იური ლოტმანი _ უფლის გამოცხადება თუ აზარტული თამაში?


(კანონზომიერი და შემთხვევითი ისტორიულ პროცესში)

კონკრეტული მასალის შემსწავლელი ისტორიკოსი ჩვეულებრივ რანკეს ფორმულით კმაყოფილდება ხოლმე: ისტორიის მიზანი წარსულის აღდგენაა. თუმც, ამ ამოცანის მთელი გულუბრყვილობის მიუხედავად, მისი გადაჭრა ძალზე რთულდება, თუკი ეს საერთოდ შესაძლებელია. ცნება “წარსულის აღდგენა” გულისხმობს ყველა მეცნიერებისთვის საერთო პროცედურას: ფაქტების გამორკვევასა და შეკრებას და მათ შორის კანონზომიერი კავშირის დადგენას. ამასთან, ფაქტი ყოველთვის რაღაც პირველადადაა მიჩნეული, ისტორიკოსისა და მისი ანალიზის მიღმა არსებულად. ასეთია მოცემულობა.

რა მდგომარეობაშია ისტორიკოსი? ისტორიკოსი განწირულია, ტექსტთან იქონიოს საქმე. მოვლენებს – ,,როგორც ეს იყო” – და ისტორიკოსს შორის დგას ტექსტი და ეს ძირეულად ცვლის მეცნიერულ სიტუაციას. ტექსტი ყოველთვის ვიღაცის შექმნილია და წარმოადგენს მომხდარ მოვლენას, რომელიც რომელიღაც ენაზეა თარგმნილი. ერთი და იგივე რეალობა, რომელიც სხვადასხვა საშუალებითაა კოდირებული, სხვადასხვა – ხანდახან ურთიერთსაწინააღმდეგო – ტექსტებს გვაძლევს. ტექსტიდან – ფაქტის, ამა თუ მოვლენის აღწერიდან – მოვლენის ,,ამოღება” დეშიფრირების პროცესია. ამგვარად, აცნობიერებს თუ ვერა ამას, ისტორიკოსის სემიოტიკური მანიპულაციები მისი პირველადი მასალიდან – ტექსტიდან მომდინარეობს. ამასთან ერთად, თუ ამ ოპერაციებს შეუგნებლად ახორციელებს და მკვლევარს, დარწმუნებულს დოკუმენტის ჭეშმარიტებაში, მიაჩნია, რომ ენის ცოდნა და ჭეშმარიტების ინტუიტური განცდა, რომელსაც მუშაობის გამოცდილება ანიჭებს, საკმარისია ტექსტის გასაგებად, მაშინ, წესისამებრ, ისტორიულ აუდიტორიას ის ,,ბუნებრივი ცნობიერება” ჩაენაცვლება ხოლმე, რომელსაც თვით ისტორიკოსის კულტურულ-ისტორიული გადმონაშთებით აღსავსე ცნობიერება ამოწმებს. განსხვავებული ჟანრების თვალსაზრისით – სხვადასხვა კულტურის და, ერთი კულტურის ფარგლებშიც კი, ერთი და იგივე რეალური მოვლენა შესაძლოა იმსახურებდეს წერილობით ფიქსაციას, ტექსტად ქცევას ან – არ იმსახურებდეს ამას. მაგალითად, სკანდინავურ შუასაუკუნეობრივ ქრონიკებსა და რუსულ მატიანეებში აღიბეჭდებოდა სამხედრო შეტაკებები, ურთიერთანგარიშსწორებანი, სისხლიანი თავგადასავლები… და თუ მსგავსი რამ არ ხდებოდა, მიაჩნდათ, რომ საერთოდ არაფერი ხდებოდა. ამგვარ შემთხვევებში ისლანდიური საგა ამბობდა: ,,სიმშვიდე იდგა”; რუსულ მატიანეებში, როცა მემატიანე ამა თუ იმ წელს უთითებდა, ადგილს ან ცარიელს სტოვებდა ან წერდა: ,,მშვიდად ცხოვრობდნენ”. შეხედულება იმაზე, თუ რა ითვლება ისტორიულ მოვლენად, კულტურის ტიპის გათვალისწინებით, თვითონაა მნიშვნელოვანი ტიპოლოგიური მახასიათებელი. ამიტომ, როცა ისტორიკოსი ტექსტს დასწვდება ხოლმე, იძულებულია, განარჩიოს – თვითონ რას მიიჩნევს მოვლენად და ტექსტის ავტორი და თანამედროვენი რას მიიჩნევდნენ მოხსენიების ღირსად.

ამგვარად, ისტორიკოსი იმთავითვე უცნაურ ვითარებაში ვარდება ხოლმე: სხვა მეცნიერებებში მკვლევარი ფაქტებით იწყებს. ისტორიკოსი კი ამ ფაქტებს იღებს, როგორც განსაზღვრული ანალიზის შედეგს და არა როგორც – მათ საწყის ხარისხს. თუმც, უფრო რთულია კანონზომიერების დადგენა.

