемы нейропсихологии. М., 1975.

12. Московичюте Л.И. Нейропсихологические синдромы при артериовнозных аневризмах передних отделов мозга. – функции лобных долей мозга. М., 1982.

13. Прибрам К. Языки мозга м., 1975

14. Соссюр Ф. де, Курс общей лингвистики. М., 1988..

15. Теньер Л. Основы структурного синтаксиса М., 1988.

16. Тынянов Ю. Н. Проблема стихотворного языкаю Л., 1924.

17. Чуприкова Н. И. Психика и сознание как функции мозга М., 1985

18. Якобсон Р.О. Два аспекта языка и два типа афатических нарушений – კრებ. „Теория метафоры“, М., 1990

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s