ცირა ბარბაქაძე _ „ნიშნის ისტორია – ეს მისი „გაცნობიერების“ ისტორიაა.“


„ნიშნის ისტორია – ეს მისი „გაცნობიერების“ ისტორიაა.“

როლან ბარტი

სემიოტიკა ახალი დროის მეცნიერებაა, რომელიც შეისწავლის სხვადასხვა ნიშნური სისტემების შექმნის, აგებისა და ფუნქციონირების კანონებს. იგი თავისი კვლევის ობიექტს პოულობს ყველგან: ენაში, მათემატიკაში, ლიტერატურაში, არქიტექტურაში, ქვეცნობიერ პროცესებში, მითში, რიტუალში, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროში და სხვაგან.

ფუკო წერს იმის შესახებ, რომ თანამედროვე (პოსტმოდერნისტულ) ეპოქაში ფორმირდება აზროვნების ახალი სტილი, ახალი კულტურა. ნიშანდობლივია, რომ ბარტი სემიოტიკას განიხილავს თანამედროვე ფილოსოფიაში პოსტმოდერნისტული პროექტის რეალიზაციის საშუალებად.

საემიოტიკის ძირითადი ტერმინი – ნიშანი, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ავტორთან განსხვავებულად განისაზღვრებოდა. არისტოტელესთან ნიშანი აღნიშნავს არა მარტო ნიშანს, არამედ – სიმპტომსაც, ხოლო სიტყვები აზრის პირობით ნიშნებად არის მიჩნეული.

პირსის მიხედვით, ნიშანი სხვა არაფერია, თუ არა უნივერსალური შუამავალი ადამიანურ გონებასა და სამყაროს შორის. აღსანიშნთან დამოკიდებულების მიხედვით, პირსი გამოყოფდა: იკონურ ნიშნებს, ინდექსურ ნიშნებს და სიმბოლურ ნიშნებს.

პირსის სემიოტიკა განავითარა მორისმა. მან სემიოტიკის ერთ-ერთი მთავარი ტერმინი „სემიოზისი“ განმარტა, როგორც „პროცესი, რომელშიც რაღაც ფუნქციონირებს, როგორც ნიშანი“. მორისმა გამოყო სემიოზისის სამი განზომილება: სემანტიკა, რომელიც იკვლევს ნიშნის დამოკიდებულებას თავის ობიექტთან; სინტაქტიკა – ნიშნების ერთმანეთთან დამოკიდებულებას შეისწავლის და პრაგმტიკა, რომელიც იკვლევს დამოკიდებულებას ნიშანსა და მის მომხმარებელს შორის.

სოსიური განიხილავდა ნიშანს, როგორც ბილატერალურს (ორმხრივი), როგორც აღმნიშვნელისა და აღსანიშნის ერთობას, რომელსაც არა აქვს თავისთავად მნიშვნელობა და მხოლოდ სისტემის სხვა ელემენტებით განისაზღვრება. სოსიურს მიზანშეწონილად არ მიაჩნდა ნიშნის სინონიმად სიმბოლოს გამოყენება, რადგან ნიშანი პირობითია, ხოლო სიმბოლო არ შეიძლება ყოფილიყო ბოლომდე პირობითი. ბენვენისტმა შემდგომში დააზუსტა, რომ პირობითია ნიშნის დამოკიდებულება რეალობასთან და არა ნიშნის კომპონენტებს შორის დამოკიდებულება. ნიშნები ქმნიან ენას, რომელიც გამოდის ყველა სხვა სისტემის ინტერპრეტატორად (ბენვენისტი).

კარცევსკიმ განავითარა ნიშნის იდეა და შემოიტანა ასიმეტრიული დუალიზმის გაგება (აღმნიშვნელი და აღსანიშნი მხოლოდ წამიერად უკავშირდებიან ერთმანეთს).

სხვადასხვა სკოლისა და ავტორის მიერ ნიშნისა და სიმბოლოს განსხვავებულმა, ხოლო, ზოგ შემთხვევაში, სინონიმურმა განსაზღვრებებმა ამ ტერმინების აღრევა გამოიწვია.

