ცირა ბარბაქაძე _ დიალოგი გუჩა კვარაცხელიასთან (2002 წელი)


გაზეთი “ჩვენი მწერლობა”

10-17 მაისი, 2002 წ.

არ ითარგმნება სიზმრის სევდა”

დიალოგი გუჩა კვარაცხელიასთან

ც. ბ.: ქალბატონო გუჩა, თქვენი ერთ-ერთი ბოლო სამეცნიერო სტატიიდან („ენობრივი თვითშეგნება და სალიტერატურო ნორმა, როგორც ღირებულება”) ამოვიღე შემდეგი თეზისი: „ინდივიდის (საზოგადოების) თვითშეგნება იცვლება ენის გამოყენების შედეგად, ხოლო ენა იცვლება ენის მიმართ ინდივიდის (საზოგადოების) ენობრივი თვითშეგნების აქტუალიზაციის შედეგად…” თუ შეიძლება უფრო კონკრეტულად ამ საკითხის შესახებ, და კიდევ: თანამედროვე ქართული სალიტერატურო ნორმისა და მეტყველების კულტურის ურთიერთმიმართებაზე…

გ. კ.: ეგ მოსაზრება ჩამოვაყალიბე იმ მოვლენასთან დაკავშირებით, რასაც ენის ნორმალიზაცია ჰქვია. შევეცადე ამეხსნა, როგორ მოხდებოდა ენის სტიქიური რეგლამენტაციიდან არასტიქიურზე გადასვლა. ამისათვის დამჭირდა „ენობრივი ცნობიერებისა~ და „ენობრივი თვითშეგნების” ცნებები. ენობრივი ცნობიერება ფართოვდება აზროვნებისა და ენობრივი პრაქტიკის, ანუ ენის გამოყენების შედეგად. განვითარების გარკვეულ დონეზე ენა თავად ხდება აზრისა და რეფლექსიის საგანი: ადამიანი იწყებს საკუთარი ენობრივი ქცევის შემეცნებასა და შეფასებას. გააზრება იმისა, რაზე, სად, ვისთან, როგორ ვლაპარაკობ, არის მომენტი (როგორც კაცობრიობის, ისე კერძო ადამიანის ცხოვრებაში), როცა უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ენობრივი თვითშეგნება ჩამოყალიბდა. ამ ეტაპსავე აუცილებლობით უკავშირდება ნათქვამზე პასუხისმგებლობისა და კონტროლის მოთხოვნის გაჩენა. ასე რომ, ენობრივი თვითშეგნება ენობრივი ცნობიერების განვითარების შედეგიცაა და ამავე დროს, განვითარების ერთ-ერთი ფაქტორიც. ეს პარადოქსი არ არის. ბანალური დიალექტიკაა. „ბანალურს” უარყოფითი შეფასებისთვის არ ვხმარობ. ყველაზე ბანალური ხომ ჭეშმარიტებაა.

რაც შეეხება ნორმისა და მეტყველების კულტურის ურთიერთმიმართებას, პირველი მეორისათვის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა. მეტყველების კულტურა მეტყველების ხარისხს წარმოადგენს, რასაც თავისი შინაარსობრივ-მეტყველებითი კრიტერიუმები აქვს: სიზუსტე, ლოგიკურობა, სიცხადე, გასაგებობა, სიწმინდე, გამომსახველობა, მიზანშეწონილობა და სხვ. და სხვ. მეტყველების მაღალი კულტურა მაღალ ზოგად კულტურასაც გულისხმობს. ის გულისხმობს, სხვათა შორის, ენის სიყვარულსაც.

ნორმა კი, როგორც ენის თავდაპირველი ატრიბუტი, განსაზღვრულია ენის სტრუქტურით და საკმაოდ მკაცრად მოქმედებს. უნდა ითქვას, რომ წმინდა ენობრივი ნორმა უფრო ნაკლებადაც ირღვევა. ქართულის მცოდნე არ იტყვის, „კაცმა შესცივდა~ ან „ხელები დაახამხამა~, დიდი-დიდი თემის ნიშნები აერიოს — „ადგავს” თქვას, ნაცვლად „ადგამს”, ან დიალექტური ფორმა წამოსცდეს იქ, სადაც სალიტერატურო ენის გამოყენება ჰმართებს. დედაენის გრამატიკული და სემანტიკური წესების ცოდნა ბუნებრივი და უმეტესად ქვეცნობიერია. მაგრამ მარტო ამ „ბუნებრიობით” ფონს იქ ვეღარ გავალთ, სადაც, ამასთან ერთად, სხვა ისეთი მოთხოვნებიცაა, რომლებიც ენის აგებულებითა და მისი სემანტიკური სტრუქტურებით სულაც არ არის შეპირობებული და ნაკარნახევი. აი, ისინი ირღვევა უმეტესად და შედეგად ვიღებთ გამოხატვის უზუსტობას, ალოგიკურობას, სიტყვის უადგილოდ ხმარებას, ბარბარიზმებს, ჟარგონიზმებს. არჩილ მეფეს აქვს ნათქვამი:

ეგ ნუ გგონიათ, სხვა ენა მეც არ ვიცოდე სხვასავით,

მაგრამ ცუდია არევა ქართულს ენაში სხვას ავით.

ც. ბ.: თქვენი პოემიდან („მარადისობის მძევლები ვართ”) ერთი ფრაზა გამახსენდა: „მისჩანჩალებენ გრძნობებს კუდში ჩრდილებივით ჩვენი სიტყვები…” გარდა იმისა, რომ მშვენიერი მხატვრული სახეა, მხოლოდ ემოციას არ იწვევს, მასში დიდი სიბრძნეცაა. შემთხვევითი არ არის, რომ ცნობილი ფრანგი სემიოლოგის _ როლან ბარტის სიტყვებიც გახმიანდა ჩემში: „საიდუმლო” გახსნილია და ეს ისაა, რომ არავითარი უშუალობის გამოთქმა არ შეიძლება ენის მეშვეობით, რადგან თავისი ბუნებით ენა ყოველთვის გამაშუალებელ როლს თამაშობსო… როგორ ფიქრობთ, ძალიან კატეგორიულია ბარტი?.. თუ „სიტყვა _ გრძნობის ჩრდილია”, რატომღა ესწრაფვის შემოქმედი სიტყვით რეალიზებას?

გ. კ.: მე ეს სიბრძნე კი არა, ფაქტის აღნიშვნა მგონია, რასაც იმავე პოემაში სხვაგანაც მივმართავ:

არ ითარგმნება სიზმრის სევდა,

და ის სიტყვები,

რომელთაც ძალუძთ

გამოღეჭონ ბოლომდე გრძნობა,

არ იპოვება.

შეიძლება მეტ-ნაკლებად მიუახლოვდე გრძნობის გამოთქმას (ამას ცდილობენ პოეტები), შეიძლება ადეკვატურობის ილუზიაც შეგექმნას, მაგრამ სინამდვილეში მიუღწეველი მგონია სიტყვებით ემოციის სრულად გამოხატვა. მით უმეტეს, თუ ეს დასაწერია. ზეპირი მეტყველებისას ყველაფერი გეხმარება: თვალები, ხმის მოდულაცია, მიმიკა, ჟესტი… წერისას მარტო სიტყვის ამარა რჩები, თანაც მაშინვე რეფლექსია ერთვება და განცდის უშუალობა იკარგება. გრძნობის გამოთქმა რომ ადვილი იყოს, მაგალითად, „სიყვარულს~ ენაშიც მეტი სინონიმი ექნებოდა, რომ უფრო ზუსტად, ყველა ელფერის გათვალისწინებით დახასიათებულიყო ეს გრძნობა. ამის ნაცვლად გვაქვს მეტაფორული გამოთქმები: „ცეცხლი მედება”, „გულ-ღვიძლი მეწვის~, „გული მეწურება”, „თვალებში მიბნელდება~, „ფეხებში ღონე მერთმევა”, „გონება მეკეტება”, „ვგიჟდები” და სხვ. ასეთი, სომატური, ფრაზეოლოგია ჩვენს სულიერ მდგომარეობას მიახლოებით თუ გამოხატავს. არსებობს კანიბალური გამონათქვამებიც: „მინდა ჩაგყლაპო”, „მინდა შეგჭამო” (შდრ. ს. ფრომის „მესაკუთრული ეგზისტენციური არსი” _ სიყვარული, როგორც ფლობა), „მინდა, არ იყო” და ყველაზე სასოწარკვეთილი: „მინდა, მოკვდე!” (შდრ. პ. ჟ. პრუდონის: სიყვარული სიკვდილია; ნ. ბერდიაევის: სიყვარულსა და სიკვდილს შორის ღრმა კავშირია). არა აქვს მნიშვნელობა, ვისზე თუ რაზეა მიმართული ეს გრძნობა _ ადამიანზე, სამშობლოზე, იდეაზე _ მთავარი მისი სიმძაფრე და უსაზღვრობაა:

სჯობს აღარ გქონდეს სულაც, სამშობლო,

ანდა არ იყოს ასე ლამაზი!

