მანანა კვაჭანტირაძე _ ,,ორი ძმის” კონცეპტი. ინტერტექსტულობის ფსიქოსოციალური ასპექტები


ჩვენი ინტერესის საგანი ქართველი მკითხველისათვის კარგად ნაცნობი ორი მოთხრობაა: ილია ჭავჭავაძის „სარჩობელაზედ“ და გურამ გეგეშიძის „შურისძიება“. პრობლემები, რომლებიც მათში დაისმის და შესაძლებლობას გვაძლევს, ისინი ერთ საანალიზო სიბრტყეზე დავაყენოთ, ორივე შემთხვევაში ეთიკურ-მორალური ხასიათისაა და განსაკუთრებით კარგად სოციალური და ფსიქოლოგიური რაკურსებიდან იმზირება. ავტორთა „მრწამსსა და პათოსს ჰუმანიზმის ცნების შინაარსისადმი განსაკუთრებული ინტერესი განსაზღვრავს“ (ნათაძე 2008: 217). ისიც ცხადია, რომ XIX-XX საუკუნეებს შორის არსებული ვეებერთელა განსხვავების გამო იგი ვერაფრით ვერ იქნება ერთგვაროვნად გადაწყვეტილი. მოულოდნელი არც ისაა, რომ „ორი ძმის“ კონცეპტი კულტურის საერთო ტექსტში, ტრადიციულად, განსაკუთრებულ ადგილს იკავებს და ლიტერატურულ ტექსტებს შორის გადაძახილების შესამჩნევი სიმრავლით გამოირჩევა. მთავარია, როგორ წყვეტს კულტურის კონკრეტული დროსივრცე პრობლემას და რა კორექტივი შეაქვს მასში.

პრობლემატიკის გარდა, ორივე მოთხრობას ერთი რამ აერთიანებს: ავტორების ხაზგასმით სერიოზული, ტრაგიზმამდე მისული განცდა ადამიანის პრობლემისა; დაძაბული, დადარაჯებული მზერა მის სულში მიმდინარე პროცესების მიმართ (ილია ამ აბსტრაქტულ ტოპოსს აკონკრეტებს. ესაა გული: (,,ღმერთი გულს უფრო შინჯავს, მინამ საქმეს“ და მკითხველის პასუხისმგებლობის აღძვრის შეუფარავი სურვილი. ამ სურვილს ილია პეტრესადმი, ანუ „საქრისტიანო საქართველოს“ სახელით მოლაპარაკე პესონაJისადმი დასმული შეკითხვითა და ბრალდებით გამოხატავს, გურამ გეგეშიძე კი თავისი გმირის შინაგან მოძრაობას ღრმა ფსიქოლოგიური შინაარსით ტვირთავს და ამ მოძრაობის შესაძლო შედეგთან დაკავშირებით მკითხველთან აშკარა, ღია ინტელექტუალურ დიალოგს მართავს. ერთი რამ ამთავითვე უნდა ითქვას: ,,შურისძიება“ მოთხრობაა მოპოვებაზე, „სარჩობელაზედ“ – დანაკარგის შესახებ გვიამბობს. გ. გეგეშიძე აგრძელებს ილიას მძიმე საუბარს იმათზე, ვინც ვერ იცნეს, გარიყეს და გულგრილობით დაღუპეს, თუმცა იქვე, მოთხრობაშივე ეძებს გამოსავალს და პოულობს კიდეც. ილიას ხედვის რაკურსი სოციალურია, გეგეშიძისა – ფსიქოლოგიური. ორივე ეს რაკურსი ერთმანეთს მორალურ-ეთიკურ სიბრტყეზე გადაკვეთს.

კულტურისა დ ზოგადად, ცნობიერების სივრცეში ამ გადაძახილების არსებობა სავსებით მოსალოდნელია, მეტიც, სწორედ მეხსიერაბაა ამ ტოტალური ტექსტის ფუნდამენტური ნიშანი. გეგეშიძის გმირს უთუოდ ესმის ილიას ხმა, უფრო ზუსტად, უმცროსი ძმის ხმა, თითქოს წაკითხულიც აქვს მის მიერ პეტრესათვის გადაცემული „წიგნის“ არაჩვეულებრივად დამუხტული, „მხურვალე“ ტექსტი, რომელიც თავისი ენერგეტიკით უფრო გახმოვანებულ სიტყვას ჰგავს, ვიდრე დაწერილს.