ისტორიული კვლევის საწყის წერტილად ტექსტის მიჩნევას თან სდევს სხვადასხვაგვარი შედეგი, რომლებიც უშუალოდ მოქმედებს იმაზე, თუ როგორ წარმოგვიდგენია ისტორიული კავშირი მოვლენათა შორის. ყოველგვარი ტექსტი, უპირველესად, ბუნებრივ ენაზეა გამოთქმული (,,ბუნებრივი ენის” ცნების თაობაზე მიმართეთ სემიოტიკურ ლექსიკონებს) და შესაბამისად, მოცემული ენის სტრუქუტურათა კანონების მიხედვითაა ორგანიზებული. თუმც, ჯერ კიდევ რომან იაკობსონი, ნაშრომში ,,ენის საზრისის ძიებაში” (1965), ბუნებრივ ენაში იკონიზმის ელემენტებზე მიუთითებდა და აღნიშნავდა, რომ არსებობს მსმენელთა ტენდენცია, აღიქვან ფორმალური კავშირები შინაარსის მატარებლად და შესაბამისად, ენის სტრუქტურა ობიექტის სტრუქტურაზე გადაიტანონ. ზეფრაზულ დონეზე ტექსტის ორგანიზების კანონები კიდევ უფრო არსებითია – რიტორიკის კანონებს ვგულისხმობ. სწორი ტექსტის აგება, როგორც კი ფრაზის ფარგლებს ვცდებით და უფრო ფართო ერთეულებისკენ მივიწევთ, სიუჟეტურობას გულისხმობს. სიუჟეტს კი თავისი ლოგიკური კანონები აქვს. იმისთვის, რომ რომელიმე მოვლენა აღვწეროთ, აუცილებელია, ჩვენი მონათხრობი ამ ლოგიკის კანონებს დავუმორჩილოთ ანუ ეპიზოდები განსაზღვრული თანმიმდევრობით განვალაგოთ და ტექსტის მიღმა არსებულ რეალობაში სიუჟეტი შევიტანოთ; ერთდროულად მომხდარი ან, შესაძლოა, ერთმანეთთან სრულიად დაცილებული მოვლენები თანმიმდევრულ ჯაჭვად შევკრათ.

და ბოლოს, უმაღლეს დონეზე ტექსტის იდეოლოგიური კოდირება ხდება. პოლიტიკური, რელიგიური, ფილოსოფიური კანონები, ჟანრული კოდები, ეტიკეტით განსაზღვრული მოსაზრებები, რომლებიც ისტორიკოსმა იმავე ტექსტების მიხედვით უნდა აღადგინოს, ხანდახან ლოგიკურად მანკიერ წრეში ხვდება – ყოველსავე ამას დამატებით კოდირებასთან მივყავართ. განსხვავება ტექსტის ავტორისა და ტექსტის წამკითხველი ისტორიკოსის ცნობიერების დონესა და სამოღვაწეო მიზნებს შორის წარმოქმნის დეკოდირების უმაღლეს მიჯნას. ისტორიული მეცნიერების ზემოთ ჩამოთვლილი სირთულეების გადალახვისკენ სწრაფვას გარკვეულად აპირობებს უკანასკნელი ორმოცდაათი წლის მანძილზე ფრანგულ ისტორიოგრაფიაში წარმოქმნილი მიმართულება, რომელიც დღეს ახალ ისტორიულ სკოლად, დიდხნიანი მონაკვეთების შემსწავლელ სკოლად გაფორმდა. ამ მიმართულებას ,,ხანგრძლივი სუნთქვის” მიმართულებასაც უწოდებენ.

სამეცნიერო კვლევა-ძიების ახალი მიმართულებით წარმართვისთვის უშუალო იმპულსად იქცა პოზიტივისტური ,,პოლიტიკური ისტორიის” აშკარა კრიზისი. ჯერ კიდევ XX საუკუნის II ნახევარში შეიმჩნეოდა კომპილატორობისა და თეორიული სიღატაკის რეციდივები. სწრაფვამ, ჩამოეცილებინათ ისტორიისთვის ,,ხელისუფალთა ღვაწლისა” და ,,დიდ ადამიანთა ცხოვრების” მკვლევრის სტატუსი, შვა მასების ცხოვრებისა და ანონიმური პროცესების შესწავლის ინტერესი. მათ წინამორბედთა შორის, რომლებმაც ისტორიაზე ამგვარი შეხედულება დაამკვიდრეს, ჟაკ ლე გოფი ჩამოთვლის ვოლტერს, შატობრიანს, გიზოს და მიშლეს. ჩვენი მხრივ კი, ამ სიას ლევ ტოლსტოის დავუმატებდით, რომელიც ჯიუტად იმეორებდა, რომ ჭეშმარიტი ისტორია კერძო ცხოვრებასა და მასების გაუცნობიერებელ ქმედებებშია და დაუღალავად აქილიკებდა ,,დიდ ადამიანთა აპოლოგიებს”.