როცა ვ. ჟუკოვსკი ამბობს: Невыразимое подвластно ль выраженью, ან თ. ტიუტჩევი: Мысль изреченная есть ложь, ხოლო ა. ფეტი ოცნებობს: О, если б без слова / Сказаться душой было можно — სამივენი იმავე აზრს გამოხატავენ, ოღონდ ამ ფრაზებით ვერ გვიადვილებენ „იდუმალთან” მისვლას.

პრინციპულად უფრო ადვილია აზრის გამოხატვა. გრძნობისგან განსხვავებით, აზრი სიტყვებში ყალიბდება და სიტყვებითვე მისი გამოთქმა ძნელი აღარ უნდა იყოს, სიძნელეს ჩამოუყალიბებელი აზრების გამოთქმა ქმნის. თუმცა საპირისპირო მოვლენებიც ცნობილია ენათა ისტორიიდან: როცა კონკრეტული ენა არ ყოფილა მზად რაღაც აზრის გამოსათქმელად. ეს ვითარება ხელშესახები ხდება ერთი ენიდან მეორეზე თარგმნისას ანდა უძველესი ტექსტების შესწავლის დროს. საინტერესო დაკვირვებები აქვს ამ თვალსაზრისით უ. გათრის, რომელიც ანტიკური ხანის ბერძენი ფილოსოფოსების ნააზრევზე მსჯელობისას არაერთხელ აღნიშნავს, რომ ამა თუ იმ კონკრეტული აზრის გამოსათქმელად საკმარისი ენობრივი რესურსი არ იყო, იმდენად ჯერ ვერ ფლობდნენ ენასო.

რატომღა ესწრაფვის შემოქმედი სიტყვით რეალიზებას, თუ „სიტყვა გრძნობის ჩრდილია”, ამაზე ოქტავიო პასის გამონათქვამით გიპასუხებთ: პოეტისათვის სხვა გამოსავალი არ არის — უნდა სარგებლობდეს სიტყვებით.

ამ აზრის საპირისპიროა რ. ბარტის გამონათქვამი: ის, რომ „ენა სარგებლობს ჩვენით”, პირდაპირ უკავშირდება ბარტის კონცეფციას „ავტორის” დესაკრალიზაციის შესახებ, რასაც კიდევ უფრო უტრირებულად თვითონ „ავტორის სიკვდილს” უწოდებს. საინტერესოა, რომ აქ ის მალარმეს პოეტიკას მიიჩნევს თავის წინამორბედად. ამ პოეტიკის არსი კი მდგომარეობს „ავტორის” გაუქმებასა და „წერით” მის შეცვლაში: ლაპარაკობს არა ავტორი, არამედ ენაო. ცოტა მოგვიანებით,   ი. ბროდსკი გამოთქვამდა ანალოგიურ აზრს ენის დიქტატის შესახებ: პოეტი ლექსს იმიტომ წერს, რომ მას ენა ჰკარნახობს მომდევნო ტაეპსო. საყურადღებოა, რომ ძველი დროიდან მოყოლებული მეოცე საუკუნემდე, პოეტებს, როგორც თვითონ აღნიშნავდნენ, ღმერთი შთააგონებდათ ლექსების წერას. ესე იგი, ან ღმერთი ან ენა (სიტყვა, ლოგოსი) უნდა იყოს მოკარნახე. მაგრამ დიზიუნქცია (ან-ან) მოიხსნება და იგივეობის ნიშნით შეიცვლება, თუ იოანეს სახარებიდან გავიხსენებთ: ”პირველითგან იყო სიტყუაი და სიტყუაი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაი იგი.”

ახლა ენა აღარ არის „გამაშუალებელი”. გამაშუალებელი ავტორია, რომელსაც ენა ქმნის. სწორედ ამ აზრს გამოხატავს პ. ვალერის Createur est celui qui fait cree.  მსგავს პრინციპს ავლენს ტ. ტაბიძის „ლექსი მეწყერი”: „მე არ ვწერ ლექსებს… ლექსი თვითონ მწერს”. აზრობრივად და ლექსიკურადაც თითქმის ემთხვევა ამ სტრიქონს მ. ოლივიეს Jee n’ecris pas. Jee suis ecrit. საინტერესო ის არის, რომ ყოველივე ეს, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე, თავსდება ჰუმანიტარულად ორიენტირებული სინერგეტიკის პარადიგმაში, რომელიც არცთუ დიდი ხანია ჩამოყალიბდა და ადამიანის ცნობიერებას, მის შემოქმედებით საქმიანობას ახალი კუთხით განიხილავს.

ც. ბ.: თქვენი ბოლო პიესები: ჩვენ, ძილში გაპარულები” და „პარასკევს, ხუთშაბათის წინ” — უაღრესად თანამედროვეა თავისი პრობლემატიკით. ორივე პიესაში დღევანდელობის მხატვრული ინტერპრეტაციაა წარმოდგენილი. უწყინარი და დაბნეული პერსონაჟების მიღმა ღრმა ტკივილი იკითხება, რომელიც ასე გადამდებია მკითხველისათვის… თქვენ, როგორც ავტორი, ადამიანის სულის ფსკერში ჩადიხართ და უფლებას არ აძლევთ მას, დაავიწყდეს თავისი მშვენიერი, არარეალიზებული „მე~. ორი სამყარო კვეთს და ეჯახება ერთმანეთს — რეალობა თავისი მკაცრი კანონებით — დამთრგუნველი სოციალური გარემო და ადამიანის განუხორციელებელი სული, რომელიც ვეღარ იბრძვის და ამიტომ ის გარბის „მოძალადე” ყოველდღიურობიდან. ერთმანეთს ენაცვლება ყოფიერება და „გაფრენა”, ყოფიერება და „სიზმარი”…

ქალბატონო გუჩა, სად „ამგზავრებთ” თქვენს პერსონაჟებს? თუმცა „ფიორას ხმა” რომ მოვიშველიო: „…იქ ვეღარავინ დააკავებს უსაზღვრო თავისუფლებასა და უსასრულო სიყვარულისკენ ჩვენს სწრაფვას, რომელიც ნათესაობის, ძმობისა და სიყვარულის ძაფით დაგვაკავშირებს ყველა დროსთან, ყველა სივრცესთან და ამ სივრცეებში მონანავე სამყაროებთან…”

არის თუ არა რეალურ ცხოვრებაში გამოსავალი? „იქ” კი არა, „აქ” თუ შეიძლება ადამიანის თავისუფლებისა და სიყვარულისკენ სწრაფვა არ შეაკავოს მკაცრმა რეალობამ?

გ. კ.: იმ კატეგორიის ადამიანებისათვის, რომელთა დახატვა ვცადე, ტანჯვის წყაროს მართლაც წარმოადგენს რეალობა (არა მაინცდამაინც ჩვენი და არა მაინცდამაინც ახლანდელი), საერთოდ რეალური სამყარო, რომლის აგებულება მთლიანად იერარქიულია, იერარქიულია იდეებიც. სხვაგვარად „წესრიგის დამყარება”, ცხოვრება კაცობრიობამ ჯერ ვერ ისწავლა. საუკეთესო შემთხვევაშიც კი იერარქია მცირე დესპოტიზმსა და გარკვეული დოზით მონობასაც გულისხმობს.   სამყარო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, დეტერმინაციის სამყაროა და მისი გარღვევის ყოველი მცდელობა მისივე მხრიდან სასტიკ წინააღმდეგობას იწვევს. ჩემი პერსონაჟების დრამას (უფრო ტრაგედიას) მეტაფიზიკური წყაროც აქვს, რაც მათთვისაც და მათი ავტორისთვისაც სრულიად დაუძლეველია. „უსაზღვრო თავისუფლება და უსასრულო სიყვარული”, საითკენაც ისინი ისწრაფვიან, ერთიცა და მეორეც, ისევ უღელი და მონობაა. ამ მხრივ ნიშანდობლივია სიტყვები:

დავბადებულვარ, რომ ვიყო მონა

და სიყვარულის მედგას უღელი.

ამ ვითარებას კი არავითარი კავშირი აღარა აქვს იმასთან, მკაცრი იქნება, თუ არ იქნება რეალობა, დამთრგუნველი თუ ხელშემწყობი აღმოჩნდება სოციალური გარემო.

გაორებული რეალობა, რომლითაც პიესის პერსონაჟები ცხოვრობენ, მსოფლიო ლიტერატურაში დიდი ხნიდან, თუნდაც სერვანტესის დროიდანაა ცნობილი. ის სხვადასხვა დროს და სხვადასხვაგვარად ბევრჯერ ყოფილა გამოყენებული, ბევრი ფანტასტიკური თუ დეტექტიური ნაწარმოების საფუძველიც გამხდარა და ალბათ მომავალშიც გახდება. საქმე ისაა, რომ რეალობის გაორება სინამდვილეშიც არსებობს, იგი ცხოვრებიდან გადადის ლიტერატურაში.