ბიჭები – ორი ობოლი ძმა – ერთად მიდიან, თითქოს ვერც ამჩნევენ ერთმანეთს, მაგრამ უხილავი ჯაჭვით არიან გადაბმულნი ისევე, როგორც ილიას ძმები. ზუსტი და მეტყველი სურათების მთელი წყება ბავშვების მზერის რაკურსითაა მოწოდებული: ხარბად აცქერდებიან და თავისებურად „ითვისებენ“ გარემოს: საზამთროს, ბოშა ქალს… მათ მზერაში უფროსი ძმის ახლადგაღვიძებული მამაკაცური ინსტინქტები ირეკლება, უმცროსისა – ბავშვური ცნობისმოყვარეობა, ორივეს – პირის ჩაგემრიელების უიმედო სურვილი. მათგან განსხვავებით, ილიას ძმებს ავტორის შემფასებელი სიტყვა მიჰყვებათ. მიუხედავად იმისა, რომ ილია ბიჭებს „გარედან“ ხედავს, მისი დამოკიდებულება „შინაგანია“. იგი შინაგანი ინტუიციით აფასებს ძმებს, თითქოს გვამზადებს იმისათვის, რასაც მოგვიანებით შევიტყობთ. გურამ გეგეშიძის გმირებს არანაკლებ გულგრილი, ანგარიშიანი გარემო ხვდებათ წინ, ვიდრე ილიას პერსონაჟებს. ის კაცი, ბიჭების მამის მეგობარი რომაა და ბიჭებს საზამთროს არ უყიდის – მაინც ვერ მიცნობენო, – პეტრეზე უარესია და არა უკეთესი. ფროიდის ფსიქოანალიზის თანახმად, მატრამვირებელი საწყისი ადამიანის შინაგან ბუნებაშია, ჰუმანისტური ფსიქოლოგიის მიხედვით კი – გარე რეალობაში დევს. ილია თითქოს ამ ორი მოძღვრების პოლრიზებას ხდენს ძმებს შორის, თუმცა მისი პრობლემა უმცროსი ძმაა, რომელიც ბუნებით კი არა, სოციალური გარემოს „წყალობით“ ,,ორი ძმის“ კონცეპტი. ინტერტექსტულობის ფსიქო-სოციალური ასპექტები აღმოჩნდა განწირული. იმას, რასაც ილიას ეს პერსონაჟი ვერ ძლევს, გურამ გეგეშიძის გმირი ეჭიდება და იმარჯვებს კიდეც. ილიას პერსონაჟები თავიანთ სოციალურ როლს განუწყვეტელ შურისძიებაში ხედავენ, რეზიკოს შემთხვევაში კი გარემოსთან დაპირისპირების დესტრუქციული იმპულსი მიტევების კონსტრუქციულ გადაწყვეტილებაში გადაიზრდება. ილიას მოთხრობაში უმცროსი ძმა გრძნობს სულის შინაგან ძახილს მაშინაც, როცა პეტრეს სიკეთე ააფორიაქებს და მაშინაც, როცა ძმასთან ერთად განვლილი გზის შეფასებას ახდენს, მაგრამ შურისძიების იმპულსსა და სწორ სოციალურ ქცევას შორის არჩევანი ვერ გაუკეთებია, მეტიც, გააზრებულად ამბობს უარს ამ უკანასკნელზე, ვერ იყენებს თავის ყველაზე ღრმა ადამიანურ შესაძლებლობას. ილია თავის გმირს წინასწარ ხედავს სახრჩობელაზე, რეზიკო კი იმ მნიშვნელოვან და მონატრებულ პასუხამდე მიდის, რომ ცხოვრებასთან ყოველი დაპირისპირება სინამდვილეში ადამიანებისკენ არის მიმართული და ამით ცხოვრება სულაც არ ხდება უკეთესი და სამართლიანი.