პირსმა ნიშნის განსაკუთრებული სახე აღნიშნა სიმბოლოთი და ტერმინად გამოიყენა. ამ ფაქტმა გამოიწვია უხერხული ომონიმია. რამდენადაც ზოგიერთ ევროპულ ტრადიციაში შესაბამისი სიტყვა აღინიშნებოდა საერთო მნიშვნელობით – ნიშანი.

ფრანგული ტრადიციის გათვალისწინებით, მალმბერგმა შემოგვთავაზა განვასხვაოთ სემიოტიკა, რომელიც შეისწავლის არაენობრივ ნიშნებს, მეცნიერებისაგან, რომელიც ენის სიმბოლოებს შეისწავლის.

კასირერი „სიმბოლურ ფორმებს“ მიაკუთვნებდა ენას, მითს და ხელოვნებას და სიმბოლურს და სემიოტიკურს სინონიმებად მიიჩნევდა. მსგავსი ტერმინების მნიშვნელობა რუსულში დაეფუძნა დასავლურ ენებს, ხოლო მოგვიანებით, რუსული სიმბოლიზმის მიერ შემოტანილ ტერმინებს.

ზოგიერთი მეცნიერის მოსაზრებით, ნიშანი და სიმბოლო უბრალოდ, სინონიმებია.

ნიშნის საინტერესო ინტერპრეტაცია წარმოადგინა როლან ბარტმა, რომლის მიხედვითაც, ნებისმიერი ნიშანი გულისხმობს სამი ტიპის დამოკიდებულებას. უპირველესად, შინაგანი დამოკიდებულება, რომელიც აკავშირებს აღმნიშვნელსა და აღსანიშნს და ორი გარეგანი დამოკიდებულება: პირველი ვირტუალურია, იგი მიაკუთვნებს ნიშანს სხვა ნიშანთა განსაზღვრულ სისტემას, მეორე დამოკიდებულება აქტუალურია, ის აერთიანებს ნიშანს გამონათქვამის სხვა ნიშნებთან. ამ დამოკიდებულებების მიხედვით, იგი გამოყოფს ნიშნის სამ განზომილებას: სიმბოლურს, პარადიგმატულს და სინტაგმატურს.

ბარტის აზრით, ტერმინთა აღრევას იწვევს ის ფაქტი, რომ თითოეული მკვლევარი, თითოეული სკოლა ცდილობს თავისი ანალიზი დააფუძნოს ნიშნის მხოლოდ ერთ რომელიმე განზომილებაზე და ტერმინების ამოსავალიც ეს დამოკიდებულებაა.

ნიშნისა და სიმბოლოს სხვადასხვა განსაზღვრებების შეჯერების საფუძველზე ჩვენ უნდა ვაღიაროთ სემიოტიკის ტერმინთა იერარქიაში ნიშანი, როგორც ძითითადი ტერმინი, რომლის მნიშვნელობა გაცილებით უფრო ფართოა, ვიდრე სიმბოლოსი. სიმბოლო ნიშნის სახეა, რომელსაც თავისი მახასიათებლები აქვს და მხოლოდ ზოგ შემთხვევაში შეიძლება იყოს ნიშნის სინონიმი.

მესამე ათასწლეულში მეცნიერება თავისი განვითარების ახალ საფეხურზე გადადის. შეიცვალა სამყარო და ის ინფორმაციული ველი, რომელიც ამ სამყაროს აკრავს. შესაბამისად, ხდება მეცნიერების გადაწყობა ახალ მეთოდოლოგიებზე, რომლებიც უკეთ ახსნიან სამყაროს და ადამიანს. სწორედ ასეთი მეცნიერებაა სემიოტიკა.

სემიოლოგები ლექსიკონებს „მნიშვნელობათა სასაფლაოს“ უწოდებენ. სემიოტიკას არ აინტერესებს სიტყვის მყარი (სალექსიკონო) მნიშვნელობა. იგი ორიენტირებულია არა იმდენად ნიშნის დენოტატიურ, რამდენადაც კონოტაციურ მნიშვნელობაზე, ანუ იმ მნიშვნელობაზე, რომელსაც სიტყვა იძენს ტექსტში (კონტექსტში). სემიოზისის პროცესი პრაქტიკულად უსასრულოა, რადგან განსხვავებულია ის კონტექსტები, რომლებშიც ნიშანი ფუნქციონირებს. უმბერტო ეკოს აზრით, ნიშნის არსი იხსნება შემოუსაზღვრავ სემიოზისში, რაც იმაში გამოიხატება, რომ მნიშვნელობა არასდროს არ ქმნის ჩაკეტილ სისტემას, რამდენადაც ნიშანთა სამყარო კომუნიკაციის პროცესში მუდმივ მოძრაობაშია.