თავისთავად დამთრგუნველიც რომ არ იყოს, მაინც ვერ ავსებს ადამიანის არსებობას სადაგი, ჩვეულებრივი ყოფა. ძალიან ორდინარული კაციც კი ყოველთვის ეძებს რაღაცას, რითაც იქნებ დროებით გაერიდოს მომაბეზრებელ ყოველდღიურობას, წუთიერად მაინც გადაინაცვლოს უფრო „მაღალ რეგისტრში” და ამით გახადოს გასაძლისი საკუთარი ყოფა, რომელსაც აუცილებლობით ისევ უნდა დაუბრუნდეს. ეს „გარიდება” შეიძლება იყოს თრობა, პოეზია, მუსიკა, თამაში… და სხვა, რაც მიწიერი რეალობიდან იქ გასვლის მცდელობაა, სადაც ადამიანი უფრო ღირსეულად და უფრო კარგად გრძნობს თავს. ამას დროდადრო კიდევაც შვრება კაცი, რითაც არღვევს ზღვარს ორ რეალობას შორის, პატარ-პატარა ზეიმებს უმართავს საკუთარ თავს, რაც სავსებით ნორმალურად ითვლება. მაგრამ არსებობს გაორებული რეალობით ცხოვრების სხვა რეჟიმიც, როცა მეოცნებე და არაპრაქტიკულ ადამიანებს არ სურთ, ან არ ძალუძთ მიიღონ ყოფის რეალურობა, მისი „მკაცრი კანონები~ და ემიჯნებიან სამყაროს დანარჩენ ნაწილს, როგორც კედლით გაემიჯნენ პიესის პერსონაჟები მედპერსონალს, რომელიც ყოველი ძალით ამაოდ ცდილობს მათთან შეღწევას. ვითარება კრიტიკული ხდება და მედპერსონალი იძულებულია კარი შეამტვრიოს. აღმოჩნდება, რომ ოთახში არავინაა, ფანჯარა გაუნგრევიათ და გაფრენილან.

გაფრინდნენ იქ, სადაც აღარ იქნებიან დამამცირებელ მონობაში. გაარღვიეს ობიექტივაციის სამყარო, რომელიც ძალიან დადაბლდა მათთვის, ქვემოთ მოიტოვეს ყოველდღიურობა თავისი უზნეო და ფარისევლური ლოზუნგებით და იმ გალაქტიკას მიაშურეს, სადაც სხვადასხვა დროისა და სხვადასხვა ქვეყნის, მაგრამ ერთი მოდგმის ადამიანები სახლობენ, რომელთა არსებობა ასულდგმულებს იმ რწმენას, რომ მშვენიერია ადამიანი.

ც. ბ.: თქვენი ლექსების წიგნი მართალთა და უღმრთოთა გზები” თქვენივე ნახატებითაა გაფორმებული. საზოგადოებამ გუჩა კვარაცხელია კიდევ ერთი ახალი კუთხით გაიცნო. ჩემთვის შთამბეჭდავია თქვენი ნახატების პერსონაჟთა მზერა. ამბობენ, „თვალები სულის სარკეაო”… ეს „მზერები” ძალზე გამჭოლია… ადამიანის სულის სიღრმეში აღწევენ და ფიქრებს აღძრავენ. „მზერა არს რა შორით ხედვიდეს~, _ განმარტავს საბა.

თქვენ თუ გიფიქრიათ თქვენი პერსონაჟების მზერაზე?

გ. კ.: თუ დამთანხმდებით, მაგ კითხვაზე ჩემი ერთი ძველი პოემის პასაჟით გიპასუხებთ:

სულთა შეხება

თვალებით ხდება,

განრიდებაც თვალებითაა;

წარმოსათქმელ სიტყვასაც

ისინი ამზეურებენ

და წარმოუთქმელსაც.

ამისთვისაა

სისველის ორი გუბე

და არა ცხვირის გარდიგარდმო

ფოსოების ამოსავსებად;

მათი სილამაზეც პირობითია,

არც ლამაზია ისინი და

არც ულამაზო;

მათი ოვალის კონტურები

გაგრძნობინებენ —

ყველაფერი იქ არის,

იმ პატარა ეზო-ყურეში

მომწყვდეული და დასაზღვრული,

სხვაგან ნუ ეძებ!

ყველაფერი იქ არის —

აღზევებაც და დაცემაც შენი.

ეს ნახატებში როგორ ჩანს, არ ვიცი. საკუთარ „მხატვრობას” სერიოზულად არ ვუყურებ. წიგნშიც ხუმრობით ჩავრთე, ვარაუდი გამიმართლდა: ყველანი მხოლოდ მხატვრობაზე მელაპარაკებიან.

ც. ბ.: პოეზიაში თქვენთვის ვერლიბრია დამახასიათებელი, თუმცა ისეთი მშვენიერი რითმიანი სტრიქონების ავტორიც ბრძანდებით, როგორიცაა:

მე თუ ათასჯერ მოგენდე,

შენ ათასერთხელ მიგანე,

შენი კვანტით და მოგვერდით

ჩემი რად გერქვას მოკეთე,

სიცოცხლევ? ანდა, სიკვდილო,

შენ არ მიყვარდე რატოღა,

თუ ერთადერთი ამქვეყნად

ნაღდი და უღალატო ხარ.

რას გვეტყვით პოეზიაში გამოხატვის ამ ორი ფორმის — ტრადიციული და არატრადიციული ლექსის შესახებ?

გ. კ.: თავისუფალ ლექსს ქართულ პოეზიაში ბევრად უფრო ხანგრძლივი ტრადიცია აქვს, ვიდრე იმ ლექსს, რომელსაც ტრადიციულს უწოდებენ. ამას მოწმობს ბიბლიის ძველქართული ვერსიები, ფსალმუნთა წიგნის საგალობლები, ძველი ქართული ფოლკლორული წარმოშობის ტექსტები ლეონტი მროველის თხზულებაში, ჩვენი ჰიმნოგრაფია და სხვ. იმავე ლეონტი მროველის წიგნში (VIII ს.) რითმიანი თექვსმეტმარცვლოვანი დაბალი შაირიც გვხვდება, სწორედ ისეთი, რუსთაველმა უმაღლეს სრულყოფამდე რომ აიყვანა. ატენის სიონის კედელზეც შემონახულა რითმიანი პოეზიის ორი უძველესი ნიმუში. რითმა, რიტმული საზომის დანაწევრების ხაზგასმისთვის შექმნილი თავდაპირველად, და ამდენად, მეორადი _ რიტმის მიმართ, შემდგომში ლექსის კანონზომიერი ატრიბუტი ხდება. მართალია, დღემდე დაწერილი რითმიანი ლექსი ბევრად მეტია, ვიდრე ურითმო, გასაგები მიზეზის გამო უხვად დოკუმენტირებულიც ისაა, მაგრამ ქართული წყობილსიტყვაობის ადრინდელი სახეობა _ ძველი ქართული უმარცვლედო ლექსი, რომელიც სათავეს არქაულ ანტიკურ ხანაში იღებს, სრულ თანხმობაში იყო და არის ქართული ენის ბუნებრივ პროსოდიასთან.

როცა ილია გრიგოლ ორბელიანის „მუშა ბოქულაძეს~ აფასებდა, ამბობდა, რომ იგი „საუცხოო და შეუდარებელი მაგალითია ქართული ურითმო ლექსისა…” და რომ გრიგოლ ორბელიანმა „ამით გვაჩვენა, რომ ქართულადაც შესაძლოა ურითმო ლექსი, ეგრეთწოდებული „თეთრი ლექსთწყობა”, რომელიც ხმოვანებით და მუსიკით არანაკლებია რითმიანი ლექსისა”. შექსპირის დიდებული მაჩაბლისეული თარგმანების შემდგომაც კიდევ მთელი საუკუნე დასჭირდა იმას, რომ ურითმო ლექსი ქართულ მწერლობაში პოეზიად ეცნოთ. ამ გაუგებრობას შეიძლება ახსნა ჰქონდეს, მაგრამ გამართლება _ არა.

საქმე ისაა, რომ პოეზიის არსი სრულებითაც არ არის დაკავშირებული იმ სამოსელთან, რომლითაც მას მოსავენ და რომელიც ხმარებით ცვდება. მისი განახლება ვერც ცვლის და ვერც აჩენს პოეზიის არსს. მომხდარა ისე, რომ, ერთი მხრივ, ვირტუოზული ვერსიფიკაციები ვერსიფიკატორულ ვარჯიშობებს ვერ გასცდენია, ხოლო, მეორე მხრივ, პოეზიის ნიმუშები, რომელთა რითმულ-რიტმული „მოუწესრიგებლობა” ავტორის სიზარმაცისა თუ უუნარობის შედეგად, თვითონ ლექსი კი მოუფიქრებელ და ალალბედზე შეკოწიწებულ ფრაზებად ჩაუთვლიათ და ამიტომ არც ლექსად მიუჩნევიათ, შემდგომში შედევრები გამომდგარა. რაც კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ პოეზიას ძალიან ცოტა ადამიანი ცნობს და გრძნობს, მიუხედავად იმისა, რომ ეს გრძნობა უძველესია, რადგან თვით პოეზიის არსია უძველესი. ის რაღაც თვითკმარი, ყველგან მსუფევი არსია, რომელიც გვეძლევა, ან არ გვეძლევა. პოეტური არსი არათუ სალექსო ზომასთან, სიტყვასთანაც არ არის აუცილებლობით დაკავშირებული (ხომ არსებობს მუსიკის, მხატვრობის, ქანდაკების, ქორეოგრაფიის, ხუროთმოძღვრების პოეზია, რომელიც არასიტყვიერია?)… ეს არსი არ იცვლება: არც ძველდება და არც პროგრესს განიცდის. მისი მხოლოდ ინდივიდუალური აღმოჩენა ხდება.