ქცევის ფსიქოლოგიაში გაზიარებული მოსაზრების თანახმად, განწყობა ქცევის მექანიზმი, ქცევისთვის მზაობაა. აქტივობაში ვლინდება ის, რაც განწყობაშია მოცემული, მაგრამ იმის დადგენას, გააზრებულია თუ არა ქმედება, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პიროვნების ადეკვატური ფუნქციონირებისათვის. გაუაზრებლობა ფსიქოლოგიაში განისაზღვრება, როგორც „რედუცირებული კოგნიტიური აქტივობის მდგომარეობა, როდესაც ინდივიდი გარემოდან მოსულ სიგნალებს ავტომატურად ამუშავებს (ბალიაშვილი 2004:5). ასეთი რედუცირებული აქტივობის მაგალითია უმცროსი ძმის ცემის სცენა, როცა რეზიკო გაუაზრებლად, ავტომატურად სჯის ძმას, როგორც შესაძლო დამსმენს. ქცევის მოტივაცია ასეთია: რეზიკომ შეუცდომლად იცის, რა არის მისთვის ძმა და ამ სიყვარულის, ამ არაბავშვური თავდადების საპასუხოდ მისგან უსიტყვო მორჩილებას მოითხოვს. საკმარისია ერთი წინააღმდეგობა, ერთი შეპასუხებაც, და ჩვენს თვალწინ ღვარცოფივით გადმოიღვრება ყველაფერი, რაც ცხოვრებამ ჩააგუბა პატარა ბიჭის გულში: სიძულვილი, რისხვა, სისასტიკე, გაბოროტება. „მან არ იცოდა, რისკენ იყო მიმართული ეს სიძულვილი“ – ამბობს მწერალი. ეს გაუაზრებლობა ბადებს რეზიკოს ავტომატურ ქცევასაც.

ავტომატურად ვერ ჩაითვლება ომარას ეპიზოდი. ამ შემთხვევაში რეზიკოს მიზანი გააზრებულია იმდენად, რამდენდაც ძნელი შესასრულებელია: მოწინააღმდეგე მასზე ყველანაირად ძლიერია: ფიზიკურად, ასაკით, სოციალურად, თანაც, ომარაზე შურისძიებით რეზიკომ ძმის წინაშე ჩადენილი საკუთარი დანაშაული (თუ უსამართლობა) უნდა გამოისყიდოს. ძმის ფაქტორის გარდა, შურისძიების შინაგან მოთხოვნილებას განაპირობებს რეზიკოს ,,საძმოს“, ანუ იმ სოციალური ჯგუფის მოლოდინიც, რომლის სოციალური მხარდაჭერაც მისთვის აუცილებელია, და რომელიც რიტუალამდე მისულ მის ყოველდღიურობას შეადგენს (ბანაობა, გოგოებზე საუბარი, სიგარეტის მოწევა და ა. შ.). მკითხველს იმ „შინაგანაწესსაც“ შევახსენებთ, რომლითაც მოთხრობაში აღწერილი ფსიქოსოციალური ჯგუფის წევრები თვითდამკვიდრებისათვის იბრძვიან. ეს ბრძოლა, როგორც წესი, აგრესიული ფორმით მიმდინარეობს. ძლიერი ცდილობს სუსტის დაჩაგვრას. ასე იქცევა ნოდარა რიჟას მიმართ, რეზიკო – ნოდარას მიმართ, ომარა – რიჟას მიმართ, და ბოლოს, რეზიკოც – ომარას მიმართ. ერთი სიტყვით, ჯგუფის შიგნით უმკაცრესი იერარქია და აუცილებელი ნორმატივებია, თუმცა მათი ქცევის კოდექსს სოციალური ერთიანობის განცდა და რიგი ჰუმანური ნორმებიც განსაზღვრავს. მაგალითად, მეგობრის ძმა არ უნდა დაჩაგრო, სამართლიანი უნდა იყო. თუკი საზამთროს შენივე „საძმოს“ წევრის ბაღიდან იპარავ, ქურდობაზე, ფორმალურად მაინც, უფლება უნდა მოიპოვო, ანუ მას „სამართლიანი სასჯელის“ სახე მისცე. რეზიკოც ასე იქცევა და თავისი „სწორი“ ნაბიჯების გამო აქვს კიდეც ლიდერის სტატუსი მოპოვებული ჯგუფში.

