თამარ ბერეკაშვილი _ ნიშანი და სიმბოლო


სემიოტიკა ჩვენ გვატყობინებს ისეთ რამეს, რაც უკვე ვიცით, მაგრამ ისეთ ენაზე, რომელსაც ვერასოდეს გავიგებთ.

პედი ვენდი

(კითხვები და ვარაუდები)

თამარ ბერეკაშვილი

ნიშნის ყველაზე მარტივი განსაზღვრება ასეთია: ნიშანს შეიძლება წარმოადგენდეს სიტყვები, გამოსახულებები, ბგერები, ჟესტები, ობიექტები და ამ ობიექტების რთული ურთიერთკავშირები, რომლებიც ქმნიან რიტუალის შინაარსს, ნორმები და საზოგადოებრივი წარმოდგენები. ყოველივე ეს წარმოქმნის მნიშვნელობათა სისტემებს. ასეთია როლანბარტის შეხედულება.

სინამდვილეში, სემიოტიკაში მომუშავე ყველა დიდ მეცნიერს ნიშნის საკუთარი განსაზღვრება აქვს. ამ მრავალფეროვნების მიუხედავად, ნიშნის ყველა განსაზღვრება მიეკუთვნება ნიშნისადმი ორი მიდგომიდან ერთ-ერთს. პირველი მათგანია პირსის, ხოლო მეორე – სოსიურის მიდგომა.

პირსისთვის „ნიშანი წარმოადგენს რაღაცას, რაც აღნიშნავს რაიმეს ვინმესთვის რაიმე მიმართებით ან მოცულობით არსებობას ვინმესთვის რაღაცისთვის“. ის მიიჩნევდა, რომ „ნებისმიერი აზრი წარმოადგენს ნიშანს“. სოსიურმა წარმოადგინა ნიშნის ორმაგი, ორკომპონენტიანი მოდელი. მან განსაზღვრა ნიშანი, როგორც ისეთი წარმონაქმნი, რომელიც შედგება „აღმნიშვნელისაგან“ (ფორმა, რომელსაც იღებს ნიშანი) და „აღსანიშნისაგან“ (კონცეპტი, რომელსაც ის გადმოსცემს).

დღეისათვის სემიოტიკა სწავლობს ნიშნებს არა განცალკევებულად, არამედ – როგორც ნიშნობრივ სისტემებს. გამოცდილების გამოვლინების სტრუქტურები სხვადასხვა ჟანრისა და საშუალებების მეშვეობით ხელს უწყობს გამოხატვის განსაზღვრულ ფორმებს და კრძალავს სხვებს.

ეს საშუალებები, ჟანრები, გამოხატვის ხერხების განსხვავებულობის გამო ბენვენისტმა დაასკვნა, რომ სემიოტიკური სისტემის პირველი პრინციპი ამგვარია: სემიოტიკური სისტემები არ არის სინონომური.

სხვადასხვა შემადგენელი ნაწილებით ჩვენ ვერ ვიტყვით ერთსა და იმავეს. ეს ნიშნავს იმასაც, რომ ერთგვარი განსაზღვრული მედიატორის გამოყენებისას უნდა ველოდოთ განსაზღვრულ მიზანს, ანუ მიზანი კი არ განსაზღვრავს საშუალებებს, არამედ ესა თუ ის საშუალება გვაიძულებს კორექტირება გავუკეთოთ მიზანს და შევუსაბამოთ ის მას. ამიტომ ამა თუ იმ ტექსტის ინტერპრეტირებისას საშუალებები ისეთივე ინფორმატიულია, როგორც მიზანი, შინაარსი, სტრუქტურა. განსაზღვრული საშუალებების გამოყენება იქცევა მიზნის ნაწილად.

ნიშანი აბსტრაქტულად არ არსებობს. მისი ფუნქციონირებისთვის აუცილებელია ორი მხარე და ეს ორი მხარე შეთანხმებული უნდა იყოს ნიშნის მნიშვნელობის თაობაზე. მაგრამ ამით არ ამოიწურება ნიშნის არსებობის პირობა. სემიოტიკაში ლაპარაკობენ ისეთ ცნებებზე, როგორებიცაა: „სემიოტიკური ეკოლოგია“, „სემიოსფერო“, „შეტყობინების სპეციფიკური კულტურული კონტექსტი“ და სხვა.