როცა უძველეს პოეტებს, მაგალითად, საფოს ვკითხულობ, ისეთი გრძნობა მეუფლება, თითქოს ათასწლეულებს არ გაუვლია და ვარსებობ 26 საუკუნის წინ:

ვისთვისაც მხოლოდ სიკეთე მსურდა,

მათ უმეტესი მწუხარებით აღმივსეს სული.

(თარგმნა ნანა ტონიამ)

ასევე პირადულია ჩემთვის ნესტან-დარეჯანის მოთქმა მამის სიკვდილის გამო:

მოვკვე მამაო, მე შენთვის შვილი ყოველთა უარე.

ვერცა გმსახურე ასულმან, ვერცა რა შეგაგუარე…

ჩემთვის ბნელქმნილო მამაო, ნათელო თვალთა ჩემთაო,

ჩემთა რა გათნევს ტკივილთა, გულისა მონაცემთაო.

არა მგონია, რომ მრავალი საუკუნის შემდეგ ჩემსა და ნესტანს შორის განხორციელებულ ამ შეხვედრას მაინცდამაინც თექვსმეტმარცვლიანი დაბალი შაირი განაპირობებდეს.

ასე რომ, ჩემი აზრით, სიტყვიერი პოეზიისათვის დომინანტური არ უნდა იყოს რიტმი, რითმა, მელოდიურობა _ ეს მუსიკის სპეციფიკაა. სხვადასხვანაირი შრიფტით ერთი და იმავე სალექსო ტექსტის აწყობა ან სიტყვებით, როგორც აგურაკებით, ნაირგვარი კონფიგურაციების აგება დიზაინისა და მხატვრობის სფეროა. ამიტომ სიტყვიერი პოეზიისათვის ორივე პერიფერიული მოვლენაა. როცა მალარმემ, მგონი პირველმა ახალ პოეზიაში, სხვადასხვა შრიფტი გამოიყენა, ხოლო მის მომდევნოდ აპოლინერმა ლექსი ვიზუალური ფიგურების ფორმებით წარმოადგინა, ამით ვერც ერთმა ვერაფერი შესძინა თვით პოეზიას, ვერც ერთი ახალი წახნაგი ვერ აღმოუჩინა სიტყვას, გარეგნულმა ინოვაციებმა ეს ვერ შეძლო. „კალიგრამების” (ეს სახელწოდება აქვს აპოლინერის აღნიშნულ კონფიგურაციულ ლექსებს) ავანგარდული ესთეტიკა ამან კი არ განაპირობა, არამედ თავისებურმა, გამარტივებულმა სინტაქსმა, თემებმა, ლექსიკამ, სიტყვათა უჩვეულო დაკავშირებამ, არანაცად მოვლენებში პოეზიის აღმოჩენამ, მისი არსის მყოფობის დადასტურებამ იქ, სადაც სხვას ჯერ არავის დაედასტურებინა. კონფიგურაციები ამაში მას არ დახმარებია. პირიქით, ამ კონფიგურაციების გამო იყო, რომ „კალიგრამების” ციკლი, რაც ფაქტობრივად ახალი სიტყვა გახლდათ მსოფლიო პოეზიაში, ზოგიერთმა ექსპერიმენტატორის კურიოზად და მარცხადაც მონათლა. არ გამოვრიცხავ, რომ ლექსის უცნაური გამოხატვა, როგორც მიგნება, თვითონ აპოლინერისთვის შესაძლოა გარკვეული იმპულსი იყო საკუთრივ პოეტური სიახლის შესაქმნელად, მით უფრო, რომ მას მხატვრობა ძალიან უყვარდა. შემოქმედების იმპულსისადმი გულგრილი ვერ ვიქნებით, მაგრამ ახლა ჩვენ მაინც პოეზიის არსზე ვმსჯელობთ და მინდა აზრი გავაგრძელო, კერძოდ, მინდა ვთქვა, რომ ყურს, თვალს, გონებას თავ-თავიანთი კატეგორიები და წარმოსახვის თავ-თავიანთი ლოგიკა აქვთ. ამიტომ არის, რომ მუსიკალური ნაწარმოები მაინც ყოველთვის უფრო მუსიკალური იქნება, ვიდრე რაგინდარა ვირტუოზული რიტმულ-რითმული სტრუქტურის მქონე ლექსი; ფერწერული თუ გრაფიკული ნახატი თვალს ყოველთვის უფრო გაახარებს, ვიდრე სხვადასხვა შრიფტით აჭრელებული ტექსტი. მთავარი კი მაინც ის არის, რომ მუსიკაცა და მხატვრობაც ჯერ გრძნობით ასოციაციებს იწვევენ (იწვევენ უშუალოდ!) და მხოლოდ შემდეგ მოქმედებენ ცნობიერებაზე, ხოლო სიტყვიერებამ ჯერ თუ ცნობიერებაზე არ იმოქმედა, ისე გრძნობით ასოციაციებს ვერ აღძრავს. ამდენად, აქ მთავარია სიტყვა და სიტყვათა შეკავშირება თავისი სემანტიკითა და სემანტიკური ასოციაციებით, მხოლოდ მათი საშუალებით შეიძლება გამოიხატოს პოეზია ლიტერატურაში. შინაგანი სემანტიკური „რიტმები” და „რითმებია” სიტყვიერი პოეზიის აუცილებელი და საკმარისი პირობა და არა ლექსის გარეგნული რიტმულ-რითმული ფორმალური ორგანიზაცია. სალექსო ფორმების ტრაფარეტი არც აუცილებელია და, მით უმეტეს, არც საკმარისი: ლექსად დაწერილი სამოძღვრო და ფილოსოფიური თხზულებები, მეცნიერული ტრაქტატები, რომლებიც მრავლადაა ცნობილი, პოეზიის ნიმუშად არასოდეს გამომდგარა.

ვაღიარებ, არ ვიყავი კორექტული, როცა ერთ სიბრტყეზე დავაყენე ვერსიფიკაციული, ფორმალური ძიებები და მალარმესა და აპოლინერის გრაფემატული ექსპერიმენტები, მეორე მხრივ, გავაერთმნიშვნელოვნე ლექსის მიმართებები მუსიკასა და მხატვრობასთან. ამით უგულებელვყავი ის საერთო, რაც მეტყველებას მუსიკასთან აქვს, მაგრამ არა აქვს მხატვრობასთან. დავიწყებ იმით, რომ სიტყვას სემანტიკურ-გრამატიკულ სტრუქტურასთან ერთად, ფონეტიკური სტრუქტურაც აქვს, რომელიც მის ბგერით გარსს ქმნის. სიტყვის ისეთი მახასიათებლები, როგორიცაა პაუზა სიტყვის წინ და სიტყვის შემდეგ, მახვილი, მარცვალთა სიგრძე და რაოდენობა, ხმოვანთა ჰარმონია, ტონის ცვალებადობა და სხვ. მას მუსიკასთან აახლოებს; მსგავსი და თანაზომიერი ერთეულების რეგულარული გამეორება ორივეგან რიტმს ქმნის. მეტყველების რიტმულობა ბუნების ერთ-ერთი ფუნდამენტური კანონზომიერების გამოვლენაა და წარმოთქმისათვის იგი ისევე აუცილებელია, როგორც სუნთქვა. ამასთანავე, ის აქაც, როგორც მუსიკაში, ექსპრესიულ-ემოციურ ფუნქციასაც ასრულებს. საყურადღებოა კიდევ ერთი საერთო ნიშანი: მეტყველებაცა და მუსიკაც დროში ხორციელდება, ორივეგან ბგერის წარმოქმნის პროცესი მისი აღქმის პროცესს ემთხვევა, რაც არა გვაქვს მხატვრობაში. ამით იმის თქმა მინდა, რომ აქვს ობიექტური საფუძველი ლექსის მუსიკალობაზე ლაპარაკს. მეტყველების ბუნებრივი რიტმი და მელოდიკა პოეტის ხელში ესთეტიზებული ხდება. ქართულ პოეზიაში ამ თვალსაზრისითაც გამოირჩევა გალაკტიონი, ფრანგულში _ ვერლენი, რუსულში _ ბალმონტი და სხვ. ჟან კოქტო „პროფესიულ საიდუმლოებაში~ მსჯელობს იმის შესახებ, როგორი სიამაყით აცხადებს პოლ ვალერი, რომ იგი გამუდმებით ვარჯიშობს ვერსიფიკაციაში. მით უკეთესი ჩვენთვის, თუ ის პოეტიაო _ დასძენს კოქტო. არა მარტო ფორმალური, არამედ შინაარსობრივ-თემატური და სხვა ხასიათის სხვაობის მიუხედავად, კონვენციურ ლექსსაც და ვერლიბრსაც შეფასების ერთი კრიტერიუმი წაეყენება: არის თუ არა შიგ პოეზია. ერთი კი უნდა ითქვას: პოეზიის დეფიციტი რითმებსა და მეტრებში უკეთ იფუთება, თავისუფალ ლექსში კი აბსოლუტურად შიშველია და ძალიან ყვირის.