საგულისხმოა, რომ როგორც ილიასთან, ისე გეგეშიძესთან პერსონაჟები სწორედ იმ ადამიანებს უპირისპირდებიან, რომლებიც სოციალური და ინტერპერსონალური ურთიერთობის თვალსაზრისით, შეიძლება ითქვას, მათთვის „მიმზიდველნი“ არიან. როგორც პეტრეს, ისე ომარასა და დედამისის მიმართ აშკარად ვლინდება მთავარ პერსონაჟთა განწყობის „დადებითი ვალენტობა“, მაგრამ არც ერთ, არც მეორე შემთხვევაში არ ხდება ამ „მიმზიდველობის“ გარდაქმნა სოციალურ გავლენად. ცნობილია, რომ „მიზეზი, რის გამოც ადამიანები ერთმანეთზე დამოკიდებულნი ხდებიან, უშუალო მიმართებაშია ,,მიმზიდველობის“ დინამიკასთან“ (მაღრაძე 2004: 81). ჩვენს შემთხვევაში პერსონაჟები ხიფათს სწორედ ამ დადებითი განწყობის მხრიდან გრძნობენ. განწყობა მათ ,,მიმზიდველობის” გავლენისაგან თავდაცვას კარნახობს. ამ მდგომარეობის შეფასება ილიასთანაა მოცემული: ,,კინაღამ შენმა სიკეთემ არ მომინადირა“-ო – ისე ეუბნება ბიჭი პეტრეს, თითქოს ხიფათს დააღწია თავი. მაგრამ ილიას ამ „მიმზიდველობის“ სიძლიერეც არ რჩება შეუმჩნეველი („დღემდე მახსოვს“). გავლენის თეორია მიიჩნევს, რომ სოციალური და ინტერპერსონალური კავშირების გამაძლიერებელ ფაქტორებს შორის გადამწყვეტი სოციალური მხარდაჭერის მიმართულებაა. „ინდივიდი გვერდს უვლის, ვინც უარყოფს მას და ეძებს მათ, ვინც მიიღებს და მოიწონებს მისი აზროვნებისა და ქცევის გზას“ (იქვე). ასე რომ, ინტერპერსონალური „მიმზიდველობის“ მიუხედავად, პეტრეს სიკეთე ვერ შეცვლის ბიჭის არჩევანს, ვერ მოიპოვებს სოციალურ ნდობას, რადგან გადაწყვეტილების ბოლო წამს ბიჭი პეტრეს იმ სოციალურ ჯგუფს მიაკუთვნებს, რომელმაც ქურდობისკენ უბიძგა („ეგ რომ კაცი იყოს, მე არ ,,ორი ძმის“ კონცეპტი. ინტერტექსტულობის ფსიქო-სოციალური ასპექტები გამაძარცვინებდა-მეთქი“). სამაგიეროდ, ძმის სახით იგი გენეტიკურთან ერთად, სრულ სოციალურ მხარდაჭერას გრძნობს („ერთადერთი ჩემი პატრონი და გულშემატკივარი“).

ამავე ტი პის არჩევანის წინაშე დგება ,,შურისძიების“ გმირიც. ეს ეპიზოდი პერსონაჟის ხასიათის ამოსაცნობად ძალზე მნიშვნელოვანია და მასზე ოდნავ მეტ ხანს შევჩერდებით: თავისი ამოცანიდან გამომდინარე, ომარასადმი კეთილგანწყობა რეზიკოსთვის სახიფათოა. მან შეიძლება ხელი შეუშალოს მოსალოდნელი ბრძოლის წინ. ძმის დაცვის სურვილი, შელახული თავმოყვარეობა, საკუთარი თავით უკმაყოფილება, ცხოვრების უსამართლობის გნცდა სიძულვილში გადაიზრდება და შურისძიების სახით გამოდის ასპარეზზე: ომარას სახლში მისული რეზიკო აღმოაჩენს, რომ ომარას აქვს ყველაფერი, რაც მას აკლია. ეს განცდა სწორედ აქ იბადება ბიჭში და არა სანაპიროზე, სადაც თითქმის ყოველდღე ხედავს ომარას და ძალიან მოსწონს – ძლიერი, ლამაზი, ხალისიანი. ეს ინტერპერსონალური მიმზიდველობა ყურადღების მიღმა ტოვებს იმ გარემოებას, რომ ომარა სოციალურად „სხვაა“. (სანაპიროზე და ბანაობის „ამპლუაში“, შესაძლოა, ეს „სხვაობა“ არც იყოს თვალშისაცემი). მწერალი რეზიკოს თვალით ხედავს გარემოს – სახლს, ეზოს, ღობეს, რაც მთავარია – ომარას დედას – კეთილს, სანდომიანს. დიდი ფსიქოლოგიური სიზუსტით აღწერილ ამ ეპიზოდში მკაფიოდ ჩანს, როგორია დედა რეზიკოს წარმოდგენაში, როგორი იქნებოდა მისი სახლი და მთელი ის გარემო, რომელშიც, ცხოვრების უსამართლობა რომ არა, რეზიკოც იცხოვრებდა. რკინის ჭიშკარი, ბიჭს მშობლების სასაფლაოს რომ აგონებს, ცემენტის ბაგირი, ეზოს წინ რომ გაუჭიმავთ, არა მხოლოდ რეზიკოსა და ომარას შორის არსებულ სოციალურ განსხვავებაზე, არამედ ბიჭის რეალობასა და ფარულ ოცნებას შორის აღმართულ გადაულახავ ზღუდეზე მიგვანიშნებს.