ამას უკავშირდება ცნობილი ლოზუნგი: ,,ადამიანის ისტორია – უადამიანოდ!” მოთხოვნა უპიროვნო, კოლექტიური იმპულსების შესწავლისა, რომელთაც მასების ქმედება წარმართავს, მასებისა, რომლებიც მათზე ზეგავლენის მომხდენ ძალებს ვერ აცნობიერებენ, განსაზღვრავს ამ სკოლის ნოვატორულ თემატიკას და ისტორიკოსს ჩვეული რუტინული საკვლევი თემების მიღმა გადაისვრის.

ისტორიულ მეცნიერებაში ამ მიმართულებამ სუფთა ჰაერი დაამკვიდრა და ის უკვე კლასიკადქცეული მთელი რიგი გამოკვლევებით გაამდიდრა. თუმც, შეუკამათებლად არც ამ სკოლის ყველა პრინციპის ატაცება ღირს.

ისტორია მხოლოდ ცნობიერი პროცესი არ არის, მაგრამ ის არც მხოლოდ გაუცნობიერებლი პროცესია. ისტორია ერთისა და მეორის ურთიერთდაძაბულობაა. თუ „პოლიტიკურმა ისტორიამ“ არად ჩააგდაო ორსახა ისტორიული პროცესის ერთი მხარე, ,,ახალი ისტორია” მის მეორე მხარეს არ იმჩნევს. ნებისმიერი დინამიკური პროცესი, რომელშიც ადამიანი მონაწილეობს, მერყეობს ნელი ცვლილებებისა (მათზე ადამიანის გონი და ნება ვერ ზემოქმედებს, მათ ხშირად, საერთოდ ვერ ამჩნევენ თანამედროვენი, რადგან მათი პერიოდულობა უფრო ხანგრძლივია, ვიდრე – თაობების სიცოცხლე) და გაცნობიერებული ადამიანური მოღვაწეობის პოლუსებს შორის. ორივე მათგანს პირადი ნება და ინტელექტუალური ძალისხმევა განაპირობებს. ურთიერთდაპირისპირებულობა მათივე არსებობის პირობაა. და როგორც ბაირონის გენიალურ ინდივიდუალობაში შეიძლება გამოვყოთ ანონიმური მასობრივი პროცესების ბლოკი, ისე XIX საუკუნის დასაწყისის ევროპული ბაირონიზმის ,,მასობრივი კულტურის” ნებისმიერი მოღვაწის პიროვნებაში შეიძლება მივაგნოთ შემოქმედებითი განუმეორებლობის ელემენტებს. ყოველივე, რასაც ხალხი სჩადის და და რაშიც ხალხი მონაწილეობს, შეუძლებელია, ამა თუ იმ სახით, პიროვნულ საწყისს არ მიეკუთვნებოდეს. ეს განსაზღვრულია ადამიანის კულტურისადმი დამოკიდებულების არსით – უნივერსუმისადმი მისი იზომორფულობით და მხოლოდ მის ნაწილად ყოფნის აუცილებლობით.

ცნობიერი ადამიანური ძალისხმევის თანაბარი ხარისხით არსებობა სხვადასხვა დონის ერთიან ისტორიულ პროცესში ერთდროულად ეხება ერთი მხრივ, შემთხვევითობებს და მეორე მხრივ, პიროვნების შემოქმედებითი შესაძლებლობების განსხვავებულ შეფასებასაც. ამოცანამ – ,,გავათავისუფლოთ ისტორია დიდი ადამიანებისაგან” – ისტორია, შესაძლოა, შემოქმედებისგან, აზრისგან, თავისუფლებისგან, ესე იგი არჩევანის შესაძლებლობისგან განძარცვოს. ამ გზაზე ყველა სხვა ურთიერთობაში ანტი პოდები – ჰეგელი და ,,ახალი სკოლის” ისტორიკოსები – მოულოდნელად ახლოვდებიან. ჰეგელის ისტორიოსოფია ეფუძნება შეხედულებებს თავისუფლებისკენ, როგორც – ისტორიული პროცესის მიზნისკენ სვლას. მაგრამ იმთავითვე წინდასახული მიზანი თავისუფლების წინააღმდეგაა მიმართული და ეს ნათლად გამომდინარეობს გერმანელი ფილოსოფოსის მსჯელობიდან. შემთხვევითი არ არის ჰეგელის მტკიცება, რომ ,,თვითშემმეცნებელი და გონიერი სამყარო შემთხვევითობაზე არ არის დამოკიდებული”. ჰეგელისთვის გონი რეალიზდება დიდი ადამიანების მეშვეობით, „ახალი სკოლის” ისტორიულ განვითარებაში კი მთავარი როლის შემსრულებელი ანონიმური ძალები არაცნობიერ მასობრივ გამოვლინებათა მეშვეობით რეალიზდება. ორივე შემთხვევაში ისტორიული ქმედება არჩევანის გარეშე წარიმართება.