დასასრულ, ტრადიციული ლექსი და ვერლიბრი ერთმანეთის კონკურენტები არ არიან. ტრადიციულ ლექსს ისევ ტრადიციული ლექსი თუ აჯობებს. ვერლიბრზე უკეთესიც მხოლოდ ვერლიბრი შეიძლება იყოს. მე ორივე მიყვარს. ასეთია ჩემი დამოკიდებულება. ამ დამოკიდებულებას ერთი ნიუანსიც აქვს, რაც ადრე ლექსში გამოვხატე:

ნელთბილად ნაქმნარ-ნაღვაწი,

ეპიგონურად ნახვეწი

ლექსი შორს იჭერს თავს:

იყო და არის ფერცივად,

ვერც ამას ვამჩნევ, ვერც იმას,

ლამაზ მანეკენს ჰგავს,

როცა ასხივებს სუსხს.

მიფორიაქებს სისხლს

ის _

ტრიოლეტის კორსეტით

სული რომ არ ეხუთება _

გაურანდავი სტრიქონი

გამორბის, ჩამეხუტება.

ც. ბ.: ქალბატონო გუჩა, თქვენ არამხოლოდ პოეტი, სიტყვის მკვლევარიც ბრძანდებით. 1994 წლიდან ხელმძღვანელობთ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტს. ქართულ ენათმეცნიერებაში თქვენ, პირველმა, დაიწყეთ ახალი დარგის _ ფუნქციური სტილისტიკის კვლევა, ცალკე მონოგრაფიად გამოეცით „მხატვრული ენის შესწავლის ლინგვისტიკური ასპექტები”, ამ მხრივ, ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი… საზღვარგარეთის ენათმეცნიერებამ, როგორც მკვლევრები მიუთითებენ, ზოგადი ორიენტაცია კარგა ხანია, შეიცვალა _ ენის ფორმალური სისტემის შესწავლიდან ფუნქციური კვლევებისკენ გადაინაცვლა… რას იტყვით ქართული ენათმეცნიერების დღევანდელ ორიენტაციაზე?

გ. კ.: მე ვერ ვიტყვი, რომ ქართულმა ენათმეცნიერებამ ორიენტაცია შეიცვალა ან, რომ ამის საჭიროება იყო. უფრო ზუსტი ვიქნებით, თუ ვილაპარაკებთ ლინგვისტურ კვლევათა არის გაფართოებაზე. ასეთი რამ მართლაც ხდება მსოფლიოშიც და ჩვენთანაც. ქართული ენათმეცნიერება ყოველთვის იდგა და ახლაც დგას თანამედროვე მსოფლიო მიღწევების დონეზე. ეს არის მეოცე საუკუნეში მოღვაწე სახელგანთქმული და ევროპულად მოაზროვნე ქართველ მეცნიერთა _ აკაკი შანიძის, გიორგი ახვლედიანის, არნოლდ ჩიქობავასა და სხვათა დამსახურება. მათ მიერ დასახული გზა და ორიენტაცია ისტორიამ გაამართლა.

რაც შეეხება ფორმალურსა და ფუნქციურ კვლევებს, ამაზე კონკრეტულად ასე შემიძლია გიპასუხოთ: არნოლდ ჩიქობავა თავის წიგნში „მარტივი წინადადების პრობლემა ქართულში~ (1928), რომელიც ერთ-ერთი პირველი და ბრწყინვალე სტრუქტურალისტური ნაშრომი იყო მსოფლიოში, ენის მეცნიერული შესწავლისათვის აუცილებლად მიიჩნევდა როგორც სტრუქტურის, ისე ფუნქციის შესწავლას. იგი თვლიდა, რომ ენობრივ მოვლენას „უნდა მოეძებნოს შინაგანი, მისთვის იმანენტური საზომი, იგი უნდა იქნეს აღწერილი მის შინაყოფაში… ეს აუცილებელია, მაგრამ როდია საკმარისი. მეტყველება სასიცოცხლო ძალას დაკარგავს, ენათმეცნიერება გადაიქცევა მოძღვრებად მკვდარ ბგერათა შესახებ, თუ ყურადღების გარეშე დავტოვებთ საკითხს, რა მიმართებაშია მეტყველება იმასთან, რაც მისი საშუალებით გადმოიცემა. აქ ორი რამ არის ნაგულისხმევი: 1. სპეციფიკური თვისებები ამა თუ იმ ენისა და 2. ფუნქციები ენობრივი მონაცემებისა~. ეს სტრიქონები 75 წლის წინათ დაიწერა. ფუნქციონალური კვლევების აუცილებლობა მაშინაც ისევე ნათლად იცოდნენ ჩვენში, როგორც დღეს იციან მსოფლიოში. მაგრამ მეცნიერების ეს ეტაპი ყველგან ცოდნის დაგროვებით და თანდათან მზადდებოდა. ახალი მეცნიერული პარადიგმების წარმოშობა მეცნიერებაში შემდგომადობის პრინციპის გამოხატულება უფრო მგონია, ვიდრე ორიენტაციის შეცვლა. ლინგვისტური შესწავლის სფეროს დღევანდელი გაფართოება, მეცნიერებათაშორისი კვლევების გავრცელება მაშინვე განჭვრეტილი ჰქონდათ ჩვენი მეცნიერების კორიფეებს. არნოლდ ჩიქობავა ამბობდა: ენათმეცნიერება ისევე ვერ ამოწურავს ენის ყოველმხრივ ანალიზს, როგორც შეუძლებელია დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები დავიყვანოთ მხოლოდ გეოლოგიამდე ან მხოლოდ გეოგრაფიამდეო.

ც. ბ.: ვიცი, რომ კარგად იცნობთ თანამედროვე ქართულ მწერლობას, თუ შეიძლება შეაფასეთ, როგორც მკვლევარმა…

გ. კ.: მკვლევრის თვალით შეფასება გამიჭირდება. არ მიკვლევია და იმიტომ. როგორც ერთი მკითხველის ზოგადი შთაბეჭდილება კი შემიძლია გაგიზიაროთ. ამ ამპლუაში სუბიექტურიც შემიძლია ვიყო. მიუხედავად გამუდმებული ლაპარაკისა, რომ რაღაც მაჭრდება და რაღაც ახალი მოდის ამ დუღილის შედეგად, მე ლიტერატურული პროცესი დაგუბებული მეჩვენება. იმის გადამღერება, რაც წარსულში უკეთესად იყო შესრულებული, მოძრაობა, ყოველ შემთხვევაში წინ, ეს მაინც არ არის. ახალ ავტორთაგან ზოგიერთი მართლაც საინტერესოა, ზოგი _ სრულიად უინტერესო. ჩვენში, როგორც ყველგან, მკითხველთა დიდი უმრავლესობა ან კონსერვატორია, ან სნობი. უჭირს, ერთი მხრივ, განასხვავოს კლასიკა, რომელიც მარადიულია, გუშინდელი დღის ლიტერატურისაგან და მეორე მხრივ, ნოვატორობა _ ეპატაჟისგან. ეპატაჟი რაღაც დოზით დიდ სიახლეებს ყოველთვის ახლდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეპატაჟს ყოველთვის რაიმე ღირებული ახლავს.

შეიძლება მხატვრობის მაგალითი გავიხსენოთ: ფრანგულ იმპრესიონიზმში რაღაც ეპატაჟური იყო აკადემიურ მხატვრობასთან დაპირისპირებაში. შემდგომ _ სეზანის პეიზაჟის ფერწერული სიბრტყეების მოძრაობაში, ტანსაცმლის ნაკეცებში, სახის, ხელებისა თუ სხეულის სხვა ნაწილთა ფორმებში სივრცის სტერეომეტრიული ხედვის მისწრაფება იგრძნობოდა. ამ მისწრაფებამ ბრაკი და პიკასო კუბიზმამდე მიიყვანა. კუბისტებში თანდათან საგნობრიობის ნგრევა დაიწყეს _ ახლა მხოლოდ მოცულობის და ფორმის მოძრაობას გამოხატავდნენ სივრცეში, აქედან კი სულ ერთი ნაბიჯი იყო დარჩენილი არაგამომსახველობითი პლასტიკის კიდევ უფრო ახალ სახემდე _ აბსტრაქციონიზმამდე. აბსტრაქციონიზმის ანტითეზაც გაჩნდა _ სუპერრეალიზმი. საყოველთაოდ აღიარებული ნორმებისა და წესების ნგრევა, თუ მას რეტროსპექტულად განვიხილავთ, აღმოჩნდება, რომ ობიექტურად არც ისეთი ძლიერი ყოფილა, მაგრამ თუ მას მოჰყოლია ახალი ესთეტიკური რეალობის შექმნა, ის ყოველთვის ღირებული იქნება.

სრულიად ახალ ღირებულებებს ამკვიდრებდა მოდერნიზმი ევროპულ ლიტერატურაში (ჯოისი, კაფკა, ელიოტი…). მას ხუან რამონ ხიმენესმა, ესპანური მოდერნიზმის მამამთავარმა, „დიადი განმათავისუფლებელი მოძრაობა~ უწოდა.