რეზიკო უკვე სიძულვილს იწვევს, ზრდის თავის სულში და ამ სახიფათო გზას აკვირდება მწერალი. იგი შეგნებულად იშორებს ომარს დედისგან წამოსულ დადებით ენერგეტიკულ სიგნალებს, რათა ატრაქციამ არ დაასუსტოს. ქცევის ფსიქოლოგიის ენაზე რომ ვთქვათ, მისი ქცევა ,,უარყოფითად პროაქტიურია”, თუმცა მოთხრობაში დადებითი პროაქტიურობის ეპიზოდსაც ვხვდებით. დედის ასაკობრივი ჯგუფის ქალებთან დამოკიდებულების თვალსაზრისით, იგი შესადარებლად საგულისხმო მასალას იძლევა და იმ ცვლილებებზე მიგვანიშნებს, რაც რეზიკოს ხასიათში მწიფდება. ამ ეპიზოდში რეზიკო გააზრებულად ,,ამუშავებს“ იმ უცნობი ქალისგან წამოსულ სიგნალებს, რომელიც, რეზიკოს ფიქრით, მის ძმას დაჩაგვრას უპირებს (ასეთივე სიგნალად აღიქმება გაწუწული გოგონას კივილიც). რეზიკოსთვის ისინი გარკვეული ფსიქო-სოციალური ტიპის ამოსაცნობი ნიშნებია: „თავიდანვე ამოიცნო ამ ქალის ხასიათი. ბუნდოვნად გრძნობდა, რომ ამით იყო ასე კმაყოფილი“. ამ შემთხვევაში რეზიკოს „პროაქტიურობა“ მიმართულია საკუთარი გარემოს შექმნასა და კონსტრუირებაზე, ისეთი ველის შექმნაზე, სადაც ძმასთან ერთად თავს უსაფრთხოდ იგრძნობს. სიგნალების ამოცნობა კი პიროვნებად ჩამოყალიბების გზაპე მიღწეული წარმატების ნიშანია.

სხვა შემთხვევასთან გვაქვს საქმე მოთხრობის ბოლო ეპიზოდში. გავიხსენოთ, როგორ ებრძვის ილიას გმირი პეტრესგან წამოსულ სიკეთეს („იმ ღამეს ვერ დავიძინე“) და რა საბედისწერო აღმოჩნდება მისთვის მაშინ მიღებული გადაწყვეტილება („გაწყდეს, საცა წვრილია-მეთქი“). რეზიკოსთვის ანალოგიურია ომარას დედასთან შეხვედრის ეპიზოდი. სწორედ ამ მომენტიდან შეიძლება დაიწყოს რეზიკოს გადაგვარება. იმ წამიდან, ომარას კვალში რომ ჩადგება და წონასწორობას აკარგვინებს, დინჯად რომ უახლოვდება და ორთაბრძოლაში ატანილი გარდატეხით ტკბება, ცხადი ხდება, რომ რეზიკომ უკვე შეიგრძნო სიძულვილის ძალა და მასთან ახდენს საკუთარი ჯერაც ჩამოუყალიბებელი პიროვნების იდენტიფიცირებას. მწერალი გრძნობს, რა საშიშია რეზიკო, როცა მასში რაციონალისტი მოძალადე იბადება: გონებით, მიზანმიმართულად რომ იყენებს გაბოროტების საშინელ ძალას, მერე კი, ამ ახლადაღმოჩენილი ,,ჭეშმარიტებით“ გაძლიერებული, ცინიკურად ტკბება მოსალოდნელი გამარჯვებით: „ახლა საშუალება ჰქონდა თავისთვის ძალა არ დაეტანებინა და ისე დასწეოდა. ის შინაგანად მოემზადა და აუჩქარებლად წავიდა წინ“.