ამ სკოლის მეთოდოლოგიაში განიჭვრიტება ის ასწლოვანი მეცნიერული ფსიქოლოგია, რომელიც ემყარებოდა მტკიცებას, რომ იქ, სადაც დეტერმინიზმი მთავრდება, მეცნიერებაც ქრება. ყბადაღებული ,,ლაპლასის დემონიდან” ეინშტეინის მტკიცებამდე, რომ ,,ღმერთი კამათელს არ აგორებს”, განფენილია სწრაფვა, იხსნას სამყარო შემთხვევითობისგან ანდა, უკიდურეს შემთხვევაში, მეცნიერების ფარგლებს გარეთ გაიტანოს იგი.

ჩვენ უკვე ვნახეთ, როგორ დეფორმირდება ტექსტის მიღმა არსებული რეალობა, როგორ იქცევა ის ისტორიკოსის ტექსტ-წყაროდ. ისიც ვნახეთ, როგორ ცდილობენ ისტორიკოსები ამ საფრთხის თავიდან აცილებას. რეალობის დეფორმირების სხვა წყაროს ქმნის არა დოკუმენტ-წყაროს ავტორი, არამედ – მისი ინტერპრეტატორ-ისტორიკოსი. ისტორია დროის ვექტორის (ისრის) მიმართულებით ვითარდება. ეს მიმართულება განისაზღვრება მოძრაობით წარსულიდან – აწმყოსკენ. ისტორიკოსი კი შესასწავლ ტექსტებში აწმყოდან წარსულისკენ იმზირება. მიჩნეულია, რომ მოვლენათა ჯაჭვის არსი არ იცვლება იმის შედეგად, თუ როგორ ვუყურებთ მას – დროის ისრის თუ მისი საწინააღმდეგო მიმართულებით. მარკ ბლოკი, რომელმაც თავისი ფუძემდებლური წიგნის ორი თავი სიმეტრიულად დაასათაურა – ,,აწმყოს შეცნობა წარსულის მეშვეობით” და ,,წარსულის შეცნობა აწმყოს მეშვეობით” – თითქოს, გახაზავდა ისტორიკოსისთვის დროის მიმართულების სიმეტრიულობას. მეტიც, მას მიაჩნდა, რომ რეტროსპექტული მზერა ისტორიკოსს საშუალებას აძლევს, განასხვაოს არსებითი და შემთხვევითი მოვლენები. მარკ ბლოკი, როცა ისტორიკოსის მიერ აღდგენილ წარსულს კინოფილმს ადარებდა, იყენებდა მეტაფორას: ,,ფილმში, რომელსაც ის (ისტორიკოსი, ი. ლ.) უყურებს, მხოლოდ უკანასკნელი კადრი გადარჩა. დანარჩენი წაშლილი კადრები რომ აღვადგინოთ, თავდაპირველად, საჭიროა, კადრი დავაბრუნოთ იმ მიმართულების საწინააღმდეგოდ, რომლითაც ფილმს იღებდნენ” (მარკ ბლოკი. ისტორიის აპოლოგია ანუ ისტორიკოსის ხელობა, მოსკოვი, 1986, გვ. 29)

შესაძლოა, ამთავითვე შეგვენიშნა, რომ ამ ფილმში უკანასკნელის გარდა, ყველა კადრის აღდგენა შეიძლება და ეს კადრები, შესაბამისად, სრულიად უსარგებლო აღმოჩნდებოდა. მაგრამ ასეც რომ არა, მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ყალბდება ისტორიული პროცესის არსი. ისტორია ასიმეტრიული, შეუქცევადი პროცესია. თუ მარკ ბლოკს დავესესხებით, ეს ისეთი უცნაური კინოფილმია, რომელიც საწინააღმდეგო მიმართულებითაც რომ დაატრიალო, საწყის კადრთან არ მიგვიყვანს. ეს არის ჩვენი წინააღმდეგობის საფუძველი. ბლოკის თანახმად – და ეს რეტროსპექტული შეხედულებისათვის ბუნებრივი შედეგია – წარსულის მოვლენებს ისტორიკოსი უნდა განიხილავდეს არა მხოლოდ როგორც ყველაზე სარწმუნოს, არამედ – როგორც ერთადერთ შესაძლებელ მოვლენასაც. თუ გავითვალისწინებთ შეხედულებას, რომ ისტორიული მოვლენა ყოველთვის ალტერნატივის ერთ-ერთი ნაწილის რეზულტატია და ისტორიაში ერთი და იგივე პირობები ჯერ კიდევ არ ნიშნავს ცალსახა შედეგს, მაშინ მასალასთან მიდგომისას განსხვავებული ხერხები უნდა გამოვიყენოთ. სხვა ჩვევაც დაგვჭირდება: რეალიზებული გზები არარეალიზებულ შესაძლებლობათა გარემოცვაში წარმოგვიდგება.