ჩვენი განთავისუფლება ჯერჯერობით ზედაპირული და არასიღრმისეულია. ამგვარი, გარეგნული თავისუფლება, შინაგანი ასკეზის გარეშე, დეჰუმანიზაციას იწვევს, რაც შეიმჩნევა კიდეც დღევანდელი მწერლობის ახალგაზრდულ, შეიძლება ითქვას, ყველაზე ახალგაზრდულ ფრთაში. რა თქმა უნდა, ეს უიმედობის საფუძველს არ უნდა იძლეოდეს _ ერთი და ორი ათეული წელი შეიძლება კერძო ადამიანური ცხოვრებისთვის იყოს მნიშვნელოვანი, თორემ ერის ისტორიისთვის, თუნდაც მრავალსაუკუნოვანი ქართული მწერლობისთვის დროის მცირედი გაელვებაა.

ც. ბ.: ქალბატონო გუჩა, სტუდენტობიდან აღფრთოვანებული ვიყავი თქვენით (მხოლოდ მე არა, მთელი სტუდენტობა), თქვენი ყოველი ლექცია, თქვენთან ნებისმიერი ურთიერთობა იყო რაღაც „ახალი სიცოცხლე”, ყოველთვის კითხვებით, საფიქრალით, განსჯით გვავსებდით და არა მზა პასუხებით. პასუხები არ გიყვარდათ… „იფიქრეთ… არ ვიცი…”, სამყაროსთან თქვენი მიმართებაც განსაკუთრებულია _ ეს ყველაფერში ჩანს: შემოქმედებაში, მეცნიერებაში, ყოველდღიურ ცხოვრებაში… ათასი კაცი რომ გაბრაზდეს, შეიძლება თქვენ წარბიც არ ასწიოთ და პირიქით, ისეთმა დეტალმა შეიძლება გამოიწვიოს თქვენი რეაქცია, სხვები რომ ვერც შენიშნავენ… ღრმად იხედებით ადამიანის სულში, ხშირად ერთი მიმიკით, ერთი გამოხედვით ამბობთ ყველაფერს… იქნებ ამიტომ იქეცით საზოგადოებისათვის _ სამართლიანი, სანდო, მოწყალე, ერთგული ადამიანის სინონიმად. ამას თქვენი საზოგადოებრივი სამსახურებიც მოწმობს: შეწყალების კომისია, ანტიკორუფციული საბჭო… სულ ახლახან, მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად აგირჩიეს, _ ესეც დიდი აღიარება იყო…

და მაინც… ვინ არის გუჩა კვარაცხელია? რა არის მისი ცხოვრების აზრი და მიზანი?

გ. კ.: ვინა ვარ? ო, ეგ ჯერ არ ვიცი. ცხოვრება შემეცნებაა. ალბათ ბოლოს მეცოდინება.

ცხოვრებას მხოლოდ ის აზრი აქვს, რასაც მასში ჩადებ და ის მიზანი, რასაც მას დაუსახავ. აბა ისე, სიცოცხლის ფუნქცია სიკვდილია! ადამიანი ამას ოდესმე შეეგუება?

ცირა ბარბაქაძე _ (არ)შემდგარი დიალოგი გუჩა კვარაცხელიას ლირიკულ მე-სთან


,,ვეძებ აწმყოში ჩამალულ მომავალს…”


- ქალბატონო გუჩა, გამოდის, რომ ვატყუებ მკითხველს, რადგან ვთავაზობ არშემდგარ დიალოგს… რას მირჩევდით?

- ადვილად გადააქცევ ტყუილს სიმართლედ, ოღონდ უნდა შეულოცო…

(,,ღამის ფიქრები”, გვ. 108)

- მაშინ ინტერვიუს ბოლოს შევულოცავ, ყველა ტყუილი რომ სიმართლედ გადავაქციო…

ახლა კი მაინტერესებს, საით მიდის პოეტი გუჩა კვარაცხელია?

- ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს გასაცვეთი ჩვენი ნაბიჯით, დამღუპველიც რომ იყოს ეს გზა, ამ გორაკებზე მაინც მივდივართ…

(,,ეკოლოგიური სტრიქონები”, გვ. 99)

- ყველაფერი ისე ხდებოდა თქვენს ცხოვრებაში, როგორც გეგმავდით?

- სულყველაფერი ისე ვერ იქნება, როგორც ჩვენ ვგეგმავდით. ჩვენი ხომალდი სახიფათო მარშრუტს ირჩევს მოულოდნელად…

(,,ბნელი კვამლი”, გვ. 92)

- რა ვქნათ, როცა ,,ჩვენი ხომალდი სახიფათო მარშრუტს ირჩევს მოულოდნელად…” როცა რაღაც გვაწუხებს, როცა პრობლემები გვაქვს?

- დავიძინოთ. ძილში მოკვდება ჩვენი პრობლემები და ჩვენი ოცნებები.

(,,ბნელი კვამლი”, გვ. 95)

- ბევრის მნახველს კიდევ გიკვირთ რამე?

- მხოლოდ უღიმღამოებს არ უკვირთ არაფერი…

(,,წუხელ წყვდიადი ღამე იყო”, გვ. 88)

- და მაინც… რა არ უნდა გაგიკვირდეს?

- არ უნდა გაგიკვირდეს, როცა ერთ მშვენიერ დღეს გეტყვიან, შენ ვინა ხარ, საიდან მოხვედიო?

(,,შენ და ისინი”, გვ. 81)

- მართალია, რომ თქვენ ამბობთ: წარსული განვლილი არ არისო?

- ვისაც წარსული განვლილი ჰგონია, ის არც წარსულში არსებობს, არც მყოფადში… ბედი ქარებისთვის მიუნდვია…

(,,ქალაქის ერთ უბანში”, გვ. 153)

- რას გვასწავლის ბუნება?

- ფოთლები თურმე იმდაგვარად მსხდარან ტოტებზე, მზე რომ ერთმანეთს არ დაუჩრდილონ. ამას რქმევია მოზაიკური განლაგება. ბუნება მარტო ზომიერებას არ გვასწავლის, შეწყალებასაც.

(,,ორი მოზაიკა”, გვ. 29)

- კი, მაგრამ როდის გაიგებს ამას ადამიანი?

- ზემოთქმულს კარგად გაიგებს, როცახის ყოვლისმიმტევებელ ჩეროში, უმატერიოდ რომ გვეფინება, დაძინებულს გაეღვიძება.

(,,ორი მოზაიკა”, გვ. 29)

- გეშინიათ სიკვდილის?

- მარტო მკვდრებს არ ეშინიათ სიკვდილის, შიშის ქვევრს ძირს ვერავინ გამოაცლის.

(,,წუხელ წყვდიადი ღამე იყო”, გვ. 87)

- რას გამიმხელთ ისეთს, სხვა რომ ვერ მეტყვის?

- იმასაც არავინ გაგიმხელს ჩემ მეტი, რომ დრო ფული არ არის… (აბა, გამოიტანე ბანკიდან…)…

(,,ნაწყვეტი მეგობრის წერილიდან”, გვ. 7)

- მაინც რა არის ცხოვრება?

- უკანმოუხედავი სიყვარულის სიშლეგე…

(,,შემთხვევითი მძღოლი”, გვ. 18)

- მდინარის გარდა კიდევ სად ირეკლება ღრუბელი და ბარემ ისიც გვითხარით, როგორი ამინდი იქნება ხვალ?

- მარტო მდინარეში კი არა, გახელილ თვალებშიც ირეკლება საღამოს ღრუბელი, რომელიც ხვალ დილით უსათუოდ წვიმად წამოვა…

(,,შემთხვევითი მძღოლი”, გვ. 23)

- რისთვის მადლობთ უფალს?

- გმადლობ, უფალო (რეჟისორო), რომ მათქმევინე სატრფოსათვის, სანამ სულს გამაფრთხობინებდა, ლამაზი ფრაზა: დე, ნიაღვრებმა შენთან ერთად გადამიარონ!

(,,პიროვნების გაორება”, გვ. 52)

- რას ეტყოდით სატრფოს?

- ვგრძნობ, რომ აღარსად აღარა ვარ, მინდა, შენი დუმილი ვიყო!

(,,ნელი დავიწყება”, გვ. 58)

- რა დაკარგეთ?

- არ ვიცი, რა დავკარგე, მაგრამ ვიცი, რომ ვეძებ…

(,,ზღვაზე”, გვ. 67)

- როგორ გამოხატავდით თქვენს რწმენას?

- თავით ფეხამდე ყოფაში ჩაფლული, კისერს ვიგრძელებ, რომ დავინახო უკეთესი სამყარო, რომელიც სადღაც უსათუოდ უნდა არსებობდეს…

(,,რწმენა”, გვ. 105)

- სად წახვიდოდით და რა შემთხვევაში?

- წავიდოდი ქვიშის სათესად შორეული ზღვის შორ ნაპირზე, თუკი იქ ვინმე დამიძახებდა, თუნდაც ისეთი, ვინც კვდება და ვერ მომკვდარა. ვაპოვნინებდი ბუნებრივსა და უტანჯველ გარდაცვალებას.

(,,ნუ დაყნოსავ ყაყაჩორას”, გვ. 71)

- მინდა ვიცოდე თქვენი მიზანი….

- ყველა სიტყვა გამოვიყენო, ჩემს ფიქრსაცავში უპატრონოდ რომ მელოდება.

(,,წუხელ წყვდიადი ღამე იყო”, გვ. 90)

- როდის უნდა გაჩერდეს ადამიანი?