ამ გამარჯვებით მკითხველი გრძნობს, რატომ ირჩევს რეზიკო იარაღად სიძულვილს. მაგრამ ამ ინციდენტმა ისიც უნდა გადაწყვიტოს, რა გზას დაადგება იგი სამომავლოდ ცხოვრებასთან, ადამიანებთან ურთიერთობაში. ამ არჩევანმა ადამიანი შეიძლება მიიყვანოს იქ, სადაც ილიას მოთხრობის ორი ახალგაზრდა გმირი მიიყვანა – მახათას მთაზე, ერთი – ახლანდელი, მეორე კი მომავალი განსასჯელის როლში. გურამ გეგეშიძე სხვა გამოცდილებას გვთავაზობს, თემის განვითარების განსხვავებულ გზას ირჩევს, ბრალდების ვექტორს ცვლის და გარედან შიგნით შემოაქვს. ილიას პერსონაჟი, როგორც ვთქვით, საზოგადოებას დებს ბრალს. ბრალდების ობიექტი „ოთარაანთ ქვრივის“ „უთავბოლო, უსწორმასწორო წუთისოფელი“ კი არ არის, არამედ ყრუ, უგულო სოციუმი, რომელიც, გაბოროტების გარდა, აღარაფერს უტოვებს ადამიანს: „მძულს ქვეყანა და ადამიანი უფრო… ჩვენს შორის საბოლოოდ ჩავტეხე ხიდი. მე ერთი აქეთ ნაპირას დავრჩი, თქვენ მრავალნი იქით“. გურამ გეგეშიძის პატარა გმირი კი სწორედ ამ უსწორმასწორო, უსამართლო ცხოვრებას უპირისპირდება – უფრო ზოგად და ბუნდოვან მოცემულობას, უფრო უმისამართოსა და უპიროვნოს, აბსტრაქტულსა და უხილავს, შესაბამისად, უფრო ძლიერსაც. ამ ვითარებაში სიძულვილიც მოუმართავია, მოკლებულია სამართლიანობას და რეზიკოც, ,,ორი ძმის” კონცეპტი. ინტერტექსტულობის ფსიქო-სოციალური ასპექტები დამარცხებული ომარასაგან დაჩოქებას რომ მოითხოვს, სასტიკი და გაბოროტებული უფროა, ვიდრე სამართლიანი შურისმაძიებელი. მისი გაბოროტება სინამდვილეში ცხოვრებაზეა დამიზნებული და არა ომარაზე. ამას თვით რეზიკოც იგრძნობს და მისივე მორალური ინტუიცია – სულხანსაბას თქმით, „მამხილებელი გონი“ – მიტევებისკენ გადააგმევინებს ნაბიჯს, ილიას პერსონაჟისგან განსხვავებით, რომელიც სიძულვილის სასარგებლოდ აკეთებს არჩევანს. ილია საზოგადოებისგან ელის „სოციალურ აქტიურობას“, იმ პეტრესგან, „საქრისტიანო საქართველოს“ სახელით რომ უმასპინძლებს „მცირე ძმებს“ და მერე ბედის ანაბარად მიატოვებს. ილიასთან განხეთქილება რადიკალურია და შერიგებაც მხოლოდ შესაძლებლობის სახით არსებობს მოთხრობის სივრცის გარეთ. გურამ გეგეშიძეს შერიგება მოთხრობის შიგნით შემოაქვს, პიროვნების პრობლემად აქცევს, მისი გმირი თავადვე აგნებს თავისი წინამორბედის მიერ მიუგნებელ პასუხს. ამ ორ მოთხრობას შორის გადაძახილი სწორედ პერსონაჟის ხასიათის განვითარების დონეზე იკითხება. აქ იმართება ფარული პოლემიკა ადამიანის სულის რაობაზე. გურამ გეგეშიძე პასუხს იძლევა ილიას მიერ დასმულ კითხვაზე – რა შუაშია პეტრე? რა თქმა უნდა, საზოგადოების დანაშაული აშკარაა, მაგრამ კაცობრიობის განვითარების თანამედროვე დონეზე პიროვნებამ თავად უნდა აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ ქცევასა და გადაწყვეტილებაზე. გარემოს სოციალური გავლენის დაძლევა შესაძლებელია და აუცილებელიც იმ სულიერი და მენტალური პოტენციალის ფონზე, რასაც ადამიანი ფლობს. ამ აზრით, „შურისძიება“ არამხოლოდ ფსიქოლოგიური სიზუსტითაა მომხიბლავი, არამედ ადამიანის სულიერი ძალების რწმენითაც.