„სემიოტიკური ეკოლოგია“ ნიშნავს იმ პირობებს, ატმოსფეროს, ვითარებას, რომლის დროსაც ხდება ნიშნის გადაცემა და მიღება. რაც შეეხება „სემიოსფეროს“, ეს ტერმინი ლოტმანმა დაამკვიდრა და ის, მისი სიტყვებით, „ეხება კულტურის მთელ სემიოტიკურ სივრცეს“. სემიოსფერო შეიძლება მონაწილეობდეს სხვადასხვა დონეზე – ცალკეული ეროვნების ან ლინგვისტური კულტურის დონეზეც და ისეთი დიდი ერთეულების დონეზეც, როგორიცაა „დასავლეთი“.

ვ. ვოლოშინოვი წერდა, რომ ნიშნის მნიშვნელობა მდგომარეობს არა მის მიმართებაში სხვა ნიშნებისადმი ენობრივი სისტემის შიგნით, არამედ უფრო მეტად მისი გამოყენების სოციალურ კონტექსტში.

რაც შეეხება სიმბოლოს, მასზე ზოგჯერ საუბრობენ, როგორც ნიშანზე, მაგრამ თუ ნიშანს ხშირად ერთი მნიშვნელობა აქვს და ნიშანთა სისტემის მრავალმნიშვნელოვნება ვნებს ნიშნის ფუნქციონირებას, სიმბოლო მრავალნიშნაა და რაც უფრო მრავალი მნიშვნელობა აქვს მას, ის მით უფრო შინაარსიანია. სიმბოლოს ინტერპრეტაციაა მარტოოდენ შესაძლებელი. თუ სიმბოლო მიუთითებს სხვა ობიექტზე, ყოველთვის ერთსა და იმავეზე, სიმბოლო ასეთი ცალსახა არ არის. იგი ალეგორიისაგან იმით განსხვავდება, რომ სიმბოლოს არსის გაშიფვრა მარტივი განსაზღვრებით შეუძლებელია; სიმბოლო განუყოფელია გამოსახულების სტრუქტურისაგან.

სიმბოლოს სტრუქტურა მიმართულია იქითკენ, რომ ნებისმიერი კერძო მოვლენის მეშვეობით შეიქმნას სამყაროს მთლიანი ხატი.

სიმბოლოს განმარტება ცოდნის დიალოგური ფორმაა: სიმბოლოს არსი არსებობს მხოლოდ ადამიანთა ურთიერთობაში.

როდესაც საუბარია ხელოვნებაში სემიოტიკის გამოყენებაზე, ამ შემთხვევაში ხშირად იყენებენ ნიშანი-სიმბოლოს ცნებას და იკონურ ნიშნებს. ნიშანი-სიმბოლო – ესაა პირობითი ნიშანი, რომელშიც აღმნიშვნელსა და აღსანიშნს შორის არ არის მსგავსება ან მოსაზღვრეობა. ასეთია სიტყვები ბუნებრივ ენაში. იკონური ნიშანი ისეთი ნიშანია, რომელშიც აღმნიშვნელ ობიექტს აქვს იგივე თვისება, რაც თავად ნიშანს და ეფუძნება აღმნიშვნელისა და აღსანიშნის ფაქტობრივ მსგავსებას (ფოტოგრაფია, მოდელი, ვარსკვლავიანი ცის რუქა…). იკონურ ნიშნებში გამოიყოფა დიაგრამა და ხატი. სემიოტიკის თვალსაზრისით, მხატვრული ხატი – იკონური ნიშანია, რომლის დესიგნატს წარმოადგენს ღირებულება. თითოეული სიმბოლო ხატია, მაგრამ ყველა ხატს ვერ ვუწოდებთ სიმბოლოს. მხატვრული ნაწარმოების ფორმისა და შინაარსის ნებისმიერი ელემენტი შეიძლება იყოს სიმბოლო: მეტაფორა, შედარება, მეტონიმია, მხატვრული დრო და სივრცე, პეიზაჟი, გმირის სახე. მაგალითად, ნიკოლოზ ბარათაშვილთან სიმბოლურია ცისფერი, ისევე, როგორც ბუნდოვანი პეიზაჟი რომანტიკოსებთან.

და ბოლოს, სიმბოლოები მუდმივი ქმნადობის პროცესშია. მათი შინაარსი და მნიშვნელობა არ არის მოცემული ერთხელ და სამუდამოდ… ცნობილი ძველი სიმბოლოები ახლებურ ღირებულებას და ინტერპრეტაციას იძენენ; მაგალითისათვის დავასახელებ სვასტიკას და თუნდაც ქართული რევოლუციის წითელ ვარდს.

და, მუდამ გვახსოვდეს, რომ ადამიანი, ხელოვნება და კულტურა, სავსე ნიშნებით, ხატებითა და სიმბოლოებით, გაცილებით რთულია და უსასრულო.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s