- ….როდესაც შენივე ნაკვალევი შემოგხვდება გზაზე, ხომ უნდა გაჩერდე?

(,,სიტუაციური სამყაროს დაძლევა”, გვ. 137)

- დიახ, როცა ნაკვალევი შემოგხვდება, უნდა გაჩერდე და მერე გაჰყვე ნაკვალევს, საკუთარ თავთან შესახვედრად და… რას ეძებს გუჩა კვარაცხელია?

- გაშიშვლებული სტეპებიდან მოსულივით
იღბალს არ ვეძებ,
აქაური ვარ.
არც იმ ფილმში ვმონაწილეობ,
სადაც შემოდიან და გადიან გმირები
უბიოგრაფიოდ.
მკვიდრი მოსახლის შიშნარევი სიფრთხილით
თვალს ვადევნებ
ისტორიის ავანგარდულ დამონტაჟებას
და ვეძებ აწმყოში ჩამალულ მომავალს.

(,,ღამის ფიქრები”, გვ. 111)

P.S. დიდი მადლობა, ქალბატონო გუჩა, და მე ახლა შავტარიან დანას მოვიმარჯვებ, ამ ყველაფერს რომ შევულოცო და სიმართლედ ვაქციო, თორემ არავინ დამიჯერებს…

და მაინც, თუ აღმოჩნდება ასეთი მკითხველი, ვთხოვ, თქვენი პასუხები ჩემს შეკითხვებზე გადაამოწმოს თქვენს  წიგნში – ,,ქალაქი ქალაქში”, რა თქმა უნდა, მითითებული გვერდების მიხედვით.

ცირა ბარბაქაძე _ (გუჩა კვარაცხელიას ვერლიბრი) _ დუმილის ნაკრძალებში


ის გამოჩნდეს, ვისაც მკაცრი დუმილის ნაკრძალოვან სივრცეში შეესვლება.

გუჩა კვარაცხელია

სხვა ვერ გაიგებს, სხვა ვერ იგრძნობს, სხვა ვერ ახსნის, თუმცა პოეზიის ენას ახსნა სულაც არ სჭირდება, ის თავად ახსნის ბევრ რამეს, როცა ადამიანში შეაღწევს… როცა… მანამდე კი პოეზიის ჭიდან წყლის ამოღება უნდა ვისწავლოთ მთვარის სხივებით, მერე ამ წყლის დაგემოვნება – ნება-ნება, მზის თუ მთვარის სხივების თანხლებით შესმა ისე, რომ წყურვილის ყველა ნერვი გაცოცხლდეს და დატკბეს ღვთიური სითხით. ჩვენს აჩქარებულ სამყაროში კი წყალიც ისე სწრაფად ამოგვაქვს ჭიდან, რომ ნახევარზე მეტი გზაში გვექცევა, ხან -მთვარის სხივებიც გვიწყდება, ჭის კედლებიდან ჩამოყრილი ხავსი უღიმღამოდ დაყრილა სათლის ფსკერზე… აბა, ასეთ წყალს რა გემოს გაუგებ?!..

ლექსიც იმ წყალივითაა, გნებავთ, ღვინოსავით, რომელიც კარგად უნდა დაიგემოვნოთ! კარგად უნდა შეიგრძნოთ… თითოეულ სტრიქონს ხომ თავისი განსაკუთრებული ფერი, გემო, არომატი აქვს.

ის გამოჩნდეს,ვისაც მკაცრი დუმილის
ნაკრძალოვან სივრცეში
შეესვლება.

ბევრს იფიქრებთ – შეგესვლებათ თუ არა… ნუ იფიქრებთ, თქვენ იგრძნობთ… მეტაფორა მხოლოდ იმიტომ არ არსებობს, ლამაზი სამკაულივით დაამშვენოს ლექსი. მეტაფორა უსასრულობისაკენ გვიტყუებს, ,,კანონების სამყაროს” ანგრევს, დაუკავშირებელს აკავშირებს და ახალ რეალობას გვაზიარებს. აბა, წესით და რიგით, რა საერთო აქვს ,,დუმილს” ,,ნაკრძალებთან?” ისე, პოეტისა არ იყოს, რას არ წამოედები, ,,როცა საკუთარ თავში საკუთარ თავს ეძებ”(,,უცნაური ამბავი”).

აქ შეხვდებით ,,წვიმით გაჟეჟილ ჩრდილებს, შუქი რომ ქსაქსავდა”(,,არითმია”). სიტყვის მნიშვნელობათა ჯამით ამ სახეს ვერ ახსნით. მართალი არიან სემიოლოგები, როცა ლექსიკონს ,,მნიშვნელობათა სასაფლაოს” უწოდებენ. სიტყვა ცოცხლდება წინადადებაში, ფრაზაში და ათასგვარ ნიუანსს იძენს. ,,წვიმით გაჟეჟილი ჩრდილების” აღქმისას კი ცნობიერებაში ვიზუალური ხატიც ჩნდება, ერთგვარი ფერწერული ტილო, სწორედ ამაშია ამ სიტყვების ძალაც, რასაც, თავის მხრივ, იწვევს პოეტის ვიზუალური აზროვნების ცხოველმყოფელობა. რუსი ფსიქოლოგი ზინჩენკო ვიზუალურ აზროვნებას განსაზღვრავდა, როგორც ადამიანთა იმგვარ შემოქმედებას, რომელიც წარმოშობს ახალ ხატს, ახალ ვიზუალურ ფორმებს, რომლებიც მნიშვნელობას ხილვადს ქმნიან.

აბა, ეს სურათი თუ გინახავთ ოდესმე, თუ არა, აუცილებლად დაინახავთ ამ სტრიქონების წაკითხვის (არა, შეგრძნობის) შემდეგ:

ნიგვზის სქელ ფოთლებში
ღიღველა ბარტყივით
ფართხალებს სხივი -
ფეხს ვერ იკიდებს რტოზე,
საიდან სად მოსული,
აქ არ ჩამოვარდეს, საწყალი!

(,,აღწერა ტრაფარეტული სტილისტიკით”)

ამ სახემ ახლახან წაკითხული პარუირ სევაკის ლექსის ფრაგმენტი გამახსენა:

მზის სხივებს მწვანე ჭინჭრიანშიც
უნდათ შეღწევა,
მაგრამ ცვივიან აქეთ-იქით -
დასუსხულები.

(თარგმნა გივი შაჰნაზარმა)

სივრცესა და დროში დაშორებულ შემოქმედთა შორის ყოველთვის არსებობს იდუმალი რამ კავშირი.

გუჩა კვარაცხელიას მეტაფორული აზროვნება უამრავი ახალი განცდის, შეგრძნების წყაროა და, რაც მთავარია, მისი პოეზია უკიდეგანო, დაუსაზღვრავ სივრცეს გვთავაზობს. პოეტის შემოქმედებაში არც ერთი ტროპი არ იქცევა იმგვარ სიმბოლოდ, ერთი, ერთადერთი მნიშვნელობა რომ ჰქონდეს.

ანდრეი ტარკოვსკი ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავდა: ხშირად მეუბნებიან, თქვენს ფილმებში უამრავი სიმბოლოაო და არავის სჯერა, რომ იქ ერთი სიმბოლოც რომ არ არის… რა არის სიმბოლო? ეს არის შიფრი, კოდირებული იდეა, ცნება, რომელიც შეიძლება ერთმნიშვნელოვნად გაიშიფროს. როცა კი მჭვრეტელი მას შიფრავს, ყველაფერი დამთავრებულია, უსასრულობის ილუზია ბანალობად, გაცვეთილ სახედ, ტრუიზმად იქცევა. ქრება საიდუმლო და მთლიანობის განცდა.

არც გუჩა კვარაცხელიას ამ სახეს მინდა მოვპარო საიდუმლო:

ბატკნის ცხვირივით
ნოტიო ნისლი
ჩაიმუხლებს ასეთ მინდორზე
და მიწას კოცნის.

(,,ბუკოლიკური”)

რამხელა სინაზესა და სიფაქიზეს მატებს ბატკნის ცხვირის სინოტივე იმ ნისლს, მიწას რომ კოცნის.

ასე ყოფილა თურმე:

როცა საკუთარ თავში
საკუთარ თავს ეძებ,
მაშინ წამოედები ხოლმე
მანამდე შეუმჩნეველს.

გვიან, მაგრამ მაინც ამჩნევ, რომ
უთქმელობა,
ვიცი, უთქმელობა
გვაშორიშორებდა…

(,,ქალი”)

,,უპასუხობის კონცხებმა” დაამსხვრია ,,უსიტყვო ხომალდები”… ქალის საფლავს კი ამასობაში ,,ბამბა დაათოვს”. ნუთუ? … აიშლება საფიქრალი… საინტერესოა, ხან თქმა აშორებთ, ხან-უთქმელობა ადამიანებს, ეს თითქოს ისეც იცი, მაგრამ პოეზიით განცდილი მაინც სხვა დასტურია.

ის მოვიდეს,
ვინც წვიმის საიდუმლო იცის.