დავაკვირდეთ: საბოლოო გადაწყვეტილებას რეზიკო მოულოდნელად, თითქოს სპონტანურად იღებს. სოციალური და ფსიქოლოგიური კონტექსტიდან „ამორთულს“, თითქოს უცებ რაღაც სხვა ხმა ჩაესმის. ჩვენ ვერ ვგებულობთ, რამ ააღებინა რეზიკოს ხელი განზრახვაზე, რამ გაუჩინა მისი ადამიანობის მხსნელი განცდა სწორედ იმ მომენტში, ზნეობრივი უფსკრულის პირას რომ აღმოჩნდა. მისი სულის მოძრაობა ფარდის მიღმა რჩება. შესაძლოა, ეს ,,სხვად“, ,,უცხოდ“ აღქმული შენივე მსგავსის, „შენიანის“ დამცირების დაკმაყოფილებული ინსტინქტი იყო, მყისიერად გადასული მეორე უკიდურესობაში, ამ ლტოლვის სიმდაბლის გაცნობიერებულ აღქმაში. ნებისმიერ შემთხვევაში, საქმე გვაქვს ფსიქოლოგიური ველის მოულოდნელ ცვლილებასთან, მისი სტრუქტურის შეცვლასთან. ასე რომ, რეზიკოში მომხდარი ცვლილება ეხება არა მხოლოდ რეზიკოს, არამედ ომარასაც და მათ შორის ურთიერთობის ფორმას, სავარაუდოდ, სხვებთან მათი შემდგომი ურთიერთობის ფორმებსაც. დავაკვირდეთ განწყობის დინამიკას ფინალურ სცენაში: რეზიკოს დესტრუქციული განწყობის შედეგია ის, რომ იგი ომარას დაჩოქებას თხოვს, მაგრამ ამ მოთხოვნის სისასტიკე განსაკუთრებულია და აშკარად არაა ომარას მიერ ჩადენილი საქციელის (შემთხვევითის, სახუმაროს – როგორც თვითონ ხსნის) და არც ომარას სიტუაციური ქცევის შედეგი. ამ მოთხოვნაში რეზიკოს არსებაში რაღაც ძალზე სახიფათო რამ ხდება, რაღაც საშიში, უცხო და ფარული განწყობა კონსტრუირდება. ამავე ტიპის განწყობის სხვა მაგალითი ძმის ცემის სცენაა. ორივე შემთხვევაში სისასტიკე გაცილებით აღემატება მოწინააღმდეგის შესაძლო დანაშაულს და „აცდენილია“ გამომწვევ მიზეზს. შეიძლებოდა დაგვეშვა, რომ აქ თავს იჩენს უცნობი ფსიქოლოგიური ენერგია, რომლის მართვა რეზიკოს არ შეუძლია. როგორც ფროიდი ამბობს, „არაცნობიერს ჩვენ ვუწოდებთ ფსიქიკურ პროცესს, რომლის არსებობა უნდა დავუშვათ, რადგან მის შესახებ ვასკვნით შედეგიდან გამომდინარე ისე, რომ არაფერი ვიცით მის შესახებ (ფროიდი 1923: 343).

გურამ გეგეშიძის მიერ აღწერილი ძმის ცემის სცენა ფსიქიკურ გამოვლინებათა წინააღმდეგობრივ ხასიათზე, ე. წ. ამბივალენტობაზე მიგვითითებს. მიჩნეულია, რომ ნების სფეროში იგი ვლინდება ორმაგი ქმედებებისკენ მიდრეკილებაში. ემოციურში – ობიექტის მიმართ დადებითი და უარყოფითი განცდების ერთობლიობაში. ამბივალენტობა წარმოადგენს უნივერსალურ ფსიქიკურ მოვლენას და პიროვნების ფსიქიკურ გაორებას ასახავს. იგი გამოწვეულია სამყაროში პიროვნების პოზიციური არამდგრადობით და საფუძვლად უდევს მთელ რიგ მომენტალურ დესტრუქციულ ქცევებს, მაგალითად, მიდრეკილებას ობიექტების ნგრევისაკენ, სადიზმს და ა. შ. (ენიკეევი 2002: 10). ზემოთმოტანილ ორივე სცენაში – ძმასთან და ომარასთანაც რეზიკოში აშკარად ვხედავთ დესტრუქციული ფსიქიკის ნიშნებს და იგი აღარაფრით ჰგავს იმ სამართლიან, მზრუნველ ბიჭს, მანამდე რომ ვიცნობდით.