წარმოვიდგინოთ კინოფილმი, რომელიც გვიჩვენებს ადამიანის ცხოვრებას დაბადებიდან სიბერემდე. თუ მას რეტროსპექტულად ვნახავთ,ვიტყვით: ამ კაცს ერთადერთი შესაძლებლობა ჰქონია და რკინისებრი კანონზომიერების გათვალისწინებით, მან შესაბამისად დაამთავრა ცხოვრება. ამ შეხედულების მცდარობა კადრების რეტროსპექტული ხილვით უკეთ გამოჩნდება: ფილმი იქცევა ამბად ხელიდანგამსხლტარ შესაძლებლობებზე და ცხოვრების არსის ღრმად შესაცნობად რამდენიმე პარალელური ალტერნატიული გადაღებაც გახდება საჭირო. შესაძლებელია, რომ ერთ ვარიანტში გმირი 16 წლისა დაიღუპოს ბარიკადებზე, მეორეში 60 წლისამ უშიშროების ორგანოებში მეზობლები დაასმინოს. ფრანგი ფილოსოფოსიგანმანათლებელი მარი ჟან ანტუან კონდორსე, უკანონობაში ბრალდებული, თვითმკვლელობამდე რამდენიმე კვირით ადრე იაკობინელთა ტრიბუნალს რომ ემალებოდა, მუშაობდა წიგნზე ისტორიული პროგრესის შესახებ, რომელშიც განმათლებლობის მთელი ოპტიმიზმია თავმოყრილი. მარკ ბლოკიც მსგავს მდგომარეობაში იყო: ანტიფაშისტური იატაკქვეშეთის მეომარი, რომელსაც დახვრეტამ ციტირებული შრომა არ დაამთავრებინა, მთლიანად უქცევს გვერდს საკითხს პირად აქტიურობასა და პასუხისმგებლობაზე, როგორც – ისტორიულ კატეგორიებს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ იდეები მყარია და მათ თვითგანვითარების ტენდენცია ახასიათებთ. ისინი პირად ქცევაზე უფრო კონსერვატულები არიან და გარემოებათა ზემოქმედებით, ძალზე ნელა იცვლებიან. ამგვარად, ისტორია შეუქცევადი (უთანაბრო) პროცესია. მსგავს პროცესთა არსის განსახილავად და იმის გასაგებად, თუ რას წარმოადგენენ ისინი ისტორიის შემთხვევაში, უაღრესად მნიშვნელოვანია იმ მოვლენათა ანალიზი, რომლებზე ი. პრიგოჟინის შრომებშია საუბარი. ი. პრიგოჟინი სწავლობდა დინამიკურ პროცესებს ქიმიურ, ფიზიკურ და ბიოლოგიურ დონეზე. ამ შრომებს ზოგადი თვალსაზრისით, ღრმა რევოლუციური მნიშვნელობა ენიჭება: მათ შემთხვევითი მოვლენები მეცნიერების ინტერესთა სფეროში დაამკვიდრეს და უფრო მეტიც: განმარტეს მათი ფუნქცია და ადგილი სამყაროს ზოგად დინამიკაში. დინამიკური პროცესები, რომლებიც თანაბარ პირობებში მიმდინარეობს, დეტერმინიზებულ მრუდს მიჰყვება. თუმც, რადგან მოძრაობა წონასწორობის ენტროპიულ წერტილებს სცილდება, იმ კრიტიკულ წერტილებს აღწევს, რომლებშიც პროცესთა ნაწინასწარმეტყველები განვითარება ირღვევა. (პრიგოჟინი მათ ბიფურკაციის (ლათ. bifurcus – ორკბილა, გაორებული) წერტილებს უწოდებს იმის აღსანიშნავად, რომ ეს წერტილი მოგვცემს მრუდის ალტერნატიულ გაგრძელებას. ამ წერტილებში პროცესი აღწევ მომენტს, როცა მომავლის ერთმნიშვნელოვანი წინასწარმეტყველება შეუძლებელი ხდება. შემდგომი განვითარება გულისხმობს თანაბრადშესაძლებელი რამდენიმე ალტერნატივის ერთ-ერთ რეალიზაციას. მხოლოდ იმის მითითება ძალგვიძს, თუ რომელ ერთ-ერთ მდგომარეობაში შეიძლება გადასვლა. ამ მომენტში გადამწყვეტი როლი, შესაძლოა, შემთხვევითობამ ითამაშოს, თუმც, შემთხვევითობა უმიზეზობად კი არ უნდა მივიჩნიოთ, არამედ – სხვაგვარი მიზეზობრიობის გამოვლენად. ,,ძლიერ უთანაბრო პირობებში თვითორგანიზების პროცესები შეესაბამება ურთიერთქმედებას შემთხვევითსა და აუცილებელს შორის, ფლუქტუაციებს (ლათ. Fluctus – ბობოქრობა, გრიგალი; შეგახსენებთ, რომ ჰორაციუსი ამ სიტყვას ქარიშხლის აღსანიშნავად იყენებდა: ,,O navis, referent in mare to novi fluctusi”, ი. ლ.) და დეტერმინიზებულ კანონებს. მიგვაჩნია, რომ ბიფურკაციის ახლოს მთავარ როლს თამაშობენ ფლუქტუაცები და შემთხვევითი ელემენტები, მაშინ, როცა ბიფურკაციათა ინტერვალებს შორის დომინირებს დეტერმინიზებული ასპექტები (ილია პრიგოჟინი, იზაბელა სტინგერსი. ქაოსური წესრიგი. ქაოსური წესრიგი, მოსკოვი., 1986, გვ. 54).