ასეთია ,,ხალხის მოთხოვნა მიტინგზე” ვინ? ვინ იცის წვიმის საიდუმლო? ან ასეთი რა საიდუმლო აქვს წვიმას? პოეტმა იცის, გვეუბნება კიდეც – ოღონდ სხვაგვარად, ოკრობოკროდ, მიხვეულ-მოხვეულად, ორაზროვნად, აი, ასე:

ცოცხლები ტყუიან,
დაიმოწმეთ მკვდრები!

ხლებნიკოვი ადამიანის მიერ ენის გამოყენებას ბავშვების თოჯინებით თამაშს ადარებს. ის წერს: თოჯინებით თამაშის დროს ბავშვმა შეიძლება გულწრფელად იტიროს, როცა მისი ,,ნაჭრის გუნდა” ავადაა ან კვდება. თამაშისას ეს ,,ნაჭრის გუნდები” ცოცხალი, ნამდვილი ადამიანები არიან – თავისი გულითა და გრძნობებით.

ენა ,,აშუალებს” ადამიანის შინაგან ემოციებსა და გრძნობებს, მაგრამ ალბათ ,,თამაშის ხარისხზეა” დამოკიდებული, რამდენად ზუსტად გამოხატავს ,,ნიშანი” (ენა) პოეტის სათქმელს, რამდენად გულწრფელად თამაშობს შემოქმედი სიტყვებით, როგორც ნაჭრის თოჯინებით.

თქვენ დაინახავთ ,,სიტყვების მომღერალ სილუეტებს”, როცა გუჩა კვარაცხელიას ლექსს: ,,ვისაც ჩვენი სახელები გერქმევათ”- ჩაიკითხავთ. რაზე მღერიან ,,სიტყვის სილუეტები”, რომლებიც ,,თქვენი ხმების გრძელ დერეფნებში” ჩასახლებულან? აქვეა პასუხიც:

ჩვენი სიტყვები ჩასახლდებიან თქვენს ხმებში,
რომ მოგითხრონ,
როგორ გავედით მეხუთე მხარეს
და დავცინეთ ნაცრადქცევის შიშს;
გასწავლიან ფოთლის მორცხვობას,
რტოების როკვას მენუეტის მოკლე ნაბიჯით,
თავის დაკვრით და რევერანსებით…

გუჩა კვარაცხელიას ლექსების კითხვისას, მისივე თქმის არ იყოს, ,,ბევრ რამეს წამოედებით, მანამდე შეუმჩნეველს”, იქნებ ძალისხმევაც არ გეყოთ, ლექსი ბოლომდე ჩაიკითხოთ, რადგან პოეტის რთული სინტაქსი, აზროვნება, დატვირთული ასოციაციებით, რომელიც ერთ წინადადებაში დაახვავებს ჩართულებს, დეტალური აღწერის მანერა კი იმდენად ვრცელს ხდის წინადადებას, რომ ზოგ შემთხვევაში წერტილს მხოლოდ ლექსის ბოლოს დაინახავთ… მანამდე კი, საკმაოდ ღრმად უნდა ჩაისუნთქოთ, რომ ძალა გეყოთ, აღიქვათ და გაიგოთ – ჯერ სად მთავრდება წინადადება, მერე – რომელია მთავარი წინადადება, … შემდეგ – აზრი, ქვეტექსტი, მინიშნება და ა. შ. რითაც მდიდარია გუჩა კვარაცხელიას პოეტური ტექსტები, მაგრამ დამერწმუნეთ, თუ ბოლომდე ჩაიკითხავთ ლექსებს, თქვენ მას მეორედ და მესამედ აუცილებლად მიუბრუნდებით.

თანამედროვე მკითხველი – თავბრუდამხვევი რიტმების სამყაროს მკვიდრი, მოანგარიშე გონება, ლირიზმისაგან დაცლილი, მაგრამ ლირიკის თეორიით დატვირთული… ერთი სიტყვით… მკითხველთა უმრავლესობას, იოლზე, მარტივზე, ადვილადაღსაქმელზე რომ არის ორიენტირებული, რა თქმა უნდა, გუჩა კვარაცხელიას ლექსების წაკითხვა გაუჭირდება.

პოეტის აზროვნება, ისევე როგორც მისი შესაბამისი წერის სტილისტიკა, პარადიგმულია. ის პარალელურად უამრავ მიძინებულ აზრს და ფიქრს აღვიძებს, გრძნობას გიფორიაქებს, შეგრძნებებს გიხალისებს, ემოციებს გიცოცხლებს, წარმოსახვასა და ფანტაზიებს აგიშლის და ბოლოს, ყველაფერს ერთ მთლიანობაში შეკრავს შემოქმედი, საკუთარ სულში (და მკითხველის სულშიც) მოიხელთებს და რისთვის სჭირდება ეს ყველაფერი? მისი ლექსების კითხვისას რეფრენივით ჩაგესმის სოკრატესეული: ,,შეიცან თავი შენი”, ამას პოეტიც არ გვიმალავს:

როცა საკუთარ თავში
საკუთარ თავს ეძებ,
მაშინ წამოედები ხოლმე
მანამდე შეუმჩნეველს.

ფრაზაში უამრავი აზრის ჩატევის მანერით გუჩა კვარაცხელიას შემოქმედება პონჟს მაგონებს, საგანთა შინაგან არსს მათთან იდენტიფიკაციით რომ გამოხატავდა. პონჟი ერთგან წერს, რომ ადამიანს წონასწორობისათვის სიტყვა სჭირდება (შემოქმედს, მით უფრო), გამოთქმული სიტყვით ახალი რეალობის კარს ვაღებთო. მართლაც, რომელ შემოქმედს არ აღმოუჩენია, რომ წერისას, აზრი რომ ყალიბდება და ფორმდება, ჩვენთვისვე უცხო დაგვინახავს იმ ენის მეშვეობით, ჩვენ რომ გამოგვთქვა და გამოგვხატა.

ასე ხდება ნებისმიერი კარგი ლექსის წაკითხვის შემდეგაც. ზოგჯერ კი ქრება სიტყვებით გამოხატული შინაარსი და ისევ ,,უცხო კარიბჭესთან” აღმოვჩნდებით, მანამდე უცნობი შეგრძნება დაგვიპყრობს და იქნებ სულ ეს არის, რასაც ჭეშმარიტმა შემოქმედებამ უნდა გვაზიაროს. მაშინ, ვიკმაროთ პოეტის ამ სტრიქონების მიღმა თუ თანხლებით გაცოცხლებული უნაზესი სევდა-ტკივილი:

… როცა ერთხელაც,
შენს მაღალ ტოტებს,
ვარსკვლავებს რომ იჭერენ ახლა,
მეტყევე მოსწვდება,
გაგახსენდეს:
მე ვიყავი, მე,
გზააბნეული და ცალუღელა,
სხივივით რომ დაგტრიალებდი…

(,,ქალი”)

გუჩა კვარაცხელიას ვერლიბრი ერთ დიდ მდინარეს მაგონებს უამრავი შენაკადით – ეს შენაკადები განსხვავებულია სითბო-სიცივით, სიგრძე-სიმოკლით, სიჩქარით, ფერით, გემოთი… ზოგი მთიდან ჩამორბის კისრისმტვრევით, ზოგი ბარიდან უერთდება დინჯი ხმაურით, ზოგს დამდნარი თოვლი მოაქვს, ზოგს-აყვავებული ატმის რტო, ზოგს-შემოდგომის ფოთლები…

ის დიდი მდინარე თავად პოეტის სულია, სტრიქონებით რომ სხვადასხვა შენაკადის ხმას გვასმენინებს, ზოგი შენაკადი ჩავლილია, ზოგი – ჩასავლელი და ზოგიც – ჩაუვლელად გუბდება…

მაინც კარგად იცნობ
ჩავლილსაც და ჩაუვლელსაც
თავიანთი სახელებით,
დაბადების ადგილებითა და თარიღებით.
ძალიან ძველი და მკვიდრი კი,
რომლის ამოსაცნობი
არცერთი ნიშანი არ იცი,
იმ სიღრმეშია უსხეულოდ ჩაფენილი,
რომლის აპკი უსასრულობას ატარებს,
ორი სიღრმე ერთმანეთს ერევა
და კიდევ უფრო წყვიადდება
ერთმანეთში გაზავებული…

(,,უცნაური ამბავი”)

და ბოლოს, პატრიკ ზიუსკინდის ,,ლიტერატურული ამნეზია” რომ დაგვემართოს გუჩა კვარაცხელიას პოეზიაზე, წაიშალოს ყველა ტექსტი თავისი შინაარსით, გაქრეს ყოველგვარი აზრი, ერთი ხომ მაინც გადარჩება:

ის მოვიდეს,
ვინც წვიმის საიდუმლო იცის…

და დავამატებდი: გუჩა კვარაცხელიას ლექსებიც მან წაიკითხოს:

ვისაც მკაცრი დუმილის
ნაკრძალოვან სივრცეში შეესვლება,
რომ წვიმის სათქმელი
გაფილტროს და გარეთ გამოიტანოს…

მანამდე კი… გთავაზობთ ბლიც-ინტერვიუს გუჩა კვარაცხელიას ლირიკულ გმირთან, ,,დამონტაჟებულს” წიგნიდან: ,,ქალაქი ქალაქში” (გუჩა კვარაცხელია, ლექსები, ,,ქალაქი ქალაქში”, გამომცემლობა ,,ქართული ენა”, თბილისი, 2005).