ილიას პერსონაჟი ერთგან ამბობს: „გული სადღაც იწევდა, ვერ დავაოკეთ და ვერა“. ამ ფრაზით ილია ინდივიდის ნების წარმმართველ ისეთ ძალაზე გვატყობინებს, რომელიც ცნობიერების კონტროლს არ ემორჩილება (რუსთაველი: „გული კრულია კაცისა, ხარბი და გაუძღომელი, / გულია ჟამ-ჟამ ყოველთა ჭირთა მთმო, ლხინთა მდომელი, / გული – ბრმა, ურჩი ხედვისა, თვით ვერას ვერ გამზომელი, / ვერცა ჰპატრონობს სიკვდილი, ვერცა პატრონი რომელი“). ამ ფონზე საყურადღებოა რეზიკოს ფინალური გადაწყვეტილება და ის მოსაზრება, რომელსაც განწყობის თანამედროვე თეორიები გვაწვდიან პიროვნების შესახებ: ფუნქციონალურ მოთხოვნილებებს, რომლებიც სპეციფიკურად ადამიანურ ფუნქციებში იღებენ სათავეს ღიაობის პოტენციალი გააჩნიათ. ეს ღია ხასიათი ვლინდება მათ მუდმივობაში, არაციკლურობაში, დაკმაყოფილების ფიქსირებული დონის უქონლობაში, განვითარების, ზრდისა და რეალიზაციის სულ უფრო მაღალი დონეებისკენ სწრაფვაში (იმედაძე 2004: 64). რეზიკოს გადაწყვეტილებისგან განსხვავებით, ,,ორი ძმის” კონცეპტი. ინტერტექსტულობის ფსიქო-სოციალური ასპექტები ილიას პერსონაჟის „აჰა, გადაგიშალე (გული – მ.კ.) და ლოდი ამეცალა“ – ამ სწრაფვის პასიური ფორმაა. რადგან დადებით გადაწყვეტილებაში არ გადადის. რეზიკოს შემთხვევაში იგი აქტიურია და მორალურ გამოცდილებაში გადაიზრდება. იმ ზნეობრივ იმპულსს, რეზიკო რომ მოთხრობის ფინალში საიდანღაც ღებულობს, მას არაცნობიერი აწვდის, მაგრამ ამ შემთხვევაში ფროიდისეული „თანატოსის ინსტინქტი“, ფატალურად განსაზღვრული ფსიქიკური ენერგეტიკა ანუ „უარყოფითი ცნება“ კი არ მოქმედებს, არამედ სხვა, საპირისპირო. უზნაძის განმარტებით, „დადებითი შინაარსის ცნება“, ანუ განწყობა. და რამდენადაც განწყობა „ნორმალური ადაპტაციის მექანიზმია (იმედაძე 2004: 65), ინციდენტი ამოწურულია. მწერალი აქ ემშვიდობება თავის გმირს. რეზიკომ უკვე იცის, რომ სიძულვილი არაფერს აძლევს ადამიანს, არც ვნებებს უკმაყოფილებას, არც სიამაყეს. ამ მომენტიდან იგი ბრძენი, თავისივე გამოცდილებით დადინჟებული და დასევდიანებული პატარა კაცია. ამ ტანჯვით მოპოვებულ გამოცდილებას ანდობს ამიერიდან მწერალი პატარა ბიჭის ცხოვრებას ,,უზარმაზარ, ბნელ და ბურუსით მოცულ ქვეყანაში“.

ლიტერატურა

ბალიაშვილი 2004: ბალიაშვილი მ. სოციალური განწყობების როლი ქცევის ზოგად კონტექსტში. მაცნე, N 1, თბ.: 2004.

ენიკეევი 2002: … Еникеев Я. И. Общая и социальная психология. М.: “Изд-во ПРИОР”, 2002.

იმედაძე 2004: იმედაძე ი. მასალები ფსიქოანალიზისა და განწყობის თეორის შედარებითი ანალიზისათვის. მაცნე, N 1, თბ.: 2004.

მაღრაძე 2004: მაღრაძე გ. უმცირესობის გავლენა და განწყობის ვალენტურობა. მაცნე, N 1, თბ.: 2004.

ნათაძე 2008: ნათაძე ნ. ორი მოთხრობა. ქართული კრიტიკის სასკოლო ქრესტომათია. II. თბ.: გამომცემლობა „საუნჯე“, 2008.

ფროიდი 1923: Фрейд З. Основные психологические теории в психоанализе. М. 1923.