ამგვარად, შემთხვევითი და კანონზომიერი ერთმანეთისთვის შეუთავსებელი კი არა, ერთი და იმავე ობიექტის ორი შესაძლო მდგომარეობაა. როცა ობიექტი დეტერმინიზებულ ველში მოძრაობს, იგი წერტილად წარმოგვიდგება წრფივ განვითარებაში, ხოლო თუ ფლუქტუაციურ სივრცეში ხვდება, ობიექტი პოტენციურ შესაძლებლობათა კონტინუუმად გვევლინება და გამშვებ მექანიზმს ემსგავსება. დინამიკური პროცესების საერთო თეორიის გაშუქებისას, ი. პრიგოჟინის იდეები ძალზე ნაყოფიერად გვეჩვენება ისტორიული განვითარების შესასწავლად. ისინი იოლად ექსპლიცირდება მსოფლიო ისტორიის ფაქტებთან და სპონტანურად არაცნობიერ და პირადად გაცნობიერებულ მოძრაობათა ურთულეს ნაზავთან დაკავშირებით. ლ. სცილარდმა ჯერ კიდევ 1929 წელს გამოაქვეყნა ნაშრომი დეკლარატიული სათაურით: ,,ენტროპიის შემცირება ტერმინოლოგიურ სისტემაში მოაზროვნე არსების ჩარევის შედეგად”. ეს ნიშნავს, რომ ბიფურკაციის წერტილებში მოქმედებს არა მხოლოდ შემთხვევითობის მექანიზმი, არამედ – შეგნებული არჩევანის მექანიზმიც, რომელიც ისტორიული პროცესის უმთავრესი ობიექტური ელემენტი ხდება. ამის ახლებურად გაგება წარმოქმნის ისტორიული სემიოტიკის აუცილებლობას – საჭიროა ანალიზი, თუ როგორ წარმოუდგენია სამყარო ადამიანურ ერთეულს, რომელიც არჩევანის წინაშე დგას. გარკვეულად, ეს იმას უახლოვდება, რასაც ,,ახალი ისტორია” მენტალიტეტს უწოდებს. თუმც, ამ სფეროში კვლევის შედეგები და იმის შეპირისპირება, რაც რუსმა მკვლევრებმა ვ.ნ. ტოპოროვმა, ბ. ა. უსპენსკიმ, ვიაჩ. ვს. ივანოვმა, ა. ა. ზალიზნიაკმა, ა. მ. პიატიგორსკიმ, ე. ვ. პადუჩევამ, მ.ი. ლეკომცევამ და სხვებმა მიაღწიეს სხვადსხვა ეთნოკულტურული ცნობიერების ტიპების რეკონსტრუქციისას, გვარწმუნებს, რომ აღნიშნული მიმართულების ყველაზე პერსპექტიული გზა ისტორიული სემიოტიკაა.

ისტორიული პროცესის დროის ისრის მიმართულებით განხილვისას ბიფურკაციის წერტილები ისტორიულ მომენტებად გვევლინება, როცა ურთიერთსაწინააღმდეგო სტრუქტურული პოლუსების დაძაბულობა უმაღლეს ხარისხს აღწევს და მთელი სისტემა წონასწორობას კარგავს. ამ დროს სხვა ადამიანების ქცევა, ისევე, როგოც – მასისა, აღარ არის ავტომატურად ნაგულისხმევი, დეტერმინიზება მეორე პლანზე გადადის. ამ მომენტებში ისტორიული მოძრაობა უნდა განვიხილოთ არა ტრაექტორიად, არამედ -კონტინუუმად, რომელსაც პოტენციურად ძალუძს რამდენიმე ვარიანტად ჩამოყალიბება. შესუსტებული წინასწარმეტყველების ეს კვანძები იქცევა რევოლუციურ მომენტებად ან მკვეთრ ბიძგებად.