სემიოტიკური გაგებით, ნიშანი, ამავე დროს, არის სიმპტომი (მედიცინაში სიმპტომი განიმარტება, როგორც რაიმე დაავადების დამახასიათებელი ნიშანი), რამდენადაც მისი ახსნა არის გარკვეულ აზრზე მინიშნება, ანუ, სემიოტიკური ნიშანი ნიშანი-მინიშნებაა ერთსა და იმავე დროს. ამგვარი გაგება დევს ყველაზე უფრო პრიმიტიულ ნიშნებში. მაგალითად, მწვანე ფერი გადასასვლელზე არა მხოლოდ მწვანე ფერია, არამედ მინიშნებამოძრაობა ნებადართულია! არსებობს უფრო რთული აგებულების ნიშნები, როცა მკვლევარი თავად ახდენს კოდების მეშვეობით ახსნას, ამგვარი ინტერპრეტაციები ყოველთვის რისკთან არის დაკავშირებული, რადგან არსებობს სუბიექტური გააზრებების დიდი ალბათობა.

დღეისათვის სემიოტიკა წარმოადგენს საკმაოდ განვითარებულ თეორიას, რომლის მეთოდები საშუალებას გვაძლევს გავაანალიზოთ ადამიანის შემოქმედების სრულიად განსხვავებული სფეროები.

არსებობს ლიტერატურის სემიოტიკა (ბარტი, დერიდა, რუსული ფორმალისტური სკოლა…), პოლიტიკური სემიოტიკა (ბარტი, ჯგუფი „tel kel“…), მასობრივი კომუნიკაციების სემიოტიკა (გრეიმასი…), ხელოვნების სემიოტიკა (კრისტევა, ეკო, ლოტმანი…), კინოსემიოტიკა (მეტცი, პაზოლინი), თეატრის სემიოტიკა (პავი), ზოოსემიოტიკა (სებეოკი), ფსიქოანალიტიკური და პედაგოგიური სემიოტიკა (ლაკანი, პიაჟე…)…

სემიოტიკის თვალთახედვით, სამყარო შეიძლება წარმოვიდგინოთ როგორც ისეთი ნიშანთა სისტემა, რომელიც თავის თავში უამრავ განსხვავებულ ქვესისტემას მოიცავს, თანაც ამ მიკროსისტემების „ენა“ სრულიად განსხვავებულია ერთმანეთისაგან. შეიძლება თუ არა, არსებობდეს განსხვავებულ სისტემათა „საერთო ენა“? რით განსხვავდება და რა აქვს საერთო ერთი სისტემის ნიშანს მეორე სისტემის ნიშანთან? რატომ მოუყარა თავი სემიოტიკამ ყველა განსხვავებულ ნიშანს? არსებობს თუ არა უნივერსალური ნიშნები? რა პრინციპით უნდა აიგოს ახალი „ბაბილონის გოდოლი“ ისე, რომ არ დაინგრეს?

რას ნიშნავს ბარტის სიტყვები: „ნიშნის ისტორია – მისი გაცნობიერების ისტორიაა“? ეს არის მეცნიერების დამოკიდებულება ნიშნის მიმართ მისი ყველაზე ზედაპირული შესწავლიდან სიღრმისეული შესწავლისკენ. როგორც დავინახეთ, ბარტი სამ შრეს გამოყოფს ნიშანში, შესაძლოა, მომავალში მეცნიერებმა სხვა განზომილებებიც აღმოაჩინონ. თუ ადამიანსაც განვიხილავთ, როგორც ნიშან-სიმბოლოს, მისი შეცნობა-ამოცნობის პროცესიც ხომ მრავალგანზომილებიანია და არასოდეს ბოლომდე ამოხსნილი. საინტერესო პარადოქსია, რომ მეცნიერი სწავლობს ადამიანს (ანუ საკუთარ თავს), როგორც ნიშან-სიმბოლოს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s