იმ გზის შერჩევა, რომელიც მართლაც რეალიზდება, დამოკიდებულია გარემოებათა კომპლექსზე და უფრო მეტად – აქტანტების ცნობიერებაზე. შემთხვევითი არ არის, რომ ასეთ მომენტებში სიტყვა, მეტყველება, პროპაგანდა განსაკუთრებულ ისტორიულ მნიშვნელობას იძენს. ამასთან ერთად, თუ მანამდე, ვიდრე ადამიანი არჩევანის წინაშე დადგებოდა, არსებობდა გაურკვევლობის განცდა, არჩევანის შემდეგ პრინციპულად ისეთი ახალი ვითარება მყარდება, რომლისთვისაც არჩევანი აუცილებელია; ეს ვითარება შემდგომი ქმედებისთვის მოცემულობად იქცევა. ის, რაც რეალიზებამდე შემთხვევითი იყო, რეალიზების შემდეგ დეტერმინიზებული ხდება. რეტროსპექტულობა ამძაფრებს დეტერმინიზებას. შემდგომი მოძრაობისთვის არჩევანი კანონზომიერების პირველი რგოლია.

განვიხილოთ ცალკეული ადამიანის ქცევა. წესისამებრ, ეს ქცევა რამდენიმე სტერეოტიპის მიხედვით რეალიზდება (ტრადიციები, კანონები, ეთიკა და სხვ.), რომლებიც განსაზღვრავენ მისი საქციელის ,,ნორმალურ” ნაწინასწარმეტყველებ განვითარებას. თუმც, სტერეოტიპების რაოდენობა მოცემულ სოციუმში უფრო ფართოა, ვიდრე ის, რასაც რეალიზებულს ხდის ცალკეული პიროვნება. ზოგი შესაძლებლობა პრინციპულად უარიყოფა, სხვა საშუალებები ნაკლებად მომხიბლავად ითვლება, მესამენი დასაშვებ ვარიანტებად განიხილება. იმ მომენტებში, როცა ისტორიული, სოციალური, ფსიქოლოგიური დაძაბულობა პიკს აღწევს, როცა ადამიანისთვის სამყაროს სურათი იმცრობა (წესისამებრ, უმაღლესი ემოციური დაძაბულობისას), ადამიანს ძალუძს სტერეოტიპის შეცვლა; ის, თითქოს, ქცევის განსხვავებულ ორბიტაზე გადაფრინდება ხოლმე, რომელიც მისთვის ,,ნორმალურ პირობებში” სრულიად წარმოუდგენელი იქნებოდა – რა თქმა უნდა, ,,წარმოუდგენელი” იმ მოცემული პერსონაჟისთვის, სხვა შემთხვევაში კი – სრულიად შესაძლებელი. მაგალითად, მას შეუძლია თეატრალური გმირის, ,,რომაელი მოქალაქის”, ,,ისტორიული პირების” ქცევის ნორმების ათვისება. ისტორიკოსებისთვის, რომელთაც მიაჩნიათ, რომ ადამიანი, როგორც – კლასიციზმის ეპოქის ტრაგიკული პერსონაჟი, ყოველთვის მოქმედებს, ყოველთვის ინარჩუნებს ,,ხასიათის ერთობას”, ბუნებრივი იქნებოდა სანკიულოტის ისეთად წარმოდგენა, როგორც ის ჩ. დიკენსმა დახატა ,,ორი ქალაქის მოთხრობაში”. მით უფრო მოულოდნელია იმის აღმოჩენა, რომ ადამიანები, რომლებიც ბასტილიას უტევდნენ და სექტემბრის მკვლელობების მონაწილენი, სავსებით კეთილსინდისიერი საშუალო შემოსავლის მქონე ბურჟუები და ოჯახის მამები იყვნენ.

რა თქმა უნდა, თუ ამ მომენტში ბრბოს მოქმედებას განვიხილავთ, გარკვეულ განმეორებადობას აღმოვაჩენთ იმაში, რომ ბევრმა ადამიანმა შეიცვალა თავისი ქცევა, განსხვავებულ პირობებში მისთვის წარმოუდგენელი ,,ორბიტა” აირჩია. საშუალოდ, ის, რაც ბრბოსთვის დასაშვები იყო, ცალკეული პიროვნებისთვის წარმოუდგენელი აღმოჩნდა. ამაზე დაყრდნობით შესაძლოა დაგვესკვნა, რომ ინდივიდუალური მოვლენების შედეგთა წინასწარმეტყველება ნაკლებადაა შესაძლებელი და სწორედ ამით განსხვავდება მასობრივ მოვლენათაგან. თუმც, ასეთი ვარაუდი, შესაძლოა, ნაადრევი იყოს. თვით ემპირიულმა ისტორიკოსმაც კი იცის, თუ რა ხშირად შეიძლება ბრბოს ქმედების წინასწარ ამოცნობა, ვიდრე – ცალკეული პიროვნების რეაქციის გათვლა.

მოცემული შემთხვევისთვის უფრო მეტ ინტერესს წარმოადგენს ი. პრიგოჟინისა და ი. სტენგერსის შეხედულება იმაზე, რომ ბიფურკაციის წერტილების ახლოს სისტემა ინდივიდუალურ რეჟიმზე გადასვლის ტენდენციას ავლენს. რაც უფრო უახლოვდება ნორმას, მით მეტად შეიძლება სისტემის ქცევის წინასწარ განსაზღვრა. თუმც, ამ საკითხს კიდევ ერთი მხარე აქვს: იქ, სადაც შეიძლება მოვლენის შემდეგი რგოლის წარმოდგენა, შეიძლება ვამტკიცოთ, რომ, თანაბარშესაძლებლიდან არჩევანის აქტი არ განხორცილებულა. მაგრამ ცნობიერება ყოველთვის არჩევანია. ამგვარად, არჩევანის გამორიცხვით (როცა შედეგის წინასწარ გამოცნობა შეუძლებელია, გარედამკვირვებელი ამას შემთხვევითობად აღიქვამს) ისტორიული პროცესიდან ცნობიერებას გამოვრიცხავთ. ისტორიული კანონზომიერებანი კი სწორედ იმით გამოირჩევა სხვა დანარჩენთაგან, რომ მათი გაგება ადამიანთა შეგნებული ქმედების გამორიცხვის ხარჯზე, მათ შორის – სემიოტიკური ქმედებებისაც – შეუძლებელია.

ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით სამაგალითოა შემოქმედებითი აზროვნება. შემოქმედებითი ცნობიერება არის ტექსტის ავტომატური ალგორითმებით დაუშვებლის, წარმოუდგენლის წარმოქმნის აქტი. მაგრამ, ვთქვათ, ,,ბაირონული რომანტიზმის” უბაირონოდ წარმოქმნის დაბალი ალბათობა სიტუაციას მხოლოდ მის წარმოშობამდე განსაზღვრავს. მეტიც, კულტურის სფეროში რაც უფრო მოულოდნელია ესა თუ ის ფენომენი, მით უფრო ძლიერია მისი გავლენა კულტურულ სიტუაციაზე რეალიზების შემდეგ. ,,უჩვეულო” ტექსტი რეალობად იქცევა და შემდგომი განვითარება უკვე ამ ფაქტიდან გამომდინარეობს. მოულოდნელობა ქრება, გენიის ორიგინალობა მიმბაძველთა რუტინად გარდაიქმნება, ბაირონს ბაირონისტები მოჰყვებიან, ბრემელს – მთელი ევროპის პეწენიკები.

რეტროსპექტული წაკითხვისას ქრება ამ პროცესის დრამატული დისკრეტულობა და ბაირონი წარმოგვიდგება ,,პირველ ბაირონისტად”, თავის მიმდევართა მიმდევრად ანდა, როგორც ამას ჩვეულებრივ ისტორიულკულტურულ ნაკვლევებში უწოდებენ ხოლმე – ,,წინამორბედად”.

ფრიდრიხ შლეგელმა თავის ,,ფრაგმენტებში” ასეთი გამოთქმა გამოიყენა: ,,ისტორიკოსი ისეთი წინასწარმეტყველია, რომელიც წარსულისკენაა პირმიქცეული”. ეს გონებამახვილური შენიშვნა საბაბს გვაძლევს, შევნიშნოთ განსხვავება მომავლის წინასწარმეტყველ მისანთა და წარსულის წინასწარმეტყველ ისტორიკოსთა პოზიციებს შორის. ვერც ერთი მისანი ან წინასწარმეტყველი ვერ ხსნის მომავალს, როგორც – ცალსახად გარდაუვალს ან ერთადერთ შესაძლებელს: წინასწარმეტყველება ან ორსაფეხურიან პირობითობას ემყარება (ვთქვათ, ,,თუ ამას ჩავიდენ, ესა და ეს მომივა”) ანდა საგანგებოდ გაურკვევლად ფორმირდება, დამატებით ახსნა-განმარტებას მოითხოვს. ყოველ შემთხვევაში, წინასწარმეტყველებას ყოველთვის ახლავს გაურკვევლობის, ალტერნატივებს შორის არჩევანის ამოუწურაობის მარაგი.

ისტორიკოსი, წარსულით წინასწარმეტყველი, მკითხავისგან იმით განსხვავდება, რომ ,,ხსნის” გაურკვევლობას; ის, რაც დე ფაცტო არ მოხდა, არც შეიძლებოდა, რომ მოხდარიყო. ისტორიული პროცესი კარგავს თავის განუსაზღვრელობას ანუ ინფორმაციულობას კარგავს.

ამგვარად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ტექსტებზე დაყრდნობის აუცილებლობა ისტორიკოსს ორმაგი გაყალბების გარდუვალობის წინაშე აყენებს. ერთი მხრივ, ტექსტის სინტაგმატური მიმართულება ფორმას უცვლის მოვლენას, ნარატიულ სტრუქტურად აქცევს მას, მეორე მხრივ, ისტორიკოსის მზერის საწინააღმდეგო მიმართულება ასევე, აყალბებს აღსაწერ ობიექტს.

თარგმნა გია ჯოხაძემ

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s